არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ ბანაკში ჩასვლის მეორე (ბავშვებისთვის კი პირველი) დღე არაჩვეულებრივად დაიწყო. უბრალოდ შეუძლებელია კარგად დაიწყოს დილა მაშინ, როდესაც რვა საათზე გაღვიძებენ სიმღერით „რა დილა თენდება...“ ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი დიჯეის დამსახურებაა, რომელმაც არ ვიცი ჩვენთვის დაცინვა გადაწყვიტა, თუ მართლა ფიქრობდა რომ ამ სიმღერით დილას გაგვიხალისებდა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ყველანი მართლა ძალიან სწრაფად გამოვფხიზლდით და თხუთმეტ წუთში უკვე ეზოში ვიყავით.
- თურმე როგორ ცივა დილით!- გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ეკამ და თავდაპირველად წელზე შემოხვეულ შემოსაცმელში მკლავები გაუყარა.
- ჰო, არ მეგონა...- დავეთანხმე მეც, მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველთვის თხლად მაცვია და არც სათადარიგო შემოსაცმელებს ვატარებ, ვერაფერი ჩავიცვი.
- გვანც, მობილური დამრჩა ოთახში და უნდა ავიდე მაინც, თუ გინდა ჩამოგიტან რამეს...- ნუცა. რა საყვარელი გოგოა და როგორი ყურადღებიანი.
- არ მინდა, ნუც, მაინც უნდა ვივარჯიშოთ და გავხურდები. დიდი მადლობა!- მართლა გულწრფელად გავუღიმე და სანამ ვარჯიშის განგაში ჩაირთვებოდა, ცოტა ხნით სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე.
- თათა, ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები!- ყოველი შემთხვევისათვის გავაფრთხილე მეგობარი და ბულვარში მარტო გავედი.
ზღვა ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან მიყვარს. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან წყალში ჩასვლას, უბრალოდ ნაპირზე ჯდომა და ტალღების ყურება მირჩევნია. საოცრად მამშვიდებს, თითქოს ჰიპნოზივით მოქმედებს ჩემზე. შემიძლია გადაბმულად ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვიჯდე, ვუსმინო მუსიკას, ან უბრალოდ ტალღების ხმას და ეს ყველაფერი მაბედნიერებდეს. განსაკუთრებით საღამოს მიყვარს პლაჟზე გასვლა, ან დილით ადრე. მაშინ, როდესაც ხალხი თითქმის არ არის. მხოლოდ მე და ზღვა ვრჩებით მარტო და არ არის საჭირო არანაირი ნიღბები და მოჩვენებითი „გვანცა“. ზღვას ვუყვარვარ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. დიახაც, ვუყვარვარ! ვგრძნობ ამას...
- ნიჟარებს აგროვებ?- ფიქრები ირაკლის მშვიდმა ხმამ გამაწყვეტინა, რომელშიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საერთოდ არ ჟღერდნენ ირონიული ნოტები.
- არა, უბრალოდ ვსეირნობ.
- ცუდ ხასიათზე ხარ?
- ირაკლი, რა გინდა?- უკვე მაღიზიანებდა. მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან.
- არაფერი, რა უნდა მინდოდეს? უბრალოდ გკითხე. რა უჟმური ხარ, კაცი ვერ დაგელაპარაკება ნორმალურად!- ჩაიბურტყუნა თავისთვის. ჰმ, მე, თავად პოზიტივს მეუბნება ეს, რომ უჟმური ვარ?!
- ჰოდა შენც ნუ დამელაპარაკები. დიდად დამავალებ.
- დილიდანვე ფორმაში ხარ!- მკვახედ მითხრა და გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ არ დავაცადე.
- მართლა ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან. ხომ ხედავ, რომ ვერ ვურთიერთობთ? არც კლასში მაცდიდი ნორმალურად ცხოვრებას და არც ახლა მანებებ თავს.
- შენ ისევ ბავშვობაში ხარ ჩარჩენილი. როდის უნდა დაივიწყო რაღაც სულელური, ბავშვური ხუმრობა?
- რა? სულელური? დამცინი?- მართლა ძალიან გავბრაზდი. არ ჰქონდა უფლება ამ თემაზე ასე ელაპარაკა.- ირაკლი, მაშინ მერვე კლასში ვიყავით და შენ სულაც არ მოიქეცი ბავშვურად. განგებ გამიკეთე ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ მიტანდი და ცდილობდი გაგემწარებინე.
- ჰმ, რა სულელი ხარ!- უცნაურად ჩაეცინა, შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და სწრაფი ნაბიჯებით გამშორდა. თავხედი! კიდევ მე ვარ სულელი? მადლობა მითხრას, საერთოდ ხმას რომ ვცემ მას შემდეგ, რაც გამიკეთა...
- გვანცი, ვარჯიში უნდა დავიწყოთ, მალე!- დამიძახა გიომ და ხელით მანიშნა რომ მივსულიყავი. როგორ მეზარებოდა! ნეტავ ყოველ დღე ვარჯიშს გადამარჩინა და აქაურ საკვებზეც კი თანახმა ვიყავი. მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ იყო და სიკვდილმისჯილივით გავემართე სცენისკენ, რომლის წინაც უკვე მომზადებულიყვნენ დანარჩენი ლიდერები, ანა და სამაშველო სამსახურის უფროსი დემნა კი სცენაზე იდგნენ.
- ნუ კვდებით! ცოცხლად, მოემზადეთ ყველანი და ვარჯიში დავიწყოთ! ამის შემდეგ ყოველ დღე თქვენ მოგიწევთ ბავშვების ვარჯიში, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა ისწავლოთ!- შემოგვიძახა დემნამ და რამდენიმე წუთში ვარჯიშიც დავიწყეთ. საბედნიეროდ გიგა მუსიკის დახმარებით ცდილობდა ჩვენს გამხნევებას და უნდა ვაღიარო, კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ ვარჯიშს შეუჩვეველს, მაინც დამეჭიმა კუნთები. ჰმ, ხვალ ალბათ სიარულის თავიც არ მექნება. იმედს ვიტოვებ ეს ყველაფერი მხოლოდ აკლიმატიზაციის ბრალია, თორემ ბოლოს, ასეთი გაზარმაცებული როდის ვიყავი, აღარც კი მახსოვს.
- ახლა ჩავიკეცები. რა უბედურებაა ამდენი ვარჯიში!- ჩემს დღეში იყო თათაც, რომელიც ფეხებს ძლივს მოათრევდა. ოთახში ვაპირებდით ასვლას საუზმემდე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ და გიგასთან, ბუნგალოში შევედით.
- რაო, ბარტყებო, დაიღალეთ?- დაგვცინა და წყლით სავსე ბოთლები მოგვაწოდა.
- ანგელოზი ხარ!- აღმომხდა გახარებულს და უდაბნოგამოვლილივით დავეწაფე „ღვთიურ სითხეს“.
- ნეტა შენ რა გენაღვლება. ზიხარ შენთვის, მშვიდად, გრილად და შენს საყვარელ საქმეს აკეთებ. აბა ჩვენ გვკითხე...- წუწუნით შემოგვიერთდა თამო და ჩემი და თათას გვერდით, ბარის წინ ჩამოჯდა.
- არც თქვენ გეხვეწებოდათ ვინმე, აუცილებლად წადით ბანაკის ლიდერებადო, მაგრამ წამოხვედით და თან თქვენი ნებით. ჰოდა ახლა მორჩით წუწუნს!- როგორც ჩანს ვარჯიშის შემდეგ ყველა ბუნგალოში წამოვიდა, რადგან ახლა მიშომ დაგვიწყო ჭკუის დარიგება.
- მეწყვილე რომ არ მჭირდებოდეს, ენას ამოგაძრობდი!- სიცილით თვალები დაუბრიალა თათამ.
- ერთი სული მაქვს როდის ჩამოვლენ ბავშვები!- მგონი სალომე ერთადერთი ლიდერი იყო, რომელსაც ასე ეჩქარებოდა საკუთარი საქმის შესრულება და უბრალოდ დასვენებას, ბავშვებთან ბოლომდე დახარჯვა ერჩივნა.
- მეც ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან. იმედი მაქვს, შევეწყობით!- ქეთი კი როგორც ყოველთვის, ყველაფერზე ნერვიულობდა.
- არ მოიქცევიან კარგად და მაგათი აჯობებს!- გაიცინა ლუკამ და ხუმრობით გაშლილ ხელისგულზე მუშტი დაირტყა, რითაც ყველა გაგვამხიარულა.
- ბავშვებო, საუზმე მზადაა!- სასადილოდან გამოგვძახა ნანა დეიდამ, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ჩვენი გამოკვება ევალებოდა და ყველანი სიხარულით გავემართეთ შუშის შენობისაკენ. ჰმ, სიხარული მაშინვე გაქრა, როდესაც ღრმა თეფშებში ამოღებული ფაფა დავინახეთ.
- გვეხუმრებით, ხომ ასეა?- გაიცინა თოკომ, როდესაც მზარეულმა სინზე თეფში დაუდო და გვერდით ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი მიუდგა.
- არა. რატომ უნდა გეხუმრებოდეთ? დილით ფაფა ყველაზე კარგი საუზმეა. თქვენ კი ძლიერები და კარგად ნაჭამები უნდა იყოთ, რომ ამდენ საქმეს კარგად გაუძღვეთ!- ნანა დეიდა სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა და ძალიან მახსენებდა ბებოს. არა, კონკრეტულად ჩემს ბებოს კი არა, ყველა ბებიას, რომელთა მთავარ საზრუნავსაც შვილიშვილების კვება წარმოადგენს.
- მე ფაფებს ვერ ვჭამ!- შეწუხებული სახით გადავხედე თათას, რომელიც ფრიად საინტერესო საქმით იყო დაკავებული, კერძოდ კი, ამოიღებდა კოვზით ფაფას, შემდეგ ისევ უკან ჩააბრუნებდა, ამოიღებდა, ჩააბრუნებდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ზურგიდან ჩუმად მოახლოებულმა ირაკლიმ ყურში არ ჩაყვირა და თათას კოვზი ფაფაში არ ჩაუვარდა.
- დეგენერატი ხარ რა!- შეამკო ჩემმა საამაყო მეგობარმა და ჩემი ღიმილიც დაიმსახურა, ირაკლი კი ხარხარით გაგვეცალა და მიშოს და გიოს მაგიდას მიუჯდა.
- იმედი მაქვს ყოველ დღე ასე არ აპირებენ ჩვენს დაცინვას...- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნუცამაც, რომელიც ჩემსავით მხოლოდ ჩაის სვამდა.
- სამაგიეროდ გავხდებით!- მაინც მოვახერხე ერთადერთი პოზიტივის დანახვა ამ ამბავშიც კი და კმაყოფილს გამეცინა, გვერდითა მაგიდიდან კი მაკომ გადმომძახა.
- კი, შენ ყველაზე მეტად გჭირდება დაკლება!- და გაეცინა. ყველანი გავმხიარულდით.
- აბა, როგორ არიან ჩემი ლიდერები?- შემოგვიერთდა ანაც, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის საინტერესო სიახლე ჰქონდა.- მალე მორჩით და ფორმები ჩაიცვით, ნახევარ საათში უკვე პირველი ავტობუსი მოგვადგება!- ამ სიტყვებმა დიდი ალიაქოთი გამოიწვია. ყველა დავფაცურდით და ავნერვიულდით ისე, თითქოს გამოცდაზე მივდიოდით. საინტერესოა, როგორი ბავშვები იქნებიან, ან როგორ შევეწყობით ერთმანეთს? დაგვიჯერებენ თუ გვეურჩებიან? მოვეწონებით თუ ჩვენზე იჭორავებენ? გაითვალისწინებენ ჩვენს მითითებებს? ეს იყო კითხვები, რომლებიც ბანაკის ყველა ლიდერს გვაწუხებდა, მაგრამ ჩემს თავში დამატებით კიდევ ერთი კითხვა ტრიალებდა, რომელიც ასე ჟღერდა: „რა ჯანდაბა მოვუხერხო ამ უფორმო მაისურს, რომ გავალამაზო?“
მიუხედავად იმისა რომ წითელი ფერი ძალიან მიყვარდა და ამასთან ერთად მიხდებოდა კიდეც, ფორმის მაისური მაინც არ მომწონდა ორი მიზეზის გამო: დიდი იყო და დახურული ყელი ჰქონდა. იმედია რამდენიმე დღის შემდეგ მოგვცემენ უფლებას რომ ჩვეულებრივი სამოსი ვატაროთ, მანამდე კი... გენიოსი ხარ, გვანცა! საკუთარი თავი შევაქე, როდესაც მართლაც რომ ბრწყინვალე იდეა მომივიდა. მაისური მუცელზე ავიწიე და კვანძად შევკარი, შემდეგ სახელოებიც ზემოთ ავკეცე და „მამაკაცის მაისურისგან“ მოდური და ლამაზი „ფორმა“ მივიღე.
- შენ მგონი ტყუილად ჩააბარე ჟურნალისტიკურზე!- დამცინა თათამ.- აშკარად დიზაინზე უნდა გეფიქრა.
- ჰმ, მართალი ხარ!- აჰყვა ნუცაც, შემდეგ კი სამივენი საძინებლიდან გავედით და „ბანაკური ცხოვრების“ შესახვედრად გავემართეთ. სწორედ ამ წუთიდან იწყებოდა ყველაზე მნიშნველოვანი და ყველაზე საინტერესო ეტაპი!
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი