მაგრამ ექიმმა მაინც გააჭიანურა. მან ნელა გახსნა საქაღალდე, გადაარჩია ფურცლები, ხან ერთს დახედა, ხან მეორეს, თითქოს თვითონაც არ იცოდა, შიგ რა ეწერა.
- ავთო! - წამოიყვირა გაგამ, უკვე ვეღარ ითმენდა.
- კარგი, კარგი, ნუ ნერვიულობ, - სიცილნარევი ღიმილით გამოხედა რეპროდუქტოლოგმა.
თაიამ თითქმის შეწყვიტა სუნთქვა. ისიც კი ვერ შენიშნა, როგორ მოიმწყვდია მამაკაცმა მისი თითები მუჭში.
- თაისია, გაგა, - დაიწყო ავთომ, - გილოცავთ, თქვენ შვილი გეყოლებათ.
ახლა სკამზე რომ არ მჯდარიყო, ალბათ, იატაკზე გაიშხლართებოდა, მოულოდნელად ისე დაუბნელდა თვალთ. ისინი ელოდნენ ამ პასუხს, მათ სურდათ, ასე ყოფილიყო, მაგრამ მაინც ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ექიმი სიმართლეს ღაღადებდა. თაიას მუცელში შვილი ჰყავს! გაგა ჭოხონელიძის შვილი! რა მაგარია!
მორცხვად შეხედა მის გვერდით მოკალათებულ მამაკაცს, რომელსაც სიხარულისგან სახე გაბრწყინებოდა.
- ალბათ, ამიტომ მეხვევა ბოლო დროს თავბრუ? გულიც ამის გამო მიმდის? - შეეკითხა გოგონა.
- სავარაუდოდ, - მიუგო ავთომ, - შესაძლებელია დილაობით გულისრევის შეგრძნება დაგეუფლოთ. არ შეგეშინდეთ. ყველა ქალი სხვადასხვანაირად რეაგირებს ორსულობაზე. ზოგიერთები გამუდმებულ დაღლილობას და სისუსტეს გრძნობენ, ზოგს მთელი სამი თვე ტოქსიკოზი აქვს. ზოგი ისე მძიმდება, მთელი ცხრა თვე ცუდადაა. ბევრი საერთოდ ვერ გრძნობს ვერაფერს. როცა თქვენი სიმპტომები მოვისმინე, მაშინვე შემეძლო მეთქვა, ორსულად ხართ-მეთქი, მაგრამ ამ ვაჟბატონს პირდაპირი მტკიცებულება უნდოდა. ამიტომ დაველოდე ანალიზის შედეგებს. ასე რომ, ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი - თქვენ ორსულად ხართ.
ავთო ექიმი რამდენიმე წამით გაჩუმდა და შემდეგ კვლავ გააგრძელა:
- ისე, მინდა გითხრათ, რომ გაგიმართლათ, თაისია. ყოველთვის კი არ გამოდის პირველსავე ცდაზე ხელოვნური განაყოფიერება. არიან ქალები, სამჯერ და მეტჯერაც უხდებათ ოპერაციის გაკეთება. ზოგი საერთოდ არ ორსულდება. შეიძლება თქვენ შემთხვევაში დიდი როლი იმან ითამაშა, რომ ახალგაზრდა ხართ და არაჩვეულებრივად ჯანმრთელი.
- მაგ მხრივ შემიძლია ვიამაყო. რომ იტყვიან, ფრჩხილიც კი არასდროს წამომტკიებია. -მორცხვად გაიღიმა თაიამ.
- ვიცოდი, რომ არ ვცდებოდი, როცა არჩევანი თქვენზე შევაჩერე, - წარმოთქვა გაგამ, თაიას თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა. - აწი რა იქნება?
