მე და ლევანი აეროპორტში დავხვდით გუგას. სულ სხვანაირი იყო. ახალ ცხოვრებას უეცდრად გაეზარდა და შეეცვალა. აღარ ჰგავდა იმ შეშინებულ ბიჭს, რომელსაც სიცოცხლე აღარ სურდა იმის შიშით, რომ მისი ადგილი არსად იყო.
- აშკარად ბედნიერი ხარ და ეს მახარებს! - ჩავეხუტე, როცა მანქანაში ჩავსხედით.
- ბედნიერი ვარ და გული მწყდება, რომ საქართველოში არ ცნობენ იმ დონეზე ადამიანის უფლებებს, როგორც ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნებში...
- ძალიან კარგი... - შეაწყვეტინა ლევანმა, რომელსაც უსიამოვნო თემის გაშლა აშკარად არ უნდოდა. - მოდი, სადმე დავსხდეთ და ვისადილოთ, მონატრებული ქართული კერძები დააგემოვნე.
- დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ მირჩევნია, ეს ხვალისთვის გადავდოთ. ახლა კი სახლში მიმიყვანეთ. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს ძმას, მამას, ბებიას...
- დედასთან აღარ გაქვს კავშირი? - გამახსენდა, რომ მათ შორის ურთიერთობა, ასე თუ ისე, აღდგა.
- დედაჩემი ისევ მოსკოვში დაბრუნდა საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად.
გუგას თხოვნა შევუსრულეთ - შინ მივიყვანეთ და მარტონი რომ დავრჩით, ლევანმა შემომთავაზა, ვანიკო მთაწმინდის პარკში აგვეყვანა. უარი არ მითქვამს.
ბავშვთან ერთად, მეც გავერთე და რაც მთავარია, უამრავი სურათი გადავიღეთ, რომელიც იმ დღესვე დავაბეჭდვინე. გერმანიაში ამაზე ძვირფასს ვერაფერს წავიღებდი...
გუგამ გულდასმით შეისწავლა ჩემი ავადმყოფობის ისტორია და დანანებით შემომხედა. თვალი თვალში გავუყარე:
- მოკლედ, მაქვს თუ არა შანსი?
- ხომ გითხარი, ექსპერიმენტს ვატარებთ, რომელიც არავინ იცის, როგორ დამთავრდება, მაგრამ უნდა ჩაერთო. პირადად მოგხედავ და გავაკონტროლებ შენს მდგომარეობას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული...
ორ კვირაში გუგასთან ერთად, საქართველოს დავემშვიდობე. აეროპორტში ლევანმა და ვანიკომ გაგვაცილეს. შვილი რომ ჩამეხუტა, ხმა აუკანკალდა, მაგრამ არ უტირია:
- დაგელოდები, დე, და მალე დაბრუნდი! - მითხრა დამფრთხალმა.
- აუცილებლად დავბრუნდები...
გუგამ არ იცოდა, რომ შვილი მყავდა. არც ის, თუ რატომ იზრდებოდა ათი წლის განმავლობაში ჩემგან შორს. თბილისში ჩამოსულმა შეიტყო და გაოგნებულმა მითხრა:
- მგონი, მართლა ეშმაკი გყავდა შეჩენილი, თორემ შენს სისხლსა და ხორცს როგორ შეელეოდი?!
მერე ვანიკოს მიუბრუნდა და დაამშვიდა:
- ნუ გეშინია, მალე დაგიბრუნებ დედიკოს!..
ლევანი გვერდით გავიხმე და დალუქული პაკეტი გადავეცი. შიგ ის დღიური იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ პირადი ჩანაწერებით გავავსე:
- ეს ჩემი სული და ცხოვრებაა, ვანიკოსთვის დავწერე. თუ მოვკვდი და თავად არ მომეცა შესაძლებლობა მისთვის ყველაფრის ახსნის, სრულწლოვანი რომ გახდება, მაშინ გადაეცი. მინდა, ყველაფერი იცოდეს ჩემ შესახებ...
- თავად მისცემ, როცა დაბრუნდები!.. - არ დამეთანხმა ლევანი.
- იმედია, ასეც მოხდება. მაგრამ თუ მაინც სიკვდილი მიწერია, შენ მოგიწევს...
ლევანი აღარ შემკამათებია:
- ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ჯანმრთელსა და უვნებელს გელოდები!
გერმანიაში შეკრებილ შიდსიანებს მთელი კვირა გვიტარდებოდა ფსიქოლოგიური ტრენინგები. დაწვრილებით გვიხსნიდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ექსპერიმენტი არ გაამართლებდა და პრეპარატი შედეგს არ გამოიღებდა... რამდენიმე პაციენტმა ვერ გარისკა და ბოლო მომენტში, ცდაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ხელი მოვაწერე საბუთს, რომ ნებაყოფლობით ვდგამდი ამ ნაბიჯს...
თმაც კი გადამპარსეს და შიშველ სხეულზე თეთრი ფერის მოკლე ხალათი მომასხეს, რაც იმით ახსნეს, რომ აბსოლუტურად სტერილურ გარემოში უნდა მეცხოვრა, სადაც თმაც კი ინფექციის კერად შეიძლებოდა ქცეულიყო... სარკეში რომ ჩავიხედე, მომეჩვენა, რომ ახალშობილს ვგავდი, - უსუსურს, გაფართოებული და გაკვირვებული თვალებით რომ უცქერს ახალ სამყაროს... დაბადების შიშით დამფრთხალ ახალშობილს...
ჩემთვის განკუთვნილ პალატაში მომათავსეს, უფრო სწორად - კაფსულის მსგავს ვიწრო სათავსოში და მომეჩვენა, რომ დედის მუცელში დამაბრუნეს... პრინციპში, არც იყო რამე გასაოცარი ამ მდგომარეობაში და შეგრძნებებში - მე ხომ სწორედ ხელახლა დაბადების იმედით მოვედი აქამდე!..
პირველივე ღამეს საოცრად მშვიდად დამეძინა. ისეთი შეგრძნებაც კი გამიჩნდა, რომ მოვკვდი, რადგან საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ტკივილებით გათანგული სხეულის სიმძიმეს. თანაც, დედა დამესიზმრა, რომელიც მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა და ჩამიხუტა, მერე კი ხელი ჩამჭიდა და მითხრა, რომ აუცილებლად მასწავლიდა ფრენას...
- ყველაფერი დამთავრდა? - ვკითხე იმით შეშინებულმა, რომ ეს აღსასრული იყო.
- რას ამბობ? ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება!.. - მითხრა მშვიდად და ხელი გამიშვა. მივხვდი, რომ დამოუკიდებლადაც შემეძლო ფრენა და აღარაფრის აღარ მეშინოდა...
დასასრული
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>