მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, სანაპიროზე განხორციელებული დიალოგის მომენტები მიტრიალებდა გონებაში და ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. ან რატომ მითხრა ნუცამ, რომ „ჩემი გრძნობები ცალმხრივი არ არის? ნუთუ... არა, შეუძლებელია. როგორ შეიძლება ეს რეალური იყოს? აშკარად მოატყუა ირაკლიმ... იქნებ... გვანცა! შეეშვი სისულელეებზე ფიქრს და დაიძინე!
- გვანც, გძინავს? - გავიგე თათას ჩურჩული და მაშინვე წამოვწიე თავი.
- არა, რა ხდება?
- შეიძლება შენთან? - პატარა, სიზმრით შეშინებული ბავშვივით მკითხა და ჩემს საწოლთან აიტუზა. გამეცინა მის საქციელზე, კედლისკენ მივიწიე და საბანი გადავშალე.
- მოდი. რა მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ უცნაურად ვგრძნობ თავს... - ისევ ჩურჩულით მიპასუხა და ჩემ გვერდით მოკალათდა. - ასე მგონია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ვართმევ...
- საიდან მოიტანე ეს სისულელე? - თბილად გავუღიმე და მკლავები მოვხვიე. - შენ, თავად დიადი თათა, ფიქრობ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ?
- მე მართლა გეუბნები. სულ სხვა რაღაცას ველოდი აქაურობისგან. აი, ხვალაც, ტოლერანტობის დღე გვაქვს და მე ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა ვათამაშო ბავშვებს.
- და რა საჭიროა, რომ რამე ათამაშო? ყველანი ერთად მოიფიქრებთ საინტერესო გასართობს. თან ხვალინდელი დღე ისედაც საკმაოდ დატვირთული გვექნება, ხომ იცი, სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით უნდა გადააკეთონ „წითელქუდა". არც ეცლებათ სათამაშოდ.
- ნუ მამშვიდებ, მე მაინც უკმაყოფილო ვარ! - ბუზღუნს განაგრძობდა თათა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ მალე დანებდებოდა.
- მეც სულ სხვა გეგმები მქონდა ბანაკთან დაკავშირებით, მაგრამ რას ვიზამთ?! მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე და ირაკლის ერთად მოგვიწევდა ერთ ნაკადში ყოფნა.
- შენ რაღაც ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობ ირაკლიზე? - როგორც იქნა! მხოლოდ ასეთი თემით შეიძლება ნამდვილი თათას დაბრუნება.
- რა სისულელეა... უბრალოდ, წეღან რომ ვიყავი გასული, სინამდვილეში აბაზანაში არ ვყოფილვარ...
- რა? - შეიძლება ითქვას, თათა საწოლიდან წამოფრინდა და ისეთი სახით მომაჩერდა, მივხვდი, რომ სასწრაფოდ ყველაფერი დეტალებში უნდა მომეყოლა.
- ბულვარში გავედი და ირაკლი შემხვდა. ნუცაზე ვსაუბრობდით... უფრო სწორად, იმაზე, რაც უთხარი ნუცას, სხვათა შორის, შენ!
- რაო ირაკლიმ, არ გამკვირვებია, რომ გიყვარვარო? - გაეცინა ჩემს მეგობრად წოდებულ ადამიანს, რომელიც რატომღაც ყოველთვის ზუსტად არტყამდა მიზანში.
- თქვენ შემთხვევით შეკრულები ხომ არ ხართ?
- ჰა-ჰააა, მართლა მასე გითხრა?
- ჰო... და მე რომ ვუთხარი, მე და შენ შეყვარებულები არასდროს ვიქნებით-მეთქი, გაეცინა, ცდებიო, მითხრა, ტუჩის კუთხესთან მაკოცა და წავიდა.
- ვაიმე... - გადაბჟირდა თათა. უკვე ვეღარ სუნთქავდა სიცილისგან და ხელებს ინიავებდა, მე კი სულელურად ვუყურებდი. - იკა აღარ ხუმრობს! - წაუსტვინა ბოლოს, როდესაც ისევ დაუბრუნდა ლაპარაკის უნარი და ბალიშს მიესვენა.
