ნანიმ პირველად მე გამიმხილა, რომ კიბო სჭირდა. მგონი, ქმრისა და სხვა შვილებისთვის არც არაფერი უთქვამს ამის შესახებ, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან...
რომ ჩამოვიდა, მეგონა, იმ სახლში დარჩებოდა, ბებია-ბაბუასგან რომ გვერგო, მაგრამ ჩემთან ისურვა რამდენიმე დღის გატარება და უარი ვერ ვუთხარი. მის მზერაში რაღაც ისეთი დავაფიქსირე, რაც სხვა დროს არ შემიმჩნევია. დედაჩემს მხიარული და უდარდელი გამოხედვა არც არასოდეს ჰქონია, მაგრამ მაშინ მის თვალებში მაინც სხვა ტკივილი იყო...
მთხოვა, მცხეთაში წამეყვანა. ყველა ტაძარი მოიარა, სანთლები დაანთო, შესაწირავი გაიღო და იტირა კიდეც. გაოცებულმა შევხედე:
- რამე ცუდი ხდება?!
- რესტორანში შევიდეთ, ვისადილოთ! - მითხრა პასუხად და თვითონ შეარჩია ისეთი ადგილი, რომლის ღია აივნიდან საოცარი ხედი იშლებოდა...
საჭმელს თითქმის არ გაჰკარებია და არც მე ვიყავი ჭამის ხასიათზე:
- არ მეტყვი, რა ხდება?!
თვალებში ჩამხედა და ლაპარაკი მძიმედ დაიწყო:
- ნია, ძალიან მიყვარხარ, დიახ, - იმაზე მეტად, ვიდრე შენი ნახევარდები. მათთვის არც ისე კარგი დედა ვიყავი, - არასდროს გამინებივრებია სიყვარულითა და ალერსით. შენ გვერდით რომ არ მყავდი, მეგონა, არც ისინი იყვნენ ამისი ღირსები. კიდევ კარგი, ჩინებული ადამიანია ჩემი ქმარი, იმან შეძლო ჩვენ შორის გაუცხოების კედლის დანგრევა და დაარწმუნა ისინი, რომ გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია, თორემ საუცხოო დედა ვარ. სინამდვილეში კი არც ასეა საქმე და არც ის ვიცი, რა დამსახურებისთვის მომცა უფალმა ამოდენა ბედნიერება, სამი შვილის სახით...
- მამაჩემი გიყვარდა?
- არა! მისი მეშინოდა და არც ის ვიცი, მას თუ ვუყვარდი... მისთვის თოჯინასავით ვიყავი, რომელსაც სიყვარულის გარდა ყველაფერს აძლევდა... მას არც შენი დაბადება უნდოდა, რადგან ქურდული ცხოვრების წესი ამის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ რადგან დავორსულდი, ცოდვას ვერ ვიტყვი, არც უხსენებია აბორტი და რომ ეცოცხლა, არც შენ მოგაკლებდა საჩუქრებსა და ფუფუნებაში ცხოვრებას, მაგრამ მთავარს - სიყვარულს ვერ მოგცემდა...
სანამ მამაშენი გაჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, თანაკლასელი ბიჭი მიყვარდა. მეგონა, მასაც ისეთივე სიძლიერით ვუყვარდი, როგორი გრძნობაც მე მქონდა მის მიმართ. მამაშენი რომ მოკვდა, მნახა და რომ მეგონა, ცოლობას შემომთავაზებდა, მითხრა, რომ სახელგატეხილ ქალს ოჯახში ვერ შეიყვანდა და მხოლოდ საყვარლად თუ დამისვამდა. ეს რომ მაკადრა, საოცარი სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართაც და ყველაფერი ქართულის მიმართ, რადგან მხოლოდ აქ თუ დაუძახებენ ჩემს ბედში აღმოჩენილ ქალს უღირსს და ბედნიერების უფლებას წაართმევენ. ამიტომ, მოსკოვში წავედი და უკან დაბრუნებაზე აღარც მიფიქრია. მინდოდა, როგორც კი სწავლას მოვრჩებოდი და ცხოვრებას ავიწყობდი, შენც წამეყვანე, მხოლოდ შენთვის მეცხოვრა, მაგრამ სლავას შევხვდი. დავრწმუნდი, რომ ღირსეული ადამიანი იყო და სწორედ მას შეეძლო ჩემნაირი ქალის გაგება. სლავამ შენც შეგიყვარა, მაგრამ შენ არ უჩვენე გული... იცი, ნიაკო, შენც მამას ჰგავხარ და მისგან გამოგყვა მძიმე ხასიათი. როგორც მამაშენს არ შეეძლო სხვისი სიყვარული და გაგება-პატიება, შეცოდება, შენც ისეთი ხარ, მაგრამ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მაინც მიყვარხარ...
