ეგვიპტელმა ფარაონმა წინააზიური სახელმწიფოებისთვის ნაბუქოდონოსორთან საბრძოლველად დაძრა თავისი არმია, თუმცა ნაბუქოდონოსორს ინფორმატორებმა ეგვიპტიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მალევე აცნობეს და მან დაიწყო ჯარის მზადება, საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტელებთან დასაპირისპირებლად.
ფარაონმა გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარი უკან დააბრუნა… - მიხვეულ-მოხვეულ, ტალახიან ვიწრო გზაზე წინ კესო მიგვიძღოდა, მე ზაზას მივყვებოდი ფეხდაფეხ, ჩემ უკან კესოს წითელთმიანი მეგობარი გოგო ნანა, მისი ძმა კონსტანტინე და მადონა მოდიოდნენ. - 586 წელს, შუაღამით ბაბილონელებმა ლოდსატყორცნიდან ვეება ლოდი გაისროლეს იერუსალიმის კედლის მიმართულებით. მოულოდნელობის ეფექტის დამსახურებით, ბაბილონმა მარტივად შეძლო იერუსალიმის დაპყრობა. - კესო აღმართს არ ეპუებოდა, თხრობას უკვე ქოშინით განაგრძობდა. - “...და გამოჳდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა…“
- მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ ეს ტერიტორია. - ხმადაბლა განმიმარტა ნანამ.
- II მსოფლიო ომის პერიოდში ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა. -
გაოცებული ვუსმენდი კესოს. ჩერნობილის ისტორიებიდან მას უკვე ვიცნობდი, თუმცა ნაკლებად თავდაჯერებული, უფრო მაღალი და რატომღაც, დიდცხვირა წარმომედგინა.
გრძელი, უკან გადავარცხნილი და მაღლა აწეული თმის კუდი ვიწრო, გამოყვანილ წელამდე სწვდებოდა.
მკაცრი გამომეტყველება და სიარულის დროს შესამჩნევად მოთამაშე სავსე მკერდი ნებისმიერი მამაკაცის ყურადღებას მიიქცევდა, სპორტული, შეუხამებელი ჩაცმულობის მიუხედავად.
- ეს დანამდვილებით არავინ იცის… - შეედავა ზაზა.
- ვფიქრობ, ჟამიტას ცოტა დასვენება არ აწყენდა. - უკნიდან კვლავ ნანას ხმა მომესმა.
- დაიღალე? - შემობრუნდა კესო.
- არა, კარგად ვარ… - აღმართზე სიარული არც ისე მარტივი იყო, თუმცა თავგადასავლების წყურვილით თავბრუდახვეულს, დაღლილობა არც კი მახსოვდა.
ნანა კესოს ამოუდგა გვერდით.
- ჩვენთვის ეს ყველაფერი რუტინაა, რთულად ვიღლებით. ამიტომ, თავად უნდა გვითხრა, როცა დასვენება დაგჭირდება…- მირჩია ზაზამ.
ყოველ ჯერზე, როცა კონსტანტინეს შევხედავდი, რატომღაც უხერხულობის გრძნობა მეუფლებოდა. მაღალი, ძვალმსხვილი ტიპი იყო. შუაზე გაყოფილ ნიკაპს ქერა წვერი, ზედა ტუჩს კი შედარებით მუქი და ხშირი ულვაში უფარავდა. წვრილი, მოგრძო თვალის ჭრილი, პირამიდის ფორმის, თუმცა ღია ფერის წარბები და შორსმჭვრეტავი, ცოტათი ირონიული და ამავდროულად, თავხედური გამომეტყველება ინტერესს აღძრავდა ჩემში. ჩაცმულობით კომპლექსიან, მსუქან თინეიჯერს ჰგავდა. ყველაფერი სრული, გრძელი და უფორმო ეცვა. მისი ურჩი, არეული მუქი წაბლისფერი თმა კი ზღარბს მაგონებდა.
