******(ნია)
მან მითხრა ერთხელ, დაფრინავ და დედამიწაზე დაეშვიო... მაშინ ,,მან" არ იყო, სამყარო ვერ მიტევდა მისდამი სიყვარულის გამო...
არ ვუჯერებდი... საზღვრები გავარღვიე, არსებული კი არა... ჯერ არარსებული. რამდენჯერაც დაცემისგან მიღებული ჭრილობები შემიხორცა, იმდენჯერ ხელახლა ვცადე აფრენა...
სხეული შეეჩვია, თავის ნაწილად იგრძნო, მაგრამ სულიდან ფერებმა დაიწყეს გაფრენა, ვერ ეგუებოდნენ დანარცხებას, იშლებოდნენ და ნაწილაკებად იფანტებოდნენ, უმისამართოდ... რაღაც მექაჩებოდა საიდანღაც, იქნებ ციდან, ან სულაც ქვესკნელიდან, მაგრამ სანამ არ ჩაჰყვები, ხომ ვერ მიხვდები, სად ვარდები... ბოლოს თეთრი მარტო დარჩა, მემდუროდა, შავთან რომ დავტოვე... თან მემდუროდა და თან არ მტოვებდა.
............
ტანი მოეხატა ლურჯად, მკლავზე ისრები და გაურკვეველი ხაზები ემჩნეოდა. ჩემს ფერებზე მარტო მან იცოდა. რომ აღარ დამრჩა, ამბობდა, რომ ჩემი ,,შავ-თეთრი" ყველაზე ფერადი იყო მისთვის.
გავრბოდი... მის ტანზე ისრები მიმართულებას მაძლევდა. არასდროს მინდოდა, სწორი მიმართულებით მეარა, მაშინებდა ლურჯი ისარი... ,,სხვა" ზოლიანი იყო. არ ვიცი, შავი ჭარბობდა თუ თეთრი, მიმართულებას არასდროს მაძლევდა... სამყარო გადაატრიალა, არსებული კი არა, არარსებული... სველი ხელებით მომაგროვა და ნაწილები ერთმანეთს შეაწება, გამომძერწა და რომ დაასრულა, ,,თეთრმა" მითხრა, რომ ის მარტო აღარ იყო შავთან.
,,ზოლიანი იყო სხვა" და მე მისი შავი ზოლები უფრო მიყვარდა. ერთხელ მოვიდა... ზედმეტად ცხელი იყო. მიხუტებდა გახურებულ მკერდზე მანამდე, სანამ ნაწილებად არ დავიშალე, სანამ სხეულიდან ყველა ფერი არ გამიფრინდა, სანამ თეთრსაც არ მობეზრდა ერთგულება და არ დამტოვა...
,,სხვამაც" დამტოვა. ის ისევ ზოლიანი იყო, მე - ისევ ფერებისგან დაცლილი, ჰაერში ნაწილაკებად გაფანტული, აღარც ფერადი და აღარც შავ-თეთრი... ვიღაცა მეძახდა. მოხატული ტანი ჰქონდა, ისრები მიმართულებას მაძლევდა მის სხეულზე, ჩემი ნაწილები ისევ უთავბოლოდ დაფრინავდა, არც ცაში იყო, არც მიწაზე, იქნებ მიმართულება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მაგრამ ვერ იტანდა მიმართულების მიხედვით სიარულს, აშინებდა ლურჯი ისარი....
********(დაჩი)
არც ჩემი იყო და თან თითქოს მეჩემებოდა. არც სხვისი იყო და მაინც სხვისად ვგრძნობდი ზოგჯერ... არც ლამაზი იყო მაინცდამაინც და მე მაინც ყველაზე მეტად მელამაზებოდა, როცა იცინოდა... ჩემთან სხვანაირად იცინოდა ან იქნებ ზუსტად ასეთი შეეძლო სხვებთანაც ყოფილიყო...
1
არ ვიცი, რომელი უფრო მაწუხებს, სიცხე თუ ჩემს თვალებზე დაშტერებული წითელი სინათლე. ფაქტია, რომ უკვე მეასედ მავიწყდება ღამით ფარდების ჩამოფარება ფანჯარაზე. გვერდს ვიცვლი, მაგრამ დაძინებას ვეღარ ვახერხებ. ტელეფონს ბალიშის ქვეშ ვპოულობ და საათს ცალი გახელილი თვალით ვაკვირდები. ცხრის ნახევარია. ვიცი, რომ დაძინება აღარ ღირს. ტელეფონში ვიდეოკამერის პროგრამას ვხსნი და ჩემი კუთვნილი ჰიპერმარკეტის 11 კამერას რიგრიგობით ვაკვირდები. ლიკა ისევ სკამზეა წამოწოლილი, დახლზე შოკოლადის ქაღალდები უყრია და ყავას სვამს. რა აზრი აქვს, უკვე ოთხჯერ რომ მივეცი შენიშვნა სალაროსთან სმა-ჭამის საკითხზე, მაინც იმავეს აკეთებს. თავზე თუ არ ვადგავარ, ორღობის მარკეტს ამსგავსებენ. ფორმაც არ ჩაუცვამს. იცის, რომ გვიან მივალ და კი მოასწრებს მაისურის გადაცმას და ქაღალდების დახლქვეშ შეყრას.
სამზარეულოში დედაჩემი მხვდება. მაგიდაზე წიწიბურა აქვს გაშლილი. ყოველ დილას ისე მიყურებს, თითქოს ჯარიდან ამ წუთას დავბრუნდი. დანახვისთანავე იწყებს ზრუნვას, რომ სახლიდან მშიერი არ გავიდე. სხვანაირად ფორიაქობს და ზოგჯერ იბუტება კიდეც.
- დაჯექი, სადილს გაგიცხელებ. - ფეხზე დგება და მაცივრისკენ მიდის.
- ერბოკვერცხი შემიწვი, უნდა გავიქცე... - ელექტროჩაიდანს ვრთავ და თან რძიანი
ყავის ერთჯერად პაკეტს ჭიქაში ვათავსებ.
-რისთვის ვამზადებ დღეში სამჯერ, ერბოკვერცხის გარდა, არაფერს ჭამ. - ოდნავ
ნაწყენი გამომეტყველებით მიყურებს.
- დილით ხომ იცი, რომ სხვა არაფერი მინდა. - თავს ვიმართლებ.
- საღამოსაც მაგას იტყვი. - ფარ-ხმალს ყრის და ტაფას უხალისოდ დგამს ქურაზე.
ეს დილის ტრადიციული დიალოგია. მეც ზუსტად ვიცი, რას მეტყვის და მანაც ზუსტად იცის, რომ სასწაული თუ არ მოხდა, დილით ცხელს და მძიმეს არაფერს შევჭამ, მაგრამ ამ დიალოგის წარმოთქმისას ის ყოველთვის მაინც ოდნავ ნაწყენია და მე ყოველთვის ოდნავ გაღიზიანებული.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>