- სად იყავი ასე გვიანობამდე? ჩვენ უკვე ავნერვიულდით. - საყვედურის კილოთი წარმოთქვა მან.
- თქვენ? ვინ თქვენ? - ირონიულად შეეკითხა.
- კარგი, ჰო… მე… ასე გვიან არასდროს დაბრუნებულხარ. იმასთან იყავი, არა?
- მასთან და მის ოჯახთან, - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, - რძალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო და თან გავყევი.
- კი მაგრამ, თავისი ქალიშვილები სად იყვნენ? შენი წასვლა რა საჭირო იყო?
- დედამისს უნდოდა, მეც გავყოლოდი. შენთვის ალბათ ძნელი გასაგებია, რომ მეც შეიძლება ვიღაცას ვჭირდებოდე.
ანდრია დაიძაბა.
- იქნებ როგორმე ავირიდოთ სცენები თავიდან? - ხმადაბლა თქვა, - გგონია, მე მსიამოვნებს, ჩემს სახლში მომვლელის სტატუსით რომ ცხოვრობ?
- არ ვიცი. ჩემთვის ძნელი გასაგებია, შენ რას გრძნობ, - დაღლილი ხმით მიუგო, - ჩვენ უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის.
ეს კი თქვა, მაგრამ კატიამ იცოდა, რომ თავს იტყუებდა. იგი ახლოს იდგა ანდრიასთან და ეს სიახლოვე თავბრუს ახვევდა.
- ვერ ვხვდები, ასე რატომ შემიძულე. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
- მაგაში ცდები, მე შენ არ მძულხარ. მაპატიე, უკვე გვიანაა, უნდა დავწვე. - ცივად წარმოთქვა ქალმა და თავისი ოთახისკენ გზა გააგრძელა. ანდრია გვერდით გაჰყვა.
კართან შედგნენ.
- უკვე მოიფიქრე, რა უნდა გააკეთო, როცა აქედან წახვალ? - სიჩუმე ანდრიამ დაარღვია.
- ბოლო წლებმა მასწავლა, რომ მომავლისკენ ძალზე შორს არ უნდა გაიხედო. როცა წავალ, მერე გამოჩნდება, რა შემეძლება.
- სულაც არ არის აუცილებელი, წახვიდე. შეგიძლია ჩვენთან დარჩე.
- დიანაზე რომ დაქორწინდები, მერეც? - უეცრად ეჭვიანობამ დარია ხელი, - შენი შვილების ძიძადაც გინდა გამხადო?
- ასეთი საქონელიც არ ვარ. გითხარი იმიტომ, რომ მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა. მარტოსულად არ იგრძნობდი თავს.
- სულაც არ ვგრძნობ თავს მარტოსულად. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მეც შევძლებ ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას. მეც მინდა, ბედნიერი ვიყო და მივაღწევ კიდევაც ამას.
- ასე დაგახვია თავბრუ რობიმ? მალე კი შეგიყვარდა, ისე, ვერაფერს იტყვი, - ღვარძლიანად წარმოთქვა ანდრიამ.
- იმედია, გიხარია. ამიერიდან შენს სინდისს აღარ დავამძიმებ, - დაამატა ბოლოს, ოთახში შევიდა და მამაკაცს კარი ცხვირწინ მიუხურა.
მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, რობიმ დიანასთან შეხვედრის სცენა ვერ ამოიგდო მეხსიერებიდან. მისი სტუმრობის შემდეგ წარსულის ნახევრად მივიწყებული მოგონებები აეშალა და მოსვენება დაკარგა. გაახსენდა, როგორ სიამოვნებდათ ბავშვობაში ერთად თამაში, როგორ ერთობოდნენ, მერე როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი და ეგონათ, ვერასდროს ვერაფერი დააშორებდათ. ის ტკივილიანი დღეებიც გაახსენდა, თბილისში რომ მიემგზარებოდა სასწავლებლად და დიანას ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს ტოვებდა. რა სამწუხაროა, როცა ადამიანები წლების განმავლობაში რადიკალურად იცვლებიან, ისე რადიკალურად, რომ შეხვედრისას შეიძლება ვერც იცნო. არა იმიტომ, რომ გარეგნულად შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ შინაგანადაა დაცარიელებული ყველა იმ გრძნობისგან, რომელსაც ბავშვობაში გიწილადებდა. მაშინ დიანა სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ რობი ხელმოკლე ოჯახიდან იყო და სოციალურად მასზე დაბალ საფეხურზე იდგა. არც რობის უფიქრია, რომ დიანასთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, რადგან მამამისი, როგორც სოფელში ეძახდნენ, მოარული ფულის ტომარა, მისნაირ სიძეს არასდროს ისურვებდა და არავითარ შემთხვევაში მათ ცოლ-ქმრად არ აღიარებდა.