ნანას მარჯვენა მაჯაზე ტატუ პირველად მაშინ შევამჩნიე, როცა კესომ მის სიგარეტს მოუკიდა - ეს იყო ორი, დაახლოებით 30 გრადუსამდე გაშლილი მაკრატელი, ერთმანეთში გადახლართული ლითონის ბასრი კიდეებით.
- მოწევ? - მოულოდნელად მადონა გადამეღობა. მისი სახე იმდენად ახლოს იყო ჩემთან, ლამის ცხვირის წვერით შევეხე. დაჟინებული, მკაცრი მზერა და მბრძანებლური გამომეტყველება ჰქონდა.
- არა, მადლობა. - ადგილიდან არ დაძრულა, სახე ნახევრად შეაბრუნა და პირში სიგარეტი გაიჩარა. თმა გადაპარსული ჰქონდა, ცხვირზე პატარა კეხი უჩვეულოდ ლამაზ თვალებთან სულაც არ ჩანდა ულამაზო. კისერზე, ყურთან ახლოს მორიელი ამოესვირინგებინა.
- არ ეწევი? - სახეში მომაბოლა.
- ვეწევი. - მოკლედ მოვუჭერი. დანარჩენებს გავხედე, ნელი ნაბიჯით სვლას განაგრძობდნენ და საიდუმლო იარაღზე კამათობდნენ. მათ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. არ მინდოდა ჩამოვრჩენილიყავი. ვცადე, მადონასთვის გვერდი ამეარა და დანარჩენებს გავყოლოდი, თუმცა ის კვლავ წინ გადამიდგა სახით ჩემკენ და უკუსვლა დაიწყო.
- ლამაზი თმა გაქ. - ეს კომპლიმენტი იყო, თუმცა მისმა ინტონაციამ უკმაყოფილო ვაჭარი მომაგონა, რომელიც მყიდველს იაფად მიყიდულ პროდუქტს აყვედრის.
- მადლობა. - ყალბად გავუღიმე.
- გეშინია? - მკითხა ორაზროვნად.
- ექსტრემის აზრი სწორედ შიშში და შიშის დაძლევაშია…
- და შენ მოგწონს ექსტრემი?
- რომ არ მომწონდეს, აქ არ ვიქნებოდი.
გაიცინა და ცაში აიხედა, თითქოს იქიდან ვინმე დაუმოწმებდა, რომ ჩემი სიტყვები მართლაც სასაცილოდ ჟღერდა.
- გგონია, ახლა ექსტრემალურ სიტუაციაში ხარ?
- ექსტრემალური სიტუაციების კონკრეტული ნუსხა არ არსებობს, ეს მეტად სუბიექტური ცნებაა. თუ ვთვლი, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ვარ, ესე იგი - ვარ და - პირიქით.
- არ ფიქრობ, რომ შენნაირი ნაზი, ქალური და ფაქიზი არსებებისთვის შეუფერებელ გარემოცვაში ხარ?
- ვფიქრობ, რომ იშვიათად ვარ გარემოში, სადაც ნაზი, ქალური და ფაქიზი ვჩანვარ. ეს სასიამოვნოა…
მხარზე ვიღაცის ხელი შემეხო. კონსტანტინე ნეკა თითზე ვერცხლისფერი ბეჭდით ვიცანი - მადონა გზიდან ჩამომაშორა და გვერდით დაიყენა ისე, რომ სამივე ერთ ხაზზე აღმოვჩნდით. სახეზე შევხედე. წინ იყურებოდა, სადღაც შორს, მაგრამ როგორღაც, თითქოს ხედავდა ჩემს დაბნეულ გამომეტყველებასაც.
- გზას თავადაც გავიკვლევთ. - უთხრა მადონამ, სიგარეტი გადააგდო და მხარი წრიულად აამოძრავა, რომ კონსტანტინეს ხელი გაეშვა, თუმცა, ამაოდ.
ჩვენი თანამგზავრები საკმაოდ შორს წასულან.
კვლავ კონსტანტინეს შევხედე. თვალი ჩამიკრა. ეს მოულოდნელი იყო, მადონას თავდასხმაზე უფრო მოულოდნელიც კი.
- დებატებში ისე გავერთეთ, ვერ შევნიშნეთ, როგორ ჩამოგვრჩით. - მომიბოდიშა კესომ. კონსტანინემ ხელი გაგვიშვა და წინ წავიდა.
- ჩვენც გაგვეფანტა ყურადღება…
- ჩვენც?! - შემაწყვეტინა მადონამ, ცალი წარბი აზიდა და ამჯერად ზაზას შეუბღვირა.
ზაზამ ეჭვით შეგვათვალიერა, მერე კონსტანტინეს შეხედა და როცა მისგან თავის თითქმის შეუმჩნეველი ვერტიკალური მოძრაობით თანხმობის ნიშანი მიიღო, ამოისუნთქა და კესოს გადახედა. ამ უსიტყვო მეგობრულ დიალოგში თავი ზედმეტად ვიგრძენი და ხასიათი გამიფუჭდა. მადონას აშკარად ჰქონდა აგრესიის მიზეზი და ამაზე ყველამ იცოდა, ჩემ გარდა.
- თითქმის მოვედით - კესომ ხელი მკლავში გამიყარა და წინ წამიყვანა. - ვიცი, დაიღალე, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვივლით, უფრო მალე დაიკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას და დაღლილობაც დაგავიწყდება. - უკან მოვიხედე. კონსტანტინე და ნანა მოგვყვებოდნენ, შეთანხმებულებივით ისე მოძრაობდნენ, ზაზას ვერ ვხედავდი, თუმცა აშკარა იყო, მადონასთან განმარტოებას ცდილობდა. - ხედავ ამ შენობას? - ჩემ თვალწინ ორსართულიანი შენობის უსიცოცხლო ნარჩენები აღიმართა. თითქოს ბუნება ბეტონის მოჩვენების შთანთქმას ცდილობდა - აგურის კედლები მღიერებსა და ხავსში ჩაკარგულიყო, ჩამტვრეული ფანჯრებიდან ხის ტოტები შეჭრილიყვნენ, ფილებს შორის ამოზრდილი მცენარეები გარემოს კიდევ უფრო უკაცრიელს აჩენდა.
- ამ კომპლექსში იყო განთავსებული ტუბსაავადმყოფო. უამრავი თქმულება არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ტუბდისპანსერში უშიშროების ყოფილი თანამშრომლები და ის ადამიანები მოჰყავდათ, რომელთა თავიდან მოშორება სურდათ და მოსაჩვენებლად „მკურნალობდნენ“. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 80-იანი წლების ბოლოს.
- შევიდეთ? - როგორც იქნა, ზაზა დაბრუნდა და ხელი ჩამჭიდა.
- ფრთხილად იყავი, ნებისმიერ წამს შეიძლება გამოგეცალოს ფეხქვეშ მიწა, იატაკი ნახევრად ჩაშლილია. - გამაფრთხილა ნანამ და გზა დაგვითმო.
განგაში დაიწყო. შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ იქაურობა დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა. სიძველისა და ნესტის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. სამარისებური სიჩუმე გამეფდა, თითქოს ჩიტებმაც შეწყვიტეს ჭიკჭიკი და ფოთლებმა - შრიალი.
შეღებულ, მორყეულ კარს თეთრი და ცისფერი საღებავების კვალი მკრთალად ეტყობოდა.
- უკან მომყევი, ყურადღება მოიკრიბე და ხელი არაფერს ახლო. - გამაფრთხილა და შემიძღვა.
კიბის საფეხურები მთლიანად ჩამომტვრეული იყო, კედლები - დამსკდარი, იატაკი ზოგან მთლიანად ჩაშლილიყო. აგურების ნამტვრევებს შორის მივაბიჯებდი და გული გამალებით მიცემდა.
თვალწინ გადაშლილ სურათებს წარსულის კადრები ენაცვლებოდა. უნებურად წარმოვიდგენდი გამთელებულ საღებავებს, იატაკზე მიმოყრილ ავეჯის ნაწილებს თავდაპირველ მდგომარეობაში, იქ მომუშავე პერსონალს… თითქოს ტრამვაიში ვიჯექი, რომლის ფანჯრებში მქროლავი კადრებიც სხვადასხვა წელსა და ეპოქას ასახავდნენ. დროში ვმოგზაურობდი, წარსულში დავეხეტებოდი…
- ყურადღება არ მიაქციო… - დაიჩურჩულა ზაზამ.
- რაა? - ფიქრებიდან ვერ გამოვერკვიე.
ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. იატაკზე დახვავებული ჭურჭლის ნამსხვრევებითა და კედელზე ცისფერი ფილების კვალით მივხვდი, რომ ეს სასადილო უნდა ყოფილიყო.
- მადონა… - თავით მიმანიშნა. - ცუდი ტიპი არაა, უბრალოდ ეჭვიანობს… რაც უნდა თქვას, ყურადღებას ნუ მიაქცევ. - მოასწრო სწრაფად ეთქვა, სანამ დანარჩენებიც შემოვიდოდნენ.
- იცოდით, რომ ტუბის ჩხირი მზისგან დაცულ ადგილზე წლების მანძილზე ცოცხლობს და ტუბერკულოზით დაინფიცირების საშიშროებას ქმნის? - გაისმა მადონას ცივი ხმა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.
-ჟამიტა, აქეთ მოდი - დამიძახა კესომ სხვა ოთახიდან. ხმას მივყევი. კესომდე მისასვლელ გზაზე რამდენიმე წყვილი ჩუსტი შემხვდა, რომლებიც ალბათ მომუშავე პერსონალსა და პაციენტებს ეკუთვნოდა.
- ნახე, აქ უამრავი შპრიცი და ჩანაწერია. - ირგვლივ მიმოვიხედე. იქაურობა პოსტაპოკალიფსურ ზონას ჰგავდა. ქაღალდის ნაგლეჯს დავხედე. ცისფერი მელნით თარიღები, რუსული და ქართული ასოებით გვარები და შენიშვნები იყო ჩაწერილი.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს აქაურობა დაარბიეს და სწრაფად მიატოვეს…
ოთახში მარტონი ვიყავით. გარეთ ბინდდებოდა.
- მადონას არ მოვწონვარ. - ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი. თვალებში შემომხედა.
- ასე თქვა?
- არა, ეს არ უთქვამს, მაგრამ აშკარაა…
- დღეს გაგიცანი, მომწონხარ, თუმცა ეს ბევრს არ ნიშნავს. ამ ადამიანებთან ერთად ვატარებ მთელ დროს, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან… - ჩათვალა, მისგან მადონას გაკიცხვას ველოდი და მეგობრის დაცვა დაიწყო.
- ეს არაფერ შუაშია… არაფერი მაქვს რომელიმე თქვენგანის საწინააღმდეგო, თუმცა არის რაღაც, რაც ყველამ იცით, ჩემ გარდა… მაინტერესებს, ჩემზე რატომ ეჭვიანობს?
- რატომ თავად არ ჰკითხე?
- არ ვიცი… ალბათ, იმიტომ, რომ მისგან პასუხს მაინც ვერ მივიღებდი, აგრესიულია, დამცინის.
უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და მომიახლოვდა.
- ზაზა თავის გოგონებს არასდროს გვაცნობს… - მოჭუტული თვალები ჩამონგრეულ ჭერს მიაპყრო - იყო ერთი-ორი შემთხვევა, თუმცა ეს ხდებოდა რომელიმე ბარში, კაფეში ან ღამის კლუბში.
- საიდან მოიტანეთ, რომ “თავისი გოგო” ვარ?!
კიდევ უფრო ახლოს მოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა და ბოლოს მზერა კვლავ ჩემზე შეაჩერა.
