ნოველები

ლაბირინთი - ათი ქალწული. თავი 8

ლაბირინთი - ათი ქალწული. თავი 8
რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო? - ამ კითხვაზე უმრავლესობას ერთნაირი პასუხი აქვს: მიზანსწრაფვა, ბევრი შრომა, იღბალი, განათლება...

ჩემი აზრით კი, წარმატების გასაღები - წარუმატებლობაშია. ყოველი შეცდომა ახალ რაღაცას გვასწავლის და გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ ვცადოთ... ვცადოთ იქამდე, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ!

მოგონებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოგონებები წარსულის გასაღებია და სწორედ აქ ვცდებით, რადგან მოგონებები მომავლის გასაღებია, რომელსაც შეუძლია განბლოკოს კარი და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგვიყვანოს. და თუ საჭირო დროს, საჭირო
ადგილზე გავიხსენებთ იმას, რაც საჭიროა, მაშინ შევძლებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას...

- გამომძიებელი ლეო მერის საწერი მაგიდის უჯრაში გასაღებს პოულობს. ურნაში დაჭმუჭნული ფურცელი გდია. მოთამაშე უნდა მიხვდეს, რომ ურნაც შეამოწმოს. ფურცელზე მისამართი წერია. გადავდივართ შემდეგ ლოკაციაზე, გარეუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სადაც პარაფსიქოლოგი ცხოვრობს. ბინაში შესვლისთანავე ჩაირთვება ვიდეორგოლი, სადაც პარაფსიქოლოგისა და ლეოს დიალოგია.

პარაფსიქოლოგი უყვება, რომ მერიმ რამდენიმე დღის წინ მიმართა მას და დახმარება სთხოვა. "ვერცხლით დამიწების" საჭიროებასაც უხსნის. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოთამაშე უნდა მიხვდეს, რომ პარაფსიქოლოგს პიქტოგრამის ფოტოსურათი აჩვენოს, რომელიც მერის ოთახში გადაიღო...

- პიქტოგრამა თუ პენტაგრამა?

- პენტაგრამა სხვაგან წაგვიყვანს, მაქს... ვიფიქრე ამაზე და პიქტოგრამა სჯობს!

- ჩვენი ლოგოს და პენტაგრამის კომბინაციას ვერც გავაკეთებდი. პიქტოგრამას კი ისედაც ჰგავს "ლაბირინთის" ლოგო. - არა, ფელიქს?

- პიქტოგრამა ჯობია ყველა ვარიანტში! პარაფსიქოლოგი რას გვაძლევს, ევა?

- წიგნს, რომელშიც ეს პიქტოგრამაა გამოსახული და ახსნაც უწერია. ეს ფურცელი მერის დღიურში უნდა "დასეივდეს". პიქტოგრამა, ვერცხლით დამიწება და ამულეტები გარკვეული დროით ხსნის პარალელურ სამყაროში გასასვლელ პორტალს.

- სულ რამდენი ლოკაცია მექნება შესაქმნელი?

- ბევრი არა. მერის სახლი, ქუჩა, ლეოს კაბინეტი, პარაფსიქოლოგის სახლი, მერის სახლი - ალტერნატიულ რეალობაში, ლაბორატორია, მეორე მერის მკვლელობის ადგილი და შეიძლება კიდევ ერთი-ორი ლოკაცია მოვიფიქრო... ალბათ, ათი, მაქსიმუმ, თხუთმეტი გამოვიდეს...

- მერის სახლის აწყობა დაწყებული მაქვს. ინვენტარის ზუსტი სია მჭირდება. სად რა ავეჯი დგას, სად რა დევს... აქედან რა არის უძრავი და რისი აღება შეუძლია მოთამაშეს.

- სიას დღეს გაგიკეთებ, მაქს!

- კარგი, საქმეს შევუდგეთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია... გაზაფხულამდე თუ მოვრჩებით, მაგარი იქნება! -
თქვა ფილმა და თავის მაგიდას მიაშურა. სამსახურში პირველები ჩვენ მოვედით. ცოტა ხანში მაქსი და მტრისა მოგვყვნენ უკან.

კროული კი ჯერაც არ გამოჩენილა. მე კიდევ, თავში სულ ის კონვერტი მიტრიალებს, რომელიც დედამ ჩანთაში იპოვა. ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და გავხსნი. დედამ მითხრა, შიგნით რაღაც მყარი, ოთხკუთხედი საგანი დევს. მას არ გავახსნევინე, რაღაცნაირად დავიბენი და ავღელდი... წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება იყოს...