ანდრიასთან კი მეგობრობდა დიდხანს, მაგრამ როგორც კი პოლიტიკურ არენაზე აღმოჩნდნენ, მაშინვე ერთმანეთს შეეჯახნენ. შეეჯახნენ და მათი გზებიც გაიყო, რადგან ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. დიანას ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. სრულიად მოულოდნელად, ყოველ შემთხვევაში, რობის ახლა ასე ეჩვენებოდა, ქალი პატარა, ჯიუტი გოგონადან, რომელიც ძმაკაცებს ეხვეწებოდა, თქვენთან ერთად მათამაშეთო, მიუკარებელ, ქედმაღალ ქალად იქცა, რომელიც უკვე აღარ ეძებდა შემთხვევას, მას შეხვედროდა. ეს მაშინ იგრძნო რობიმ, როცა გერმანიაში სასწავლებლად წასული დიანა ჩამოვიდა და ბავშვობის მეგობარი ერთხელაც არ მოიკითხა. სამაგიეროდ, ანდრიას ხვდებოდა. სწორედ ეს ტანჯავდა რობის ყველაზე მეტად.
მამაკაცი გზას ისე მიუყვებოდა, ვერც ამჩნევდა, საით ჰქონდა გეზი აღებული. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, დიანას სახლს რომ ჩაუარა. ქვის გალავნის მიღმა ეზო არ ჩანდა. მას მხოლოდ ვირტუალურად შეეძლო წარმოედგინა ჰამაკში ზანტად გაწოლილი დიანა. ამის გაფიქრებაზე თავი გადააქნია და ნაბიჯს აუჩქარა. იმდენად შემოაწვა ბავშვობის ნოსტალგია, რომ ეგრევე გზიდან გადაუხვია და გეზი ტყისკენ აიღო. რატომღაც, მოუნდა, განმარტოებულიყო საკუთარ ფიქრებთან და მობილური ტელეფონი, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა, ანგარიშმიუცემლად გამორთო.
ტყეში შემავალ ბილიკს რომ მიუახლოვდა, ნაბიჯი შეანელა, რადგან მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ქალის ფიგურა დალანდა. უცნობი მისი მიმართულებით მოიჩქაროდა. იმდენად არ უნდოდა საკუთარი მყუდროების დარღვევა, რომ ბილიკზე გადავიდა და აკაციის ჩრდილს შეეფარა. ალბათ უცნაური დამთხვევა იყო, რომ ქალმაც მას მიჰბაძა. რობიმ მხოლოდ მაშინ შეამჩნია იგი, როცა ორ მეტრზე მოუახლოვდა. მან იცნო თავისი მყუდროების დამრღვევი და სანამ მიესალმებოდა, ღრმად ამოიხვნეშა. ქალს თითქოს არც შეუმჩნევიაო, ისე დააპირა გვერდის ავლა.
- დიკა, გამარჯობა. შენ რა, ჩემთან დალაპარაკების სურვილიც არა გაქვს? სალამი მაინც არ უნდა მითხრა?
- წინა შეხვედრაზე ჩვენ ყველაფერი ვუთხარით ერთმანეთს, - ამბიციურად განაცხადა ქალმა.
- აი, სწორედ მაგაზე მინდოდა შენთან საუბარი. მინდა ბოდიში მოგიხადო.
- გაიხარე, დიდი მადლობა, - ირონიულად ჩაილაპარაკა დიანამ და გზის გაგრძელება მოისურვა, მაგრამ რობი წინ გადაუდგა:
- ასე საით მიიჩქარი? მოდი, ამ ხის ქვეშ დავსხდეთ ცოტა ხანს, კარგი?
ქალს არ გაუპროტესტებია, დაემორჩილა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბალახებში ჩაჯდა.
