სახლში აცრემლებული დავბრუნდი, თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა იმით გამოწვეული, რომ გული ამიჩუყდა, ნოსტალგია შემომაწვა და ცრემლები მომეძალა. არც ნაწყენი და გულნატკენი ვიყავი. გაბრაზებული უფრო მეთქმოდა, დამცირებული და შეურაცხყოფილი. ასე როგორ მოვტყუვდი? როგორ მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ირაკლისთან ასე მოვქცეულიყავი? ირაკლისთან, რომელსაც თურმე შეყვარებული ჰყავდა. "ფეისბუქზეც" კი შევედი მის პროფილზე და „ურთიერთობაშია" რომ დავინახე, კიდევ უფრო ძლიერად წამსკდა ცრემლები. რატომ ხარ ასეთი უიღბლო, გვანცი?
გაბრაზება ყელში მაწვება, როცა მახსენდება, როგორი თვალებით გამომხედა, ყვითელი „ხოჭოს" პატრონი რომ შეაფრინდა. შეშინებული უფრო იყო, ვიდრე დამწუხრებული. შეაშინა იმან, მე რომ ეს გავიგე. ნაძირალა.
და მე? სულელი, ატუტუცებული გოგო, რომელმაც ყველაფერი დაივიწყა, ყველა წყენა, ყველა ცრემლი, ყველა გაბრაზება. ყველაფერი ვაპატიე. ისიც კი, პირველი პაემანი რომ ჩამიშალა. და პასუხიც შესანიშნავი მივიღე. ეტყობა, ბიჭს მზის გულზე გართობა მოუნდა და ვერავინ რომ ვერ იპოვა, ისევ ნაცნობს მომადგა. აბა, რამე სერიოზულს ხომ არ წამოიწყებდა და შეყვარებულს უღალატებდა.
რომ დავემშვიდობე და იქვე გაჩერებულ ტაქსიში ჩავჯექი, მაშინვე ტირილი ამივარდა. დავტიროდი ჩემს შელახულ რეპუტაციას, დაკარგულ თავმოყვარეობას, დამცირებულ გვანცის... წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. ერთი სიტყვითაც არ უთქვამს, ჩვენ გაგიყვანთო, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჩავჯდებოდი იმ საშინელი ფერის მანქანის იმიტაციაში. ეგ კი არა, ერთმანეთიც გაგვაცნო მე და იმ ქალბატონს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქერათმიანმა ჭყიპინით რომ მითხრა, მე ეკაკო ვარო და ხელი გამომიწოდა, ირაკლიმ წარმადგინა, ეს გვანცაა, ერთად ვიყავით ლიდერებიო.
ლიდერებიო, ღმერთო ჩემო, გჯერათ?! ერთმანეთისთვის მხოლოდ კოლეგები ვიყავით, ანუ. მეგობარიც კი არ მიწოდა!
ჩემოდანი არც ამომილაგებია, ისევე შევძვერი საწოლში და საბანში გახვევა რომ მინდოდა, ისე დამცხა, თავი საუნაში მეგონა. ჯანდაბა, ამაშიც რომ არ გაგიმართლებს ადამიანს!
- ფეხით უნდა ჩამოვიდე, ყველაფერი რომ მომიყვე? - "ფეისბუქში" შეტყობინება რომ ამომიხტა, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, თათასთვის ჯერ კიდევ არაფერი მომიყოლია.
- შეყვარებული ჰყავს... - გავუგზავნე მოკლედ და შემდეგ, სანამ მის ღრიალს კილომეტრებიანი სიშორის მიუხედავად მაინც გავიგონებდი, გადაწყვიტე, ყველაფერი მომეყოლა...
წერის დროს კიდევ უფრო გავაანალიზე, როგორი სულელი ვარ. ასე ძალიან როგორ მოახდინა ზეგავლენა სულ რაღაც ათ დღეში? ყველაზე საძულველი მტრიდან ყველაზე სასურველ პიროვნებად როგორ გადაიქცა? არადა, მართლა ვერ ვიტანდი წლების განმავლობაში. მძულდა, მბურძგლავდა მისი დანახვისას, ჩემი ღამეული კოშმარი იყო ირაკლი ქავთარაძე.
ასეა, საკუთარ პრინციპებს რომ გადავაბიჯე, იმიტომაც დავისაჯე. და თან რა მწარედ? ლიდერობასაც დავუქნიე ათი დღით ხელი და ირაკლისაც, ოღონდ მას სამუდამოდ.
