- ხედავ შენ? მაგარი ლაჩარი ყოფილა. ამას სიდამპლე ჰქვია, სხვა არაფერი! - აღშფოთებულმა წამოიძახა.
- გამოუვალ მდგომარეობაში ადამიანები უცნაურად იქცევიან, - მიუგო კატიამ.
- ეს არ ამართლებს მის საქციელს. არ უნდა დათანხმებულიყავი მის შემოთავაზებას.
- მე იმიტომ დავრჩი, რომ… - ქალი უცებ გაჩუმდა და მიმოიხედა, - რა ხდება იქ?
- სად?
- მომეჩვენა, თითქოს კარი გაჯახუნდა.
რობიმ კარისკენ გაიხედა.
- იქ არავინაა, - მამაკაცი კვლავ ქალს მიუბრუნდა, - მაინც მგონია, რომ არ მოიქეცი სწორად. არ ხარ ვალდებული, მის დაკრულზე იცეკვო.
- მაგრამ მისი მდგომარეობა მესმის. მასზე ცუდი წარმოდგენა ნუ შეგექმნება იმის გამო, რომ ცოლად შემირთო, მერე კი მიხვდა, თუ რა შეცდომა დაუშვა.
- ის კი არ მაოცებს, შენზე დაქორწინება რომ იჩქარა, ის მიკვირს, შენი თავიდან მოშორება რატომ სურდა - ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საკუთარი დისშვილების ძიძად გაგასაღა. კატია, ვერ ხვდები, რომ ამ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე და არა შენ? თუ უფლებას მომცემ, ამ ამბავს გავახმაურებ და მორჩა, არჩევნებში დამარცხება გარანტირებული ექნება!
- არა! ამას ნუ იზამ, გთხოვ! არ გაბედო, რობი! - კატია შეაძრწუნა მამაკაცის ნათქვამმა, - მე მას სიტყვა მივეცი, რომ ამ საიდუმლოს არ გავამჟღავნებდი. რომ გაიგოს, რაც ჩავიდინე, არ მაპატიებს… ძალიან გთხოვ, არ გამცე, გემუდარები. დამპირდი, რომ ამ ამბავს არავის ეტყვი.
მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- თუ ასე გინდა, შეგიძლია მენდო. თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომას უშვებ, მაგრამ შენს გრძნობებს პატივს ვცემ, ამიტომ არავისთან სიტყვა არ დამცდება.
- არ გთხოვ ჩემი გრძნობების პატივისცემას. გთხოვ, მე გამიგო. ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან. არ შეიძლება ანდრიას დადანაშაულება იმაში, რომ ჩემდამი სიყვარული გაუნელდა. ბოლოს და ბოლოს, ლოდინით დაიღალა, არ მოელოდა, თუ გამოვჩნდებოდი.
- ოღონდ მის გამართლებას ნუ დაიწყებ, რა, - რობიმ მკვეთრად გააწყვეტინა, - მე შენ სიტყვა მოგეცი და შევასრულებ… დიანამ იცის ეს ამბავი?
- იცის.
- აი, თურმე რატომ მთხოვდა, შენთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ისიც ორაზროვან სიტუაციაში აღმოჩნდა.
- მაგრამ ეს ხომ დროებითია. არჩევნების შემდეგ ყველა ფორმალური საკითხი მოგვარდება და ანდრია თავისუფალი გახდება. მერე აღარ შეეშლებათ ხელი დაქორწინებაში.
- მიკვირს, შენ და დიანა მას გამუდმებით რომ იცავთ. - უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა რობიმ.
- შენ რას გააკეთებდი მის ადგილას? მასაც ისევე უნდა გამარჯვება ამ არჩევნებში, როგორც შენ. ამიტომ ეშინოდა, შენ ეს ამბავი არ გაგეგო. დარწმუნებული იყო, რომ ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდი.
- არ ვიცი. პირადად მე ვერასდროს მოვიქცეოდი ისე, როგორც ის მოგექცა, -შეფიქრიანებულმა წარმოთქვა, - და არავითარ შემთხვევაში არ დავნიშნავდი სხვას, სანამ იურიდიულად არ გავაფორმებდი განქორწინებას.
- ეგ ყველაფერი მხოლოდ წვრილმანია. არჩევნების შემდეგ იგი ამ ფორმალობებს მოაგვარებს და დამთავრდება.
- მერე პრინცი და პრინცესა ოჯახს შექმნიან და სიკვდილამდე ბედნიერად იცხოვრებენ, არა?
- ჰო, - ძლივს ამოთქვა კატიამ, - თუმცა დიანა ზედმეტად თავდაჭერილი მეჩვენება. ალბათ ძალიან უყვარს ანდრია.
- ვითომ?
- შენ ასე არ ფიქრობ?
- არ ვიცი. ჩემთვის ძნელია დიანას გრძნობებზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა - თავდაჭერილი სულაც არ არის. - მამაკაცი წამოდგა, - დალევ რამეს? შენი არ ვიცი, მაგრამ მე დალევა მომინდა.
ქალმა უარის ნიშნად თავი გადააქნია და ფიქრებში ჩაიძირა. "ყოველ ჯერზე, როცა დიანაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, რობი იძაბება. იქნებ დიანაც მტრად მიაჩნია, რადგან ანდრიას საცოლეა? მაგრამ ეს რატომ უნდა იყოს გაღიზიანების მიზეზი? ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ცოლი ქმრის მხარეს იჭერს. მაგრამ დიანამ რატომ აუკრძალა რობის ჩემთან შეხვედრა? მაგას ვინ ეკითხება? იქნებ სხვა რაღაც ხდება და მე ვერ ვხვდები? იქნებ რობისთან ძველი ურთიერთობაა ამ ამბის თავიდათავი? წარსულმა გრძნობამ ხომ არ გაიღვიძა მათში?"
რაც უფრო უღრმავდებოდა ამ საკითხს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მართალი იყო. დიანა ბრაზობდა რობიზე, ის კი ანდრიაზე ეჭვიანობდა…
რობი მაგიდას ლუდის კათხით ხელში დაუბრუნდა. მან რამდენიმე ყლუპი მოსვა და ქალს გაუღიმა, მაგრამ თვალები ძველებურად სევდით ავსებოდა. კატია ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა.
- ასე რატომ მიყურებ? - შეეკითხა მამაკაცი, - გეშინია, შენი საიდუმლო არ გავთქვა? დაივიწყე, ნუღარ იფიქრებ ამაზე. მე ხომ შეგპირდი. არ დაგაღალატებ.
- არა, ეგ საერთოდ არ გამხსენებია, ამწუთას შენსა და დიანაზე ვფიქრობდი.
მამაკაცს კათხა ხელში გაუშეშდა. ერთხანს ასე უძრავად იდგა, მერე ხელი ნელა დაუშვა და კათხა მაგიდაზე დადგა.
- საინტერესოა, რას ფიქრობდი ჩვენზე?
კატიამ არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მიახალა:
- რატომღაც, მგონია, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ.
- ღმერთო ჩემო! რას სისულელეა! სისულელე! სისულელე! ეს იმდენად აბსურდია, რომ უარყოფასაც არ დავიწყებ.
- არც არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ არ ვცდები.
- ქალები მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობთ, ამიტომაც ყველგან გრძნობები გელანდებათ. -გაიხუმრა რობიმ.
- იცი? როცა მამაკაცს ქალი უყვარს, მის გონებაში რაღაც განსაკუთრებული ჩნდება და როცა ქალის სახელს წარმოთქვამს, ეს განსაკუთრებული ეგრევე იჩენს თავს. სულერთია, აღიარებ თუ არა, ზუსტად ვიცი, რომ გიყვარს. შენ ვერ ამჩნევ, როგორ წარმოთქვამ მის სახელს.
ამ დროს მათ ზურგს უკან კარი გაიღო და მათკენ ვიღაც ჭაღარაშერეული მამაკაცი გამოემართა. კატიმ იცნო იგი - რობის თანაპარტიელი იყო, მისი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე.
რობიმ ქალს ნიკო წარუდგინა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ნიკო მაგიდას მიუჯდა და მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ენა არ გაუჩერებია. ჰყვებოდა მიტინგებზე, სირთულეებზე, რომლებიც მათ წინ ელოდათ და ათას სხვა წვრილმანსა თუ მსხვილმანზე. კატიამ ამით ისარგებლა და შინ წავალო, გამოაცხადა. სულაც არ სურდა, რობის საარჩევნო პრობლემები მოესმინა.
- მოიცა, მიგიყვან სახლამდე. - მამაკაცი ქალს აედევნა.
- არ მინდა, ახლა შენ ჩემთვის არ გცალია.
- შენთვის მე ყოველთვის მცალია, ნუ მეწინააღმდეგები! - მკაცრად გააწყვეტინა მამაკაცმა და მანქანის კარი გამოაღო.
სახლამდე ისე მიაღწიეს, ხმა არც ერთს არ ამოუღია.
- რატომ ხარ ჩუმად? აქაურობა მოსაწყენია შენთვის, არა? - შეეკითხა მამაკაცი.
- არა. ის დრო მენატრება, როცა ბედნიერი ვიყავი. აქ თავს ცუდად არ ვგრძნობ და არც არანაირი მიზეზი მაქვს, მოწყენილი ვიყო. დიდი მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის. -დაემშვიდობა მამაკაცს და მანქანიდან გადმოვიდა.
გულდამძიმებული შევიდა სახლში. მართალია, რობი შეჰპირდა, არავის არაფერს ვეტყვიო, მაგრამ მაინც ეშინოდა, მამაკაცს პირობა არ დაერღვია.
რობის კი სხვა საფიქრალი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდრია მისი კონკურენტი იყო, მაინც პატივს სცემდა, მაგრამ ახლა ისე ეჯავრებოდა, ადგილს ვერ პოულობდა. როგორ შეეძლო ასე მოჰქცეოდა ქალს, რომელიც ერთ დროს უყვარდა და ცოლად ჰყავდა? მისთვის ეს წარმოუდეგენელი იყო. ან კი დიანას როგორ შეეძლო, ჰყვარებოდა ასეთი მამაკაცი? ამას ორპირობა ერქვა, სხვა არაფერი. რა გარანტია ჰქონდა დიანას, რომ ანდრია ბოლომდე უერთგულებდა? რატომღაც, მათი ურთიერთობა ანგარებაზე დაფუძნებულად ეჩვენებოდა, მაგრამ თვითონ რატომ აწუხებდა ეს ასე ძალიან? ნუთუ დღემდე უყვარდა დიანა? ნუთუ ვერ შეძლო მისი დავიწყება? ახლაღა გაიაზრა კატიას ნათქვამი, თქვენ ერთმანეთი გიყვართო. არა, ეს მართლა სისულელეა. მას არ უყვარს დიანა ისევე, როგორც დიკას არ უყვარს იგი. მისნაირი ძალად არისტოკრატები გულზე დიდი ხანია, არ ეხატება.
რობიმ მანქანის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და სახლში შევიდა…
საღამო ხანი იყო. ანდრია შტაბიდან დაღლილი დაბრუნდა. ოთახში შესულს მისი კაბინეტიდან გამომავალი დიანა შეეფეთა. ქალი გააოცა მამაკაცის არეულმა სახემ.
- რამე მოხდა, ანდრია? - შეშფოთდა დიკა.
- მოხდა, ხო, მოხდა! უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ კატია ჩემი ცოლია!
- რა? - დიანას საარჩევნო ბუკლეტები ხელიდან გაუცვივდა და მექანიკურად დაიწყო იატაკიდან მათი აკრეფა, - მაგრამ ვის შეეძლო ამის გავრცელება?
- შენ როგორ გგონია? - ბობოქრობდა ანდრია, - რა თქმა უნდა, იმ ვაჟბატონის ნამოქმედარია!
- არა მგონია, კატიას მისთვის რამე ეთქვა.
- მას უყვარს რობი, გესმის? მაგიტომაც უთხრა.
- რა უნდა ქნა? - დიანამ ბუკლეტებს თავი მოუყარა და ფეხზე წამოდგა.
- რა უნდა ვქნა? უარყოფას ხომ არ დავიწყებ? კაცი არ ვიყო, თუ სახლიდან არ გავაგდო! ამის შემდეგ მას აქ არ გავაჩერებ, აიკრას გუდა-ნაბადი და საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, მორჩა!
- ახლა თუ სახლიდან გააგდებ, უარესი იქნება შენთვის.
- აბა, როგორ მოვიქცე? ხელი ჩავკიდო და ჩემს ამომრჩევლებს გავაცნო?
- ცუდი აზრი არ იქნება. - შემპარავად წარმოთქვა ქალმა და თვალები დახარა.
ანდრიას თავზარი დასცა საცოლის სიტყვებმა - არ მოელოდა, დიანა ასე მშვიდად თუ დათანხმდებოდა.
- როგორ? შენი აზრით, კატია კანონიერ ცოლად უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ შენზე ვარ დანიშნული?