- არც ვიცი, რატომ გავცხარდი მაშინ ასე.-_ უკმაყოფილო ხმით წარმოთქვა რობიმ, -ერთადერთი, რასაც შეიძლება გამართლება მოვუძებნო, შენი მოულოდნელი გამოჩენა და ჩემი წყობილებიდან გამოყვანის მცდელობა იყო.
- მაგას მივხვდი. როგორც ჩანს, თავში აზრადაც არ მოგსვლია არასდროს, ამდენი წლის შემდეგ რა ძნელი იქნებოდა ჩემთვის შენთან მოსვლა.
- ვხვდები. იმასაც ვხვდები, რომ მამაშენს სასტიკად არ მოეწონებოდა ეს.
- მამაჩემი არაფერ შუაშია, - მოუჭრა გოგონამ, - შენ ხარ შუაში.
- ეს როგორ?
- ჩვეულებრივად. შენ ხომ სამი წლით ხარ ჩემზე უფროსი. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ პატარები ვიყავით, ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩააბარე, მერე ყველაფერი შეიცვალა. მე შენთვის ბოლომდე ბავშვად დავრჩი, სიყვარულიც კი არ აგიხსნია ჩემთვის წესიერად. ფიქრობდი, პატარააა, ჯერ ვერ გაიგებსო. ამიტომაც საბოლოოდ გაგერიდე.
- მაგრამ ანდრიასთან ხომ გააგრძელე მეგობრობა? მასთან შეიძლებოდა შეხვედრა და ჩემთან არა?
- ეს იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. - დიანამ წამით მიაპყრო მზერა მამაკაცს და მაშინვე აარიდა თვალი, - მერე კიდევ, შენ სულ დაკავებული ხარ შენი საქმეებით, შენი პოლიტიკით. შენთან თავს პატარა სულელ გოგოდ მივიჩნევდი და ამას ძალიან განვიცდიდი.
მისმა სიტყვებმა რობი ჩააფიქრა - ასეთ რამეს როგორ წარმოიდგენდა? ეგონა, მათ შუა დიკას მამა ჩადგა და ამან გააფუჭა ყველაფერი. მთელი სხეული დაეჭიმა, სანამ ქალს უსმენდა.
- შეგიძლია არც დამიჯერო, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია, როგორც გინდა. - მამაკაცის დუმილი დიანამ არასწორად გაიგო, - შენ ჩემზე ყოველთვის ცუდი წარმოდგენის იყავი.
- ტყუილია. შენზე რომ ცუდი წარმოდგენა მქონოდა, არც შეგიყვარებდი.
- მე ვამბობ, მერე, როცა გავიზარდე.
- მოდი, ნუღარ ვიჩხუბებთ. ისედაც მომხვდა დედაჩემისგან, იმ დღეს დარჩენა რომ არ გთხოვე. - ჩაიბურტყუნა თავისთვის.
გოგონამ ლაღად გაიცინა:
- ის ყოველთვის გტუქსავდა უხეში გამოხდომებისთვის, გახსოვს? ტლანქი და გაუთლელი ხარო.
- ახლაც აგრძელებს. გახსოვს, გაიოზის ეზოში ვაშლებს რომ ვიპარავდით და წაგვასწრო? რა დღეში ჩაგვაგდო!
- აუ, მართლა რა დღე გვაყარა! - გულიანად გადაიკისკისა დიკამ.
- მაგრამ ხეებზე შენ უკეთ გამოგდიოდა ძრომიალი, ვიდრე მე, - ჩაიცინა რობიმ, - შენ ხომ ჩემზე გრძელი ფეხები გაქვს. - და ქალის ფეხებს დახედა.
დიკა წამოწითლდა და მოკლე კაბა დაბლა დაქაჩა.
- მათი დამალვა არ შეიძლება. ისეთი ჩამოსხმა ფეხები გაქვს, ყველა უნდა ხედავდეს და ტკბებოდეს მისი სილამაზით. ეს ერთადერთია, რაც შენში არ შეიცვალა.
- მე არ შევცვლილვარ, რობი. ეს შენ შეიცვალე.
- სოფლელი ბიჭი საზოგადოებაში გაერია, არა? - მწარედ წარმოთქვა, - ამის თქმა გინდა?
