სამსახურიდან გამოვედი, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მინდებოდა მარტო ყოფნა და ბევრი ფიქრი, ვთვლიდი რომ რაღაც საღ აზრამდე მივიდოდი, რაც ბოლოსდაბოლოს გადამარჩენდა, უაზროდ დავადექი გზას და ჩემს სადარბაზომდე ისე მივედი ვერ ვიგრძენი.
მთელი გზა ვფიქრობდი რა მომეხერხებინა ჩემი ცხოვრებისთვის, როგორ დამელაგებინა ისე, რომ არავინ დამეზარალებინა, ქალაქიდან ჩემი გადახვეწა დედაჩემისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნებოდა, მთელი 36 წელი სამსართულიანი სახლი ჯერ აშენა და მერე სანამ მე სამსახურს დავიწყებდი ჩემი ჯერაც არარსებული ცოლისთვის და შვილებისთვის აკეთა, ის აზრი რომ იქ სამუდამოდ დარჩენა არ მინდოდა არასდროს გამიჟღერებია ხმამაღლა.
ვაღიარებ ნია ერთადერთი მიზეზი არ იყო რის გამოც გაქცევა მინდოდა, მაგრამ ერთერთი ნამდვილად იყო, ვფიქრობდი ყოველდღიურად თუ არ დავინახავდი დანარჩენი ქალებივით ისიც დავიწყებას მიეცემოდა მოკლე დროში. ამ ქალთან არაფერი მაკავებდა, მაგრამ მაინც ვერ ვეშვებოდი, წინა ურთიერთობების დასრულება დროში არადროს გამწელვია ისე, როგორც ეს უკანასკნელი. იმ ფაქტის აღიარება რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა მაცოფებდა და ხასიათს მისპობდა. ისიც შესანიშნავად მესმოდა რომ მე თუ წერტილს არ დავსვამდი მას ეს გეგმაშიც კი არ ჰქონდა, და რაც მეტი დრო გავიდოდა ამ წერტილის დასმა მით მეტად გამიჭირდებოდა. სანამ მანქანიდან გადავიდოდი საკუთარ თავს პირობა დავუდე რომ გავუშვებდი, ოღონდ ისე რომ მაინცდამაინც არ მეტკინა... როგორ უნდა მომეხერხებინა არ ვიცი, მაგრამ ამასაც მოვიფიქრებდი ალბათ, წერტილი უნდა დამესვა, და ეს ერთი პრობლემა მაინც უნდა მომეშორებინა საკუთარი ცხოვრებისთვის, პროცესი დაწყებული იყო, მეოთხე დღე იყო არ ვინტერესდებოდი სად იყო და საერთოდ არსებობდა თუ არა. რაღაცეებს გრძნობდა, ხშირად ზუსტად ისეთ დროს იცოდა გამოჩენა როცა ან ეკასთან ვიყავი ,,თითქმის პაემანზე" და ან ტელეფონში ცხრა ჩატი მქონდა გახსნილი ინტიმური შინაარსის მიმოწერით.
არც დღეს უღალატა შეგრძნებებმა, ჩაძინებიდან ხუთ წუთში ზარის ხმამ გამომაღვიძა. ხმა გამოვურთე და გვერდი ვიცვალე, მაგრამ ამაფორიაქა, ვეღარ ვახერხებდი ჩაძინებას, ნერვებმოშლილი წამოვხტი და ტელეფონს ვუპასუხე.
-როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
-არც გამარჯობა... ყოველგვარი შესავლის გარეშე ოდნავ გაღიზიანებულმა მომახალა.
-როგორ ასე? -თავი გავიდებილე.
-კვირაში ერთხელ რომ ვხვდებით 40 წუთი და ისიც ძირითადად იმის გამო, რომ სექსი გვქონდეს.
პასუხი არ მქონდა, უფროსწორად მქონდა, მაგრამ პირი გავხსენი თუ არა მილიონი აზრი გადაიკვანძა და მივხვდი რაც არ უნდა მეთქვა უაზრობა იქნებოდა, მერჩია მიმეწერა, და ამ ყველაფრს ის მერჩია საერთოდ უსიტყვოდ გავმქრალიყავი, ანუ ისე როგორც ნებისმიერი სხვა შემთხვევაში მოვქცეულვარ. უაზრო საქციელია ჩემი ასაკის კაცისთვის მაგრამ ვერაფრით ვუთხარი მე ყველაფერს მოვრჩი და უნდა დავიშალოთ მეთქი, მგონი ზუსტად ეს იყო მიზეზი, რომ ნერვები ისე მომეშალა თავი მომენტალურად ამატკია.
-ხომ იცი რომ პრობლემები მაქვს, და თან შემპირდი რომ მაგ თემაზე აღარაფერს მკითხავდი, ყველაფერს შენ ვერ აგიხსნი.
-ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, ან რა პრობლემა გაქვს ისეთი, რომ დალაპარაკება არ შეიძლება.
-ახლა მარტო არ ვარ, სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-სანამ რამის თქმას მოასწრებდა ტელეფონი გავუთიშე და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე მოვისროლე.
გავცივდი, აღარ ვწერ, არ მაინტერესებს სად არის და რას აკეთებს, ხომ შეიძლება თავისით მიხვდეს რომ ამოვწურეთ ერთმანეთი და უბრალოდ საქმის გარჩევების გარეშე ადგეს და წავიდეს, რაში სჭირდება ასეთი მარტივი ურთიერთობის გართულება, თან მაშინ როცა არაფერს შევპირებივარ, არასდროს მითქვამს რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რატომ უნდა რომ მივიდე წინ დავუჯდე და სახეში მიყუროს მაინცდამაინც როგორ ვეტყვი, რომ ეს წინასწარ გათვლილი მოკლევადიანი ურთიერთობა იყო და გაგრძელების პერსპექტივა არასდროს ჰქონია... არ მინდა ამის გაკეთება, არ ვიცი კომპლექსია თუ სხვა რამე, მაგრამ ის რაც ისედაც ცხადზე ცხადია რატომ უნდა დავუღეჭო და გადამუშავებული სახით მივაწოდო.
ტელეფონის ზუზუნი ჩემს ოთახში მაბრუნებს, ეჭვიც არ მეპარება რომ ის არის, მისთვის დამახასიათებელი გრძელი ტექსტით ცხადია.
,,ათასჯერ გკითხე და არ მპასუხობ რა არის ეგ პრობლემა, ახლა მაგ კითხვას სხვანაირად დაგისვამ და ამ თემას მეორეჯერ აღარ შევეხები, უბრალოდ მითხარი რა გინდა ჩემგან და ეგ პრობლემა მე ვარ თუ არა?!" თავი ცუდად ვიგრძენი, თავის ტკივილი ღებინების აუტანელ შეგრძნებაში გადამეზარდა, შესანიშნავი მომენტი იყო იმისთვის რომ ამ კითხვაზე სიმართლე მეპასუხა და დამესრულებინა ყველაფერი, მითუმეტეს ვიცოდი თავმოყვარე იყო არაფერს დამაძალებდა, არც ისტერიკას მოაწყობდა და აღარასდროს დამირეკავდა და მომწერდა. ტექსტი რამდენჯერმე ავკრიფე და ისევ წავშალე, აივანზე გავედი, ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და ბოლოს მაინც ვუპასუხე.
,,არ ვიცი რა მინდა, ის ზუსტად ვიცი რომ ეს ურთიერთობა მაშინებს და პრობლემების დამატება აღარ მინდა" სანამ ისევ გადავიფიქრებდი და წავშლიდი გაგზავნის ღილაკს დავაჭირე. შინაგანად რაღაც ჩამწყდა, არ ვიცი ამდენი ხნის ნანატრი ამოსუნთქვა რატომ ვერ შევძელი, ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა მიზეზი მომეცა ყველაფერი დამესრულებინა, თან არ ვატყუებდი, მართლა მაშინებდა ეს გრძნობებში
გადაზრდილი უპერსპექტივო ურთიერთობა, სხვებთანაც მაბრკოლებდა და არც ის მინდოდა ცოლის მოყვანამდე ერთი დღით ადრე გამეფრთხილებინა ნია, რომ ყველაფერი დასრულდა.
