თაიას მოეწონა მის მიერ თ-ს ტ-დ გადაკეთება და თაისიას ნაცვლად ტაისიად მოხსენიება. მისთვის აქამდე ასე არავის მოუმართავს.
რაც შეეხება შეკითხვას, იგი ამას ელოდა და პასუხიც მზად ჰქონდა.
- ფული მჭირდება, - თქვა და რახან გაგა ამან ოდნავადაც ვერ გააკვირვა, გააგრძელა:
- ვიცი, რომ სულელურად ჟღერს, ბატონო გაგა, მაგრამ ვიფიქრე, უმჯობესია ასეთი სიმართლე, ვიდრე ლამაზი ტყუილი-მეთქი.
- ესე იგი, მიცანით… - კვლავ გაიღიმა მამაკაცმა, - ასეთი დასამახსოვრებელი სახე მაქვს?
- თქვენ ვინ არ გიცნობთ, - ღიმილში თაიამაც აუბა მხარი, - მგონი, არ არსებობს გამოცემა, თქვენი სურათი არ იბეჭდებოდეს ლამის ყოველკვირა.
- ვფიქრობ, გადაჭარბებულია თქვენი შეფასება, მაგრამ მაინც მადლობა. სიმართლე გითხრათ, მასმედია დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ჩემი უბედურება ის არის, რომ ადამიანებს უარს ვერაფერზე ვერ ვეუბნები… თითქმის, - დააყოლა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, - ისინი ხომ ამით შოულობენ ფულს.
თაიას თვალები კითხვებით აევსო.
- არა, არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ჩემთან ინტერვიუზე ნადირობენ და მხოლოდ ამით შოულობენ ფულს. უბრალოდ… - უეცრად გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ სწორედ ამას გაუსვა ხაზი და გულიანად გაიცინა, - მართალი ხართ. ძალაუნებურად თავის ქება გამომივიდა.
- ცნობილ ადამიანებზე ყველა თავისებურად ნადირობს, - გაშალა თემა თაიამ.
- თქვენც?
გოგონა შეცბა. რა თქმა უნდა, ისიც სანადიროდ იყო გამოსული, მაგრამ ამას ხომ არ იტყოდა? თუმცა არც ტყუილის თქმა იქნებოდა მიზანშეწონილი.
- ნაწილობრივ მეც, რადგან ფულის შოვნა გადავწყვიტე, - თქვა ბოლოს.
- და რისთვის გჭირდებათ ფული? - დაინტერესდა გაგა.
- დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა, - ღრმა ამოოხვრით მიუგო გოგონამ, - კი გადარჩა, მაგრამ მას მერე მარცხენა მხარეს ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს.
- ანუ ინფარქტი?
- დიახ. სტენოკარდიული შეტევები ისედაც სულ ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც…
- მდაა…
- მერე კუნთის მოდუნებაც დაერთო. ოპერაცია გაუკეთეს, სტიმულატორი ჩაუდგეს, თუმცა ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ დღედაღამ ზრუნვა სჭირდება. ეს კი ბევრ თანხას მოითხოვს. ერთი პერიოდი შინ მყავდა, მაგრამ ვეღარ ავუვედი - თან სწავლა, თან მუშაობა, თან მისი მოვლა… გამიჭირდა, ამიტომ თვითონვე გადაწყვიტა სარეაბილიტაციოდ პანსიონში დაწოლა. ის კი ვერ გაითვალისწინა, რამდენი ფული მიაქვს ამას. მეც უარი ვერ ვუთხარი.
- იცის კი, რომ საამისო თანხები არ გაქვთ? ამდენი ესმის?
- არა. მას ჰგონია, რომ თავისი გამოზოგილი საპენსიო თანხები ამ ყველაფერს გასწვდება. რა თქმა უნდა, დაზღვევაც გვეხმარება, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. სარეაბილიტაციო ცენტრი წამოვიდა იმაზე, რომ გადასახდელი თანხა ორ წელიწადზე გადაენაწილებინა. ფაქტობრივად, ნისიად ვმკურნალობთ, მაგრამ იმასაც ხომ უნდა გადახდა? ნელ-ნელა, ყოველთვიურად გადახდა უფრო მიადვილდება, მაგრამ დედაჩემს დეტალურად არ ვეუბნები, რას როგორ ვაკეთებ. არ მინდა ინერვიულოს.
