ნოველები

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 17

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 17
რომანის დასაწყისი
არჩევნების დღეს მშვენიერი ამინდი დაემთხვა. სექტემბრის მზე თანაბარი ალერსით უნაწილებდა სხივებს ხმის მისაცემად სახლიდან გამოსულ ამომრჩევლებს.
კატია ანდრიასთან ერთად საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გაეშურა. ქმრის თანაპარტიელებსა და მომხრეებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ის გაიმარჯვებდა, თუმცა კატიამ იცოდა, რომ რობის მომხრეებს თავიანთი კანდიდატის გამარჯვება სწამდათ და ეს ცოტათი აშფოთებდა. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო გამარჯვების ორ კანდიდატზე გაყოფა! მაგრამ ეს ხომ უაზრობა იყო, მსგავსი რამ ისედაც არ უნდა გაევლო გულში. რა თქმა უნდა, ანდრია თუ დამარცხდებოდა,
საშინლად ეწყინებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარდა, არამედ იმიტომაც, რომ მამაკაცმა დამარცხების შემთხვევაში სხვა გზის არჩევა გადაწყვიტა - მას მეურნეობისთვის უნდა მიეხედა. ეს აზრი ხიბლავდა. პოლიტიკა ყოველთვის ეზიზღებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამამისმა გადაიტანა.
მაგრამ მაინც ჯობდა, ანდრიას გაემარჯვა. სულაც არ უნდოდა, რომ სხვა მამაკაცი, თუნდაც რობი, ანდრიაზე გავლენიანი გამხდარიყო. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, სურდა მისი ანდრია ყოველთვის ყველაფერში პირველი ყოფილიყო.
მთელი დღე საარჩევნო უბნებზე გაატარეს. დასიცხულები გადაადგილდებოდნენ ერთი პუნქტიდან მეორემდე, რათა სიტუაციისთვის თვალი შეევლოთ. თითქმის ყველგან სიმშვიდე სუფევდა. მხოლოდ ერთგან მოხდა შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება და ისიც მას შემდეგ, როცა კატიამ და ანდრიამ იქაურობა დატოვეს. სადღაც საარჩევნო ყუთიც გაიტაცესო, ითქვა, მაგრამ მოგვიანებით ეს ჭორი არ დადასტურდა. ამ მხრივ კახეთში ექსცესები იშვიათად ხდებოდა.
საღამოს ცხრა საათისთვის დაბრუნდნენ შინ. კატიას გონი აღარ მოეკითხებოდა, ისე დაიღალა. ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა. ის კი არა, ტუჩის კუთხეები სტკიოდა, რადგან მთელი დღე გაღიმება უწევდა.
ახლა უნდა ევახშმათ და მერე საარჩევნო კომიტეტში უნდა წასულიყვნენ სავარაუდო შედეგების გასაგებად.
უგემურად ივახშმეს. არა მხოლოდ მათ, არამედ ოჯახის ყველა წევრს დაჰკარგვოდა ჭამის მადა.
როცა სუფრიდან ადგნენ, კატია მიხვდა, რომ ვერსადაც ვერ წავიდოდა. სკამიდან წელი ძლივს აითრია.
- შეგიძლია უჩემოდ წახვიდე? - დაღლილი ხმით შეეკითხა ქმარს, - უკვე ვეღარ ვაზროვნებ. თანაც, ჩემი წასვლა-დარჩენა კენჭისყრის შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, -მობოდიშების ტონით თქვა და გაღიმებას შეეცადა.
- მაინც მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყავი. სადაც ამდენ ხანს მედექი მხარში, იქნებ… რატომღაც მგონია, რომ ჩემი თილისმა ხარ, - ანდრიას სახე ჩამოსტიროდა, - მგონი, მთლად კარგად ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი ან შეიძლება პირიქით, ზედმეტად კარგად გამომივიდა.
კატიამ არ უპასუხა, უხმოდ მიაშურა თავის ოთახს, რათა წყალი გადაევლო და ტანსაცმელი გამოეცვალა.
მიხვდა, ახლა რომ არ გაჰყოლოდა ქმარს და გადამწყვეტ წუთებში მის გვერდით არ ყოფილიყო, თავს ვერასდროს აპატიებდა. წამით წარმოიდგინა დამარცხებული ანდრია და გული შეეკუმშა. რადგან დიანაც აღარ იყო მის გვერდით, მამაკაცი სრულიად მარტო აღმოჩნდებოდა.
"არა უშავს, - ფიქრობდა ბანაობისას, - სულ რამდენიმე საათი და მოსიყვარულე ცოლ-ქმრის როლის თამაში აღარ მოგვიწევს".

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ორივე კვლავ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ანდრიას შტაბ-ბინის წინ დამაგრებულ მონიტორზე წარამარა აცხადებდნენ საარჩევნო ოლქებში დათვლილი ხმების რაოდენობას, მორბენალი სტრიქონი კი იმავე ინფორმაციას ყოველ ოცდაათ წამში ერთხელ იმეორებდა. ეგზიტპოლების მონაცემების კატიას არ სჯეროდა, რადგან თითოეული მათგანი საკუთარი კანდიდატისკენ იხრებოდა. ამიტომ მათზე დანდობა არ შეიძლებოდა.
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო და ხმების დათვლა მიმდინარეობდა. კატია ანდრიასთან ერთად სავარაუდო შედეგებს პარტიის ოფისში ელოდებოდა.
ანდრია სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. იგი სკამზე გულხელდაკრეფილი იჯდა, თვალები დაეხუჭა და მოდუნებული სახით რაღაცაზე ფიქრობდა. უცნაური ის იყო, რომ დაღლილობაც კი არ ეტყობოდა. პირი მაგრად მოეკუმა, თითქოს ნებისმიერი განაჩენის მოსასმენად მზად არისო.
ალბათ, ცოლის მზერა იგრძნო, რადგან თვალები გაახილა და კატიასკენ გაიხედა. ქალს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ქმართან ერთად მარტო იყო ოთახში. წამით შეაკანკალა, რადგან მიხვდა, ანდრია რაღაცის თქმას აპირებდა. თითქოს წინასწარ იცოდა, ქმარი რასაც ეტყოდა, მაგრამ შეცდა, მამაკაცის სიტყვები სრულიად ბანალური აღმოჩნდა:
- კატი, დაღლილი სახე გაქვს. გინდა რამე დასალევი შემოგიტანო?
- არა, მადლობა, - ქალმა იგრძნო, როგორ იძირებოდა მამაკაცის დიდრონი, ლურჯი თვალების სიღრმეში და შეეშინდა, სიამოვნებამოგვრილს არ დაეკვნესა. იმისთვის, რომ თავი არ გაეცა, სასწრაფოდ იკითხა:
- როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში გავიგებთ შედეგებს?
- ერთ-ორ საათში. რატომღაც მგონია, რომ… - მან მოულოდნელად შუაზე გაწყვიტა წინადადება და სკამიდან წამოხტა.
კატიამ მის მზერას თვალი გააყოლა და დარბაზში შემოსულ დიანას მოჰკრა თვალი.
- დიკა… - ჩაიდუდუნა ანდრიამ და მის შესახვედრად გაემართა.
- საღამო მშვიდობისა, ანდრია, - ნაზად გაუღიმა დიანამ, - მოვედი, რომ წარმატება გისურვო.
- ძალიან გამიხარდა. ამწუთას იმ მებრძოლს ჰგავხარ, რთული ორთაბრძოლა რომ გადაიტანა, - ანდრიამ გაიცინა.
ერთმანეთის პირისპირ უხერხულად იდგნენ. კატიმ გადაწყვიტა, მოსაუბრეებს თვითონაც შეერთებოდა და ადგილიდან დაიძრა.
- დიკა, რა კარგია, რომ მოხვედი, - თბილად წარმოთქვა, - ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვიდოდი.
- უფრო ადრეც მოვიდოდი, მაგრამ მარი ისე შორს ცხოვრობს, იქიდან აქ მოსვლას ცოტა დრო როდი სჭირდება, თანაც ფეხით. მანქანა ხომ მამაჩემთან დავტოვე და აღარ წამომიყვანია. ალბათ, არც გამომატანს.
- ესე იგი, მართალი ყოფილა, შენზე რომ თქვეს, სახლიდან წავიდაო, - ანდრიამ მაჯაში ჩააავლო თითები და ოდნავ მოუჭირა.
- ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. ხომ მართალი ვარ? თუმცა აღარ მინდა ჩემს ოჯახურ პრობლემებზე ლაპარაკი, დავიღალე უკვე.
- აბა, რას ვიფიქრებდი, ასეთი რამის გაკეთება თუ შეგეძლო, - კვლავ გაიცინა ანდრიამ, - ხომ არ შემიძლია რამით დახმარება? გინდა მამაშენს დაველაპარაკები…
კატია მაშინვე გაშორდა მოსაუბრეებს და მათ მარტო დარჩენის საშუალება მისცა. არ აინტერესებდა, რაზე ილაპარაკებდნენ ისინი. ყოველი მისი ცდა, რობი და დიანა ერთმანეთთან დაეახლოებინა, ამაო აღმოჩნდა, ახლა კი იმისთვის უნდა ყოფილიყო მზად, დიკა ანდრიას რამდენად მალე დაუბრუნდებოდა. სულაც არ გასჭირვებია, მომავალში მათი ერთად ყოფნა წარმოედგინა. მართალია, ღრმა გრძნობები არ აკავშირებდათ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მაინც შეეძლოთ მშვიდი, გაწონასწორებული და მყუდრო ოჯახი შეექმნათ. რამდენიმე თვის შემდეგ კი ალბათ აქ ყველას დააავიწყდებოდა კატიას არსებობა, თითქოს არც არასდროს ჩამოსულა და ანდრიას სახლშიც არ უცხოვრია…
მარტო დარჩა თუ არა ანდრიასთან, დიანა რატომღაც დაიბნა, არ იცოდა, რა თემაზე უნდა გაება მამაკაცთან საუბარი. მამაზე საუბარი ცოცხალი თავით არ სურდა, ვინაიდან მირიანთან კამათის მიზეზი რობი იყო, ანდრიასთან მის ხსენებას კი გაურბოდა.
- თუ რამე დაგჭირდეს, ან ფული, ან მანქანა, ან რა ვიცი, ნებისმიერი რამ, - უმტკიცებდა ანდრია, - არ მოგერიდოს. რჩევების მოცემაც შემიძლია, თუ რამეა, - ხმამაღლა გაიცინა, -მთლად ოსტატი არ ვარ მაგ საკითხში, მაგრამ რაღაც-რაღაცები მეხერხება. ისე, შენ რა უნდა გასწავლო, როცა საკუთარ თავს ვერაფერი ვასწავლე. ხომ ხედავ, როგორ აეწყო ჩემი ცხოვრება.
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ, ანდრია. არ მესმის, რაში ადანაშაულებ თავს.
- კატია რომ დავაღალატე თავის დროზე, იმას ვგულისხმობ.
- ამაში ნამდვილად არ ხარ დამნაშავე. კარიერამ ასე მოითხოვა. თანაც, შენ ხომ არ იცოდი, კატია სად იყო და სურდა თუ არა შენთან დაბრუნება.
- მაგრამ ამას ბოლო თვეების ამბებიც დაერთო… მე ერთდროულად ორი ქალი გავაუბედურე - შენც და კატიაც.
- მე შეგიძლია არ მიმათვალო, - სწრაფად მიუგო დიანამ, - არ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს ჩვენ შორის რამე სერიოზული ხდებოდა.
მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. გოგონა მიუხვდა.
- მე სიყვარულს ვგულისხმობ. თუ სიმართლეს ვაღიარებთ, მე და შენ ერთმანეთი გაგიჟებით არასდროს გვყვარებია.
- მაგ მხრივ მართალი ხარ, - დაუდასტურა მამაკაცმა, - მამაშენს რომ არ აეჩემებინა, ანდრია იდეალური ქმარი იქნებაო, ჩვენ არც კი ვიფიქრებდით, ოდესმე ერთად გვეცხოვრა. ამასობაში ჭეშმარიტ სიყვარულსაც იპოვიდი. რამდენი წელი ტყუილად დაკარგე, დიკა, - თანაგრძნობის ნიშნად ანდრიამ ხელი მხარზე მოუთათუნა.
- არა მგონია, მთლად ასე ყოფილიყო. მე მხოლოდ ახლა ვიგრძენი თავი ზრდასრულ ადამიანად, მანამდე კი თურმე ბავშვი ვყოფილვარ. საკუთარი თავის გაზრდას მოვანდომე ამდენი წელი. ასე რომ, ის დრო ტყუილად სულაც არ დაკარგულა.
- ჰოოო… და ახლა? როცა გაიზარდე, რას აპირებ? - ხუმრობანარევი ტონით შეეკითხა ანდრია.
- არ ვიცი. ამიერიდან ჩემი დევიზი იქნება, არ ვიჩქარო და წინასწარ არ განვჭვრიტო მომავალი. - გოგონამ ამ სიტყვების წარმოთქმისას ირგვლივ მიმოიხედა და კატია ვერსად დაინახა, - შენ? შენ რა გეგმები გაქვს? კატიას რას უპირებ? დავიჯერო, წასვლას დაანებებ?
ანდრიამ თვალები დახარა, შემდეგ კვლავ მიაპყრო მზერა გოგონას, თითქოს ეუბნებოდა, ახლა სიმართლის დამალვას აზრი აღარ აქვსო.
- იცი? ერთი პერიოდი ვფიქრობდი, მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ-მეთქი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი. იქნებ ჯობია კიდევაც, გავუშვა? იქნებ უჩემოდ უკეთ აიწყოს ცხოვრება?
- არ ჯობია. დარწმუნებული ვარ, რომ მას ისევ ისე უყვარხარ, - დიკამ თავი დახარა და ტუჩები ახლოს მიუტანა მამაკაცს, - ამიტომ იბრძოლე. დამიჯერე, არ წააგებ. მე ეგეთი ადამიანი, მით უფრო ქალი, მეორე არ შემხვედრია. - თქვა და საათზე დაიხედა, - ჩემი წასვლის დროა, თორემ მარიმდე ვერ ჩავაღწევ.
- გაგიჟდი? უკვე ღამეა, მარტო სად უნდა წახვიდე?
- განა პირველად მივდივარ, რა. სულ ორი კილომეტრი უნდა გავიარო, მეტი კი არა. უცხო გზაში არავინ შემხვდება, შინაური კი არაფერს დამიშავებს.
- დარჩი ჩვენთან და მერე ჩვენ წაგიყვანთ, მე და კატია. სადაც მეტყვი, იქ ჩამოგსვამ.
- არა, ვერ დავრჩები. მე ახლა შენ გვერდით სრულიად ზედმეტი ვარ, - დიკამ ლოყაზე მოუთათუნა ხელი და გაეცალა.
დაადგა თუ არა გზას, დიანამ ინანა, რომ არ დარჩა. ისეთი კუნაპეტი ღამე იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. თანაც, აშკარად ჩანდა, რომ წვიმას აპირებდა. მოულოდნელად ქარი ამოვარდა და ისეთი შავი ღრუბლებით გადაფარა ცა, მიხვდა, მეზობელ სოფლამდე მშრალი ვერ ჩააღწევდა. გადაწყვიტა, ცენტრში გასულიყო და სადმე შეეფარებინა თავი, სანამ გადაიღებდა ან, სულაც, ტაქსი გაეჩერებინა.
სანამ ცენტრალურ მოედანს მიაღწევდა, წვიმამ დასცხო. თავიდან ფეხებამდე გაილუმპა. უეცრად უცნაური სურვილი გაუჩნდა - ნეტავ რობის დაენახა ასე გალუმპული. რა თქმა უნდა, მამაკაცი გზაში არ დატოვებდა და აუცილებლად მოემსახურებოდა თავისი მანქანით. წვიმას გაუღიმა. ნეტავ რატომ მოაგონდა ნონიაშვილი? ან რომ შეხვდეს, რაზე უნდა ელაპარაკოს? სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ მამაკაცს უყვარდა, თორემ რა უშლიდა ხელს, ერთხელ მაინც დაერეკა და მოეკითხა?
ამ ფიქრებში შეჩერდა და სველ თმაზე ხელი გადაისვა. მოულოდნელად შეამჩნია, რომ სწორედ რობის საარჩევნო შტაბ-ბინის წინ იდგა, რომლის ყველა ფანჯარაზე საარჩევნო პლაკატები იყო აკრული რობის პორტრეტით. შეხედა დიკამ მის სურათს და უეცრად ცხელმა ტალღამ დაუარა, ამწუთას მამაკაცი საოცრად ახლობელი ეჩვენა.
რა ქნას, ხომ არ შეუაროს? დარწმუნებულია, რომ იქ იქნება. ასეთ კრიტიკულ მომენტში აბა სადღა უნდა ყოფილიყო? იმდენად იმპულსურად აიტაცა სურვილმა, რობის ოფისში შეევლო, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, სწრაფად გაიქცა კორპუსისკენ და სადარბაზოს კიბეზე აირბინა.
ოთახი სიგარეტის სუნითა და ბოლით იყო გაჟღენთილი. დიკას მოეჩვენა, თითქოს შესვლისთანავე ყველა მისკენ შემობრუნდა. მაშინვე საქმიანი სახე მიიღო და თვალებით იმ ერთადერთ ადამიანს დაუწყო ძებნა, ვინც სჭირდებოდა.
მაგრამ რობი ვერსად დალანდა. მაშინვე კარისკენ გატრიალდა და სახელურს ჩაეჭიდა, რათა სწრაფად მოშორებოდა იქაურობას. ცოტა არ იყოს, თავისი სისუსტის შერცხვა.
- დიანა! აქ რას აკეთებ? - მოესმა მოულოდნელად ზურგს უკან.
შემობრუნდა და მისკენ მომავალი რობი დაინახა. იგი გაშლილი მკლავებით იკაფავდა გზას თავშეყრილ ადამიანებს შორის. ღამის შუქზე მისი ჟღალი თმა კიდევ უფრო წითური ეჩვენა. სახეზე დაძაბულობა აღბეჭდვოდა, ხოლო თვალის უპეები შეშუპებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მამაკაცს რამდენიმე უძილო ღამე გაეთენებინა.
გული უცნაურად აუბაგუნდა. სასიამოვნოდ უცნაურად.
- აქ საიდან გაჩნდი? - გაუმეორა შეკითხვა მოახლოებულმა მამაკაცმა.
- მე… მე შენთან დალაპარაკება მინდა, სანამ შედეგებს გამოაცხადებენ, - ძლივს ამოღერღა გოგონამ და იგრძნო, რომ სიცოცხლეში პირველად თვადაჯერებამ უღალატა.
რობი თითქოს მზერით ბურღავდა, წამითაც არ აცილებდა თვალს მობუზულ და სველ გოგონას. იგი ჯერაც გაბრაზებული იყო იმ ღამის გამო, ბოლოს რომ იჩხუბეს. უყურებდა საოცნებო ქალს და ხვდებოდა, რომ, რაც უნდა ეცადა, მის დავიწყებას ვერ შეძლებდა. ბავშვობიდან მოყოლებული სხვა არც არასდროს ჰყვარებია, დიანა იყო მისი პირველიც და უკანასკნელი სიყვარულიც.
მაგრამ როგორც კი გაახსენდა, როგორ უყვირა დიანამ მამამისის თანდასწრებით და სახლიდან გააძევა, განცდილმა სირცხვილის გრძნობამ ლოყები აუწვა. საინტერესოა, რატომ მოვიდა. ალბათ უნდა დასცინოს, ხასიათი მოუშხამოს და უთხრას, ანდრიას შენ ვერასდროს მოუგებო. შეეცადა, მღელვარება დაეძლია, დიკასთვის არ ეჩვენებინა, რასაც ამწუთას განიცდიდა. ამიტომ ყოველგვარი სითბოსგან დაცალა ხმა და ზედმიწევნითი გულგრილობით ალაპარაკდა:
- რისთვის მოხვედი? წარმატება უნდა მისურვო თუ წაგების შემთხვევაში თანაგრძნობის გამოხატვას აპირებ?
- გჭირდება კი ჩემი თანაგრძნობა? - ირონიულად აზიდა წარბები დიკამ.
- მე შენგან არაფერი მინდა, - მოკლედ მოუჭრა რობიმ და გამჭოლი მზერით შეაჩერდა.
დიანას მიტკლისფერი დაედო. წამსვე შებრუნდა კარისკენ და ოთახიდან გავარდა.
კარგა ხანს იდგა ღამის სიბნელეში კორპუსის კედელს მიყრდნობილი. თავ-ბედს იწყევლიდა სისუსტის გამოჩენისთვის. რამ მოიყვანა აქ? როგორი იმედი ჰქონდა, რომ თუ პირველ ნაბიჯს გადადგამდა, რობი გულგრილი არ დარჩებოდა და საპასუხო სვლას გააკეთებდა.
არა უშავს, მომავალში უფრო ჭკვიანურად მოიქცევა. რომელ ქალს არ მოსვლია სისულეეები?
ის იყო, წასვლა დააპირა, რომ პირისპირ რობი აესვეტა. უნდოდა მამაკაცისთვის გვერდი აევლო, მაგრამ მან ორივე ხელი კედელს მიაყრდნო და გოგონა შუაში მოიქცია. ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ.
რობიმ თითქოს პირველად დაინახა იგი - შესცქეროდა და მისი სილამაზით ტკბებოდა, მისი სველი სახე საოცარ სიამოვნებას ჰგვრიდა. ვერ გაიგებდი, ამ სილამაზეს სახე ცრემლებით ჰქონდა დასველებული თუ წვიმის წვეთებით.
ყელში თითქოს რაღაც გაეჩხირა. ახლა მის წინ სრულიად უმწეო გოგონა იდგა, რომელიც სრულებით არ ჰგავდა ამაყ და უკარება დიანას. ტუჩები უთრთოდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. დაბნეული აქნევდა თავს აქეთ-იქით და სველი თმა უფრო და უფრო უსველებდა სახეს. პირველად იხილა რობიმ მისი სათაყვანებელი ქალი უმწეო მდგომარეობაში, თუმცა ასეთი ბევრად უფრო მოსწონდა.
- სულ დასველებულხარ, - დამთბარი ხმით უთხრა რობიმ.
- არა უშავს, არ დავდნები.
- ნამდვილად? - მამაკაცმა ყურადღებით შეათვალიერა მისი სახე, თან ცდილობდა, მოძალებული სურვილი როგორმე ჩაეხშო, - მამაშენს არ მოეწონება, თუ გაიგებს, რომ ჩემთან იყავი.