- დე, შეიძლება? - დაკაკუნების შემდეგ ჩემი საძინებლის კარი დედამ შემოაღო.
- კი, რა თქმა უნდა, შემოდი! - გავუღიმე და თვალები ისე მოვისრისე, თითქოს მეძინებოდა, სინამდვილეში კი უბრალოდ ცრემლების შეშრობა მინდოდა.
- შენი კლასელია მოსული, ქავთარაძე. სადარბაზოში დგას, ვერაფრით შემოვიყვანე სახლში. გვანციმ იცის, რა საქმეც მაქვსო. არ გახვალ? - კინაღამ ყვირილი ავტეხე, ეს რომ მითხრა, მაგრამ სწრაფადვე დავაჭირე ენას კბილი, დედას უბრალოდ გავუღიმე, ახლავე-მეთქი და მიზანმიმართულად გავემართე სადარბაზოსკენ. ირაკლი ერთადერთი არ იყო, ვისაც დასამთავრებელი საქმე ჰქონდა...
სახლიდან რომ გავედი, ჩემს კართან გარეთ გაგდებული ლეკვივით იდგა ატუზული და მაშინვე პირი გააღო რაღაცის სათქმელად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვაცადე. არაფრის მოსმენას არ ვაპირებდი, საერთოდ. ვერ მეტყოდა, რომ ეს გაუგებრობა იყო, არც სხვა სულელური ტყუილის მოფიქრებას დავაცდიდი. ყველაფერი ცხადზე უცხადესი გახდა მაშინ, მის "ფეისბუქზე" რომ შევედი. მართალია, თვითონ არც ერთი ფოტო არ ედო, მაგრამ ძვირფას ეკაკოს ჰყავდა მონიშნული თითქმის ყველაზე. გმადლობ, მარკ, სოციალური ქსელის შექმნისა და ცხოვრების გამარტივებისათვის.
- გვა... - სიტყვა გაუწყდა, როდესაც ჩემმა სილამ მარცხენა ლოყა აუწვა. იმდენად მწარედ დავარტყი, ხელიც კი მეტკინა, თუმცა ამაზე უარესსაც იმსახურებდა. მაშინვე გამოვბრუნდი და სახლში შესვლა დავაპირე, თუმცა, როგორც ბანალურ მელოდრამებში ხდება ხოლმე, მკლავში მწვდა, თავისკენ შემატრიალა და ჩვენი სახეები ზედმეტად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან.
არა, ნუ გაგეღიმათ, მე ის გოგო არ ვარ, ასე ადვილად რომ ნებდება ემოციებს. ყოველგვარი ისტერიკისა და ცრემლების გარეშე, მშვიდად მივაწექი ორივე ხელით მკერდზე და სანამ ისევ საუბრის დაწყების მცდელობა ექნებოდა, მე დავასწარი.
- არ გეგონოს, რომ რაღაც იდიოტობას მოახლაფორთებ და მე დაგიჯერებ! და არც ის გეგონოს, რომ ვიეჭვიანე და გული მეტკინა. უბრალოდ იცოდე, რომ შენი ცოდვების სიას ჩემთან, კიდევ ერთი მიემატა, მაგრამ ამჯერად, ამას აღარ გაპატიებ! - შემდეგ კი, მონოლოგის სრული ეფექტით დასრულებისთვის, გავუღიმე კიდეც და სახლში შესვლისას კარი ისე მივიჯახუნე, მამაჩემი რომ გამოვიდა ანთებული თვალებით, შეწუხებული სახე მივიღე, ეტყობა ორპირია-მეთქი და სასწრაფოდ ჩემს საძინებელში შევიძურწე.
გაგიკვირდებათ და, თითქოს მომეშვა. თითქოს ის სილა და ის სიტყვები მჭირდებოდა, საკუთარი თავისთვის რომ მეპატიებინა სისუსტე. ზუსტად ვიცოდი, საკუთარ სიტყვას არ გადავიდოდი და ამანაც მომცა ძალა. რადგან ვთქვი, რომ აღარ ვაპატიებ, ეს ასეც იქნება...
საინტერესოა, რით აპირებდა ყველაფრის ახსნას? ჩემი შეყვარებული არ არის, ჩამიდესო, მეტყოდა?! ან იქნებ ბიძაშვილად გაესაღებინა. ჰმ... არც ის იქნებოდა გამორიცხული, ეთქვა, მეგობარია და მისი შეყვარებულის საეჭვიანებლად დააყენა "ფეისბუქზე" „ურთიერთობა" ჩემთანო. შეიძლება დამეჯერებინა კიდეც, მაგრამ მისი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში იყო ჩადენილი - ის გოგო პირდაპირ ჩემ თვალწინ ჩამოეკიდა კისერზე და აკოცა კიდეც! ასე რომ, საეჭვო აღარაფერია. აშკარაა, შეყვარებული ჰყავს, რომელსაც ჩემთან უღალატა და მეც გამრია ამ სიბინძურეში. ან... იქნებ არც თვლის, რომ უღალატა? მხოლოდ რამდენიმე კოცნა იყო, მისთვის კი, შესაძლოა, უბრალო გასართობი. თუმცა მთავარია, მე უკვე ზუსტად ვიცოდი, ირაკლი ქავთარაძე, ჩემი ბავშვობის კოშმარი და პირადი სადისტი, ნამდვილად ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი იყო, რომელიც ჩემგან პატიებას არაფრის დიდებით არ ეღირსებოდა...
ის ზაზუნა მოკვდა.
ბევრი ჭამით და ძილით.
და ამ დრომდე მე არასდროს შემიდარებია თავი მისთვის. ჰმ, აშკარად საშინელი რამეა მოწყენილობა.
ისე გაუფერულდა გარშემო ყველაფერი. ზაფხულია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე ასფალტს ადუღებს, ისე აჭერს, გამთენიიდან შუაღამემდე ეზოდან ბავშვების ხმაური ამოდის. და ამ დროს, რას ვაკეთებ მე? არაფერს! საერთოდ არაფერს! მოხუცი შინაბერასავით, ორმოც გრადუს სიცხეშიც კი პლედში გახვეული ვწევარ, ჩამოშვებული ფარდებით ვაბნელებ ოთახს და გარედან შემოსულ ყველანაირ ხმაურზე ვილანძღები. საძინებელი - სააბაზანო - სამზარეულო. მხოლოდ ამათ შემოიფარგლება ჩემი მოძრაობის ტრაექტორია და ვცდილობ, არც კი ვიფიქრო იმაზე, რა უნდა ვქნა, ერთი კვირა რომ გავა და ბანაკში მომიწევს დაბრუნება.
არ მინდა. ძალიან, საშინლად, კატასტროფულად არ მინდა. არც ის ვიცი, მეშინია თუ უბრალოდ დავიღალე. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, კონტრაქტსაც დავარღვევ და ჯარიმასაც გადავიხდი, იქ რომ ირაკლი დამხვდეს. ვერაფრით შევძლებ მასთან ერთად მუშაობას. მუშაობას კი არა, მის დანახვასაც ვერ ავიტან. მობილურის ეკრანს მისი სახელი რომ ეწერებოდა, ამაზეც კი ისე გავღიზიანდი, საერთოდ დავბლოკე ნომერი. ფიქრიც კი არ მინდა მომხდარზე. რატომ მაინცდამაინც მე?
საშინელებაა იმის გააზრება, რომ საკუთარ პრინციპებს გადააბიჯე ბედნიერებისთვის და მაინც ჩაფლავდი. ხომ შეიძლებოდა, არ შემყვარებოდა? ხომ შეიძლებოდა, ისევ ისეთი დამოკიდებულება დამეტოვებინა, რამ გადამრია ათ დღეში? არასდროს ვყოფილვარ ისეთი სულელი, ერთი ნახვით რომ მომწონებოდა ადამიანი და ამავე ნახვის დროს დამეგეგმა, რას დავარქმევდი პირველ შვილს. ახლა რა დამემართა? ნუ, მართალია, ირაკლის ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ჩემს საქციელს!
- დე, გირეკავენ. - საძინებლის კარი შემომიღო დედამ. სახლის ტელეფონზე მირეკავს ვინმე?
- ვინ არის? - ამოვიბურდღუნე ისე, თავიც არ ამომიყვია პლედიდან. საერთოდ არავისთან საუბარი არ მსურდა ახლა. თათასაც კი ვუთხარი, მარტო ყოფნა მესაჭიროება და არ გეწყინოს-მეთქი, იმდენად არ მქონდა არაფრის თავი.
- შენი კლასელია, ირაკლი. მობილურზე ვერ დავუკავშირდიო...
- გაუთიშე. - ისე სწრაფად აღმომხდა, ვერც კი მოვახერხე ემოციების შეკავება. ერთიანად დამეჭიმა სხეული. წარმოსახვით, გამოგონილ ტკივილს კი არა, ფიზიკურად ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა ძარღვები, როგორ მტეხდა სახსრები და როგორ მაწვებოდა გულზე რაღაც, საშინლად მძიმე.