- სხვა არჩევანი არ გაქვს. - მშვიდად მიუგო ქალმა.
- და შენ?
- მე? რა მე? დროებით დავივიწყოთ, რომ დანიშნულები ვართ. შექმნილ სიტუაციაში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
ანდრიამ გამომცდელი მზერა მიაპყრო საცოლეს. ახლა უფრო მეტი პატივისცემით განიმსჭვალა მის მიმართ, ვიდრე აქამდე. უფრო მეტიც, მისმა საქციელმა აღაფრთოვანა.
- ბოლო კვირების განმავლობაში შენ მე უდიდესი დახმარება გამიწიე, გვერდიდან არ მომშორებიხარ. მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი მსხვერპლის გაღება თუ შეგეძლო. ჯანდაბას! ალბათ მივახრჩობ კატიას!
- ჰოდა, კიდევაც გაიმარჯვებს რობი არჩევნებში. სინით მიერთმევა გამარჯვება და ის იქნება, - გაიღიმა დიკამ, - საერთოდ, ჩვენი ნიშნობა მაშინვე უნდა გაგვეუქმებინა, როგორც კი კატია ჩამოვიდა. ეს იქნებოდა ყველაზე მართებული ნაბიჯი.
- ასე რატომ ლაპარაკობ? იმიტომ, რომ ჩემი კარიერა გაღელვებს თუ იმიტომ, რომ აღარ გიყვარვარ?
დიკას პასუხი კარგა ხანს არ გაუცია. ანდრიას შეამცივნა. იგი ქალს მიუახლოვდა, მხრებზე ხელები შემოაწყო და თვალებში ჩახედა:
- დიკა, არ გიყვარვარ? ვიცი, რომ კარგი საქმრო არ ვიყავი, ბევრი რამ დაგაკელი, მაგრამ…
- არც მე ვყოფილვარ დიდად მოსიყვარულე საცოლე, შენც იცი, - მოუჭრა ქალმა, - ხოლო რაც შეეხება ჩემს გრძნობებს… არ ვიცი, ანდრია. ადრე ჩვენ ხომ სიყვარულზე არასდროს გვისაუბრია. ჩვენ დავინიშნეთ იმიტომ, რომ ორივეს გვინდოდა ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, მაგრამ აბა, გულზე ხელი დაიდე და გულწრფელად მითხარი, განა ისე ძლიერად გიყვარვარ, როგორც თავის დროზე კატია გიყვარდა?
ანდრია შეცბა. მაშინვე ხელი უშვა ქალს, შეტრიალდა და ფანჯარას მიუახლოვდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა საჭირო სიტყვების საპოვნელად.
- ვერასდროს შევძლებს სხვა ქალი ისე შევიყვარო, როგორც კატია მიყვარდა. უბრალოდ, ვერ შევძლებ, ასეთი რამ მეორედ გამოვცადო. ეს ჩემს ძალებს აღემატება.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს ადამიანი თავად წყვეტდეს, ვინ შეიყვაროს და ვინ არა.
- კი, ამაში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო ძნელია, მოთოკო საკუთარი ემოციები და ლტოლვა, მაგრამ ასაკთან ერთად გული უფრო ხისტი ხდება და გრძნობების გაკონტროლება ბევრად ეადვილება. მაპატიე, ასე რომ ვამბობ, უსამართლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, სხვანაირად მელაპარაკა. არ მინდა, ისეთ რამეს მოელოდე ჩემთან დაქორწინებით, რისი მოცემაც არ შემიძლია. მოწმენდილ ცას და ვარდისფერ ღრუბლებს ვერ შეგპირდები.
- რატომ ადრე არ მითხარი ეს, სანამ დამნიშნავდი?
- იმიტომ, რომ მეგონა, ჩემგან არ მოითხოვდი ზედმეტად ნაზ გრძნობებს. თვითონაც საკმაოდ გულგრილი იყავი ჩემდამი. ახლა კი ამაში დარწმუნებული არ ვარ.
- გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ სხვების დასანახავად უნდა შეგვექმნა ბედნიერი ოჯახი, არა? ყოველგვარი გრძნობის გარეშე, უბრალოდ, თვალის ასახვევად… ესე იგი, შენთან დაქორწინებით მხოლოდ თავსხმა წვიმა და მოქუფრული ცა მელოდება? - ხუმრობით დაასრულა დიანამ.
ანდრიას გაუკვირდა, ქალი ხუმრობის ხასიათზე რომ დადგა, მაგრამ ახლა მათი ურთიერთობის გარჩევა სულაც არ სურდა. მთავარი ის იყო, რომ მას მართლა არ უყვარდა დიანა ისე, როგორც უნდა ჰყვარებოდა.
- არ გამტყუნებ, ანდრია. არც მიცდია, ისე შეგყვარებოდი, როგორც შენი ცოლი გიყვარდა. სიმართლე გითხრა, არც მე ვგიჟდები შენზე. ისედაც, დიდად არ მჯერა სიყვარულით შექმნილი ოჯახის. არ მჯერა იმ სიყვარულის, რომელიც სხვა ყველაფერს გადაფარავს. ჩვენ შეგვიძლია იდილიური ოჯახი შევქმნათ, ყოველგვარი ღრმა გრძნობების გარეშე, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული და არ მსურს, ბობოქარმა ვნებებმა ჩემი ცხოვრების დინება გაანადგუროს. ეს სულაც არ არის აუცილებელი მშვიდი ოჯახური ატმოსფეროს შესაქმნელად.
- ასე რისი გეშინია? ბობოქარ ვნებებსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა.
- ამის გარეშეც მშვენივრად ცხოვრობ, როგორც ვხედავ.
- იმიტომ, რომ ერთხელ უკვე განვიცადე იმედგაცრუება.
- იქნებ მეც სწორედ მაგის მეშინია?
- მაშინ გამოდის, რომ შენ ცხოვრების გეშინია.
- მოდი, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა აჯობებს, კატიას დაელაპარაკო.
სწორედ ამ დროს ორივემ შეამჩნია კიბეზე ჩამომავალი კატია.
- აი, ისიც, - წამოიძახა ანდრიამ ყინულივით ცივი ტონით, - შენ მოსაძებნად მოვდიოდი. ალბათ იცი, რაც მოხდა, არა? შენს სიტყვას ფასი არ ჰქონია. ისე შეგიყვარდა რობი ნონიაშვილი, რომ მის გამო ჩვენი პირობა დაარღვიე?
კატია გაფითრდა. ერთხანს გაოცებული მისჩერებოდა ხან ანდრიას, ხანაც დიანას.
- მე… მე პირობა არ დამირღვევია. მან შემთხვევით გაიგო ჩვენი ამბავი… მაგრამ შემპირდა, არავის არაფერს ვეტყვიო.
- ჰო-ო? იმიტომაც გაიგო მთელმა სოფელმა ჩვენ შესახებ?
- არ მჯერა, რომ რობის ამის გაკეთება შეეძლო, - საუბარში დიანა ჩაერია.
- შენც ამათ მხარეს ხარ, არა? - იყვირა მამაკაცმა და მრისხანე მზერა შეავლო საცოლეს.
- არა, მათ მხარეს არ ვარ, - დიანას სახე წამოუწითლდა, მაგრამ უკანდახევა არც უფიქრია, -სანამ პოლიტიკა კონკურენტებად გაქცევდათ, შენ და რობი მეგობრები იყავით. ამიტომ უნდა იცოდე, რომ რობი შენ წინააღმდეგ არასდროს წავა.
- ფეხებზე მკიდია, ადრე რა იყო! მე ის მაღელვებს, ახლა რაც ხდება. მან გაიგო, კატია რომ ჩემი ცოლია და ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოსდო!
- ტყუილია! - იყვირა კატიამ, კიბე მთელი სისწრაფით ჩაირბინა და კარისკენ გავარდა.
- მოიცადე, სად მიდიხარ, მე ჯერ არ დამიმთავრებია! - მიაძახა ანდრიამ.
- რობი უნდა ვნახო.
- არ გაბედო მასთან მისვლა, გესმის? არ გაბედო!
მაგრამ კატია აღარ უსმენდა. იმის შიშით, ანდრია უკან არ გამომეკიდოსო, თავქუდმოგლეჯილმა გადაირბინა ეზო და ჭიშკარში გასული ქუჩას სირბილით დაუყვა.
რობი შინ დახვდა. აჭარხლებულმა ქოშინით შეაღო სახლის კარი და დივანზე მიწოლილ მამაკაცს თავზე დაადგა. რობიმ შეხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა.
- უკვე ყველაფერი იცი, არა? - მამაკაცი წამოჯდა და თმაზე ხელი გადაისვა.
- ვიცი, ხო, ვიცი! რატომ გააკეთე ეს? შენ მე სიტყვა მომეცი.
- მაპატიე, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. ეს ამბავი ნიკომ მოსდო ქვეყანას და არა მე. გახსოვს, შენ რომ თქვი, კარი გაჯახუნდაო? თურმე გაიგონა, როგორ მიყვებოდი შენს ამბავს და ჩუმად მოისმინა.
- აი, თურმე რა ყოფილა! ალბათ, ბოდიში უნდა მოგიხადო, შენ რომ დაგადანაშაულე, - მოლბა კატია და აცრემლებული თვალები დახარა…
რობიმ ღრმად ამოიხვნეშა და რბილად წარმოთქვა:
- არა უშავს, ყველაფერი მესმის. არ გამტყუნებ, შენს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.
- დიანას გარდა, - მიუგო კატიამ.
მამაკაცმა კოპები შეიკრა, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი სიტყვები არ გაუგონია.
ქალი დივანზე ჩამოჯდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ დარჩენილიყო, უბრალოდ, ნერვიულობისგან ფეხები ეკეცებოდა.
- რას ილაპარაკებენ აწი ჩემსა და ანდრიაზე? - უმწეო ხმით იკითხა.
- კარგს რომ არაფერს, ფაქტია. ახლა უკვე ყველამ იცის, ვინ ხარ და ისიც, რომ ანდრიამ მიგატოვა.
- მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, - დაიცვა ქალმა ყოფილი ქმარი, - ის სამუშაოდ ინგლისში გაგზავნეს, მე კი მასთან ერთად წასვლა ვერ შევძელი. მას სულაც არ უნდოდა ჩემი მიტოვება.
- ჩემთან არ გჭირდება მისი დაცვა. შენ, უბრალოდ, მკითხე, რას ილაპარაკებენო და მეც პასუხი გაგეცი. ღვარძლიან ადამიანებს რა გამოლევს ქვეყანაზე. ნიკო დიდი ხანია, ანდრიაზე კბილებს ილესავს და აი, შანსიც გამოუჩნდა, რომ შური ეძია. ისე, სისულელე იყო შენი ვინაობის დამალვა და უარესი - ვითომ ძიძად რომ "მოგნათლეს".
კატია ხვდებოდა, რობი მართალი რომ იყო, ამიტომ შეპასუხება არც უცდია. მამაკაცი გვერდით მიუჩოჩდა და თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო.
- ცოტა ხანიც და ეს ყველაფერი ღამის კოშმარივით დაგავიწყდება. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, კატია. ახალგაზრდული შეცდომის გამო მომავალს ხომ არ დაინგრევ. რაც იყო, იყო.
- მაგრამ ეს შეცდომა არ ყოფილა, რობი. მე სიყვარულით გავთხოვდი, ამაშია საქმე. არ ვიცი, შეიძლება ის ნანობს ამას, მაგრამ არა მე.
- ოხ, ქალებს რას გაუგებ! - კვლავ ამოიხვნეშა მამაკაცმა. - დალევ რამეს?
- არა, უნდა წავიდე, - კატია ფეხზე წამოდგა.
- მაშინ სახლამდე მიგაცილებ, - რობიმ თვალებით მანქანის გასაღებს დაუწყო ძებნა, მაგრამ როცა ქალისგან ცივი უარი მიიღო, იგი მხოლოდ ჭიშკრამდე მიაცილა.
- ალბათ, ასე რომ მოგექცა, უკვე ვეღარ იტან ანდრიას, არა?
- წესით, ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ შევძელი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს.
- მერედა, რას აპირებ?
- იმას გავაკეთებ, რასაც თვითონ მოისურვებს, - გაწელილად წარმოთქვა კატიამ, - ვალში ვარ მასთან, განსაკუთრებით, დღეიდან.
- არანაირ ვალში არ ხარ. ასე ნუ დააპროგორამებ შენს თავს, ძალიან გთხოვ. თუ საკუთარ თავს ადანაშააულებ იმაში, რაც მოხდა, აჯობებს, ჩაალაგო შენი ბარგი და აქედან წახვიდე, ან, სულაც, ჩვენთან გადმოხვიდე, სიამოვნებით მიგიღებთ მთელი ოჯახი. შეგიძლია იმდენ ხანს დარჩე, რამდენ ხანსაც მოგესურვება.
კატიამ ტანჯულად გაიღიმა:
- მაშინ ანდრია ნამდვილად შემიძულებს.
<div></div>
<div></div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>