სრულიად სხვა რამის თქმას აპირებდა, მაგრამ უნებურად სულ სხვა წამოსცდა, რისთვისაც გულში შეიგინა, - მიხარია, რომ მოხვედი.
დიკამ განზე გაიხედა.
- უკვე გვიანაა. უნდა წავიდე.
- გინდა კი წასვლა?
- არა-მეთქი, რომ გითხრა, რას იზამ? - დიანას კვლავ დაუბრუნდა ძველი სიამაყე.
- აი, ამას, - ჩურჩულით წარმოთქვა რობიმ და გოგონა მძლავრად მიიკრა მკერდზე.
როგორც კი მისი ათრთოლებული სხეული შეიგრძნო, რობიმ თავგზა დაკარგა. ამ საღამომდე იგი დიკასთან ან სურვილის დემონსტრირებას ახდენდა, ან თავისი რისხვის, მაგრამ ახლა უნდოდა ეჩვენებინა მისთვის ის, რაც სინამდვილეში სჭირდებოდა. დიანას უნდა სცოდნოდა, რომ მის გარეშე რობის გამარჯვებას ფასი არ ჰქონდა და დამარცხებაც ვერ მოერეოდა, თუკი დიანა შეიყვარებდა.
- ვიცი, ადვილი არ იქნება, - ჩურჩულებდა იგი, - მაგრამ თავს არ დავზოგავ. ეს არჩევნები თამაში იქნება იმასთან შედარებით, რა წინააღმდეგობების გადალახვაც მომიწევს, რათა ჩემად დაგიგულო.
- არაფერიც არ მოგიწევს, - ჩურჩულითვე უპასუხა გოგონამ, - მე უკვე შენს ხელში ვარ. სახლიდან საბოლოოდ წამოვედი. ამიტომ როცა მომინდება, მაშინ შემეძლება შენთან მოსვლა. ხედავ, რა ადვილად გამოგივიდა?
- მართლა მეუბნები მაგას? არ მატყუებ?
- არა, არ გატყუებ.
- მერედა, შეგიძლია იგივე მამაშენთან გაიმეორო?
- მე კი შემიძლია, მაგრამ შენ არ გეშინია, რომ გადამათქმევინოს და უკან დამაბრუნოს?
პასუხის ნაცვლად რობი მის ტუჩებს მისწვდა. დიანა გრძნობდა, როგორ ევსებოდა მთელი სხეული მამაკაცის სურვილის ტალღებით.
- მე შენ მიყვარხარ, - დაიჩურჩულა დიანამ, - მხოლოდ შენ მიყვარხარ.
- აი, პასუხიც შენსავე შეკითხვაზე, - შვებამოგვრილი ხმით ამოთქვა რობიმ, - ახლა უკვე არაფრის და არავის მეშინია.
ღამის სიბნელეს წყვილის ვნებიანი ამოკვნესა შეერია…

კატი მოფარებულ ადგილას იდგა და იქიდან ადევნებდა თვალს ანდრიასა და დიკას. თითქოს არაფერი იყო საგანგაშო, ჩვეულებრივი ნაცნობებივით საუბრობდნენ, ოღონდ კატიამ არ იცოდა, სწყენოდა ეს ამბავი თუ გახარებოდა.
როგორც კი დიკა წავიდა, უფრო დაკვირვებით დაუწყო ქმარს თვალიერება. ისეთი ანთებული თვალებით შესცქეროდა, გეგონებოდათ, სამუდამოდ სურს მისი სახის დამახსოვრებაო. რაც აქ ჩამოვიდა, ანდრია უფრო გახდა. კატიამ არ იცოდა, რა იყო ამის მიზეზი - თვითონ თუ წინასაარჩევნო მარათონი. თუმცა, როგორი გადაღლილი და გაღიზიანებულიც უნდა ყოფილიყო ანდრია, მასთან ყოველთვის თავაზიანად იქცეოდა. ზედმეტად თავაზიანადაც, როგორც უცხო ადამიანთან იქცევიან. მათ შორის ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა რომ დამყარებულიყო, კატია არასდროს არ წაეკამათებოდა და ხანდახან იმის ნებასაც კი მისცემდა, რომ მამაკაცი ამ თავაზიანობის ფარგლებს გასცდენოდა და ადამიანური სისუსტეები გამოეჩინა. მაგრამ იმდენად ძაბავდა ქმართან საუბარი, რომ ყოველი მათი შეხვედრა ჩხუბით და კამათით მთავრდებოდა.
თუმცა ბოლო დროს ანდრია ძლიერ შეიცვალა. უფრო და უფრო ცდილობდა კატიასთან დაახლოებას, რის საშუალებასაც ქალი არ აძლევდა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძველებურად გაურბოდა საყვარელ მამაკაცს.
სწორედ ამ ფიქრებში იყო, რომ ანდრია შემობრუნდა, რადგან ვიღაცამ მხარზე ხელი მოუთათუნა. მართალია, კატია შორს იდგა და მამაკაცის სახის გამომეტყველებას ვერ ხედავდა, მაინც იგრძნო, როგორ ნერვიულობდა მისი ქმარი. თითებს ხან მომუშტავდა, ხან გაშლიდა, მხარს ხშირად შეატოკებდა და თავს ხან მარცხნივ გადახრიდა, ხანაც მარჯვნივ.
გარშემო მყოფთაგან ბევრისთვის იგი ამოუცნობი ადამიანი იყო თავისი ახირებული ხასიათით, ამპარტავნობითა და პოლიტიკური ვნებებით, მაგრამ კატიას კარგად ესმოდა მისი. ჯერ კიდევ მაშინ, თვრამეტი წლის ასაკში, შესანიშნავად უგებდა. იცოდა, რომ ანდრიას ამპარტავნობა მხოლოდ შირმა იყო, რომლის გაქრობა ადვილად შეიძლებოდა სიყვარულის გამოხატვით, რასაც კატია ყოველთვის ახერხებდა. ეს დადასტურდა კიდევაც მათი მცირეხნიანი ურთიერთობით. როგორ უხაროდა მაშინ კატიას, დიპლომატი ქმარი მეყოლებაო… ერთადერთი, რაც დღემდე პრობლემად დარჩა, ანდრიას მხრიდან გრძნობის განელება იყო.
ამის შეგნებამ თითქოს თვალები აუხილა და მიხვდა, რომ მის გვერდით დარჩენა აღარ შეეძლო. იმდენად დაიტანჯა ეს თვეები, რომ უნარი აღარ შესწევდა, ამწუთას მასთან მისულიყო და ბანალური ფრაზები ეფრქვია.
ოფისიდან აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიდა. გარეთ თავსხმა წვიმა დახვდა. შეიცადა, სანამ გადაიღებდა. კარგა ხანს მოუწია მოცდამ, მერე კი, როცა წვიმა დაცხრა, ქუჩა გადაჭრა და გზას დაადგა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა, საით მიდიოდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება შორს უნდოდა ანდრიასგან ყოფნა.
ამასობაში წვიმამ კვლავ დასცხო და გადაწყვიტა, სადმე თავი შეეფარებინა. მაშინვე რობი გაახსენდა, რომელიც თავის ყველაზე ახლობელ მეგობრად მიაჩნდა. კარგი იქნებოდა, მასთან შეევლო საარჩევნო შტაბში და მოეკითხა, წარმატება მაინც ესურვებინა მისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მერე რა, რომ ანდრიას გამარჯვება უნდოდა? სხვა თუ არაფერი, ელემენტარული ზრდილობა მოითხოვდა ამას.
ბევრი არ უყოყმანია, მაშინვე ცენტრისკენ გაიქცა და რობის საარჩევნო შტაბ-ბინას მიაშურა.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
***
ველოდები ახალ ნოველას
00:12 / 10-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93