- როგორც იქნა, გადმოვაღწიეთ სამშვიდობოს! - შვებით ამოვისუნთქე, როდესაც სათავგადასავლო ფილმის მსგავსმა ნაწილმა ჩაიარა და ყველანი ოთახებში დავნაწილდით. უფრო სწორად კი, სადარბაზოებში. სულ თექვსმეტი სადარბაზო იყო, აქედან თორმეტი ბავშვების და ოთხიც ლიდერების. თითო სადარბაზოში - ორი სართული. ისევე, როგორც ბავშვებში, ლიდერებშიც გოგონებსა და ბიჭებს ცალ-ცალკე სადარბაზოები გვქონდა გამოყოფილი. ჩვენი ოთახები გაცილებით კომფორტულად იყო მოწყობილი და უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ, მხოლოდ სამ გოგოს მოგვიწევდა ოთახის განაწილება. მე, თათა და ნუცა მერვე სადარბაზოში მოვხვდით, მეორე სართულზე. ჩვენ ზემოთ იყვნენ ქეთი, ნია და სოფი. ზოგიერთებისათვის (კერძოდ, ნუცასთვის) სამწუხაროდ და ჩემთვის საბედნიეროდ, ირაკლი ჩვენგან მთელი შვიდი სადარბაზოთი შორს მოხვდა. ეს ფაქტი ისე ძალიან მახარებდა, იმასაც მავიწყებდა, რომ ჩვენ, ლიდერი გოგონები მოვხვდით მთელი კორპუსის შუაში, ანუ ჩვენ მარჯვნივ მოსწავლე ბიჭების სადარბაზო მდებარეობდა, მარცხნივ კი - გოგონების. ჰმ, მათი ასაკის გათვალისწინებით, მოგვიწევს ღამით ყურადღებით ყოფნა, რომ ერთმანეთთან არ გადაიპარონ. მაგალითად, როდესაც მე ვიყავი ბანაკში, ჩემი გუნდის ყველა ბავშვი ერთად ვიკრიბებოდით და ბოლო დღესაც ბიჭები ჩვენს ოთახში გადმოიპარნენ და ერთად გავათენეთ. ესეც პირადი გამოცდილება!
- თათა, შენ და გვანცა ხომ კლასელები ხართ? - ხმა ამოიღო თავისი ბარგის კარადაში გადანაწილებით გართულმა ნუცამაც. ოჰო, საინტერესოა, ნეტავ რაშია საქმე?
- აჰამ. - უყურადღებოდ უპასუხა თათამ, მაგრამ მომდევნო კითხვა ისეთი გამოდგა, რომ...
- ანუ გვანცამ რაც მითხრა, მართალია? ირაკლი გეია? მითხარი, რომ მეხუმრე! - ახლა მე შემომხედა მავედრებელი თვალებით და მანამ, სანამ თათა საკუთარ ყბას იატაკზე ეძებდა, მე გაჭირვებით ვცდილობდი სიცილის შეკავებას. ბოლოს, მთელ ჩემს სამსახიობო ტალანტს მოვუხმე, სახეზე მთელი ის ტკივილი აღვიბეჭდე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი დღის ნაშიმშილარ ადამიანს და სასოწარკვეთილი ხმით წარმოვთქვი:
- ნუცი, შენ ფიქრობ, რომ ამ ყველაფრის თქმა ჩემთვის ასე ადვილია? - იქნებ ცრემლებიც გადმომეგდო? თუ არ ღირს? - მე მთელი თორმეტი წელი ვუყურებდი ირაკლის და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ... - თავი ჩავხარე. არა, ნამდვილად მჭირდება ცრემლები! - ბანკეტზე ირაკლიმ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ კლასელს, ლაშას სთხოვა, რომ წყვილში დასდგომოდა და ერთად მოსულიყვნენ რესტორანში...
- მერე? - აღშფოთდა ნუცა, თათა კი კარადაში თავშეყოფილი უცნაურ, დაახლოებით ისეთ ხმებს გამოსცემდა, როგორსაც ძაღლი, რომელსაც ძვალი გაეჭედება კისერში. სავარაუდოდ, სიცილის შეკავებას ცდილობდა, რაც აშკარად არ გამოსდიოდა...
- რაღა მერე, საერთოდ არ მოვიდა ბანკეტზე. ასე თქვა, ლაშას გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვსო და შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ჩალურჯებულ თვალს მკურნალობდა! - აი, აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა. - ჰმ, ისევ ეს სიმწრის სიცილი! - დავაყოლე სასწრაფოდ. - ხომ ხვდები, როგორი მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი? მე მთელი თორმეტი წელი ვცდილობდი ირაკლის გულის მოგებას, ის კი... - ნიკაპის კანკალი და ტუჩის კვნეტა... ღმერთო ჩემო, რა მსახიობს კარგავს ჰოლივუდი ჩემი სახით! დამაფასეთ, სანამ ცოცხალი ვარ!
- მოვრჩეთ! - როგორც იქნა, ლაპარაკის უნარი დაიბრუნა თათამაც. - აღარ მინდა ჩემი საუკეთესო მეგობრის ცრემლების დანახვა. ერთხელ გვანცამ თავი ისე დაიმცირა, რომ ირაკლი საახალწლო კარნავალის ცეკვებზეც კი დაპატიჟა, მაგრამ როგორც უკვე გაიგე, ის „ვარდისფერმაისურიანთა ჯგუფშია“.
- მაპატიე, გვანც... არ ვიცოდი, ირაკლი ასე თუ გიყვარდა... - რაო? გიყვარდაო? ვის, მე? მე მიყვარს ირაკლი? არა, რა სისულელეა!
- ჰო, დღემდე ვერ შეძლო მისი დავიწყება... - თათა აშკარად როლში შევიდა. - სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს თავი მისგან შორს დაიჭიროს, რათა ნაკლებად დაიტანჯოს. მეც ყველანაირად ვეხმარები, როგორც შემიძლია და იმედი მაქვს, შენც ჩვენს მხარეს იქნები. - მიყვარს ეს გოგო!
- რა თქმა უნდა! ჩვენ ხომ ერთად და თან ერთ ოთახში მთელი ათი დღე უნდა გავატაროთ. რატომ უნდა გვქონდეს უსიამოვნება ვიღაც ბიჭის გამო? - გაეცინა ნუცას და თემა საბოლოოდ დაიხურა. რამდენიმე წამით, თითქოს სინდისის ქენჯნის მაგვარი რაღაც ვიგრძენი, რადგან ნუცა მართლა არაფერ შუაში იყო, მაგრამ მეც არ ჩამიდენია დანაშაული! პირიქით, მადლობა უნდა მითხრას, რომ ჩემი მიზეზით თავს შორს დაიჭერს ისეთი მაჩოსაგან, როგორიც ჩვენი „გეი“ ირაკლია.
- რა ხმაა? - წარბებშეჭმუხნული მოგვიბრუნდა თათა მე და ნუცას და ფანჯრისკენ გვანიშნა.
- არ არსებობს! - აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი! პირველივე დღეს ლიდერთა განგაში? ნუთუ დასვენების საშუალებასაც არ გვაძლევენ?
- განგაშია! - წამოიყვირა ნუცამ და სასწრაფოდ საწოლიდან წამოხტა. ყველანი გარეთ გავცვივდით და ისეთი სისწრაფით გავიქეცით ცენტრალური დარბაზისკენ, მადლობელი ვარ, რომ ჩემი რომელიმე კიდურის ძებნა ბანაკის ეზოში არ მიწევს.
- აბა, მოეწყვეთ, ლიდერებო? - შემოგვძახა ანამ, როდესაც ყველანი დარბაზში შევიკრიბეთ. შევიკრიბეთ შედარებით მსუბუქი ნათქვამია, რადგან ერთი ნაწილი კედელს იყო აკრული, მეორე ძირს იჯდა და ზოგიც საკუთარ მუხლებს დაყრდნობილი ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას (მათ შორის, მეც).
- პირველ დღეს მაინც რომ დაგეძახათ ჩვენთვის ადამიანურად, არ შეიძლებოდა? - აწუწუნდა, აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ? რა თქმა უნდა! სოფი!
- არა, რა თქმა უნდა! დღეს საბოლოოდ უნდა გაიმეოროთ ყველაფერი, რაც აქამდე თქვენთვის გვისწავლებია, იმიტომ, რომ ხვალ პირველი ნაკადის მიღება მოგიწევთ! - სრულიად აუღელვებლად უპასუხა ანამ. - პირველ რიგში, მაინტერესებს, დალაგდით თუ არა და რაიმე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?
- ჩვენი და გოგონების ოთახები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან! - სიცილით თქვა ბექამ და დანარჩენებიც აჰყვნენ. ნუთუ სხვა არაფერი უტრიალებთ გონებაში?
- მხოლოდ ეს თუა პრობლემა, მოხარული ვარ! - გაეცინა ანასაც. ჰმ, რატომაც არა, მისი ოთახი ხომ ადმინისტრაციის კორპუსში მდებარეობს!
- მე მაქვს ერთი შეკითხვა! - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ჩვენმა დიჯეიმაც. გიგა, ცოტა არ იყოს, უცნაური ბიჭია. როგორც გვითხრა, ოცი წელია, რაც საბერძნეთში ცხოვრობს. ოთხი წლის იყო, მისი ოჯახი იქ რომ გადასახლდა და თვითონაც თექვსმეტი წლიდან კლუბში დაიწყო მუშაობა იმ პოზიციაზე, რომელიც ახლა ჩვენს ბანაკში უკავია. - რეპერტუარში სრული თავისუფლება მექნება? ან შეიძლება დღესვე რომ დავიწყო ჩემს პატარა მეგობრებთან მუშაობა? - მისი „პატარა მეგობრები“ ის აპარატურაა, რომლითაც მთელი ბანაკი ფეხზე უნდა დაგვაყენოს და დილაობით, რვა საათზე წამოგვახტუნოს რბილი (არც ისე) და კომფორტული (ეს მით უმეტეს) საწოლებიდან.
- რაც გინდა, როგორიც გინდა და რა ჟანრისაც გინდა, ჩართე. და რაც მთავარია, ბავშვების გემოვნება გაითვალისწინე, მაგრამ შეკვეთები არ მიიღო! - ანა აშკარად კარგ ხასიათზეა. რაც ჩამოვედით, იმის მერე აფრქვევს თავის იუმორისტულ შესაძლებლობებს. საინტერესოა, როდის ამოეწურება მარაგი. და მე რა მჭირს? რატომ ვიღრინები მშიერი ძაღლივით? ყველა სიტყვაზე კომენტარის გაკეთება რა აუცილებელია?
- საკვები ჩვენც ისე გვექნება, როგორც ბავშვებს? - თათა! აკი თქვა, დიეტა უნდა დავიწყოო? ზედმეტი ნახევარი კილოგრამი აწუხებდა, გუშინ რომ გეკითხათ!
- ვერ გაგახარებთ და გეტყვით, რომ კი. თქვენს მოვალეობაში შევა ასევე ის, რომ დაიცვათ სასადილოსთან რიგი, ყველა ჯგუფის ბავშვი დალაგებულად შეუშვათ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი დაამთავრებენ, შეგეძლებათ შეხვიდეთ თქვენც. უკიდურეს შემთხვევაში, შეცვალოთ ერთმანეთი და თქვენი გუნდის ბავშვებთან ერთად ისადილოთ.
- მიყვარს უკიდურესი შემთხვევები! - გაეცინა მაკოს. ჰმ, ყოველთვის ისეთი ხალხი რატომ ლაპარაკობს კვებაზე ამდენს, რომლებსაც ერთი შეხედვით ნახევარი საზამთროს ჭამაც არ შეუძლიათ ერთ ჯერზე? რა იყო, არავის გიჭამიათ ნახევარი საზამთრო? შეუძლებელია!
- და ზღვის დრო ჩვენც ბავშვების მსგავსად გვექნება? - ისევ ეს ხმა. მომიწევს შევეჩვიო მის ბარიტონს, ან საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, რაც ალბათ გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შეჩვევა.
- ყველაფერს ბავშვების მსგავსად გააკეთებთ, მაგრამ თქვენ ასმაგად მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ და ასევე გაცილებით მეტი საქმე გექნებათ. ხვალ, თორმეტი საათიდან დავიწყებთ პირველი ნაკადის მიღებას. ყველაზე გვიან თბილისიდან ჩამოვლენ, დაახლოებით ხუთზე ან ექვსზე, მაგრამ მანამდე თქვენ უკვე ყველაფერი მზად უნდა გქონდეთ. ახლა კი, თუ სხვა კითხვები არ გაქვთ, შეგიძლიათ დაისვენოთ ან ხვალინდელი დღისთვის დაიწყოთ მზადება. შეგახსენებთ, პირველ დღეს გაცნობის თამაშების ჩატარება მოგიწევთ! - ყველაფერი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ანამ და როდესაც კითხვები ვეღარ მიიღო, დროებით დაგვემშვიდობა და თავისი კორპუსისკენ გაემართა.
- აბა, ვის უნდა საღამოს ზღვაში ბანაობა? - წამოიყვირა ირაკლიმ და პირდაპირ მთავარი დარბაზის უკანა კარიდან გავიდა სანაპიროზე. - ნახეთ, როგორი მშვიდია... - შემდეგ კი მაისური გადაიძრო (აშკარად ეფექტის მოხდენა სურდა) და პირველი შევარდა წყალში. - მოდით რა, ნუ დგახართ მასე! ძალიან მაგარი წყალია! - ირაკლის სიტყვებმა ყველა გამოაფხიზლა, უფრო სწორად, ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი და ისინიც წყალში შევიდნენ, ჩვენ კი ისევ სანაპიროზე დავრჩით.
- ავალ, საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამ და ჩამოვალ! - აღფრთოვანებულმა წამოიძახა ლიკუნამ, ნათიას და თიკას ხელი ჩაავლო და სადარბაზოსკენ წაათრია. როგორც ვატყობ, ყველა არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო. აბა, მე რაღა დამემართა?
- გვანც, შენ არ გინდა? ხომ გაცვია საცურაო კოსტიუმი... - შემომაპარა თათამ, რომელსაც უკვე მოესწრო მაისურის გახდა და ახლა შორტით იდგა ჩემს მოლოდინში.
- შენ შედი, მე დაღლილი ვარ! - თვითონაც არ ვიცოდი რატომ, მაგრამ უარი ვუთხარი და სადარბაზოსკენ წავედი. მე ხომ ვგიჟდები წყალზე? არა, გვანცა, აშკარად გადაღლილი ხარ! ჰმ, ახლა უკვე შენს თავთანაც დაიწყე საუბარი.
- არავინ გაუშვათ მოღალატეები! ყველანი წყალში! - დაიყვირა ზურამ და ბიჭები ისევე სწრაფად ამოცვივდნენ ჩვენ ჩასაყვანად, როგორც ჩავიდნენ.
- არ მომეკაროთ, არ მინდა ცივ წყალში! - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ნატა, რომელსაც ტატო და ნიკა მიათრევდნენ, მე კი ვეცადე, ამ აურზაურში როგორმე შეუმჩნევლად გავპარულიყავი. მგონი, გამომივიდა კიდეც.
- გვანცი! სად მიიპარები? - მე ვამბობდი, რომ გამომივიდა? - შენ რა, მოღალატედ გინდა შეგრაცხოთ? - ეს შედარებით ხმამაღლა წარმოთქვა და დანარჩენების ყურადღებაც მიიქცია. ენას ამოგაძრობ, ირაკლი!
- არსადაც არ მივიპარები! უბრალოდ... - დავიბენი, რაიმე უნდა მომეფიქრებინა, თან სასწრაფოდ! - უბრალოდ შორი მანძილიდან მინდოდა გამოქცევა და წყალში ჩახტომა! - წამოვიძახე, მაისური და შორტი გავიძრე და სიტყვაც შევასრულე. მაგრამ ვაი ამ შესრულებას. სირბილისას ქვაზე ფეხი ცუდად დავდგი და ჩემი „არაჩვეულებრივი“ ნახტომი წყალში დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც მფრინავი პინგვინის ზღვაში ჩახტომის მცდელობა. ესეც თქვენი მორიგი სისულელე! გვანცა დანელიამ სრული ფიასკო განიცადა.
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი