ფელიქსი შეურაცხყოფისგან იხრჩობოდა და ვერ ფიქრობდა, რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა იმისთვის, რომ უპირატესობა ისევ მის მხარეს გადმონაცვლებულიყო. მარტინი სუნთქვაშეგუბებული იდგა და ფხუკუნებდა. ფრანცი კი თავისი გამოხედვით კორტნიდა ფელიქსის თანამგზავრს.
- ხუმრობისთვის საუკეთესო მომენტი ვერ გიპოვიათ. - დაბოღმილმა წარმოთქვა ფელიქსმა. -ალბათ, ძალიან ეცადეთ ჩემთვის თავის დამახსოვრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწიეთ.
- ეს დიდ ნეტარებას განიჭებთ, არა? - მიუხვდა უცნობი და ჩაიცინა. - ვიქნები გულისხმიერი და სიამოვნებას არ მოგაკლებთ. დიახ, თქვენ შესახებ მსმენია, თანაც, არაერთხელ. ფელიქს ონდრა, დაკვირვებული და სახელგანთქმული გამომძიებელი, არა?
- სწორედ ასეა. - ცხვირი აიბზუა გამომძიებელმა და მოულოდნელად დააცემინა.
- ავად ხართ? - დაინტერესდა კაცი.
- მნიშვნელობა არ აქვს. - მკვახედ მიუგო ფელიქსმა. - ამ სახლში ქალი მოკლეს, სულ მალე ექსპერტი ვითარებას უკეთესად გაგვაცნობს და მთელი ტვირთი ზურგზე ჩვენ დაგვაწვება. ქალის ახლობლებმა ჯერ კიდევ არაფერი იციან...
- გარდა ერთისა! - შეაწყვეტინა უცნობმა.
- ეს რას ნიშნავს, ჰერ...
- ჰანსი! ჰანს აჟბე. - თავი დაუკრა კაცმა.
- რა გედოთ გულში, როდესაც ეს თქვით... ვგულისხმობ...
- მესმის! - აღარ აწვალა გამომძიებელი ჰანსმა. - არც ერთი ფანჯარა ჩატეხილი არ ყოფილა. გამოდის, მკვლელი სახლში კარის საშუალებით შემოვიდა, ფრანცს და მის მეწყვილეს კი ის დაკეტილი დაუხვდათ. დამნაშავეს გასაღები ჰქონდა. დიახ, ეს სწორედ ისაა, რასაც თქვენ ფიქრობთ! მკვლელობა ფრიდა ვალცის რომელიმე ახლობელმა ჩაიდინა და ამ ტრაგიკული ამბის შეტყობინება მას არ სჭირდება!
- ჩვენ ჯერ არ ვიცით...
- ვარაუდების გამოთქმა არ გიყვართ, ჰერ ფელიქს?
- ვიდრე არ დავრწმუნდები...
- შერლოკ ჰოლმსივით, არა? ან იქნებ ერკიულ პუარო გირჩევნიათ? ბავშვობაში ულვაშები მხოლოდ იმიტომ მინდოდა მქონოდა, რომ მას დავმსგავსებოდი, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ მესიე პუაროდ გადაქცევისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნებოდა...
- რა გაქვთ მხედველობაში, ჰერ ჰანს? - საუბარში ჩაერთო მარტინიც.
- დეტალებისთვის მოკირკიტე შერლოკსაც და ცბიერი ღიმილით ცნობილ პუაროსაც ერთი საერთო თვისება გააჩნდათ: ისინი დუმდნენ, ვიდრე საბოლოო დასკვნას არ გამოიტანდნენ... თქვენსავით, ჰერ ფელიქს! - მიმართა ყბაჩამოვარდნილ დეტექტივს მან.
- იმ მიზეზით კი არა, რომ შეცდენის და უდანაშაულო ადამიანზე ჭორის აგორების ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებზე განსაკუთრებული ფურორი მოეხდინათ. მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მე კი ყოველთვის ჩრდილში დარჩენას ვამჯობინებ ხოლმე, არც ჩემს აზრს ვუსურვებ ტვინში ჩაკირებასა და ჩაქვავებას. აი, რატომ არ შეიძლებოდა გავმხდარიყავი ან ერთი ან თუნდაც მეორე.
- თქვენ ეს ღირსებად მიგაჩნიათ, ჰერ ჰანს? - ირონია გამოესახა სახეზე ფელიქსს.
- მირჩევნია ამ კითხვაზე მოგვიანებით გიპასუხოთ, იმ შემთხვევაში, თუ მკვლელს თქვენზე ადრე მე ვიპოვი. - ჰანსის ამბიციამ ოთახში სიჩუმე ჩამოაგდო.
- ფრიად მოწადინებული ჩანხართ, ჰერ ჰანს, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ. -პასუხს თავი აარიდა გამომძიებელმა.
მათი საუბრიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ოთახში ექსპერტმა შემოაბიჯა. მან არგუმენტირებულად მოახსენა ფელიქს ონდრას თავისი სათქმელი:
- ფრიდა ვალცი დაახლოებით ათ საათსა და ოც წუთზე გარდაიცვალა, გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი ზარი ათ საათსა და ათ წუთზე შევიდა. მკვლელს სულ ათი წუთი ჰქონდა თავისი წადილის სისრულეში მოსაყვანად. ქალბატონი თავის სერიოზული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გარდაცვლილს თავის ქალაში არსებული რამდენიმე სისხლძარღვი დაუზიანდა, რის გამოც სასუნთქი გზების გამავლობა ვერ შენარჩუნდა. თქვენი თანამშრომლები დანიშნულების ადგილზე მისი სიკვდილიდან ათ-თხუთმეტ წუთში მივიდნენ. ძალადობის სხვა ნიშნები გარდაცვლილის სხეულზე არ შეიმჩნევა.
ექსპერტმა კიდევ რამდენიმე ძნელად წარმოსათქმელი სიტყვა ახსენა და ფრანცი, ფელიქსი, მარტინი და ჰანსი კვლავ მარტონი დარჩნენ.
- ფრანც, მე კი სინდისი მქენჯნიდა. - თითი დაუქნია შეფიქრიანებულმა ჰანსმა თავის მხსნელს. - თურმე შენ და შენს მეგობარს ჩემ გარეშეც დაგიგვიანიათ მაშინ, როდესაც ფრიდა ვალცმა საკეტის შეკეთებისთვის გამოგიძახათ. ფრანცი შეცბა, მაგრამ შედავება ვერ გაბედა. საკუთარ თავთან თვითონაც აღიარებდა, რომ ჰანს აჟბე მართალი იყო. მას და მის მეწყვილეს რომ საქმის სიიოლით გულდამშვიდებულებს დრო არ გაეჯანჯლებინათ, ვინ იცის, იქნებ ფრიდა ვალცისთვის უბედურება კიდეც თავიდან აეცილებინათ.
ფრანცმა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან მისაღებიდან თავშეკავებული ქვითინის ხმა შემოისმა.
გარდაცვლილის ოჯახისათვის უკვე სიმართლე ეცნობებინათ.
გაგრძელება იქნება