ნოველები

ქალები ბნელში - თავი 4

ქალები ბნელში - თავი 4
ნოველის დასაწყისი

შოთა, 38 წლის, მათემატიკოსი. 1996 წლის ნოემბერი:

როგორ ვინერვიულე. მატილდა სახლიდან გაიქცა. კი არ გაიქცა, ჯამაიკამ გააგდო. მერედა, როგორ გაწვიმდა. რა უნდა ქნას საწყალმა გოგომ ასე გვიან ამ წვიმაში? ვისთან შეაფარებს ნეტავ თავს? მინდოდა გამოვდევნებოდი, მაგრამ ჯამაიკამ არ დამანება. თუ ახლა აქედან გახვალ, მეტად ამ სახლში ფეხს ვერ შემოდგამო. დავმორჩილდი. ხანდახან მეზიზღება ჩემი თავი, ასეთი უსუსური რომ ვარ. ცოლისთვის წინააღმდეგობა ვერ გამიწევია. რამე რომ ვუთხრა, შეიძლება სახლიდან მ
ართლა გამაგდოს. მე კი წასასვლელი არსად არ მაქვს, მასთან ვცხოვრობ. ჩემს მამისეულ ოროთახიან ბინაში ისედაც ვიწროდ ვიყავით, თანაც ჩემი უმცროსი ძმაც ცოლშვილიანია და ბინა წესით მას ეკუთვნის. გარდა ამისა, ოჯახის დანგრევაც არ მინდა. ჩემებს ვერ შევეკედლები, მით უფრო, რომ უმუშევარი ვარ და მათი სარჩენი ვერ გავხდები. ისიც მეყოფა, საკუთარი ცოლის კმაყოფაზე რომ ვარ ამდენი წელი. სხვა ალბათ ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლებდა და ცოლს დიდი ხნის წინ გაშორდებოდა. ალბათ თავმოყვარეობა საერთოდ დავკარგე. აბა, ახლა მე კაცი მქვია?
იმედია, მატილდას არაფერი დაემართება. ცუდი დროა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ამიტომ უფრო მეშინია. თანაც, მისი ფსიქიკური მდგომარეობაც მაშფოთებს, თავს რამე არ აუტეხოს. უკვე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. კიდევ კარგი, მაშინ სახლში ვიყავი და სააბაზანოში დროზე შევუსწარი. ისიც მერის დამსახურებაა, საათზე მეტია, დასაბანად შევიდა და არ გამოდისო. კარი შევამტვრიე და დავიზაფრე, მთლიანად სისხლში მოსვრილი რომ დავინახე. მარცხენა ხელი სამართებლით ჰქონდა დასერილი. ვერა და ვერ მოინელა ის აბორტი. ვერა და ვერ გვაპატია მე და დედამისს მუცლის მოშლა.
ჯამაიკა ზედმეტად მკაცრად ექცევა, ასე არ შეიძლება. არ შეიძლება დედამ შვილი მტრად მოიკიდოს. უკვე მეორედ გადავარჩინეთ სიკვდილს. პირველად იმ დღეს გახდა ცუდად, აბორტი რომ გაუკეთეს. სისხლისდენა დაეწყო და ლამის ხელიდან გამოგვეცალა. ღმერთი იცავს ამ ბავშვს. და რადგან ღმერთმა არ გაწირა, წესით, კარგი მომავალი უნდა ჰქონდეს. სკოლა მაინც დაემთავრებინა, იქნებ სწავლის გაგრძელებაზე ეფიქრა მერე. ესეც პრობლემა გამიხდა. ისე ცუდად იყო, ბოლო თვეებში ვერ ვატარეთ სკოლაში. ვიფიქრე, სექტემბრიდან აღვადგენთ და ერთი წლის დაგვიანებითაც რომ დაამთავროს, არაფერი დაშავდება-მეთქი, მაგრამ ვერ დავითანხმეთ. სკოლის გაგონებაც არ ისურვა. ჯამაიკა ამის გამო უარესად დაიბოღმა. ბოლოს იმით დაიმშვიდა თავი, ჯანდაბამდის გზა ჰქონია სწავლას, ჩემთან წავიყვან სალონში და ხელობას ვასწავლიო…
დღეს კი საერთოდ, გააქცია სახლიდან და არც უდარდია. ნუთუ სხვა დედებიც ასე არიან?



შოთა, 44 წლის, მათემატიკოსი. 2002 წლის მარტი:

როგორ გარბის წლები. ჩვენი გიო უკვე ხუთი წლისაა. ჯამაიკასავით დიდრონი და ბრიალა თვალები აქვს, შავზე შავი. შეხედავ და თითქოს შუკაში დაბუდებული ზაფხულის სიბნელე შემოგცქერის _ ნიავივით საამო. გონიერი ბიჭია ჩვენი გიო, ქერა ხუჭუჭა თმა აქვს და დედისნაირი კანის ფერი. კარგია, რომ გვარის გამგრძელებელი მყავს, ამით ვამაყობ. ბოლო წლებში რაღაცნაირად ყველაფერი აეწყო, თითქოს ჩემი დრო დაიქოქა. ჯამაიკამ სამუშაო მიშოვა _ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის მთავარი ბუღალტერი ვარ. ჩემი უფროსი ქალაქში ცნობილი გინეკოლოგი ლადოა. ჯამაიკა მას კარგად იცნობს, ორივე ბავშვი მისი წყალობით გააჩინა და კონსულტაციებზეც მასთან დადიოდა.
თავიდან კი ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ლადომ შავი ბუღალტერიის წარმოება მომთხოვა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მე ხომ ყველა საბუთს ვაწერდი ხელს, როგორც მთავარი ბუღალტერი, მაგრამ მან დამამშვიდა _ ჩვენ ისეთი `კრიშა~ გვყავს, შიში ნურაფრის გექნებაო.
_ ჩვენი მერი საქმის კურსშია, შოთა, ამიტომ ახლა პანიკაში ნუ ჩავარდები. ყველაფერი შეთანხმებულია. ჩვენ კეთილ საქმეს ვაკეთებთ, უკმაყოფილოს არავის ვტოვებთ. რაღაც ხეირი ჩვენც ხომ უნდა ვნახოთ? უნდა ვნახოთ, _ თავის კითხვას თავადვე გასცა პასუხი, _ ასე რომ, ბავშვებსაც დავეხმაროთ, ჩვენც ვჭამოთ და იმათაც ვაჭამოთ, _ ამ სიტყვებით საჩვენებელი თითი ზემოთ აიშვირა.
_ სადმე რომ გაჟონოს ამ ამბავმა, ბატონო ლადო, მე დამიჭერენ და არა თქვენ. მე კი ოჯახი მყავს, ცოლი, შვილები… _ ამას მაგიდაზე მოცეკვავე ჩემს თითებს ვეუბნებოდი თითქოს და არა ლადოს, ერთხელაც არ შემიხედავს თვალებში.
_ რატომ ფიქრობ ასე, შოთა, რატომ? განა იმ საბუთებს მე არ ვაწერ ხელს? როგორ გგონია, საშიში რომ იყოს, ორი თავი მაქვს? რა ძალა მადგას, გავრისკო, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება?
რა მეთქმოდა? უარს თუ ვიტყოდი, სამსახურს დავკარგავდი. არადა, ძლივს აეწყო ჩემი ცხოვრება, თავი ადამიანად ვიგრძენი. ჯამაიკაც შეიცვალა ჩემ მიმართ, დათბა, დატკბა.
დავიწყე შავი ბუღალტერიის წარმოება და წამოვიდა და წამოვიდა ფული. მე ჩემს პროცენტებს ვიღებდი, ლადო _ თავისას, ის ვიღაც კიდევ, `ზემოთ~ _ თავისას.
ფულმა შემცვალა. ახლა უკვე სოლიდურად ვიცვამ, მედიდური გამომეტყველებით დავდივარ, საფირმო სათვალეც კი გავიკეთე, უფრო საქმიანი იერი რომ მქონდეს. მართალია, არც ერთი ფორმის, ზომის და ფირმის სათვალე არ მიხდება, მაგრამ რას დავეძებ? რაც თავი მახსოვს, სულ სათვალით დავდივარ ჩემი ახლომხედველობის გამო, მაგრამ ასეთი ძვირად ღირებული პირველად ვაღირსე ჩემს თავს.
ოფისში კიდევ ერთი ბუღალტერი გვყავს _ ბელა. თეთრი, ფითქინა ქალია, ჯამაიკას ტოლი იქნება ალბათ. იმანაც მალე აუღო ალღო ჩვენს ბნელ საქმეებს. ამასთან, ვიგრძენი, რომ მოვწონდი. ისე მიჟუჟუნებდა თვალებს, ნდომისგან ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? ხომ შეიძლება ერთხელ მეც გავიხედო ქალისკენ? ჯერ ვიფიქრე, ამას ვერ ვიზამ, ცოლთან ძლივს დავალაგე ურთიერთობა და ღალატს როგორ გავივლებ გულში-მეთქი, მაგრამ ერთხელაც, საღამოს, როცა მე და ბელა ოფისიდან გამოვდიოდით, წაიბორძიკა და ფეხი იტკინა. იძულებული გავხდი, სახლამდე მიმეცილებინა. მერე ფეხი მარილიან წყალში ჩავადგმევინე, რადგან კოჭი გაუსივდა, მერე ჩაი მოვუდუღე და დავალევინე, მერე საწოლში გადავიყვანე და… ხელი რომ მომხვია, აღარ გამიშვა… მეც სექსუალური ემოციები მომეძალა. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. ეს სრულიად ახალი შეგრძნება იყო. ბელამ თავი კვლავ მამაკაცად მაგრძნობინა. უეცრად მივხვდი, რომ მისი უდიდებულესობა ბედნიერება მესტუმრა. ასე რომ, ჩვენი მალული შეხვედრები დღემდე გრძელდება. ამ ქალისგან სულ სხვა სითბო მოდის, ისეთი ტკბილია, ისეთი, ისეთი… ჯამაიკა ასეთი არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ყოველთვის რაღაცნაირად ეჭირა თავი _ თითქოს ჩემი იყო და არც იყო. ზედმეტი გრძნობის გამოხატვა არასდროს უცდია. სამაგიეროდ, ჩემი მართვა ეხერხებოდა, თავის ჭკუაზე მატარებდა, რაც ძალზე დამამცირებელი იყო ჩემთვის, მაგრამ რა უნდა მექნა, როცა უმუშევარი ვიყავი და ის მარჩენდა?
ახლა ხმას არ იღებს. ან კი რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს, როცა ოჯახში ამდენი ფული შემომაქვს? მანქანაც ვუყიდე, სახლი გავურემონტე, აცვია, ახურავს… არაფერი აკლია, თუმცა ბელას ამბავი არ იცის და არცაა საჭირო, იცოდეს. ზუსტად ვიცი, ამას არ მაპატიებს. ისე, ცნობისწადილის დაკმაყოფილებას სულ ცდილობს, ყოველ საღამოს დაწვრილებით გამომკითხავს, სამსახურში რა ხდება, დღემ როგორ ჩაიარა. სხვათა შორის, ქალებზე არასდროს არაფერს მეკითხება, რადგან დარწმუნებულია, რომ მე მის ღალატს გულში არ გავივლებ. ალბათ ფიქრობს, ამისთვის გამბედაობა არ ეყოფაო. ან კიდევ ჰგონია, რომ მე, როგორც სასურველ მამაკაცს, არავინ შემომხედავს. ეგონოს. ასე უფრო მშვიდად ვარ. ჩვენი ურთიერთობა ხომ წლებია, გაცივდა. ერთი პერიოდი თვეები ისე გადიოდა, სექსი არ გვქონდა, სექსგაფიცვას მიწყობდა. ახლაც იშვიათად, ძირითადად მაშინ, ცოტას თუ დალევს. ნასვამი ბევრად დამყოლი ხდება. ფხიზელს უმეტყველო გამოხედვა აქვს. რაც ადრე იყო, გაქრა _ სიყვარული, ნდობა, ერთგულებაც კი. ასე მგონია, რეალურ ცხოვრებაში თუ არა, სიზმრებში მაინც მღალატობს. ისე, მასზე ამ მხრივ ცუდი არაფერი გამიგია, ირიბადაც არავის გადაუკრავს სიტყვა ჩემთვის. ასეთი რამეები ხომ არ იმალება? ვიღაც მაინც ჩამაწვეთებდა, რამე რომ იყოს. არადა, წლები ვერაფერს აკლებს. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო იფურჩქნება. თუმცა უამრავი ნაოჭი გაუჩნდა, ყველაზე ბევრმა თვალების კუთხეებში მოიყარა თავი და რომ გაიცინებს, მზის სხივებივით ეშლება. შეიძლება ამიტომაცაა, რომ იშვიათად იცინის. როცა ფული დასჭირდება, დაშაქრული ხმით მთხოვს, ამდენი და ამდენი მომეციო. მეც ამაყად გავუწვდი ხოლმე ტკიცინა კუპიურებს, რათა ვაგრძნობინო, რომ `ჩმორი~ აღარ ვარ, დაფასებული კაცი ვარ და ფულის შოვნა შემიძლია.
ისე, დიდად არ მომწონს, საღამოობით გამოძახებებზე რომ დარბის, მაგრამ რა ვქნა, ვერ ავუკრძალავ. ვეუბნები, საკუთარ სალონს გაგიხსნი და შენ თვითონ ამუშავე, რაღაზე უნდა ირბინო-მეთქი. ამ დროს მისი სახე მაკრთობს, ისეთ ვერაგულ მზერას მესვრის. არა, განრისხებული არ არის, მაგრამ ისე შემომხედავს, შემამცივნებს ხოლმე. ჩემს წამების იარაღს ვერ შეველევიო, ცივად იტყვის ბოლოს. წამების იარაღს ფრჩხილების საკვნეტს ეძახის.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით მყარი ოჯახი გვაქვს, მაგრამ არა სიყვარულით სავსე. ჩემი აზრით, ქორწინება თეორიულადაა კარგი, თორემ პრაქტიკულად ამაზე დიდი თავსამტვრევი არ არსებობს.
გიოზე აბოდებს. მასზე ამოსდის მზე და მთვარე. არა, რა თქმა უნდა, მერისაც არ აკლებს ყურადღებას, მაგრამ გიო მისთვის სულ სხვაა. აი, მატილდა კი… მატილდას შესახებ ექვსი წელია, არაფერი ვიცით. მე ხომ მაშინვე ამიკრძალა, ძებნა არ დაუწყო, თორემ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო. მე კი დღემდე განვიცდი. ბავშვის კვალი დაიკარგა და მასზე არაფერი ვიცი, მკვდარია თუ ცოცხალი. როგორ მენატრება. ის სულ სხვანაირი იყო, სხვანაირად ვუყვარდი და სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. მამას გოგო იყო მატილდა. ნეტავ ახლა სადაა? როგორაა? იქნებ უჭირს, მე კი გვერდით არ ვყავარ მაშინ, როცა ამდენი ფული მაქვს… ჯამაიკასთან მის სახელს ვერ ვახსენებ, მაშინვე აიფოფრება. მან ჩვენ სირცხვილი გვაჭამა, საქვეყნოდ თავი მოგვჭრა და მორჩა, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, წერტილი დავსვათო. დავიჯერო, არ ფიქრობს მასზე? არ ენატრება პირველი შვილი? ერთი მის გულში ჩამახედა.

ჯამაიკა, 42 წლის, პარიკმახერი. 2002 წლის აგვისტო:

რამდენი წელია, ზღვაზე არ ვყოფილვარ. ყველაზე დიდი რელაქსაცია ჩემთვის ზღვის ხმაურია. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. საყვარელი მამაკაცივით მიზიდავს, თითქოს ექსტაზში ვიყო. ექსტაზი _ მეთილენ-დიოქსი-მეთ-ამფეტინი, ანუ მდმა. მაგარი რამეა.
და აი, მე ზღვაზე ვარ. შოთიკო ვერ წამოვიდა სამსახურის გამო, სულ დაკავებულია, სულ საქმეები აქვს. არც დამიძალებია. უკეთესიც არის, რომ ვერ გათავისუფლდა. მასთან ყოფნა მოსაბეზრებელია. სამაგიეროდ, შაბათ-კვირას ლადო ჩამოვიდა. გამიხარდა. მართალია, გიოს შვილად არ აღიარებს და არც მისი გაცნობის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ როცა ამას წინათ ფოტო მივუტანე და ეს შენი შვილია-მეთქი, ვუთხარი, გაიყურსა. კარგა ხანს ათვალიერებდა ბავშვის სურათს, მერე უჯრაში ჩადო. მეორედ, როცა მასთან მივედი, გიოს სურათი ჩარჩოში ჰქონდა ჩასმული და კამოდის თავზე შემოდებული. ე. ი. უყვარს. აბა, ასე რატომ მოიქცეოდა? მე რომ მასიამოვნოს, იმიტომ? არაა, რაც უნდა იყოს, მაინც შვილია. მით უფრო, რომ ამქვეყნად არავინ ჰყავს. აი, დაბერდება და მერე მოუნდება. მერე, როცა სინანული უსურვაზივით შემოეხვევა და შებორკავს.
საღამო იყო, როცა ჩამოვიდა. ბინა კერძო სასტუმროში მქონდა ნაქირავები, ასე რომ, მისი ჩემთან დაბინავება არ გამჭირვებია. ყავის ცხელი ფინჯანი ორივე ხელში ფრთხილად მოვიმწყვდიე და მაშინვე გიოზე ჩამოვაგდე საუბარი. ლადო ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გასცქეროდა.
_ დავიჯერო, საერთოდ არ გიყვარს? არ გაინტერესებს, შენი შვილი როგორია? _ ველაპარაკები მის ზურგს.
_ რატომ არ ჩამოიყვანე?
_ იმიტომ, რომ მარტო მინდოდა ყოფნა. რომ მცოდნოდა, შენც ჩამოხვიდოდი, აუცილებლად ჩამოვიყვანდი.
_ აზრი?
_ უფრო ახლოს გაიცნობდი შენს ერთადერთ შვილს.
_ ბლა-ბლა-ბლა! _ წარმოთქვა და შემოტრიალდა.
გავბრაზდი.
_ ნამდვილი სადისტი ხარ!
_ ჰო. დედამიწაზე ბევრი სადისტი და ცოტა დედა ტერეზაა, _ ჩაიცინა და ჩემ წინ დაჯდა. როგორ დაბერდა. კუთხეებთან ტუჩები ჩამოეხარა. ამწუთას მოწყენილ კლოუნს ჰგავს.
_ დედა ტერეზაში მე მიგულისხმე, არა?
_ რა თქმა უნდა. შენ ხომ თავს არ იზოგავ, ოღონდ ის ბავშვი შემომტენო.
მისმა სიტყვებმა გამაცოფა.
_ გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? ასე რამ გაგიქვავა გული? იქნებ ეჭვი გეპარება, რომ გიო შენგან მყავს?
_ ჯამაიკა… ვიცი, რომ ჩემგან გყავს, მაგრამ შენ სხვისი ცოლი ხარ, გესმის? როგორ გინდა აუხსნა შენს ქმარს, თუკი მე ბავშვზე პრეტენზიას განვაცხადებ?
ირგვლივ თითქოს ყველაფერს სუნთქვა შეეკრა. რა პრეტენზია, ხომ არ გაგიჟდა?
_ მომისმინე, ლადო. მე იმას კი არ გეუბნები, შვილი წაიყვანე-მეთქი. უბრალოდ, მინდა გაიცნო და შეგიყვაროს. მოვა დრო და…
_ არ მინდა. აჯობებს არაფერი იცოდეს. დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. მე ჩემი გზა მაქვს, თქვენ _ თქვენი. ხომ იცი, რომ ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით?
_ არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება. მომავალს წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, _ დაბოღმილმა წარმოვთქვი. უკვე ნერვებს მიშლიდა მისი სიჯიუტე.
_ თუნდაც ასე იყოს, მე ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. ჩემს გაურკვეველ მომავალში შენ არსად ჩანხარ, გაურკვეველი ადგილიც კი არ გიჭირავს. გასაგებია?
_ ანუ ჩემთანაც აღარ გინდა ყოფნა? მეც აღარ გიყვარვარ?
_ რა გინდა, ჯამაიკა? რაც შემიძლია, გეხმარები, ყოველთვის გეხმარებოდი. მით უფრო მაშინ, როცა შენი ქმარი არ მუშაობდა და გიჭირდა. ვისი ფულებით გამოზარდე ბავშვები, დაგავიწყდა? რისთვის ვაკეთებდი ამას, რომ არ მყვარებოდი? შენ გამო სხვა ქალს არ გავკარებივარ.
ამის გაგონებაზე ხარხარი ამიტყდა:
_ რა ფეხმოტეხილი ტყუილია. იმდენ ქალს გაკარებიხარ, ჩემი თმის ღერები არ მეყოფა ჩამოსათვლელად. წადი აქედან, დამეკარგე! შენი დანახვაც კი გულს მირევს, ბებერო მატყუარა!
პირველად ვნახე, რომ გაფითრდა. სახე მოეღრიცა, თვალები გადმოეკარკლა, თითქოს მის წინ მე კი არა, ცელმომარჯვებული სიკვდილი იდგა. მძიმედ წამოდგა, ჯერ წარბები შეათამაშა, მერე თავი რამდენჯერმე გააქნ-გამოაქნია და ხმადაბლა წარმოთქვა:
_ ჩაგეთვალა! შენ ამწუთას პანდორას ყუთს ახადე თავი! ახლა გავხდი ბებერი და მატყუარა, არა? შენ? შენ თვითონ ვინ ხარ? რაც გიცნობ, დადიხარ და არიადნესავით ბოროტების გორგალს დაათრევ თან. მე კი წავალ, მაგრამ დაიმახსოვრე: შენთან დაშორებით ბევრს არაფერს დავკარგავ. სხვა ქალი დაიკავებს ამ ვაკანსიას, ეჭვი არ შეგეპაროს, მაგრამ შენ, დღეს იქნება თუ ხვალ, მწარედ ინანებ ამას. მერე მოხვალ და ფეხებში ჩამივარდები, შემირიგდიო. არც გაბედო!