- რა გინდათ, რატომ მიმწარებთ ცხოვრებას? - გამეცინა მეც, მაგრამ ჩემს სიტყვებში მაინც იყო სიმართლის მარცვალი. - და საერთოდ, რატომ ვფიქრობ მას შემდეგ ირაკლიზე, რაც აქ ჩამოვედით?
- ნუთუ ჩემს ყინულოვან მეგობარსაც მოხვდა კუპიდონის ისარი?
- აუ, დაიძინე რა, ბოდავ უკვე, ხომ ხედავ! - შევუღრინე და ზურგი ვაქციე, მაგრამ სინამდვილეში მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი და თვალის მოხუჭვაც ვერ შევძელი. რა სჭირს ყინულოვან გვანცის?!
* * *
დილით რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, მაგრამ ვერ მივხვდი, რისი ხმა იყო. თითქოს რაღაც ფხაჭუნობდა თუ რაღაცას აკნატუნებდა... ვერ მივხვდი. თავი ძლივს წამოვწიე ბალიშიდან და ოთახს თვალი მოვავლე. ნუცასაც და ჩემ გვერდით მწოლიარე თათასაც უდარდელად ეძინათ. მზეც არ იყო ბოლომდე ამოსული. რა ჯანდაბამ გამაღვიძა ამ დროს? თვალებიც ისეთი დამძიმებული მქონდა, თითქოს ტონიანი გირები მეკიდა.
აი! ისევ განმეორდა ეს ფხაჭუნი! კი მაგრამ, რა ჯანდაბის ხმა არის? ოღონდ თაგვი არა...
- თათა! - მსუბუქად შევანჯღრიე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. - თათა!!! - შედარებით ძლიერად ვცადე მისი გაღვიძება. - თათა! - ყურში ჩავყვირე ბოლოს, მაგრამ უბრალოდ ამოიგმინა და გვერდი იცვალა. აი, მეგობარიც ასეთი უნდა!
სხვა გზა რომ არ დამიტოვა, გადავაბიჯე და ისე ავდექი საწოლიდან. ნუცასაც მშვიდად ეძინა. თითქოს ხმაც შეწყდა, მაგრამ... აი, ისევ!
- ნუცა! - შევანჯღრიე მეორე მძინარაც და როგორც იქნა, ცალი თვალი გაახილა.
- მმმ... - ამოიღმუვლა და მკვლელის თვალებით შემომხედა.
- გოგო, არაფრის ხმა არ გესმის? - ვკითხე ჩურჩულით და ამჯერად ისეთი მზერა დავიმსახურე, როგორც უყურებენ ფსიქოტროპულ აფთიაქში შემსვლელ ადამიანს ქუჩაში.
- ჰა?
- რაღაცა ფხაჭუნობს.
- თაგვი იქნება, დაიძინე! - „დამამშვიდა და მეორე მხარეს გადატრიალდა. ესენი დამცინიან? რას ნიშნავს, „თაგვი იქნება, დაიძინე?" არა რა, ესღა მაკლდა.
სასოწარკვეთილი თვალები მოვატარე ოთახს და როდესაც უკანასკნელმა იმედმაც გაიფართხალა და ჩაკვდა, გადავწყვიტე, რომ აქაურობა სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა და შემდეგ „შეიარაღებული" დავბრუნებულიყავი. კარადისკენ დავიძარი ტანსაცმლის ასაღებად, მაგრამ... თურმე ფხაჭუნი სწორედ აქედან მოდიოდა! ბედიც ამას უნდა რა... კიდევ კარგი, ჭკვიანი გოგო ვარ და გარეთ ფორმის მაისური და შორტი მაინც დავტოვე. არა, ჩემი ტვინი არსად დაიკარგება!
საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი (რომელიც გასაშრობად მქონდა დატოვებული აივანზე), შორტი ამოვიცვი, მაისური მკერდს ქვემოთ გავიკვანძე და გარეთ გავედი. მხოლოდ გიგა იჯდა ბუნგალოში და თავის აპარატურას დასტრიალებდა. ერთ საათში ბავშვებსაც გააღვიძებს...
- ჰეი, როგორ ხარ? - გადავკოცნე და ბარის მაგიდაზე შემოვსკუპდი.
- მე კარგად, მაგრამ შენ რამ გაიძულა ამ დროს ადგომა? - მკითხა გაკვირვებულმა, იქვე მდგარი მაცივრიდან „კოკა-კოლა" გამომიღო და გამომიწოდა. მადლიერი თვალებით გავხედე და ყველაფრის მოყოლა დავიწყე.
- ჩემს ოთახში უცნობი არსებაა!
- ჰა? - მოიცა, ამანაც უნდა მითხრას, თაგვია და დამშვიდდიო?
- ჰო, რაღაც ფხაჭუნობს. მაგის ხმამ გამაღვიძა.
- თაგვი იქნება! - ხელი ჩაიქნია და ისევ აპარატურას მიუბრუნდა.
- თქვენ რა, ყველანი დამცინით? - გავბრაზდი და მაგიდიდან ჩამოვხტი. გიოს გავაღვიძებ! ჩემი მეწყვილეა და უნდა დამეხმაროს! ვალდებულია!
მის სადარბაზოში ჩუმად შევედი და ის იყო, კიბეზე ფეხი უნდა შემედგა, რომ მის თავში მხოლოდ შორტში გამოწყობილი ირაკლი გამოჩნდა.
- ვაიმე, როგორ შემაშინე! - შევკივლე უნებურად და ირაკლისაც ეტყობოდა, რომ არ ელოდა ჩემ აქ ნახვას.
- რა გინდა შენ აქ, მოგენატრე? - გამიცინა და ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა.
- ო, კაი რა. გიოსთან მოვედი. სძინავს?
- კი. ხდება რამე? - უკვე სერიოზულად დაინტერესდა. უნდა ვუთხრა? მაგრამ რომ არ მინდა, ირაკლი დამეხმაროს? სხვა გზა არ გაქვს, გვანცი!
- კი! - ამოვიკნავლე და კიბეზე ჩამოვჯექი. - ჩემს ოთახში რაღაც ფხაჭუნობს... - ავხედე საწყალი თვალებით. ჯერ სერიოზულად მიყურებდა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა.
- თაგვი?
- შენც დამცინი? - გაბრაზებისგან ერთიანად გავწითლდი და თვალები ცრემლებით ამევსო. ირაკლიმაც შეამჩნია ეს ყველაფერი და მაშინვე გამოასწორა თავისი სიტყვები.
- არა, არა! მახსოვს, რომ გეშინია თაგვების... - თბილად გამიღიმა. ვინ არის და რა უქნა ნამდვილ ირაკლის? უხეშს, თვითკმაყოფილს, საზიზღარს, მმმ, კიდევ?
- თათას და ნუცას სძინავთ. ნუცამ, თაგვი იქნება, დაიძინეო. გიგამაც იგივე მითხრა. მართლა ვერ შევალ მე ოთახში. კარადაც კი ვერ გავაღე და გუშინდელი ტანსაცმელი ჩავიცვი.
- ნუ გეშინია, შევალ და ვნახავ. - ჩაეცინა და სადარბაზოს კარი გააღო. - წამოხვალ?
- კი, მაგრამ გოგონებს სძინავთ ჯერ...
- ოჰ, მძინარეებს იმაზე უფრო ნაკლები აცვიათ, ვიდრე სანაპიროზე? - გამეცინა მის სიტყვებზე და თავი გავიქნიე. ჯერ მე გამატარა სადარბაზოდან და შემდეგ თვითონაც წამომყვა. მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი ნებით გავყევი ირაკლის და მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი.
გვიფრთხილდი, თაგვო, მოვდივართ!
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება