რაც უფრო დიდ ბედნიერებას განიჭებს აწმყო, მით უფრო მძიმე განსაცდელით დატვირთული ხურჯინით მოემართება მომავალი. ფედერიკო გარსია ლორკას აეროპორტიდან ალბაისინისკენ მიმავალ ავტობუსში ვიჯექი, ხედების თვალიერების ნაცვლად, ჩემს თანამგზავრებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ვინ იყვნენ ისინი და რა ელოდათ ჩემთან გადაკვეთის შემდეგ? იქნებ, კონკურენტები, რომლებთან ბრძოლაშიც უნდა დამემტკიცებინა, რომ ღირდა ჩემი არსებობა? ან პოტენციური მეგობრები, ვისთვისაც სინამდვილეში მონსტრი ვიყავი, უბედურების მომტანი, გარშემო ყველაფრის გამანადგურებელი ურჩხული?! ვინ იცის, იქნებ ომმა, ობლობამ, სიდუხჭირემ, მარტოობამ და საერთოდ ყველაფერმა, რაც დღემდე იყო, სასწორის მხოლოდ ერთი პინა დატვირთა, მეორე კვლავ ცარიელი მხარის დასაბალანსებლად, რომლისთვისაც სამყაროს აქამდე არნახული ბედნიერება ჰქონდა შემონახული…
- არაბული უბანი, რომელშიც ჩვენ დავბინავდებით, გრანადის ერთ-ერთი ცენტრალური და ტურისტული მოედნიდან, პლასა ნუევადან ჩრდილოეთით მდებარეობს, გაქრისტიანების შემდეგ ამ ნაწილში დასახლდა ებრაელების ნაწილი. - ამენადიელი ისევ ჩემ გვერდით იჯდა.
- მალე მივალთ? - შემობრუნდა გვანცა.
- კი, თითქმის მოვედით.
წნევის ცვალებადობამ სმენა დამიბინდა. ამენადიელისკენ გაუბედავად ვაპარებდი თვალს. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ამ ერთი შეხედვით სოლიდური, გაწონასწორებული, სტაბილური პიროვნების უკან ბურუსით მოცული სიღრმეები იმალებოდა.
- ამბობენ, ალბაისინში მცხოვრებ ბოშებს, ფლამენგოს გარდა, მომავლის კითხვაც კარგად ეხერხებათო… - გვანცა ეშმაკურად იღიმოდა, თვალები დესერტის კუთვნილი ულუფის მოლოდინში მცქმუტავი ბავშვივით წამონთებოდა. - მართალია?
- კი, ალბაისინის ბოშები სახელგანთქმული შარლატანები არიან. - გაეცინა ამენადიელს.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, შენობით რომ მოგმართოთ?
- ცხადია, არა. თქვენზე არც ამდენად უფროსი ვარ.
- როგორ ფიქრობ, ადამიანებს არ შეუძლიათ ხილვადი რეალობის მიღმა ნაკლებად ნათელი ჭეშმარიტების დანახვა? თუნდაც, მომავლის განჭვრეტა…
- რა თქმა უნდა, შეუძლიათ. ჩვენ, ყველას შეგვიძლია კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით თუნდაც მომავლის ანალიზი. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ალბაისინისკენ მიმავალ ტრანსპორტში ვსხედვართ, შესაბამისად, ყველამ ვიცით, რა გველოდება, რამდენიმე წუთში თუ ავტოკატასტროფას არ ვემსხვერპლებით. ანუ, აშკარა ფაქტზე დაყრდნობით, წინასწარ ვჭვრეტთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოვლენების განვითარების ორ შესაძლო ვერსიას. აქვე, ავტოსაგზაო შემთხვევებში ავტობუსების ფიგურირების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, შეგვიძლია განვსაზღვროთ ცდომილების ალბათობაც. თუმცა, როცა ტვინი გონების ყველაზე მიუვალ კუნჭულებში დალექილ ინფორმაციას ეყრდნობა ვითარების გასაანალიზებლად, ადამიანს უჭირს ქვეცნობიერი განგაშის მიზეზის ამოხსნა და ყველაფერს ინტუიციას მიაწერს ხოლმე.
- ერთხელ მითხრეს, რომ ინტუიცია გონების პროგნოზია, ფაქტებსა და მოსალოდნელ შედეგებს შორის კავშირის გაუაზრებლად.
- აზრი იგივეა, აქ მხოლოდ სიტყვების ფორმულირებაა განსხვავებული. გამოდის, ორივე ვთანხმდებით ცნობიერების სიდიადეზე, თუმცა ამ გზით მე ინტუიციის არსებობას უარვყოფ, შენ კი ადასტურებ. - თვალები ჭაობივით ჩამთრევი და უძირო ჰქონდა.
ავტობუსის ფანჯრებიდან გამოჩნდა ვიწრო ქუჩის ორივე მხრიდან გადმოკიდებული ნათელი ვინტაჟური სახლები, ბადისებრ დახლართული, რიკულებით შეკრული ლითონის ღერებით დაფარული სარკმელებით. თეთრი ქვაფენილიდან აქა-იქ თავამოყოფილი ლამპიონები სტუმართმოყვარედ გვეგებებოდნენ. წინ მივიწევდით და ქუჩები უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. გარშემო ყველაფერი განსხვავებული იყო ჩემი სამყაროსგან. ვგრძნობდი, თბილისური რუტინა უკან მოვიტოვე და ცხოვრება ზღაპრულად, ახალი ფურცლიდან დაიწყო. აქ, ამ პოსტმოდერნისტულ ლაბირინთებში, ალბათ ძველებურ რეალობას მხოლოდ ბრენდული მეტალის ჯართები, საგზაო ნიშნები და ქუჩის მხატვრების ნაჯღაბნები გამახსენებდა.
ავტობუსი გაჩერდა, ჩვენ წინ აღმართული სამსართულიანი მწვანე მცენარეებით შემოსილი თეთრი შენობა კიბის საფეხურებივით ჩამწკრივებულ დამრეც ქუჩებს ზემოდან გადაჰყურებდა. ოთხივე ჩამოვედით. მძღოლმა რაღაც თქვა ესპანურად, საბარგული გაგვიხსნა, ჩემოდნები მოგვაწოდა და დაგვემშვიდობა.
- Doy la bienvenida a los investigadores georgianos! - გადმოგვძახა აივნიდან ხელებგაშლილმა, საშუალო ტანის ქერათმიანმა ქალმა. ამენადიელმა გაუღიმა, კარი გაგვიღო და შინ შეგვიძღვა. ხის ჩარჩოებით მორთული ცისფერი დერეფანი გადავკვეთეთ და პატარა ედემის ბაღში აღმოვჩნდით: ოთხ კედელზე რიკულებით შემოკავებული ვერანდებიდან გადმოკიდებული ფერად-ფერადი მცენარეები ღია ცის ქვეშ, ოქროსფერი რიკულებიანი სკამებითა და მაგიდებით გარშემორტყმულ მოჩუხჩუხე შადრევანს გადმოჰყურებდა. სამსაფეხურიანი კიბე ეზოს ორ ნაწილად ყოფდა. შემაღლებულ ნაწილში ხეების გადახლართულ ტოტებზე ქოთნებიდან ფერად-ფერადი ყვავილები ეგზოტიკურად გამოიყურებოდა. ხეებს შორის, ოქროსფერი ლითონის წრიული კიბით მესამე სართულის შიდა ვერანდაზე ავედით, იქიდან კი თაფლისფერი ფარდებითა და ზურმუხტისფერი ხავერდის სავარძლებით გაწყობილ ჰოლში ქერათმიანი შემოგვეგება. უკან სუსტი გოგონა მოჰყვებოდა, კუპრივით შავი თვალ-წარბით, გრძელი ნაწნავი წელამდე სწვდებოდა.
- როგორ იმგზავრეთ? - ჩემდა გასაკვირად, ქართულად იკითხა, ამენადიელს გადაეხვია. უცნაური გრძნობა დამეუფლა, ავფორიაქდი.
- ზღაპრულად! უკვე აღვფრთოვანდით იმით, რასაც მგზავრობის დროს მოვკარით თვალი და მოუთმენლად ველით ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. - მიუგო სხაპასხუპით ლაშა-გიორგიმ.
- ძალიან მიხარია… აუცილებლად მოვინახულებთ ქალაქს, გვექნება ექსკურსიები და გამოვნახავთ დროს სასეირნოდაც, თუმცა გახსოვდეთ, აქ სეირნობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული მიზნით ხართ ჩამოსულები… - შთაბეჭდილების მოხდენის კრახით დასრულებულმა მცდელობამ გვანცა გაამხიარულა, რასაც ვერ ვიტყოდი ლაშა-გიორგიზე.
- გაიცანით, ესპანეთის არქეოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე და პროექტის ხელმძღვანელი - სალომე ბაგრატიონი, ჩემი და. - შორიდან, ძალიან შორიდან ჩამესმოდა ცნობიერის ძახილი. სალომემ ნატიფი მტევანი სათითაოდ გამოგვიწოდა და ხელის ჩამორთმევას რომ მორჩა, გამოგვიცხადა:
- სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, მოუთმენლად გელოდით. უცხო ქვეყანაში თანამემამულეები ერთმანეთს მშობლიურ განცდებს აღუძრავენ. თქვენზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებ. - სასიამოვნო ხმის ტემბრი, მოციმციმე ჭრელი თვალები და ნათელი მიმიკური ნაოჭებით ოდნავ დაღარული სახე ჰქონდა. ნუთუ ეს თვალები სადმე აქამდეც მინახავს?! - ადონსია თქვენს ოთახებს გაჩვენებთ. თითქმის ყველა სტუდენტი ჩამოფრინდა. ვახშმისთვის იმედია, სრული შემადგენლობით ვიქნებით. - მერე ადონსიას მიუბრუნდა და ინგლისურად ჰკითხა: - ადონსია, ძვირფასო, ვის ველოდებით?
- ბეგლარ ერგენჩი, ჟანა დურანტი, დეივ ვაითი და ჯეკ სმიტი ჯერ არ ჩამოსულან, სენიორა. დანარჩენები თავიანთ ოთახებში არიან.
- კარგი, მოისვენეთ. იმედია, ერთი საათი გეყოფათ მოსაწესრიგებლად, შემდეგ კი ვახშამზე გელოდებით, შადრევანთან. - "გამახსენდა: ამენადიელთან შეხვედრის დროსაც იგივე გრძნობა მქონდა. მოგვიანებით გავარკვიე კიდეც, რომ მანამდეც შევხვედროდით ერთმანეთს. მაგრამ… “ გაგვიღიმა და სანამ ამენადიელთან ერთად კიბეზე დაეშვებოდა, ადონსიას უთხრა:
- სტუმრები დააბინავე და მზარეულებს გადაეცი, ვახშმის მზადებას შეუდგნენ. - “…ეს ქალი… არ ვიცი, უბრალოდ ვერაფრით ვიხსენებ… შეუძლებელია, სადმე მენახა”.
- გასაგებია, სენიორა. წამომყევით, გთხოვთ.
კორიდორში შევყევით. წინ მიგვიძღოდა და სასაცილო აქცენტით, თუმცა გრამატიკულად გამართული ინგლისურით ლაპარაკობდა:
- თქვენ საძინებელს იაპონელ სტუდენტთან, იამამოტო იუმიკოსთან გაიზიარებთ. ის უკვე ნომერშია. - გვითხრა მე და გვანცას. - თქვენ კი, სენიორ, ამერიკელებთან ერთად განაწილდით, ისინი ჯერ არ ჩამოსულან. თეთრეულს კვირაში ერთხელ ვცვლით, პირსახოცი, ხალათი და სხვა პირადი ჰიგიენის ნივთები შინ დაგხვდებათ. კითხვების შემთხვევაში მე მომმართეთ. - კართან შეჩერდა, ორი გასაღები მოგვცა, თავაზიანად დაგვემშვიდობა და ლაშა-გიორგისთან ერთად წავიდა.
- რა თქვა, ვისთან ერთად იქნებითო? - იკითხა წარბებშეკრულმა გვანცამ და გასაღები გადაატრიალა.
- იაპონელ სტუდენტთან, - ოთახში შევედით - იამომოტო იამიკოსთანო, მგონი.
- იამამოტო იუმიკო! - მოულოდნელად ვიღაცამ მშვიდი, აუღელვებელი ტონით შემისწორა. ირგვლივ მიმოვიხედეთ, თუმცა არავინ ჩანდა. თეთრ კედლებზე რამდენიმე პატარა ზომის ნახატი ეკიდა, ხის, ზუსტად ავეჯის ფერის ჩარჩოებით. ღია ფანჯრიდან შემოსული სიო გრძელ, ქათქათა ფარდებს არხევდა.
- ეს ვინ თქვა? - შეშინებულმა ვკითხე გვანცას. ფარდებიდან ტანმორჩილი აზიელი გოგონა გამოძვრა.
- შეგიძლიათ იუმიკო დამიძახოთ. თქვენ რა გქვიათ?
- გვანცა და ჟანეტა, - უპასუხა გვანცამ, თან ჯერ თავის თავზე ანიშნა, მერე ჩემზე.
- ჟა-მი-ტა. - დავუმარცვლე ორივეს.
- ზა-მი-ტა? სასიამოვნოა. - ჩვენკენ წამონარნარდა და ხელი ჩამოგვართვა. ვარდისფერი, კარგად გამოკვეთილი ტუჩები, თხელი, მოკლე ცხვირი, მაღალი ყვრიმალები და ბუნებრივად ლამაზი წარბები იდუმალ თვალებთან ერთად, მისტიკურ სინაზეს ასხივებდა. მისი ღია კრემისფერი, ფაქიზი ქსოვილისგან შეკერილი კიმონოს მსგავსი ხალათი იატაკს ეხებოდა.
- ჩვენთვისაც სასიამოვნოა. - ვუპასუხე მეგობრულად, ჩემოდანი შემოვაგორე და კარი დავხურე. - ერთ-ერთი, კედელთან მდგარი ლოგინი იუმიკოს უკვე დაესაკუთრებინა, ორადგილიან საწოლზე კი დაკეცილი თეთრი პირსახოცები ეწყო.
- წყალს გადავივლებ, სანამ შენს ნივთებს ამოალაგებ. - დამასწრო გვანცამ, ჩემოდანი საწოლთან დააგდო და აბაზანის კარი შეიკეტა.
იუმიკო ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო და სახე მობილურში ჩარგო. ნივთების ამოლაგება დავიწყე. გვანცამ სააბაზანოში შემასწრო, მე კი გარდერობის უფრო მოსახერხებელი და დიდი ნაწილი მივითვისე.
- თქვენ ხომ საქართველოდან ხართ?
- კი, საქართველოდან ვართ.
- სიმართლე გითხრა, ჯორჯია აქამდე ამერიკის ერთ-ერთი შტატი მეგონა, თუმცა ახლა მსოფლიო ლაპარაკობს თქვენს სამშობლოში გამეფებულ ქაოსზე.
- საქართველოს უდიდესი ისტორია და კულტურა აქვს. ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გარდა, უამრავი მიზეზია, რის გამოც ამ ქვეყანას მსოფლიო უნდა იცნობდეს.
- ეჭვიც არ მეპარება, თუმცა მედიას კულტურული ისტორია ნაკლებად ადარდებს. ისინი სკანდალებზე არიან ორიენტირებულნი.
ტანსაცმლის კეცვა მალევე დავამთავრე. ბევრი არც არაფერი მქონდა. ბოლოს ჩემთვის ყველაზე ღირებული ნივთები - სოლომონის დღიური და ზაზას ჩერნობილის ჩანაწერების ქართული თარგმანი ნაჭრის ჩანთაში გავახვიე და სასთუმალთან, ტუმბოში შევინახე.
პირსახოცის ხალათით წამოვწექი, ჩამეძინა.
- ზამიტა, Wake up! Wake up! - იავნანასავით ჩამესმოდა იუმიკოს ხმა.
უცებ ვიღაცამ მუჯლუგუნი ჩამარტყა.
- რა ხდება?
- გაიღვიძე, ვახშმის დროა!
გაგრძელება იქნება