თაია ფანჯარაში იყურებოდა. ცდილობდა, მთელი სივრცე თავის მზერაში მოექცია, მაგრამ არ გამოსდიოდა. ოფლი ასხამდა და მაინც სციოდა. აღტაცებული იყო ამ კაცით, მაგრამ მაინც ეშინოდა. რისი? თვითონაც არ იცოდა.
- შენს პროტესტს არ მივიღებ, - თქვა გაგამ, როგორც კი მანქანა მის კორპუსთან გაჩერდა.
- რა პროტესტს? - გაკვირვებული შეეკითხა გოგონა.
ამასობაში მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, თაიას გადმოსვლაში მიეხმარა და კორპუსისკენ გაუძღვა.
- სად მივდივართ? - შეცბუნდა გოგონა.
- ჩემთან, სახლში.
- რა? - თაიას სხეული ერთიანად დაეჭიმა და შედგა, - აქ რას ვაკეთებთ? რა მინდა აქ? ჩემს სახლში რატომ არ წამიყვანეთ?
- იმიტომ, რომ შენი იქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. ჯერ ერთი, იქ კარია შემტვრეული; მეორეც, გათბობა არ არის და მესამე - შენზე იქ არავინ ზრუნავს.
აღელვებისგან თაიას კვლავ ხველა აუტყდა.
- როგორ შემოხვედით ჩემს ბინაში, კარი შეამტვრიეთ?
- რა თქმა უნდა. ვაზარუნე, ვაკაკუნე, ვაბრახუნე, შენ კი არ მპასუხობდი. შენი აზრით, რა უნდა მექნა? კარის შემტვრევა მომიხდა, რაშიც სხვები დამეხმარნენ.
თაიამ შეხედა და შეამჩნია, რომ მამაკაცს ძალზე დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა. მან ხომ მთელი დღე მის გვერდით გაატარა. ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა, კარი რომ შეუმტვრიეს ბინაში, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის გაკეთდა.
მიუხედავად ამისა, იდეა, რომ გაგასთან უნდა ეცხოვრა, სრულიად არ ხიბლავდა. უნდოდა შინ დაბრუნებულიყო და თავის ავადმყოფობას თვითონვე გამკლავებოდა. არადა, რა იყო ამაში მიუღებელი? უკეთესი არაა, თუ მასთან იცხოვრებს? იქნებ სწორედ ეს გახდეს ამოსავალი წერტილი მისი ჩანაფიქრისა? ერთ ჭერქვეშ ცხოვრება უფრო დაახლოებს მათ, უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს. იქნებ სიყვარულიც ისევე მოულოდნელად მოვიდეს, როგორც თვითონ აღმოჩნდა მის ბინაში? შეუძლია კი, წინააღმდეგობა გაუწიოს მამაკაცის ნებას? თავისთან განა ვინ მოუვლის? ნეირა მუშაობს, მთელი დღე მასთან ვერ იქნება. სხვა ისეთი არავინ ჰყავს, ვინც გვერდით დაუდგება. ან კი როგორ უთხრას უარი მას შემდეგ, რაც გაგამ მისთვის გააკეთა?
- გაგა…
- გინდა მითხრა, რომ ეს გკლავს?
- რა? - ვერ მიუხვდა თაია.
- ვიცი, რომ არ გინდა ჩემს ბინაში გააგრძელო ცხოვრება. და შენ გკლავს აზრი იმაზე, რომ ამის თქმა არ შეგიძლია? მართალი ვარ?
- ეს ასე თვალში საცემია?
- ჰო, ზედმეტადაც, - გაგამ ჩაიცინა, - ბოლო ორი თვეა ვამჩნევ, როგორ იძაბები, როცა შენ გვერდით ვარ. ზომაზე მეტად იჩენ სიჯიუტეს, როცა ვიღაც შენ დახმარებას ცდილობს.
- ჯიუტი სულაც არ ვარ.
- მაგრამ დამოუკიდებელი ხარ.
- არა მგონია, ეს ცუდი იყოს. - მისუსტებული ხმით ჩაიდუდუნა.
- რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ცუდი არაფერია იმაში, რომ სხვებს ნება დართო, შენზე იზრუნონ. ხანდახან მაინც.
ამასობაში ლიფტის კარი გაიხსნა და გაგამ კვლავ ხელში აიტატა გოგონა. ასე გაიარა გრძელი სადარბაზო და თავისი ბინის კარს მიადგა. ტვირთით ხელში ძლივს შეძლო საკლიტულისთვის გასაღების მორგება.
გემოვნებით მოწყობილ ჰოლში შევიდა. აქ იშვიათად ათენებდა ღამეს. დროის უმეტეს ნაწილს კერძო სახლში ატარებდა, სადაც ოფისიც იყო განთავსებული, ტაისიაც იქ მიიღო პირველად. ეს ბინა კი, ძირითადად, სხვა დატვირთვას ატარებდა. როცა განმარტოებით სურდა დარჩენა, მხოლოდ მაშინ მოდიოდა აქ. ან მაშინ, როცა ერთჯერადად გართობას მოისურვებდა ვინმე ლამაზმანთან ერთად. ეს კი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდებოდა.
თავიდან ბოლომდე გადააკეთა აქაურობა. სტუდიის ტიპის ბინა უფრო ეთქმოდა საცხოვრებელს, მიუხედავად იმისა, რომ ოთხოთახიანი იყო. სასტუმრო ოთახიდან სამზარეულო, ბარი და ჰოლიც შუშის კედლებით იყო გამოყოფილი. ბევრი შუშა და ტყავი -ეს იყო, რაც პირველ რიგში, თვალში მოგხვდებოდათ.
ერთი შეხედვით, ძვირად ღირებული სასტუმროს ნომერი გეგონებოდათ, იმ განსხვავებით, რომ უამრავ წვრილმანს დაინახავდით - განსაკუთრებით, წიგნები და ლარნაკები იტაცებდა მზერას.
მთლიანობაში ბინა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, ლამაზი და კოხტა.
სასტუმრო ოთახის ერთი კედელი მთლიანად მინის იყო. აქედან კი საოცარი ხედი იშლებოდა - ძველი თბილისის ხედი. ღამით მოელვარე ლამპიონები კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მოგაგონებდათ.
- მე თვითონაც მიყვარს დამოუკიდებლობა, - თქვა გაგამ, როგორც კი გოგონა სავარძელში ჩასვა, რომელიც ტყავგადაკრული დივნის გვერდით იდგა. შემდეგ იქვე დადებული დაკეცილი პლედი აიღო და თაიას გადააფარა. - მაგრამ დამოუკიდებლობასთან ერთად მძაფრად მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ მომდევნო შვიდი თვის გამავლობაში პასუხისმგებელი ვიქნები შენზე. გარდა ამისა, ნუღარ მომმართავ თქვენობით. ის, რომ ჩვენ საერთო შვილი გვყავს, უფლებას გვაძლევს, ერთმანეთს შენობით მივმართოთ.
მცირეოდენი ჩაფიქრების შემდეგ თაიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
გაგამ მის წინ დაიქოჩა და პლედი გაუსწორა.
- გთხოვ, მოდუნდე და უფლება მომცე, ვიზრუნო შენზე. ეს მე უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს.
- ჩემი აზრით, შენ ისედაც ბევრი სასიამოვნო რამ გაგიკეთებია ცხოვრებაში, - სრულიად უპრობლემოდ გადავიდა თაია "შენობითზე".
გაგამ გაიცინა.
- შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ახლა მინდა მხოლოდ შენ გასიამოვნო.
გაგამ ხელი მოჰკიდა ტაისიას, წამოაყენა და ფართო საძინებელში გაიყვანა.
- ეს შენი ოთახი იქნება. წამოწექი.
თაია წამოწვა. გაგამ ბალიშები შემოუწყო, გაუსწორა და თბილი საბანი გადააფარა.
საწოლი თაიასთვის ზედმეტად განიერი აღმოჩნდა. თავის დივანთან შედარებით უზარმაზარი მოეჩვენა.
- კიდევ გინდა რამე? - შეეკითხა მამაკაცი და კარისკენ გაემართა.
- მადლობა, არაფერი არ მინდა. თავს გადასარევად ვგრძნობ.
- აშკარად მატყუებ. მას შემდეგ, რაც გადაიტანე, შეუძლებელია თავს გადასარევად გრძნობდე, თანაც შენთვის უცხო გარემოში. ჩვეულებრივ, ამ დროს ადამიანები დისკომფორტს განიცდიან. მაგრამ ეს დროებითია. მალე შენს ნივთებს აქ მოიტანენ და თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ ბინაში.
- ნუთუ გგონია, რომ აქ დიდხანს დავრჩები? არ იყო საჭირო ამის გაკეთება, - მაინც გააპროტესტა.
- მაგრამ მე ასე მინდოდა. მინდა თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.
თაია სასიამოვნო კანკალმა აიტანა, გულიც გამალებით აუძგერდა. როგორც ჩანს, გაგა მის გაშვებას უახლოეს ხანებში არ აპირებს. მთელი დღე ხომ გვერდიდან არ მოსცილებია. ამაში არავინაა დამნაშავე. თვითონ მისცა უფლება, შემოჭრილიყო მის ცხოვრებაში, როცა სუროგატ დედობაზე დათანხმდა.
მაგრამ მას საკუთარი ბინა აქვს, საკუთარი სამსახური და საკუთარი ცხოვრება. ამიტომაც სურდა, დაჰბრუნებოდა ამ ყველაფერს, როგორც კი გამოჯანმრთელდებოდა. სულაც არ იყო აუცილებელი აქ დარჩენა, როცა ფეხზე დადგებოდა. არ სურდა გაგას ბინაში ეცხოვრა. ეს მას კარგს არაფერს უქადდა. საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდოდა, რომ უიმედოდ შეუყვარდებოდა ეს კაცი და კიდევ ერთხელ დაიტანჯებოდა. მისგან კი საპასუხო სიყვარულს ან ეღირსებოდა, ან არა.
ისინი კიდევ კარგა ხანს საუბრობდნენ. ამ ხნის განმავლობაში გოგონა მამაკაცს თვალს ვერ აშორებდა. უყურებდა მის ძლიერ, დაკუნთულ მკლავებს და ათასნაირი კითხვა უტრიალებდა გონებაში. ნეტავ თვითონაც აქ გაათენებს ღამეს თუ სხვაგან? თუ აქ გაათენებს, როგორ შეძლებს მის გვერდით მშვიდად დაძინებას? მთელი ღამე ხომ მასზე ფიქრი მოუწევს? როგორ გადაიტანს ამას?
ამ დროს მისი მობილური აწკრიალდა, რომელიც სასტუმრო ოთახში ჩანთაში იდო. გაგამ წამით შეავლო გოგონას მზერა, მერე კი მობილურის მოსატანად საძინებლიდან გავიდა…
ნეირა იყო. დაქალი შეშფოთებული ურეკავდა, ვერა და ვერ შევძელი შენთან დაკავშირება, ხომ კარგად ხარო.
- უკეთ ვარ, ნეირა. მთელი დღე კლინიკაში გავატარე. ახლა გამომწერეს.
- მაგრამ სახლში რომ არ ხარ? იქ ვიღაცები დამხვდნენ, კარი უნდა შევაკეთოთო.
- ხო, ვიცი. ცუდად ვიყავი და კარის შემტვრევა გახდა საჭირო. მე იქ არ ვარ.
- სად ხარ?
- გაგას ბინაში. დროებით აქ გადმომიყვანეს, სანამ ჩემთან ყველაფერს მოაწესრიგებენ, -პასუხობდა თაია დაქალს, თან თვალს არ აშორებდა გაგას, რომელიც იქვე იდგა.
- ააა, ის ახლოსაა? ესმის, რასაც გელაპარაკები?
- კი.
- კარგი, მაშინ აღარაფერს გეტყვი. მესმის, რაც ხდება. როცა მარტო დარჩები, დამირეკე, ოკეი?
- კარგი, ნეირა, დაგირეკავ…
- შენი მეგობარი იყო? - დაინტერესდა გაგა.
- ჰო. ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი.
- იცის შენი მდგომარეობის შესახებ?
- რა თქმა უნდა. სწორედ მან გამომგზავნა თქვენთან გასაუბრებაზე.
- რას ამბობ! საიდან გაიგო?
- ნეირა ბუკას დაქალია.
- ბუკა? ნორას გოგო?
- ჰო.
- გასაგებია, - გაგამ ღრმად ამოიხვნეშა, მერე კი შემპარავად იკითხა, - ენდობი მას?
თაიამ გაოცებული მზერა მიაპყრო.
- რა თქმა უნდა, თვალდახუჭული. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.
- კარგი, კარგი, ასე ნუ მიყურებ. მჯერა შენი. - მამაკაცმა გაიღიმა, - იმედია, გამაცნობ.
- რა პრობლემაა, - მხარი აიჩეჩა თაიამ და კვლავ ხველა აუტყდა, მაგრამ ეს მხოლოდ ღელვით გამოწვეული ხველა იყო. იგი გაანერვიულა იმან, რომ გაგა მის დაქალს არ ენდობოდა.
აი, გააცნობს ნეირას და თვითონვე დარწმუნდება, ნეირა როგორი კარგიცაა. არადა, რომ იცოდეს, რა ჩაიფიქრეს მან და ნეირამ… არა, ეს მან ვერასდროს ვერ უნდა გაიგოს. ვერც გაიგებს. ნეირა ამაზე არასდროს კრინტს არ დაძრავს, თაია - მით უმეტეს. სხვამ ეს ამბავი არავინ იცის და გაგა საიდანღა გაიგებს?
ღმერთო, რაოდენ საშიშია მისი აქ დარჩენა. როცა ამ კაცთან პირისპირ რჩება, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს გონებაში - ჩაეხუტოს და ეფეროს და ეფეროს. თავს ვეღარ ერევა, როცა ამაზე ფიქრობს. არა, ვერ დარჩება ისეთი ადამიანის გვერდით, ვინც მას ასე აღელვებას აიძულებს.
- გაგაცნობ, მაგრამ მხოლოდ ჩემს ბინაში. მე აქ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, - დაიწყო მოულოდნელად, - ექიმმა თქვა, რამდენიმე დღეში კარგად იქნებიო. ჰოდა, რამდენიმე დღეში შევძლებ შინ დაბრუნებას. არ მინდა შენი სტუმართმოყვარეობით ბოროტად ვისარგებლო.
- რა სისულელეა. გგონია, შენი აქ ყოფნით მაწუხებ? წამითაც არ გაივლო მსგავსი რამ გულში, - გაგამ პიჯაკი გაიხადა და ჰალსტუხის გამოხსნას შეუდგა, - მინდა რაც შეიძლება დიდხანს დარჩე აქ. იმედი მაქვს, სანამ მშობიარობა მოგიწევს, არ წახვალ. ამისთვის ყველა პირობას შეგიქმნი. ის შენი ნეირაც აქ მოვა და გინახულებს.
გაგამ შეხედა გოგონას და მიხვდა, როგორ დააფრთხო იგი მისმა "იმედოვნებამ". გარდა იმისა, რომ კოპები შეიკრა, სახეც მოექუფრა.
არადა, გაგას უნდოდა, რამდენიმე დღე მაინც დარჩენილიყო ტაისია მასთან, სანამ ყველა საშიშროება გაივლიდა. მას შეეძლო მის გვერდით ყოფილიყო და ვალდებულიც იყო, ასე მოქცეულიყო. ტაისია გამოჯანმრთელდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა, მაგრამ სურდა მისი ცხოვრება უფრო კომფორტული გაეხადა, თუნდაც მანამდე, სანამ ბავშვი გაჩნდებოდა. მთავარი ის იყო, რამდენად დართავდა გოგონა ამის ნებას.
სანამ ტაისია მის წინადადებას გააპროტესტებდა, ეშმაკობა იხმარა.
- მოდი, ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. მე ჩაის მოგიდუღებ, ვახშმისთვისაც მოვიფიქრებ რამეს. მერე დაიძინე. გამოძინება არ გაწყენს. ამ თემას კი ხვალ მივუბრუნდეთ. - და სანამ თაია რამეს ეტყოდა, ოთახიდან გავიდა.
გაგას კერძების მომზადება სრულიად არ ეხერხებოდა. ჩაი კი მოადუღა, მაგრამ ვახშამი? ერთადერთი, რაც შეძლო, პური ტოსტერში გახუხა, თეფშზე დაალაგა, გვერდით კი ყველისა და კარაქის ნაჭრები მიუდო. ნორა აქაურობაზე იშვიათად ზრუნავდა, როცა გაგა სთხოვდა, მხოლოდ მაშინ. მას პროდუქტები იმ სახლში უფრო მიჰქონდა, სადაც გაგა ძირითად დროს ატარებდა - სახლში, სადაც გაგას ოფისიც იყო განთავსებული.
სანამ ჩაის გაამზადებდა, თავის, შედარებით მომცრო საძინებელში გავიდა, რომელიც თაიას ოთახის გვერდით მდებარეობდა და ტანთ გამოიცვალა. სპორტულები ჩაიცვა და ფეხი ფლოსტებში გაყო. წამით მიაყურადა. ამწუთას მათ ერთი კედელი ჰყოფდათ. იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.
სამზარეულოში გამოსულმა ჩაი გაამზადა, მერე ყველაფერი ლანგარზე დაალაგა და ტაისიას შეუტანა. სანამ საძინებელში შევიდოდა, კარზე დააკაკუნა.
გოგონა იმავე პოზაში დახვდა, როგორშიც დატოვა - ბალიშებით გარშემორტყმული და საბანგადახურული.
- ჩაი და გახუხული პური, - ღიმილით გამოაცხადა და ლანგარი წინ დაუდო, - ოღონდ ფრთხილად, ჩაი ცხელია.
თაიამ ფინჯანი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.
- გემრიელია, - თქვა მან, როგორც კი ერთი ყლუპი მოსვა.
- ჟასმინის ჩაია. იმედია, წინააღმდეგი არ იქნები, სხვა არ მაქვს. რაც მთავარია, კოფეინის გარეშეა. წიგნებში წერია, რომ ორსული ქალები კოფეინს უნდა მოერიდონ.
თაიამ გაიღიმა და ჩაის სული შეუბერა.
- გმადლობ.
- ამაღამ რაც არის, იმას უნდა დასჯერდე. ხვალ სხვანაირად ვიზრუნებ შენზე.
- არ არის საჭირო. ყველაფერი რიგზეა, უკეთეს ვახშამს ვერ ვისურვებდი, - კვლავ გაუღიმა გოგონამ და ამ ღიმილით მამაკაცი გაამხნევა.
გაგამ კედლის საათს ახედა და მიხვდა, რომ უკვე გვიან იყო, ვახშმის შემდეგ ტაისიას უნდა დაეძინა.
სიტყვის უთქმელად გამოვიდა ოთახიდან და პარკიდან წამლების ამოლაგებას შეუდგა, რომლებიც ავთო ექიმის დანიშნულებით გზაში შეიძინა.
გაგამ ყველა წამალს თავი მოუყარა და ტაისიას ოთახში შეუტანა. ტუმბაზე როგორც კი დაულაგა, გაუღიმა და უთხრა:
- თუ ღამით რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს, ან დამიძახე, ან შენ თვითონ გადი სამზარეულოში და რაც მოგინდეს, აიღე. მე გვერდითა ოთახში მძინავს. თუ იქ არ დაგხვდი, დერეფნის ბოლოში კაბინეტია და იქ ვიქნები. ხანდახან გვიანობამდე ვმუშაობ. ასე რომ, ან აქ ვიქნები, ან იქ. აბა, შენ იცი. თუ არაფერი გჭირდება, დაგტოვებ… - დაამთავრა გაგამ და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ზედმეტად ღელავდა.
- არა, გმადლობ. ამწუთას არაფერი მინდა, - თაიამ დარცხვენით ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს. - შენ ისედაც ყველაფერი გააკეთე, რასაც მე ძალიან ვაფასებ. მადლობა.
გაგამ თავი დახარა და ოთახიდან გავიდა.
- ძილი ნებისა, - წარმოთქვა კართან მისულმა.
- ძილი ნებისა, - დაემშვიდობა თაიაც.
სანამ კაბინეტში გავიდოდა, გაგამ სამზარეულოში შეიარა, ერთი ჭიქა ღვინო დაისხა და გადაჰკრა. მერე ბუტერბროდი გაიმზადა და სამუშაო ოთახს მიაშურა.
მისთვის ეს ყველაფერი სიახლე იყო - აქამდე არასდროს არავისზე უზრუნია. მართალია, ორი ცოლი ჰყავდა, მაგრამ თავი არ მოუკლავს - ცოლები თვითონ ზრუნავდნენ თავიანთ თავზე. მთავარი იყო, ქმარს მათთვის ფული მიეცა.
"კარგი იქნება, თუ ამ სიტუაცის მივეჩვევი, - ფიქრობდა თავისთვის, - მე ხომ მამა უნდა გავხდე. თუ არა მე, ვინ იზრუნებს ჩემს შვილზე?" როცა გაახსენდა, რომ პამპერსების გამოცვლა უნდა ესწავლა, ბავშვისთვის საჭმლის მომზადება, დაბანა, ცოტა არ იყოს, შეეშინდა. მიხვდა, რამდენი რამ დასჭირდებოდა პატარას. როგორ უნდა მორეოდა მარტო ამდენ რამეს? არადა, სულაც არ უნდოდა ძიძის აყვანა, რატომ უნდა გადაებარებინა სხვისთვის საკუთარი შვილის მოვლა?
მაგრამ ამწუთას ეს იმდენად არ აშინებდა, რამდენადაც ქალი, რომელიც მეზობელ ოთახში იწვა. მის მიმართ უკვე ისეთ რამეს გრძნობდა, რაც, წესით და კანონით, არ უნდა ეგრძნო. მართლა არ უნდოდა მისჩვეოდა ადამიანს, ვინც მუცლით მის შვილს ატარებდა. არადა, ზუსტად აქეთკენ მიდიოდა საქმე. რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ტაისიას გვერდით, მით უფრო რთულდებოდა სიტუაცია. ჯანდაბას, რა ხდება მის თავს? რა ემართება? ღრმა ურთიერთობების სურვილი არ ჰქონდა. ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კიდევ ერთხელ ცოლის მოყვანა მისთვის ნამდვილი თავსატეხი გახდებოდა. რა გარანტია ჰქონდა, რომ ამჯერად გაუმართლებდა? წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ ადამიანი. როცა გგონია, რომ საუკეთესო ქალს დაადგი თვალი, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მწარედ შეცდი. ან ქალები იცვლებიან გათხოვების შემდეგ, ან გათხოვებამდე გაჩვენებენ თავს ისე, თითქოს იდეალურები არიან.
ამიტომაც დაიქირავა სუროგატი დედა. ამიტომაც გაასაიდუმლოა ასე ეს ამბავი. არანაირი სურვილი არ ჰქონდა ქვეყანას მოსდებოდა, ვისგან ჰყავდა შვილი და რატომ მაინცდამაინც ამ გზით.
მაგრამ რაც ტაისია გაიცნო, მის თავში ყველაფერი აირია. სწორედ ტაიმ მიახვედრა, რას ნიშნავს გეყოლოს შვილი ქალისგან, რომელიც გიყვარს. თუმცა უყვარდა კი? არა, ეს არ იყო სიყვარული. ეს არ იყო ის გრძნობა, რომელიც ოჯახის შექმნას გაიძულებს, მაგრამ მეორე მხრივ… იქნებ ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მისცა, რომ თბილი ოჯახური კერია მოეწყო? ნათქვამია, ღმერთი სამობითააო. არადა, სამიოდე თვის წინ ასეთი რამ მისთვის ვინმეს რომ ჩაეწვეთებინა, თავს გაიგიჟებდა.
არც ახლა უნდა. ჰო, როგორც ჩანს, არ უნდა…
როგორც კი ბავშვი გაჩნდება, ის და ტაისია თავ-თავიანთი გზით წავლენ და გაგა დაივიწყებს მის არსებობას. ყოველ შემთხვევაში, შეეცდება მაინც.
ერთი ხანობა ფიქრობდა, დავიტოვებ ამ გოგოს, ბარემ მისი გაჩენილი ბავშვია და თვითონ მოუაროსო. ძიძის ვალდებულება უნდოდა დაეკისრებინა მისთვის, მაგრამ რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო მეტ საფრთხეს ხედავდა. ჯერ ერთი, დედას მერე უფრო გაუჭირდებოდა შვილთან განშორება. მეორეც - საკუთარ თავსაც არ ენდობოდა, ეშინოდა, ტაისია არ შეჰყვარებოდა.
ამიტომაც გადაიფიქრა. ყველაზე კარგი ვარიანტი ნორა იყო. თავიდან ის დაეხმარებოდა შვილის გაზრდაში, მერე კი თვითონაც შეაჩვევდა ნელ-ნელა ხელს. ამასობაში ტაიც დაივიწყებდა მას. ფინანსურად უკვე წელში გამართული იქნებოდა, თავისი გონებისა და სილამაზის წყალობით კი მამაკაცებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ჰოდა, იპოვიდა ვინმეს - თავის ტოლსა და სწორს. არა, ასე იმიტომ კი არ ფიქრობდა, რომ ტაისია მისი შესაფერისი არ იყო. უბრალოდ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არ სურდა გოგონასთვის სიცოცხლე გაემწარებინა. თუ ქალი არ უყვარდა, სითბოს გამოხატვა არ შეეძლო. როგორც კი მისთვის მიუღებელ რომელიმე თვისებას აღმოაჩენდა მასში, ეგრევე უცხოვდებოდა და კრიტიკულად უდგებოდა თანამეცხედრის ყოველ ნაბიჯს. ასე დაემართა ორივე ცოლის შემთხვევაში. მესამედაც იგივე რომ დამართნოდა, სირცხვილით თავი აღარ გამოეყოფოდა.
მაგრამ რატომ ფიქრობდა ამ გოგოზე ამდენს? რატომ ეჩვენებოდა იგი დახვეწილი, ჭკვიანი და ყველასგან გამორჩეული? რატომ იზიდავდა ასე მისი სითბო? იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოცნების ასრულებაში ეხმარებოდა? ალბათ ამიტომაც ეჩვენებოდა, რომ შეყვარებული იყო მასზე. ჰო, ამიტომაც.
გაგრძელება იქნება