აბობოქრებული ტალღები გემბანს ეხეთქება. ოცი წლის ლეიბა სიცივით კანკალებს, სახეში მარილიანი შხეფები ხვდება, მაგრამ კაიუტაში მაინც არ შედის -ხუთი თვეა მიცურავს ზღვაში და მიწის დანახვა ენატრება...
... 1849 წელი. მგზავრებით გადატვირთული გემი ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოსკენ მიცურავს, ხალხიც ტალღებივით ღელავს და ეს გასაკვირი არ არის: კალიფორნიაში სულ უფრო ხშირად პოულობენ ოქროს საბადოებს.
ლეიბას ოქრო არ აინტერესებს, იგი ძმების დასახმარებლად მიიჩქარის. გემზე ლეიბა სტრაუსს ლევი სტრაუსს ეძახიან და ეს გვარ-სახელი მან სიკვდილამდე შეინარჩუნა.
სტრაუსების ოჯახი ბავარიის პატარა ქალაქ ბუტენჰაიმში ცხოვრობდა. მამის, ცნობილი მკერავის გარდაცვალების შემდეგ, ებრაელმა ნათესავებმა ლევის დედა ამერიკაში გადასახლებაზე დაითანხმეს, იქ უკვე დამკვიდრნენ მამის პირველი ცოლის შვილები.
ნიუ-იორკის ხილვამ ლევის თავზარი დასცა. უზარმაზარი სახლები მონსტრებს მიამსგავსა, ვიწრო, უმზეო ქუჩებში ხალხი კი არ დადიოდა, დარბოდა. ბიჭმა იმწუთას გადაწყვიტა, რომ ამ ქალაქიდან პირველი შესაძლებლობისთანავე გაიქცეოდა.
1848 წლის შემოდგომაზე გაზეთ "ნიუ-იორკ ჰერალდის" ფურცლებზე სენსაციური ცნობა გამოქვეყნდა: "კალიფორნიაში აღმოჩენილია ოქროს უდიდესი საბადოები და დასავლეთისკენ ათასობით თავგადასავლის მაძიებლები დაიძრნენ".
ლევიმ ახლობლებს სთხოვა, ისიც გაეშვათ ბედნიერების საძებნელად, მით უმეტეს, რომ სან-ფრანცისკოში მისი ორი უფროსი ძმა ცხოვრობდა.
სან-ფრანცისკოში ლევიმ მხოლოდ 1850 წელს ჩააღწია. ძმები ამ ადგილს აღწერდნენ, როგორც მეთევზეთა მყუდრო დაბას, სადაც სულ რაღაც რვაასი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც ლევი სან-ფრანცისკოში ჩავიდა, ქალაქის მოსახლეობა ოცდაათჯერ გაზრდილიყო:
ღარიბული ქოხების გვერდით სოკოებივით მომრავლებულიყო კარვები, ქუჩებში გაველურებული ძროხები დახეტიალობდნენ -მწყემსთა უმრავლესობამ საბადოებს მიაშურა. სამაგიეროდ, აქ არ იყო უსახური, მრავალსართულიანი შენობები -მხოლოდ ოკეანე და შორეული ლურჯი მთები.
მსუყე ცხოვრებით გაზარმაცებულმა ძმებმა ლევის საბადოებზე გაგზავნა განიზრახეს... მოუხეშავი ლევი ძმებს ზედმეტ ტვირთად მიაჩნდათ, ამიტომ მისი მოცილება გადაწყვიტეს. ბიჭს კინაღამ გული გაუსკდა.
ის ამ დღემდე საოჯახო მაღაზიის სალაროს ემსახურებოდა და შიშით უმზერდა უხეშ, ჭუჭყიან სამოსში გამოწყობილ ოქროს მაძიებლებს. დამფრთხალ ბიჭს არაერთხელ შეშლია ანგარიში და ალიყურიც არაერთხელ უგემია.
...ცხენი ძლივს მილასლასებს მზით გადამწვარ გზაზე. ლევი სტრაუსი უღონოდ "დევს" უნაგირზე და თავზარდაცემული შესცქერის გზის განაპირას დაყრილ ადამიანების გვამებსა და ცხენების ლეშს. სადღაც ახლოს სროლის ხმაც გაისმა, ღამე, როდესაც დასაძინებლად დაწვნენ, ლევიმ უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა -ჩუმად გამოიპარა, ცხენს მოახტა და ქალაქისკენ გაქუსლა.
როგორც იქნა, ძმების სახლამდე მიაღწია. დაღლილი, ძლივს ჩამობობღდა ცხენიდან და ფანჯარაზე დააკაკუნა, ძმამ გამოიხედა და თვალებს არ დაუჯერა, როდესაც ლევი დაინახა...
"აი, შენ, მამის მემკვიდრეობა და მოშორდი, ამ სახლს აღარასოდეს გაეკარო, თორემ ინანებ!" -მიაძახა ძმამ და ბრეზენტის მოზრდილი რულონი გადმოუგდო.
ეს მართლაც მკერავი მამის დანატოვარი იყო, რომელიც დედამ შვილებს თანაბრად გაუნაწილა. ლევიმ მძიმე ქსოვილი მხარზე გაიდო და პარკისკენ წალასლასდა. ღამე ბუჩქის ძირას, ბრეზენტში გახვეულმა გაათენა.
დილით ძმებს გაბრაზებამ გადაუარა, ლევი მოძებნეს და სახლის ეზოში კარავი გაუშალეს. ბიჭი მთელი დღე ფიქრობდა, რაში გამოეყენებინა ბრეზენტი.
ბოლოს მისი გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ საქმეს მარტო ვერ მოერეოდა, არც ძმების დახმარება უნდოდა, მით უმეტეს იცოდა, ლუისს ახირებული ხასიათი ჰქონდა. მან ისევ გაიდო მხარზე რულონი და ქალაქის განაპირას ერთ დუქანში შევიდა.
მაგიდასთან ჩამოჯდა და თვალი გააყოლა დუქნის მეპატრონის 13 წლის გოგონას, ფიორელას, რომელიც მამას ეხმარებოდა. ლევიმ მედუქნისგან ნებართვა ითხოვა, თავისი ბრეზენტით კართან ჩამოჯდა და "აბა, კარვები, კარვები! ამ შესანიშნავი ქსოვილისგან შესანიშნავი კარვები გამოდის!" ცდილობდა კლიენტების მოზიდვას, მაგრამ ამაოდ -მისმა მემკვიდრეობამ არავინ დააინტერესა.
მოსაღამოვდა. უიღბლო "ვაჭარი" წასასვლელად მოემზადა, როდესაც მას დაღლილი ოქროს მაძიებელი მიუახლოვდა, ფეხი წაჰკრა რულონს და გაბრაზებულმა უთხრა: "ვის რად უნდა შენი კარავი.
ღია ცის ქვეშაც კარგად დავიძინებ, აი, შარვალი კი სულ გამეცრიცა, მეშინია არ გამეხეს". ლევი წამოხტა: "მე შემიძლია ისეთი შარვალი შეგიკეროთ, რომელიც დიდხანს გაგიძლებთ, გეფიცებით, არ გატყუებთ".
კაცმა გაკვირვებით შეხედა ბიჭს. "ერთ დღეში რომ დამეხეს შენი შეკერილი?" "რას ამბობთ, ეგ არ მოხდება. მე აქ ყველა მიცნობს, ლევი სტრაუსი მქვია!.."
ლევიმ პირველი დაკვეთისთვის იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა -ერთი დოლარი და ოცი ცენტი. იცოდა, რომ მართლაც კარგ შარვალს შეკერავდა და თავისი შრომის იაფად გაყიდვას არ აპირებდა.
ლევის მამა წლების განმავლობაში მშობლიური ქალაქის მოქალაქეებს ტანსაცმელს უკერავდა. პატარა ლევი გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს მამის მუშაობას და ჭრა-კერვაც იოლად შეისწავლა. კი ბატონო, შარვალს შევკერავ, მაგრამ ნემსი, მაკრატელი და ძაფი სად ვიშოვო? დაფიქრდა ლევი.
ძალიანაც არ უნდოდა თავის დამცირება, მაგრამ სათხოვნელად ისევ ძმას მიადგა. ლუისმა ძმას თხოვნა შეუსრულა, მაგრამ სანაცვლოდ გასამრჯელოს ნახევარი მოსთხოვა. რძალმა კი ლევი მასხრად აიგდო, რა სანახავი იქნება კაცი ამ გაშეშებულ ბრეზენტის შარვალშიო.
საბედნიეროდ, კლიენტს შარვალი მოეწონა, ფული გადაუხადა და ახალი კლიენტიც მოუყვანა. ცოტა ხანში ლევი სტრაუსის მოხერხებულმა შარვლებმა მას სახელი გაუთქვა და შეკვეთებმაც არ დააყოვნა.
ლევიმ ახალი ცხოვრება დაიწყო. ოჯახშიც პატივს სცემდნენ, მას ხომ ყველაზე მეტი ფული შემოჰქონდა. ბოლოს და ბოლოს დადგა დღე, როცა დაკვეთების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და ლევი მიხვდა, რომ საჭიროა საქონლის სრულყოფა და რეკლამირება.
მან დაიწყო ოქროს მაძიებელთა ბანაკებში სიარული და ყველას უჩვენებდა "ოქროს მაძიებლის" შარვლის მოდელს, თან შემკვეთების სურვილსაც ითვალისწინებდა: ზოგი სთხოვდა, ქამრისთვის სპეციალური გასაყრელი გაეკეთებინა, ზოგს უკან დაკერებული დიდი ჯიბეები მოსწონდა...
რამდენიმე წლის შემდეგ, სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, გამოჩნდა სახლი წარწერით: "ლევი სტრაუსი და კომპანია". მთელი ქალაქი ლევის "ოქროს მაძიებლის" შარვლებით დადიოდა. ის კი არა, სხვა შტატებიდანაც ჩამოდიოდნენ, რათა ლევისთვის საოცარი შარვლების დიდი პარტია შეეკვეთათ.
გახარებული დედა ლევის ნიუ-იორკიდან წერდა, რომ მისი შარვალი ნიუ-იორკშიც პოპულარულია. ლევიმ მიაგნო ამოუწურავ ოქროს საბადოს.
ღარიბი ებრაელი ბიჭი გამდიდრდა, ქალაქის პატივსაცემი მოქალაქე და საოცნებო სასიძო გახდა. თუმცა ვერავინ შეძლო მისი გულის დაპყრობა. მისი იდუმალი ფიქრების ობიექტი შორს იყო...
...საღამოობით ლევი ხშირად სტუმრობდა იმ დუქანს, რომლის ეზოშიც მისი პირველი გარიგება შედგა. მედუქნის ქალიშვილი ფიორელა რამდენიმი წელია არ ენახა, გოგონა სხვა ქალაქში სწავლობდა. ლევიმ შეიტყო, რომ ფიორელა დაბრუნდა და მის ნახვას მოუთმენლად ელოდა.
ფიორელა ახლა ალბათ 23-24 წლისაა და ცოლობაზე უარს არ მეტყვისო, ფიქრობდა ლევი.
როგორც ყოველთვის, დუქანში სიგარეტის კვამლი იდგა და ლევიმ ძლივს გაარჩია ტანსრული, ლოყებღაჟღაჟა ფიორელა. ლევის გუნება წაუხდა. მისი სიმპათია "დაბერებულიყო" და უმანკოების ხიბლი დაჰკარგვოდა...
ოცდაათი წლის ლევის ქალთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და არ იცოდა, როგორი ტიპის ქალები მოსწონდა. მას გაახსენდა გრძელწვივებიანი, თხელი და მორცხვი გოგონა, მაგრამ ის ფიორელა აღარ არსებობდა, მისი ოცნება წარსულს ჩაჰბარდა.
1871 წელს ლევი, როგორც საპატიო სტუმარი და ქველმოქმედი, ქალაქის ობოლ ბავშვთა თავშესაფრის გახსნაზე მიიწვიეს. პატარა გოგონები და ბიჭუნები სტუმრებს წარუდგინეს. მოულოდნელად, ლევიმ მზერა შეაჩერა თორმეტიოდე წლის გოგონაზე და ის იმ ანგელოზს მიამსგავსა, რომლის სურათიც ბავშვობაში სასთუმალთან ეკიდა.
გოგონას გრაციოზულობით მოხიბლულ ლევის პატარა ფიორელა გაახსენდა. სტრაუსმა თავშესაფარს სოლიდური თანხა შესწირა და გოგონას შესახებ ცნობები შეაგროვა. პატარა კამილას, ფრანგ გოგონას, მშობლები დაღუპვოდა, იგი კათოლიკურ მონასტერში იზრდებოდა და მონაზვნობაზე ოცნებობდა.
ლევი "დაავადდა" კამილათი და თავშესაფარს ხშირად სტუმრობდა. თავიდან იგი გოგონას შორიდან აკვირდებოდა, მერე ნელ-ნელა მიიჩვია, უყვებოდა თავის ბავშვობაზე, სიღარიბეზე, იმაზე, რომ მისი დედა ყველაზე გემრიელ პურს აცხობდა.
კამილასთან ურთიერთობისას მიხვდა, რომ მარტოსულია. წლების წინ მას დასცინოდნენ, ახლა მისი ეშინოდათ. სულის სიღრმეში იგი ისევ ის მშიშარა, სუსტი ბიჭი იყო, რომელიც იძულებული გახდა, ძლიერი მამაკაცის როლი ეთამაშა.
ლევიმ პოლიციასთან საქმეები მოაგვარა, საჭირო საბუთები გაამზადა და კამილა თავშესაფრიდან გამოიყვანა. გოგონას კერძო მასწავლებლები დაუქირავა, მისთვის სპეციალურად, სახლის უკან არაჩვეულებრივი ბაღი გააშენებინა. ძმები და ნათესავები ლევის ამ უცნაურობას მტრულად შეხვდნენ.
კამილას ოჯახში შემოყვანით ისინი ლევის მემკვიდრეობის დიდ ნაწილს დაკარგავდნენ. მათ ხელს აძლევდა, რომ ლევი ბერბიჭად დარჩენილიყო...
ერთხელ ლევი დედის სანახავად ნიუ-იორკში გაემგზავრა. ძმისშვილები მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ -ბიძა მათთან ყოველთვის საჩუქრებით დახუნძლული მიდიოდა.
ამჯერად ყველაფერი შეიცვალა და მათ მხოლოდ ხატვის რვეულები ერგოთ, კამილას კი -ნაირ-ნაირი კაბები, ფეხსაცმელები, ოქროს სამკაულები... ბედნიერებით სახეგაბრწყინებული კამილა ლევის კისერზე ჩამოეკიდა და აკოცა.
მისტერ სტრაუსი შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია. იგი საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ამ თორმეტი წლის გოგონას მიმართ მხოლოდ მამობრივი სიყვარული ამოძრავებდა, მაგრამ თავადაც შესანიშნავად იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო. რა ქნას?
დაქორწინდეს, როდესაც კამილა ჩვიდმეტის შესრულდება? მაგრამ შემდეგ ხომ იგი თვრამეტის, ცხრამეტის, ოცის გახდება.
მერე, მერე რა მოხდება? ლევი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ მას თვრამეტი წლის ქალიშვილებიც კი აღარ აინტერესებდა -ისინი დაბერებულად და გარყვნილებად მიაჩნდა. ამ საიდუმლოს ლევი გულში ღრმად ინახავდა.
მხოლოდ ერთადერთხელ, ნასვამმა გადაუშალა გული ძველ მეგობარს, ადგილობრივი საროსკიპოს მფლობელს. მან ყურადღებით მოუსმინა, მხარზე ხელი დაჰკრა და ყურში ჩასჩურჩულა: "გინდა ერთ მისამართს მოგცემ. მართალია, აქედან შორს არის, მაგრამ იქ სწორედ საშენო გოგონები არიან". მისტერ სტრაუსი შეცბა, მაგრამ მისამართი არ გამოურთმევია.
ერთ დღეს ლუისმა ლევის უთხრა, ფირმას რამდენიმე კლიენტმა მომართა საჩივრით, რომ გამძლეობით ცნობილი ლევი სტრაუსის შარვალი ჯიბეებთან იხეხებოდა და სწრაფად იცვითებოდა.
"ჩვენი ბევრი მომხმარებელი ნევადელმა ჯეიკობ დევისმა გადაიბირა და იცი, რატომ? -მან ჯიბეების სუსტ წერტილებში მეტალის მოქლონები დაამაგრა". ლევის არაფერი ესმოდა, იჯდა და მექანიკურად ქაღალდზე გოგონებს ხატავდა. ლუისი გაცოფდა და იყვირა. -"იმ გოგომ სულ გადაგრია, სხვა არავინ და არაფერი გაინტერესებს!"
იმ პერიოდში ლევიმ მოქლონებს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჯეიკობს ფინანსური პრობლემები შეექმნა და მისი გამოგონება ორივემ დააპატენტა.
პატენტი 1873 წლის 20 მაისს გაიცა და ეს თარიღი მიიჩნევა ჯინსის დაბადების დღედ. ლევი სტრაუსის კომპანიამ მიიღო ექსკლუზიური უფლება ეწარმოებინა სამუშაო შარვალი ორმაგი ნაკერითა და ჯიბეზე მოქლონებით.
ამ პერიოდისთვის სტრაუსი ჯინსის შესაკერავად იყენებდა არა ბრეზენტს, არამედ საფრანგეთიდან გამოგზავნილ ბამბის ქსოვილ "დენიმს". ქსოვილს ლევი მუქლურჯად ღებავდა და ეს ფერი საფირმო ნიშნად იქცა.
1886 წელს ჯინსის შარვალზე გამოჩნდა სახელგანთქმული ტყავის ლეიბლი -ორი ცხენი უშედეგოდ ცდილობს შარვლის გაგლეჯას. ეს იმის შემდეგ მოხდა, როდესაც მატარებლის მემანქანე მოუყვა ჟურნალისტს, როგორ გადააბა ავარიის შედეგად გაწყვეტილი ჯაჭვის ნაცვლად ორი ვაგონი ჯინსის შარვლით და ასე მიიყვანა შემადგენლობა სადგურამდე.
ჯინსის წარმოება სწრაფად იზრდებოდა, ისევე, როგორც კომპანიის მოგება. შარვალი უკვე 22 დოლარი ღირდა. ლევიმ წარმოების საქმეები ძმებს გადააბარა, თვითონ კი მთელი დრო კამილას აღზრდას მიუძღვნა.
ერთხელ, სახლში დაბრუნებულ ლევის გოგონა არ დახვდა. უთხრეს, კამილა მეგობრების სანახავად თავშესაფარში წავიდაო. მოსაღამოვდა, კამილა არსად ჩანდა. ლევი შეშინდა, ვერ მოითმინა და თავშესაფარში წავიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კამილა იქ საერთოდ არ მისულა...
ლევი ნათესავებს ეკითხებოდა, მაგრამ ისინი ამტკიცებდნენ, ჩვენ არაფერი ვიცითო.
სტრაუსმა პოლიცია ფეხზე დააყენა, კერძო დეტექტივებიც დაიქირავა და ერთი თვის ძიების შემდეგ თითქოს რაღაც კვალს მიაგნეს. ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში, როგორც წვრილი მოვაჭრეები. თაღლითებმა აღიარეს, რომ მათ დიდი თანხა გადაუხადეს, რათა გოგონა გაეტაცათ და მექსიკაში, მოზარდების ბორდელში გაეყიდათ.
ამ ამბავმა ლევის თავზარი დასცა -მისი უმანკო, ნაზი კამილა, რომელიც მონაზვნობაზე ოცნებობდა და ლევი ოცნების ასრულებას დაჰპირდა, ბინძურ ბორდელში აღმოჩნდა.
ლევის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მას უკამილოდ არსებობა ვერ წარმოედგინა და მის საძებნელად გაეშურა.
...ლევი უნაგირზე ძლივს იკავებდა თავს და ახალგაზრდობა გაახსენდა, როდესაც ცხენით ოქროს საძიებლად მიდიოდა.
მექსიკამდე შორი გზა იყო. შუამავლების საშუალებით სტრაუსს მოელაპარაკნენ, შეჰპირდნენ, რომ ერთ-ერთ სოფელში გოგონას მოუყვანდნენ და გამოსასყიდ თანხასაც მიიღებდნენ.
გათენებისას მთებში ჩაკარგულ სოფელს მიადგნენ, სადაც სულ ოთხი სახლი იდგა. ერთ-ერთში შევიდნენ. ლევი პასუხის მოლოდინში გარეთ დარჩა. "აქ არის, თქვენი გოგონა ვიპოვეთ..." ლევი სახლში კამილას ძახილით შევარდა. პასუხად რაღაც საცოდავი წრიპინი მოესმა.
კარის პირდაპირ, მაგიდასთან უზარმაზარი, პირქუში კაცი იჯდა. "ფული დადე და გომბიო წაიყვანე, სანამ არ წაუხდენიათ!" ლევიმ მაგიდაზე უხმოდ დაახვავა ბანკნოტები და მეზობელ ოთახში შევიდა, საიდანაც ხმა მოესმა. ბინძურ იატაკზე იჯდა გამურული გოგონა და ცხვირს იქექდა.
"ეს კამილა არ არის, სად არის ჩემი გოგონა?" თავზარდაცემული სტრაუსი უაზროდ გარბოდა. კიდევ ერთხელ მოატყუეს, ახლა კი სამუდამოდ დაკარგა კამილა...
ლევის არ ახსოვდა, შინ როგორ დაბრუნდა. ამ ამბის შემდეგ მძიმედ გახდა ავად. როგორც კი ოდნავ გამოკეთდა, ძმებმა ანდერძის დაწერა აიძულეს თავიანთი შვილების სასარგებლოდ.
1906 წელს სან-ფრანცისკოში მომხდარმა მიწისძვრამ არქივი გაანადგურა, მაგრამ გადარჩა ლევი სტრაუსის წერილები, რომლებსაც იგი დედას ნიუ-იორკში უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში ეწერა:
"მინდოდა, მარადიულ ბავშვად დავრჩენილიყავი"...
ჟურნალი "ბომონდი"