ქოხში სიჩუმე იყო. მხოლოდ შეშის ტკაცუნისა და კრამიტის სახურავზე დაცემული წვიმის წვეთების ხმა ისმოდა. ამ სასიამოვნო სიმფონიას დროდადრო ქუხილის ხმა არღვევდა. ლევანი ხმას არ იღებდა.
იჯდა და მოთმინებით ელოდა, რას ვიტყოდი. მეც ჩუმად ვიჯექი და ახალგაზრდა, შავგვრემანი ბიჭის ფოტოს ვაკვირდებოდი. მინდოდა ყველაფერი კარგად დამემახსოვრებინა.
ბიჭი სიმპათიური იყო. შავი ტყავის ძვირფასი ქურთუკი ეცვა, მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი, ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ქურთუკის შიგნით კი თხელი ნაქსოვი მდოგვისფერი სვიტერი. ხელში, სავარაუდოდ, მანქანის გასაღები ეჭირა. ფოტო ქუჩაში იყო გადაღებული. ბიჭი მანქანასთან იდგა. 2015 წლის Porsche Boxster-ი, რომელიც დაახლოებით 75 000$ ღირს... ბიჭი კადრში არ იყურებოდა, როგორც ჩანს, იმ მომენტში გადაუღეს, როცა მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა. ყველაზე დიდხანს სახეზე ვაკვირდებოდი. შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ასე მეგონა, ზედმეტად თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო...
- რას აკეთებს თბილისში?
როგორც იქნა, სიჩუმე დავარღვიე და ლევანს შევხედე. მივხვდი, რომ ცდილობდა, ჩემი მიმიკებით და სახის გამომეტყველებით გამოეცნო, რას ვგრძნობდი ამ წუთებში...
- არდადეგებზე ჩამოვიდა. როგორც მე ვიცი, ერთობა!
- ვისთან ერთად? ჰყავს აქ მეგობრები?
- კი, ჰყავს. ბავშვობის მეგობრები, ალბათ...
- რა იცი?
- მამამისისგან ვიცი... ხომ გითხარი, ერთად ვიყავით რესტორანში-მეთქი...
- კიდევ რა გითხრა?
- ჯერ საქმეზე ვილაპარაკეთ ბევრი. თავი მოჰქონდა, რომ ბიზნესი საშინელ დროში წამოიწყო და გაამართლა... ჰყვებოდა, რამდენი იწვალა...
- ესე იგი, გაამართლა...
ჩავილაპარაკე და ისევ ბექას სურათს დავხედე.
- მახსოვს, შვილი რომ ჰყავდა.... ერთხელ ვნახე კიდეც ეს ბიჭი...
- ნახე?
- ჰო, კიკეთში ამოვიდნენ. მე და თეო ბებიასთან ერთად ვისვენებდით. შაბათ დილას მამა ამოვიდა მანქანით ჩვენ სანახავად. თამაზი და მისი შვილი ეჯდა მანქანაში... რამდენიმე საათით დარჩნენ. მე, თეო და ბექა ერთად ვთამაშობდით... მახსოვს, აუტანელი ბავშვი იყო... ბადრიჯანი ამოიღო პარკიდან და თეოს გამოეკიდა, უნდოდა, ჩაერტყა. მე წავართვი, წავაქციე და ზემოდან მოვექეცი... თმაში ჩავაფრინდი. იმან ღრიალი დაიწყო. მერე მამა მოვიდა და დამტუქსა. იშვიათად მიბრაზდებოდა მამა... მაგ ბიჭს ბადრიჯანა შევარქვი. მთელი დღე ასე ვეძახდი...
ლევანმა სიცილი ვერ შეიკავა.
- მოგისწრია მაგისი გამწარება, რა გინდა...
- შენ როგორ აპირებ ამ ყველაფერს?
ლევანისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე.
- რას?
- რაც მითხარი... ქონებაზე...
- ეგ მე ვიცი. არის რამდენიმე ხერხი. შენ რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესია! არ გინდა, ნუ ჩაერევი... მე უბრალოდ იმიტომ გითხარი ეს ყველაფერი, რომ შენგან ნებართვა მჭირდებოდა. შენი თანხმობის გარეშე მე არაფერს გავაკეთებ!
- მე არ მინდა, რომ შენ ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩემ გამო შარში გაეხვეს ან საფრთხეში აღმოჩნდეს.
ლევანს გაეღიმა.
- ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საფრთხეა, ანიკა. ერთი საფრთხით მეტი, ერთით ნაკლები - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს! თან, როგორც უკვე გითხარი, მე ყოველთვის ვიზღვევ თავს. ნებისმიერ სიტუაციაში! შენ წარმოიდგინე, შენი მეგობრის შემთხვევაშიც კი დავეზღვიე...
- რომელი მეგობრის?
ცოტა არ იყოს, ავღელდი.
- აი, იმის, "პორტალში" ვისთან ერთადაც მოხვედი მაშინ!
- ფილის?..
- ჰო, ფილის... ჯობია ეს ჩემგან გაიგო. მერე რამე გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი ჩვენ შორის. მინდა ყველაფერი იცოდე, რაც შენ გეხება. მინდა იცოდე, რომ მე შენ არასოდეს მოგატყუებ!
- რა უნდა ვიცოდე ფილიპეზე?
- შენ იცი, რომ "პორტალი" დახურული კლუბია, ამიტომ ვერ გავრისკავდი ფილიპეზე... შეიძლება ვინმესთვის ეთქვა რამე ან დამოუკიდებლად დაეწყო რაღაცების გარკვევა. ამას ვერ დავუშვებდი...
- მერე?
- არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ, შორიდან ვაკონტროლებ. იმედია, არ გაბრაზდები... მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ფილიპემ ის ადგილი დაივიწყა.
- მაშინ ისე შეაშინეს შენმა გოლიათმა მცველებმა, მეეჭვება, ოდესმე გაიხსენოს ის ღამე!
- ვწუხვარ, ასე რომ მოხდა...
- ეგ ჩემი ბრალია. მე წამოვიყვანე... როგორ აკონტროლებ ფილს? გოგო მიუგზავნე?
ლევანმა გაოცება ვერ დამალა.
- საიდან იცი?
- ვიცი, რომ ფილი ვიღაც გოგოს ხვდება... მოგვიყვა მე და ირაკლის.
- შეყვარებულია?
მკითხა ლევანმა და გაიღიმა.
- დავუშვათ, შეუყვარდა... არ გეცოდება? როგორ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე თამაში?
- ეგ არაფერი, გადაუვლის, დამიჯერე!
- არც მე ვარ დიდად რომანტიკული პიროვნება, მაგრამ სხვის გრძნობებს პატივს ვცემ... როგორ შეგიძლია ასეთი ცივსისხლიანი იყო?
უცებ სიბრაზე მომერია.
- ძალიან კარგი, თუ არ ხარ რომანტიკული პიროვნება, უკეთესიცაა... როცა ვიღაც გიყვარს, ადვილი სამიზნე ხდები... ადვილია შენით მანიპულირება. სიყვარული ადამიანს კი არ აძლიერებს, ასუსტებს! დაუცველს ხდის...
- გყვარებია ვინმე საერთოდ?
- შეიძლება კი, შეიძლება არა... აუცილებელია ვინმე გიყვარდეს?
- შეიძლება არც არის აუცილებელი... შეიძლება შენ მართალი ხარ, სიყვარულს უფრო მეტი ტკივილი მოაქვს, ვიდრე ბედნიერება...
- ესე იგი, მაძლევ უფლებას, შენ მაგივრად ვასწავლო ჭკუა იმ გარეწარს?
- ვინმე მოკვდება?
ლევანს გაეცინა.
- რა საყვარელი ხარ, ნეტა იცოდე... არა, რა თქმა უნდა! არავინ მოკვდება. მე მკვლელი არ ვარ...
- მაშინ თანახმა ვარ...
- ეს შეთანხმება ჩვენ შორის უნდა დარჩეს! არავისთან არაფერი არ უნდა წამოგცდეს! საერთოდ არც ახსენო იმ კაცის სახელი ან გვარი...
- ნუ გეშინია, შემიძლია საიდუმლოს შენახვა! მაგრამ განზე დგომაც არ შემიძლია... მეც მინდა მონაწილე ვიყო წულაიას გაკოტრების საქმეში...
- შენი გვარი, შენი ვინაობა სადმე რომ ამოტივტივდეს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება!
- მაშინ ვიქნები ევა, ვთქვათ, ანდრიაძე...
- ეგრე შეიძლება! მაშინ შენც გექნება ერთი დავალება...
- რა დავალება?
- ისე უნდა მოახერხო, რომ ბადრიჯანა "პორტალში" მოვიდეს...
- არ არის პრობლემა...
- შეძლებ?
- რა თქმა უნდა!
- დარწმუნებული ხარ?
- შენ მე არ მიცნობ...
ლევანი წამოდგა, ქურთუკი აიღო და ჯიბიდან მეტალის თხელი კოლოფი ამოიღო.
- ეს გამომართვი, შენია!
კოლოფიდან "პორტალის" ბარათი ამოიღო და მომცა. ბარათს წითელი ლოგო ჰქონდა.
- კარგად შეინახე. როცა მოგინდება, თავისუფლად შეძლებ კლუბში შესვლას... ეს ერთჯერადი ბარათები ბექასთვისაა! - გამომართვი... ოთხი ცალია!
ბარათები გამოვართვი და ჩემი საფულის საიდუმლო ჯიბეში ჩავმალე.
- ბექას ხვალ საღამოს ნახავ, გოლფ კლუბში დადის...
- საიდან გაიგე?
- თბილისში მარტო ერთი გოლფ კლუბია და ისიც ჩემია.
გაეღიმა ლევანს.
- მანდ წინასწარ ეწერებიან... ხუთ საათზე უნდა მივიდეს წესით, თავის ძაკაცებთან ერთად.
- რამდენი ხანი ითამაშებს?
- ორი საათი.
- ძალიან კარგი.
- ჩაგწერო?
- არა, სხვა გეგმა მაქვს...
- აბა, როგორ ნახავ?
- ეგ მე ვიცი.
- აი, როგორ ცვლის ყველაფერს ადამიანის ცხოვრებაში მიზანი, ხედავ?
ლევანს თავი დავუქნიე.
- შენ გამოძინება გჭირდება! უკვე ძალიან გვიანია... მიდი, რომელი საწოლიც მოგეწონება, აირჩიე და დაიძინე.
- შენ?
- მეც მალე დავწვები.
დავემორჩილე, რადგან რაღაცნაირად ძალა მქონდა გამოცლილი... საწოლზე ტანსაცმლიანი მივწექი და ზემოდან საბანი გადავიფარე. წვიმა რიტმულად კაკუნობდა სახურავზე. აღარ ქუხდა. თვალები თავისით დამეხუჭა. სასიამოვნო სიმსუბუქეს ვგრძნობდი. კიკეთი დამესიზმრა. თეო, ბექა და... მამა... რამდენი წელია მამა არ დამსიზმრებია. სულ ვოცნებობდი, ერთხელ მაინც დამსიზმრებოდა... გაღიმებული სახით მომიახლოვდა და ხელი ნაზად ჩამომისვა ლოყაზე, მერე სახიდან თმა გადამიწია. ეს შეხება რეალურად ვიგრძენი...
დილის რვა საათზე გამეღვიძა. თვალები გავახილე და ოთახი მოვათვალიერე. ლევანი არსად ჩანდა. თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი. ღუმელი გიზგიზებდა. ლევანი არც მეორე ოთახში იყო. მისი მოცემული ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გამოვედი. სახლის წინ ფიჩხი იყო დახვავებული. აღარ წვიმდა, მაგრამ ნისლი ისევ იყო...
ერთხელ დავუძახე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. გაუცნობიერებლად იმ მხარეს წავედი, სადაც გუშინ დასარეკად წამიყვანა. ლევანის ხმა შორიდანვე გავიგონე. ტელეფონზე საუბრობდა. მალე დავინახე კიდეც და მისკენ გავემართე. მან ვერ შემამჩნია. ოდნავ მოშორებით გავჩერდი და დაველოდე, როდის მორჩებოდა ლაპარაკს.
- ვიცი, რომ სარისკოა, მაგრამ მაქვს-მეთქი გარანტია! არ მეშინია! ფენიქსი რისთვის მყავს? დაგავიწყდა? ჰო... არა... ფენიქსია ჩემი გარანტია!.. ვინ იპოვის? არავინ არ იცის, სად არის... მე თუ არ ვიტყვი, კაციშვილი ვერ მიაგნებს... როგორც არ უნდა დაგვემუქრონ, ვერაფერს იზამენ, სანამ ფენიქსი არსებობს! გესმის? ჰოდა, მორჩი ახლა სისულელეებს და მიხედე საქმეს! საღამოს ჩამოვალ...
ლევანმა მობილური გათიშა და ჩემკენ წამოვიდა. მეც მისკენ გავემართე...
- ანიკა?..
ოდნავ შეცბა, რომ დამინახა.
- ევაკუატორი გამოიძახე?
- არა. ჯერ მე თვითონ ვცდი ამოყვანას... შენც დამეხმარები... როგორ გეძინა?
- ბავშვივით...
ორივე სახლისკენ გავემართეთ.
- ავიბარგოთ ნელ-ნელა.
ლევანმა ცეცხლი ჩააქრო, მე საჭმლის ნარჩენები პარკში ჩავყარე. სახლი ისევ დაკეტა და გასაღები თავის ადგილას დააბრუნა. მერე ფიჩხი თოკით შეკრა და მანქანამდე წამოიღო. გზაშიც ვლაპარაკობდით. ასე მეგონა, კარგა ხანია, რაც ლევანს ვიცნობდი... მისი გარეგნობაც აღარ მეჩვენებოდა ისეთი ცივი...
ფიჩხის ნაწილი ორმოში ჩაყარა.
- მე დავქოქავ, შენ ეს დანარჩენებიც მიაყოლე ნელ-ნელა...
მითხრა და მანქანაში ავიდა. დაახლოებით სამ წუთში მანქანა ორმოდან ამოიყვანა. მე ტალახის შხეფებისგან ჯიქს ვგავდი.
შუადღის თორმეტ საათზე უკვე სახლში ვიყავი და ჩემებს ვუხსნიდი, რატომ ვიყავი ტალახში ამოგანგლული. მერე ირაკლიმ დამირეკა, ჩემი მოტოციკლი პარკინგზე უნახავს და სამსახურში რომ არ მივედი, შეეშინდა. ავუხსენი, რომ წვიმის გამო ტაქსით წამოვედი. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და სამსახურში ვერ მივიდოდი...
ცხელი შხაპის ქვეშ დიდხანს ვიდექი და ვფიქრობდი, რა მეთქვა კალანდაძისთვის. გამახსენდა, რომ მობილური სამსახურში დავტოვე, ამიტომ გამოვედი თუ არა, "სკაიპი" ჩავრთე და მივწერე, რომ მობლური სამსახურში დამრჩა, დამჯდარი იყო და არ ენერვიულა. გუშინდელი თავგადასავლების შესახებ არაფერი მითქვამს. არც სახლი მიხსენებია და მით უმეტეს, არც წულაიების ამბავი. ლევანმა საღამოს შეხვედრა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. მოვიგონე, ვითომ დედასთან და თეოსთან ერთად მივდიოდი სადღაც...
ხუთი საათისთვის საგულდაგულოდ გამოვეწყვე. ტყავის შარვალი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ტაქსი გამოვიძახე და სამსახურში წავედი, მოტოციკლი უნდა წამომეყვანა. გზად დონატები ვიყიდე და ბიჭებს ავუტანე. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ჩემი დღე იყო...
- ოჰო, ავადმყოფის არაფერი გეტყობა!
შესვლისთანავე მომახალა ირაკლიმ.
- უკეთ ვარ... აჰა, შეესიეთ!
დონატების ყუთი მაქსის მაგიდაზე დავდე.
- უფლებას გაძლევ, ხანდახან გააცდინო ხოლმე სამსახური.
მითხრა ფილმა და ცხვირზე მომიჭირა თითები. მე კიდევ გული შემეკუმშა, მასში ეჭვი რომ შევიტანე...
- რა ვიდზე ხარ, გოგო! ჯაშუშს გავხარ!
მითხრა ირაკლიმ.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ ვგავარ!
ვუთხარი და ჩემი მაგიდიდან ჩაფხუტი ავიღე.
- წავედი და აბა, თქვენ იცით! ორშაბათამდე...
- ეს უეჭველი პაემანზე მიდის! დღეს სხვანაირად უბრწყინავს თვალები...
- ისე, ირაკლი მართალი ხარ, მეც შეცვლილი მეჩვენება დღეს ევა!
დაეთანხმა მაქსი და დონატი ჩაკბიჩა.
- ვინ არის ის უბედური?
მკითხა ირაკლიმ.
- შენი საქმე არ არის...
- ოჰო! გითხარით? აშკარად "სტრელკა" აქვს!
- თუ ძალიან გინდა, შეგიძლია ბადრიჯანათი მოიხსენიო...
მივაძახე ირაკლის და წამოვედი. ბექას ლურჯი პორშე შორიდანვე დავინახე. გოლფ-კლუბის შესასვლელთან ეყენა. მოტოციკლი სპეციალურად ისე დავაყენე, რომ გზა ჩამეკეტა მისთვის. ჩემ გარეშე მანქანას ვერ გამოიყვანდა. მე მოპირდაპირე ქუჩაზე, კაფეში შევედი, ყავა შევუკვეთე და დაველოდე, როდის გამოვიდოდა გარეთ. რვის ათი წუთი იყო, როდესაც კლუბიდან ოთხი ბიჭი გამოვიდა. ბექა მაშინვე ვიცანი. მართალია, სახე არ უჩანდა, მაგრამ ჩაცმულობით მივხვდი, რომ ის იყო. ყველაზე გამორჩეულად ეცვა და სიარულის მანერაც სხვანაირი ჰქონდა... ეტყობოდა, რომ "მოსკოვებში გამდიდრებული" მამიკოს ბიჭი იყო...
ცოტა ხანი შესასვლელთან იდგნენ და ღლაბუცობდნენ. მერე მანქანისკენ დაიძრნენ. მე სეირის საყურებლად მოვემზადე. ბექა ბიჭებს გამოეყო, მანქანას შემოუარა და ჩემს მოტოს დაუწყო ყურება. მერე აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. დანარჩენებიც დაბნეულები იდგნენ და ელოდნენ. ბექა ისევ კლუბში შევიდა და დაცვის თანამშრომელი გამოიყვანა. დაცვამ სავარაუდოდ ჩემი მოტოციკლის ნომერი ჩაიწერა. თხუთმეტი წუთი კიდევ დავრჩი. როგორც ჩანს, ბექას სადღაც ეჩქარებოდა. წარამარა საათზე იხედებოდა. მეტი ვეღარც მე მოვითმინე, კაფედან გამოვედი და აუჩქარებლად გავემართე ჩემი მოტოციკლისკენ.
ბიჭებისთვის ზედაც არ შემიხედავს, გვერდით ჩავუარე, მოტოსთან გავჩერდი, ჩაფხუტი სკამზე დავდე და მობილური ამოვიღე. პერიფერიული მზერით ვხედავდი, როგორ იდგნენ და მიყურებდნენ, მერე ბექა გამოეყო დანარჩენებს და მომიახლოვდა.
- შენი ბაიკია?
- აჰა...
მობილურიდან თავი არ ამიწევია, ისე ვუპასუხე.
- მერე?.. გზას რო მიკეტავდი, რაზე ფიქრობდი?
მხოლოდ ახლა შევხედე და უდარდელი გამომეტყველებით გავეცი პასუხი.
- რავი, აღარ მახსოვს... მგონი, ღამის კლუბზე ვფიქრობდი...
- გეტყობა! ერთი საათია ვდგავარ სირივით და ველოდები, როდის გაწევენ ამ ჯართს!
- როგორც ჩანს, მანქანებში უკეთ ერკვევი, ვიდრე მოტოებში...
ვუთხარი და მისი მანქანა შევათვალიერე.
- გაწევ, ბოლოს და ბოლოს?
- რას?
- რა რას? - ჯართს როდის გაწევ-მეთქი, მეღადავები ხო?
- რომელი ჯართის გამწევი მე მნახე? სადმე მაწერია, რომ ჯართს ვიბარებ?
- აუ, ეს მეღადავება, ჩემი კარგი...
ბექა ბიჭებისკენ შებრუნდა. ისინიც მოგვიახლოვდნენ.
- ძაან ძერსკი ხარ?
მკითხა ერთ-ერთმა.
- საკმაოდ! თქვენ ამისი დამცველები, ხომ?
კითხვა შევუბრუნე.
- მევასება შენნაირები! რა გქვია?
- ევა...
- მე ადამი! წამო, ედემის ბაღს დაგათვალიერებინებ!
ბიჭებმა სიცილი დაიწყეს.
- სხვა დროს, თუ უფრო ორიგინალურ პასუხს მოიფიქრებ, შეიძლება წამოვიდე კიდეც! მანამდე, თუ გინდა მე დაგათვალიერებინებთ ჯოჯოხეთს!
- მიდი, აბა!
ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და "პორტალის" ოთხი ბარათი ამოვიღე.
- ხვალ, ღამის თორმეტ საათზე! გელოდებით... მისამართი ზედ აწერია!
ბარათები ბექას ქურთუკის ჯიბეში ჩავუდე, ჩაფხუტი დავიხურე და ჩემი მოტო მაქსიმალური სიჩქარით გავაქროლე ქუჩაში...
გაგრძელება იქნება