პირველყოფილი ადამიანების ეპოქაში არ არსებობდა საქსოვი ძაფები და შესაბამისად, ქსოვილები, ამიტომაც ისინი სიცივისგან თავის დასაცავად, იყენებდნენ ნადირობისას მოკლული ცხოველების ტყავს. ასე მოიქცნენ როგორც კაცები ასევე ქალები.
დროთა განმავლობაში,მათ ისწავლეს მატყლისგან და მცენარეების ბოჭკოებისაგან ქსოვა, შეძლეს ქსოვილისა და ტყავის ნაჭრების ერთ მთლიანობად გარდაქმნა.
ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი კაბის ან მოსასხამის სახით იყო წარმოდგენილი. ისინი განსხვავდებოდა მხოლოდ სიგრძით. როგორც წესი, ქალებს უფრო გრძელი უნდა სცმოდათ, ვიდრე მამაკაცებს.
როდის და როგორ გამოჩნდა შარვალი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს. სავარაუდოდ, ისინი გამოიგონა მომთაბარე, მესაქონლეობით დაკავებულმა ხალხმა. მათ პირველად გაუჩნდათ იდეა, რომ ცხენი გამხდარიყო მათი გადაადგილების საშუალება. ცხენზე კალთაში ჯდომა ძალიან არასასიამოვნო პროცესი იყო. ასევე ხანგრძლივი მგზავრობისას შეიძლებოდა ძლიერად დაეზიანებინათ კანი.
მაშასადამე, როგორც ჩანს, სწორედ აზიის მომთაბარეებს გაუჩნდათ იდეა, რომ "გაეყოთ" ქვედაბოლო და თითოეული ფეხისთვის ცალკე ადგილი მიეჩინათ.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მათი მოსახლეობა მომთაბარე ხალხს შეუერთდა. მათ მიიღეს მომთაბარეების წეს-ჩვეულებები.
შარვალი შუა საუკუნეების ევროპაში მამრობითი მოსახლეობის ჩვეულ სამოსად იქცა. არსებობდა მრავალი სტილის შარვალი, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი გრძელი, ფართო შარვალი რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გამოჩნდა. თავდაპირველად ისინი მეზღვაურების სამოსი გახლდათ.
შუა საუკუნეებში შარვლის ჩაცმისთვის ქალი შეეძლოთ კოცონზე დაეწვათ. ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდნენ კაბებით სიარულს. ქალზე შარვალი მისი უზნეობის მაჩვენებელი იყო.
მამაკაცებისთვის ეს იყო ტანსაცმელი სპორტისთვის ან მძიმე სამუშაოსთვის. უხამსი იყო მათში გამოჩენა თეატრსა თუ კინოში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
მაგრამ 1950-70-იან წლებში, როდესაც კომფორტული და გამძლე ჯინსი გამოჩნდა, მათი ტარება ყველამ დაიწყო, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ქალების აქტიურმა ჩართულობამ სოციალურ თუ კულტურულ სფეროში.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ფრანგმა ქალებმა შარვლის ტარების ოფიციალური უფლება მხოლოდ 2013 წელს მოიპოვეს.
1800-წლიანი კანონის გაუქმებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალთა უფლებების დამცველ ვალო ბელქსემს.
დოქტორი მერი ედვარდ უოლკერი შვიდჯერ დააკავეს საჯარო სივრცეში შარვლის ტარებისთვის. 1913 წელს ბოლო დაკავებისას, იგი 80 წლის იყო. დააკავეს მიუხედავად რეგალიებისა. უოლკერი იყო ცნობილი და პატივცემული ქირურგი, აშშ-ის ღირსების მედალოსანი.
1938 წელს ჰელენ ჰულიკ ბიბე სასამართლოს წინაშე ყაჩაღობის მოწმედ იყო გამოცხადებული. იმის გამო, რომ ქალს შარვალი ეცვა, მოსამართლემ შესთავაზა სახლში წასულიყო და უფრო "შესაფერისი ტანსაცმელი" ჩაეცვა. ჰულიკმა უარი უთხრა და 5-დღიანი სასჯელის მოხდა დააკისრეს.
ბარბარა სტრეიზანდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც "ოსკარის" დაჯილდოებაზე შარვალი ჩაიცვა. ეს მოხდა შედარებით თავისუფალ 1969 წელს. ამ ყველაფერს მისი დაპატიმრება არ მოჰყოლია, მაგრამ პრესის უარყოფითი მიმოხილვები დაიმსახურა. ბარბარას ჩაცმულობას "საღამური" და "ცუდი გემო" უწოდეს. მიუხედავად ამისა მომღერლის გაბედულება მოდის ინდუსტრიაში შევიდა, როგორც მოდური ინოვაციის მაგალითი.
მოამზადა თიკო ღაჭავამ