დედაზე საუბარმა თაიას თვალები აუცრემლიანა.
- ის ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე, დაბადებიდან გადაყოლილი იყო. ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა მივხედო.
გაგამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
- როგორც ვხედავ, ორ ადგილას მუშაობთ და პარალელურად სწავლობთ კიდევაც უნივერსიტეტში. თან იურიდიულ ფირმაში მუშაობთ თანაშემწედ, თან ღამის ბარში მიმტანად, თან ლექციებზე დადიხართ. როგორც ჩანს, ერთი პერიოდი გაგიჭირდათ, რახან ორი წელი აკადემიური გქონიათ აღებული.
- სწავლის ფულის გადახდა გამიჭირდა, ამიტომაც ავიღე აკადემიური, თანაც იმ პერიოდში დედას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მას უფრო ვჭირდებოდი. კი მაძალებდა დედაჩემი, ჩემ გამო სწავლა არ შეწყვიტო და პირად ცხოვრებას მიხედეო, მაგრამ არ შემეძლო.
- და არც ახლა შეგიძლიათ, არა? რადგან ჩემი წინადადება მიიღეთ, გამოდის, რომ მას დატოვებთ სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ.
თაიამ გაგასთვის მოულოდნელი უბრალოებით უპასუხა:
- ის დედაა ჩემი, ამიტომ მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია.
მამაკაცს სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა.
- მაგრამ შეგნებული გაქვთ, რომ ეს ნაბიჯი თქვენ ძალიან დიდ დროს წაგართმევთ? არა მგონია, ორ ადგილას მუშაობა შეძლოთ. პირველ რიგში, ღამის ბარიდან მოგიწევთ წამოსვლა.
თაიამ პასუხი არ გასცა.
- თუმცა მინდა დაგამშვიდოთ. მე აგინაზღაურებთ იმ თანხას, რასაც სამსახურიდან წამოსვლით დაკარგავთ. ეს საერთო თანხაში არ შევა. ცალკე გადაგიხდით.
- არ არის საჭირო. თქვენ იმდენს მიხდით, რომ ყველაფრის კომპენსაციას ეყოფა, - გაეღიმა თაიას.
- არა, ასე არ გამოვა. მე ვიცი, რასაც ვამბობ. თუმცა ჯერ ვნახოთ, რა გამოვა. თქვენ გარდა კიდევ მყავს კანდიდატები. თუ თქვენზე შევაჩერებ არჩევანს, მერე ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე.
გოგონა ოდნავ დამშვიდდა. თან თავს ძალა დაატანა, რომ როგორმე მოეშორებინა მზერა მამაკაცის მგრძნობიარე ტუჩებისთვის. ახლაღა გააცნობიერა თაიამ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არა გაგას, არამედ მის ტუჩებს ელაპარაკებოდა.
- თუ უნივერსიტეტში რამე პრობლემა შეგექმნებათ, მე მოგიგვარებთ.
- რა პრობლემები უნდა შემექმნას?
- რა ვიცი, სამკურნალო პროცედურები დროს მოითხოვს. ერთი და ორი საათის საქმე არ იქნება ეს. განსაკუთრებით, პირველ ხანებში, სანამ…
"დაორსულება" ჭოხონელიძემ არ ახსენა. ალბათ, თვითონაც არ იყო შეგუებული ამ სიტყვას.
თაიამ ოდნავ დააკანტურა თავი. რა თქმა უნდა, შეგნებული ჰქონდა, რომ ეს ექსპერიმენტი, გარდა ფიზიკური დატვირთვისა, სულიერი ტკივილის მომტანიც იქნებოდა მისთვის. მაგრამ ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა და დედა ფეხზე დაეყენებინა.
- ბარიდან წამოვალ, მაგრამ იურიდიულ ფირმაში დავრჩები. თქვენ მიერ მოცემულ თანხას მთლიანად დედაჩემს მოვახმარ, საკუთარი თავის რჩენა კი თავადაც შემიძლია, ზედმეტი არავისი მჭირდება. - სიამაყემ იძალა მის ხმაში.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახი სიჩუმემ გაავსო. შემდეგ კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდნენ.