- თუ იცოდი, რა მძიმე გენებიც მერგო მამისგან, მით უფრო არ უნდა მიგეტოვებინე და ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა ჩემი გულისა და გრძნობების გასათბობად! - დედას ისევ ვუსაყვედურე.
- რადგან სიმართლის თქმის დრო მოვიდა, ბოლომდე გეტყვი ყველაფერს: მამაშენის ისე მეშინოდა, რომ არც შენი დაბადება გამხარებია და მეგონა, არ მიყვარდი - სამშობიაროში შენ მიტოვებას ვაპირებდი, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს ამის ნება...
ეს ჩემთვის სიახლე იყო - პირველად მესმოდა, რომ მშობელი დედა სამშობიაროში მიტოვებას მიპირებდა...
- ამის შემდეგ კიდევ იტყვი, რომ ჩემზე ძვირფასი არავინ გყავს მზისქვეშეთში?!
- ამას სიცოცხლის ბოლო წუთამდე გავიმეორებ და ადრე თუ გვიან, დაიჯერებ ჩემს სიყვარულს - ცხოვრება დაგანახვებს, რომ დედასავით არასოდეს ეყვარები ვინმეს... მე კი, ძუძუ მოგაწოვე თუ არა და შენი სითბო ვიგრძენი, მაშინვე ვინანე, მიტოვებას რომ გიპირებდი, მაგრამ შენსავით ჯიუტი ვარ და კარგა ხანს არ ვუმხელდი თავს. იცი, მამაშენის ახლაც მეშინია და არ მინდა, სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში შევხვდე მას...
- საბედნიეროდ, სიკვდილამდე ჯერ შორია! - ვცადე მისი დამშვიდება.
- არც ისე შორსაა დასასრული, კიბო მაქვს! - მითხრა ისე მშვიდად, თითქოს ბეჭზე ამოსულ ძირმაგარაზე ლაპარაკობდა...
- რა სისულელეა?! - შევხედე დამფრთხალმა.
- ექიმი ვარ და კარგად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს - დიდი-დიდი, წელიწადი შევძლო ღირსეული ცხოვრება, მერე კი ყოველი დღე დაცემის და განადგურების იქნება... მინდა სიკვდილამდე ვიგრძნო, რომ მაპატიებ, შემიყვარებ და რომ აღარ ვიქნები, მოგენატრები...
ახლაც არ ვიცი, რა ვიგრძენი მაშინ.
ალბათ ძალიან უნდა მწყენოდა, მტკენოდა, შემშინებოდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, გულში ისევ სიცარიელესა და გულგრილობას ვგრძნობდი და დედა მიმიხვდა:
- მინდა, ეს ერთი წელიწადი მაინც წამოხვიდე ჩემთან მოსკოვში და ბოლოს და ბოლოს, გავიცნოთ ერთმანეთი! - ხმა გაებზარა დედას და ამის შემდეგ მაინც უნდა დამეთმო მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი:
- ვერ წამოვალ... გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს და მათ შორის, გამოჯანმრთელებასაც, მაგრამ არ შემიძლია მოგატყუო და გეთამაშო, რადგან ახლა მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და რომ ვერ წარმომიდგენია უშენობა...
- შენ მამაშენზე საშიში და სასტიკი ხარ, ნია! - მითხრა დედამ და წამოდგა. - სახლში წავიდეთ, მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი...
2 დღის შემდეგ ნანი მოსკოვში გაფრინდა და ის ცოცხალი აღარ მინახავს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შემატყობინეს, რომ ავარიაში დაიღუპა და ანდერძად დაიბარა, თბილისში დაეკრძალათ დედ-მამის გვერდით. მისი ნება შევასრულეთ...
ჩემდა სამწუხაროდ, დედა ვერ ვიტირე და ვერც ცრემლი გავაყოლე საფლავში. უფრო მეტიც, იმასაც მივხვდი, რომ ის არ დამკლებია, რადგან ბავშვობიდან მისგან შორს ვცხოვრობდი და არასოდეს შემშინებია მის გარეშე დარჩენის...
ნახევარდებმა დედის დღიური გადმომცეს, რომელსაც თურმე ქართულ ენაზე ჩემთვის წერდა - ჩემი დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე... დღემდე არ გამჩენია ამ დღიურის წაკითხვის სურვილი და ჩაკეტილ უჯრაში მაქვს გადამალული. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეშინია იმ ყველაფრის, რაც შეიძლება დედის ნაწერ სტრიქონებს მიღმა ამოვიკითხო. თანაც, ეს დღიურიც ხომ იმ წარსულის ნაწილია, რომლის დავიწყებასაც ასე ვცდილობ?!
ერთი წლის წინ, ნანის დაკრძალვის დღეს ბებია-ბაბუისა და შვილის საფლავზე რომ ვიყავი, ეგ იყო, თორემ არც მანამდე და არც შემდეგ სასაფლაოზე არ გავსულვარ. ჩემთვის არც აღდგომაა, არც ხსოვნის დღეები და არც ეკლესია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი სინდისის ხმას გამაგონებდა და ყველაფერ იმაზე დამაფიქრებდა, რასაც ჩემი ცხოვრება ჰქვია...
მას შემდეგ, რაც საიდისა და ნური-ბეის ბორდელის მთავარ მომმარაგებლად ვიქეცი საქართველოდან, ბევრმა წყალმა ჩაიარა. წლებმა მომიტანა ფული, სახლი, კომფორტი, მაგრამ არა სულიერი სიმშვიდე...
პატარა გოგო აღარ ვარ, 37 წლის ქალი გახლავართ და ცხოვრებაში უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ იმას, რაც მიკეთებია, შეცდომაზე მეტად, ცოდვა ჰქვია, რადგან ხშირად ბოროტებაც კი გააზრებულად ჩამიდენია...
რაც მეტი ფული ვიშოვე, უფრო გამეზარდა მადა და მეტი მოვინდომე. ადრე თუ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი პატარა გოგონებისთვის გზა-კვალის არევის გამო, მოგვიანებით ისინი ჩემთვის მხოლოდ სავაჭრო საგნად და "საქონლად" იქცნენ. ჩემთვის მხოლოდ მათ ფიზიკურ "ხარისხს" ჰქონდა მნიშვნელობა...
პოლიცია ჩემს კვალზე მალე გამოვიდა და არც იმისი დადგენა გასჭირვებიათ რეალურად, როგორი ტურისტული სააგენტოც იყო ჩემი თურქულ-ქართული ფირმა, მაგრამ ქრთამი რომ ჯოჯოხეთს ანათებს, ეს ყველამ იცის და ჩვენი პოლიცია ხომ უმოკლესი გზაა, თუ ჯოჯოხეთისკენ გადაუხვევ...
ლევან ოდიშარიაც მაშინ გავიცანი, როცა "სამართალდამცავები" პირველად პრეტენზიებით მომადგნენ: ოჯახები დაკარგულ გოგონებს ეძებდნენ, რომლებიც თავად ჩამაბარეს, რომ თურქეთში სამუშაოდ გამეყვანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილებმა მათთან კონტაქტი გაწყვიტეს და მათ აღარც ფულს უგზავნიდნენ, მიჩივლეს და ტრეფიკინგში დამდეს ბრალი. პრინციპში, მართლებიც იყვნენ და სიმართლის დადგენა რომ ყოფილიყო პოლიციის ინტერესში, თუ სამუდამოდ არა, კარგა ხნით მომიწევდა ციხის კედლების ხეხვა...
გაგრძელება იქნება
წყარო: gza.kvirispalitra.ge