- ნუ, მთლად ასე არა, - მხიარულად მიუგო გოგონამ, - მაგრამ არასდროს მქონია ის მომენტი, რომ შემცოდებოდი. არადა, შენ ეს გინდოდა, რადგან თვითონაც გეცოდებოდა შენი თავი.
რობიმ სუნთქვა შეიკრა და ცივად გადახედა გვერდით მჯდომს.
- ჰო, ჰო, ასეა. ამიტომაც მკბენ სულ. ჩვენ შორის რაღაც განსხვავებას ეძებ, თითქოს რადგან მდიდარი მამა მყავს, სხვა პლანეტიდან ვიყო ჩამოფრენილი და შენ არარაობა იყო ჩემთან შედარებით. სულ ამას ფიქრობდი. მაგრამ არ გეთანხმები. ეს მხოლოდ შენი გამონაგონი კედელია, რომელიც ხელოვნურად აღმართე ჩვენ შორის. შენ ავლებ ჩვენ შორის ბარიერს და არა მამაჩემი. მას ცხოვრებაში არ აუკრძალავს შენთან თამაში და მეგობრობა. მაგრამ შენ ასე გაწყობდა. განა იმისთვის არ ხარ გაჩენილი, რაც შეიძლება ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდეს ცხოვრებაში და მათ გადასალახავად იბრძოლო? აი, მარტო მაშინ ხარ ბედნიერი.
- ყველაფერი თქვი?
- არა. - მედიდურად მიუგო დიკამ და გააგრძელა, - ხანდახან წარმოგიდგენ, როგორი იქნები ათი წლის შემდეგ - მინისტრის პორტფელით, მაგრამ ძველ შავ პიჯაკში გამოწყობილი იმის საჩვენებლად, რომ შენი ღარიბული წარმომავლობა არ გავიწყდება! ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც წარამარა გვიფრიალებენ ცხვირწინ თავიანთ წარსულს.
რობიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და პირი ისევ მომუწა. კარგა ხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. პაუზა გაიწელა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, განაწყენებულმა რობიმ ქვას გაჰკრა ფეხი.
- ყოველთვის რატომ ვჩხუბობთ, დიკა? ბავშვობაში ხომ ვმეგობრობდით?
- მე არც ახლა მინდა შენთან ჩხუბი.
- მაგრამ, რატომღაც, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით.
- ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ.
- სამაგიეროდ, ფიქრობ მტრულად. გგონია, კატიას იმიტომ ვხვდები, რომ ანდრიას საქმეებზე რამე დავაცდენინო წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე?
ამჯერად დიანამ უცებ არ უპასუხა. გავიდა რამდენიმე წუთი, სანამ რამეს იტყოდა:
- ადრე მეჩვენებოდა, რომ ეს არ იყო გამორიცხული, - აღიარა, - მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. მესმის, რატომაც ხვდები მას. ის ძალიან ლამაზი ქალია.
- და განსაკუთრებული ნიჭი აქვს სხვების მოსმენის. - დაამატა რობიმ.
- გინდა თქვა, რომ ასეთი ნიჭი მე არ მაქვს? - აილეწა დიკა.
- მსგავსი არაფერი მითქვამს, - მამაკაცი მისკენ შებრუნდა, - სულ რატომ გგონია, თითქოს თავს გესხმი?
- იმიტომ, რომ, როცა შენთან ვარ, ასეთი შეგრძნება მიჩნდება.
- იქნებ მე ვიცავ თავს შენგან? - წამოსცდა მოულოდნელად, - შენ ძალზე მაცდური ხარ.
დიკა წამოხტა, რობიმაც არ დააყოვნა ადგომა და ერთმანეთის პირისპირ ძალზე "საგანგაშო" მანძილზე აღმოჩნდნენ.
- ისე იქცევი, თითქოს გეშინოდეს ჩემი, - ხმადაბლა ამოთქვა მამაკაცმა.
- რისი უნდა მეშინოდეს?
- ახლავე მიგახვედრებ. - დახშული ხმით მიუგო რობიმ და გოგონა მსწრაფლ მკლავებში მოიქცია.
სულშეგუბებული კოცნიდა. დიდხანს შეკავებულმა სურვილმა სასურველ სხეულთან მიკარებისთანავე ერთბაშად იფეთქა. ამ შეხებას ისე აგემოვნებდა, როგორც გურმანი საყვარელი კერძის მირთმევისას. ნელა ასრიალებდა მკლავებს დიკას მხრებსა და ზურგზე, თავისკენ იზიდავდა მის აბორგებულ მკერდს, ტუჩებით ეფერებოდა თვალებზე, ლოყებსა და ყვრიმალებზე, ნესტოებით კი ქალის თავბრუდამხვევ სურნელს ისრუტავდა.
- დიანა… - აღმოხდა ათრთოლებული ხმით, - დიანა…
გოგონაც მორჩილად იდგა მის მკერდს მივანებული, რადგან იცოდა, რომ გაბრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ისედაც, სრულიად დაჰკარგვოდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, აღარაფერზე ფიქრი აღარ შეეძლო - მთელი სხეული ამწუთას მხოლოდ მამაკაცის მძაფრი სიახლოვის გრძნობით ჰქონდა გადავსებული. მამაკაცის კედელივით ძლიერი მკერდი გონებას აკარგვინებდა. მისი გახშირებული სუნთქვის სითბო, სახეში რომ სცემდა, მის სუნთქვას ერწყმოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კოცნაზე კოცნითვე უპასუხა ძალაწართმეულმა. ეს იყო სურვილი, რომელსაც იცოდა, რომ ვეღარ მოერეოდა, თუ თავს ძალას არ დაატანდა. როგორც იყო, გონებას მოუხმო, გაახსენდა, რომ სრულიად სხვა ადამიანზე იყო დანიშნული და ამწუთას ვინმეს რომ დაენახა ამ ყოფაში, სირცხვილი არ ასცდებოდა. მსუბუქად ჰკრა მამაკაცს ხელი და მკლავებიდან დაუსხლტდა.
კარგა ხანს ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. ტყის სიჩუმეში მხოლოდ მათი ხმამაღალი სუნთქვის ხმა ისმოდა.
- არ გაქვს უფლება, ასე მომექცე, - ბოლოს ჩურჩულით ამოთქვა.
- რატომ? დედოფლის შეხედვის უფლება ყარიბსაც აქვს.
- არ გაბედო! - იყვირა დიკამ, - გთხოვ, რობი, არ გინდა!
მამაკაცი ადგილზე გაშეშდა, ასეთ რეაქციას არ ელოდა. დიანამ ისარგებლა მისი დაბნევით, შეტრიალდა და გაიქცა. მან თვალი გააყოლა, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია. ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, რა ემართებოდა. სულ ასე რატომ მოსდის? სოფლელივით რატომ იქცევა დიანასთან? იქნებ ვერ იტანს, ქალი უკარებას როლს რომ თამაშობს მასთან? იქნებ არც თამაშობს? განა ასე უხეშად მოექცა? რამე ზედმეტი ჩაიდინა? მერედა, რა მისი ბრალია, თუ დიკა მი სულში მიძინებულ ველურ ხასიათს აღვიძებს? სხვა ქალებთან მსგავსი რამ არასდროს დამართნია. ის კი არა, პირიქით, საყვედურობდნენ ხოლმე, სუსტ სქესთან მიმართებით ზედმეტად თავდაჭერილი ხარო.
გაშეშებულმა თავი ჩახარა და ტუჩები მოკუმა. ახლა კიდევ ერთხელ მოუწევს ბოდიშის მოხდა. მწარედ ამოიგმინა. ძლივს დაახლოებისკენ ნაბიჯი გადადგეს და ისევ ყველაფერი გააფუჭა. როგორმე უნდა გამოასწოროს სიტუაცია, თანაც იმ დონემდე, რომ მეტად აღარ მისცეს დიკას მასზე განაწყენების საბაბი…
კატიას გამუდმებით ყურში ჩაესმოდა ანდრიას ბოლოს ნათქვამი სიტყვები, რომლებიც ქმარყოფილმა კარის მიხურვისას დააწია: "იმას კი არ ვნანობ, ცოლად რომ შეგირთე, მხოლოდ იმას, რომ არაფერი გამოგვივიდა". თურმე მისი ბრალი ყოფილა, არაფერი რომ არ გამოუვიდათ. მოინდომა კი ანდრიამ, რამე გამოსვლოდა? ამაზე რატომ არაფერს ამბობს? ეს სიტყვები მოსვენებას უკარგავდა. იმ ღამეს დაძინებაც ვერ შეძლო. ისე შეხვდა განთიადს, თვალიც ვერ მოხუჭა. მისი სული აუტანელი ტკივილით გადაივსო, ძალზე მწარე და გაუნელებელი ტკივილით, რის გამო ისიც კი ვერ შეძლო, გულამოსკვნით ეტირა.
ანდრიაზე გაცოფებული რამდენიმე დღის შემდეგ რობის შეხვდა და მასთან ერთად მიტინგზე წავიდა. მომიტინგეთა სიტყვით გამოსვლა დიდხანს გაგრძელდა. როცა თავყრილობა დამთავრდა, უკვე მოსაღამოებული იყო.
როცა მარტონი დარჩნენ და მანქანის სადგომამდე ქუჩას ფეხით დაუყვნენ, კატიამ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
- დღეს უფრო კარგად გამოხვედი სიტყვით, ვიდრე სხვა დროს, - რაღაც მეტი დრაივი შეინიშნებოდა შენს ხმაში, მეტი თავდაჯერებულობა.
- მებრძოლი სული! - პათეტიკურად შესძახა რობიმ, - ამის გამო ოჯახში ხშირად მთათხავენ. მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ და აწი რა შემცვლის? როცა რამე გულთან ახლოს მიმაქვს, გულგრილი ვერ ვიქნები. "სულერთია" არ მახასიათებს.
- ჰო, უმჯობესია, გულთან ახლოს მიიტანო, ვიდრე გულგრილი იყო.
მამაკაცმა გაოცებით შეხედა:
- ასე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ლაპარაკობ?
- უმჯობესია, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ილაპარაკო, ვიდრე აბსტრაქტულად! - ნართაულად გასცა პასუხი ქალმა.
რობიმ გაიცინა.
- ო, ამის დამახსოვრება ღირს! მოდი, ლუდის ბარში შევიდეთ, არ გინდა? სულ ამ მიტინგებზე დამყავხარ. ბოლოს და ბოლოს, მრცხვენია.
- ტყუილად გრცხვენია. მე მომწონს, როცა გისმენ. ისეთ სიტყვას ამბობ, რომ ქვას ქვაზე ადუღებ.
- ანდრიასთან შედარებით როგორ გამომდის? - რობიმ ალმაცერად გახედა, მაგრამ შეამჩნია, როგორ შეცბა ქალი მის შეკითხვაზე, ამიტომ საჩქაროდ დაამატა, - მაპატიე, შეგიძლია არ მიპასუხო, ეს ჩემი საქმე არ არის.
- სიამოვნებით გიპასუხებდი, რომ ვიცოდე, მაგრამ მისი გამოსვლა არასდროს მინახავს და მომისმენია.
- ვაა, ეს მთლად ახალი ამბავი. და რა, მას რა ჰგონია, ისე მისცემ ხმას, არაფრის გამო? როცა არც კი იცი, რას ჰპირდება თავის ამომრჩეველს?
- მე ხმის მიცემის უფლება არა მაქვს, - გაიღიმა, - მე ხომ ჩამოსული ვარ და არა აქაური მცხოვრები.
- ჰოო, ეგ კი აღარ გამახსენდა. ხედავ? ისეთ შინაურად მიმაჩნიხარ, რომ ასეთი რამეები სულ გადამავიწყდა. მე ბოლომდე ჩემიანად მიმაჩნიხარ და რა ვქნა.
ამ ლაპარაკში ბარსაც მიაღწიეს. კატია პირველად იყო ლუდის ბარში. საქართველოში მსგავსი "ფუფუნება" არ ჰქონია. ირგვლივ ინტერესით მიმოიხედა და ჯერ ინტერიერი შეათვალიერა, მერე იქ მყოფნი.
- რამდენი ხალხია. ასე ავეჯით გაწყობილი ლუდის ბარი პირველად ვნახე. - გაიოცა.
- ინგლისურ ყაიდაზეა მოწყობილი.
- ვითომ? - ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა მამაკაცის ნათქვამი.
- არ ვიცი, ისე ვთქვი. უბრალოდ, ქართველებს გვიყვარს მყუდროდ მოკალათება, ეგ არის და ეგ.
- თან რა სიჩუმეა. ლუდი სადაც ისმება, ყოველთვის ყაყანია ხოლმე.
- ასეთ ბარში პრინცესებსაც შეუძლიათ შესვლა. აი, ასე! - დაიტრაბახა რობიმ და კატიას თვალი ჩაუკრა.
- ეგეთებიც გყავთ საქართველოში?
- არა, მაგრამ აქ ყველა ლამაზ ქალს პრინცესად მოიაზრებენ.
- ეგ ნამდვილად გეხერხებათ ქართველებს. არა, მართლა მომწონს აქაურობა. მეგონა, კაცებით სავსე რაღაც დაწესებულებაში აღმოვჩნდებოდი.
- როგორც რუსები იტყვიან, "ზაბეგალოვკაში", არა?
ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
- აქ პოლიტიკა და არჩევნები ალბათ არავის აინტერესებს. მთავარი, როგორც ჩანს, მხოლოდ ლუდი და თევზია.
- იქნებ ისიც მითხრა, რომ ჩვენთვის საერთოდაც სულერთია, ვის მივცემთ ხმას, - ვითომ შეშფოთებული სახე მიიღო რობიმ.
- აი, მაგ კუთხით კი ვერაფერს ვიტყვი. ასე ახლოს არ ვიცნობ ქართველებს, მაგრამ შენ და ანდრია ორივე კარგი ადამიანი ხართ.
- არ მომწონს, როცა ანდრიას მადარებენ.
- რატომ? - მისდა უნებურად გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
- იმიტომ, რომ ის ქედმაღალი და ამპარტავანია.
- სულაც არა! უბრალოდ, გრძნობების დამალვა ეხერხება.
- კარგი რა, სადა აქვს გრძნობები! - აგდებულად აიქნია რობიმ ხელი.
- ზედმეტადაც აქვს! უკაცრავად! შენ რა გგონია, ისეთ ადამიანს გავყვებოდი ცოლად, რომელიც… - და ელდანაცემი უცებ დადუმდა. მიხვდა, რაც ჩაიდინა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სიტყვები გაექცა და მათი უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. ვერც უარყოფდა ნათქვამს. სულერთია, რობი მისი სახის გამომეტყველებით მაინც მიხვდებოდა სიმართლეს. სასოწარკვეთილი მიაჩერდა მამაკაცს და არ იცოდა, როგორ გამოესწორებინა შეცდომა.
- მაპატიე, დაივიწყე, რაც ვთქვი, არა მაქვს უფლება, ჩემი ამბავი მოგიყვე, ეს ჩემი საიდუმლოა.
- საიდუმლო? - გაოგნებულმა რობიმ გამჭოლი მზერით გახედა, - გინდა თქვა, რომ ანდრიას ცოლი ხარ?
- ძალიან გთხოვ, ცოტა ხმადაბლა, არ გაიგონონ.
რობიმ დაინახა, როგორ გაფითრდა ქალი და გამხნევების მიზნით თბილად გაუღიმა.
კატია რობის მზერას ვერ უსწორებდა. ისე განერვიულდა, რომ თრთოლამ აიტანა.
- თუ გინდა, მომიყევი, რას მალავ. - რბილად მიმართა მამაკაცმა, - მე მგონი, ჩვენი ურთიერთობა მაძლევს უფლებას, ყველაფერი ვიცოდე.
ქალმა თავი დააქნია, მაგრამ ჩაფიქრდა, ღირდა თუ არა ამ ჩახლართული ამბის მოყოლა.
- არ ვიცი, საიდან დავიწყო… - ჩურჩულით წარმოთქვა და თავი ჩახარა.
- თავიდან, სულ თავიდან დაიწყე, - გაამხნევა რობიმ და მხარზე ხელი დაადო.
- ჩვენ კიევში შევხვდით ერთმანეთს, - კატიას ხმა ჩაეხლიჩა, - იმ დღეს ყვავილების ფესტივალი ტარდებოდა.
რობი მდუმარედ უსმენდა, ერთხელაც არ გაუწყვეტინებია, არც ემოციებით გამოუხატავს, რა რეაქცია ჰქონდა მის მონაყოლზე. მხოლოდ მაშინ ვერ შეიკავა თავი, როცა კატიამ აქ ჩამოსვლის ამბავი ჩაამთავრა.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>