ჩაცმა და გემოვნება დამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, თუ როგორ გამოიყურება...
ჩაცმულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სამოსი თვითგამოხატვის საშუალებაა, უსიტყვოდ გვესაუბრება იმ პიროვნებაზე, რომელიც მას ატარებს. ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, თუმცა, ძალიან ხშირად სწორედ გემოვნება ხდება კამათის საგანი. ხშირად გვესმის სიტყვები: მოდა, სტილი...
კაცობრიობის დასაბამიდან ჩაცმულობა ადამიანის სტატუსს განსაზღვრავდა. ზოგადად რომ ვისაუბროთ და გავაერთიანოთ მოდის განვითარების საფეხურები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდა გვკარნახობს ჩაცმის წესებს და მიმართულებას, თუმცა, სტილი იმდენივე არსებობს, რამდენიც ადამიანი.
მოდა ისეთივე ცვალებადია, როგორიც გაზაფხულის ამინდი, რადგან ვერასოდეს გაიგებ წინასწარ, რა ფორმები იქნება ტენდენციური და, ამავე დროს, იგი მეორდება, რადგან ხშირად მოდაში ისაა, რაც უკვე იყო წლების წინ. საზოგადოების ყველა წრეს აქვს თავისი მოდა, სტილი და ქცევის წესები. მოდა ბევრ რამეს მოიცავს - ტანსაცმელს, აქსესუარებს, ვარცხნილობასა და ბოდიარტს.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მოდას აყოლა საკუთარი სტილის დაკარგვაა, თუმცა, იმას ვერ ხვდებიან, მოდურობა საკუთარი სტილის ქონასაც რომ ნიშნავს. მაგრამ იყო არამოდური, გქონდეს მხოლოდ საკუთარი სტილი და არ ემორჩილებოდე მოდის ტენდენციებს, საზოგადოებაში უარყოფით განწყობას იწვევს.
მოდელ მანიკა ასათიანის გარდერობი ფერადია, უყვარს ბროწეულისფერი, ფირუზისფერი და შავი ფერიც. ამბობს, რომ საქართველოში საშოპინგოდ დიდი არჩევანი არ არის, ამიტომ ხშირად თურქეთსა და იტალიაში იძენს სამოსს. ყოფილა მომენტი, როდესაც ნივთი შეუძენია და თავისი გემოვნების მიხედვით შეუცვლია.
უყვარს აქსესუარები: ქამრები, ჯაჭვები, შარფები, საათები, სათვალე, ჩანთები და ა.შ. ერთადერთი, რასაც არ ატარებს, ქუდია. "არასოდეს ვიცი, წინასწარ რას ჩავიცვამ, ყოველთვის განწყობის მიხედვით ვიმოსები. თუ ოდნავ მაინც რაღაც არ მომწონს და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, ვინც უნდა მითხრას, რომ ლამაზად გამოვიყურები, სახლიდან ვერ გავალ.
ხშირად მივბრუნებულვარ კართან მისული და გამომიცვლია". მისი აზრით, ადამიანს არ უნდა აფიქრებინო, სარკე არ აქვსო, უგემოვნოაო, ამიტომ ყველას ურჩევს, რომ კომფორტულად და გემოვნებიანად ჩაიცვან, თან ისე, რომ თავისი სხეულის ნაკლი დაფარონ.
ქუსლიან ფეხსაცმელს ყოველდღიურად არ ატარებს, თუმცა, ძალიან უყვარს და ფიქრობს, რომ ქალი ყველაზე ლამაზი და ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ აცვია, მაშინაა. ამიტომ გამორჩეულ დღეებში ხშირად აცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი.
მოდის მიყოლა არ ნიშნავს, უკიდურესობაში გადავარდნას, იმისათვის, რომ გეცვას მოდურად, არ არის სავალდებულო ყოველი ახალი ტენდენციის შემდეგ მთელი გარდერობის შეცვლა.
დავუშვათ, თუ მოდაში წითელი ფერია, მთელი გარდერობი უნდა "გააწითლო?". არ დაივიწყოთ აქსესუარები, რომლებიც შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. ეცადეთ მიჰყვებოდეთ მოდას, მაგრამ არ დაკარგოთ ინდივიდუალობა და არ დაემსგავსოთ სხვას.
"თუ გინდა იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული" (კოკო შანელი).
ნუ შეგეშინდებათ განსხვავებულობის, რადგან ყოველი ადამიანი ცალკე სამყაროა, თუმცა მოდის სრული უარყოფა სისულელე იქნება. გემოვნებიანად ჩაცმა მთელი ხელოვნებაა, გემოვნების შეგრძნება ბუნებრივად არ მოგყვება, შესაძლოა მოგყვებოდეს, მაგრამ ძალიან მცირე დოზით, რომელიც უნდა გაზარდო და ჩამოაყალიბო. ისეთი სამოსი უნდა ატარო, რომ თავი თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნო.
თამთა დიასამიძე
ჟურნალი ”ბომონდი”
(სექტემბრის ნომერი)