ეს არც ,,უმანკოების მუზეუმის" სცენარი იყო და არც ჰოლივუდური მელოდრამა, ჩემი ცხოვრება იყო და სატესტო რეჟიმში ვერ გავატარებდი.
***
ორ დღეში უკან დავბრუნდი, სამსახურში ტრადიციული დომხალი დამხვდა, რაც ჩემს წასვლებს მუდმივად ახლდა ხოლმე. რამოდენიმე დღე საქმეში ისე ვიყავი გართული არაფერზე მიფიქრია, სახლში შესვლამდე ვითიშებოდი ისე მეძინებოდა და შესაბამისად ნიას გაშვებით გამოწვეული ტკივილები დიდად არ მაწუხებდა.
ნია ცხადია აღარ შემხმიანებია, იქიდან გამომდინარე რომ ზედმეტად ემოციური იყო სავარაუდოდ რაღაც პერიოდი გაუჭირდებოდა, მაგრამ ვიცოდი გადალახავდა... იმის თხოვნა არ დამჭირვებია რომ ჰიპერმარკეტში აღარ ამოსულიყო და ერთმანეთი აღარ დაგვენახა, გულწრფელად რომ ვთქვა მგონი მაგას ვერც ვეტყოდი, თუმცაღა ისედაც არ ჩანდა, რამოდენიმე დღე ვიფიქრე რომ უბრალოდ ისეთ დროს ამოდიოდა გასული რომ ვიყავი, მაგრამ ორი კვირის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მანქანაც კი აღარსად მხვდებოდა.
სენტიმენტები ჩემი სტილი არ არის, ბოლოსდაბოლოს თინანოს წასვლას შევეგუე და სახლის კარი არ მინგრევია რომ შემრიგებოდა, ხშირად მიფიქრია იქნებ შემეძლო დამებრუნებინა, ახლა სავარაუდოდ წამოზრდილი შვილი გვეყოლებოდა და ჩემი ცხოვრებაც სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
საცოლის სტატუსით რომ გავუშვი და დავშორდი თინანოს მაშინ დათამ მითხრა იქნებ სცადო და შეურიგდეო, არ თვლიდა რომ მიზეზი რის გამოც ვიკამათეთ ურთიერთობის დასრულებად ღირდა. მაშინ ვუთხარი მე მაგას ხვეწნას არ დავუწყებ მეთქი. გაღიზიანებულმა მომაძახა ყველაფერს ხვეწნას ეძახი და იმდენად დაკომპლექსებული ხარ რომ ნებისმიერ სიტუაციას სადაც უბრალოდ შენი ინიციატივაა აუცილებელი თავმოყვარეობის შელახვად აღიქვამო.
დათას ბავშვობიდან ვიცნობ და შესაბამისად ათასი რაღაც აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს უკანასკნელი დღემდე არ მავიწყდება.
ბოლო მიმოწერიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ თეთრი ცეცე ისევ ჩემს ჰიპერმარკეტთან გაჩერდა, ჯერ ნიას დაქალი გადმოვიდა მანქანიდან და მერე ნიაც უკან მოჰყვა, ლაპარაკობდნენ და ნია იცინოდა, კარს მიღმა რომ გაუჩინარდნენ თვალი გავაყოლე და მერე მანქანაში ჩავჯექი, ვიფიქრე თვალში აღარ მოვხვედროდი. გამამწარა იმან რომ ცხადად ვიგრძენი მენატრებოდა. ორი წუთი თუ იქნებოდა გასული რომ მარტო გამოვიდა, მომეჩვენა - კარგად არ იყო, მანქნაში ჩაჯდა და ალბათ ათი წუთი მაინც იჯდა გაშეშებული, არ ტოკდებოდა სანამ ანა არ გამოვიდა და მანქანის დაძვრა არ მოუწია.
მეორე დღეს ეკა ვნახე, ხომ შეიძლებოდა საერთოდ არ გახსენებოდა და არ ეხსენებინა, მაგრამ თითქოს ვიღაცა დაგეგმილად მირთულებდა ცხოვრებას. ჯერ მარკეტში უაზროდ იბოდიალა, ისევ ფურცლებით დაძვრებოდა დახლებს შორის, საერთოდაც შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ჩემთვის უნდოდა დაენახვებინა როგორი პროფესიონალი იყო თავის საქმის. გასვლამდე კაბინეტში შემოიხედა და კართან ჩამოეყუდა.
-როგორ არის საქმე, მგონი არაფერი გაგვიძვირებია არა? -კოლოფიდან სიგარეტი ამოვაძრე და სკამიდან წამოვდექი, გასავლელისკენ წავედი და უკან გამომყვა ისიც.
-ამ კვირაში მეორე დაბადებისდღე მაქვს, მგონი საქმე ცუდადაა...
-რატო ზაფხულში დაბადებულები გაქრნენ? -ვეცადე ხასიათზე მომეყვანა.
-მგონი სიცხეზე გაგიჟდა ხალხი, ორმა დაგეგმილი წინა დღეს გააუქმა, წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით, ერთი მოვიდა, ყველაფერი ამახსნევინა და წავიდა მერე... -ჯერ პაუზა კააკეთა რამდენიმე წამიანი და მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო თავი ასწია და განაგრძო: - იცი ვინ იყო, ანას დაქალი, აქ თეთრი პასატით რომ მოვიდა იმ დღეს, თუ გახსოვს...
-რატო წავიდა, პირობებზე ვერ შეთანხმდით?
-ბავშვს დაბადებისდღე რა რიცხვში აქვს მეთქი რომ ვკითხე, ჯერ მაკვირდებოდა, კარგად დამათვალიერა და მერე მგონი გასახსენებლად ერთი წუთი მაინც დასჭირდა, შენელებული კადრივით იქცეოდა, დარბაზი არ დაათვალიერა, მენიუს მე თუ მკითხავ საერთოდ არ ჩახედა, რისთვის იყო მოსული ვერ გავარკვიე, არაფერი ეტყობოდა რომ დაბადებისდღის გადახდას გეგმავდა.
სულ ერთი წამი დავუშვი რომ რაღაც გაიგო, რომ ამ გოგომ ენა ვერ გააჩერა და ანასთან ილაპარაკა ჩვენზე, მერე მივხვდი რაღაცეებს ზედმეტად ვაკავშირებდი და თავიდან მოვიშორე ეს უაზრო ფიქრები...ერთი კი იყო ამაფორიაქა, ნერვები მომიშალა და ვუთხარი ეკას ახლა ყავისთვის არ მცალია გასასვლელი ვარ და სხვა დროს იყოს მეთქი, მაინც ეჭვი მღრღნიდა რომ რაღაც გაიგო, ზუსტად ამიტომ იყო მისული გასართობ ცენტრში რომ ეკა ენახა. თანაც რა რთული გასაგები ეს იყო, ტაქსივით დამატარებდა წინ და უკან.
იმ დღიდან ორი თვე ისე გავიდა თვალი აღარსად მომიკრავს, დეკემბრის ბოლოს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე სრულიად შემთხვევით დავინახე ჩემს ჰიპერმარკეტთან ტრასაზე რომ ჩაიარა თეთრმა ცეცემ.
სჯობდა სულ არ დამენახა... ჩემს თავთან დადებული პირობების დარღვევას ვერასდროს ვიტანდი.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>