ფრანცმა გარკვეული ხნით მეტყველების უნარი დაკარგა, ჰანსს კი მანამ არ აუწევია თავი, ვიდრე ის ისევ არ ალაპარაკდა.
- რას ამბობ, ჰანს? ნუთუ ჩვენ ამის შეკავება არ შეგვიძლია? სასწრაფოდ ფელიქს ონდრა უნდა მოვძებნოთ. დარწმუნებული ვარ, ვარაუდები მასაც ექნება. - სხაპასხუპით მოაფრქვია თავისი იდეები ფრანცმა მას.
- ტყუილად გაირჯები, - ჩალის ფასი მიანიჭა მის სიტყვებს ჰანსმა. - ფელიქს ონდრა თავის დღეში არ გვეტყვის იმას, თუ რას ფიქრობს. ჰალშტატის მთელი მოსახლეობა რომ ამოწყდეს, ჩვენთან თანამშრომლობას არ მოინდომებს.
- როგორ თუ არ მოინდომებს? მას ვინ ჰკითხავს? რადგან ზალცბურგიდან გამოგზავნეს, თავი ჩვენზე უკეთესი ჰგონია? - გაწიწმატდა მამაკაცი.
- ჩემ მსგავსად მკრეხელობას ნუ გამოიჩენ, ფრანც, თორემ შენი სასჯელიც არ დააყოვნებს. შესაძლოა, ის უფრო მტანჯველიც კი იყოს, - გააჩუმა ის ჰანსმა. - რაც უნდა იყოს, ფელიქს ონდრას გამოუძიებელი არც ერთი საქმე არ დაუტოვებია, მაგრამ რად დაუჯდა ეს? ჩვენ არ ვიცით... არ ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ.
- მაშ, არაფერს გავაკეთებთ? - ყბებს აკრაჭუნებდა აღშფოთებისგან კანეტი.
- გავაკეთებთ, ოღონდ ძალიან მცირეს. თუ გაგვიმართლა, მომავალ მსხვერპლს გადავარჩენთ... ვიმეორებ, თუ გაგვიმართლა! სია უნდა ჩამოვწეროთ... სია იმ ადამიანებისა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ფრიდა ვალცის სახელთან, შემდეგ კი ისინი სათითაოდ უნდა გავაფრთხილოთ.
- კარგი, ახლავე დავიწყებ. - მოწადინებით თქვა ფრანცმა და უბიდან წიგნაკი ამოიღო. როდესაც მამაკაცები სახლში შევიდნენ, მოსამსახურე ქალი ფერწასული შეჰყურებდა ტელევიზორის ეკრანს. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მგლოვიარე სახით აცხადებდა, რომ ჰალშტატში ტბაზე საბანაოდ წასულ ბავშვებს მოკლული ადამიანი ეპოვნათ. ცხედარი მამაკაცისა იყო.
- ვერ მოვასწარით. - სუნთქვაშეკრულ ფრანცს მოესმა ჰანსის იმედდაკარგული სიტყვები.
ფელიქს ონდრას თანაშემწისათვის პასუხი მაშინვე არ გაუცია, როდესაც ამცნეს, რომ მისი ნახვა ჰანს აჟბეს სურდა.
გამომძიებელმა წინასწარ იცოდა, რა საკითხზეც გაიმართებოდა მათი საუბარი და ამ არასერიოზულ მამაკაცთან შეხვედრის პერსპექტივა წინდაწინ თავს ატკიებდა.
- შემოვიდეს. - გონებაში სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და თანაშემწეც გამომძიებლის სურვილს დაემორჩილა.
ფელიქსი თავის საქაღალდეებს ჩაშტერებოდა, კაბინეტში ჰანს აჟბე რომ გამოცხადდა. მამაკაცს სახეზე ცეცხლი წაჰკიდებოდა. ცხადი იყო, არც მას ამოსდიოდა მზე და მთვარე გამომძიებელზე, მაგრამ, აბა, რას მოეყვანა აქ? ფელიქსს ამის გარკვევა სურდა.
- მოგესალმებით, ჰერ ფელიქს. ბოდიშს ვიხდი, რომ გაუფრთხილებლად გეწვიეთ. უბრალოდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო...
- ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეგაწუხათ და მოგიყვანათ აქ, ჰერ ჰანს?
- სწორედ ამის თქმა მინდოდა. - გაცხარება ძლივს დამალა ჰანსმა. ამ კაცისგან სათანადო პატივისცემასა და მოპყრობას ვერ გრძნობდა. როცა მის წინ იდგა, თავი უსარგებლო, ვადაგასული ნივთი ეგონა, რაც ბუნებრივი იყო, სულს უწამლავდა. - პირველი შეხვედრისას ერთმანეთს ვერ გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებელია. მაინტერესებს, თქვენ და თქვენმა თანმხლებმა პირებმა თუ შენიშნეთ, რომ ფრიდა ვალცის საძინებელში არავითარი ტელეფონი არ ყოფილა?
- ჩვენ ვმუშაობთ, ჰერ ჰანს! - მოკლედ მოუჭრა ფელიქსმა.
- ჩემთვის ეს გასაგებია... მხოლოდ ერთ კითხვაზე მჭირდება თქვენი პასუხი... იცით თუ არა, რომ ფრიდა ვალცის ოთახში ტელეფონი არ ყოფილა? ის მკვლელმა წაიღო, რათა ენახა ისეთი რამ, რამაც კიდევ ერთი მკვლელობის ჩადენისაკენ უბიძგა!
- ჰერ ჰანს, მესმის, რომ ნერვიულობთ, გაღელვებთ ის, რასაც ტელევიზორში ყოველდღიურად ისმენთ, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება... თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ, მკვლელს რამდენიმე დღეში ვიპოვით...
- საფრთხე არ მემუქრება? - აღშფოთდა ჰანსი. - თქვენ ფიქრობთ, რომ მე მარტო საკუთარი თავი მადარდებს? ამას როგორ მკადრებთ? მე იმის გამო ვდარდობ, რომ დრო გადის, გამოძიება კი წინ ვერ მიიწევს. აღიარეთ, რომ დღემდე არაფერი იცოდით დაკარგული ტელეფონის შესახებ... არ ვამბობ, რომ თქვენზე მეტი შემიძლია, ამას აღარ ვამტკიცებ, მაგრამ ნუთუ ამ საქმეს უფრო მეტი ყურადღებით ვერ მიუდგებით?
- გამოძიების დეტალებს არავის ვუმხელთ. თქვენ რა იცით, ის წინ მიიწევს თუ არა? - ფეხზე წამოდგა ფელიქსი, რომელსაც თმა ყალყზე დადგომოდა. - იმაში, რაც მოხდა, მე ბრალი არ მიმიძღვის. ამას ვერ შევაჩერებდი. რაც შეეხება ტელეფონს, ეს ვერსია ჩვენ არ გვქონია და მადლობელნი ვართ, რომ მოგვაწოდეთ, მაგრამ ეს არ გამართლებთ... თქვენი სიტყვებით ირიბად პროფესიონალურ გულგრილობაში მადანაშაულებთ, ეს კი ისაა, რაც ჩემგან ყოველთვის შორს იყო... გთხოვთ, ახლა დამტოვოთ! თავად დაგიკავშირდებით, პირობას გაძლევთ... - აღელვებულმა დაასრულა კაცმა და ჰანსს კარისაკენ ანიშნა.
ჰანსი საკუთარ საქციელს დაუკვირდა და გააცნობიერა, რომ მეტისმეტი მოსდიოდა. აჭარბებდა და უჩვეულო არც იყო, რომ ამით ფელიქს ონდრასთან ცივილური ურთიერთობების დამყარების უკანასკნელ შანსს კლავდა. მამაკაცი კარისკენ გაემართა და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, კიდევ ერთხელ გამოხედა გამომძიებელს.
ფელიქსს ქაღალდი ხელში მოეჭმუჭნა და უხმოდ დასჩერებოდა საკუთარ ხელს. საღამოს დამხმარე ქალმა ჰანსს რძიანი კაკაო მოუდუღა.
- დაღლილი და დაძაბული ჩანხართ, მოგიხდებათ. - ურჩია მან მამაკაცს და სამზარეულოში ფუსფუსი განაგრძო.
ჰანსი მადლობელი იყო ქალის. მან ხომ ერთ დღეში შეძლო არეულ-დარეული სახლის მილაგება, ბინძური ტანისამოსის გარეცხვა, შემდეგ კი მათი გაუთოება, სამზარეულოს მოწესრიგება და თანაც, საუზმე იყო თუ სადილი, ყველა კერძს უგემრიელესს ამზადებდა. ის რომ არა, ჰანსი ჭკუიდან მთლად შეიშლებოდა. მეტად აღარასდროს ჩაიდენდა ასეთ სისულელეს. ამ საქმეს რომ ბოლომდე მიიყვანდა, აუცილებლად შეეშვებოდა ჩახლართულ საქმეთა გამოძიებას და კურდღლების ფერმას მოიშენებდა ისე, როგორც ეს ფრანც კანეტს უთხრა.
ჰანსმა ქალს უხმო და ჰკითხა:
- ვიცი, რომ ჭკვიანი ქალბატონი ხართ. ეჭვები აუცილებლად გექნებათ... დღევანდელ გამოშვებაზე ვამბობ... ახალ ამბებს ხომ უსმენდით?
- სასიამოვნოა, რომ ჩემი აზრის მოსმენა გსურთ, ჰერ ჰანს, - სახეზე ღიმილი მოეფინა ქალს. - მართლაც ასე იყო, ყველაფერი მოვისმინე. თავი ცარიელი თუ არ გაქვს, მიხვდები, რომ ეს მკვლელობაც წინასთან არის დაკავშირებული. მისმინეთ, დაბადებიდან აქ ვცხოვრობ და არასდროს გამიგია, ჰალშტატში ვინმე მოეკლათ... მგონია, რომ ფრიდა ვალცის მკვლელს ვერასდროს იპოვით... ის უკვე მკვდარია, ჰერ ჰანს!
მიწის ზემოთ აღარ დაიარება!
- გგონია, რომ მოკლული მამაკაცი ფრიდა ვალცის მკვლელია? - ჰანსმა იფიქრა, მომესმაო და გადაამოწმა.
- სწორად გამიგეთ, ჰერ ჰანს. შესაძლოა, უაზრობას ვჩმახავ, მაგრამ თქვენ მკითხეთ და მეც, რასაც ვფიქრობდი, ის მოგახსენეთ.
ჰანსმა თავი ღიმილით დაუქნია მას და სავარძლის საზურგეს თავი მიაყრდნო. კმაყოფილი იყო ქალის საზრიანობით და იმედი ჰქონდა, რომ ის არც მომავალში გაუმტყუნებდა მოლოდინს.
გაგრძელება იქნება შაბათს