ცოტა ხანში ბექა ცუდად გახდა. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ნინო ნებიერიძემ გულდაწყვეტილმა მითხრა:
- ღვიძლი თითქმის დაშლილია...
- არ შეიძლება შველა? - ისე შევეხვეწე ნინოს, თითქოს რიგითი ექიმი კი არა, სასწაულმოქმედი ყოფილიყო.
- არა, დღითი დღე გაუუარესდება მდგომარეობა...
ცოტა ხანში ბექა მართლაც გარდაიცვალა. ის ცოლყოფილმა და შვილებმა დაკრძალეს. მის ოჯახში არავინ მიცნობდა და არც მქონდა იმის ახსნის თავი, ვინ ვიყავი და როდის მოვასწარით დამეგობრება. ამიტომ ჭირისუფლებს შორის არ ვმდგარვარ. შორიახლოს მივყვებოდით პროცესიას მე და ნინო ნებიერიძე, რომელმაც იმ დღეს უცნაური ფრაზა მითხრა:
- ადამიანები რა საცოდავი არსებები ვართ - ისე ვცხოვრობთ, თითქოს სიკვდილი არასოდეს მოვა, არადა... ე-ეჰ!..
მელისასა და ბექას შემდეგ ჩემთვის თითქოს ერთბაშად დაცარიელდა სამყარო. თავს ცუდად ვგრძნობდი და ერთი პერიოდი მკურნალობის კურსის შეწყვეტაც ვიფიქრე; რაც გამაჩნდა, ყველაფრის გაყიდვას ვაპირებდი და საქართველოდან სადმე შორს გადაკარგვას, მაგრამ იყო რაღაც, რაც უკან მექაჩებოდა: ეს გახლდათ შიში, რომ უპატრონოდ მკვდარი, ვინმეს უსახელო საფლავში არ ჩავეგდე, ან კრემაციის შემდეგ ნაგავსაყრელზე არ აღმოჩენილიყო ჩემი დაფერფლილი სხეული... ძალიან მინდოდა, ჩემი ბებია-ბაბუის, დედისა და შვილის გვერდით დავსაფლავებულიყავი და თუ მაინც არსებობს საიქიოში ცხოვრება, დიდი ხნის წინ დაკარგულ ბედნიერებას დავიბრუნებდი, - მე ხომ შვილის მოსიყვარულება და ალერსი არ დამცალდა, დედას კი თვითონ არ გავეკარე, სანამ გვერდით მყავდა და თან, როგორ სჭირდებოდა ჩემი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, არც ბებია-ბაბუას ვანებივრებდი სიყვარულით. არადა, მეტი დრო რომ დამეთმო მათთვის და ისე მეცხოვრა, როგორც მასწავლიდნენ, ალბათ არც ასე სულელურად წავიდოდა ჩემი საქმე...
დაბნეული და გაორებული დავდიოდი და არავის დანახვა არ მსურდა. სამსახურშიც იშვიათად მივდიოდი და ჩემს მოადგილეებს გადავაბარე საქმეები... ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობას მკვდრებთან "ლაპარაკი" მერჩივნა. ამიტომ, ხშირად დავდიოდი სასაფლაოზე - ხან დედას და შვილს, ხანაც მელისას და ბექას "ვსტუმრობდი"...
ერთხელაც სასაფლაოზე მამა იოანე შევნიშნე - საფლავის საკურთხებლად მოეყვანათ. მინდოდა, მისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ შემამჩნია და ხელით მანიშნა, რომ დავლოდებოდი. ურჩობას ვერ გავუბედავდი და დავმორჩილდი. საქმეს რომ მორჩა, ჭირისუფალს დაემშვიდობა და ჩემკენ წამოვიდა.
სასაფლაოს განაპირას, ტირიფების ჩრდილში სკამი იდგა. იქით წავედით და ჩამოვსხედით:
- თვალებში დიდი ტკივილი გაქვს ჩამდგარი, ნია. ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს?..
- კარგი არაფერი, მამაო!
- ეკლესიაში რატომ არ მოდიხარ?
- რა აზრი აქვს, მაინც ვერ დამეხმარება ღმერთი, ჩემი ცოდვების პატრონს...
- ნია, რომ გისმენ, არარაობა მგონია თავი, რადგან ჩემი ბრალიც არის შენი სულიერი მდგომარეობა...
- თქვენ რა შუაში ხართ, მამაო? ფაქტობრივად, არც მიცნობთ...
- ბავშვობიდანვე უნდა გზრდიდეთ და უყურადღებოდ წამითაც არ უნდა გტოვებდეთ, - ან მანამდე მაინც, სანამ დავრწმუნდებით, რომ ვერავინ გადაგახვევინებთ უფლისკენ სავალი გზიდან...
მამა იოანემ პირჯვარი გადაისახა და წაიდუდუნა:
- მაპატიე, უფალო! - მერე შუბლი მოისრისა და შეშფოთებულმა შემომხედა. - არ მიყვარს, როცა ადამიანებს წინასწარმეტყველებას ვამცნობ, მაგრამ ახლა წესი უნდა დავარღვიო...
- აბა, წინასწარმეტყველება არ არსებობსო? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა შევხედე მოძღვარს, რომელსაც ცრემლი ჩასდგომოდა თვალში და თითქოს არც გაუგონია ჩემი ბოლო სიტყვები...
- სიჯიუტისთვის დიდი განსაცდელი გიახლოვდება და მხოლოდ შენ შეგიძლია ტრაგედიის შეჩერება...
- იმაზე მეტი რა უნდა მომივიდეს, რაც მჭირს?!.
- ეკლესიაში წამიყვანე! - მითხრა უცებ და ფეხზე წამოდგა.
დავემორჩილე.
მანქანიდან გადმოსვლისას, ტაძარში შესვლა აღარ შემოუთავაზებია, ისევ თვალცრემლიანმა შემომხედა და მითხრა:
- ვილოცებ შენთვის, ნია, მაგრამ გახსოვდეს, რომ საკუთარ თავს მხოლოდ თავად თუ უშველი...
"ესღა მაკლდა! - გავიფიქრე გაღიზიანებულმა, როცა მანქანა მოვატრიალე და გეზი სახლისკენ ავიღე.
- რად გადავეყარე ამ ახირებულ ბერიკაცს?!" - აუგადაც კი მოვიხსენიე მოძღვარი...
სადილის გაკეთება გადავწყვიტე, მაგრამ ხან ცხელი ზეთი გადავისხი და ხელი დავიწვი, ხან თითი გავიჭერი და ისე ამეშალა ნერვები, სანახევროდ გამზადებულ კერძს სანაგვე ყუთში გადავუძახე. მადაც დამეკარგა. საძინებელში ავედი და დაძინება ვცადე. როგორც ჩანს, მაშინვე გავითიშე, მაგრამ არც ძილი დამცალდა: დედა დაიხარა ჩემს საწოლთან და ფრთხილად შემანჯღრია: - რა დროს ძილია, ნია, იჩქარე, არ დავიღუპოთ!.. გამეღვიძა და ვერც კი მივხვდი, რომ სიზმარი იყო, დედას ძებნა დავუწყე...
როცა გამოვერკვიე, უარესად მომეშალა ნერვები:
- მამა იოანეს ბრალია, მან "დამაპროგრამა" ცუდის მოლოდინით და ამიტომ მელანდება ათასი სისულელე...
სამზარეულოში ჩავედი, რომ ყავა დამელია და სწორედ ამ დროს აწკრიალდა ტელეფონი. ლევანი რეკავდა. თუ ამანაც ცუდი რამე მითხრა, მართლა მოვიკლავ თავს!..
- დავიღუპეთ, ნია, შვილი გვიკვდება!
- ვინ შვილი?!.
- რამდენი შვილი გვყავს?! - ღრიალებდა კაცი. - ჩვენი ივანი გამზრდელებთან ერთად, ავარიაში მოყვა, ტრაილერს შეასკდნენ. როგორც მითხრეს, უფროს ივანს, რომელიც საჭესთან იჯდა, ინფარქტი მოსვლია. ისიც და მისი ცოლიც ადგილზევე დახოცილან, ბიჭი კი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული... კიევში მივფრინავ. ხომ წამომყვები?!
ამდენის ატანა აღარ შემეძლო და როგორც ჩანს, გონი დავკარგე...
თვალი რომ გავახილე, თავზე ლევანი მადგა:
- როგორ შემოხვედი? - შევხედე დაბნეულმა.
- ალაყაფზე გადმოვძვერი. შენი გადამკიდე, რას არ ისწავლის კაცი... სახლის გასაღები კი დამრჩა, ხომ იცი...
- რა მომივიდა? - ნაცემივით მტკიოდა სხეული.
- როგორც ჩანს, გული წაგივიდა და ახლა თვალი რომ არ გაგეხილა, "სასწრაფო დახმარების" გამოძახებას ვაპირებდი...
გონება უეცრად გამინათდა და გამახსენდა, რას მეუბნებოდა ჩვენს შვილზე ლევანი:
- ბავშვს სულ მცირე შანსი მაინც აქვს?
- არ ვიცი, საიმედოს ვერაფერს მეუბნებიან, რადგან კომაშია. აქედან პირდაპირ აეროპორტში მივდივარ. საბედნიეროდ, დღეს არის რეისი და ორი ბილეთი დავჯავშნე. იმედია, ახლა მაინც ამოგვიდგები მე და ჩვენს შვილს მხარში...
- მოვდივარ! - ვთქვი და მაშინვე ბარგის შეკვრა დავიწყე - მარტო აუცილებელ ნივთებს "ჩამოვუარე" და ჩემოდანში ჩავყარე... რადაც უნდა დამჯდომოდა, შვილი უნდა გადამერჩინა...
თვითმფრინავში, სავარძელში ჩაჯდომისთანავე ჩამეძინა. როგორც ჩანს, მართლა გამომაცალა ძალა ამდენმა ემოციამ. კიევში ისე ჩავფრინდით, თვალი არ გამიხელია.
აეროპორტში ლევანის ბიძაშვილი დაგვხვდა, რომელიც ოჯახთან ერთად, დიდი ხნის წინ დამკვიდრებულა უკრაინის დედაქალაქში:
- ჯერ არ მოსულა გონს, მაგრამ არც გაუარესებაა და ექიმების თქმით, ესეც ბევრს ნიშნავს! - გვიყვებოდა რამაზი საავადმყოფოსკენ მიმავალთ.
- მკურნალობა ხომ უტარდება? რამე ხომ არ აკლია? - ნერვიულობდა ლევანი.
- რაც მითხრეს, ყველაფერი "გავაჩინე". ღვთის მადლით, ფული სასესხებელი არ მქონია...
- ვალში არ დაგრჩები...
- რა ვალში, არ გრცხვენია?! - ეწყინა რამაზს. - თუ რამე გამაჩნია, შენი მხარში დგომის შედეგია! შენ იყავი ჩემი მამაც და ძმაც... ჩემს შვილს რამე რომ მოსვლოდა, შენ რამეს დააკლებდი?..
გაგრძელება იქნება
წყარო: ჟურნალი "გზა"
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>