- ეს ჩვენი გარემოა, ჩვენი სივრცეა. ხვდები, რას ვგულისხმობ?
- ვერ ვხვდები… მე უბრალოდ ყოველთვის მიზიდავდა მისტიკა, იდუმალება, მიტოვებული ადგილები და კიდევ უფრო განსაკუთრებული ლტოლვა მაქვს მიწისქვეშეთისადმი, სულ ესაა. ამიტომ წამომიყვანა აქ და არა რომელიმე ლაუნჯში… ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მოგწონვართ თუ არა, ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი ხართ შენც, ნანაც, ალბათ კონსტანტინეც, მაგრამ მადონა არა… რატომ ვაღიზიანებ მაინცდამაინც მას?
- იმიტომ, რომ ზაზა უყვარს…
მომიგო სწრაფად, ზურგი მაქცია და კარისკენ გაემართა.
- წამოდი, ღამდება… მთავარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
შენობის სიახლოვეს, გვერდითა ეზოში პატარა ზომის ორმოს ადრე, სავარაუდოდ, სახურავი ჰქონდა. საფარი, რითიც ოდესღაც თხრილი გადაეფარათ სიძველისგან ჩამპალი და ჩაშლილი იყო. თავზე ფანრები მივიმაგრეთ. პირველი ნანა ჩაძვრა, შემდეგ კესო.
- მზად ხარ? - ზაზამ ხელი გამომიწოდა. ყოველი ძარღვით შევიგრძენი, სისხლი როგორ მიჩქეფდა სხეულში. სახე ამელეწა, სმენა დამებინდა. ხელი უსიტყვოდ ჩავჭიდე, ორმოს მივუახლოვდი, ფრთხილად დავჯექი და კიბეს ჯერ ფეხი მივაწვდინე, მერე ხელები ჩავჭიდე და ნელა დავეშვი. სხვა სამყაროში გადავდიოდი, ქვემოდან წყვდიადი მეგებებოდა. გოგონების კისკისი მომესმა. მივხვდი, ფსკერთან ახლოს ვიყავი. ცოტაც და… ჩამოვხტი.
ფანრის სუსტ შუქზე თვალი მოვკარი, კესო და ნანა როგორ კოცნიდნენ. ჩემ დანახვას ისინი არ დაუფრთხია, კოცნა შეწყვიტეს, მაგრამ ერთმანეთზე გადახვეულებმა ჯერ თვალი თვალში გამიყარეს, მერე კი გამიცინეს.
- ყოჩაღ, მამაცი გოგო ყოფილხარ. - თვალი ჩამიკრა ნანამ.
ძალიან სივიწროვე იყო. როგორც კი ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი, გაჭირვებით მწკრივად გავუყევით გვირაბს და აგურით ნაშენ, გამომტვრეულ კედელთან აღმოვჩნდით. კედლის მიღმა პატარა ოთახი იყო, რომელშიც ძველი, უცნაური დანადგარის ნაწილებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მოწყობილობის ამწეს მსგავსი ნაწილი ოთახის ცენტრს დაჰყურებდა, ჟანგიან მეტალის კონსტრუქციას მრგვალი დისკები ეყენა, რომელიც სავარაუდოდ რაღაცას ატრიალებდა.
- ეს რა არის? - წრიული ფორმის მეტალის დისკს დავჩერებოდი.
- არ ვიცი… - მხრები აიჩეჩა ნანამ.
- იქნებ ბრუნავს? - იკითხა მადონამ.
- ან შეიძლება კიდევ ერთი ლუქია, რომელიც ამ მექანიზმით იხდებოდა თავის დროზე… - როგორც იქნა, კონსტანტინეს ბოხი ხმა გავიგე. ჯიბიდან ხელთათმანები ამოიღო, მოირგო და დისკის ბოლოებიდან ნელი მოძრაობით მტვერი მიმოფანტა.
- მართალია! - ზაზა მასთან მივიდა და ლუქს ერთად მოეჭიდნენ. - ხელით ვერ ავწევთ, ძალიან მძიმეა.
- დარწმუნებული ხართ, რომ ეს უსაფრთხოა? - საკუთარი ხმა შორიდან ჩამესმა. მადონამ აგური მოიმარჯვა და ლუქს ზემოდან დასცა. დისკი ჩატყდა, ქვის ფსკერზე დანარცხების ხმა შორიდან გავიგეთ.
- საკმაოდ ღრმაა… - ნანას თვალებში შიშმა გაუელვა.
აგურები კესომ და კონსტანტინემაც მოიმარჯვეს და ლუქი ბოლომდე ჩაშალეს. ისეთივე კიბე გამოჩნდა, როგორითაც იქამდე მივედით. ორმოში ჩავიხედე, არაფერი ჩანდა.
- რა უცნაური ხმაა… - ჩაილაპარაკა კესომ. მივაყურადე, თუმცა ვერაფერი გავიგე.
- ვირთხები წრუწუნებენ. - უპასუხა მადონამ. წინ გადავიხარე, დაძაბული ორმოს კიდევ უფრო მივუახლოვდი. შორიდან რაღაცამ დაისტვინა თუ დაიკივლა… კარგად ვერ გავარჩიე. ეს არ იყო ვირთხის წრუწუნი, ყვავის ჩხავილს უფრო მივამსგავსე, მაგრამ არც ყვავი იყო, უფრო წმინდა და წვრილი ხმა ჰქონდა. მადონა კიბეს ჩაეჭიდა და წამონთებული თვალებით დაეშვა დაბლა.
- სად მიდის?! - გაცოფებულმა კესომ მუჭები შეკრა და წინ და უკან სიარული დაიწყო.
- იქ არასდროს ვყოფილვართ, ასეთი უცნაური ხმაც პირველად მესმის, ეს სარისკოა… - სიტუაცია ნელ-ნელა უფრო და უფრო იძაბებოდა.
- მადონა! - ჩასძახა ზაზამ. პასუხი არ იყო.
- აქ იყავი, ქვემოთ არ ჩამოხვიდე, თუ მე არ მოგცემ ამის უფლებას! - სიტყვები სხაპასხუპით მომაყარა, ზურგჩანთა გახსნა, დოზიმეტრი და დამცავი თოკი ამოიღო, რადიაციის საზომი ხელსაწყო მოიმარჯვა და დააჩერდა. ვერ დავინახე, რა დაეწერა, მალევე მიიმაგრა ქამარზე. გადახვეული თოკი სწრაფი მოძრაობით გახსნა, ერთი ბოლო წელზე მოიჭირა. დანარჩენები უსიტყვოდ ამოუდგნენ უკან, რამდენიმე ნაბიჯით მოშორებულები თოკის მეორე ბოლოს მოეჭიდნენ. კიბეს ჩაავლო ხელები და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
ადგილზე გავიყინე, თვალები დამებინდა. ვხვდებოდი, რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მიჭირდა ბგერების აღქმა, სიტყვების დაკავშირება და შინაარსის გაგება.
- იუ-ჰუ! - გაისმა მადონას ხმა, ხმამაღალი სიცილი და დანარჩენების განრისხებული შეძახილები, გინება.
- კარგად ვართ, ჩამოდით. - ამოგვძახა ზაზამ.
ეს ორმო ისეთივე ვიწრო და ბნელი იყო, როგორიც პირველი, მაგრამ უფრო გრძელი. კიბიდან ჩამოსვლაში კონსტანტინე დამეხმარა. ჩემ შემდეგ ჩამოვიდნენ კესო და ნანა. მუჭებშეკრული კესო მადონასკენ ყვირილით გაექანა.
- ფეხებზე მკიდია შენი სენტიმენტები და თავზეხელაღებულობა, - ბრაზისგან შუბლი დაძარღვოდა, ნესტოები გაფართოებული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა - სიცოცხლე თუ მოგბეზრდა, წადი! მარტომ…
- ახლა ამის დრო არააა!- შეაწყვეტინა ზაზამ, გზაზე გადაეღობა და მხრებში ჩაავლო ხელები. - აუცილებლად დავილაპარაკებთ, მაგრამ აქ არა! საჭირო ზომებს მივიღებთ, როგორც კი აქედან გავალთ! გასაგებია?
არაფერი უპასუხია, თუმცა როგორღაც თავი ხელში აიყვანა, გარემოს თვალი მოავლო და რადიაციის საზომი დაიჭირა. ნესტიანი სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. უზარმაზარი დარბაზის კედლები წითელი საღებავით იყო შეღებილი. ოთახის ბოლოში ბეტონის იატაკზე ჩამწკრივებულ მინის ჭურჭელში რა იყო მოთავსებული, შორიდან კარგად არ ჩანდა. ნელა მივუახლოვდი, თან ვითვლიდი. ოცამდე ქილა დავთვალე და…
თავზარი დამეცა, გაურკვეველ სითხეში ემბრიონის ზომისა და ფორმის მსგავსი ქმნილება დავინახე.
- ეს ხომ ბავშვია?! - აღმომხდა განცვიფრებულს. ყველა ახლოს მოვიდა. ზაზამ ფოტოაპარატი გააჩხაკუნა და სხეულს ჩაფიქრებული დააკვირდა.
- იყო… - მიპასუხა მადონამ სევდიანი გამომეტყველებით.
გახრწნილი ცხოველის სუნი იდგა. ყველა ქილასთან მივდიოდი რიგრიგობით და შეშფოთებული ვუყურებდი უსიცოცხლო სხეულებს. ჩვილის ზომის, თუმცა ავადმყოფურად სუსტი ცხედრები საზარელი სანახავი იყო. დარბაზს ერთი კარი ჰქონდა. კესომ ფრთხილად შეაღო და ყველანი მივყევით. ზუსტად ისეთივე ოთახში მოვხვდით, ერთადერთი განსხვავებით - მომდევნო კარისგან ჩარჩოღა იყო შემორჩენილი.
- ისევ ბავშვები?! - იკითხა ნანამ და ქილასთან მდგომი კესოსკენ გაეშურა.
- არა, ეს რაღაც სხვაა…
ახლოს მივედი. სითხით სავსე ქილაში მოთავსებული არსება თავდაპირველად ბალანგაცლილ ძაღლს მივამსგავსე. კარგად რომ დავუკვირდი, ღამურის მსგავსი ფრთები, ლაყუჩები და დიდი ყურები აღვიქვი, თავს ტანი კისრის გარეშე, ხერხემლით ებმოდა.
- რა ჯანდაბაა?! - ზიზღისგან სახე დამანჭვოდა მადონას.
- ჩუპაკაბრა… - ჩაილაპარაკა კონსტანტინემ.
საზარელი ხმა კვლავ გავიგონე, მაგრამ ბევრად უფრო ახლოდან და ამჯერად, აშკარად…
ირგვლივ მიმოვიხედე. დანარჩენების გამომეტყველებით დავრწმუნდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ესმოდა. უცებ მადონამ ხელი ჩამონგრეული კარისკენ გაიშვირა და განწირული ხმით დაიკივლა. თვალი გავაყოლე მის თითს და ვერაფერი დავინახე. როცა მზერა კვლავ თანამეგზურებზე გადავიტანე, ისევ ის მისტიკური ხმა გავიგე…
მერე ქაოსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ყველა გარბოდა, პანიკამ შეგვიპყრო, სიბნელეში რამდენიმე კადრი შეენაცვლა ერთმანეთს, ზაზამ ხელი ჩამავლო და კარისკენ წამათრია. ბოლოჯერ გავაპარე თვალი უკან და მომეჩვენა, თითქოს ჩამონგრეულ კარს მიღმა ისეთივე ქმნილებამ ჩაირბინა, როგორებსაც რამდენიმე წამით ადრე ვათვალიერებდით…
გაგრძელება იქნება