ნოველები

ქალები ბნელში - თავი 1

ქალები ბნელში - თავი 1
ლადო, 50 წლის, გინეკოლოგი. 1996 წლის მარტი:
დღეს დავიღალე, თუმცა უფრო ემოციურად. იუბილე მქონდა. ხუმრობა ხომ არ არის, 50 წლის გავხდი. კარგა დიდი სუფრა გამოვიდა, ოცდაათ კაცამდე შეიყარა, გადაივსო რესტორანი. გამგეობინადაც დავპატიჟე რამდენიმე. მშვენივრად ჩაიარა ყველაფერმა, ექსცესების გარეშე. რამდენი მაქეს და მადიდეს… არადა, რა მაქვს საქებარი, ერთი უშვილძირო გინეკოლოგი ვარ. არასდროს არ მქონია სურვილი, ცოლი მომეყვანა და შვილები მყოლოდა. მთელი ჩემი სიცოცხლე ქარივით თავისუფალი ვიყავი და დღემდე მომწონს ეს მდგომარეობა. არავის წინაშე ვალდებულება არა მაქვს,
_ არც ცოლის, არც შვილის და არც არავის. სამაგიეროდ, საყვარელი ქალი მყავს - ჯამაიკა. ო, რა ქალია! ახლაც კი. 36 წლისაა და ისეთი ლამაზია, ყველას თვალს ჭრის. ნაჯვარი რომაა, ალბათ, უფრო იმიტომ. დედა იამაიკელი ჰყავდა, მამა - ქართველი. შალვას, მამამისს, თურმე მოსკოვში გაუცვია ეჰეეე… ადამ-კუკუს დროს, 50-იანების ბოლოს. სერიოზული გრძნობა არც ჰქონიათ, სულ რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს. მერე ის გოგო დაორსულებულა და დაორსულება გამოეპარა თურმე. როცა მიხვდა, რომ ორსულად იყო, აბორტი აღარ შეიძლებოდა და იძულებული გახდა, გაეჩინა. შალვამ ცოლად გამომყევიო, იმან კიო, გამოგყვებიო, მაგრამ იმშობიარა თუ არა, ერთ თვეც არ უცხოვრიათ ერთად, რომ გაპარულა და შალვას შერჩა ჩვილი ხელში. რაღას იზამდა, მარტომ გაზარდა შვილი. ბავშვს ჯამაიკა დაარქვეს. როცა გოგონა 13 წლის გახდა და წამოიჩიტა, შალვას სამსახურის საქმეები აებურდა მოსკოვში, სასწრაფოდ გაყიდა ყველაფერი და ჩამოვიდა საქართველოში. ჯამაიკაც თან წამოიყვანა. ოოო… ის პერიოდი რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის. პირველად რომ ვნახე ეს ცამეტი წლის გოგო, მეგონა, მოწიფულ ქალიშვილს ვუყურებდი. ოხ, რა იყო! ასხლეტილი, ტანწერწეტა, დიდი ბრიალა თვალებით, ოდნავ წინ წამოწეული კბილებით, მაგრამ ისეთი ლამაზი პირი ჰქონდა, თვალს ვერ მოაშორებდი. ჩემ თვალწინ გაიზარდა. შალვას ცოლი აღარ შეურთავს, მარტომ გაზარდა გოგონა. უცნაური ფერის კანი ჰქონდა ჯამაიკას. არც მთლად ზანგივით შავი იყო, არც მთლად მულატივით ყავისფერი. უფრო ღია, მაგრამ მაინც ჩვეულებრივზე მუქი. თვალებიც შავი, შავი. კინაღამ გონი დავკარგე, რომ შევხედე. ქართულად კარგად საუბრობდა, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, ეგრევე იფიქრებდი, უცხოელიაო.
სკოლაც აქ დაამთავრა ჯამაიკამ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად სწავლობდა, ბევრი არაფერი, მაგრამ რაღად უნდოდა სწავლა. შეხედავდი და ყველაფერს დაგავიწყებდა. რას არ ვიზამდი, ოღონდ ჩემი გამხდარიყო. როგორ არ ვეცადე, დავახლოებოდი, მაგრამ გგონიათ, ახლოს გამიკარა? დედამისზე ყველაფერი იცოდა, ამიტომ სულ თავის თავში ჩაკეტილი იყო. აქეთ მამა ამუნათებდა, შენ მაინც იყავი წესიერად, თავი არ მომჭრა და ვინმეს შენზე ცუდი არ ათქმევინოო. ისეთი უკარება იყო, ისეთი უკარება, რომ არც ერთი ბიჭი არ მიუშვა ახლოს, ვისაც კი მოეწონა ან შეუყვარდა.
ამასობაში გაიზარდა ჯამაიკა, დაქალდა, დამშვენდა. სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. მამა გაულოთდა, თვითონ ისე არ უსწავლია, რომ დამოუკიდებლად შესძლებოდა ინსტიტუტში ჩარიცხვა და აბა, რეპეტიტორებს ვინ დაუქირავებდა? შალვამ მთხოვა, რახან ერთმანეთთან ვმეგობრობდით, იქნებ რამე მომიხერხოო. ვიფიქრე, საფერშლო მაინც დავამთავრებინო-მეთქი, მაგრამ ჯამაიკამ დააბრიალა თავისი ბრიალა თვალები და არაო, მითხრა. ნემსის მეშინია, ავადმყოფები მეზიზღება, ამიტომ ჩემგან ექთანი ვერ დადგებაო. მაშინ ავდექი და ერთ პარიკმახერს მივაბარე, მადონას. ერთ დროს მასთან "შურიმური" მქონდა და ისე ვუყვარდი, როგორ მეტყოდა ასეთ წვრილმან რამეზე უარს.
და დაიწყო ჯამაიკამ სილამაზის სალონში მუშაობა. ისწავლა თმის შეჭრა, დავარცხნა, წარბების აქნა, მანიკიური და რა ვიცი, თითქმის ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მადონას თავი ქუდში ჰქონდა. თვითონ დაშლიგინებდა აღმა-დაღმა და თავის ნაცვლად ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ჯამაიკას ტოვებდა სალონში. მერედა, როგორ გაიფურჩქნა მადოს სალონი მას მერე, რაც იქ ჯამაიკამ დაიწყო მუშაობა. ყველა კაცი, ახალგაზრდა თუ ხანში შესული, პირტიტველა თუ წვერიანი მადონასთან იკრეჭდა თმას, მადონასთან იპარსავდა წვერს… ოღონდ კი ჯამაიკა შეხებოდა, ოღონდ კი ჯამაიკა მომსახურებოდა და სულ არ გამოვიდოდნენ იქიდან! გაგიჟებულნი იყვნენ კაცების პარიკმახერი რეზო და დალაქი კოსტა, რაც ეს გოგო გამოჩნდა, ჩვენ აღარავინ გვეკარებაო.
რა თქმა უნდა, მეც მადოს სალონში დავდიოდი და ჯამაიკასთან დაახლოებას ვცდილობდი. ვერა, ვერ მოვახერხე. მეც იმათ გზას გამიყენა, ვინც ჩემსავით ცდილობდა მის მოთაფვლას. თუმცა კი დავმეგობრდით. ყველაფერს მიყვებოდა თავის შესახებ, დედამისზე, მამამისზე, თავის ცხოვრებაზე… გულს გადამიშლიდა, სანამ თმას შემკრეჭდა.
საოცარი თითები ჰქონდა ჯამაიკას - გრძელი, გრძელი, თლილი, თლილი. თანაც ფერი? მუქი, მუქი, აი, შედედებული რძე რომ იყიდება კაკაონარევი, ზუსტად ისეთი.
მის ცოლად მოყვანაზე არასდროს მიფიქრია. არც მინდოდა. ჯერ ერთი, ცოლი არ მინდოდა, რადგან ქალები თავზე საყრელად მყავდა. გარდა იმისა, რომ კარგი გინეკოლოგის სახელი მქონდა გავარდნილი, წარმოსადეგიც ვიყავი, სიმპათიური და ეს ექიმი ქალები, -გათხოვილები, გასათხოვრები თუ გაუთხოვრები, ზედ მახტებოდნენ. არ ვაჭარბებ, ყოველთვის 50 წლის კი არ ვიყავი. თანაც, ჯამაიკა გაურკვეველი წარმოშობის იყო, მამაც დაბალი ფენის წარმომადგენელი ჰყავდა, რომელ ცოლობაზე იყო ლაპარაკი. მე, პარტიულ ლადო კოხრეიძეს, შალვა ქურდაძის შვილი მინდოდა ცოლად? ხომ გადამასახლებდა დედაჩემი!
მერე ისე მოხდა, რომ ორი წლით სხვა ქალაქში გადამიყვანეს სამუშაოდ და როცა დავბრუნდი, ჯამაიკა უკვე გათხოვილი დამხვდა. ისე მეწყინა, ისე მეწყინა, რომ ღამეები არ მეძინა ჯავრისგან. გული დამწყდა, ჩემი ჩასაკბეჩი ვაშლი სხვას რომ ხვდა წილად და ხრამუნით მიირთმევდა. მერედა, როგორი ვაშლი!
იმედს მაინც არ ვკარგავდი. ვანუგეშებდი ჩემს თავს, მერე რა, რომ გათხოვილია. რამდენი მისნაირი გათხოვილი შემიცდენია ისე, რომ თვალიც არ დამიხამხამებია-მეთქი, მაგრამ ვერც ამ ნუგეშით მივაღწიე საწადელს. ჯამაიკამ სათოფეზე არ გამიკარა. მისი ქმარი მათემატიკოსი იყო, ჭკვიანი, სათვალიანი სიმპათიური ბიჭი, ნამდვილ "მეცნიერს" ჰგავდა. არ ვიცი, რითი მოხიბლა ეს უკარება გოგო, მაგრამ ცოლად კი დაითრია და…
უთქმელი კაცია ჯამაიკას ქმარი, შოთა, შოთიკო. მორიდებული, სიტყვაძუნწი. არ სვამს, არ ეწევა, ახლა არც მუშაობს. უიღბლო კი გამოდგა, ისე. თავიდან ვითომ შეხმატკბილებული ოჯახი ჰქონდათ, სულ ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ ორივენი, სახეგაბადრულები, მაგრამ წლების მერე ჯერ ხელი გაუშვეს ერთმანეთს, მერე ღიმილი გაუქრათ და ბოლოს სულაც ცალ-ცალკე დაიწყეს გარეთ გამოსვლა. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? ჯამაიკა ისევ მადონას სალონში მუშაობდა, ოღონდ ამჯერად სალონი მადონასი კი არა, მისი გოგოსი გახდა, ლიკასი. ჯამაიკა ყოველდღე სამსახურში დადიოდა, შოთიკო კი, როგორც უმუშევარი, შინ იჯდა და ცოლის კმაყოფაზე იმყოფებოდა.
მახსოვს, პირველად რომ დაორსულდა ჯამაიკა. სხვა რა გზა ჰქონდა, ჩემთან უნდა მოსულიყო, ჩვენ ხომ ერთ დროს ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. რა თქმა უნდა, კონსულტაციები არ დავაკელი, თან არ ვჩქარობდი, ვიფიქრე, უფრო მოვიჩვევ და საწადელს ბოლოს გემრიელად მივაღწევ-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ! ვერ შევაცდინე. იმშობიარა და გოგო გააჩინა. ბავშვს მატილდა დაარქვა. ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ დედას საერთოდ არ ჰგავდა. მხოლოდ თვალები გამოჰყვა იმასაც დიდრონი, მაგრამ ჯამაიკასავით ბრიალა არა. სხვა მხრივ, უფრო მამის ნაკვთები ჰქონდა. ახლა მატილდა 16 წლისაა და ერთობ მოხდენილი ქალიშვილია. ჯერ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ უკვე იპრანჭება და მგონი, შეყვარებულიც ჰყავს, როგორც გავიგე. ნეტავ ჯამაიკამ თუ იცის?
მატილდას მერე ჯამაიკამ პაუზა გააკეთა და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გააჩინა მეორე, ისიც გოგო, რომელსაც მერი დაარქვა. აი, ის კი დაემსგავსა დედას, თუმცა მასავით მაღალი არა მგონია, გაიზარდოს. ეგ არაფერი, მთავარია, გარეგნობით ჰგავს დედას. ახლა ათი წლისაა, სკოლაში კარგად სწავლობს, დამჯერი ბავშვია და დედ-მამა სანიმუშო შვილად მოიხსენიებს, რაც თურმე მატილდას ძალზე აღიზიანებს. თვითონ რომ გარდატეხის ასაკი აქვს, ჯიუტობა დასჩემდა, არც დედას უჯერებს და არც მამას. ამის გამო ჯამაიკასთან სულ ჩხუბი აქვს. სამაგიეროდ, მამა უყვარს. თუმცა შოთას სიტყვის უფლება ნაკლებად აქვს ოჯახში. ისე დააკნინა ცოლმა, ხმის ამოღებას ვერ ბედავს. ან კი რა ეთქმის, არ მუშაობს და ცოლი არჩენს.
აი, სწორედ მისმა უმუშევრობამ მიშველა. ამაზე იტყვიან, შენთვის გაისროლა ავრორამო. მეორე ბავშვის გაჩენამ მათი ოჯახური სიმტკიცე შეარყია. განა ცოტა უნდა ორ ბავშვს? ბევრი უნდა. შოთა არაფრის შემომტანი არ იყო, ჯამაიკა კი წელში წყდებოდა. ერთხელაც მომადგა, ფული მასესხეო, თან ისე გაუჭირდა ამის თქმა, ერთი სიკვდილი გაათავა. მე მეტი რა მინდოდა? ვუთხარი, აქ არ მაქვს, საღამოს სახლში გამომიარე და მოგცემ-მეთქი.
გამომიარა. მე გაშლილი სუფრა დავახვედრე. რამდენიმე ჭიქა ღვინო სულ ძალისძალით დავალევინე და… შევაცდინე. დიდი წინააღმდეგობაც არ გაუწევია, ჩვენში რომ დარჩეს. თან ვეფერებოდი, თან ვპირდებოდი, შენთვის ამას ვიზამ, იმას ვიზამ, აგაშენებ, დაგამშვენებ-მეთქი. მოკლედ, ოქროს მთებს დავპირდი. ისიც დახარბდა. უქონელ ქმარსა და შემოსავლიან კაცს შორის არჩევნის გაკეთება არ გასჭირვებია.
მას შემდეგ ჯამაიკა ჩემი საყვარელია. ეს ამბავი არავინ არ იცის, ლიკას გარდა. ჯამაიკა და ლიკა უახლოესი მეგობრები არიან და აბა, იმას როგორ დაუმალავდა. თანაც, როცა მე უნდა შემხვდეს, ლიკას გადააბარებს თავის კლიენტს ხანდახან და თუ მაინცდამაინც იმ დროს შოთიკო შემოიხედავს სალონში, ეტყვის, ჯამაიკა რა საქმეზეც გაუშვა. ხან რას მოიტყუებს და ხან რას. ვითომ ვიღაც კლიენტმა სახლში დაიბარა თმის შესაღებად ან შესაჭრელად, ან მანიკიურისთვის და ასე… საქმე რომელ პარიკმახერს ელევა?
ახლაც ჯამაიკას ველოდები. რესტორანში ვერ დავპატიჟე, იქ სხვა დონის ხალხმა მოიყარა თავი. ხომ ვერ ვიტყოდი, ჩემი საყვარელია-მეთქი? სამაგიეროდ, ახლა მესტუმრება და თავისი ლამაზი სხეულით გამათბობს. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო კარგი ხდება ეს მამაძაღლი. ერთხელ მითხრა, შენგან შვილს გავაჩენო, მაგრამ სასტიკად ავუკრძალე ამის გაფიქრებაც კი. მეორედ არ ჩამომიგდო ამ თემაზე საუბარი-მეთქი. ცოლი და შვილი ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმე დროსტარებაა. ჯამაიკა კი მყავს, მაგრამ განა ქალებს ვიკლებ? სხვებსაც ვხვდები, მაგრამ ეს სულ სხვაა. ეს ჩემი მუდმივი ქალია და არა ერთი ღამის. რაც უნდა კარგი დრო ვატარო სხვასთან, მერე მაინც ჯამაიკა მენატრება. ხდება ხანდახან, როცა თავს მაბეზრებს და მეც რამდენიმე დღით არ შევეხმიანები. თავს გაიგიჟებს, საავადმყოფოში მომადგება, ჩემი პაციენტების რიგს გაარღვევს და ქარიშხალივით შემოიჭრება კაბინეტში საყვედურებით გატენილი - სად დაიკარგე? რატომ არ მეხმიანები? სხვა ხომ არ გაიჩინე? იცოდე, რამე რომ გავიგო, მოგკლავ! და ასე. ამის გამო რამდენჯერ გვიჩხუბია. ვეუბნები, გოგო, ასე ნუ ყვირი, თორემ მთელი ქვეყანა გაიგებს, რაც ხდება და შენს ქმარს მიუტანენ ამბავს-მეთქი, მაგრამ ესმის? არა, არ ესმის. ისე, მსიამოვნებს, რომ ეჭვიანობს. მაგარია, როცა საყვარელი ქალი შენზე ეჭვიანობს, შენ კი გულში იცინი.
არა, არა, ჯამაიკა მართლა კარგია. მე ხომ ვიცი, რამდენ კაცს შურს შოთასი, ასეთი სექსუალური ცოლი რომ ჰყავს. მე კი მისი შესაშური რა მჭირს? ჯამაიკა ჩემია და ჩემად დარჩება, სანამ მომწყინდება…

ჯამაიკა, 36 წლის, პარიკმახერი. 1996 წლის მარტი:

ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, არ ვიცი, რა გამომიყვანს მდგომარეობიდან. ისე გამაბრაზა დღეს მატილდამ, თმაში ვწვდი და ვითრიე. უკვე ვერ ვთოკავ. მეშინია, ვინმემ არ შეაცდინოს. ისე აეთქვირა მკერდი, დედა ვარ და მე ვამჩნევ და წარმომიდგენია, ბიჭები რა დღეში იქნებიან. ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად უბრწყინავს თვალები. სულ მხიარულია, სულ ფანჯარაში იყურება. ტელეფონი დარეკავს თუ არა, პირველი გარბის, არავინ დამასწროსო. თან სულ ჩურჩულით ელაპარაკება იმ ვიღაცას. ხვალ სკოლაში უნდა მივიდე და მაგის კლასის დამრიგებელი ვნახო, იქნებ რამე იცის და მითხრას. მოვკლავ, შეყვარებული თუ ჰყავს. ეგ მინდა ახლა? რა დროს მაგის სიყვარულია, ჯერ სწავლა დაამთავროს. ჩემნაირად უსწავლელი ხომ არ უნდა დარჩეს?
ვიფიქრე, ლადოსთან მივალ, დაბადების დღეს მივულოცავ და მასთან ორი საათით დარჩენა ხასიათსაც გამომიკეთებს-მეთქი, მაგრამ ვერა, მისმა ალერსმაც ვერ მიშველა. შემატყო, რაღაც ისე რომ ვერ ვიყავი და სანამ არ მათქმევინა, არ მომეშვა. გაეცინა, როცა მატილდას ამბავი მოვუყევი. ყველა შენნაირი ხომ არ იქნება, ახალგაზრდა გოგოა, სისხლი უდუღს და სიყვარული სჭირდებაო, პასუხად ეს მითხრა. გამახსენა, მე როგორი უკარება ვიყავი მატილდას ასაკში. თუ ვიყავი, ასე იყო საჭირო და იმიტომ. აბა, ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა ჩემზე. ვერავინ ვერაფერს იტყოდა. ჩემზე არასდროს უჭორავიათ. ისეთი კი არ ვიყავი, დღეს რომ ვარ - ქმარიც მყავს და საყვარელიც. წესიერების განსახიერებას მეძახდნენ და ასეც იყო. არ მინდოდა ვინმეს წამოეძახა ჩემთვის, დედაშენივით ვიღაცისგან შვილს გააჩენ და მერე მიაგდებო. პატიოსნება ბოლომდე შევინარჩუნე და შვილიც გათხოვილმა გავაჩინე. ეს კიდევ ვის ჰგავს ასეთი? რატომ მაინცდამაინც დედაჩემს დაემსგავსა? არა, არა, მატილდას იმედი არ მაქვს. მერი თუ გამიმართლებს, თორემ… ეს შოთიკოც სუფთა მძორია. სულ წიხლზე ჰკიდია, რას აკეთებს მისი შვილი, როგორ ცხოვრობს, როგორ სწავლობს. სიტყვას არ ეტყვის ზედმეტს. მე რომ ვეჩხუბები, ის ეფერება. შეიკეტება მერე მამა-შვილი ოთახში და თავიანთთვის ჩურჩულებენ. ვაჩვენებ მე მაგათ ჩურჩულს!
ოჰ, რა გემრიელად ვითრიე დღეს თმით, მაგრად გავჩეჩე. რას "მესწერვებიო", შემომიღრინა და აი, მაშინ გადამეკეტა. ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, ამ სახლში მე ვარ უფროსი და რასაც ვიტყვი, ის უნდა გააკეთო-მეთქი. კაფეში მოუნდა ქალბატონს წასვლა, კლასელები ვიკრიბებითო. მე რა ვიცი, იკრიბებიან კი? ახლანდელ გოგოებს და ბიჭებს რას ენდობი! დაძრწიან უმისამართოდ. შენ ვინ გეკითხება, მამა მიშვებსო. აი, მამა გიშვებს და ასე არ უნდა-მეთქი და მივარტყი და მივარტყი. მგონი, ტუჩი გაუსკდა. ახია მასზე! დედას წონასწორობა არ უნდა დააკარგვინოს. ხომ იცის, როგორი ავიც ვარ?
არ ვიცი, არ ვიცი… ბოლო დროს ზედმეტად ნერვიული გავხდი. ქმარი ხომ მიშლის ნერვებს და არც ლადო მაკლებს, რომ არ დავმალო. მგონი, ვიღაცას უნდა ხვდებოდეს, ბოლო დროს ისე აღარ მიბარებს თავისთან, როგორც ადრე. შეიძლება ვბეზრდები უკვე. რა გასაკვირია? მეცხრე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს ვხვდებით. წესით, უნდა მოვბეზრებოდი.
ჰოდა, ახლა მატილდაც დამემატა. ეგღა მაკლდა ნერვების მომშლელად! უმაქნისი ქმარი რომ მყავს, ნამდვილი ჩვარი და ამხელა ოჯახს მარტო რომ ვარჩენ, ის არ მეყოფა? მერე რა, რომ სახლს ალაგებს, საჭმელსაც აკეთებს და არც რეცხვას თაკილობს? აბა, სულ უსაქმურად უნდა იჯდეს? რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამომადგეს? ღირსია, რომ ვღალატობ. ლადო რომ არ მყავდეს, მე ამდენს ვერ გავწვდებოდი. ფინანსურადაც ძალიან მეხმარება. ყველაფერში გვერდით მიდგას, ვერაფერს ვიტყვი. ეჰ, ნეტავ ისე შევყვარებოდი, რომ ცოლობა ეთხოვა. მაშინვე გავშორდებოდი ამ ჩემს დაბდურას და ლადოს მივთხოვდებოდი. მერედა, რა ოჯახი გვექნებოდა! ბედია ყველაფერი, ბედი! მე რომ ბედი მქონოდა, იამაიკელი კი არა, ქართველი დედა მეყოლებოდა და ნორმალურ ოჯახში გავიზრდებოდი…

შოთა, 38 წლის, მათემატიკოსი. 1996 წლის მარტი:

გამაგიჟებს ეს ქალი! დღეს სკოლაში წასულა, მატილდას მასწავლებელი უნახავს და იმას უთქვამს, შენმა შვილმა სულ აიღო სწავლაზე ხელი, შეყვარებული ჰყავს და გაფანტულიაო. თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, შინ რომ დაბრუნდა. რა დღეში ჩააგდო საწყალი ბავშვი. გუშინ ხომ თმით ითრია და სახეში ურტყა, დღეს მთლად წიხლებით შედგა. ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან. მერი მოშორებით იდგა და კიოდა, ისე შეეშინდა. არ ვიცოდი, რომელ ერთს მივვარდნოდი და დამეწყნარებინა. ხან მატილდას და ჯამაიკას ვაშორებდი ერთმანეთს, ხან მერიკოს ვაწყნარებდი, საწყალობლად რომ ქვითინებდა.
ამერია ოჯახი. ისეთი გამწარებულია ჩემი ცოლი, მეშინია, საერთოდ არ გამექცეს სახლიდან. რაღაც უნდა ვიღონო. მცირეშემოსავლიანი სამსახური მაინც უნდა ვიშოვო, თორემ ცუდად წამივა საქმე. ბუღალტრად რომ დამაწყებინა მუშაობა… ეგ საქმე მეხერხება, მაგრამ ისეთი უგერგილო ვარ, ერთ სიკვდილს ვათავებ, სანამ ვინმეს რამეს ვთხოვ. რაც არ შემიძლია, არ შემიძლია და მორჩა. ისევ ჯამაიკა თუ მიშველის. ბევრი ნაცნობი ჰყავს, სულ მდიდრების ცოლებს ემსახურება და დავიჯერო, რომელიმეს ჩემი დასაქმება არ შეუძლია? რამდენჯერ ველაპარაკე ამაზე ჯამაიკას, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა. ხანდახან მგონია, რომ სულ არ უნდა, მე რომ ვმუშაობდე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემნაირი ქმარი აწყობს, რომელსაც როცა უნდა თავში ჩაარტყამს, "დააჩმორებს" და თავის გემოზე ატარებს. არ ვიცი, დანამდვილებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა რა ვიფიქრო? მთლად გამოვლენჩდი შინ ჯდომით. ვერც ვერაფერს ვეუბნები. ის გვარჩენს და როგორ ვეჩხუბო? არადა, მიშვებულია თავის გემოზე, ხანდახან ისე გვიან ბრუნდება, მე უკვე მძინავს. ხანაც საღამოს დაურეკავენ, გამოიძახებენ და მიდის. გაიგე ახლა, მართლა საქმეზე მიდის თუ… არა, არა, ამაზე არ მინდა ვიფიქრო. ჯამაიკა მე არ მიღალატებს. რომ არ უნდოდეს ჩემთან ცხოვრება, აქამდე გამშორდებოდა. მე კარგი ცოლი მყავს, ცოლი, რომელსაც ოჯახი თავის თავზე მეტად უყვარს…

მატილდა, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:

ყველაფერი მიხარია, ლამის დავფრინავ. მე და ოთოს ერთმანეთი გვიყვარს. მე ბედნიერი ვარ. აღარ მადარდებს დედაჩემის ქოთქოთი. ეს ქალი თავს მაძულებს! თითქოს თვითონ ჩემი ტოლი არასდროს ყოფილა. სახლში ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევს, მამასაც კი ჩააგდებინა ენა. როგორ ამცირებს ხოლმე, გული მიკვდება. საწყალი მამა! მისნაირი კეთილი კაცი მეორე არ მეგულება. არ ვიცი, რატომაა დედა ასე გამწარებული. ერთ დღეს ეკლესიაში ვიყავით და გავიგონე, მღვდელმა როგორ უთხრა, შენ ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ, მოსიყვარულე ქმარი გყავს და არაჩვეულებრივი შვილები, ღმერთს ნუ სცოდავო. სულ იმაზე წუწუნებს, ფული არ გვაქვს, თქვენი რჩენით დავიღალე, ყელში ამომივიდა ყველაფერიო. არადა, სახლში ყველაფერს მამა აკეთებს. თვითონ მოვა სამსახურიდან, წამოწვება და ან ტელევიზორს უყურებს, ან ტელეფონზე ჭორაობს. საქმე ვინ უნდა აკეთოს? რა თქმა უნდა, მამამ და მე. სულ მერის ქებაშია. მხოლოდ ის მიაჩნია იდეალურ შვილად. დარწმუნებულია, რომ მერი ააშენებს. ვნახოთ, ვინ ვის ააშენებს. ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ განვიცდი, დედასთან ურთიერთობა რომ ვერ ავაწყვე. მე ოთო მყავს, ყველაზე მოსიყვარულე ბიჭი. რა უცნაურია. იმასაც ხომ ჰყავს დედა, მაგრამ ისეთი თბილი ქალია, გაცნობისთანავე შეგიყვარდება. წესით, ის უნდა იყოს დედასნაირი, რადგან ქმარი ინვალიდი ჰყავს. ინვალიდი კი არა, კომაშია უკვე სამი წელია, მაგრამ აპარატის გათიშვაზე ჯიუტად უარს ამბობს. ჰყავს სახლში ეს გათიშული კაცი და უვლის. ქმრის გამო სამსახურიც მიატოვა და სახლში დაჯდა. შეკვეთებით მუშაობს. ნამცხვრებს აცხობს და საცხობში აბარებს. ხანდახან ვიღაცების სახლებსაც ალაგებს კერძოდ და ფულს ამითიც შოულობს. უჭირთ, მაგრამ არ წუწუნებენ. როცა საქმეზე მიდის, თავის მაგივრად შინ ოთოს ტოვებს, რომ ბ-ნი ალექსანდრე უყურადღებოდ არ დარჩეს. კი არაფერი სჭირდება კომაში ჩავარდნილს, მაგრამ მაინც. დეიდა ლალის სულ ეშინია, არ მოკვდესო.
ოთოსთან ერთად მეც ვრჩები ხოლმე. როცა ვახერხებთ, ერთადაც ვწევართ. უკვე ექვსი თვეა სექსი გვაქვს. ეს არავინ არ იცის ჩვენ გარდა, არც ოთოს დედამ. რამდენჯერმე დროზე ადრე დაბრუნდა შინ და ძლივს მოვასწარით საწოლიდან ადგომა და ჩაცმა. მგონია, რომ ლალი ყველაფერს ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს.
რა კარგია ოთო. ნეტავ სრულწლოვანი ვიყო, გავიქცეოდი სახლიდან და ოთოსთან დავსახლდებოდი. მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებთ, მაშინვე დავქორწინდეთ. ეჰ… როდის მეღირსება ის დღე. თუმცა რაღა დარჩა, ორ თვეში სკოლაც დამთავრდება და გაუმარჯოს თავისუფლებას!
ორი დღეა, ვერ ვარ მთლად კარგად. ორჯერ ვაღებინე გუშინ. რაღაცამ მაწყინა. ამ სკოლის ბუფეტში არაფერი არ უნდა ჭამოს კაცმა. რას აკეთებენ და როგორ, არავინ იცის. ხვალაც თუ არ გამოვკეთდი, აფთიაქში რამეს ვიყიდი და დავლევ. იქნებ სახლშიც მოვიძიო, დედაჩემს სულ აქვს გაციების, კუჭის აშლის და სიცხის საწინააღმდეგო აბები.
