ცხოვრებაში ყოველთვის მეშინოდა იმის, გამოუსწორებელი შეცდომა არ დამეშვა.
თავიდან, პატარა რომ ვიყავი, იმის მეშინოდა, რამე არ შემშლოდა, რამე არ გამეფუჭებინა, ვინმესთვის შემეთხვევით ბურთი არ მომერტყა.
შემდეგ, სკოლაში რომ შევედი, უკვე იმის მეშინოდა, მასწავლებელს არ გამოვეჭირე, როცა ვცელქობდი, ან მშობელთა კრებაზე წასული დედაჩემი სახლში მოწყენილი და გაბრაზებული არ დაბრუნებულიყო.
წლები კიდევ რომ მომემატა და გარდატეხის ასაკი დამიდგა, უკვე იმის მეშინოდა, ჩემ გამო სხვებს არ შერცხვენოდათ. ჩემი სიამოვნებისთვის ისეთი რაღაც არ გამეკეთებინა, მათ რომ ენანათ საერთოდ ჩემი არსებობა.
მეშინოდა, ნდობა არ დაეკარგათ და შემდეგ აღარაფერი დაეჯერებინათ, თუნდაც, აშკარა სიმართლე ყოფილიყო.
ადამიანებისთვის გულის ტკენის კი ისე არასდროს შემშინებია, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში. კი, ყოველთვის მეგონა, რომ ძალიან გულისხმიერი, თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი და საერთოდაც, უფრთო ანგელოზი ვიყავი, მაგრამ ირაკლისთან ურთიერთობამ ისეთი რაღაცების დანახვა მასწავლა...
მასწავლა დამენახა, რომ შეიძლება ადამიანს თორმეტი წელი უყვარდე და არ გითხრას.
არ გითხრას მხოლოდ იმიტომ, რომ შენვე გაგიფრთხილდეს. სულ სხვანაირად დავინახე ეს ადამიანი. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემი სიყვარულის ისტორია ასე კი არა, ოდნავ მსგავსად მაინც თუ განვითარდებოდა.
რატომღაც, ფიქრებში ყოველთვის ზედმეტად სერიოზული, საქმიანი, ისეთი კაცი წარმომედგინა, მისი ერთი სიტყვაც რომ მილიონად ფასობს, ყოველთვის დაკავებულია, საქმეებს აგვარებს, ძვირად ღირებულ კოსტიუმშია გამოწყობილი და სულ დაბღვერილი დადის, მაგრამ შენ გიღიმის. არ ვიცი, რატომ მქონდა ასეთი აკვიატება, მაგრამ მინდოდა, ჩემი კაცი მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო კარგი.
შესაძლოა, ზედმეტად ბევრი ფილმის ნახვითა და ისტორიის წაკითხვით ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, ირაკლისნაირი ადამიანი ჩემ გვერდით არასდროს წარმომედგინა.
როგორ ვთქვა, ზედმეტად მხიარული იყო. ზედმეტად აქტიური. ზედმეტად მეგობრული...
სხვანაირი ბიჭი იყო. ვერასდროს რომ ვერ მოიწყენ მის გვერდით, ისეთი. აი, ნებისმიერ ადამიანს რომ ენდომება მისნაირი მეგობარი, მაგრამ, სიმპათიურობის მიუხედავად, მაინც არასდროს შეხედავს ისე, როგორც ბიჭს.
რომ არა ჩემი თავდაპირველი დამოკიდებულება მის მიმართ, ალბათ, ჩვენც მეგობრებად დავასრულებდით და საერთოდ ვერ შევძლებდი მის აღქმას საპირისპირო სქესის წარმომადგენლად, მაგრამ, უნდა ვაღიარო, მადლიერიც ვიყავი იმ თორმეტი წლის გამო, ეს რომ ავიცილეთ თავიდან.
შესაძლოა, უსაშველოდ მკაცრი და წარბებშეჭმუხნილი არ იყო, მაგრამ მის გვერდით არც მე მჭირდებოდა პრიალაფურცლებიანი ჟურნალიდან გადმომხტარი ქალი ვყოფილიყავი. არ იყო საჭირო ზედმეტი დაძაბულობა, სიტყვების კონტროლი, სუნთქვის შეკვრა და პანიკის ატეხვა იმის წინ, სანამ რამეს ვეტყოდი.
შემეძლო ის ვყოფილიყავი, ვინც ვიყავი რეალურად.
და ალბათ, სწორედ ამ რეალური, ბუნებრივი და მარტივი ურთიერთობის გამო შემაყვარა ამ ადამიანმა თავი ასე ძალიან...
* * *
ქორწილმა ისე კარგად ჩაიარა, ვერც კი წარმოვიდგენდი. ნუ, შეუძლებელია არ გემხიარულა ისეთ ხალხმრავალ წვეულებაზე, როგორიც გიორგისა და ნუცის გამოუვიდათ, მაგრამ მაინც ზედმეტად კარგი, შინაურული და თბილი იყო ყველაფერი. ალბათ, ამიტომაც მიიღეს ასეთი გიჟური გადაწყვეტილება.
ისეთი საყვარლები იყვნენ. ანას წააკითხეს სპეციალური სიტყვა, ორივეს ზედმეტად დრამატულად რომ ეთქვა „თანახმა ვარ". ლამის ისიც კი მოისურვეს, ვინმე შევარდნილიყო ბოლოს და ეთქვა, მოიცადეთ, მე ვარ წინააღმდეგიო. ბრაზილიურ სერიალს ჰგავდა ყველაფერი, ოღონდ ამ სერიალის შუა ნაწილს კი არა, სადაც ყველაფერი მართლაც თავდაყირა დგება და ფრანკო ხუანის დედა გამოდგება საბოლოოდ, არა, პირიქით, ბოლო სერიასავით ტკბილად და ლამაზად წავიდა ყველაფერი.
ნუ მკითხავთ, საიდან მაქვს სერიალებზე ამდენი ინფორმაცია... არ არის საჭირო ბნელი წარსულის გახსენება!
მაგრამ ლამის მართლა სერიალის გმირივით მოქცევა მიწევდა, როგორმე ირაკლის ყურადღება რომ მიმექცია. საერთოდ არ მიმჩნევდა! და არც სექსუალური მეჯინიბე გვყავდა სადმე, მისი საშუალებით რომ მეეჭვიანებინა.
– რატომ იყურები მელასავით! – გვერდით ამომიდგა თათა, ტორტის მოზრდილი ნაჭერი რომ დაისაკუთრა.
– რა შემატყვე?! – გამეცინა და ნებართვა არც მითხოვია, მისივე ჩანგლით, მისივე თეფშიდან, მისივე ტორტს რომ ჩამოვაჭერი კრემის ფენა.
– აი, ახლა უკვე დაპყრობაზეც გადახვედი!
– დალიე უკვე, არა? – თავი გადავიქნიე და ირაკლი რომ დავინახე ჩვენ სიახლოვეს, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მანამდევე გაგვეცალა. არა, აშკარად ძალიან ვაწყენინე!
– ჰე ახლა, თქვი!
– რა ვთქვა?!
– რა გეგმა გაქვს! – თვალები აატრიალა. ნერვები მოეშალა ჩემ მიუხვედრელობაზე, არადა, მართლა არ მქონდა არანაირი გეგმა. უბრალოდ, მინდოდა დავლაპარაკებოდი და მეთქვა, რომ გვეცადა. ის კი, საერთოდ, ზედაც აღარ მიყურებდა.
– უნდა დავიმარტოხელო, ნაბადში გავახვიო და შემდეგ მამამისთან დავარეკინო, კარგი გოგოა მამა, თან, მოსახდენი უკვე მოხდა და ვრჩებიო!
– რა დეგენერატი ხარ, გვანცი! – ტორტი გადასცდა, იმხელაზე გაეცინა და შემდეგ ისეთი ხველა აუტყდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. არადა, ისეთი განსაკუთრებული არაფერი მითქვამს...
