რაღაცნაირად მშვიდ რიტმში გრძელდებოდა ცხოვრება. მართალია, თვითონ არ იკლავდა თავს მოკითხვებით, მაგრამ ყველაფერზე მპასუხობდა, ჩემს ჰიპერმარკეტში დაკეკლუცობდა, ზოგჯერ დღეში ორჯერ, ორჯერვე სხვადასხვა ტანისამოსი ეცვა... დანახვისას არ მიმჩნევდა, მაგრამ იბნეოდა, წითლდებოდა, ზოგჯერ ჩუმად ეცინებოდა. ერთი დაქალი დაჰყვებოდა ძირითადად, შავთმიანი საშუალო ტანის და პუტკუნა.
მთელი დღეები ვწერდი, საათში ან ორ საათში ერთხელ მაინც. უნდა ვაღიარო, არასდროს ლაპარაკობდა ოჯახზე. ზუსტად რომ არ მცოდნოდა, რომ შვილები ჰყავდა, ისე იქცეოდა, უდავოდ თავისუფალი გეგონებოდა. საღამოს მომწერა, რესტორანში ვარ და ვსვამო. ის დღეები ამეჩემა, რომ ნახვა მინდოდა. ჰოდა, მგონი, ნასვამი უფრო ადვილი დასაყოლიებელი იქნებოდა.
,,მნახავ ცოტა ხანს?"
,,მიპოვე, სად ვარ".
გადარეული, 20 წლის ბიჭი ხომ არ ვარ, დავდგე და ყველა რესტორანი მოვიარო, მაგრამ ამის მიწერა არ ღირს. ბოლო-ბოლო, დავათვალიერებ პარკინგის ზონებს და იქნება რომელიმე ცოტა ,,ტრიპაჩ რესტორანში".
მიმართლებს, რაღა დავმალო და, შესანიშნავი ინტუიციის პატრონი ვარ. პირველსავე საკუთარ თავთან განხილულ ვერსიას ვეყრდნობი და თეთრ ცეცეს ვხედავ, ხეებში აქვს შემალული. პარკინგზე ვერ დაეტია თუ რა იყო ხეებში შემალვა, მართლა მეთამაშება.
მთელი ეშხით ვეფლობი მის ბავშვურ მიმოწერაში. მანქანიდან გადასვლამდე პირველსავე სუნამოს ვისხამ, რაც ხელში მხვდება და ტექსტს ვკრეფ ტელეფონზე: ,,გიპოვე". 1 წუთი არ იყო გასული, დავინახე, ხეებს შორის ვიწრო ბილიკს მოუყვებოდა. თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი და თვალები უბრწყინავდა. რომ მომიახლოვდა, გამიღიმა და ვეღარ მოვითმინე, გულში ჩავიკარი. სადღაც მარჯვენა ლოყასთან ვგრძნობდი მის სუნთქვას. წელზე შემომხვია ხელები და გაინაბა. აშკარად მთვრალი იყო. ხანგრძლივი ჩახუტების მერე ხელები გამიშვა, კიდევ ერთხელ შემომხედა და ხელახლა მომეხვია. გული უცემდა გამაყრუებლად და ისევ ხმამაღლა და ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა. უაზრობა იყო, მაგრამ პირველივე ჩახუტებაზე მივხვდი, რომ აუტანლად მიზიდავდა და კიდევ დიდხანს მოცდა არ მინდოდა.
- ბევრი დალიე? - ისე ვეკითხები, რომ ხელს არ ვუშვებ.
- არა... - ჩურჩულებს.
- მანქანაზე შენ უნდა დაჯდე?
- მგონი კი... - ეცინება, მერე ხელს მიშვებს და ოდნავ შორს დგება, თვალებში მიყურებს და მიცინის. მგონი ყველაფერზე მეტად ღიმილი უხდება.
- ასე 2-3 წუთი უნდა მნახო სულ და მაწამო?
ჯერ ფიქრდება, ერთი წამით სახეს ასერიოზულებს, მერე უკან იხედება, ბოლოს ისევ ჩემს თვალებზე გადმოაქვს მზერა და მპასუხობს:
- დავგეგმოთ და გნახავ დიდი ხნით... მაგალითად, ერთი საათით.
- ცოტაა...
- ვვაჭრობთ? - ისევ ეცინება.
- ერთი დღე რომ სადმე წავიდეთ?
- ვიფიქრებ... უფრო ფხიზელი.
მერე ზურგს მაქცევს, მაგრამ სამ ნაბიჯში უკან ტრიალდება და ხელახლა მეხუტება. იმდენად კარგი შეგრძნება მაქვს, რომ მეშინია.
*****
შემდეგი დღეები ვცდილობდი, თავი შემეკავებინა, მაგრამ მაინც ვეკითხებოდი, პირობას როდის შეასრულებდა და როდის მნახავდა ხანგრძლივად. ეჭვი აღარ მეპარებოდა, გეგმავდა, მაგრამ ოდნავი ბიძგი მაინც სჭირდებოდა.
დალაპარაკებასა და შეხვედრაზე თანახმა იყო, მაგრამ ირიბად მაინც მიმანიშნებდა, რომ სხვა არაფრისთვის ჯერ მზად არ იყო. ცხადია, აბა, ხომ არ მეტყოდა, რომ ერთი და იგივე ინტერესები გვქონდა...
ღამე გვიან დამეძინა. ფაქტის წინაშე დამდგარი მაინც ვფიქრობდი რაღაცებზე. ახალ სახლში წაყვანა გადავწყვიტე, მაგრამ არ მინდოდა მთელ სამეზობლოს ენახა. მგონი არც თვითონ ენდომებოდა. მიუხედავად იმის, რომ აქედან 40 წუთის სავალ გზაზე იყო, მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ვინმე ნაცნობს არ გადაეყრებოდა.
აგვიანებდა... ერთი პირობა ვიფიქრე, რომ მერყევმა ბუნებამ სძლია და გადამაგდო. ოდნავ ვნერვიულობდი. ალბათ, პირველი ნორმალური შეხვედრა რომ გვქონდა, ამაზე... სანამ მანქანაში ველოდებოდი, სოცქსელის ჩატში ვერთობოდი. დღეს მოუნდათ მაინცდამაინც ვიღაცებს ურთიერთობის გაღრმავება. მომავალში ჯანდაბას და ახლა ნამდვილად მეზარებოდა ვინმესთან რამის გაღრმავება, მით უმეტეს, რომ სერიოზულად არცერთ მათგანზე არ ვფიქრობდი. სანამ ნია მოვიდოდა, მე კორექტულად ვიცილებდი თავიდან ორ ქალს, რომელიც გულისამაჩუყებლად მესიყვარულებოდა მასთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ტაქსიდან გადმოვიდა. ტელეფონში ინტერნეტი გავთიშე, არ მინდოდა გაეგო, როგორ გაუჩერებლად მომდიოდა ეს-ემ-ესები ჩატში. მომეჩვენა, რომ არეული
ნაბიჯებით მიახლოვდებოდა. ცდილობდა, მშვიდად დაეჭირა თავი, გვერდით რომ მომიჯდა, მაგრამ შევხედე თუ არა სახეზე, ისეთი დაბნეული თვალებით შემომხედა, მივხვდი, იმდღევანდელი მისი ჩახუტება მხოლოდ და მხოლოდ ალკოჰოლური თრობის დამსახურება იყო.
ჩემს საყვარელ ბარ-რესტორანში წავიყვანე. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მეოთხე ქალია, ვინც იქ მიმყავს. პერსონალი მცნობს და იქ მომუშავე მსუბუქი ყოფაქცევის ლამაზმანები ირონიული, მრავლისმეტყველი სახით მიღიმიან ყოველთვის.
დაიჩემა, არ მშიაო. ამიტომ ბევრი დაძალების შემდეგ ჩემი გემოვნებით შევუკვეთე ბერძნული სალათა, "ცეზარი" და მექსიკური კარტოფილი. ვიფიქრე, ამ საყოველთაოდ გავრცელებული პოპულარული საჭმელებიდან ერთ-ერთს მაინც შეჭამდა. თვითონ მხოლოდ მოჰიტო და ცივი ყავა მოითხოვა. მიმტანმა რომ დაგვტოვა, გვერდით მივუჯექი. ხელის ჩაკიდებას აღარ აპროტესტებდა, მაგრამ ზედმეტ სიახლოვეზე კრთოდა მაინც.
იმის გამო, რომ უხერხულად არ ყოფილიყო, იმ დღეს მე ვილაპარაკე - ჰიპერმარკეტის გახსნის იდეა როგორ და როდის მომივიდა, იმ დღიდან დღევანდლამდე მნიშვნელოვანი ფაქტები გავიხსენე; მერე იმ ავარიამდე მივედით. ტელეფონის პოვნის ამბავზე დამცინა ჯერ, აშკარად ეჭვის თვალით მიყურებდა იმის გამო, რა მეთოდითაც გავიცანი, მაგრამ მალევე გადაუხვია თემიდან, პერსონალი არ მიღიმის და რა ნიშნით არჩევო. კი არ იცოდა, რა ჯოჯოხეთს გამოვდიოდი ერთი კადრის გაშვებიდან მეორის აყვანამდე.
- ერთხელ გასაუბრებაზე მოვიდა, პატარა გოგო იყო, ჩემი ასაკის...
ერთ-ერთ უკვე გაშვებულ მოლარეზე დავიწყე ამბის მოყოლა, მაგრამ დაწყებული არ მქონდა ლაპარაკი, სიცილი დაიწყო, ვეღარ ჩერდებოდა.
- რაზე გეცინება? - მართლა ვერ გავიგე, სასაცილო რა ვთქვი.
- ამ წამში თქვი, ჩემი ასაკის პატარა გოგო იყოო, ანუ შენი ასაკის და პატარა... - ისევ ახარხარდა. ჯანდაბა, რამდენი წლის ვგონივარ, დამცინოდა... ღამე გავსწორდებით, გავიფიქრე და მეც გამეცინა.
- დარჩი დღეს ჩემთან. - გვიანდებოდა და ქმედით ნაბიჯებზე გადავედი.
- არა, დაჩი, ერთ სახლში მშვიდად ვერ იქნები ვერც შენ... და მგონი ვერც მე.
მერედა ვინ უთხრა, რომ დღეს ღამე მშვიდად ყოფნა მინდა, ისედაც თავზე საყრელად მაქვს მშვიდი დღეები.
- ახლა დალევ, დათვრები და მოდუნდები. - ხუმრობანარევი კილოთი ვუთხარი.
- ბევრს არ დავლევ...
- დალევ, აბა, რა უნდა ვაკეთოთ სახლში ფხიზლებმა, ბიძაშვილებივით ხომ არ ვისხდებით.
- უკვე მეორედ იცინა დაღლამდე და მგონი ნელ-ნელა დაძაბულობა ეხსნებოდა.
- კაი რა, შუაღამისას სადღა მიდიხარ, ისე არ მიჭირს, რამე დაგაძალო და უბრალოდ ერთად ვიყოთ. შენთან რომ ვარ, რომ გეხუტები, ესეც მყოფნის მე, - ვიცრუე, მთელი
საღამო აუტანელი სურვილი მქონდა მისი. - ფილმს ვუყურებთ და დავიძინებთ მერე.
ეს მართლა დიდი ტყუილი იყო თავშივე. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ მორცხვობდა და რადგან გამომყვა, სრულიად გაანალიზებული ჰქონდა, სად და რატომ.
ბოლოს დამთანხმდა... და ცხადია, ესმოდა, რაზეც... აშკარად მისი ნდობის
მოსაპოვებლად არც ისე დიდი ძალისხმევა და ორი ჩემდაუნებურად წამოცდენილი ხუმრობა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
სადარბაზოსთან გავაჩერე მანქანა. გადმოვიდა თუ არა ნია, მაშინვე დავინახე, მთელი სამეზობლო გამოშლილი იყო. ერთი პირობა ვიფიქრე, უკანვე ჩამესვა, მაგრამ რომ სწყენოდა, არ მინდოდა, ამ საღამოს გაფუჭება უბრალოდ არაფრის გამო არ მიღირდა.
- ლიფტთან დამელოდე, ნაცნობებს ვნახავ და მოვალ. - მივაძახე და გეზი მათკენ ავიღე. მორჩილად შევიდა სადარბაზოში და ლიფტთან გაჩერდა.
რამდენიმე მათგანმა თვალი გააყოლა და ეჭვი არ იყო, მიხვდებოდნენ, სად და რატომ მიმყავდა. იმედია, რომელიმე ჩვენი საერთო ნაცნობთაგანი არ აღმოჩნდებოდა.
სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელები გაიხადა და მისაღებში გავიდა. სახლს ათვალიერებდა, მერე კედელზე მიკრულ სარკესთან შეჩერდა და საკუთარი თავის თვალიერებას შეუდგა. გაუსაძლისად ცხელოდა, თანაც ვიფიქრე, თუ გამოვიცვლიდი ტანსაცმელს, ასე უფრო შინაურულ გარემოს შევუქმნიდი და შემდგომი ნაბიჯებისთვის შევამზადებდი. საძინებელში სანამ შევედი, მიყურებდა და გახდა რომ დავიწყე, თვალს მიეფარა. არ იყო კარგი დასაწყისი მგონი...
დივანზე აეკეცა ერთი ფეხი და ზედ ეჯდა, აივნისკენ იხედებოდა.
ელექტროჩაიდანი ჩავრთე. ამ პაპანაქებაში ჯინსის გრძელი შარვლით იჯდა. ჩემი სპორტული შარვალი გამოვუტანე. სძინებელში შევიდა და კარი მომიკეტა. ისე იმალებოდა გამოცვლისას, იფიქრებდით, მართლა სისხლით მენათესავებოდა.
ყავა რომ მოვამზადე, გვერდით მივუჯექი. ჯერ მხრებზე მოვეფერე... გამირბოდა. მერე შიშველ ტერფებზე ვეფერებოდი, სხეულის ყველა წერტილს ვუკოცნიდი, ყველგან ვეხებოდი. იმ წუთას მართლა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თავი კარგად და ბედნიერად ეგრძნო. ზურგზე რომ ვკოცნიდი, ვიგრძენი, ზამბარასავით იყო დაჭიმული. არც მიშორებდა, მაგრამ მგონი არც მოსწონდა ასეთი სიახლოვე. თვალებში სიცივე და შიში ედგა, რომ შევხედე. არადა, წეღან თბილად და მხიარულად მიცინოდა. არ მომწონდა, ასე რომ იცვლებოდა...
მაისურის გახდა რომ ვცადე და მკერდზე ვაკოცე, ფეხზე წამოდგა და მომახალა, მეძინებაო. არაფრით შემეძლო იმის დაჯერება, რომ სახლში წამომყვა და უბრალოდ დაძინება უნდოდა. ეს არაფერი... საძინებელში შევიდა და კარი მომიკეტა. არადა, ისე მინდოდა, უარს უბრალოდ ვეღარაფრის გამო ვიტყოდი, თანაც გადაჭრით არ მიშორებდა. ჯერ ვიფიქრე, ვერ დაიძინებს და გამოვა-მეთქი ოთახიდან. აივანზე გავედი, ორი ღერი სიგარეტი მოვწიე. ოთახიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. იმის დაშვება, რომ არ ვუნდოდი და შესაძლოა, ამის შემდეგ მართლა აღარ ვენახე - არაფრით შემეძლო. პირდაპირ თავმოყვარეობაზე მირტყამდა მისი ეს ბავშვური და თავნება ქცევა. კარი ფრთხილად გამოვაღე. სახით კედლისკენ იყო შებრუნებული, მოკუნტული იწვა, ჩემი შარვალიც ისევ ზედ ეცვა. ან მაჯერებდა, რომ ეძინა, ან მართლა ჩაეძინა. გვერდით მივუწექი და მუცელსა და მკერდზე მოვეფერე. გადმოტრიალდა. თვალები რომ დავხუჭე, ზურგზე მისი თხელი ხელის შეხება ვიგრძენი, მეფერებოდა... და ვეღარ გავჩერდი. სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჯერ ხელი გამიშვა, მერე მოფერებისას ხელზე ხელი მომჭიდა და გამაჩერა, მაგრამ ვეღარ შევძელი, ვერ გავჩერდი. რომ ვთქვა, ისევ იმ აზრზე ვიყავი, რომ ვუნდოდი და თავს იჭერდა-თქო, ტყუილი იქნება. უბრალოდ სხვა რამის დაჯერება არ მინდოდა.
..............
სადღაც გულთან ორივე ხელი შეეტყუპებინა და უსიცოცხლოდ მომშტერებოდა. ხმას არ იღებდა, სახე გადაფითრებული ჰქონდა და თვალები გაფართოებული. არ ინძრეოდა და რომ წამოვდექი, მერეც იმავე პოზაში დარჩა... შემეშინდა...
- აბაზანაში არ გახვალ? - ჩუმად ვკითხე.
თითქოს მაშინღა მოეგო გონს, ძალიან, ძალიან ნელა წამოდგა და ისე, რომ ზედ არ შემოუხედავს, კარს მიღმა გაუჩინარდა. არც წყლის ხმა მესმოდა, არაფრის საერთოდ. ტუალეტის კარიდან აივნამდე მანძილი მეოცეჯერ რომ დავფარე, ნერვებმა მიმტყუნა, სააბაზანოსთან მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ იყო. დამუნჯდა მგონი. ცოტაც და, კარს შევამტვრევდი, რომ გახსნა და გამოვიდა. კარში დავხვდი. გაყინული თვალებით ამათვალიერა და ჩაიცვიო, მთხოვა.
რა ჯანდაბა სჭირდა მართლა... დივანზე ჩამოჯდა, მხრები, ნიკაპი და ფეხები ერთიანად უცახცახებდა. აი, აქ კი მართლა შემეშინდა. ეს რომ ახლა აქ ცუდად გამხდარიყო, პირდაპირ ჩემს სახლში... სად უნდა წამეყვანა ან ვინ უნდა მომეყვანა... ან უარესი, ხელებში რომ ჩამკვდომოდა...ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რა უნდოდა აქ, ჩემთან, ღამე და რა დავმართე... ჯანდაბა, ახლა გადავრჩე და ამის მეორედ მნახველი აღარ ვარ. რა სჭირს მართლა და მართლა, ეგეთი უპრეცედენტო შემთხვევა არცერთ ქალთან არ მქონია, ცუდად გახდომაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...
გვერდით მივუჯექი. ვეცადე, დამემშვიდებინა. თმაზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ვიხუტებდი. აღარ მიშორებდა და რომ ვიგრძენი, დამშვიდდა, ვიფიქრე, ახლა მაინც ექნებოდა ადამიანური სექსის სურვილი... მაგრამ არა... სასტიკი უარი მითხრა და დაჟინებით მაიძულებდა ცალკე დაძინებას... გეფიცებით, ამაზე შეშლილი ქალი ჯერ არ მყოლია, იმ მრავალთაგან ერთი არ ყოფილა ასეთი... მსგავსიც კი... იმ ღამეს მასთან ჩახუტებულმა გადავწყვიტე, რომ უბრალოდ აღარასდროს ვნახავდი.
გაგრძელება იქნება