მიუხედავად იმისა, რომ მწვანე 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების მთავარ ფერად ითვლებოდა, ის აქტუალურობას არ კარგავს და შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ფერად რჩება, ამის დასტური კი ბოლო მოდის კვირეულებია. მწვანე სიმშვიდისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, თუმცა ამ ტონის ტანსაცმელი ყველას გარდერობში, ცხადია, არ მოიძებნება. ქვემოთ წაიკითხავთ, როგორ უნდა შეარჩიოთ და მოირგოთ თქვენთვის სასურველი სამოსი სეზონის აქტუალური ტენდენციების მიხედვით.
Bottega Veneta საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შევუხამოთ ერთმანეთს მწვანე და შავი სწორად. ამ შედეგს შეიძლება აქსესუარების დახმარებით მივაღწიოთ და გამოვიყენოთ ქამარი ან მოვირგოთ მსგავსი ტონის ჟილეტი და ჩექმა.
თუ გსურთ, რომ თქვენი „ლუქი“ მთლიანად ერთი ფერის იყოს, მიჰყევით Ganni-ს რჩევებს და შეუხამეთ ერთმანეთს მწვანეს სხვადასხვა ტონალობა, პიტნისფერიდან დაწყებული, სალათისფერით დამთავრებული.
შემოდგომაზე განსაკუთრებით ტრენდულია ბალახის ან ლაიმისფერი მწვანე ტონი, რომელიც იდეალურად ერწყმის ყავისფერს, შავსა და იასამნისფერს. ამ ტონალობის პალიტრა შეგიძლიათ Stella McCartney-სთან იპოვოთ.
თუ შთაგონება გჭირდებათ, დაათვალიერეთ ცნობილი დიზაინერების ახალი კოლექციები, შეავსეთ თქვენი გარდერობი მწვანე ფერის მაისურებით, შარვლებით, კაბებით, ქურთუკებით და დარწმუნებული იყავით, რომ შემოდგომის სეზონისთვის აბსოლუტურად მზად ხართ.