რეალურად, მართლა ვერანაირ გზას ვერ ვპოულობდი, ჩემს პირად სადისტად წოდებულ ადამიანთან მარტო რომ დავრჩენილიყავი და მშვიდად გვესაუბრა. ისიც აშკარა იყო, მინიმუმ დღეს ეს რომ არ გვეწერა. წვეულება გვიანობამდე გაგრძელდებოდა, შემდეგ, ღამით ახლად დაქორწინებულები უნდა გაგვეცილებინა, დილით კი, მე და ირაკლი უკვე იმ გუნდის ლიდერების ამპლუაში ამოვყოფდით თავს, თანაც ერთად, ჩვენი მეგობრები რომ ხელმძღვანელობდნენ აქამდე. მოკლედ, ორი სიტყვით რომ ვთქვათ, შარში ვიყავი!
დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც გეცოდინებოდათ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, ექსტრემალურ სიტუაციაში გონება განსაკუთრებით კარგად რომ მუშაობს. თითქოს, სისხლი ტვინს უფრო სწრაფად მიეწოდება და პირდაპირ ის ფრაზები მოგდის თავში, რასაც, როგორც წესი, ჩხუბის დასრულების შემდეგ ვიფიქრებთ ხოლმე, უკეთესი იქნებოდა, ეს გვეთქვაო.
მეც ასეთი უნიკალური ვიყავი ბავშვობიდანვე. გამოუვალ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდებოდი, მხოლოდ მაშინ ვამუშავებდი ტვინს გამალებით და შემდეგ ისეთი აღსაფრთოვანებელი იდეები მომდიოდა, მე თვითონვე მომწონდა.
ახლაც ასე მოხდა. მაგრამ ამჯერად, აღსაფრთოვანებელთან ერთად, ჩემი გეგმა, ცოტათი, სულ სულ ოდნავ საშიში და ბოროტულიც იყო.
ფაქტობრივად, ისე გამომდიოდა, გიორგისა და ნუცის დღეს ვპარავდი და ვისაკუთრებდი, საკუთარ ცხვირსაც ვყოფდი მათ ამბავში და ირაკლისაც მოვათრევდი, მაგრამ მაინც ვერაფრით შევიკავე თავი, რაღაც სასწაულებრივი ძალის წყალობით, მუსიკალურ აპარატურასთან მარტო რომ აღმოვჩნდი.
არასდროს მიფიქრია მსგავსი რამის გაკეთებაზე. შანსი ბევრჯერ მქონია, თუნდაც გუშინ, გამთენიისას, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაჩერებდა. რაღაც მაიძულებდა, უარი მეთქვა და ბოროტულად არ მეხითხითა ამის განხორციელებისას.
ვიცოდი, რომ ცუდი საქციელი იყო. ისიც ვიცოდი, ამდენ ხალხს ასე ტყუილუბრალოდ რომ ავაფორიაქებდი და დავაფრთხობდი.
ისიც კარგად ვიცოდი, მაგრად რომ მომხვდებოდა ადმინისტრაციისგან, მაგრამ ვეღარაფრით შევიკავე თავი.
რამდენიმე წამში, მთელი ბანაკის ტერიტორიაზე ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ლიდერთა განგაში და ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, ანაკლიის სანაპიროზე კი არა, ლამის „ფორტი ბოიარდში" მეგონა თავი.
ისე სწრაფად მობილიზდა ყველა. როგორც ხდებოდა ხოლმე, მთავარი სცენისკენ გამოიქცნენ ლიდერები, ნუცი და გიორგიც კი იქ იყვნენ და დაძაბული, შეშინებული სახით იყურებოდნენ. აშკარა იყო, არც ის უნდოდათ, რამე ცუდი მომხდარიყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ სურდათ, ეს რამე მათ ქორწილში რომ დაწყებულიყო.
დიდხანს აღარ გამიგრძელებია, მალევე ავედი სცენაზე ხმის გამაძლიერებლით. აი, დაახლოებით ისეთით, მიტინგებზე რომ დააქვთ ხოლმე და ოპონენტის გადადგომას ითხოვენ. ეს კი, მართლა წარმოდგენა არ მქონდა, რატომ გვქონდა ბანაკში!
– წინა ხაზზე ვიძახებ ქავთარაძეს! – ისეთი ხმით წარმოვთქვი, თავი ლამის მართლა გენერალი მეგონა.
და არც მჭირდებოდა გამოძახება. ისედაც, ცოტათი შოკირებული, ცოტათი შეშინებული და ძალიან გადარეული სახით მიყურებდა და თვალებით მეკითხებოდა, რა ჯანდაბას ვაკეთებდი. სულ ცოტაც, ირაკლი, სულ ცოტაც, ისედაც მალე მოეფინება ყველაფერს ნათელი!
– გთხოვთ მაპატიოთ ეგოიზმი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო! არ მირიგდება ეს ადამიანი და იმის საშუალებასაც არ მაძლევს, რომ დაველაპარაკო! – დავიწყე გულახდილი მონოლოგი და მაშინვე შეეცვალა სახე.
ჯერ თვალები აატრიალა, შემდეგ სახეზე აიფარა ორივე ხელი და ბოლოს, სრული ეფექტისათვის, სცენაზეც კი ამოვიდა და მკლავში ჩამავლო ხელი, თავისი ჭკუით, ქვემოთ რომ ჩავეყვანე, მაგრამ ის კი არ იცოდა, ასე სწრაფად რომ არაფრის დიდებით არ დავნებდებოდი.
– განგაში ერთადერთია, რითაც დღეს ამ ადამიანის ყურადღებას მიქცევა შევძელი! და საერთოდაც, აქაურობა ის ადგილია, სადაც მან შეძლო და ცხოვრება თავდაყირა დამიყენა!
– გეყოფა, გვანცი, ჩამოდი ქვემოთ! – შედარებით შერბილებული ხმით მთხოვა, უკვე ყველა ჩვენზე საუბრობდა.
– არ მეგონა, ოდესმე ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ ისე შეძლო ჩემთვის თავის შეყვარება, დღემდე ვერ ვხვდები, რა ჯადო გამიკეთა ასეთი!
– გვანცი...
– მაგრამ ძალიან, ძალიან ცუდად, საშინლად მოვექეცი!
– გეყოფა ახლა!
– ამიტომ მინდა როგორმე მაინც შევძლო საკუთარი დანაშაულის გამოსწორება... – ჯიუტად არ ვნებდებოდი. აუცილებლად უნდა მიმეყვანა დაწყებული ბოლომდე და ჩემ წინ მდგარ ბიჭს ლამის გული გაუსკდა, მეგაფონი პირდაპირ სახესთან რომ მივუტანე და ისე ჩავყვირე.
– ირაკლი ქავთარაძე, მზად ხართ მაპატიოთ და შეიცვალოთ სტატუსი, რომელსაც თორმეტი წელი ატარებდით?! მზად ხართ შეელიოთ პირად სადისტობას? და აიტანოთ თქვენ გვერდით გოგო, რომელიც ყველა შესაძლო შემთხვევისას მხოლოდ იმის გამო გეჩხუბებათ, შემდეგ თავიდან რომ შეგირიგდეთ?! მზად ხართ აიტანოთ გოგო, რომელიც ყველაფერს თვითონ აფუჭებდა და თქვენ გაბრალებდათ? გოგო, რომლის გამოც, ვფიქრობ, ხელფასის ნახევარი დაგექვითებათ... ანა, იქნებ გვაპატიო! – მოულოდნელად გავხედე და შემდეგ ისევ ირაკლის დავუბრუნდი. – მზად ხართ კიდევ ერთხელ მაპატიოთ და ისეთი მძიმე მისია იკისროთ, როგორიც ჩემი, მსოფლიოში ყველაზე სულელი და მიუხვედრელი გოგოს, გვანცა დანელიას შეყვარებულობაა?
ისე მივაყარე, არაფრით მივეცი იმის უფლება, რომ შეეწყვეტინებინა. არც ის ვაცადე, სცენიდან რომ ჩავეყვანე, იმის შიშით, დალია და სისულელეს იტყვისო. ნუ, შეიძლება სისულელეები კი მართლა ვილაპარაკე, მაგრამ, ფაქტია, ტყუილი რომ არაფერი მითქვამს. ყველაფერი გულიდან ამოვიღე და ისე ძალიან მინდოდა სცოდნოდა, ისე მინდოდა ეგრძნო, რომ გულწრფელად ვნანობდი, საერთოდ არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდნენ სხვები.
და ისიც შევატყვე, როგორ ეცვლებოდა ნელ-ნელა სახე. თითქოს, გაბრაზება ბარგს ალაგებდა და ნელ-ნელა მიიპარებოდა, ადგილს კი იმ თბილ მზერას და ოდნავ თვითკმაყოფილ ღიმილს უთმობდა, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. თვალებიც უცნაურად აუციმციმდა, ან მე მომეჩვენა ეს ყველაფერი განსაკუთრებულად. ერთი კია, მეგაფონის ხმით ცოტათი შევაწუხე, მაგრამ არც ამას იმჩნევდა და გმირულად მიძლებდა. არა, ამ ბიჭზე უკეთესს ცხოვრებაში ვეღარავის შევხვდები!
– აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე, რომ გავბუტულიყავი? – ჩაეცინა ცერად და ხმის გამაძლიერებელი გამომართვა. ისეთი მომენტი იყო, ფილმი რომ ყოფილიყო, უეჭველად რაიმე სერიოზულ მუსიკას დაადებდნენ, დაახლოებით ისეთს, შემდეგ "გრემზე" რომ წარადგენდნენ და მოიგებდნენ კიდეც ნომინაციას.
ჰმ, აშკარად ვნერვიულობ... ასეთი შედარებები მხოლოდ პანიკის დროს მახსენებს თავს...
– მზად ხარ? ან კიდევ გინდა? – ვკითხე ისე, ძლივსღა ვახერხებდი ნორმალური ხმის შენარჩუნებას. გული უკვე ყელში მქონდა მობჯენილი და ცოტაღა მიკლდა ემოციურ აფეთქებამდე.
– რავი, შენ? – გამიცინა ისე, იმ მომენტში მომანდომა, ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული იყო, შემდეგ კი, აღარც დამაცადა ხმის ამოღება, ისე მიმიკრა გულზე.
ჩვენი ისტორია კი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, თორმეტი წლის წინ დაწყებულა და ვერც ვერაფერი შემიმჩნევია აქამდე, სინამდვილეში, სწორედ ახლა, ზუსტად მაშინ დაიწყო, სიამაყე რომ დავამარცხე და თავადვე გამოვუტყდი იმაში, რასაც მთელი არსებით ვგრძნობდი. და ალბათ, არც არაფერი სჭირდება ადამიანს ამქვეყნად მეტი, რადგან მხოლოდ ორ რამეს ვგრძნობდი იმ მომენტში: უსაზღვრო ბედნიერებას და სიყვარულს, რომელიც, ზუსტად ვიცოდი, იმ ზღვასავით მღელვარე და თვალუწვდენელი იქნებოდა, რომლის სანაპიროზეც ვიდექით ჩვენ, ასე ჩახუტებულები და სიყვარულს, რომელიც ყველანაირ დაბრკოლებას გადამალახვინებდა, რადგან გვერდით ის ადამიანი მეყოლებოდა, ახლა ასე ძლიერად რომ მხვევდა მკლავებს და საერთოდ მავიწყებდა, ჩვენ გარდა, კიდევ ვინმე თუ არსებობდა ამქვეყნად მეტი...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი