როგორც კი დილის მზემ თვალებში შეუჭყიტინა, კატიას გაეღვიძა. იმწუთასვე გაახსენდა წუხანდელი მოვლენები და სწრაფად წამოხტა. ხალათი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა და დაბლა ჩავიდა, რათა დიანასთან დაერეკა. დიკას მობილური გამორთული იყო. სხვა გზა არ იყო, მასთან სახლში უნდა დაერეკა. ყურმილი მოსამსახურემ აიღო და კატიამ მისგან გაიგო, რომ დიანა ღამით შინ არ მოსულა.
- ბატონი მირიანი ადგილს ვერ პოულობს, ისე ნერვიულობს, - შესჩივლა მოსამსახურემ.
- პოლიციას არ შეატყობინეთ? - შეშფოთდა კატია.
- არა. ბატონმა მირიანმა არ ისურვა. მე ვიცნობ ჩემს შვილს, დამშვიდდება და დაბრუნდებაო, ასე თქვა.
კატიამ ყურმილი დაკიდა. ცოტა არ იყოს, ანერვიულდა. სად უნდა წასულიყო? ადრე ასე არასდროს მოქცეულაო, მამამისმა. ვაითუ, რამე შეემთხვა? ნეტავ ვისთან დაქალობს, სად შეიძლება მისი მოძებნა? უცებ რობი მოაგონდა. იქნებ მასთან გაიქცა? სოფლის კვალობაზე ასეთი საქციელი მთლად მიღებული არ იყო, მაგრამ რახან მამას ეჩხუბა, გამორიცხული არ იყო, ეს ჯიბრზე გაეკეთებინა.
ქალი ჰოლში გავიდა და მოულოდნელად ადგილზე გაქვავდა. სასადილო ოთახიდან ანდრია გამოდიოდა. მის დანახვაზე მამაკაციც შედგა და ცოლს გაოგნებული მიაჩერდა. ასე ხალვათად ჩაცმული კატია პირველად დაინახა. მას მხოლოდ ხალათი ეცვა, რომელიც გადაღეღოდა.
- ო, კარგ დროს კი ჩამოხვედი. მოდი, ერთად ვისაუზმოთ, სანამ სხვებსაც გაღვიძებიათ, -დაპატიჟა მამაკაცმა და თვალი აარიდა.
- არა, მადლობა. სასაუზმოდ არ ჩამოვსულვარ. რობისთან მინდოდა დამერეკა.
- რობისთან? - სახე შეეცვალა ქმარს, - რატომ?
- შეიძლება დიანა მასთანაა. წუხელ სახლში არ დაბრუნებულა თურმე. - თქვა ეს და ენაზე იკბინა. აქამდე არასდროს ულაპარაკია ანდრიასთან დიანასა და რობის ურთიერთობის შესახებ. გარდა ამისა, ანდრიას შეიძლებოდა ეფიქრა, რომ კატია მის პროვოცირებას ცდილობდა მათი ერთად ხსენებით, რათა დიანა, როგორც მეტოქე, გზიდან ჩამოეცილებინა.
- კი მაგრამ, დიკას რობისთან რა საქმე აქვს? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ერთმანეთი უყვართ? - მამაკაცმა გამჭოლი მზერა ესროლა.
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რობის უყვარს დიანა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრძნობა ორმხრივია.
- ეს დიკამ გითხრა?
- არა, მას არაფერი უთქვამს, მაგრამ… უბრალოდ… მე მგონი, დიანა თავის თავს ებრძვის, რათა გრძნობები დამალოს. ამიტომაც გადავწყვიტე დარეკვა.
ანდრიას ყელთან ძარღვი აუტოკდა.
- თუკი დიკა ასე გულმოდგინედ ცდილობს თავისი გულისნადების დამალვას, ვფიქრობ, შენც უნდა გამოიჩინო ტაქტი, - ცივად შენიშნა მამაკაცმა, - რობისთან რომ ყოფილიყო და შენთვის ეს ამბავი შეეტყობინებინა, თვითონ დაგირეკავდა!
- აბა, რა ვქნა?
- არაფერი… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით…. ახლა ვისაუზმოთ, მერე კი გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. - ამ სიტყვებით ანდრია ქალს მიუახლოვდა, ხელი მხარზე დაადო და ოდნავ მოუჭირა.
აბრეშუმის ხალათში ანდრიას ხელის სითბომ გაატანა და ქალს შეაჟრჟოლა. როგორ მოუნდა, მიყრდნობოდა მის მკერდს და ჩახუტებოდა. ამის ნაცვლად ქალმა მკვეთრად დაიხია უკან და სასადილო ოთახში შევარდა.
ანდრია მაგიდას მიუჯდა, პური დაჭრა, ორი ნაჭერი აიღო, კარაქი გადაუსვა და კატიას თეფშზე დაუდო.
- ჭამე, - მზრუნველად წარმოთქვა, - მანამ მე ყავას მოგიმზადებ… დიდი ხანია, ეს ამბავი იცი?
- რა ამბავი? - კატიამ პური ჩაკბიჩა.
- რომ მათ… ერთმანეთი უყვართ?
- კარგა ხანია, ვეჭვობ. დიანა გაიძახის, არ მიყვარსო, მაგრამ რობი ამას წინათ გამომიტყდა.
ანდრიამ ყურადღებით შეხედა ქალს და სევდანარევი ხმით თქვა:
- როგორ არ გიმართლებს სიყვარულში, არა? ამჯერადაც…
- მე რობი არასდროს მყვარებია, - გააწყვეტინა კატიამ, - არასდროს. ის, უბრალოდ, ჩემი მეგობარია და მეტი არაფერი.
აშკარა იყო, ანდრიამ მისი არ დაიჯერა. ამაზე მისი ჩაცინებაც მიანიშნებდა. კატია იძულებული გახდა, თავი დაეცვა:
- მე ჯერ არ ვარ მზად, სხვას ცოლად გავყვე. და ასეც რომ იყოს, არასდროს გავყვები მამაკაცს, რომელსაც შენ იცნობ. არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ვინმემ გამახსენოს!
ანდრიას სახეზე სისხლი მოაწვა და კატია მიხვდა, რომ მისი დარწმუნება შეძლო იმაში, რომ რობი არც არასდროს ჰყვარებია და ვერც შეიყვარებდა. ამავდროულად, ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მას არც ანდრიას მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული გრძნობა. იგი კატიასთვის უკვე აღარ არსებობდა.
- კარგი… ისევ დიკას დავუბრუნდეთ, - გაწონასწორებული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, - თუკი მას რობი უყვარს, როგორც ამას შენ ამტკიცებ, შეიძლება რამდენიმე დღით სადმე გაემგზავრა, რათა ყველაფერი აწონ-დაწონოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
ანდრიას ნათქვამმა კატია ცოტათი დაამშვიდა, მაგრამ შუადღისას, როცა ანდრია დათოსთან ერთად თავის საქმეებზე წავიდა, დილანდელი შიში დაუბრუნდა. თქმა არ უნდა, რომ დიანა გონიერი გოგოა, მაგრამ თუ ქალს უყვარს, თანაც მთელი არსებით, მაგრამ სიყვარულზე სიყვარულით არ პასუხობენ, შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინოს. მან ხომ თქვა, რობის ჩემთვის სიყვარული არასდროს აუხსნიაო? ის იყო, ყურმილი აიღო და რობისთან დარეკვა დააპირა, რომ უცებ გადაიფიქრა. აჯობებს, პირდაპირ სახლში მივიდეს რობისთან და ადგილზე გაარკვიოს, გაათენა თუ არა დიანამ ეს ღამე მასთან…
კატიამ მთელი გზა რობის სახლამდე სირბილით გაიარა და როცა ჭიშკარს მიადგა, მხოლოდ მაშინ შეჩერდა სულის მოსათქმელად. არ უნდოდა, მამაკაცს აქოშინებული და გაწეწილი შეხვედროდა. ჭიშკარი უხმაუროდ შეაღო და შედგა, მიაყურადა. კარს იქით ლაპარაკის ხმები ისმოდა. ჯერ შეყოყმანდა, მერე კი ჩქარი ნაბიჯებით პარმაღზე ავიდა და სასწრაფოდ დააკაკუნა.
კარი თვითონ რობიმ გააღო. კატიას მამაკაცი შეშფოთებული მოეჩვენა, თუმცა რა გასაკვირი იყო - რაც ანდრიას ოფიციალურ ცოლად გამოცხადდა, მას შემდეგ აქ ფეხი არ დაუდგამს. რობი თავიდან დაიბნა, მაგრამ მსწრაფლ მოეგო გონს და გაიღიმა.
- რა მოულოდნელი სიურპრიზია. ეს რა, ელიტური ვიზიტია?
- ჰო, - ქალი ნახევრად ჩურჩულით ლაპარაკობდა, - შეიძლება შემოვიდე?
- რა თქმა უნდა.
მამაკაცი სასტუმრო ოთახში შეუძღვა, მაგრამ კატიამ მკლავში ხელი ჩაავლო და გააჩერა:
- შენთან ცალკე მინდა საუბარი.
რობიმ უხმოდ დაუქნია თავი და გვერდითა ოთახისკენ ხელით ანიშნა.
- ასეც მივხვდი. რამე მოხდა? - და როგორც კი პატარა ოთახში შევიდნენ, დოინჯშემოყრილი ქალისკენ შეტრიალდა, - მიდი, მოყევი, რა მოხდა.
კატიას არ უნდოდა პირდაპირ ეკითხა მისთვის, აქ იყო თუ არა დიანა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა. რობი კი აჩქარებდა:
- მოყევი, რას ელოდები? შენ ისე არ მოხვიდოდი აქ. თქვი, რა მოხდა?
- საქმე დიკას ეხება, - ჩქარ-ჩქარა ამოთქვა კატიამ, - აქაა?
საუკეთესო მსახიობიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ შეძლებდა რობი ისეთი გულწრფელი გაოცების გამოხატვას, სახეზე რომ აღებეჭდა. კატიას სწორედ ამის ეშინოდა.
- აქ რატომ უნდა იყოს? - გაიოცა რობიმ, - ეს რა, მორიგი მახეა შენი და ჩემი…
- არა, არა მე არაფერ შუაში ვარ. დიანა დაიკარგა.
- რას ნიშნავს, დაიკარგა? - მამაკაცი გაფითრდა.
- სახლიდან წავიდა. წუხელ მამამისთან იჩხუბა და გაიქცა. მას მერე არავინ არ იცის, სადაა.
- და რატომ გეგონა, რომ აქ მოვიდოდა?
- იმიტომ, რომ შენ გამო იჩხუბა.
- მორჩი რა. - რობი სიბრაზემ მოიცვა, - სულ რაღაცას იგონებ…
- არა, არ ვიგონებ! ეს სიმართლეა! თვითონ მირიანმა მითხრა, როცა მათთან მივედი.
მამაკაცი ბოლთის ცემას მოჰყვა, თუმცა ოთახი იმდენად პატარა იყო, რომ ესეც ვერ მოახერხა და შედგა.
- დარწმუნებული ხარ, რომ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის?
- სრულიად! მამამისმა პოლიციას არ შეატყობინა, ჩემზე გაბრაზებულია, დაწყნარდება და დაბრუნდებაო.
- რა თვითკმაყოფილი კაცია! ნეტავ რას ფიქრობს საერთოდ? საკუთარი თავის გარდა ვინმე ანაღვლებს?
კატია მიხვდა, რომ ამწუთას დიანას მამა უნდა დაეცვა.
- მე მგონი, მირიანი მართალია.
- და რომ არ იყოს მართალი? რომ ცდებოდეს? მე თვითონ წავალ მასთან. თუ არ შეატყობინებს პოლიციას დიკას გაუჩინარების შესახებ, მე თვითონ დავრეკავ და გამოვიძახებ.
- გინდა შენთან ერთად წამოვიდე?
- არა. შენთვის აჯობებს, ამ საქმეში არ ჩაერიო.
მან კატია ანდრიას სახლთან ჩამოსვა, თვითონ კი გზა გააგრძელა.
რობიმ დაუკაკუნებლად შეაღო დიანას სახლის კარი. მირიანი მაგიდასთან თავჩაქინდრული იჯდა, ცალი ხელით თავის ტროსს დაჰყრდნობოდა.
- რისთვის მოხვედით? აგიტაცია უნდა ჩამიტაროთ, რათა ხმა თქვენ მოგცეთ? - ირონიულად შეეკითხა მოხუცი.
- დიანას გამო მოვედი. მისი გაუჩინარება მადარდებს.
- აჰ, თურმე რა ყოფილა! მითხარით, გეთაყვა! ვინ მოგცათ უფლება, ჩემს შვილზე ინერვიულოთ?
- ეს გახლავთ უფლება მამაკაცისა, რომელსაც მისი ბედი აღელვებს… მითხრეს, რომ ღამე შინ არ გაუთენებია.
- ეს ალბათ იმ რუსმა გოგომ გითხრათ, არა?
რობის ყბა აუკანკალდა, მაგრამ შეეცადა, მოთმინება არ დაეკარგა.
- ვფიქრობ, პოლიციას უნდა აცნობოთ მისი გაუჩინარების ამბავი.
- და თუ უარს ვიტყვი?
- მაშინ მე თვითონ შევატყობინებ.
- ოჰ… თვითონ შეატყობინებს… ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ყმაწვილო! - იყვირა მირიანმა, -როგორ ბედავთ ჩემს სახლში შემოჭრას და ულტიმატუმის წამოყენებას? რა უფლებით იჭრებით ჩემი ოჯახის საქმეებში? ახლავე დატოვეთ აქაურობა!
- სიმართლე გითხრათ, თქვენგან სხვას არც არაფერს მოველოდი. თქვენ მხოლოდ ის გაწუხებთ, ამ ამბავზე სხვები რას იტყვიან, თორემ დიანა მკვდარია თუ ცოცხალი, ამისთვის მიგიფურთხებიათ!
მოხუცს სახეზე სისხლმა აასხა. თვალები ისე გადმოეკარკლა, გეგონებოდათ, გულმა უმტყუნაო, თუმცა მალევე მოეგო გონს, სკამი, რომელზეც იჯდა, ტროსით გვერდზე გაახრიგინა, თვითონ კი მთელი ტანით წამოიმართა.
- ახლავე გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! აქ ვიგინდარების ადგილი არ არის! - დაიქუხა მირიანმა და ტროსი მთელი ძალით დაჰკრა იატაკს.
- მამა!
საჩხუბრად შემართული ორივე მამაკაცი ერთდროულად მიტრიალდა კარისკენ. იქ დიანა იდგა.
- სად დაეთრევი შენ, ა? - უყვირა მოხუცმა ქალიშვილს და მხრებში მოიკუნტა, მაგრამ დიანას მამის რისხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იგი რობის მიუბრუნდა:
- რა საქმე გაქვს მამაჩემთან? რატომ ეკამათები?
რობი გაოგნებული მისჩერებოდა გოგონას, ხმას კი არ იღებდა.
- ვერ გაიგე, რა გკითხე? - დიკას ხმა გაუცივდა.
- სად იყავი? ცოცხალი არ მეგონე… - ძლივს ამოთქვა რობიმ. - ყველაფერი რიგზეა? ხომ კარგად ხარ?
- კარგად ვარ. მაგრამ მინდა გავიგო, აქ რა ხდება!
დიანა დაუჯერებელი სიმშვიდით ლაპარაკობდა, თითქოს ეს-ესაა, გაისეირნა და შინ დაბრუნდაო.
- არაფერი არ ხდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კატია შენზე ნერვიულობით გონზე არ არის. ეგონა, რაღაც საშინელება შეგემთხვა. ამიტომაც მოვედი მამაშენთან. მინდოდა დამერწმუნებინა, რომ პოლიციაში დაერეკა.
დიკამ ფერი დაკარგა.
- პოლიციაში? მაგრამ მე… - გოგონამ შეცბუნებული მზერა მიაპყრო მამაკაცს, - მე თავში აზრადაც არ მომსვლია, თუ ვინმე ინერვიულებდა ჩემი არყოფნის გამო.
- იმიტომ, რომ გული არა გაქვს! სულ მამაშენს ჰგავხარ! როცა მეორედ დააპირებ გაქცევას, სინდისი იქონიე და კატია მაინც გააფრთხილე! შენი არ ვიცი, მაგრამ ის ძალიან ნერვიულობს შენზე! - ამ სიტყვებით რობიმ გვერდი უხეშად აუარა გოგონას, გარეთ გავარდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა.
დიანამ სუნთქვა შეიკრა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა ხმამაღლა, როცა რობის მანქანის ხმა მიწყდა.
- აბა! - თქვა მირიანმა, - შენგან ახსნა-განმარტებას ველი, ურჩო შვილო!
- იმიტომ წავედი, რომ ყველაფერი გამეანალიზებინა და დავფიქრებულიყავი.
- და მე დამტოვე იმისთვის, რომ ამ არანორმალურს გავეთათხე, არა? ცხოვრებაში ასეთი ტონით არავინ დამლაპარაკებია!
დიანას სახეზე ღიმილი გადაეკრა. მოხუცს გაოცებისგან ლაპარაკის უნარი წაერთვა.
- რა არის აქ სასაცილო?
- ცუდია, თქვენს საუბარს რომ ვერ შევესწარი.
- სად იყავი? - მირიანს ხმა მოურბილდა.
- მარისთან.
- მერე? არ უნდა გეთქვა?
- არა, არ უნდა მეთქვა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იქ მომადგებოდი და ყვირილით ამიკლებდი. მინდოდა, ყველაფერი მშვიდად მომეფიქრებინა, - დიკამ მამას მზერა თამამად გაუსწორა, - მე სახლიდან მივდივარ.
- რას მელაპარაკები! შენი სახლი აქაა და ამიტომ აქ დარჩები! - მირიანმა ტროსი მეორედ დაჰკრა იატაკს.
- არა. მომბეზრდა, პატარა ბავშვივით რომ მექცევი. მინდა ჩემთვის ვიცხოვრო, მარტო, დამოუკიდებლად და ჩემით მივაღწიო ყველაფერს. ეს კი შეუძლებელია, სანამ შენთან ერთად ვცხოვრობ.
მოხუცს სახე ჩაუშავდა.
- და ვის უნდა ვუმადლოდე ამას? ანდრიას ცოლს თუ მაგ თაღლით ნონიაშვილს?
- ისინი არაფერ შუაშია. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამის შესახებ ჯერჯერობით არავისთვის მითქვამს, შენ გარდა.
- და სად აპირებ ცხოვრებას?
- მარისთან. ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი ბიძაშვილია და არ მერიდება. ცოტა ხნით კიდევ დავფიქრდები, მერე კი ვნახოთ.
- ჰოდა, რაც შეიძლება მალე მოიფიქრე. იმიტომ, რომ როგორც კი ამ სახლის კარის ზღურბლს გადააბიჯებ, შენზე აღარ ვიზრუნებ. ერთ თეთრსაც არ მოგცემ, იცოდე!
- ასეც ვიცოდი, - გოგონას ხელები აუკანკალდა, - მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე და ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. მე თვითონ ვიშოვი ფულს, არც ჭკუა მაკლია და არც გონება.
- და რა გეხერხება, რო? რა უნდა აკეთო? ისიც კი არ იცი, საიდან დაიწყო! ჭურჭლის მრეცხავად ხომ არ აპირებ მუშაობას ან დამლაგებლად?
- ყოველ შემთხვევაში, კეთილსინდისიერად გამომუშავებული ფულით ვიცხოვრებ, მამა!
- გასაგებია. ამწუთას მაგ შენი რობივით ლაპარაკობ, - გაბზარული ხმით ამოთქვა მოხუცმა, -სწორედ მან ჩაგაგონა ეს საშინელი იდეები. აქამდე ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ჩემ გვერდით ბედნიერი იყავი, სანამ ისევ არ დაიწყე მასთან შეხვედრები.
- რობის თავი დაანებე, - დიანა ერთიანად კანკალებდა, მაგრამ მტკიცე ხმით ლაპარაკობდა, -ცხოვრებაში პირველად მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. ვიცი, არ დამიჯერებ, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ მე შენ ისევ ისე მიყვარხარ და შენი განაწყენება სულაც არ მინდა. მიუხედავად ამისა, ცალკე მინდა ვიცხოვრო.
მირიანმა ტუჩები მოკუმა, დიანა კი ელოდებოდა, რას უპასუხებდა მამა, გაუგებდა თუ არა ქალიშვილს.
- კარგი. ვხედავ, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებ, - თქვა ბოლოს, - ისე ხარ გაჯიუტებული, აზრი არა აქვს შეგონებას. რას ვიზამ… წადი, იცხოვრე მარტო, დაიწყე მუშაობა, თუკი შეძლებ რამე შესაფერისი ადგილის შოვნას. შეეცადე, დამოუკიდებლად დადგე ფეხზე. მალევე მოირბენ უკან და პატიებას მთხოვ. ამაში დარწმუნებული ვარ.
- არავითარ შემთხვევაში!
აგერ ნახავ, თუ ასე არ მოხდება. არც კი იცი, რას ნიშნავს მარტო ცხოვრება. ისიც არ იცი, რა გელის, როცა მხოლოდ ხელფასზე ხარ დამოკიდებული. შენ ამას ვერ აიტან, იმიტომ, რომ სხვანაირად ხარ გაზრდილი.
- არა უშავს, - აკანკალებული ხმით მიუგო გოგონამ, - შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ ვისწავლი, გაჭირვებას როგორ გავუმკლავდე. თუ არადა, შევეგუები, როგორც სხვები ეგუებიან! - ამ სიტყვებით გასასვლელისკენ გაეშურა. კართან მისულმა კვლავ შეხედა მამას იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს, მამა მიუხვდებოდა გულისნადებს… მაგრამ მირიანმა მხოლოდ გამჭოლი მზერა ესროლა, მერე კი ღრმად ამოიხვნეშა და სკამზე ნელა დაეშვა, ისე, როგორც მოხუცებს სჩვევიათ.
ამ სცენამ დიანას გული შეუკუმშა. უცებ მოუნდა, მივარდნოდა მას, ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ არასდროს მიატოვებდა… მაგრამ თუ ამას გააკეთებდა, დაიღუპებოდა. იგი დაღუპავდა არა მხოლოდ საკუთარ აწმყოს, არამედ მომავალსაც. ამიტომ მამას ზურგი აქცია და ოთახიდან გავიდა…
სწრაფად მოაგროვა საჭირო ნივთები და სამგზავრო ჩანთაში ჩაყარა. მაგიდაზე, ლარნაკში რობის გამოგზავნილი ყვავილები იდო. გოგონამ ბუკეტი შეათვალიერა. იქვე იდო წერილი, რომელიც ყვავილებს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად იცოდა, რაც ამ წერილში ეწერა, მაინც ხელახლა წაიკითხა:
"ნუ იქნები იასავით, ჩრდილში რომ ხარობს. იყავი ვარდივით, რომელიც მზისკენ თავაღერილი იფურჩქნება".
არა, დიკა ია არ არის და მას შეუძლია ამის დამტკიცება. მაგრამ რა აზრი აქვს? თუნდაც შეძლოს, შედეგი რა იქნება? რობისთვის იგი იმ ფენის წარმომადგენელია, რომელსაც ის ვერ იტანს. დამოუკიდებლადაც რომ იცხოვროს, რობი მას მაინც სხვა თვალით შეხედავს - არა როგორც ღარიბ გოგონას, რომელიც თავს ძლივს ირჩენს, არამედ როგორც მდიდარ მემკვიდრეს, რომელიც დამოუკიდებლობანას თამაშობს.
არადა, რობის მშვენიერი კარიერა ელის - პარლამენტარი გახდება და ცოლადაც ისეთს მოიყვანს, ვინც მას უფრო შეეფერება, ვინც გაუგებს და ყველაფერში გვერდით დააუდგება. მერედა, რა? განა იმისთვის რისკავს დიანა, რომ მას რამე დაუმტკიცოს? ეს მხოლოდ მისი სურვილია, სურვილი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და ეს არ უნდა დაავიწყდეს!
სახლში დაბრუნებული კატია დაძაბული ელოდებოდა რობის ზარს, მაგრამ როცა ტელეფონმა დარეკა, მის ნაცვლად დიანას ხმა შერჩა ხელში:
- მაპატიე, რომ განერვიულე. არ მიფიქრია, ასე თუ შეგაშინებდი. რობიმ მითხრა, რა დღეშიც ჩავარდნილხარ.
- ნახე იგი?
- ჰო. მამაჩემს ეჩხუბებოდა, როცა დავბრუნდი.
- ახლა შენთანაა?
- არა, წავიდა, - დიანა მცირე ხნით გაჩუმდა, - მე სახლიდან მივდივარ, კატია. რამდენი კვირას ჩემს ბიძაშვილთან ვიცხოვრებ და ვეცდები, მუშაობა დავიწყო სადმე.
კატიამ არ იცოდა, რა ეთქვა. ეს არ უსურვებია მას დიკასა და რობისთვის. რა ემართებათ? რა ბრმებივით იქცევიან? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ ერთად ყოფნით იქნებიან ბედნიერები?
- როგორც კი მოვეწყობი, დაგირეკავ, - გააგრძელა დიანამ, - ჰოდა, მერე შემაფასე, შემძლებია თუ არა მამის დახმარების გარეშე ცხოვრება.
- ამის შეფასება არ მჭირდება, - მიუგო დაბნეულმა კატიამ, - ისედაც ვიცი, რომ მოახერხებ. ოღონდ… იმედი მქონდა, რობისთან ერთად…
- ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, - მოუჭრა გოგონამ, - მორჩა, წავედი. მერე დაგირეკავ.
კატიამ ყურმილს დახედა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და წყვეტილი ზუმერის ხმას ისმენდა. ჩაფიქრდა. - ეს ყველაფერი რობის ბრალია, - ჩაიჩურჩულა, - როგორ გაუშვა ხელიდან? რატომ არ უთხრა, რომ უყვარს? რატომ ცოლობა არ სთხოვა?
ქალმა ყრუდ დაიკვნესა, თავი გააქნია და კიბისკენ გაემართა, რათა თავის ოთახში ასულიყო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ანდრია შემოვიდა.
- უკვე დაბრუნდი? - შეეკითხა მამაკაცი და მიუახლოვდა.
კატიამ გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ ანდრია მაჯაში სწვდა.
- იქნებ ცოტა ხანს დარჩე?
- არა, უნდა ვიბანაო.
- მოასწრებ. ჯერ ვილაპარაკოთ.
- საინტერესოა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - ქალმა მამაკაცს ზურგი შეაქცია და გაირინდა.
- მაინცდამაინც რამე კონკრეტულზე უნდა ვილაპარაკოთ? სხვა შემთხვევაში არ დარჩები ჩემთან?
- ძალიან გთხოვ, ასეთ შეკითხვებს ნუ მისვამ. - ხმა და სახე ერთდროულად გაიმკაცრა კატიამ.
- ისე მაინც მომაჩვენე ხანდახან თავი, თითქოს მოგწონვარ. ეს რა, ასე ძნელია?
ქალს კინაღამ ისტერიკული სიცილი აუვარდა. თავი მოაჩვენოს, თითქოს მოსწონს? რა უადგილო ნათქვამია! მოსწონს კი არა, გიჟდება მასზე. ასე უსაზღვროდ არასდროს არავინ ჰყვარებია, მაგრამ აზრი? ამაზე მასთან საუბარი არ ღირს.
კატიამ, რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა:
- თუ ჩემთან არჩევნებზე გსურს საუბარი, დავრჩები, მაგრამ წარსულზე თუკი ჩამოაგდებ სიტყვას, წავალ.
- წარსული არ მაინტერესებს, მხოლოდ მომავალი.
- ჩემი მომავალი მაშინ დაიწყება, როცა ამ სახლიდან წავალ.
ანდრიამ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, იქიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და სანთებელას გაჰკრა.
- ძალიან ბევრს ხომ არ ეწევი? - მოულოდნელად წამოსცდა კატიას.
- არჩევნების მერე მივატოვებ.
- რა უნდა ქნა, თუ რობიმ გაიმარჯვა?
- ჩემს მეურნეობას დავუბრუნდები. მეტჯერ აღარ ვიყრი კენჭს, ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვარ.
- საერთოდაც რატომ დათანხმდი თავიდანვე? რად გინდოდა პარლამენტის წევრობა?
- არ ვიცი. შეიძლება ეს ჩემს სისუსტედ ჩათვალო, მაგრამ სხვების გავლენის ქვეშ მოვექეცი. გარშემო მყოფებმა მირჩიეს, ასე მოვქცეულიყავი.
- ჩვენ ყველანი ვექცევით გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ, - გულგრილად მიუგო ქალმა, -მაგრამ ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. მაგალითად, როგორც დიანამ გააკეთა - ის დაბრუნდა.
- სად ვიყავიო?
- თავის ბიძაშვილთან ყოფილა და ისევ მასთან გადადის. მამამისს მარტო ტოვებს. სხვათა შორის, სამსახურს ეძებს.
- და მასზე გავლენა შენ მოახდინე, არა? - დაუფარავი სარკაზმი გაისმა მამაკაცის ხმაში.
- არა, გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. შეიძლება ადამიანებზე გავლენა მოახდინო, მაგრამ მათი მანიპულირება არ შეიძლება. ასე რომ, დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება დიანამ თავად მიიღო, ჩემი ჩარევის გარეშე.
- მას კარგი განათლება აქვს მიღებული, სამსახურის შოვნა არ გაუჭირდება, - თქვა ანდრიამ.
- ეჭვიც არ მეპარება. ის ახალგაზრდაა, ლამაზი, ჭკვიანი… ყველაფერს მოახერხებს… მეც ასე ვაპირებ.
- მაგრამ შენ ეს არ გჭირდება. შენ ჩემთან ხარ.
კატიამ ისეთი მრისხანე მზერით შეხედა, რომ ანდრია გაჩუმდა.
- მაპატიე, უნდა დაგტოვო. - ხმადაბლა წარმოთქვა ქალმა და კიბეს აუყვა.
მარტო დარჩენილი ანდრია ერთ წერტილს მოღუშული მიაშტერდა. წარმოიდგინა, როგორ გაიხადა ტანსაცმელი ოთახში შესულმა კატიმ, როგორ გაიზმორა და აბაზანისკენ შიშველი დაიძრა… ღიმილმა ტუჩის კუთხეები შეურხია, მზერა დაუთბა.
- მე მას არსადაც არ გავუშვებ. ის ჩემთან დარჩება, - ჩურჩულით შეჰპირდა საკუთარ თავს და ზურგზე ხელებდაწყობილი ოთახიდან სტვენა-სტვენით გავიდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>