ნოველები

შანსი მილიონიდან - თავი 6

შანსი მილიონიდან - თავი 6
რომანის დასაწყისი
უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ყოველი შეხვედრისას გაგა უფრო და უფრო იხიბლებოდა გოგონათი, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროით ხედავდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნორას საშუალებით კიდევ სამჯერ სცადა, ისევ მიეპატიჟებინა თაია სადილად, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო _ ტაისია აშკარად არიდებდა მასთან სიახლოვეს თავს, რაც მისთვის გარკვეული თავსატეხი აღმოჩნდა _ ქალებისგან უარს მიჩვეული არ იყო. ეს კი უფრო მეტ დაინტერესებას იწვევდა. ისიც კი შეეეჭვა, განგებ ხომ არ მარიდებს ეს გოგო თავს, რათა დამაინტრიგოსო, მაგრამ წამსვე
უკუაგდო ამაზე ფიქრი, რადგან ამაში რომ დარწმუნებულიყო, აშკარად განიხიბლებოდა.
ეს კი არ უნდოდა. სხვა რამ უნდოდა, მაგრამ კონკრეტულად რა, ჯერ ვერ გარკვეულიყო. ჯერ მხოლოდ ის სიამოვნებდა, რომ სწორედ ის და სხვა არავინ აირჩია. ახლა მთავარი იყო, ჩანაფიქრი განხორციელებულიყო.
სხვათა შორის, მასაც მოეწონა ის თოჯინასავით გოგო, ტაისიამ რომ აღნიშნა, მაგრამ ისეთი დაკვნეტილფრჩხილებიანი თითები ჰქონდა, წამითაც არ დაუშვია, სათადარიგო ვარიანტად მაინც განეხილა.
თაიას უხაროდა, თვითონ გაგა რომ არ ურეკავდა და თავად არ ეპატიჟებოდა სადილად. იცოდა, რომ მას ვერ ეტყოდა უარს. მდივნისთვის უარის თქმა კი ადვილი საქმე იყო. მართლა არ უნდოდა, მის გვერდით დიდი დრო გაეტარებინა. კონტრაქტი ამას არ ითვალისწინებდა. ისედაც საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა და რაც უფრო შორს დაიჭერდა პირველ ხანებში თავს, მით უფრო გადაურჩებოდა გაუბრალოებას. თუ დაორსულდებოდა, მაშინ სხვა ამბავი იყო. მაშინ შეიძლებოდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოებოდა. ჯერ ამის დრო არ მომწიფებულიყო. მაგრამ დავუშვათ და არაფერი გამოსვლოდა, მერე რა ელოდა? იცოდა, რაც ელოდა _ ყველაზე მძიმე დღეები თავის სიცოცხლეში. წარმოიდგინა, რა ძნელი იქნებოდა ბავშვთან განშორება და ამის გაფიქრებაზე გული ეკუმშებოდა. არადა, მთელი ცხოვრება სურდა, ვინმეს სიგიჟემდე ჰყვარებოდა. უნდოდა შვეიცარიული საათივით ძვირფასი და სასურველი ყოფილიყო და მამაკაცს ხელით ეტარებინა.
ახლაც გაგას კაბინეტში იჯდა, მის მაგიდასთან და არ იცოდა, მის მზერას სად გაჰქცეოდა. მამაკაცი თვალს არ აშორებდა, თან ელაპარაკებოდა, როგორ მიდის სამედიცინო პროცედურებიო. უეცრად სრულიად მოულოდნელი რამ ჰკითხა, რამაც თაიას ჟრუანტელი მოჰგვარა:
_ გახსენდებათ თქვენი პირველი სიყვარული?
იმდენად არ ელოდა ამ თემას მიბრუნებას, რომ წამით დაიბნა, მერე კი მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა, თუმცა კი შეეფაკლა ღაწვები:
_ აღარ… დიდი ხანია უკვე.
_ რა იყო მერე, როცა დაშორდით?
თაია წამით დაფიქრდა. არ უნდოდა ამ კაცის მოტყუება, მაგრამ სიმართლე იმდენად მწარე იყო, რბილად ვერ იტყოდა იმას, რაც ნოდიკოს დაკარგვის შემდეგ მის გულში ხდებოდა.
_ მერე? _ თვითონაც დასვა კითხვა, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა, _ მერე იყო მეტი ტკივილი, მეტი ცრემლი, მეტი სინანული, მეტი მოგონება და მეტი დაღლილობა… ოღონდ ბავშვური, _ თავიდან რაც თქვა, ყველაფერი სიმართლე იყო, მხოლოდ ბოლოს დააყოლა ტყუილი, რადგან ნოდიკოს სიყვარული მის ბავშვობას სულაც არ უკავშირდებოდა.
გაგას ცალყბად ჩაეღიმა. ადგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ამწუთას თაია მხოლოდ მის ზურგს ხედავდა და საოცარმა სურვილმა შეიპყრო _ თავი მიედო ამ ზურგზე, ჩახუტებოდა და მასთან ერთად დარწეულიყო. აი, ეს სურვილი კი ნამდვილად გამოუვიდა ბავშვური. გაიღიმა, ოღონდ არა ტუჩებით, არამედ ფიქრში. ფიქრში გაუღიმა თავის წარმოდგენას.
გაგა კი ეზოში იცქირებოდა. ცხელი დღე იყო, მომთენთავი და დამთანგველი. ხის ჩრდილი მშვიდად თვლემდა მზის გულზე. კაბინეტში კი გრილოდა კონდიციონერის წყალობით და გარეთ რომ არ გაგეხედათ, ვერც მიხვდებოდით, ქვეყანა რომ იწვოდა.
თაია ელოდებოდა, როდის დაამთავრებდა გაგა აუდიენციას, თან ვეებერთელა კაბინეტს ათვალიერებდა. ჭერზე დაკიდებული ცხრასანთლიანი ჭაღი გაჩახჩახებული იყო, ისე ანათებდა, თითქოს იმუქრებოდა. უკვირდა გოგონას, დღის სინათლეზე ასეთ განათებულ და ვიტრინებიან კაბინეტში რა საჭირო იყო ამხელა ჭაღის ბდღვრიალი. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა ისევე, როგორც სხვა ბევრზე. გაგა მისთვის ჯერჯერობით სამუცნობიან განტოლებად რჩებოდა. მაინც გადაწყვიტა, ეკითხა:
_ იცით, რა მაინტერესებს? ასეთ ნათელ ოთახში ჭაღი რატომ გინთიათ დღისით?
ვერა, ვერ მოითმინა. როგორ უსწრებს ენა წინ, ვერ ისწავლა ჭკუა!
გაგა ისე მკვეთრად მოტრიალდა, თითქოს `ვინ გგონია შენი თავი~ უთხრესო. ერთხანს თვალის დაუხამხამებლად უყურა თაიას, მერე კი ჩაიცინ-ჩაიღიმა და მიუგო:
_ ეს ჩემი საიდუმლოა.
თაიას მოეჩვენა, რომ გაგას პასუხის დაგვიანების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ თვითონაც არ იცოდა, რატომ ენთო ჭაღი, ამიტომ კვლავ გაუსწრო ენამ წინ:
_ მე კი მეგონა, რომ საიდუმლო მხოლოდ ქალს უნდა ჰქონდეს და არა მამაკაცს.
_ კი მაგრამ, რატომ? _ მამაკაცი აშკარად დააინტერესა მისმა ფორმულირებამ, სწრაფი ნაბიჯით დაუბრუნდა თავის მაგიდას, იდაყვებით ზედ დაეყრდნო და თაიასკენ გადაიხარა, თან `ყურადღებით გისმენ~ სახე მიიღო.
_ იმიტომ, რომ მხოლოდ ქალია იდუმალი და გამოუცნობი და არა მამაკაცი, _ წარმოთქვა გოგონამ და ყურებამდე გაწითლდა.
გაგამ გულიანად გაიცინა.
_ ვინ დაადგინა ეს?
რა უნდა ეთქვა? ხომ არ ეტყოდა, მეო? აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ვინ დაადგინა? უბრალოდ, წიგნებში წაუკითხავს, ფილმებში უნახავს და სხვებისგან მოუსმენია.
_ არ ვიცი, _ მიამიტურად უპასუხა და დაიმორცხვა.
_ თქვენ გაქვთ საიდუმლო? _ უარესად დამაბნეველი შეკითხვა აიჭრა ჰაერში.
ეს იყო კითხვა, რომელმაც დაზაფრა. ჰქონდა, აბა, არ ჰქონდა? ერთი დიდი საიდუმლო არ იყო ის განზრახვა, რამაც მასთან მიიყვანა? შეეცადა, ზოგადი პასუხი გაეცა:
_ ყველა ადამიანს აქვს გულის კუნჭულში პატარა ბნელი სარდაფი, სადაც თუნდაც ერთ საიდუმლოს ინახავს.
გულწრფელად კი გამოუვიდა. გაგა კვლავ ახარხარდა.
_ იცით, რა? რაც დრო გადის, მით უფრო კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. როგორც ჩანს, ინტუიციამ არ მიღალატა. მადლობა ჩემს ინტუიციას.
თაიამ შეიფერა. სამადლობელი ღიმილით შეხედა თავის დამქირავებელს და აწრიალდა. სანამ კიდევ რამეს ჰკითხავდა ეს მოულოდნელობებით აღსავსე მამაკაცი, უნდა გაქცეულიყო.
მართლაც, ჭოხონელიძეს აღარ გაუგრძელებია მისი შეკითხვებით დაძაბვა. რამდენიმე წუთში შეხვედრაზე მივდივარ და უნდა დაგემშვიდობოთო, გამოუცხადა და თაიას გულმა მთელი ცხრა საფეხურით მაღლა ამოიწია. ეს ის მეცხრე საფეხური იყო, რომელსაც შვება ჰქვია. როგორც იქნა, მოეშვა, თავმდაბლად დაემშვიდობა გაგას და კაბინეტიდან არცთუ თამამად გავიდა.
რა ეშველება, ამ კაცს თავი თუ ვერ შეაყვარა. როგორ უნდა მოიცილოს გულიდან ბავშვი, რომელიც ცხრა თვე მუცლით უნდა ატაროს? რატომ თავიდანვე არ იფიქრა ამაზე? მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ახლა უკან ვეღარ დაიხევდა.
ამიტომაც დათქმულ დღეს კვლავ გამოცხადდა კლინიკაში, რათა ხელოვნური განაყოფიერების ბოლო საფეხური გაევლო. ავთო ექიმმა, რომელსაც გაგა ალბათ ცხრაასი წელია იცნობდა, გულთბილად მიიღო და განყოფილებაში შეიყვანა. თაიას ყველა საჭირო ანალიზი უკვე აუღეს და წესით და რიგით, საოპერაციოდ მზად იყო. ოთახში, სადაც შეიყვანეს, მხოლოდ თეთრქაღალდგადაფარებული გინეკოლოგიური სავარძელი, თეთრქაღალდგადაფარებული ნარი და შუშის მაგიდა იდგა. გოგონამ გაიხადა და სავარძელზე ავიდა ექიმისა და მედდის მოლოდინში. მედდა, რომელსაც მედეა ერქვა, მალევე გამოჩნდა. მან თაია გაამხნევა და ცოტათი გაამხიარულა კიდევაც. თუ ვინმე მედდას იკითხავს, ყველას ჰგონია, მე მგულისხმობენ და ეგრევე მე მეძახიანო, მხიარულად უყვებოდა თაიას.
_ კაცო, მედდა კი ვარ და მედეაც მქვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ყველას მე ვჭირდები-მეთქი, ვბრაზები ხოლმე, მაგრამ ვინ გიჯერებს. ბოლოს ისე ხდება, რომ სხვისი საქმის გაკეთებაც მე მიწევს. ასეა, ჩემო კარგო, ასე, _ სიცილით დააყოლა მედეამ და ცოტათი აიწიე სავარძელზეო, სთხოვა.
უეცრად კარი გაიღო და გაგა არ შემოვიდა?! აი, ამას კი არ ელოდა თაია და ელდანაცემი კინაღამ წამოხტა სავარძლიდან.
_ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ოპერაციას დავესწრო? _ ისე გულგრილად იკითხა მამაკაცმა, თითქოს თაიას ყოველდღე გაშიშვლებულს ხედავდა.
მის აქ დანახვას სულაც არ ელოდა. მის აქ დანახვას სიკვდილის დანახვა ერჩია. ისე ანერვიულდა, სუნთქვა შეეკრა. ვერ მიხვდა, რა საჭირო მისი დასწრება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ არ დაესწრებოდა, მაგრამ მომავალი ბავშვის მამა ის იყო და რა უფლება ჰქონდა, გაეპროტესტებინა?
_ როგორც გნებავთ, _ მიკნავებული ხმით მიუგო, თავი გვერდზე მიაბრუნა და თვალები დახუჭა.
სიმწრის ოფლმა დაასხა, როცა წარმოიდგინა, როგორ უყურებდა მის შიშველ სხეულს მისი მომავალი ბავშვის მომავალი მამა.
ოპერაციისთვის ყველაფერი მზად იყო. ბოლოს ავთო ექიმიც შემოვიდა…
განაყოფიერების პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში გაგა საოპერაციოდან არ გასულა, იჯდა ერთ ადგილას და თვალებდახუჭული ელოდებოდა შედეგს. როგორც იქნა, ყველაფერი დამთავრდა და თაიას ნება დართეს, ჩაეცვა.
_ ძალზე ყოჩაღად გეჭირათ თავი, _ შეაქო ავთო ექიმმა.
_ მართლაც, _ თავი მოწონებით დააქნია გაგამ, თუმცა საათის განმავლობაში ერთხელაც არ გაუხელია თვალი, მხოლოდ ინსტრუმენტების ჩხაკუნი და ავთოს ხმა ესმოდა.
_ თქვენ იმდენს მიხდით, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, _ მსუბუქად წარმოთქვა გოგონამ.
მას სულაც არ სურდა ამწუთას ფულზე ელაპარაკა, მაგრამ მამაკაცის ყურადღებიანმა და მზრუნველმა ტონმა, რომლითაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, იძულებული გახადა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საკუთარი თავისთვის, მათ ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა რომ აკავშირებდათ. მეტი არაფერი, სულ არაფერი!
ბოლო დღეებში უცნაური აზრები აეკვიატა. დღე არ გავიდოდა, არ ეფიქრა, როგორ გამოიყურებოდა ჭოხონელიძე ტანსაცმლის გარეშე. თუკი მისი მკერდი ისეთივე დაკუნთულია, როგორიც გაღეღილ პერანგს მიღმა მოუჩანს, თუ ისეთივე ნაზი კოცნა იცის, როგორიც მისი ტუჩების ფორმის მამაკაცს შეეფერება, თაია მზადაა, თავდავიწყებას მიეცეს და გაგას მკლავებს ბრმად მიენდოს. სიფრთხილეს მოუკვდა პატრონი! რა დროს ეგ არის, როცა წინ ასეთი ვნებიანი და უსიმპათიურესი მამაკაცი გიდგას? მაგრამ ეჰ… ოცნებას არც კაცი მოუკლავს და არც ქალი, იოცნებოს და იყოს, ვინ უშლის!
შუბლი ძალაუნებურად შეეჭმუხნა, თვალებში კი სიმუქე შეეპარა, მაგრამ მაშინვე განზე გაიხედა, რათა საკუთარი სისუსტე არ გამოემჟღავნებინა.
_ შეიძლება წავიდე? _ ავთოს მიუბრუნდა.
_ რა თქმა უნდა, თავისუფალი ხართ.
_ თუ ნებას დამრთავთ, სახლამდე მე მიგიყვანთ, _ თავი გამოიდო გაგამ.
თაიამ უსიტყვოდ შეხედა და ოდნავ შესამჩნევად გაარხია ტუჩები, რითაც აგრძნობინა, თანახმა ვარო.
გარეთ გამოვიდნენ. მზე ისევ აცხუნებდა. ჭოხონელიძემ მძღოლს ანიშნა და ისიც მაშინვე მივარდა კარს გამოსაღებად.
გოგონამ მანქანას შეხედა და იმწუთასვე ინანა, რომ დათანხმდა. მთელი გზა მის გვერდით ჯდომა განა სწორი გადაწყვეტილება იყო? ეშინოდა, ვაითუ ვერ გამკლავებოდა გრძნობებს, თავი გაეცა და რამე სისულელე არ ჩაედინა, როგორც აქამდე მოსვლია. არა, არა და კიდევ ერთხელ არა!
_ იცით? გადავიფიქრე. გამახსენდა, რომ სამსახურში უნდა შევიარო, _ ბოლო მომენტში უკან დაიხია.
_ მაშინ სამსახურამდე მიგიყვანთ, _ გაჯიუტდა მამაკაცი.
თაიამ შორს დაიჭირა.
_ ბარი, სადაც ვმუშაობ, აქედან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ფეხით გავივლი. _ თქვა და მანქანას სწრაფად მოშორდა, მაგრამ ათიოდე ნაბიჯიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მისი ხმა დაეწია:
_ მაშინ დაგირეკავთ, მალე, ძალიან მალე!
გოგონამ მხრები გაატოკა და გაიფიქრა, ხუთ წუთში დავივიწყებ ამ სიტყვებსო.
თუმცა… დაივიწყებდა კი?

გაგა მოუსვენრად სცემდა ბოლთას თავის კაბინეტში. ხან ფანჯარას მიუახლოვდებოდა და გადაიხედავდა, ხან საწერი მაგიდიდან კალამს აიღებდა, დააწკაპუნებდა და ადგილზე აბრუნებდა. ვერა, ვერ დამშვიდდა, დილიდან გამოყოლილი ფორიაქი თუ აღგზნება ვერ დაიოკა.
დღეს განსაკუთრებული დღე იყო. ოცი წუთის წინ ელაპარაკა ავთოს, რომელიც თაიას კლინიკაში ელოდა. ორ საათზე რეპროდუქტოლოგს პაციენტი უნდა გაესინჯა და ამ გასინჯვის შედეგზე იყო დამოკიდებული, რა ხასიათზე დადგებოდა გაგა. დღეს გაირკვეოდა, რამდენად წარმატებულად ჩაიარა ოპერაციამ. მაჯის საათს დახედა. სულ რაღაც სამოცი წუთი დარჩა და გაიგებს, სულ რაღაც სამოცი წუთი! უნდა მოითმინოს, როგორმე უნდა მოითმინოს.
მაგრამ გავიდა ერთი საათი, კიდევ ნახევარი, ტელეფონი კი არ რეკავდა.
ბიზნესმენმა ყველა შეხვედრა გადადო, რომელიც დროის ამ მონაკვეთში ჰქონდა დანიშნული. მოუთმენლობამ შეიპყრო, უარესად აღელდა. ლოდინს მიჩვეული არ იყო. ერთადერთი მიზეზი, თვითონ რატომაც არ წავიდა ამ გასინჯვაზე, ის იყო, რომ მის დანახვაზე ტაისიას არ ენერვიულა. გრძნობდა, როგორ იძაბებოდა გოგონა, როცა მას ხედავდა. მაგრამ ახლა მეტის დალოდება აღარ შეეძლო. ბოლოს და ბოლოს, მის ბავშვს ეხება საქმე, თუ, რა თქმა უნდა, ტაისია ორსულადაა. ის ახლა იქ უნდა იყოს და არა აქ, თავის კაბინეტში.

გაგრძელება
ნახეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
დადა
როდის დაიდება შემდეგი თავი?
22:49 / 06-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
დადეთ შემდეგიი.უნტერესით ვკვდები
21:45 / 06-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93