- მაპატიეთ, ამ თემასაც რომ ვეხები, თუმცა ჩემმა ხალხმა უკვე გამოგკითხათ ამის შესახებ… როგორც ვიცი, ამჟამად არავის არ ხვდებით, არა?
- არა, - მიუგო თაიამ, - ამ თემაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ.
თვალებმილულული გაგა გოგონას დაკვირვებით ათვალიერებდა. მისი სილამაზე არ იყო ხელოვნური, როგორც იმ ქალების, რომლებსაც ის ხვდებოდა მას შემდეგ, რაც პირველი მილიონი იშოვა. ტაისია, როგორც თვითონ შეურჩია სახელი, სრულიად სხვა კატეგორიას განეკუთვნებოდა. ის იმ გოგონათაგანი იყო, ბუნებრიობას რომ არ კარგავენ და დამოუკიდებლად ახერხებენ გზის გაკვალვას; იმ გოგონათაგანი, თმას სახეზე თავისუფლად ჩამოშლის საშუალებას რომ აძლევენ და იცვამენ ისეთ ტანსაცმელს, როგორშიც თავს კომფორტულად გრძნობენ და არა მოდურად.
მისი ჟღალი, რბილად ჩამოშლილი თმა გაგას ცეცხლის ალს ახსენებდა, ხოლო ცხვირის გასწვრივ გაჩენილი რამდენიმე ჭორფლი სურვილს უჩენდა, ხელი გაეწვდინა მისი სახისკენ და თითის წვერებით შეხებოდა ამ ოდნავ შესამჩნევ მზის ხალებს. გოგონას გრძელი ქვედაბოლო და ზეთისხილისფერი ფართო მაისური ეცვა, რაც ფიგურას უმალავდა. მიუხედავად ამისა, გაგასთვის სულაც არ იყო ძნელი წარმოსადგენი, რა იმალებოდა ამ უფორმო ტანსაცმლის მიღმა.
დილიდან სუროგატი დედობის მსურველ უკვე ექვს პრეტენდენტს შეხვდა, დღის ბოლომდე ორს კიდევ ელოდებოდა, მაგრამ ტაისია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც მასში უცნაური სულიერი ფორიაქი გამოიწვია.
რატომღაც, დანახვისთანავე თვალში მოხვდა ეს გოგო. მაშინვე, როგორც კი ტელეფონი გათიშა და შემოტრიალდა. და შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე წუთი დასჭირდა, უნებართვოდ მოძალებული სურვილი გაეკონტროლებინა.
აი, ვისგან სჭირდებოდა შვილი. აი, ვინ იყო ის ქალი, რომელიც სწორედ ისეთ ბავშვს გაუჩენდა, როგორსაც ნატრობდა.
თაისია თაბაგარი - ასე ეწერა მის ანკეტაში და თავიდანვე ისე მოეწონა გვარ-სახელის ჟღერადობა, უკვე იცოდა, რომ არჩევანს მასზე შეაჩერებდა, თუ მისი მონაცემები ასე თუ ისე წესრიგში იქნებოდა. რაღაც-რაღაცებზე ალბათ თვალსაც კი დახუჭავდა. სანამ თაიას დაელაპარაკებოდა, თითქმის მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება მის კანდიდატურაზე. მისმა სიტყვა-პასუხმა კი განზრახვა გაუმყარა. თაია თაბაგარი სრულიად დაემთხვა მის ფანტაზიაში უკვე არსებულ იმ ქალის სახებას, რომელიც თავისი შვილის დედად წარმოედგინა. ეს სწორედ ის გოგონა იყო, რომელსაც მისი წარმოდგენა გონებაში ხატავდა. წამით იმის სურვილიც გაუკრთა, თაიასგან ბუნებრივი გზით ეყოლია შვილები, როგორც ამას მისი მშობლები, მშობლების მშობლები და მათი მშობლები აკეთებდნენ… მაგრამ გაგას ცხოვრებაში ამჟამად არც დრო იყო და არც ადგილი რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მას მხოლოდ ქალი სჭირდებოდა, ქალი, რომელიც შვილის გაჩენას შეძლებდა - ჯანმრთელი და მკვრივი ბიჭუნას გაჩენას. ო, თან ბიჭი უნდოდა… მერედა, როგორ! ბიჭი - მემკვიდრე, მისი სისხლი და ხორცი!
შემდგომ აუცილებლად გამონახავს დროს, რომ მზრუნველი და მოსიყვარულე მამა იყოს -ყოველთვის სურდა ასეთი ყოფილიყო. რადგან მას დააკლდა მამის სითბო, უნდოდა, ეს დანაკლისი საკუთარ შვილთან ურთიერთობით შეევსო.
მაგრამ რა უდგას წინ, ქალი იყოლიოს? ცოლი? არა, გმადლობთ! მას ეს უკვე აღარ სჭირდება. ორჯერ გამოსცადა "ცოლქმრული სიამოვნება" და საკმარისია! ხშირად ფიქრობდა, რატომ ვერ აეწყო მისი ოჯახური ცხოვრება. რა დააკლო ან ერთ ცოლს, ან მეორეს, რომ ასე არ გაუმართლა. პირველ ცოლს დროზე გაშორდა, მანამ, სანამ რქებს დაადგამდა. მოასწრო. ისე გავშორდი ლანას, გაბახება არ ვაცალეო, გაივლებდა თავისთვის გულში, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. მასთან დაშორების შემდეგ, როცა წარსულ წლებს აანალიზებდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ზედმეტი თავისუფლება მივანიჭე და ბევრმა ფულმა გარყვნაო. იმაშიც ადანაშაულებდა თავს, ასეთი პატარა ასაკის გოგო არ უნდა შემერთო, ცოტა დაღვინებული მენახა ვინმე, ცხრამეტი წლის გოგოს რომ ოჯახის შენარჩუნება გაუჭირდებოდა, თავიდანვე უნდა მეფიქრაო.
მეორედ რომ დაქორწინდა, ეგონა, უკვე მივიღე გამოცდილება და ამჯერად აღარ შევცდებიო, მაგრამ უარეს დღეში ჩავარდა. ლიკას მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ აუდიოდა. დღე არ გავიდოდა, ახალი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ ეყიდა. ახალ ნაყიდს კი ერთხელ ჩაიცვამდა და მეტად აღარ. რა გარდერობი ეყოფოდა მის ჭინჭებს? იმიტომაც იყო, როცა ყელში ამოუვიდა, ერთიანად მოხიკა ყველაფერი და პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახა.
ლანასთან წელიწადი და ცხრა თვე იცხოვრა. ახლა უკვირდა, ამდენ ხანსაც როგორ გავძელით ერთმანეთის გვერდითო, ლიკას კი მეექვსე თვეს გაშორდა. აღარც შვილი უნდოდა მისგან და აღარც ძირი, ოღონდ კი გასცილებოდა და თავიდან მოეშორებინა. არადა, ვითომ ყველაფერი გაითვალისწინა, სანამ ცოლობას შესთავაზებდა - ასაკიც, ხასიათიც, შეხედულებებიც… მაინც შეცდა.
და მორჩა. აქ დაამთავრა ცოლების ცვლა. მიხვდა, რომ მყარ ოჯახს ვერ შექმნიდა. ყველა ქალი, ვისაც მასთან დაახლოება სურდა, მხოლოდ მის გარეგნობას და ფულს ხარბდებოდა. არავის არ აინტერესებდა არც სიყვარული, არც ოჯახი და მით უფრო, არც შვილი. საბოლოოდ ეს დასკვნა გამოიტანა და ცოლზე ფიქრს თავი დაანება.
აი, შვილი კი უნდოდა და ისე ძლიერად უნდოდა, რომ ბოლოს ამ აზრამდე მივიდა. ერთი წელი გაატარა ამერიკაში და იქიდან ამერიკული "სიონაკრავი" ჩამოვიდა. თუ იქ ასეთ ხერხს ბევრი მიმართავს, გაგას რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება? ვინ გაიგებს? ვერც ვერავინ, თუ მოიწადინებს. ფულით დუმილის ყიდვაც შეიძლება. ნორას თვალდახუჭული ენდობა, რადგან ნახევრად მისი გაზრდილია. ნორა და დედამისი ხომ უახლოესი მეგობრები იყვნენ ათადან და ბაბადან. რაც შეეხება ექიმებს, აქაც მოგვარებული აქვს საქმე. ავთო გარე ბიძად ეკუთვნის, მამამისის ბიძაშვილია, საუკეთესოზე საუკეთესო გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი. პრაქტიკა ევროპის მოწინავე ქვეყნებში აქვს გავლილი, - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში… შარშან ისრაელშიც კი დარჩა ექვსი თვით და რაც იქიდან ჩამოვიდა, მის კაბინეტთან რიგი დადგა. გაოცებულს რამდენჯერ უთქვამს, ამდენი უშვილო ქალი თუ ცხოვრობდა საქართველოში, ვერ ვიფიქრებდიო. ზოგს მკურნალობით შველის, ზოგს ხელოვნური ჩასახვით, გააჩნია, ვის როგორი პრობლემა აქვს. თვითონ სულაც არ არის ხელოვნური განაყოფიერების მომხრე. რამდენი უჩიჩინა გაგას, რაში გჭირდება ამ გზით გაჩენილი შვილი, როცა ბუნებრივად შეგიძლია იყოლიო რამდენიც გაგიხარდება, იმდენიო, მაგრამ გაგამ აღარ გადათქვა.
აღარ გადათქვა, რადგან იცის, რაც მოჰყვება ამას. ნებისმიერი ქალი, ვისთანაც გინდა დააპიროს შვილის გაჩენა, მერე აღარ მოეშვება, მის ცოლობას მოისურვებს და ისევ და ისევ ლანა-ლიკაობა გამეორდება. ასე კი ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი ექნება - ფულს გადაიხდის და მორჩა. ამიტომაც, სხვა სიკეთეებთან ერთად, ისეთი გოგო უნდა შეარჩიოს, რომ მერე არ გაუბაზროს, ჭოხონელიძეს შვილი მე გავუჩინეო. სკანდალების არც თავი აქვს და არც ნერვი. ეყოფა, ყოფილი ცოლების გამო რაც მასზე იჭორავეს და ენა მოიფხანეს.
თაიამ უთხრა, თქვენს წინადადებას ფულის გამო დავთანხმდიო. გულწრფელად იყო ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ გაგას არ გამოჰპარვია, სხვა ქალებივით ისიც როგორ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას. შეიძლება მასაც სურს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის ცოლი გახდეს. რომ თქვას, არაო, არ დაუჯერებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი შეიძლება განიხიბლოს, ეს კი არ უნდა, რადგან ტაისია ძალიან მოსწონს. მოსწონს ისიც, რომ გოგონა დედაზე ზრუნავს და ამის გამო დგამს ასეთ თამამ ნაბიჯს. სხვა პრეტენდენტებს ამითიც სჯობია. საქციელი კეთილშობილურია. და თუ გულის სიღრმეში გაგას ცოლობაზეც ფიქრობს, გასაკვირი არაა. რაც უნდა იყოს, ქალია. და რომელი ქალი არ ოცნებობს სიმპათიური და მდიდარი მამაკაცის ცოლობაზე?
გაგა წამოდგა. თაიაც უცებ წამოხტა, სკამის საზურგიდან ჩანთა ჩამოხსნა და ლამაზი მოძრაობით გადაიკიდა მხარზე.
გაგას ღიმილი მოჰგვარა მისმა ჟესტმა და სრულიად მოულოდნელად გოგონას სრულიად მოულოდნელი წინადადებით მიმართა:
- უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდით, თუ ჩემთან ერთად ისადილებდით…
თაია გაოცებული მიაჩერდა. არ ელოდა, მართლა არ ელოდა. როგორ, ამ კაცმა შესაძლოა დაიქირაოს, უფრო სწორად, სამსახურში აიყვანოს, ფული გადაუხადოს და თან სადილად ეპატიჟება? წარმოუდგენელია. საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა მამაკაცმა წინადადება გაუმეორა, ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დაუქნია თავი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>