დღეს გაკვეთილების შემდეგ მე და ოთოს რიყეზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ გაწვიმდა. მარტში ხომ სულ ქარი იყო, ეს აპრილი კიდევ წვიმებით დაიწყო. არც ქარი მიყვარს და არც წვიმა. მე ზაფხული მიყვარს, სიცხე და მზე. ჰოდა, ზაფხულში გავთხოვდები. როგორც კი ბოლო გამოცდას ჩავაბარებთ, ეგრევე შევიტანთ განცხადებას ისე, რომ არავისაც არ ვეტყვით. მერე ცხვირწინ ავუფრიალებ დედაჩემს ქორწინების მოწმობას და მიყაროს კაკალი.

ჯამაიკა, 36 წლის, პარიკმახერი. 1996 წლის აპრილი:

ეს წუთია, სახლში მოვედი დაღლილი, დაქანცული. შოთიკო შემომეგება, სურსათით სავსე პარკები ჩამომართვა და სამზარეულოში გაიტანა. სააბაზანოდან რაღაც ხმა შემომესმა.
- შოთი, რა ხდება იქ? - თავი სააბაზანოსკენ გავიქნიე.
- მატილდაა ცუდად. რაღაცამ მაწყინაო, გული აერია.
მაშინვე მისკენ გავვვარდი და სახელური ჩამოვწიე. კარი დაკეტილი დამხვდა.
- მატილდა! - დავუძახე და თან დავაკაკუნე.
- ახლავე გამოვალ, - მიკნავებული ხმით გამომძახა.
მართლაც მალე გამოვიდა. სახეზე ფერი არ ედო, ტუჩებიც კი გასთეთრებოდა.
- რა დაგემართა?
- არ ვიცი, მაღებინა.
- კუჭიც აშლილი გაქვს?
- არა, კუჭი არა.
მზერით გავბურღე. გულში რაღაცამ გამკრა.
- აბა, მოდი აქ! - ჩავისისინე.
მორჩილად მომიახლოვდა.
- რა ჭამე?
- ისეთი არაფერი.
- დიდი ხანია ასე ხარ?
- მესამე დღეა.
- ციკლი?
- რა ციკლი?
- ქალური.
- ა… ცოტა გადამიცდა.
ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში. ისე ავნერვიულდი, დამცხა.
- გავიგე, შეყვარებული გყოლია… - შემპარავად დავიწყე.
- და რა მერე? - შემომიღრინა.
- ვითომ ვერ ხვდები, რას გეუბნები…
გაწითლდა და მზერა ამარიდა.
- ასეა? ერთად წევხართ?
- ჰო… - თქვა და თავი ჩაღუნა.
მაშინვე თმით ვითრიე. დაიწყო ყვირილი. შოთიკოც გამოვარდა და მერიც.
- რა ხდება, ჯამაიკა, რას აკეთებ? - ხელებში მეცა შოთა.
- გადი აქედან! არ მომეკარო! იცი, რატომ ერევა შენს შვილს გული?
შოთიკო შედრკა. კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
- იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ორსულადაა ქალბატონი!
- დე! - იყვირა მერიმ, - ეგ რას ნიშნავს?
- ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს შენი საქმე არაა, შეეთრიე შენს ოთახში! - ვუყვირე ნაბოლარას და მატილდა წინ გავიგდე.
სამზარეულოში შევათრიე და კარი ჩავკეტე.
- რამდენი დღე გადაგიცდა?
- ერთი კვირა.
- რატომ ადრე არ მითხარი, რატომ? - გემრიელად დავიხვიე ხელზე მისი თმა და დავქაჩე და დავქაჩე.
- გამიშვი ხელი, ვააა! გამიშვი, ქალო!
- მე შენი ქალო არ ვარ, გესმის? მე დედა ვარ შენი! სულ გაფრთხილებდი, წესიერად მოიქეცი-მეთქი, სულ.
- არ ვარ ორსულად, საიდან მოიტანე… - დაიწრიპინა და იატაკზე ჩაჯდა ძალაგამოლეული.
- მაგას ხვალ ვნახავთ. მოგკლავ, იცოდე, თუ ორსულად ხარ, ჩემი ხელით დაგახრჩობ, შე საზიზღარო!

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93