- აწი? - წარბები აზიდა ავთომ და ხელები გაშალა, - აწი იქნება, რაც იქნება. ახლა თქვენ სახლში წახვალთ, თაისია. რაც მთავარია, არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ. სამი კვირის შემდეგ ისევ მოხვალთ ჩემთან გამოკვლევაზე. ცხოვრების ჩვეულ წესზე უარს ნუ იტყვით. ახლა მთლად ხტუნაობას ნუ დაიწყებთ და არაფერი არ გეკრძალებათ. უბრალოდ, მკვეთრი მოძრაობებისგან დროებით თავი შეიკავეთ. იარეთ, ისეირნეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთ, მაგრამ თუ დაიღლებით და სისუსტეს იგრძნობთ, აუცილებლად წამოწექით და დაისვენეთ. სისუსტის სიმპტომები ჩვეულებრივი ამბავია ასეთ დროს, არ შეგეშინდეთ. ორსულობის პირველ ნახევარში შეიძლება ხშირად გქონდეთ მსგავსი შეგრძნება. დალიეთ მწვანე ჩაი, მიირთვით ტკბილი ორცხობილა და ეგრევე მომაგრდებით. და კიდევ… აწი უფრო ჩქარა დაიღლებით, ვიდრე ადრე. ასე რომ, იძინეთ რაც შეიძლება ბევრი… პირველ ხანებში ასე იქნება და მერე ვნახოთ. გასაგებია?
- დიახ, ყველაფერი გასაგებია, - მიუგო აფორაჯებულმა გოგონამ და თვალები დახარა. ჯერაც ვერ მოსულიყო გონს, ჯერაც სიზმარში ეგონა თავი.
საშინლად იყო აღელვებული, ოღონდ ვერ გარკვეულიყო, რამ უფრო ააღელვა - იმან, რომ ორსულად იყო თუ გაგას ნაზმა ამბორმა.
- ვიტამინებს გამოგიწერთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას. რაც შეიძლება სრულყოფილად უნდა იკვებოთ. მეტი ბოსტნეული, მეტი ხილი და მეტი რძის პროდუქტი. განსაკუთრებით, ხაჭო. ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. სამუშაო თუ დამღლელი არ გაქვთ, იმუშავეთ, სასწავლებელშიც შეგიძლიათ იაროთ, მაგრამ თუ ორსულების ვარჯიშებსაც გააკეთებთ, გადასარევი ამბავი იქნება. მედდას მოგამაგრებთ და ის გაგარკვევთ, რა და როგორ. სულ ესაა. შეკითხვები თუ გაქვთ, გისმენთ.
თაიამ ქვედა ტუჩზე იკბინა და თავი გააქნია.
- ამწუთას არაფერზე ფიქრი არ შემიძლია, გონება საერთოდ არ მიმუშავებს. მგონი, შეკითხვები არ უნდა მქონდეს.
- შენ რას იტყვი, გაგა, დამატებით რამის გაგება ხომ არ გინდა?
- მინდა, აბა, არ მინდა? - მსუბუქად გაიცინა მამაკაცმა, - მე ის მაინტერესებს, როდის უნდა იმშობიაროს… ნუ… დაახლოებით მაინც რომ ვიცოდე თარიღი.
- სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. ჯერ ვნახოთ, როგორ წავა საქმე. უფრო ზუსტად მერე ვიტყვი, ნაყოფი რომ გაიზრდება და მოღონიერდება. გათვლებში პირადად მე არასდროს ვცდები.
- მდაა… აპრილი-მაისი… - ჩაილაპარაკა ჭოხონელიძემ და სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა.
გაგამ გასაღები გადაატრიალა და სახლში შევიდა. ჯერაც შეშლილივით იღიმოდა. პიჯაკი გაიხადა და დივანზე უდიერად მიაგდო. ცხელოდა. საოცრად ცხელი გამოდგა სექტემბერი, ზაფხულივით ამინდები დაიჭირა.
რა კარგ ხასიათზეა! ის ორსულადაა! ტაისია მუცლით მის შვილს ატარებს. რაც ეს ამბავი გაიგო, მას მერე ტუჩებიდან ღიმილი არ მოშორებია. მაშინაც კი იღიმოდა, როცა გოგონამ შინ გაცილებაზე უარი უთხრა. ბოლომდე მაინც ვერ გაუგო ამ გოგოს. სამარშრუტო ტაქსი რომ მის ცხვირწინ გააჩერა და იმას გაჰყვა, ვითომ კარგად მოიქცა? რისი დამტკიცება უნდა ამით? არა, არა, ცუდს ტაისიაზე არ იტყვის. არცა აქვს სათქმელი. მან იცის თავისი საქმე. ალბათ ეშინია, გაგა არ შეუყვარდეს და ამიტომაც არიდებს თავს. მართალიცაა. მას ახლა სიყვარული არ სჭირდება, არც მიჩვევა, თორემ მერე ამას რა მოჰყვება, კაცმა არ იცის.
დღეს ძალიან, ძალიან მაგარ ხასიათზეა და ვერავინ შეძლებს ხასიათი გაუფუჭოს. ვერავინ და ვერაფერი. ის მამა გახდება. რვა კვირა და ცოტა მეტი დარჩა. მართალია, ეს დრო უკვე საუკუნედ ეჩვენება, მაგრამ როგორმე გადაიტანს. გადაიტანს კი არა, ყოველი თვე სიხარულის მომტანი იქნება მისთვის, როცა ნახავს, როგორ ნელ-ნელა წამოეზრდება მუცელი მის ტაისიას. თუ ის მართლა ისეთი კარგია, როგორადაც ახლა ეჩვენება, ვინ იცის, მერე იქნებ ძიძადაც დაიქირაოს. ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მასზე ღვიძლი დედა იზრუნებს. უცნაურია, ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი. მან და ტაისიამ ახალ სიცოცხლეს ჩაუყარეს საფუძველი. დაიბადება ახალი ადამიანი, რომელიც შეიძლება დიდი კაცი გახდეს - ნიჭიერი მუსიკოსი, მხატვარი ან… ან… საზოგადო მოღვაწე. იქნებ მამასავით ბიზნესში ჩაერთოს. როგორი მრავალფეროვანი შესაძლებლობა ექნება მის შვილს! ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის პირმშოს არაფერი მოაკლდეს.
თავისდა უნებურად იავნანას სტვენა წამოიწყო, თუმცა არასდროს არავისთვის იავნანა არ უმღერია. ასე სტვენა-სტვენით სამზარეულოში გავიდა და მაცივრის კარი გამოაღო. დილიდან უჭმელს შიმშილით კუჭი უხმებოდა. ძირითადად ოფისში სადილობდა, მდივანს მოატანინებდა ხოლმე რესტორნიდან გემრიელობებს ან თვითონ მიდიოდა რესტორანში, მაგრამ ახლა გარეთ გასვლა არ უნდოდა. მით უფრო, მარტო ვერ დაჯდებოდა რესტორანში, არც არავისთან არ სურდა შეხვედრა და თავისი სიხარულის გაზიარება. ერთადერთი, ვისი ხათრითაც გარეთ გავიდოდა და ისადილებდა, ტაისია იყო. მაგრამ აბა? სახლში მიცილებაზე უთხრა უარი და რესტორანში წამოჰყვებოდა? რაღაც არ ჰგონია. აშკარად აგრძნობინა, რომ მის გვერდით დროის დიდხანს გატარება არ სურს. ისე, გაგას ბრალია. როცა კონტრაქტი შეადგინა, ამ პუნქტს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმის შიშით, ვისაც ბავშვს გავაჩენინებ, არ მომეჩვიოს და მერე ჩემი ცოლობა არ მოუნდეს ან ბავშვზე უფლებები არ წამომიყენოსო.
არადა, პირველად რომ დაპატიჟა რესტორანში, ტაისიას უარი არ უთქვამს. მერე რადიკალურად შეიცვალა. იქნებ რამე არ მოეწონა? რაღაც არ ახსენდება გაგას, ცუდად მოქცეულიყო და მისთვის ეწყენინებინა. ქალები გიჟდებიან მასზე, ერთი სული აქვთ, ოღონდ კი შეხვედრის საბაბი გამოძებნონ, ეს კი შინ გაცილებასაც უშლის.
თუმცა სხვა არც იყო მოსალოდნელი. მათი ურთიერთობა ხომ მხოლოდ და მხოლოდ საქმიანია. ტაისიას იმედი არა აქვს, რომ მასთან რამე გამოუვა, ჰოდა, არც ცდილობს. ჭკვიანი გოგოა და ამიტომ აფასებს. სხვა მის ადგილას აქამდე ცხრაჯერ ეცდებოდა გაგასთან დაახლოებას, მით უფრო, დაორსულების შემდეგ.
ცუდი ის იქნება, რაც დრო გავა, უფრო და უფრო თუ ჩაიკეტება თავის თავში და საერთოდ არ გაეკარება გაგას. ეს ცუდია. მას უნდა, რაც შეიძლება ხშირად ხედავდეს ქალს, რომელიც მუცლით მის შვილს დაატარებს. ამის უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში ეს არ წერია. იმედია, არ აუკრძალავს, რომ ხანდახან მაინც ნახოს, ცოტა ხნით მაინც გაატაროს დრო მის გვერდით. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს, როგორ არის? რამე ხომ არ სჭირდება? ყველაფრის ხარჯი ხომ მან უნდა გაიღოს?
მაცივარში ლორი იპოვა და ბუტერბროდი გაიკეთა. ოჰ, რა ეგემრიელა! თითქოს ამაზე გემრიელი არასდროს არაფერი ეჭამოს. ყოჩაღ, ნორა, როგორ ზრუნავს თავისი დაქალის შვილზე. ის ხომ კვირაში ერთხელ მოდის აქ და გაგასთვის ახალი პროდუქტები მოაქვს ბაზრიდან. ახლაც უზრუნია. აი, ამიტომ აფასებს ამ ქალს. ის შეუცვლელია მისთვის. ახლა დაურეკავს ნორას და ახალ ამბავს აცნობებს. იცის, რომ გაუხარდება. დედასავით ზრუნავს გაგაზე. თან ძალზე ტაქტიანია, ტვინს არ უბურღავს ხოლმე პირად ცხოვრებაზე ლაპარაკით და შეკითხვებით.
ამ ფიქრებში იყო, რომ უცებ სხვა რაღაცაზე გაამახვილა ყურადღება. გულზე სევდა შემოაწვა, როცა გაახსენდა, რომ არც ოჯახი ჰყავდა და არც ჭეშმარიტი მეგობრები. დედ-მამას მისთვის არასდროს ეცალა. ძირითადად სახლში იყო გამოკეტილი ძიძასთან ერთად. როცა ძიძას სასეირნოდ მიჰყავდა, სხვა ბავშვებთან თამაშს უშლიდა, რადგან ასეთი მითითება ჰქონდა. გაგა კი თავს ყოველთვის მიტოვებულად გრძნობდა. დედაც და მამაც სულ სამსახურში იყვნენ, ამიტომ მისთვის დრო არ რჩებოდათ. საღამოობით, როცა ისინი შინ ბრუნდებოდნენ, გაგას უკვე ეძინა. იშვიათად, დაძინებამდე ენახა მშობლები.
არც ახლა ჰყავს მშობლები გვერდით. მამა თექვსმეტი წლის წინ ავარიაში მოყვა და დაიღუპა, დედა კი მეორედ გათხოვდა ბერძენ ბიზნესმენზე და მასთან ერთად იქ გადასახლდა.
რამდენიმე კლასელის გარდა, ახლო მეგობარი არასდროს ჰყოლია, მაგრამ ეს კლასელებიც დაიქსაქსნენ, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედა. ახლა მხოლოდ თანამშრომლებით შემოიფარგლება მისი ნაცნობობა და ბიზნესპარტნიორებით. თუ ვინმე შეეხმიანება გარეშე, ვისთანაც ოდესმე მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონია, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ესესხოს. ყველას რაღაც უნდა მისგან, თორემ მოკითხვით თავს არავინ იკლავს.
ერთადერთი ავთოა, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა, მეგობრულიც და საქმიანიც. მას არასდროს დაუღალატებია. თვითონაც გვერდში უდგას, როგორც შეუძლია. ისე, რატომ ხდება ასე? ყველას მისი გამოყენება რატომ სურს? განა ტაისიას შემთხვევაშიც ასე არ არის? ისიც არ იყენებს თავისი მიზნებისთვის? თუმცა განსხვავება ისაა, რომ იგი რაღაცას მაინც მისცემს. რაღაცას კი არა, ცხოვრებაში ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს - შვილს გაუჩენს. ამისთვის არ უღირს ფულის გადახდა? უღირს, რა თქმა უნდა. გამოყენება იმას ერქვა, თავისი ცოლები რომ იყენებდნენ. და საბოლოოდ რა გამოვიდა? იმათ რა მისცეს? სრულიად არაფერი.
რაც მთავარია, ის საუკეთესო მამა იქნება, გაცილებით უკეთესი, ვიდრე თვითონ ჰყავდა. ყოველთვის მოიცლის თავისი შვილისთვის, თან გადაჰყვება, გვერდიდან არ მოიშორებს. ყველა საქმეს გადადებს და როცა შვილი მოსთხოვს, მის ნება-სურვილზე ივლის. მას გამოუჩნდა შანსი, უყვარდეთ და უყვარდეს, ვიღაცას აჩუქოს თავისი სიყვარული და მზრუნველობა, რაც მას ასე ძალიან აკლდა. წარმოუდგენია, როგორ ეყვარება შვილსაც.
ოქტომბრის ბოლო კვირა იყო. თაია ავთოს კაბინეტის წინ სკამზე იჯდა. თავს საშინლად უხერხულად გრძნობდა, რადგან გვერდით გაგა ეჯდა. სამი კვირა უკვე გავიდა და გამოცხადდა გამოკვლევებზე. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ გაგაც მოვიდოდა, მაგრამ ვერა და ვერ შეეგუა მის სიახლოვეს. ახლაც გრძნობდა, როგორ ეწვოდა მარჯვენა მხარი, რადგან სწორედ იმ მხარეს იჯდა მამაკაცი. თანაც წეღან ზედმეტი მოუვიდა. ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულმა უთხრა გაგას, არ დასწრებოდა მის გასინჯვას. არ უნდოდა, მამაკაცს შიშველი კიდევ ერთხელ ენახა. იცოდა თაიამ, რომ სწორად არ იქცეოდა, მაგრამ საშინლად იძაბებოდა მისი თანდასწრებით. არადა, გაგას შეეძლო უდიერად ეთქვა მისთვის, ბოლოს და ბოლოს, ამ ბავშვის მამა მე ვარ და მაქვს უფლება, ყველა პროცედურას დავესწრო, შენ კი მხოლოდ სუროგატი დედა ხარო. რა თქმა უნდა, მამაკაცს ეს არ უთქვამს მისთვის და არც უგრძნობინებია, ამიტომაც უარესად იძაბებოდა. თავის თავსაც უხერხულ სიტუაციაში აგდებდა და იმასაც.
უნდოდა, განა არ უნდოდა, სულ მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ თავიდან სპეციალურად არიდებდა თავს, იქნებ მეტი ინტერესი გავუჩინო ამდენი უარის შემდეგ და მერე თვითონ არ მომეშვასო. თუმცა ეს თავიდან. ახლა კი, ამ სამ კვირაში იმდენი რამ შეიცვალა, რომ იმას ნატრობდა, ნეტავ საერთოდ არ მოვიდეს ჩემ სანახავადო. ორსულობამ ძალიან შეცვალა. ჯერ ის, რომ გაფერმკრთალდა. დილაობით გულისრევები დასჩემდა. მერე კი მთელი დღე ჭამა უნდა და როგორც უნდა დანაყრდეს, მაინც შიმშილის შეგრძნება აწუხებს. აშკარად ატყობს, რომ წონაშიც მოიმატა. ამიტომ თავისი თავი ლამაზი აღარ ეჩვენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგას აღარ მოეწონება და მისადმი ინტერესს დაკარგავს. აი, რისი ეშინია ყველაზე მეტად. ამწუთასაც საჭმელზე ფიქრობს. რა სიამოვნებით მიირთმევდა ახლა ერთ კარგ, გემრიელ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს ან პიცას. ისე მოუნდა ჭამა, რომ უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა და ენა აუწყლიანდა. როგორც კი აქედან გავა, ეგრევე იყიდის და შეჭამს.
ამ დროს კარი გაიღო და ექთანმა მისი გვარი დაიძახა. ავთო იბარებდა გასასინჯად. მძიმედ წამოდგა და კაბინეტში შევიდა. გაგასკენ არც გაუხედავს…
დამთავრდა თუ არა პროცედურები, ავთომ ექთანს სთხოვა, გაგაც შემოეყვანა. შემოსვლისთანავე ავთომ ხელი ჩამოართვა და თაიას ანკეტა გადაშალა.
- საქმე კარგად მიდის, - თქვა ექიმმა, - ძალიან კარგად. ყველაფერი ისე გააგრძელეთ, როგორც აქამდე.
თაიამ თავი დაუქნია. ხაჭაპურზე ოცნება კი გონებიდან არ ამოსდიოდა.
- რაც შეეხება თავის ტკივილს და დაღლილობას…
ამის წარმოთქმაზე გაგას სახე შეეცვალა, აშკარად დაფრთხა.
- შეგიძლიათ ერთი-ორი აბი მიიღოთ დღეში, რომელიც გამოგიწერეთ.
- შემიძლია არც მივიღო. ისე ძალიან არ მაწუხებს, მოთმენა შემიძლია. როცა ვიღლები, ეგრევე წამოვწვები ხოლმე და დავდებ თუ არა თავს, მაშინვე ვიძინებ, - გაიცინა თაიამ.
- გეთანხმებით. კარგი იქნება, თუ აბების გარეშე შევძლებთ ფონს გასვლას. თუმცა ეგ წამლები მცენარეული პრეპარატებია, ამიტომ არაფერს გავნებთ. ხო, კიდევ რა უნდა მეთქვა. ასე თბილად ნუ ჩაიცვამთ. ჯერ ისე არ ცივა, რომ ჩაიფუთნოთ. მშვენიერი ამინდია, მზიანი, უქარო. ისე ჩაიცვით, რომ კანმა ისუნთქოს. ბავშვისთვის ეს უფრო სასარგებლოა. ნუ გეშინიათ, არაფერი დაგემართებათ. ყველა ანალიზი წესრიგში გაქვთ, არაჩვეულებრივად მიმდინარეობს თქვენი ორსულობა. ასე რომ, ჩემო გაგა, - ავთო მეგობარს მიუბრუნდა, -მოემზადე მამობისთვის და შენც გააკონტროლე ეს მზესავით გოგო ხანდახან.
თაიას ალმურმა აჰკრა სახეზე. გაგამ ცალი ტუჩის კუთხით ჩაიღიმა.
- სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა. შეგიძლიათ წახვიდეთ.
- მე გავაცილებ, ავთო და შენ მერე გნახავ, - ექიმისკენ გადაიხარა გაგა და ხმადაბლა უთხრა.
- დამირეკე, კაცო, რა პრობლემაა, - ხელი აუქნია ავთომ და გაიცინა.ორივენი გარეთ გამოვიდნენ. ისე გაიარეს დერეფანი, რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.
- სახლში მიდიხართ?
- კი, სახლში. ტაქსით წავალ, თქვენ არ შეგაწუხებთ.
- იცით რა, ტაისია? ის უფრო შემაწუხებს, ახლა ტაქსით რომ წახვიდეთ. ამას წინათ "მარშრუტკით" წახვედით და მას მერე სულ ვნანობ, რომ ამის ნება მოგეცით. ახლა კატეგორიულად მოვითხოვ, მე წაგიყვანოთ, - მკაცრად წარმოთქვა მამაკაცმა, ქალს იდაყვში ჩაავლო ხელი და სანამ ის გაპროტესტებას შეეცდებოდა, მანქანის უკანა სალონში ლამის ძალით შესვა. მერე თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- ეს ზედმეტია, - მაინც გააპროტესტა თაიამ, - მინდოდა ჯერ ფეხით გამესეირნა. თან ხაჭაპური უნდა მეყიდა ან პიცა.
- მე კი მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ. - ისევ მკაცრი ტონით გააგრძელა გაგამ, საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მისი სიტყვებისთვის, - არც ისე კარგი ადგილია სასეირნოდ ამდენი მანქანის გამონაბოლქვის ფონზე. თქვენი იდეა სულაც არ მომწონს, წარუმატებელია.
თაიას გაეცინა.
- ბიზნესმენის ლექსიკონით მელაპარაკებით.
- საიდან დაასკვენით?
- იქიდან, რომ ეს იდეა სულაც არ ყოფილა. უბრალოდ, სურვილია და მეტი არაფერი. მე სულ ვსეირნობ, როცა დრო ჩამივარდება.
- ამისთანა მტვერსა და ბუღში? - გაგამ ფანჯარაში გაიხედა და არე ხელებით მოხაზა.
- არა, რა თქმა უნდა. ჩემს სახლთან მტვერი და ბუღი საერთოდ არ არის. თანაც, მე უფრო ღამით ვსეირნობ, როცა ქუჩაში ცოტა მანქანა დადის.
- ღამით სეირნობა საერთოდ არ შეიძლება, ვინ იცის, ვის გადაეყრებით, - "ეს რა მითხარი" ტონით შეეპასუხა გაგა, - და საერთოდაც, სულაც არ მინდა, რომ მარტო სეირნობდეთ.
- აბა, რა ვქნა? მეწყვილეს დამიქირავებთ, რომ მასთან ერთად ვისეირნო?
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>