გიორგაძეს ჩემს ჩანთასთან შეხება არ ჰქონია. თვითონ ვერ ჩამიდებდა კონვერტს. ეჭვი მისი დაცვის წევრზე მაქვს, იმ ლაშაზე, რომელმაც შემომთავაზა, ჩანთას დაგიჭერო. ალბათ, იმ მომენტში ჩააგდო კონვერტი, როცა მანქანაში ვჯდებოდი...

იმ ორი გოგოს დიალოგი გამახსენდა, რომელსაც "პორტალის" ტუალეტში მოვკარი ყური; ერთი მეორეს რომ უყვებოდა, როგორ მისცა კონვერტი დაცვის თანამშრომელმა ვიღაც გოგოს და შიგნით ფული იდო... იქნებ ამ ყავისფერ კონვერტშიც ფული დევს? შეიძლება პირადად მოცემა მოერიდა და დაცვას ჩაადებინა? როგორც ჩანს, მის ირგვლივ შექმნილი ლეგენდები არცთუ ისე უსაფუძვლოა... იქნებ ასე ერთობა? გოგოებს აგიჟებს? - კაცმა არ იცის...

- ამის დედა ვატირე, რა უბედურებაა ეს ადრე ადგომა! თერთმეტზე რო იწყებოდეს სამსახურები, დაიქცევა ქვეყანა?
ოთახში ირაკლი შემოვიდა.

- შენ და ბუზღუნი, ირაკლი?

- მაგრა ტეხავს ადრე გაღვიძება, რაა! - რა გაგიკვირდა? ცხოვრებაში ერთხელ მეც რო ვიყო რაღაცით უკმაყოფილო, არ შეიძლება?

- შენ არ გიხდება ცუდ ხასიათზე ყოფნა!

- თამაშისთვის მუსიკა გვინდა, ირაკლი...
გამოსძახა ფილმა.

- პრომოს ვაწყობთ უკვე?

- ჯერ არა, მაგრამ შენ დაიწყე! ძალიან რომ არ გაიწელოს პროცესი.

- შენ როგორ ხარ, ფელიქს? რაღაც სხვანაირი მეჩვენები... გუშინ ლუდზეც უარი მითხარი.

- ჰო, რაღაც ბანძი "პალასა" წავიდა... ცოტა დრო მინდა, რო აზრზე მოვიდე!

- მე ყავაზე მივდივარ! ვინმეს თუ გინდათ, წამოგიყოლებთ!

ირაკლი ჭკუამხიარული კი არის, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებ. სწორად შენიშნა, ფილი მართლა სხვანაირი გახდა იმ ღამის შემდეგ. "მაკდონალდსშიც" თითქმის არ გვილაპარაკია. რაღაც ვერ ავაწყეთ საუბარი, რაც ძალიან უცნაურია. არც თავისი მობილურის ამბავზე ჩამეძია. არ დაინტერესდა, როგორ დავიბრუნე და დედასთან ლაპარაკის მერეც, მხოლოდ - "ხო მშვიდობაა" - მკითხა. აშკარად თავს არიდებს იმ ამბების გახსენებას. როგორც ჩანს, დაემუქრნენ და ეშინია. არ მგონია, სხვა მიზეზი იყოს... ექვსი წელია ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ რაღაცას განიცდის...

დერეფანში მტრისას ფეხსაცმელების კაკუნი გაისმა და რამდენიმე წამში ჩვენს ოთახში შემოყო სალონში დავარცხნილი თავი.

- ევა, აბრამი მოვიდა!

- გამოვალ ახლავე!

- მოსულა ჩვენი მამა აბრამი! რა წარამარა გეძახის? რაშია საქმე? ხომ არ შეუყვარდი?

ირაკლის ხუმრობის საბაბი მიეცა.

- ნუ ხარ შენ ცანცარა!

- ჰა, გამოტყდი! სტყორცნა უკვე ისარი კუპიდონმა?

- შენ შენ გარჭობილ ისარს მიხედე რაა...

- წამოდი, გაგაცილებ და მე ყავას დავლევ!

მე და ირაკლი ერთად გამოვედით დერეფანში.

- გოგო, ვკითხე გვანცას, რაც გაინტერესებდა...

- გვანცა ვინ არის?

- ჩემი მიმტანი...

- აა, მერე?

- იმ ტიპის ყოფილა, გიორგაძის. ოღონდ "წიომნად" მითხრა რა. არ აბაზრებენ...

- მეც ეგრე ვიცოდი...

- თან მანდ ცხოვრობს ახლა თურმე.

- სად? "მირაჟში"?

- ჰო...

- რატო? სახლი არა აქვს?

- უფ... რას ჰქვია! იმისთანა სახლი აქვს, პრეზიდენტის რეზიდენცია მიმიქარავს...

- აბა, მანდ რატო ცხოვრობს?

- გაიგებ? მე რა გითხარი? ყველა მილიონერი დაქნეულია-მეთქი!

- რაღაც მიზეზი ექნება მაგას... კაი, შევედი მე კროულისთან!

- მიდი! და არ იცელქო!

ნატამ ცნობისმოყვარეობით ანთებული მზერა გამომაყოლა. ვიცი, რომ კვდება, ისე აინტერესებს, რა საქმეზე მიბარებს კროული ასე ხშირად, მაგრამ ვერ მეკითხება. ალბათ, არ უნდა შეიმჩნიოს, რომ არ იცის. სულ იმას ტრაბახობს, რომ კროული თვალდახუჭული ენდობა და ყველა საქმეს ანდობს.

კროულის კაბინეტში დიდი სეიფი და ტყავის სამეული უდგას. კედელში კი ბარი აქვს გაკეთებული, სადაც ძვირფას სასმელებს ინახავს. კედელზე "ბოსხის" ერთ-ერთი ნახატის რეპროდუქცია უკიდია, რომელზეც სრული ქაოსი და ანარქიაა გამოსახული. რამდენი შევხედავ, იმდენი თვალები მიჭრელდება, რადგან ძალიან ბევრი დეტალია...

- აბა, რა მოხდა გუშინ? შეხვდით ერთმანეთს?

- დიახ... გავიცანი და ვისაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, კომპიუტერული თამაში არ უნდა...

- არა?

გაუკვირდა კროულის.

- ზუსტად ჯერ მეც ვერ გავიგე. კვირის ბოლოს კიდევ უნდა შევხვდეთ და დეტალურად ამიხსნის. მითხრა, რომ არავის არაფერი ვუთხრა. თუ სცენარი მოეწონება, თანახმაა, ათი ათასი დოლარი გადაიხადოს. მაგრამ ამაზე ალბათ პირადად დაგელაპარაკებათ...

კროულის თვალები გაუბრწყინდა, ფეხზე ადგა და ბართან მივიდა.

- მარტინის ხომ დალევ?

- სამსახურში?

- ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ! შენ თვითონაც ხომ ხვდები, რას ნიშნავს ათიათასდოლარიანი საქმე?

- აღნიშვნა ჯერ ადრე არ არის? არაფერი რომ არ გამომივიდეს?

- ყველაფერი გამოგივა! შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რეკომენდაციას არ გაგიწევდი! ასე რომ... გამომართვი ეს ჭიქა! ჩვენი კომპანიის წარმატების სადღეგრძელო დავლიოთ!

კროულიმ ჭიქა მომიჭახუნა. ორივემ დავლიეთ. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს. მხოლოდ ის მკითხა, კიდევ როდის უნდა შევხვდე... წამოსვლის წინ მითხრა, რომ თუ რამეში მისი დახმარება დამჭირდება, აუცილებლად მივმართო. ეს იყო და ეს...

დერეფანში რომ გამოვედი, ყავის აპარატთან ფილი დამხვდა.

- რა უნდოდა? ისევ თამაშზე გელაპარაკა?

- ჰო...

- უცნაურია, მარტო შენ რომ გიბარებს... ექვსი წლის მანძილზე, თუ რამე შენიშვნა ჰქონდა, მე მეძახდა. - ახლა რა შეიცვალა?

- შედი და ჰკითხე...

- კონკრეტულად რა გითხრა?

- ვიკამათეთ. ის ამბობს, რომ თამაში მერის ხაზით უნდა წავიდეს, მე ვფიქრობ, რომ გამომძიებელი უნდა იყოს სამოძრაო ფიგურა. შენც გკითხავს აზრს...

- მეც ვფიქრობ, რომ გამომძიებლის ხაზი ჯობია. შევალ ბარემ და დაველაპარაკები...

- მიდი...

მე და ფილი ერთმანეთს დავცილდით. მგონია, რომ აღარ მენდობა და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. მგონი, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. ვატყობ, რომ დაძაბულია...

ოთახში დავბრუნდი და საქმეს შევუდექი. მერის ოთახის აღწერას შევყევი. თითქმის მთელი დღე დამჭირდა... ხუთი საათი რომ ხდებოდა, ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. მოულოდნელად, ჩემი კომპიუტერის მონიტორზე ფანჯარა გაჩნდა, სადაც ლექსი ეწერა:

"სასუფეველით მსგავსება მათით ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით ელოდენ სიძეს.
მათგანი ხუთი იყო გონიერ, ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ ზეთი სურნელი.
და ღამით, ოდეს სძინავდა ყოველს, ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს, მიეგებენით.
აღსდგა წამშივე ქალწული ათი - ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი იმ წუხანდელი.
წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან დახურულ კართან."

დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი მაიმუნობდა.
- ამით რისი თქმა გინდა, ირაკლი... რომ გაუთხოვარი დავრჩები?
გადავძახე ხმამაღლა. ირაკლიმ გაკვირვებული სახით შემომხედა.

- რაზე ამბობ?

- ვითომ არ იცი... გინდა მაფიქრებინო, რომ კროული მწერს ლექსებს?
გამეცინა. ირაკლი თავისი მაგიდიდან ადგა და ჩემთან მოვიდა. ცოტა ხანი გაკვირვებული მიშტერებოდა ფანჯარას.

- ეს რა არის, გოგო?

- მეც მაგას არ გეკითხები? რისთვის გამომიგზავნე?

- შენს თავს ვფიცავარ, მე თუ გამომეგზავნოს... - რა გახსენი?

- არაფრისთვის არ მიხლია ხელი. "ვორდი" მაქვს მარტო გახსნილი. თავისით ამოხტა!

- მაქს, მოდი ერთი წუთით რა...

მაქსიც ჩემს მაგიდასთან მოვიდა და მონიტორს შეხედა.

- რა ხდება მანდ?

გამოგვძახა ფილმა.

- ევას ვიღაც ინკოგნიტო ლექსებს სწერს. ჩატიდან არაა, ბიჭო... ასეთი რამე პირველად ვნახე.
ფილიპე მაშინვე ჩვენთან გაჩნდა.

- ევა, დამსვი ორი წუთით...

მაქსს ჩემი ადგილი დავუთმე და მე მის უკან დავდექი.

- დახურე ფანჯარა, მაქს! ვირუსი არ იყოს...
აღელდა ფილი.

- არ იხურება! დაეკიდა კომპი... "დაგვჰაკეს", მგონი... ჰაკერია შემოსული ქსელში...

- რანაირად, ტო?

სამივე გაშტერებული მივჩერებოდით ეკრანს. მაქსი ფანჯრის დახურვას ცდილობდა, მაგრამ არც მაუსი მუშაობდა, არც კლავიატურა.

- აიტის დაუძახეთ ვინმემ!

ფილი ოთახიდან გავარდა.

- ხო მარა, ეს ლექსი რა პონტია?

- აზრზე არა ვარ!

სანამ ფილიპემ "აიტიშნიკი" მოიყვანა, ფანჯარა თავისით გაქრა და ყველაფერი ამუშავდა. კომპიუტერთან აღარ მიგვაკარეს. აიტიმ ქსელის შემოწმება დაიწყო. კროულიც საქმის კურსში ჩავაყენეთ. როგორც ჩანს, მაქსი მართალია, ქსელში მართლა შემოძვრა ჰაკერი, მაგრამ ფანჯარა მხოლოდ ჩემს მონიტორში გაიხსნა. გამოდის, რომ ის ლექსი ჩემთვის იყო განკუთვნილი...

- რა იყო იმ ფანჯარაში? გახსოვთ ვინმეს?

გვკითხა კროულიმ. ძალიან არ ესიამოვნა ეს ამბავი. შეშფოთებული ჩანდა.

- გალაკტიონ ტაბიძის ლექსი იყო, თუ სწორად მახსოვს... "ბიბლიის" ერთ-ერთ იგავზეა ეგ ლექსი დაწერილი... ქალწულები სიძეს რომ ელოდებიან და ხუთი მათგანი ზეთის საყიდლად რომ წავა...

- "ათი ქალწული" ჰქვია მაგ ლექსს!
გაიხსენა მტრისამ.

- და რა კავშირშია ეგ ლექსი ჩვენთან?
გვკითხა დობროვსკიმ.

- არანაირ კავშირში არ არის...

- ევა, ვის შეიძლება ეგ გაეკეთებინა? არ გაქვს რამე იდეა?

- არა, ბატონო აბრამ... წარმოდგენაც კი არ მაქვს... მგონი, ვიღაცამ იხუმრა...

- იმედი ვიქონიოთ... ის ვიღაცა ზედმეტად კარგად ერკვევა კომპიუტერებში! კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ სახლებში. დღეს მაინც ვეღარაფერს გააკეთებთ!

ოთხივე ერთად გამოვედით სამსახურიდან.

- რამე ხომ არ გვეჭამა სადმე? რამდენი ხანია ერთად არსად წავსულვართ!

შემოგვთავაზა ირაკლიმ. ბიჭები დათანხმდნენ. მე ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი... ამ ყველაფერმა ძალიან დამზაფრა. ყველაზე მეტად იმ კონვერტის გახსნა მინდოდა. ბიჭებს უარი ვუთხარი, მაგრამ ირაკლი არ მომეშვა. თითქმის ძალით შემათრიეს უახლოეს კაფეში.

ქუჩაზე რომ გადავდიოდით, ფილმა დრო იხელთა და ჩუმად მითხრა, ეს ამბები შეიძლება "პორტალს" უკავშირდებოდესო... როგორც შემეძლო დავამშვიდე და ვუთხარი, რომ "პორტალის" ხალხს გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გამოგზავნა არაფერში არ სჭირდება... თუმცა, მე თვითონაც გამიჩნდა ეჭვი... ჯერ კონვერტი, მერე ეს... რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? იქნებ რამე მესიჯია და მე ვერ ვხვდები?

კაფეში ერთი საათი დავყავი. მერე სახლში წამოვედი. არავინ დამხვდა. ქურთუკიც არ გამიხდია, მაშინვე იმ კონვერტს დავუწყე ძებნა. ჩემს ოთახში, ტუმბოზე იდო... დავინახე თუ არა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ხელში ავიღე. შიგნით მართლა რაღაც მყარი ნივთი იდო... კონვერტს გარედან არაფერი ეწერა.

ხელის კანკალით გავხსენი. ის მყარი ნივთი მეტალის მართკუთხედი ფორმის თხელი კოლოფი აღმოჩნდა. გარედან არც არაფერი ეხატა და არც არაფერი ეწერა.

გული ამიჩქარდა. საწოლზე ჩამოვჯექი და გავხსენი... კოლოფში გასაღები იდო, რომელსაც "თავი" წითლად ჰქონდა შეღებილი...

დიდხანს ვატრიალე ხელში კონვერტიც, კოლოფიც და გასაღებიც, მაგრამ ერთი წერტილიც კი არსად ეწერა... თავში მხოლოდ ორი კითხვა მიტრიალებდა: - რას უნდა აღებდეს ეს გასაღები და რატომ ჩაადებინა ჩანთაში დაცვას? რატომ პირადად არ მომცა?

უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა. ერთი წუთით დავუშვათ, რომ დაცვა მის ბრძანებას კი არ ასრულებს, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებს... იქნებ მის დაცვას ჩემთვის რაღაცის თქმა უნდა? მაგრამ რის?..

სასწრაფოდ ლეპტოპი ჩავრთე და ლექსი მოვძებნე. ძალიან ყურადღებით წავიკითხე... თუ ეს რაიმე გზავნილია, რას უნდა მივხვდე?.. ერთადერთი კავშირი ლექსსა და გასაღებს შორის - კარია!

"მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი.
ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან დახურულ კართან..."

გაგრძელება იქნება  
ავტორი თეა ინასარიძე

იხილეთ ასევე: ლაბირინთი - მაცდური წინადადება (ეპიზოდი VII)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 15 /
მარი
7 თავი არ დევს?
16:28 / 18-01-2023
გამოხმაურება / 0 /
Ნინა
7 თავი??
11:50 / 17-01-2023
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93