ელდა მეცა. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. როგორმე უნდა შემეჩერებინა კარისკენ მიმავალი.
_ ლადო!
_ ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება, თანაც ერთობ მტკივნეული! _ უკან მოუხედავად დამემუქრა და კარი გაიხურა.
ღმერთო, ეს რა გავაკეთე! ეს რა ჩავიდინე! თავ-ბედს ვიწყევლიდი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ნორმალური შეცდომები დამეშვა, ნორმალურად მენერვიულა, ახლა კი… ახლა ნამდვილი ისტერიკა დამემართა. თავი ბალიშში ჩავრგე და ავღრიალდი. პირველად ვიგრძენი თავი უმწეოდ. ჩემი თხუთმეტწლიანი სიყვარული თხუთმეტ წუთში ნამსხვრევებად ვაქციე. არა, ლადოს ვერ შეველეოდი, როგორმე უნდა მომეგროვებინა ეს ნამსხვრევები და მის შესარიგებლად მებრძოლა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას მოვახერხებდი. ამ იმედმა ცოტათი დამამშვიდა და ძალა შემმატა. გარეთ გავვარდი, მაგრამ ამაოდ. ლადო უკვე არსად ჩანდა. ცას ავხედე. ზემოდან გაბრაზებული მთვარე დამცქეროდა. ისიც კი არ მპატიობდა შეცდომას… სასოწარკვეთილმა ცხრაასი სიცოცხლე გავათავე…
გათენდა თუ არა, მზის სათვალე თავზე დავიკოსე და ზღვას მივაშურე. აქ თუ ვპოვებდი შვებას, ტალღებთან მოთამაშე.
ცურვით გული რომ ვიჯერე, ქვიშაზე წამოვწექი, სახე მზეს მივაშვირე, თვალები დავხუჭე და ისე შევიგრძნობდი, როგორ მაყრიდა მზე სითბოს. ეს სითბო ხან ძალზე მხურვალე იყო, ხან განელდებოდა, რაც მსიამოვნებდა…

მერი, 16 წლის, მოსწავლე, 2002 წლის სექტემბერი:

კარგია, ადრე რომ შემიყვანა დედაჩემმა სკოლაში. შენ ნიჭიერი ხარ და გაქაჩავო. დიდად ვერ გავქაჩე, მაგრამ სამაგიეროდ სკოლა წელს დავამთავრე. მისაღები გამოცდებიც ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი. ეკონომიურზე ვსწავლობ. ამ ფაკულტეტზე ყველაზე ადვილი იყო ჩაბარება. არ ვიცი, ჩემგან როგორი ეკონომისტი დადგება, მაგრამ რა უჭირს. მთავარია დიპლომი მექნება. ბოლოს და ბოლოს, პრაქტიკას ხომ გავივლი და ნელ-ნელა ყველაფერს ვისწავლი. მამაც დამეხმარება. მამა მაგარი მათემატიკოსია, ახლა ბუღალტრად მუშაობს. ასე რომ, არ გამიჭირდება. თუ არადა, კიდევ ხომ მაქვს მეორე `პროფესია~? ფული არ მაკლია. მალე მანქანასაც ვიყიდი, ოღონდ სახლში უნდა მოვიტყუო რამე, რომ ცოტა მამამაც დამიმატოს, თორემ დამიწყებენ გამოკითხვას _ ამდენი ფული საიდან გაქვს, ვინ გაძლევს, რაღაც არ მომწონხარ და ასე შემდეგ. დედაჩემის მეშინია, თორემ მამაჩემი ისეთი ბუნჩულაა, არც კი დაეჭვდება. დედას ვუთხარი უკვე, პარალელურად მუშაობას დავიწყებ ნახევარ განაკვეთზე-მეთქი. თავი გაიგიჟა, სამაგისო რა გვიჭირს, სწავლას მიხედე, ჩვენ ახლა ფული არ გვაკლიაო. მე კიდევ დავიჟინე _ დამოუკიდებელ ცხოვრებას მინდა მივეჩვიო და ფულის გამომუშავებაც ვისწავლო-მეთქი. ამან დააშოშმინა და აღარაფერი უთქვამს.
ეჰ, რომ იცოდეს დედაჩემმა, რომ უკვე ცუდ გზას დავადექი, ალბათ თავისი ხელით მომკლავს. როგორი იმედი ჰქონდა ჩემი, სანიმუშო შვილს მეძახდა. მე ხომ ბავშვობიდან იდეალური ბავშვის სახელი მქონდა. დედა დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე, განსაკუთრებით მატილდას გაუჩინარების შემდეგ. კაცმა არ იცის, მატილდა სადაა. ცოტა არ იყოს, მენატრება. კი სულ ვჩხუბობდით, მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩემი დაა. თვითონ თუ გვიხსენებს ნეტავ? თუ ვენატრებით? მის ადგილას არავინაც არ მომენატრებოდა _ ის ხომ ფეხზე დაიკიდა დედამაც და მამამაც. არა, მამაჩემზე მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა.
ჩემი ახლანდელი მდგომარეობა სრულიად მაკმაყოფილებს. ვმუშაობ გასაიდუმლოებულად, მდიდარ კლიენტებს ვემსახურები და ყველა კმაყოფილია. ოდესმე ვიფიქრებდი, რომ `გოგონა გამოძახებით~ ვიქნებოდი? ვერა, ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ სულ ჩემი მასწავლებლის ბრალია, ამ გზისკენ რომ მიბიძგა… და დედაჩემის. აიჩემა, გინდა თუ არა, მასწავლებელს უნდა მიგაბარო, რომ მათემატიკაში უფრო ძლიერი იყოო, ვითომ მამა ვერ მამეცადინებდა. მამაშენი უნიათო კაცია, იმან რა იცის უმაღლესის პროგრამა, პროფესიონალ რეპეტიტორს უნდა მიგაბაროო. ჰოდა, გოგისთან მიმიყვანა, მთელ ქალაქში ცნობილ ლექტორთან. ოთხნი დავდიოდით მასთან. ახალგაზრდა კაცი იყო, ალბათ ოცდაათის ან ცოტა მეტის იქნებოდა. როგორ მომწონდა. ვგრძნობდი, თვითონაც სხვა თვალით რომ მიყურებდა. ნაზად მეპყრობოდა. ბოლოს შემიყვარდა. მაკანკალებდა მის დანახვაზე, მისი ხმის გაგონებაზე. თაფლივით ტკბილი ხმა ჰქონდა. ერთხელაც, რომ მივედი, აპრილი იყო, მარტონი აღმოვჩნდით. სხვები იმ დღეს სამეცადინოდ არ მოვიდნენ. არაფერიც არ მიეჭვია. ის კი არა, ვიფიქრე, მე ხომ არ შემეშალა დღე-მეთქი, მაგრამ არა, არ შემშლია, ნამდვილად პარასკევი იყო. ვკითხე, სხვები რატომ არ არიან-მეთქი.
_ დღეს მინდოდა მარტო მე და შენ ვყოფილიყავით. ხომ არ გეშინია ჩემი?
_ არა, _ თავი გავაქნიე და შეყვარებული ბავშვის მზერით გავავსე.
_ მერი… ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან მიმზიდველი და როცა გხედავ, სულ მინდა გულში ჩაგიკრა, ნაზად მოგეფერო და დაგკოცნო.
მოულოდნელად გონებაში ფილმებში გაგონილი ფრაზა ამომიტივტივდა: `მინდიხარ~ და ჩემდა უნებურად წამომცდა:
_ გინდივარ?
მან გაიცინა, მომიახლოვდა, თმაში თითები შემიცურა და ჩურჩულით მიპასუხა:
_ კი არ მინდიხარ, მსურხარ.
სმენა დამეხშო. ისე ვთრთოდი, თითქოს მციოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვნებდები მის მკლავებს, როგორ ვაგებებ მის ტუჩებს ჩემსას, მერე კი რა გრძნობა მეუფლება, როცა ჩემი შიშველი სხეული მის ცხელ სხეულს ეხება… მას მერე მსგავსი შეგრძნება არ მქონია…
სასწავლო წლის დასრულებამდე სულ ვხვდებოდით ერთმანეთს. როგორი ბედნიერი ვიყავი. მეგონა, ხელს არასდროს გამიშვებდა, სკოლას დავამთავრებდი თუ არა, ცოლად შემირთავდა, მაგრამ… როგორც კი მეცადინეობები მორჩა, ისიც მორჩა სიყვარულობანას. რა სისულელეა, რა ცოლი, რის ცოლი, ჩვენ უბრალოდ, ვერთობოდით, შენც გსიამოვნებდა ჩემთან ყოფნა და მეც, სხვა არაფერიო, გამომიცხადა. ძალა ხომ არ დამიტანებია შენთვის, თვითონაც გინდოდა ჩემთან ყოფნა და სულ ეგ იყოო…
ამით დასამარდა ჩემი პირველი სიყვარული და ჩემი ცხოვრებაც ამოყირავდა…

მატილდა, 22 წლის, დიასახლისი, 2002 წლის დეკემბერი:

როგორი ცივი ზამთარია. ასეთი ყინვები არ მახსოვს. ექვსი წელი გავიდა, რაც ჩემები არ მინახავს, არც არაფერი გამიგია მათზე. საინტერესოა, როგორ არიან, რას შვრებიან. დედამ ალბათ გააჩინა ბავშვი. დიდი იქნება უკვე. ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? ან კი რაში მაინტერესებს? ისინიც ხომ არ დაინტერესებულან ჩემით. ერთხელაც არ მომიკითხეს, არ მომძებნეს. მამა ალბათ ისევ დედაჩემის ბრძანებებს ასრულებს _ შოთიკო აქეთ, შოთიკო იქით! საცოდავი შოთა! მერიც დიდი გოგო იქნება. ალბათ სტუდენტიცაა. ის ხომ ყოველთვის იდეალური შვილი იყო. არადა, მე ხომ ვიცი, როგორიცაა. ოღონდ მშობლებისთვის თავი მოეწონებინა და რას არ გააკეთებდა ამისთვის. მე რომ დამსჯიდა დედა, სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა. აშკარად შურდა ჩემი. განა რა მქონდა შესაშური? არც დიდი ნიჭიერებით გამოვირჩეოდი და არც განსაკუთრებული სილამაზით. თვითონ ჩემზე ლამაზიც იყო და ნიჭიერიც.
არა უშავს, ასეა თუ ისე, ღმერთმა არ გამწირა. იმ ღამეს, გაუპატიურება რომ მომინდომეს იმ საზიზღრებმა, კახაბერმა მიშველა. იგი პროფესიით მხატვარია, ახლა 56 წლისაა, მაშინ 50-ის იყო. გზაშივე მოვუყევი ჩემი გასაჭირი და შემიფარა. თავისთან წამომიყვანა სახლში. მითხრა, მაინც მარტო ვცხოვრობ, ამიტომ შეგიძლია ჩემთან დარჩეო. დავრჩი. საოჯახო საქმეებში წავაშველე ხელი. ვურეცხავდი, ვუუთოებდი, საჭმელს ვუმზადებდი. პატარა სახლი აქვს ქალაქის განაპირას. აქ ირგვლივ სულ აგარაკებია, ცოტა ხალხი ცხოვრობს. ძირითადად ზაფხულობით მოდიან ხოლმე და ერთი-ორი კვირით რჩებიან. ზამთარში სულ სამიოდე ოჯახი რჩება, სხვა სახლები გამოკეტილია. გარეთ რომ გაიხედავ, სინათლე აქა-იქ ბჟუტავს, თითქმის წკვარამი სიბნელეა ირგვლივ, თუ მთვარიანი ღამე არ არის.
კახაბერს სახლის ქვემოთ, სარდაფში სახელოსნო აქვს მოწყობილი და მთელ დღეს იქ ატარებს. ზის და ხატავს. მასთან შესვლა აკრძალული მაქვს, ოღონდ არ ვიცი, რა მიზეზით. როგორც თვითონ ამბობს, არ უყვარს, როცა მის მუშაობას ვინმე თვალს ადევნებს. მე კი ასე არ მგონია. ერთხელ, საღამოს, ჩაი რომ უნდა შემეტანა, არ დავაკაკუნე და კარი ისე შევაღე. მაშინვე ნაჭერი გადააფარა იმ ნახატს, რომელზეც მუშაობდა. მეორე კი, გვერდით რომ ედო, სასწრაფოდ გადააბრუნა და თავდაყირა დადო. ვფიქრობ, რაღაცას მალავს. თვეში ერთხელ მასთან ვიღაც საეჭვო პირები მოდიან, გაუგებარ ენაზე ელაპარაკებიან და მისი რომელიმე ნამუშევარი მიაქვთ. არასდროს არ მომიკრავს თვალი, რას ყიდის. არადა, სახლი სავსეა მისი ნახატებით. კარგად კი ხატავს, ვერაფერს ვიტყვი. მომწონს. გარკვეული სტილი არა აქვს, ყველაფერს ხატავს, რაც მოეწონება _ შიშველ ქალებსაც, ნატურმორტებსაც, პეიზაჟებსაც და პორტრეტებსაც.
გარდა ფერწერისა, პოეზიითაც არის გატაცებული. ლექსებს წერს. პირველსავე ღამეს, აქ რომ მოვედით, თავისი ლექსები წამიკითხა. იმდენი წამიკითხა, რომ დამღალა. ვერ მიხვდა, დაძინება და მოსვენება რომ მინდოდა. ცუდი ლექსები არა აქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ გაგიჟდეს ადამიანი. დაწერს ლექსს, დაჯდება მერე კომპიუტერთან და ფეისბუკზე დადებს ამ თავის შედევრს. მერე ელოდება, რამდენი დაულაიქებს, რამდენი კომენტარს გაუკეთებს და ყველას სათითაოდ უხდის მადლობას. თავისი თავი საუკეთესო პოეტი ჰგონია. ნამდვილი ნარცისია, ამაში ეჭვი არ მეპარება. პირველ ხანებში მეც სიამოვნებით ვუსმენდი, აღფრთოვანებას არ ვმალავდი, მაგრამ მერე და მერე მომბეზრდა. მომბეზრდა, რადგან მივხვდი, რომ საკუთარი ლექსების გარდა არავინ და არაფერი უყვარდა. ისეთი უცნაურობები გამოამჟავნა ამ წლების განმავლობაში, რომ გაოცებული დამტოვა. სხვა თუ არაფერი, შეიძლება ადამიანს რეკლამების ყურება გსიამოვნებდეს? სახლში რომ ვიყავი, რეკლამები რომ დაიწყებოდა, ეგრევე სხვა არხზე ვრთავდი, რომ მაგ სისულელეებისთვის არ მომესმინა. ეს კი პირიქით, არც ერთ სარეკლამო რგოლს არ გაუშვებს ხელიდან, რომ არ უყუროს და მოუსმინოს. განსაკუთრებით სარეცხი საშუალებების რეკლამაზეა ჩაციკლული: `შეხედე! თოვლივით ქათქათაა~ _ ამ წინადადების გაგონებაზე უკვე გული მერევა. ის კი ზუსტად იმ ქალივით იმეორებს ამ სიტყვებს, თან ისე განასახიერებს, თითქოს თვითონ ახმოვანებდეს.
მეორე უცნაურობა ის არის, რომ გარეთ, სახლის უკანა მხარეს ერთი კედელი მთლიანად პლაკატებით აქვს გავსებული. თანაც განა რამე ისეთი, განსაკუთრებული _ ქართველი პოლიტიკოსების საარჩევნო პლაკატები. გეგონებათ, ეს კედელი სწორედ ამისთვის აუშენებიათო, რადგან პლაკატები ერთმანეთზე წყება-წყებადაა დაწებებული. აბა, მე რა ვიცოდი, თუ ეს მისი ახირება იყო. როგორც კი მასთან მოვეწყვე, პირველი, რაც გავაკეთე, პლაკატები ცხელი წყლით ჩამოვრეცხე და კედელი მთლიანად გავასუფთავე. თქვენს მტერს, მე დღე დამადგა. კინაღამ გამაგდო სახლიდან. მეორე დღესვე მოიტანა ახლები და ყველა მე გამაკვრევინა. აი, ასე დამსაჯა.
უცნაურობების სერია არ წყდებოდა. წელიწადიც არ იყო გასული, რაც მასთან ვცხოვრობდი, რომ ერთ საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, ლამაზი კაბა მომიტანა, წითელი, ზურგამოღებული და ჩაიცვიო, მითხრა. მერე თმა თვითონ დამვარცხნა, თვალები დამიხატა, პომადა წამისვა და გაშლილ სუფრასთან დამსვა. ჭიქები წითელი ღვინით შეავსო, მომიჭახუნა და მითხრა:
_ მატილდა, იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ?
პასუხად მორცხვად გავუღიმე.
_ ერთი რამ მინდა გითხრა… _ შეყოყმანდა, რათა ჩაეხველებინა, _ მე მხატვარი კაცი ვარ. მარტოობა მიყვარს. ცოლი არასდროს მყოლია. არაა ოჯახი ჩემი საქმე, მაგრამ მომწონს ის, რასაც შენ ჩემთვის აკეთებ. გადავწყვიტე, დღეიდან სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვრო.
გაოცებული მივაჩერდი.
_ სხვანაირი ცხოვრებით რას ნიშნავს?
_ რას და… აგიხსნი, ოღონდ სათქმელი დამამთავრებინე და შენი პასუხი მერე მითხარი. შენი უფლებაა, როგორ მიიღებ ჩემს ნათქვამს. შენ არც ტყვე ხარ ჩემი და არც მონა. თავისუფალი ადამიანი ხარ და შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც მოგესურვება. მე მინდა ერთად ვიყოთ. ანუ… ცოლობას კი არ გთხოვ, ისე… ეს ოფიციალური ფორმალობები ყოველთვის ნერვებს მიშლიდა. რა მნიშვნელობა აქვს, ფარატინა ქაღალდზე რა დაიწერება? ეს რა, უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას თუ რა?
ელდა მეცა. მასთან დაწოლა არც მიფიქრია. ისედაც არ მომწონდა არც ფიზიკურად და არც ხასიათით. პირიქით, ცოტათი მეშინოდა კიდევაც მისი, განსაკუთრებით მას მერე, როცა გამომიტყდა, რომელიღაც სექტის წევრი ვარო. ვიფიქრე, ვაითუ ამათი სექტა რამე რელიგიურ რიტუალებს ატარებს და ჩემი ჩათრევაც მოინდომოს-მეთქი. მე პირადად არასდროს მქონია სექტანტებთან შეხება, ფილმებში თუ მინახავს. და სწორედ ამ ფილმებში ნანახი რომ მახსენდებოდა, ის მზარავდა. საიდუმლო შეკრებებები, შავი ფორმები, ნიღბები, მსხვერპლშეწირვები… რაღაც მომენტში საკუთარ თავს მსხვერპლის ამპლუაშიც წარმოვიდგენდი და მაკანკალებდა. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. მას ჩემთვის თავს არასდროს მოუხვევია თავისი სექტანტობა.
_ არ ვიცი, კახაბერ, ამაზე არ მიფიქრია… _ რაც შეიძლებოდა გაბედულად მივუგე, არ მიხვდეს, რომ შემეშინდა-მეთქი.
_ უნდა გეფიქრა. ამდენი თვეა, უცოლო კაცთან ცხოვრობ. ლამაზი გოგო ხარ, წყნარი, უპრეტენზიო, დამყოლი… როგორ ფიქრობ, მე რა, მხოლოდ შენი დალაგებული სახლი მომწონს და შენი გაკეთებული სადილები?
_ არ ვიცი… ამაზე არ მიფიქრია, _ გავიმეორე, _ მეგონა, შეგეცოდე და იმიტომ შემიფარე.
_ ასეცაა, შემეცოდე, მაგრამ მერე და მერე, როცა უფრო ახლოს გაგიცანი, მეტი სიახლოვე მომინდა. ხომ ხედავ, როგორი ასკეტი ვარ. ქალებში არ დავდივარ. საზოგადოებაშიც იშვიათად გავდივარ. საქმეს სახლში ვაკეთებ. ჩემი ნახატები კარგად იყიდება, ძირითადად უცხოელებს მიაქვთ. ფული არ მაკლია, მაგრამ ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარი აღიარებაა. მინდა მაღიარონ, როგორც კარგი მხატვარი და საუკეთესო პოეტი. ნომერ პირველი ქართველი პოეტის სახელი მინდა მქონდეს.
კინაღამ ვუთხარი, შენი ნახატები უფრო კარგია, ვიდრე შენი ლექსები-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ვიცოდი, ეწყინებოდა. საშინელი გაბრაზება იცის. ეს ჯერ კიდევ იმ დღიდან მახსოვს, კედლიდან პლაკატები რომ ჩამოვფხიკე.
_ მხატვრობა ჩემი გატაცებაა, ამით მხოლოდ ფულს ვაკეთებ. აი, პოეტობა კი… პოეტობა ჩემი სულის მდგომარეობაა. ლექსები აი, აქედან მოდის, აქედან, _ თქვა და საჩვენებელი თითი გულის კოვზთან მიიდო. ამ დროს ისე დააკვესა თვალები, ავცახცახდი.
როგორ გინდა უარი უთხრა ადამიანს, რომელმაც დახმარების ხელი გამოგიწოდა, შეგიფარა, ლუკმა გაგიყო. ერთხელ არ დაუყვედრებია ჩემთვის, მე გარჩენო, როგორც ამას დედა აყვედრიდა მამას.
_ შენ კარგი პოეტი ხარ, კახაბერ, ამას მეც ვხედავ. ისიც მომწონს, როგორ ხატავ. როგორც ადამიანი, საუკეთესო თვისებებით გამოირჩევი, მაგრამ… _ რაც შემეძლო, ხოტბა შევასხი, რომ არ გაბრაზებულიყო.
