ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა, გააზრება რომ მომესწრო. ისეთი გრძნობა მრჩებოდა, თითქოს, ჩემი და ირაკლის გარდა, ყველამ ყველაფერი იცოდა, თავად ანამ და ბანაკის რამდენიმე ასეულმა ბავშვმაც კი. არადა, ვიცოდი, რომ სულაც არ იყო ასე. უბრალოდ, იმდენად მარტივად მიიღეს სიახლე...
მე კი... მე ისიც ვერ გამერკვია და აღმექვა ბოლომდე, როგორ გადაწყვიტა რამდენიმე კვირის გაცნობილმა წყვილმა დაქორწინება! ხაზს ვუსვამ, გაცნობილმა და არა შეყვარებულმა! მაინც ვერ ვხვდები... ანუ, ახლა მე და ირაკლი რომ... რა სისულელეა!
იმდენად აბსურდულად მეჩვენებოდა ყველაფერი, ჩემივე ცუდი თვისება უნდა ვაღიარო და ვთქვა, რომ ახალი ამბავი დიდად არ გამხარებია. რა თქმა უნდა, ის ნამდვილად მახარებდა, ჩემი მეგობრები ბედნიერები რომ იყვნენ, მაგრამ გულის სიღრმეში სწორედ მათ გამო მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ ზედმეტად იჩქარეს და არც იმას უარვყოფდი, დიდი ალბათობით, გული რომ ეტკინებოდათ...
შესაძლოა, ყველაფერი ჩემი პესიმისტური გონების ბრალიც იყოს, მაგრამ... მგონი, ერთი კვირაც არ გასულა წესიერად, რამ გაამწარათ ასე?!
– კიდევ არ ხარ მზად?! – ქარბორბალასავით შემომეჭრა თათა ოთახში. ჩემდა გასაკვირად, გიორგიმ და ნუციმ ბანაკში გადაწყვიტეს ხელის მოწერა. თუმცა ეს ქორწინებაც იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის, წესით, ამას აღარ უნდა გავეკვირვებინე...
– უცნაურად არ გეჩვენება ეს ყველაფერი? – ვეღარაფრით მოვითმინე, ვინმესთვის მაინც რომ არ გამეზიარებინა ჩემი ფიქრები.
– ორ კვირაში შეყვარება, უწი–პუწი, ქორწილი და მიყვარხარ–გიყვარვარ ამბები? – ისე მიაყარა, ეჭვიც აღარ გამჩენია, ჩემამდეც რომ ჰქონდა ამაზე ნაფიქრი.
– ჰო... – ამოვიოხრე ისე, თითქოს ქვეყანა გვექცეოდა თავზე.
– შენ ვისზე რას ამბობ? – თუმცა, სრულიად მოულოდნელად, მეგობარმაც ლახვარი გამიყარა ზურგში. შენც, თათა?!
– რა უნამუსო გოგო ხარ! – თვალებდაწვრილებულმა გავხედე და აფხუკუნებული რომ დავინახე, მივხვდი, ჩემ გასაბრაზებლად თქვა, თუმცა, ალბათ, სწორედ იმიტომაც მომხვდა გულზე, სიმართლე რომ იყო.
მართლაც, მე ვისზე რა მაქვს სათქმელი?! ისე მოულოდნელად და არაორდინარულად შემიყვარდა ადამიანი, აქამდე პირად სადისტად რომ მოვიხსენიებდი, ალბათ, ძალიან დიდხანსაც რომ მეფიქრა, საკუთარ ცხოვრებას ამ სცენარს მაინც ვერაფრით მოვუფიქრებდი.
და იქნებ სწორედ იმიტომაც ვღელავდი ამ ქორწილზე ასე ძალიან, ჩემი მომავალი რომ მეშლებოდა თვალწინ?! არ ვიცი... არც ის ვიცი, წავიდოდი თუ არა იმავეზე, ირაკლის რომ შემოეთავაზებინა. ასეთი გაურკვეველი და დაბნეული არასდროს ვყოფილვარ... ზოგადი უნარების გამოცდაზეც კი!
– მე კი ვარ უნამუსო, მაგრამ შენ არაპუნქტუალური ხარ და გამოეტიე ახლა როგორმე, სანამ ქორწილში კი არა, ბავშვის ნათლობაში მოგვიწევს მისვლა! – აჯიჯღინდა, მე რომ ისევ ფიქრებში გავერთე და არც გამხსენებია ქვემოთ ჩასვლა.
ნუ, ქორწილი ცოტა გადამეტებულად ჟღერდა... ბუნგალოში აპირებდნენ ცერემონიალის გამართვას და შემდეგ საკონფერენციო დარბაზში ტორტს და ტკბილეულს. ალბათ, მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმის ამოსახსნელად, რატომ იჩქარეს ასე ან რატომ მოუნდათ ასეთი ქორწილი...
– მე დიდი ქორწილი უნდა მქონდეს! – გადაჭრით წარმოვთქვი ბოლოს, სანამ ოთახიდან გავიდოდი და შემდეგ, თითქოს განგებამ დამცინა, სადარბაზოში, აბა, თუ გამოიცნობთ, ვის შევეჩეხე?! რა თქმა უნდა! ირაკლი ქავთარაძე ჩემი მუდმივი თანმდევია!
– დავიწყო სმოკინგის არჩევა? – ისე გამეკრიჭა, აშკარა იყო, ახლა რომ არ შემოსულა შიგნით.
– რატო, შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარე?! – ისე შევიცხადე, გაკვირვებული ტონიც კი გავურიე ხმაში და შემდეგ, მისი გაოგნებული სახის დანახვისას, თავი ძლივს შევიკავე, ლოყები რომ არ დამეჩქმიტა.
– დარჩები შენ შინაბერა! – დაისისინა „გაბუტულმა" და ჩემ გასაბრაზებლად, თათას გადახვია ხელი. ეჰ, ქავთარაძე, ქავთარაძე, რით ვერ ისწავლე, ასეთებზე რომ არ „ვვარდები"?
– სულაც არ მეშინია მაგის! – უდარდელად ავიჩეჩე მხრები. – დავუვლი თავშესაფრებს, ავიყვან კნუტებს და ვიცხოვრებთ ერთად და ბედნიერად მე და ჩემი კატები.
– მე მგონი, შენს დაქალს ძალიან უცნაური აკლიმატიზაციის პერიოდი აქვს... – ჩემ გასაგონად გადაულაპარაკა თათას და ამ უკანასკნელმაც, ისეთი სახით გადმომხედა, მზერითვე მეუბნებოდა ყველაფერს. არა რა, თათაზე მეტად მგონი, არც არავინ გვგულშემატკივრობს!
– ირაკლი, ძვირფასო, რაშია პრობლემა, იცი?! ასე სწრაფად ვერ ვეგუები სიახლეებს... თბილისში ჩასულს ისეთი სიურპრიზი დამხვდა, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ შოკიდან გამოსვლას და, ხომ ხვდები... – თვალები ავუფახუნე და გატრუნული დაველოდე რეაქციას.
აშკარად არ უნდა მეხუმრა ასე მწარედ. ეწყინა. ისე ეწყინა, არც კი უცდია დაფარვა. სახე ერთიანად წაეშალა და ისეთი თვალებით გამომხედა, აქეთ ვიგრძენი თავი დამნაშავედ. არადა, რა ვუთხარი ტყუილი? მერე რა, რომ ყველაფერი ამიხსნა. ფაქტი ხომ ჯიუტი იყო?! ფაქტზე მეტად კი, მე...
– ბუნგალოში დაგელოდებით! – ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ისე გავიდა, პასუხს აღარც დალოდებია.
არა, როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას?! ვერ ვიტან, როცა ასე უსიტყვოდ მტოვებს! თორმეტი წელი რომ ჩუმად იყო, ეგეც ვერ მომინელებია და ახლაც ასე აპირებს?! როდემდე?!
საშინლად გავბრაზდი. კი, მართალია, ყოველთვის მიყვარდა სიტუაციის კონტროლი და ლიდერის როლის მორგება, მაგრამ არა ასეთ ურთიერთობაში... სულაც არ მჭირდება ისეთი ურთიერთობა, სადაც როლები გვექნება გადანაწილებული. და ისეთი მით უმეტეს, ერთმანეთისთვის წყენის გაზიარების და თქმის ნაცვლად, გულში რომ ჩავიკლავთ. არა, განა რა ვთქვი ისეთი?!
– ნამდვილი აჯიკა ხარ! მეგრული! – თავი გადაიქნია თათამ. პირველად მიწოდა ის სახელი, რითაც მას მოვიხსენიებდით მთელი სამეგობრო და ამან კიდევ უფრო დამამძიმა. რამე ისეთი რომ არ ჩამედინა, არაფრის დიდებით გამამტყუნებდა. ანუ მართლა შემეშალა?
– ჭკუიდან გადავყავარ! – ამოვიოხრე ბოლოს. – აი, ხომ შეიძლება, ასე გაბუტვის და გაქცევის ნაცვლად, მითხრას? თუნდაც მეჩხუბოს!
– რამდენი რამე უნდა გითხრას, ბოლოს შენითაც რომ ისწავლო დანახვა? იქნებ ის შენგან ელოდება იმავეს?! – თვალები დამიქაჩა და შემოლაწუნებასავით გამოუვიდა, ისე გამომაფხიზლა. არა რა, ამაში მაგარი მყავს! ერთს მეტყვის და ისეთს, წამებში მიმახვედრებს იმის პასუხს, რაზე დარდშიც მე შეიძლება ღამეები გავათენო.
– ანუ უნდა, რომ აქეთ ვეხვეწო და ვდიო? თავს იფასებს?! – მაინც არ გავტყდი ბოლომდე, თუმცა, თათას ისეთი სახე გაუხდა, აშკარა იყო, მორალურად თუ არა, ფიზიკურად ნამდვილად გადამტეხავდა...
– შენ ხარ პატარა ჯორი! ჯიუტი და ჯიქი! სულ რომ ხილვა გქონდეს ზეციური, ირაკლის იქით გზა არ გაქვს და ისაა შენი ბოლო ბედიო, მაინც ორჭოფობას დაიწყებ! არა, აი, მართლა ვერ ვხვდები, რას ელოდები? რაღას ელოდები, გვანცი? რა უნდა მოხდეს, შენს გრძნობებში რომ დარწმუნდე და აღარც ის ბიჭი ტანჯო და არც საკუთარი თავი? პატარა გოგო ხარ? როდისმე გადაწყვეტილების მიღება გაგჭირვებია? თუ შტერი ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, რა გინდა?
– ნუ მეჩხუბები! – შევაწყვეტინა სასწრაფოდ, სანამ საბოლოოდ ამიჯანყებდა სინდისს, თუმცა მაინც მოასწრო... უფრო ზუსტად კი, თავად თათა მომევლინა ჩემი სინდისის სახით და ხმამაღლა მითხრა ის სიტყვები, რასაც, ქვეცნობიერში, საკუთარ თავსაც ვეტყოდი, მე თვითონვე რომ არ ჩამეტენა მისთვის პირში ვაშლი და გაჩუმება არ მეიძულებინა.
– არ გეჩხუბები! აი, საერთოდ არა! – აღშფოთებულმა გაშალა ხელები. ისეთ სტადიაზე იყო, მივხვდი, რომ სერიოზულად გავაბრაზე.
– თათ...
– მე მინდა, რომ ბედნიერი იყო! და მინდა, რომ შენს გულს დაუჯერო! ასეთი ძნელია? უბრალოდ, ერთხელ მაინც გააკეთე, რაც მართლა გინდა. და მიხვდები, რომ სინამდვილეში, სწორედ ეს გინდოდა ყოველთვის და გადაწყვეტილებას, რომელსაც გულის კარნახით მიიღებ, ვერ ინანებ! ვერ ინანებ, რადგან შენ გვერდით ვიღაც ახალგაცნობილი, აფერისტი და ნაძირალა კი არა, ის ბიჭი იქნება, რომელსაც თორმეტი წელი ჩუმად და უსიტყვოდ მხოლოდ იმის გამო უყვარდი, შენი პირადი კომფორტი რომ არ დაერღვია და შენ არ გეგრძნო თავი ცუდად! – ერთი ამოსუნთქვით მომაყარა და ბოლოს, ხელებიც ასწია, მე მეტი არაფრის მთქმელი აღარ ვარო...
პრინციპში, არც მჭირდებოდა ეს ჟესტი. და ერთი სიტყვაც კი აღარ მჭირდებოდა საიმისოდ, გადაწყვეტილება რომ მიმეღო. მართალი იყო თათა. მართალი, როგორც ყოველთვის და ალბათ, ეს იმის წყალობითაც, საკუთარ თავზე უკეთ რომ მიცნობდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, თბილისში ყოფნის დღეები უაზრო გლოვასა და ტირილში რომ არ გამეტარებინა და მისთვის მომეყოლა ყველაფერი, მაშინვე მომიგვარებდა პრობლემას. საოცარი გოგო იყო. ისე მარტივად შეეძლო უდიდესი გადაწყვეტილების მიღებაც კი, ზოგჯერ მშურდა მისი ამ თვისების.
და ახლაც, სწორედ მისი დამსახურება იყო, საბოლოოდ რომ გავერკვიე საკუთარ სურვილებში და უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, ვისთან მინდოდა და როგორ მივაღწევდი ამ ყველაფერს ისე, ჩემი ადამიანისთვის ის წყენა რომ დამევიწყებინა, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში, ნებით თუ უნებლიეთ ვაყენებდი...
გაგრძელება იქნება
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი