შეცვლილა. ისეთი არ არის, როგორიც მაშინ, ბოლოჯერ რომ ვნახე. ჩვეული სიზვიადე და გულგრილობა კვლავ შერჩენია, მაგრამ რატომღაც მაინც ვფიქრობ, რომ შეცვლილია. სიხარულის, მონატრების ღიმილი ეპარებათ ტუჩებს. მინდა, ამოვიქვითინო და ვუთხრა, რომ მიყვარს, მაგრამ რაღაც მაკავებს.
- ელენიკა... - მონატრებული ხმა სწვდება ჩემს ყურთასმენას.
ლამისაა ჩავიკეცო. ეს ტემბრი. ეს ტონალობა. ღმერთო, ცოტაც და დავილევი. გიორგის პერანგიდან ოფლის სუნს ვგრძნობ. აქამდე მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. მუდამ სასიამოვნო სურნელით მახვევდა თავბრუს, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ახლა უარესი მემართება.
- დავიღალე, გიორგი... ძალიან დავიღალე... - ვჩურჩულებ და სახეზე ჩამოშლილ თმებს ხელებით უკან ნერვიულად ვიწევ. - მინდოდა, შემომეხედა შენთვის, ისეთი რაღაც მეთქვა, რასაც ვერასდროს დაივიწყებდი და საბოლოოდ უარი მეთქვა შენზე!
-აბა, რას მეტყვი? - სადღაც შორიდან მესმის მისი სიტყვები.
-იმას, რომ ასეთი ვერაფერი მოვიფიქრე!
-და რა გადაწყვიტე?
-გადავწყვიტე, რომ შენთან დავრჩე. - ვამბობ და სახე მელეწება.
მერე ყველაფერი სწრაფად ხდება. გიორგი ანგარიშმიუცემლად მაჯახებს სადარბაზოს კედელს და თმის ქვეშ, კეფაზე მეჭიდება ხელით. მოულოდნელობისგან ჩასუნთქვას ვერ ვასწრებ და მის ტუჩებს გაფითრებული ვეგებები. მთელ სხეულზე უხეშად მიჭერს თითებს. მასში აღარაა დარჩენილი სინაზის პატარა ნაწილაკიც კი. სუნთქვა მიჭირს, მაგრამ სურვილი არ მაქვს, რომ ხელი შევაშვებინო და ვთხოვო, შეწყვიტოს. ახლა აღარ ვარ გაუბედავი, ლოყებაწითლებული ქალი, რომელმაც გიორგის დანახვაზე აღარ იცის, სად დამალოს გალურჯებული, ათრთოლებული მტევნები. ახლა ის ელენიკა ვარ, რომელსაც თავისი სიყვარული კი არ წვავს, არამედ აცოცხლებს...
პირველად ეღვიძება ჩემზე ადრე. თავზე მადგას და თავისი რბილი, ცხელი ხელი ჩემს თმებზე აქვს მოთავსებული. მეღიმება. უამრავ განთიადს შევხვედრივართ ერთად, მაგრამ ეს ჩვენი პირველი ერთობლივი დილაა... პირველი დილა, როდესაც ვგრძნობ, რომ ერთმანეთს ვეკუთვნით და ალბათ, ყოველი აისი, რომლის დროსაც ის არ მეყოლება გვერდით, იქნება მჩხვლეტავი და უსიცოცხლო, რადგან თუ ერთხელ მაინც გაიგე, რა არის სრულყოფილება, მაშინ იმ ნაკლებობას, იმ სიცარიელეს, რომელიც ადრე არ გაწუხებდა, ვეღარ აიტან.
- გუშინ არ მითქვამს, მაგრამ მთელი ეს დღეები სახლიდან არ გავსულვარ... - გამჭოლ მზერას არ მაშორებს მამაკაცი. - დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვიდოდი, თან მეშინოდა...
- გეშინოდა? რის? - ეს სიტყვა არასდროს გამიგია მისგან აქამდე, ამიტომ მიკვირს.
- ხომ იცი, რისიც. ასე გინდა, რომ პასუხი მე გაგცე? - ჩემ წვალებას მაინც ვერ ელევა გიორგი.
- მიპასუხე, გიორგი! რისი გეშინოდა? - ყელიდან რაღაც უცნაური, არაამქვეყნიური ხმა ამომდის.
- იმის, რისი მოსმენაც ასე ძალიან გსურს! - მიღიმის ის და თავს გულზე მადებს.
ვიშმუშნები. ასე უჩვეულოდ არასდროს ვყოფილვართ. უხერხულად ვგრძნობ თავს. საფეთქლები გამეტებით მიფეთქავს. ღმერთო, მე მიყვარს ეს კაცი! მიყვარს და ვერასდროს ვიტყვი ამ გრძნობაზე უარს. ვერასდროს. ვერაფრის ფასად.
- რატომ არ მითხარი... რატომ არ მითხარი, რომ იმ დღეს სასტუმროში მიხვედი, სანამ ჩემთან წამოხვიდოდი? - ვეკითხები ისე, რომ არც კი ვინძრევი. - შენ და დედაჩემმა მოილაპარაკეთ? დედამ გთხოვა?
- არა, დედაშენს არაფერი უთხოვია. - მოკლედ მპასუხობს გიორგი.
- ნუ იცავ! ვიცი, ის გეტყოდა!
- არა, ელენიკა. დედაშენს ტყუილად აბრალებ. ის ჩვენი ურთიერთობის მომხრე არასდროს ყოფილა, მაგრამ შენ არ აპირებდი უკან დახევას. ვხედავდი, როგორი ნაწყენი, იმედგაცრუებული იყავი და ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო... რომ საუკეთესო დრო იყო შენი გათავისუფლებისთვის. ვცდილობდი, მაქსიმალურად ცივი ვყოფილიყავი შენ მიმართ. იქნებ დაფიქრებულიყავი, შენს გონებაში რაღაცები აგეწონ-დაგეწონა და ჩამოყალიბებულიყავი. არ მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით და რამდენიმე დღის თუ წლის შემდეგ მიმხვდარიყავი, რომ იჩქარე. გენანა დაკარგული დრო, გეყვირა, ჩემთვის რამე გესროლა, გესაყვედურებინა, რომ ცხოვრება დაგინგრიე და ეს ყოველივეც ასე დამთავრებულიყო. კარგი მომენტი იყო ფიქრისთვის და სწორი საქციელისთვის, ელენიკა.-მიხსნის ის.
- და მერე? ახლა მაინც ხომ ხვდები, რომ ჩემთვის სწორი შენთან ყოფნაა? - ცრემლები მერევა.
- მეც ეს მინდოდა, ელენიკა! შენ რა გგონია, ადვილი იყო ჩემთვის? ადვილი იყო, ვმჯდარიყავი სახლში, მეფიქრა მხოლოდ ერთ ადამიანზე და იმაზე, რომ მას შეიძლებოდა დავევიწყებინე? უბრალოდ არ მინდოდა, რამეზე უარი გეთქვა... თუ ჩვენი ურთიერთობის გამო მსხვერპლზე წახვიდოდი, ერთ დღეს აუცილებლად შენივე ნებით გადაუსმევდი ხაზს მას! უნდა გაგეთავისებინა საკუთარი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ გაგეაზრებინა, თუ რას ნიშნავდა ჩემ გვერდით ყოფნა! რა ჯვრის ზიდვა მოგიწევდა... რამდენი რამის გაძლება მოგიწევდა...
გიორგი თავს სწევს და მეც წამოჯდომას ვახერხებ. თვალებში ცრემლები მიბრწყინავს. ამ წუთებში მგონია, რომ ყოველ ნაბიჯზე მე კი არა, ის მიდიოდა მსხვერპლზე... რომ ამდენი ხანი მხოლოდ იმიტომ გავძელი მის გვერდით, თვითონ რომ მიფარავდა პელოსგან და თავისი წარსულისგან...
- დავრწმუნდი, გიორგი. მივხვდი, რომ აქ არჩევანი არ არსებობს. შენთან ერთად ან შენთან ერთად. სხვანაირად ვერა. სხვანაირად ვერ გამოვა. - ვუცხადებ და კისერზე გაუბედავად ვხვევ ხელებს.
მთელ დღეს გიორგის სახლში ვატარებ. რა უცნაურია. გუშინ თავი ყველაზე უბედური არსება მეგონა, ამ წუთებში კი საპირისპიროს დამტკიცება შემიძლია. ჩემი ცხოვრება ჩამოუყალიბებელ, ქაოსურ მარტს დაემსგავსა გიორგის გამოჩენის შემდეგ. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად და სულ, სულ ყველაზე საშინელება რომ მომივიდეს, მაინც არ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. გიორგი უნდა შევირგო და წუწუნითაც მხოლოდ მას უნდა ვეწუწუნო. დარწმუნებული ვარ, ის ისე დამამშვიდებს, რომ ბუზღუნის სურვილი არასდროს გამიქრება. გაბრაზების შემდეგ ხომ ჩახუტება განსაკუთრებით ტკბილი და სურნელოვანია.
დივანზე კატასავით ვარ წამოწოლილი. თვალები მეხუჭება, მაგრამ მაინც ვერ ველევი გიორგის სიახლოვეს და ამ საოცარ შეგრძნებას. მისი ხელი მაგრად მაქვს ჩაბღუჯული, რომ თუ ჩამეძინება, ვერ გამომაცალოს.
- გიორგი, გინდა დავიფიცო, რომ მიყვარხარ? - ვეკითხები მოულოდნელად.
- ელენიკა, შენ რა... შენ რა, გააფრინე? ფიცი რაში მჭირდება? - ჩემი კითხვა ამხიარულებს მამაკაცს.
- შენ ქარაფშუტა გგონივარ, ვიცი. ხო, ვარ კიდეც, მაგრამ არც იმდენად, რომ არ მიყვარდე. - ვჩურჩულებ და მის მუხლებზე ზურგით ვწვები. - დედას გეფიცები, გიორგი, მიყვარხარ!
- სიყვარული აუცილებელია იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ?
- აუცილებელი? რა სულელური სიტყვაა, გიორგი! ეს კანონები... წესები... წესის მიხედვით არავინ ვიყვარებთ! არავინ ვიყვარებთ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია! -ვეწინააღმდეგები.
- აღარ გეტყვი, რომ არ უნდა შეგყვარებოდი, ელენიკა! ეშმაკს წაუღია წესებიც და კანონებიც! მინდა, რომ გიყვარდე! მინდა, გესმის? - ხმას უწევს ის, მუხლებს ზევით სწევს და მეც მაშინვე ვაკრობ ბეჭებზე ხელებს.
- ზედმეტად რომანტიკული სიტუაციაა! - ვბუტბუტებ მასზე მიხუტებული. - უჩვეულო! კომპლექსებისგან და დაძაბულობისგან გათავისუფლება მესაჭიროება!
გიორგი გვერდით მწევს, ფეხზე დგება და კარადას უახლოვდება.
- ამისთვის არსებობს ერთი საშუალება! - ღვინის ბოთლზე მიმითითებს მამაკაცი და კარადის კარებს აღებს.
- ღვინო? კარგი, რა-ა! მერე მაკოცებ და იტყვი, რომ სიმთვრალის ბრალი იყო? -ვკეკლუცდები.
- არა, მერე გაკოცებ და არაფერსაც არ ვიტყვი! ისედაც გეცოდინება, რომ შენ შემაცდინე! -ცალ წარბს ზემოთ ქაჩავს გიორგი.
- მე? საზიზღარი კაცი ხარ! გუშინ ლამის იმ კედელზე მიმეფშვნა ძვლები! - ვბურტყუნებ მოჩვენებითად გაბრაზებული და ტანის მაცდუნებელი მიხვრა-მოხვრით მივდივარ კარადასთან. -ი ყოს ღვინო! მერე თუ გინდა საწოლის შუაში ხმალი დავდოთ და ვნახავთ, რა ბიჭიც ხარ!
გიორგის ეცინება. კარადაში ხელს ვყოფ და ღვინის ბოთლს ვიღებ. ძირს რაღაც ედება და იატაკზე ვარდება. დაბლა ვიხრები და გაკვირვებული ვაჩვენებ გვერდით დაგდებულ მედალიონს.
- ნუ გეშინია! საფრთხე აღარ ემუქრება, ამიტომ... - აუღელვებლად მპასუხობს, თუმცა სახე ეღუშება.
- არა, გიორგი, მაგაზე არ გეუბნები! - ვაწყვეტინებ და გვერდით ვტრიალდები, ჩრდილი რომ აღარ მარტყამდეს.
მედალიონი გახსნილია და იქიდან რაღაც თეთრი მოჩანს.
წინა ეპიზოდების წასაკითხად გადადით ავტორის გვერდზე