_ მოიცა, მოიცა… არ გინდა ეგეთები. შენ რა იცი, მე რას ვხატავ. შენ არაფერი არ იცი ჩემზე. ის, რაც ამ კედლებზე კიდია, ძველი დროის შემოქმედებაა, შენსავით პატარა ასაკის რომ ვიყავი, მაშინდელი. ახლა მე სხვა მხატვრობას მივდევ, სხვა რამეს ვქმნი. კონკრეტულად რას, ამის გაგება შენთვის საინტერესო არ იქნება და არც შეეცადო. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, არ გაჩქარებ. მოიფიქრე და პასუხი მერე მითხარი. იდეალურ ურთიერთობას კი არ გთხოვ, მხოლოდ ჩვეულებრივს, მეგობრულს. მე და შენ თუნდაც სიგიჟემდე შეგვიყვარდეს ერთმანეთი, სრულყოფილი ოჯახი მაინც ვერ გვექნება. იმიტომ, რომ არც მე ვარ სრულყოფილი და არც შენ… და იცი, რატომ? იმიტომ, რომ არც ის ქვეყანაა სრულყოფილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სამ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად. ჩემი არ შეგეშინდეს. გულმა რაც გიკარნახოს, ის მითხარი. არ მეწყინება.
ცოტა მომეშვა. კარგია, თუ არ ეწყინება. უარს ვეტყვი, მასთან რომანის გაბმას არ ვაპირებ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მერე და მერე რომ დავფიქრდი, სულ სხვა თვალით შევხედე მის წინადადებას. რას წავაგებდი, თუ დავთანხმდებოდი? განა მართლა რამე აზრი ჰქონდა, ხელს მოვაწერდით თუ არა? რამდენი ადამიანია ქვეყანაზე, ოფიციალურად ცოლ-ქმარი რომ არ არიან? უმადური ხომ არ ვიქნები? თანაც, შეიძლება შემიყვარდეს კიდევაც. გამიგონია, ლოგინი ადამიანებს აახლოებსო. აბა, გარიგებით რომ თხოვდებიან, როგორ ცხოვრობენ? ურთიერთობაში უყვარდებათ ერთმანეთი.
ამიტომ გადავწყვიტე, მის წინადადებას დავთანხმებოდი. პასუხი მეორე საღამოსვე ვუთხარი, როგორც კი სახელოსნოდან ამოვიდა.
_ კარგი გოგო ხარ, რომ არ გამაწბილე, _ გამიღიმა და ხელები დამიჭირა, _ ოღონდ, იცოდე, რამდენიმე პირობა მექნება, რომელიც არ უნდა დაარღვიო.
`ასეთი რა პირობაა~ მზერით მივაჩერდი.
_ პირველი ის, რომ არასდროს მოისურვო, შენს ჭკუაზე მატარო. ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღემდე იყო. ვინც უნდა მოვიდეს ჩვენთან, არასდროს მოიქცე ისე, როგორც ცოლი… მეორე _ შვილი არ მჭირდება, ამიტომ დაორსულება და ბავშვის გაჩენა არ გაბედო! და მესამე… დღეიდან შენ ჩემთვის ქალის ეტალონი იქნები. ოდნავ მაინც რომ შემეპაროს შენს ერთგულებაში ეჭვი, არ გაპატიებ.
იმდენად ადვილი პირობები იყო, არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე დავთანხმდი.
და დავიწყეთ ცოლ-ქმარივით ცხოვრება. თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. სექსი რომ სექსია, ისიც თვეში ერთხელ ან ორჯერ თუ გვექნებოდა. ალბათ მეტის თავი არ ჰქონდა. არც მიკვირდა. მას მხოლოდ ხატვა ახსოვდა და თავისი ლექსები. განსაკუთრებით ლექსები _ უგონოდ იყო მათზე შეყვარებული.
მე მაწყობდა ასეთი მდგომარეობა. არასდროს მყვარებია და მივხვდი, რომ ვერც ვერასდროს შევიყვარებდი, მაგრამ რადგან თანამეცხედრის ფუნქცია შევითავსე, უნდა მომეთმინა. ბოლოს და ბოლოს, ეს სექსუალური აქტი ხომ სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
მაგრამ გავიდა დრო და კახაბერი შეიცვალა. უაზროდ ეჭვიანობდა. პროდუქტების საყიდლად რომ გავიდოდი, წუთებს მითვლიდა. სულ ეგონა, რომ ზედმეტად დავაგვიანე. მერე გამომკითხავდა, ვის შევხვდი, რა მითხრა, რამდენ ხანს ვესაუბრე… ეჭვები, ეჭვები და ეჭვები… ერთხელაც, ეტყობა, უკან გამომყვა. მაღაზიიდან რომ გამოვედი, ვიღაც კაცი გამომელაპარაკა, აქამდე არ შემიმჩნევიხართ, სტუმრად ხართ თუ აქ ცხოვრობთო. მეც გულახდილად ვუთხარი. ასე, რამდენიმე წინადადება გავცვალეთ ერთმანეთში და დავემშვიდობე. მოვედი თუ არა, დამიწყო გამოკითხვა, რატომ დააგვიანე, ამდენ ხანს სად იყავიო. მეც დაზეპირებული ფრაზებით მივუგე, მაღაზიაში ჩემ გარდა სხვებიც იყვნენ და ველოდებოდი, ჩემი რიგი როდის მოაღწევდა-მეთქი.
_ ვინები იყვნენ?
_ არ ვიცი, მე მათ არ ვიცნობ, _ როგორც ყოველთვის, ახლაც გამაღიზიანა მისმა დაკითხვამ.
_ ვინმე გამოგელაპარაკა?
_ არა, არავინ, _ დავუმალე, რადგან ვიცოდი სიმართლის თქმის შემთხვევაში რა დღეშიც ჩამაგდებდა.
_ სულ არავინ?
_ მხოლოდ გამყიდველი, რომელმაც მითხრა, ცამეტი ლარი გადაიხადეო.
მოულოდნელად თვალები გადმოკარკლა, ერთი ძლიერად ამოიქშინა და ისეთი ძალით მთხლიშა მუშტი სახეში, კედელს მივენარცხე.
პირველი შემთხვევა იყო, ხელი რომ დამარტყა. არ მოველოდი. იატაკზე ჩავიკეცე და გაოგნებულმა ავხედე. თვალები ჩასისხლიანებოდა.
_ ასე მიხდი სამაგიეროს იმისთვის, რაც შენთვის გავაკეთე? ქუჩაში აგიყვანე, ვიღაც ახვრებს გამოვტაცე შენი თავი და შეგიკედლე. გგონია, დავიჯერე, რომ უმწიკვლო იყავი? გგონია, დავიჯერე, რომ იმ ბიჭებმა ძალით მოგინდომეს გაუპატიურება? მაგრამ თვალები დავხუჭე. ვიფიქრე, ბავშვია ჯერ და ამის გამოსწორება გვიან არ არის-მეთქი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სწორ გზაზე დამეყენებინე, ცოლობაც კი გთხოვე, რათა ოჯახური სიმყუდროვე გეგრძნო. შენ კიდევ… დაყიალობ ქუჩაში, ერთი სული გაქვს, გარეთ გახვიდე რაღაცის ყიდვის მომიზეზებით, მერე კი დგახარ და ლაზღანდარობ ვიღაც კაცებთან! ვინ იყო ის კაცი, რომ გელაპარაკებოდა? შენი მორიგი საყვარელია? მითხარი, ვინ იყო! _ ამ სიტყვებით მომვარდა და ჯერ მუშტები დამცხო, მერე ფეხებით შემდგა…
მეორე დღეს ბოდიშები მიხადა. ლამის იტირა, ეს რა გავაკეთეო. მეტჯერ აღარ განმეორდებაო… დავთმე და ვაპატიე. სულ ტყუილად. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე განმეორდა. უკვე ვგრძნობდი, რომ მძულდა. მძულდა და მეშინოდა მისი. რომ მოვეკალი, ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, რა დამემართა.
შევწყვიტე გარეთ გასვლა. მაღაზიაში წასვლაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. ამან ცოტა შეაშფოთა. მიჩვეული იყო, ყველაფერი მე რომ მომქონდა. თვითონ იმ მაღაზიაში არასდროს ყოფილა. მეზობლებთან ურთიერთობას, მათ გაცნობას და დაახლოებას გაურბოდა. ყოველთვის ყველაფერი ქალაქიდან მოჰქონდა, სანამ ამ საქმეს მე შევითავსებდი.
მიხვდა, რომ თუ პროდუქტს მე არ მოვიტანდი, შიმშილით ამოგვხდებოდა სული, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის არ გასულა სახლიდან. ერთადერთი, თავისი სექტის შეხვედრებზე დადიოდა რეგულარულად, სამ კვირაში ერთხელ. სხვა დროს ან ხატავდა, ან ლექსებს წერდა და სოციალურ ქსელში საკუთარ ქება-დიდებას ისმენდა. ამით სულდგმულობდა. ეს იყო მისთვის უდიდესი სიამოვნება.
ისევვ დამრთო ნება, მევლო მაღაზიაში, მაგრამ დათქმული დროისთვის არ უნდა გადამეცილებინა. აბა, როგორ უნდა განმესაზღვრა, რამდენი წუთი დამეხარჯებოდა წასვლა-მოსვლა-ვაჭრობაში? მართლა მარტო მე ხომ არ დავდიოდი იქ საყიდლებზე? ამას სხვა ამბავიც დაერთო.
დაახლოებით ორი კვირის წინ ვიღაცებმა მოაკითხეს. ორნი იყვნენ. შეიკეტნენ კახებერთან ერთად სახელოსნოში და კარგა ხანს ლაპარაკობდნენ. ბოლოს დამიძახა, სამი ყავა და კონიაკი შემოგვიტანეო. სასმელი ყოველთვის ჰქონდა სახლში, მის გარეშე ვერც ხატავდა და ვერც წერდა. ყველაფერი გავამზადე, სინზე დავდე, ამ ყველაფერს გვერდით შოკოლადი მივუდე და შევედი. რა თქმა უნდა, სანამ შევიდოდი, დავაკაკუნე.
_ ეს მატილდაა, ბიჭებო, ჩემი დამხმარე. _ ასე გააცნო სტუმრებს ჩემი თავი.
არ მწყენია. ცოლად მაინც არ მთვლიდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ წარმადგენდა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებთან?
_ ოოო, როგორი ლამაზი დამხმარე გყოლია… კალმით დახატული, _ თქვა ერთმა, რომელსაც შავი გრუზა თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ახალგაზრდა იყო, დაახლოებით ოცდაათი წლის, საკმაოდ სიმპათიური. წვრილი და თლილი თითები ჰქონდა.
_ ჰმ… _ ჩაახველა კახაბერმა და მივხვდი, არ ესიამოვნა ჩემი შექება.
_ სახელიც როგორი რომანტიკული რქმევია… _ აღტაცებით განაგრძო უცნობმა, _ აი, მატილდას პორტრეტს თუ დამიხატავ, კარგ ფასად ვიყიდი.
_ მატილდას პორტრეტი რად გინდა? _ კახაბერს ხმა მოეგუდა.
_ საძინებელში დავკიდებდი, _ მიუგო სტუმარმა და ისეთი კმაყოფილებით გაიღიმა, თითქოს მთელი ცხოვრება ჩემს პორტრეტზე ოცნებობდა.
მე სინი მაგიდაზე დავდგი და მაშინვე გამოვედი. მერე მივაყურადე, მაგრამ ხმისთვის არც ერთს არ აუწევია. ვიფიქრე, მშვიდობიანად ჩაიარა იმ კაცის წამონაროშმა-მეთქი.
სტუმრები როდის წავიდნენ, არ გამიგია. ჩემს ოთახში შეკეტილს მხოლოდ კახაბერის ღრიალმა დამირღვია სიმყუდროვე. დაფეთებული და სარდაფისკენ დავეშვი, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი. იქ შესულს საოცარი სურათი წარმომიდგა თვალწინ. მთელ იატაკზე ტილოები იყო მიმოყრილი _ თანაც ცნობილი მხატვრების ტილოები. მე ამ მხატვრების გვარები არ ვიცოდი, მაგრამ მსგავსი ტილოები ბევრი მენახა _ ფილმებში, ჟურნალებში, წიგნებში… მაგიდაზე კი დასტებად ეწყო ფული _ დოლარები, ევროები.
_ ხედავ? ხედავ, რა ქონების პატრონი ვარ, მატილდა? შე კახპავ! აი, ამ სურათების ასლების შექმნით ვშოულობ ამ ფულს. იცი შენ ეს? არ იცი. ჩემნაირად ვერც ერთი მხატვარი ვერ ამსგავსებს ორიგინალებს, მე ერთი ვარ ასეთი, მე ერთი! _ ყვიროდა კონიაკით გამობრუჟული, _ აი, ასეთი ნიჭიერი ვარ მე და თქვენ არ მაფასებთ, თქვენი დედაც… _ დაიყვირა და ფულის დასტები ხელის ერთი წამოკვრით ძირს გადმოყარა.
გაქვავებული ვიდექი. შემაძრწუნა მისმა სახემ. ამწუთას ჩემ წინ მონსტრი იდგა. თაღლითი მონსტრი.
მივხვდი, რომ მასთან ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. მივხვდი, რატომაც ცხოვრობდა ასე მარტო. ჯერ ერთი, იგი ვერავის იგუებდა თავის გვერდით, რადგან ეჭვიანობით იყო დაავადებული. ალბათ თავისი ასაკიც აფრთხობდა. აბა, სად მე, 22 წლის გოგო და სად ის, 56 წლის კაცი. ამასთან, ბნელი საქმით იყო დაკავებული. ფაქტობრივად, უმძიმეს დანაშაულს სჩადიოდა _ ცნობილი მხატვრების ტილოებს აკოპირებდა და ორგინალად ასაღებდა, რისთვისაც სხვა, უფრო მსხვილი თაღლითები ფულს უხდიდნენ.
ეგრევე გამოვვარდი სახელოსნოდან. კიბეზე ავირბინე და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. შემეშინდა, მთვრალმა ისევ არ მცემოს-მეთქი. ცემას ვინ ჩიოდა, რომ მოვეკალი, ვინ რას გაიგებდა?
მაგრამ არა, არ გამოსულა, არც იმწუთას და არც მერე. მთელი ღამე სახელოსნოში გაატარა.
თავზე ისე შემომათენდა, წუთითაც არ მომიხუჭავს თვალი. არ ვიცოდი, როგორი დილა გამითენდებოდა, რა მელოდა, როცა გამოფხიზლდებოდა _ მე ხომ მისი საიდუმლო უკვე ვიცოდი…

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნათელა
ძალიან, ძალიან მომწონს თქვენი ნოველები. დიდ სიამოვნებას ვღებულობ კითხვის დროს. სულმოუთქმელად ველოდები ახალი ნაწარმოების გამოჩენას. გისურვებთ წარმატებებს!
12:37 / 23-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან დამაინტერესა, სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს
17:58 / 21-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93