- უხერხულია, დედა, გუშინაც დარეკა, რომ გეძინა. ხომ იფიქრებს, რომ ვატყუებ?
- ეკა, არ მაინტერესებს, რას იფიქრებს. ან გაუთიშე, ან შემომიტანე და მე თვითონ გავუთიშავ. - ზედმეტად უხეშად გამომივიდა, თუმცა არც ეს მადარდებდა იმ მომენტში.
- რა უჟმური ხარ, გვანცა! - მომახალა დედაჩემმა ყოველგვარი შერბილების გარეშე სრული სიმართლე და ისე გავიდა ოთახიდან, მეტი აღარაფერი უთქვამს.
მასთანაც კი არ მილაპარაკია ამ დღეების განმავლობაში. მოვიწამლე-მეთქი, ურცხვად მოვატყუე და წამლებიც კი ვაყიდინე მუცლის ტკივილისთვის. არ ვიცი, საიდან დამყვა ისეთი კარგი სამსახიობო ნიჭი, ყველა რომ დავაჯერე, თუმცა როლში იმდენად შევედი, ლამის ექიმთანაც ჩავეწერე, ეჭვები რომ არ გასჩენოდათ.
და ამ ყველაფრის ფონზე, როცა მე ტყავიდან ვძვრები, ვაჟბატონს თურმე ჩემთან საუბარი სურს! როგორაა ასეთი თავხედი? კარგი, მე ჯანდაბას, იმ გოგოს მაინც რატომ გაუკეთა ასეთი რაღაც? და ამის შემდეგ ასეთ ადამიანს როგორ ვენდო? როგორ ვენდო ბიჭს, რომელიც ჯერ მე მეფიცებოდა სიყვარულს და შემდეგ თავის ნამდვილ შეყვარებულს სთხოვდა, ბანაკიდან ჩამოსულს მანქანით დახვედროდა?! ნამდვილი ვირია! უნამუსო, უპასუხისმგებლო, გაუზრდელი ვირი!
- გვანცა, ეს ტელეფონი არ ჩერდება და ან დაელაპარაკე, ან ვეტყვი, ამოვიდეს და გნახოს! აღარ მაქვს ნერვები! - კვლავ დედა შემომივარდა ოთახში. უკვე ისეთი გაღიზიანებული იყო, აშკარად საყვარელი სერიალის ყურებაში უშლიდა ირაკლის ზარები ხელს. ჰმ, როგორ ყველას გაბრაზებას ახერხებს ეს ბიჭი.
- გადადე, ვითომ დაკავებაა.
- გვანცა!
- რა? საოპერატოროში სულ მასე იქცევიან და დიდი რამე, ერთხელ ჩვენც თუ გავაკეთებთ იმავეს!
- მორჩა, ვეტყვი, რომ ამოვიდეს, თქვენ თვითონ მოაგვარეთ თქვენი პრობლემები, მე ნუ გამრევთ!
- დედა! - აი, ახლა კი ვიკადრე და წამოვჯექი. რას ჰქვია, „მე ნუ გამრევთ?! დედაც რომ ამას გეტყვის...
- მაშინ დაელაპარაკე!
- ახლა ვხვდები, რას გრძნობდა კეისარი, როცა „შენც, ბრუტუს?! აღმოხდა! - შევუბღვირე და ფეხშიშველი გავტანტალდი სახლის ტელეფონთან.
ყველა ჩემს ნერვებზე რატომ მოქმედებს? ნეტავ, აქაც რომ არ მეპასუხა, მერე რას მოიფიქრებდა, უპატრონო ძაღლივით სახლის კართან აიტუზებოდა და მთელი ღამის განმავლობაში იწკმუტუნებდა? თუ სამაშველო სამსახურს გამოიძახებდა, კარი ჩამეკეტაო და ფანჯრიდან შემოვიდოდა?! არა, მიზანდასახულ ხალხზე კი ვგიჟდები, თუმცა ირაკლი ამაში თავის სივირეს უფრო ავლენს, ვიდრე მიზანდასახულობას.
- რა გინდა? - ჩავძახე ისე, არც მივსალმებივარ.
- იცი შენ, რაც მინდა! - და აღარც მისი ხმა ჟღერდა წინანდელივით უსუსურად. უფრო პირიქით, გაბრაზებულიც კი ეთქმოდა და ლამის თვალები შუბლზე ამივიდა იმის გააზრებისას, გაბრაზებასთან ერთად, პრეტენზიული ნოტებიც რომ შევნიშნე მის ტემბრში.
- ბიძაშენი არ ვარ, ქალებში რომ წაგიყვანო. - დავისისინე და დედას შოკირებული სახე რომ დავინახე, ისეთი მზერით გავხედე, აშკარად მივახვედრე, თვითონ რომ მაიძულა ამ საუბრის წამოწყება.
- გვანცა, ან დამელაპარაკები, ან სხვა გზას გამოვძებნი საიმისოდ, ყველაფერი რომ აგიხსნა.
- შენ კი არა, ქიმიის მასწავლებელმაც ვერ გამონახა სხვა გზა, გაკვეთილი წესიერად რომ აეხსნა და ვერაფრით დამაჯერებ, ამაში მერიზე მაგარი თუ გამოდგები.
- ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
- ირაკლი, რა ჯანდაბა გინდა? რატომ არ მეშვები? ისედაც ხომ ვიცი, რაც უნდა მითხრა? რომ ეს ის არაა, რაც მე მგონია და...
- არაფერიც არ იცი! - შემაწყვეტინა მოულოდნელად. მოიცა, ამას თავი ვინ ჰგონია? თან საუბარს მთხოვს და თან არც მაცდის?! - დღეს, რვისთვის გამოგივლი და მზად დამხვდი.
- ფატა დავიდგა თუ ყვავილების გვირგვინი აჯობებს?
- გვანცი!
- ვიცი, რომ გვანცი მქვია! და ისიც ვიცი, რომ უნამუსო ვირი ხარ!
- ვარ! - ისეთ ხმით წარმოთქვა, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ალბათ, ტელეფონშიც გამოძვრებოდა. აშკარად უმტყუნა ნერვებმა... - მაგრამ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ მომისმინო.
- საიდან ამხელა ამბიცია? შენ საერთოდ რამეს იმსახურებ ჩემგან?
- გვანცი, ნუ აჭარბებ!
- კიდევ მე ვაჭარბებ, ირაკლი? - ვერც მივხვდი, ისე ავუწიე ხმას. ჭკუიდან გადავყავდი ამ ბიჭის პატივმოყვარეობას. ის მაინც აღიაროს, ცუდად რომ მოიქცა.
- გთხოვ...
ისე წარმოთქვა ბოლო სიტყვა, რამდენიმეწუთიანი დუმილი ჩამოწვა ჩვენ შორის. ვეღარაფრით ვახერხებდი ხმის ამოღებას. ვერც ის გავაცნობიერე, როდის წამომივიდა ცრემლები ან რატომ. ხომ შევპირდი საკუთარ თავს, საბოლოოდ რომ ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან? მერამდენედ უნდა გადავაბიჯო პრინციპებს? მერამდენედ უნდა დავიმცირო თავი?
მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა. მძიმედ და მონოტონურად სუნთქავდა. ამაზეც კი ეტყობოდა, როგორ გრძნობდა თავს. ხმასაც არ იღებდა, სანამ არ ვუპასუხებდი. ასეთი ხმით მხოლოდ მაშინ მესაუბრა, ანაკლიაში, საკონფერენციოს უკან რომ მთხოვა შეხვედრა. ისეთი სხვანაირი იყო მაშინ... იმ დღეს მეგონა, რომ ვერაფერი შეძლებდა ჩვენ შორის ჩადგომას. მეგონა, ერთმანეთის გვესმოდა...
- დღეს. რვაზე. - მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოვახერხე, სანამ ხმამაღლა ავღრიალდებოდი და სწრაფადვე გავუთიშე. ისე მიჭერდა ცრემლები ყელში, ისე საშინლად ვგრძნობდი თავს, თითქოს გარშემო ყველაფერი გაიდღაბნა. ის ოთახიც კი ნელ-ნელა პატარავდებოდა, სადაც ვიყავი და ვიჭყლიტებოდი. აღარსად იყო ჩემი ადგილი. საკუთარ სახლშიც კი აღარ. მეტი აღარ შემეძლო. იმას მაინც ვიმსახურებდი, სიმართლე მომესმინა და ალბათ, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რატომ მჯეროდა იმ ყველაფრის შემდეგაც, რომ ისეთი ბიჭი, როგორიც ირაკლი ქავთარაძეა, ახლა მაინც მეტყოდა, რა ხდებოდა ჩვენ შორის სინამდვილეში...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი