ნოველები

ყველაფერი არ გაივლის - თავი 8

ყველაფერი არ გაივლის - თავი 8
დასაწყისი
- თიკო! - დაუძახა გაზქურასთან მოფუსფუსეს.
ქალმა პასუხი არ გასცა, თითქოს არც გაუგონიაო.
- თიკო! - უფრო ხმამაღლა გაიმეორა ლექსომ, ორი ნახტომით მასთან მიიჭრა, მაჯაში სტაცა ხელი და მთელი ძალით მოუჭირა ხელი.
- გამიშვი, მეტკინა, შე მხეცო! - კვნესით ამოთქვა თიკომ, მაგრამ მამაკაცმა მისი მოთხოვნა ყურად არ იღო. პირიქით, უფრო მოუჭირა.
- რა მოხდა წუხელ აქ? - ლექსოს ხრიალი აღმოხდა.
- ყველაფერი, - ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა და ხელი გააშვებინა.
გამწარებული ლექსო ახლა ყელში
ეცა და თითები წაუჭირა.
- წიწილასავით მიგახრჩობ, შე ბოზო!
- ე-ე-ე! - თიკო შეეცადა მისი მარწუხებისგან ყელის გათავისუფლებას, მაგრამ განრისხებული კაცის ღონიერ ხელებთან რას გახდებოდა.
- გეყოფა, ვიხრჩობი! - ქალს ხმა ჩაეხლიჩა და სახეზე წამოწითლდა.
ლექსო გონს მოეგო და თიკო თავის ყელიანად ჯერ თავისკენ დაქაჩა, მერე კი წინ უბიძგა და კედელს მთელი ძალით მიახეთქა.
- ველურო! ახლა სულ დამილურჯდება კანი! - ისტერიკულად იყვირა თიკომ.
- აფსუსია, ზაზას შენისთანა ზნედაცემული ცოლი ჰყავდეს! - დაისისინა ლექსომ, - ნაგავი ხარ და მეზიზღები!
- აი, დარდი! - თითქოს უდარდელად წარმოთქვა თიკომ, მაგრამ ხმა ისე გაბზარვოდა, აშკარა იყო, რომ შეეშინდა.
- მე არაფერი არ მახსოვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაფრის თავი არ მქონდა და არ დამიწყო ახლა, წუხელ სექსი გვქონდაო. გეყოს, რაც გააკეთე! თუ გგონია, მაგით რამეს მიაღწევ, მაგრად მოტყუებულხარ!
- უკვე მივაღწიე, - მშვიდად თქვა თიკომ, სამზარეულოს ბუფეტს ზურგით მიეყრდნო და ხელები ზურგს უკან დაიწყო.
- რას, რას, შე კახპავ! - ლექსომ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და ის იყო, კვლავ უნდა მივარდნოდა დასახრჩობად, რომ კარზე ზარი დაირეკა.
ლექსო შეკრთა.
- აი, ისიც! - წამოიძახა ქალმა და სირბილით გაქანდა კარის გასაღებად.
მამაკაცი სმენად იქცა. ვაითუ ზაზას დაურეკა და ძმაკაცი თავზე დამაყენაო… ვერ გათვალა… წინ უარესი ელოდა… ორიოდე წუთში სამზარეულოს ფარდა გადაიწია და… თამუნა გამოჩნდა. გოგონას თვალები ტკივილით ავსებოდა. აღელვებულს ორსულობისგან გაფუებული მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩაუდიოდა.
- თამო! შენ საიდან გაჩნდი აქ? ვინ გითხრა, სად ვიყავი?
- ამან! - ორაზროვნად მიუგო თამუნამ და მობილური ასწია.
ეკრანზე შიშველ თიკოს შიშველი ლექსო ეხვეოდა… თუ პირიქით… ლექსომ ბოლომდე ვერ მოასწრო ვიდეოფაილის ნახვა, მხოლოდ ხმა ესმოდა… გახშირებული სუნთქვის და კვნესის ხმა… ქალის კვნესის…
- სულ კარგად ბრძანდებოდე! - კბილებში გამოსცრა თამუნამ, მამაკაცს მობილური ტელეფონი სახეში ესროლა და გავარდა.
- თამო, მოიცა! - დაედევნა ლექსო, - ეს ტყუილია, დამაცადე, ყველაფერს აგიხსნი! -მისდევდა ჰოლისკენ მიმავალ ცოლს მამაკაცი, მაგრამ ვეღარ დაეწია, რადგან უეცარი თავბრუდახვევა იგრძნო, გულისრევის შეგრძნებაც დაეუფლა, მერე თვალთ დაუბნელდა და მოულოდნელად ირგვლივ სრული სიბნელე ჩამოწვა…
მამაკაცმა გონი დაკარგა…
სანამ გამოერკვეოდა, ხმები გაიგონა:
- რისი ბრალი უნდა იყოს?
- როგორც ჩანს, რაღაც ძლიერი დასაძინებელი საშუალება მისცეს, თანაც დიდი დოზით. უფრო ალბათ ფსიქოტროპული. საშიში არ არის, საღამომდე გამომჯობინდება. რეცეპტი აგერაა, ახლავე შეიძინეთ ეს წამლები და დანიშნულების მიხედვით მიეცით. არ ინერვიულოთ, გოგონი, თქვენთვის ამ მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება. რაც მთავარია, საშიშროებამ გაიარა, კუჭი ამორეცხილია, გონებრივი დაზიანებები არ გვაქვს. თქვენი მეუღლე კაჟივით ჯანმრთელია, ასე რომ, ყველაფერი რიგზე იქნება.
ამის გაგონებაზე ლექსომ ღრმად ამოიხვნეშა და თვალები გაახილა.
- აჰა, რას გეუბნებოდით? გამოფხიზლდა ჩვენი ვაჟკაცი. აბა, როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ალექსანდრე?
- კარგად, - ხმადაბლა წარმოთქვა, - უბრალოდ, თავი მაქვს გაბრუებული.
- ეგ გაგივლით. რამე ტკივილს ხომ არ უჩივით?
- არა, - მიუგო მამაკაცმა და მზერა ცოლისკენ გადაიტანა.
ტირილისგან თვალებდაწითლებულ თამუნას თეთრი ხალათი მოეცვა და მეორე საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გონს მოვიდა, ადგილიდან არ დაძრულა.
- თამო… მაპატიე, ჩემი ბრალი არ ყოფილა… - ძლივს წარმოთქვა და გაუკვირდა, ეს ენა რაღამ დამიბორკაო.
როცა ხელი ტუჩებზე მიიდო, ექიმი მიუხვდა, რაც აწუხებდა ავადმყოფს და გაუღიმა:
- ეგ წამლის ბრალია, ენას აბრუებს. ორ წუთში გაგივლით. - მერე თამუნას მიუბრუნდა, -მოკლედ, წნევა ნორმაშია, სისხლის ანალიზში ცვლილება არ არის და ტკივილებსაც არ ვუჩივით. მოდუნება ნახევარ საათში სრულიად გაუვლის და შეგიძლიათ შინ წაიყვანოთ. -თქვა სათვალიანმა პუტკუნა ქალმა, წამოდგა და ტუმბაზე შემოდებული ფონენდოსკოპი ხელში აიღო, - პაციენტისთვის აუცილებელია სიწყნარე და წოლითი რეჟიმი ერთი-ორი დღე მაინც. ნახვამდის!
- დიდი მადლობა, ექიმო!
- მადლობა ამის ორგანიზმს გადაუხადეთ. იმას კი არ აპატიოთ, რაც გააკეთა, - ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა ექიმმა და გავიდა.
კარგა ხანს არც ერთი იღებდა ხმას და არც მეორე. ბოლოს, როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა, ლექსო ალაპარაკდა:
- მიხვდი ხომ, რაც მოხდა?
თამუნამ თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ არ უპასუხა.
- მომატყუა მაგ ჩათლახმა, ლიზის მისამართს მოგცემო და სასმელში რაღაც ჩამიყარა.
- ჯერ ერთი, არ მოუტყუებიხარ, რადგან მისამართი შენს საფულეში ვიპოვე, როცა ფულს ვიხდიდი. მეორეც, იმ ქალს რატომ აბრალებ შენს სისუსტეს? რატომ დალიე, თუ მასთან დაწოლა არ გინდოდა?
- თამუნა! გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? ის ჩემი საუკეთესო მეგობრის ცოლია. როგორ გგონია, ვგავარ ისეთ კაცს, ამას რომ იკადრებდა?
- ახლა რასაც ჰგავხარ, მაგას აღარ ვიტყვი, მაგრამ როცა მასთან ერთად სვამდი, თანაც იმ დროს, როცა მისი ქმარი შინ არ იყო, ვერ გეტყვი, რისი მკადრებელი იქნებოდი და რისი არა, - გოგონა წამითაც ვერ მოალბო ლექსოს არგუმენტებმა. ადგა, ხალათი მხრებიდან მოიძრო, იქვე საწოლზე მიაფინა და კარისკენ მიმავალმა უკანმოუხედავად წარმოთქვა:
- ნახევარ საათში შეგიძლია სახლში წამოხვიდე. დანარჩენი იქ ვილაპარაკოთ!
მამაკაცმა მწარედ დაიგმინა, კბილები გააკრაჭუნა და თავი ბალიშში ჩარგო…
მიხვდა, რომ დღეიდან თამუნას თვალში ნდობის აღდგენა ძალზე გაუჭირდებოდა, თუნდაც ცოლს ეპატიებინა წუხანდელი ღამე…
დიდი ძალისხმევა დასჭირდა ლექსოს, თამუნა თავის სიმართლეში დაერწმუნებინა. გოგომ არაფრით არ დაიჯერა, რომ ლექსო თიკოსთან გასართობად არ იყო მისული.
- მაშინ ეს რა არის, ამიხსენი! - ბოლო ხმაზე ყვიროდა მამაკაცი და ლიზის მისამართიან ფურცელს ცოლს ცხვირწინ უფრიალებდა.
- ეს მხოლოდ საბაბია, რომ მასთან მისულიყავი, - თავისას არ იშლიდა თამუნა.
- დავიღალე უკვე, შენი უნდობლობით დავიღალე, - ხელი აიქნია ლექსომ, - თუ არ გჯერა, შეგიძლია მიბრძანდე, სადაც გაგიხარდება!
ამ სიტყვებზე თამუნა შეკრთა. არ ელოდა, თუ ასე ადვილად დათმობდნენ. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. არა, აქედან წასვლა ნამდვილად არ უნდოდა, მით უფრო, ცხვირამდე მუცელწამოზრდილს. გარდა ამისა, ქმარი უყვარდა. იმწუთასვე სხვა კუთხიდან შეხედა სიტუაციას. განა რა მოხდა ისეთი? დიდი ამბავი, თუ სხვა ქალთან დაწვა. ან კი მართლა იწვა? იქნებ ცდება და ტყუილად უკირკიტებს?
ერთხანს გასუსული იჯდა და ქმარს თვალებში შესცქეროდა. მამაკაცი არ განძრეულა.
- რას მიყურებ? - ტონი არ შეუცვლია მამაკაცს, - ვერ გაიგონე, რა გითხარი?
- სახლიდან მაგდებ? - ხმადაბლა იკითხა თამუნამ.
ლექსომ მხრები აიჩეჩა.
- აბა, თუ ჩემი არ გჯერა და ვეღარ მიტან, სხვა რა დამრჩენია? რა გინდა, თან ჩემ გვერდით იცხოვრო და თან სისხლი გამიშრო?
თამუნას კრინტი არ დაუძრავს. მრისხანედ გადახედა ქმარს, უეცრად წამოხტა, საძინებელში შევარდა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგებას შეუდგა.
ლექსო ერთხანს დაელოდა, სადაც იჯდა, იქ დარჩა, მაგრამ როცა ცოლმა ოთახიდან გამოსვლა გააჭიანურა, ადგა და ნელი ნაბიჯებით კარის ზღურბლს მიუახლოვდა.
თამუნა სამგზავრო ჩანთაში გაჯავრებული სახით ალაგებდა თავის ნივთებს.
- რაო, მიდიხარ? - გესლიანად ჰკითხა ლექსომ.
პასუხი არ მიუღია.
- ხომ იცი, რომ ინანებ. თუ ახლა აქედან გახვალ, მერე ვეღარ შემოხვალ.
- ნუ მემუქრები, - თავი არ აუწევია, ისე მიუგო ცოლმა.
მიხვდა ლექსო, თამუნა წამსვლელი იყო, ამიტომ გვერდით მიუჯდა და ხელი დაუჭირა.
- გეყოფა. ვიჩხუბეთ და დავამთავროთ. მართლა არ ვარ დამნაშავე, უნდა დამიჯერო. როგორ ფიქრობ, ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, წამალს რატომ ჩამიყრიდა სასმელში? მასთან რამე რომ მქონოდა, შენ კი არ აგირჩევდი, მას ავირჩევდი და ახლა ჩემ გვერდით, ხვდები ალბათ, ვინც იქნებოდა.
თამუნა დანებდა. კი, სჯეროდა, რასაც ქმარი ეუბნებოდა, მაგრამ თან გული ეთანაღრებოდა. ბოლომდე მაინც უჭირდა მის უდანაშაულობაში დარწმუნება.
- შევრიგდით? - შერბილებული ტონით შეეკითხა მამაკაცი და ცოლს ხელი ქედზე მოხვია.
გოგონამ თავი ოდნავ დააქნია.
- შევრიგდით. ძალიანაც კარგი. მოდი, დღეიდან იცი, რა ვქნათ? ამ თემას საერთოდ არ შევეხოთ. არასდროს ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი? თიკო საბოლოოდ ჩაჰბარდა წარსულს. ეს დაიმახსოვრე. სულ რომ გაწყდეს საქალეთი დედამიწაზე, მას სიახლოვეზე არ გავეკარები. პირობას ვდებ!
მართალია, თამუნამ დაიჯერა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ქმარს მკერდზე მიადო თავი და გაიტრუნა…

ლიზი ნანკამ მეორე დღესვე დააწინაურა და თანამშრომლებს იგი ახალ ამპლუაში წარუდგინა. თანაც ყველა მკაცრად გააფრთხილა, ვინმეს უკმაყოფილება რომ შევამჩნიო ან რამე არასასიამოვნოს მოვკრა ყური, მაშინვე ნებისმიერს სამსახურიდან დავითხოვო. ლიზი დაძაბული ადევნებდა თვალს ამ სცენას და გოგოებს ყურადღებით აკვირდებოდა. არ გამოჰპარვია ლანას, ესმასა და ირმას შურიანი მზერა. განსაკუთრებით ლანასი, - ბოღმით გავსებოდა მსუქანი სახე.
მიუხედავად ამისა, მაშინვე ახალი შემართებით შეუდგა ახალ საქმიანობას. თითქოს მოუხდა კიდევაც თანამდებობა. ქუსლებზე შედგა, გაიპრანჭა, მაკიაჟი გაიკეთა. ისეთ ფორმაში ჩადგა, იქაურები თვალს ვერ აცილებდნენ. თანამშრომელი გოგონები შურით აყოლებდნენ დერეფანში მიმავალს მზერას, მამაკაცები კი ვნების ნერწყვს ყლაპავდნენ.
როგორც იონამ დაარიგა, ლიზი ისე მოიქცა. ნანკა სალაპარაკოდ დაიმარტოხელა და უთხრა, სოფელში უნდა გადავიდე საცხოვრებლადო. ნანკა გაოცდა:
- რატომ, აქ რამე პრობლემა გაქვს? ვინმე ხომ არ გავიწროებს? შენ მხოლოდ მითხარი და დანარჩენი მე ვიცი.
- არა, არა, მაგის გამო არა. უბრალოდ, ბავშვი სკოლაში უნდა მივიყვანო. აქედან ტარება გამიჭირდება.
- მერედა, მძღოლი რისთვის გვყავს? დილით წაიყვანს, შუადღეს მოიყვანს.
- მაპატიე, ნანკა, მაგრამ ბავშვს ვერავის ვანდობ, მით უფრო, უცხო კაცს. ხომ იცი, რა დროა. თანაც შალვა სულაც არ არის ვალდებული, ჩემი შვილი აქეთ-იქით ატაროს. მე თვითონ უნდა მივხედო ჩემს შვილს. სოფელში ვიქირავებ ერთ პატარა ოთახს, რამეს მოვძებნი და გადავალთ. შაბათ-კვირას წავალ, გავიკითხავ, რამე გამოჩნდება. იქნებ ისეთი ვინმე ვიპოვო, მარტოხელა ქალი, რომელიც დღის განმავლობაში მარიკუნას მიმიხედავს, სანამ სამსახურში ვიქნები. შენგან დიდად ვარ დავალებული, ამას არ დაგიკარგავ. მინდა გწამდეს, რომ ჩემი სახით ერთგული ადამიანი გყავს გვერდით. არასდროს დაგაღალატებ. მაგრამ უკვე მოვიდა დრო, შენი დიდსულოვნებით არ ვისარგებლო და დამოუკიდებლად შევუდგე ცხოვრებას.
- გაფიცებ ყველაფერს, ვინმე ხომ არ გყავს? - გაიცინა ნანკამ.
ლიზი გაწითლდა. სწორედ იქ დააჭირეს ფეხი, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა და მალავდა.
- აქ ვინ უნდა მყავდეს, რას ამბობ, ნანკა, - შეეცადა დამაჯერებლად ეთქვა, - თანაც, სულ არ ვარ ახლა კაცის ხასიათზე. ჯერ განქორწინებულიც არ ვარ.
- კარგი კარგი, გეხუმრე, რა იყო. ამ მიყრუებულში ვის ნახავს ქალი ნორმალურს. გგონია, არ ვიცი? როგორც შენთვის ჯობდეს, ისე მოიქეცი, მე რა უფლება მაქვს, ხელი შეგიშალო.
ლიზის თითქოს ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. კიდევ კარგი, მეტი არაფერი ჰკითხა. ნეტავ თუ შეამჩნია, როგორ შეაცბუნა მისმა შეკითხვამ? კინაღამ გასცა თავი…
კვირამ მშვიდად ჩაიარა. ლიზი მშვენივრად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. როცა საჭირო იყო, კომპიუტერში ყველაფრის აღრიცხვას აწარმოებდა, როცა საჭირო იყო, თანამშრომლებს აკონტროლებდა და შენიშვნების მიცემასაც არ ერიდებოდა. იცოდა, რომ ბევრს არ მოსწონდა ეს, მაგრამ სხვების აზრს არად დაგიდევდათ.
ნანკას მოსწონდა ლიზის საქმისადმი მიდგომა. სწორედ ასეთი მენეჯერი სჭირდებოდა -გულწრფელი, მართალი და მკაცრი. ამასთან, საქმის მცოდნე. მართალია, არასდროს ნდომებია, თანაშემწედ ქალი აეყვანა, რადგან ქალებს საერთოდ არ ენდობოდა, მაგრამ ლიზი სხვანაირი იყო. მისი სჯეროდა.
შაბათ საღამოს ლიზის იონამ დაურეკა და უთხრა, ხვალ სოფელში გამოდი, სადაც ერთმანეთს ვხვდებით, იქ ვიქნები და ახალ ბინას განახვებო.
ლიზი შიშმა აიტანა. რა თქმა უნდა, უხაროდა, პანსიონში ლტოლვილივით რომ არ მოუწევდა ცხოვრება, მაგრამ თან შეუცნობელი გრძნობა იპყრობდა, მის გვერდით იონა რომ უნდა ყოფილიყო. ჭორების პანიკური შიში ჰქონდა. ლექსოს ყურამდე რომ მიეღწია ამ ურთიერთობის ამბავს, მისი მდგომარეობა გართულდებოდა. ქმარყოფილს მეტი რა უნდოდა? ისედაც აპირებდა ბავშვის წართმევას და ასე უკეთესი საბაბი მიეცემოდა - ჩემმა ყოფილმა საყვარელი გაიჩინა და ოჯახიც ამიტომ დაანგრიაო.
კვირას, შუადღემ მოატანა თუ არა, მარიკუნა მზიასთან დატოვა და სოფელში გასასვლელად მოემზადა. ჰოლში გასულმა რესეფშენისკენ გაიხედა, სადაც ლანა და ირმა წამოსკუპებულიყვნენ. ლანამ რაღაც გადაულაპარაკა ირმას და ორივე ახითხითდა.
- რა იყო, რამე არ მოგწონთ, გოგოებო? - თვალები დაიწვრილა ლიზიმ და მახვილივით მზერა ესროლა მისკენ მომზირალთ.
- არა, არაფერი, - დაიწმაწნა ლანა და ირმას ორაზროვნად გადახედა.
- ძალიან კარგი, - დამცინავი ღიმილით წარმოთქვა ლიზიმ და ქუსლების პაკაპუკით გაეშურა გასასვლელისკენ.
კიდევ კარგი, ავტობუსს მიუსწრო. რაღაც წამებში, თორემ დააგვიანებდა. სანამ სოფელში ჩააღწევდა, ეკლებზე იჯდა. ასე ეგონა, ყველა მას უყურებდა და ყველამ იცოდა, სად და რისთვის მიდიოდა. ავტობუსში ძირითადად ჩამოსულები ისხდნენ, ვისაც პანსიონში თავისიანი ჰყავდა, ახლა კი შინისკენ მიიჩქაროდნენ. სოფლის მცხოვრები ერთი ან ორი თუ იქნებოდა. მათგან ერთს შორიდან იცნობდა - ეს ქალი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და თავისი ეზოს პროდუქციას ყიდდა პანსიონის ჭიშკართან - კიტრს, პომიდორს, ბადრიჯანს, მწვანილებს… დღეს ადრე მორჩენილიყო ვაჭრობას და ამიტომ შუადღის რეისით ბრუნდებოდა სოფელში.
როგორც კი ავტობუსმა ბოლო გაჩერებას მიაღწია, ლიზი დაელოდა, სანამ ყველა ჩავიდოდა და მერეღა ადგა თავისი ადგილიდან. არ უნდოდა ზედმეტად მოხვედროდა ვინმეს თვალში. ჯერ მაღაზიაში შეიარა, მარიკუნასთვის ორი ცალი "სნიკერსი" და ერთი შეკვრა ჩიფსი იყიდა და მერეღა გადაუხვია საბავშვო ბაღისკენ, სადაც იონა ელოდებოდა.
ამჯერად მამაკაცს ნაძვნარისკენ არ გადაუხვევია, მთავარ გზას დაადგა და სოფლის განაპირას გავიდა, სადაც ბექობზე პატარა, ბელეტაჟზე აგებული სახლი იდგა.
- აი, ჩვენი ახალი ბუდეც! - მხიარულად წამოიძახა მამაკაცმა და მანქანა გააჩერა.
ლიზიმ სახლს გახედა.
- ვინ ცხოვრობს აქ?
- არავინ. მხოლოდ შენ და შენი შვილი იცხოვრებთ და… ხანდახან მეც, - ღიმილით დააყოლა.
უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს. ვერ წარმოედგინა, ლექსოს გარდა სხვა მამაკაცთან ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ იო მისთვის სხვა სულაც არ იყო.
- ვინ არის ბინის პატრონი?
- მე, ვინ უნდა იყოს? - იომ კარი გამოაღო და ლიზის დაელოდა.
ქალი გაოცებით მიაჩერდა, სულაც არ უცდია მანქანიდან გადმოსვლა.
- შეენ? რა, იყიდე?
- ჰო, ვიყიდე. დამეთანხმე, რომ მშვენიერი ადგილია, არც სახლია ურიგო. ცოტა გაუმართავია და ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ მაგას მოვახერხებ. სოფლიდან მოშორებითაა, უცხო თვალი ადვილად ვერ მოგწვდება. სამაგიეროდ, აგერ, გაიხედე! სკოლასთან ახლოს იქნებით! - და მამაკაცმა ხელი მოშორებით მდგარი ორსართულიანი შენობისკენ გაიშვირა.
- როგორ, ასე შორსაა სოფლიდან სკოლა? - გაიკვირვა ქალმა.
-_ შორი სულაც არაა, ეს შენ მოგეჩვენა ასე. ისე ხარ დაძაბული, გეგონა, რომ დიდხანს მოვდიოდით. 900 მეტრია ცენტრიდან, მეტი კი არა. მოსწავლეები აქამდე ფეხით მოდიან, ავტობუსი არ სჭირდებათ. მარიკუნასთვის კი ორი ფეხის ნაბიჯზე იქნება. რა, რამე არ მოგწონს?
- არა, რატომ… მომწონს… მაგრამ ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი.
- ჩემი გეუხერხულება? - მამაკაცი იდაყვში სწვდა.
- რა ვიცი… - დაიმორცხვა ლიზიმ.
- კარგი რა, უცხოები ხომ არ ვართ? წამო, შევიდეთ, ვნახოთ, შიგნით რა ხდება.
სახლს ჩვეულებრივი ჭიშკარი ჰქონდა, ძველებური, როგორც სოფლებში იციან, ლურჯად შეღებილი ქონგურებით, თუმცა ეტყობოდა, წლების წინ რომ შეეღებათ, საღებავი მთლიანად აქერცვლოდა.
- ამასაც მოვუვლით, - იონამ ლიზის მზერა დაიჭირა, ჭიშკარს რომ ათვალიერებდა.
ეზო ხეხილით იყო სავსე. სახლთან ახლოს, ვეებერთელა თუთის ძირში მიწა მოესწორებინათ და ფანჩატური გაეკეთებინათ. იქვე საქანელა და ჰამაკი ეკიდა. ჰამაკის ზოლებიანი ნაჭერი უკვე გახუნებულიყო.
- აქ ვინ ცხოვრობდა? - დაინტერესდა ქალი.
- ერთი ბებო, მოხუცი, მოხუცი, აი, ასეთი პატარა და მოხრილი, - ხელისგულები ერთმანეთს მიადო იონამ, - მაგრამ სიბერისგან გარდაიცვალა. ერთი წელია, აქაურობა ცარიელია და იყიდება.
მამაკაცმა ქვის კიბის ექვსი საფეხური აიარა და კარი ისე შეაღო, გასაღები არ უხმარია.
- ღიაა? - გაუკვირდა ქალს.
- დილით ვიყავი და ღია დავტოვე. რა, გგონია, ვინმე შემოვა? მთელი კვირა ღია რომ დატოვო, არავინ შემოვა, ამის არ შეგეშინდეს. აქ ასეთები არ იციან. არც წასაღებია რამე, რომც მოინდომოს ვინმემ გაქურდვა.
- ხო, ეს გასაგებია.
შიგნით ისეთი სისუფთავე დახვდა ლიზის, გაოცება ვერ დამალა.
- სულ არ ეტყობა ამ სახლს, რომ ერთი წელი არავის უცხოვრია.
- იმიტომ, რომ გუშინ დავალაგებინე, - სიცილი აუტყდა იოს.
- ყველაფერი მოგისწრია.
- მომისწრია, აბა, რა! - სიამაყემ გაიჟღერა მამაკაცის ხმაში. - აბა, მოგწონს?
- მშვენიერია, - ჩურჩულით წარმოთქვა ლიზიმ და ჭერს ახედა.
მართლა ლამაზი სახლი იყო. ჰოლიდან მარცხნივ მდებარე ოთახში შევიდნენ. ოთახი პატარა იყო, ორადგილიანი საწოლი იდგა, გარდერობი, კამოდი, სამგანყოფილებიანი სარკე და ორი სკამი.
- ეს საძინებელია. ახლა სასტუმრო ოთახი ვნახოთ და კიდევ ერთი სიურპრიზი, - კიდევ უფრო მეტი სიამაყით წარმოთქვა იონამ, ოთახიდან გამოვიდა და წინ გაუძღვა გაოგნებულ ლიზის.
- ეს მარიკუნას აპარტამენტი იქნება, - თქვა და ქალი წინ გაატარა.
პატარა, მოცუცქნული ოთახი ლამაზ ფერებში შეეღებათ - იქაურობა სულ ვარდისფერი იყო და ღია ნაცრისფერი წვრილი ზოლები გასდევდა. აშკარად ჩანდა, რომ აქ რემონტი ახალი გაკეთებული იყო.
- ორი დღის წინ დაამთავრეს. ვფიქრობ, მარიკუნას მოეწონება, - დარცხვენით ჩაილაპარაკა იომ და ქურდულად გახედა ქალს.
პატარა ოთახში პატარა საწოლი იდგა ვარდისფერი გადასაფარებლით, ასეთივე პატარა საწერი მაგიდა ოთხი უჯრით და იმხელა გარდერობი, ბავშვს რომ ეყოფოდა. ერთ კედელზე თაროები იყო ჩამომწკრივებული, რომელზეც სათამაშოები ელაგა - თოჯინები, კონსტრუქტორები, თოჯინას საწოლი, სათამაშო ეტლი, მანქანებიც კი.
- ღმერთო ჩემო, რამდენი რამეა! ესენიც შენ იყიდე?
- ზოგი ვიყიდე, ზოგი… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? წამო! - აირიდა შეკითხვა მამაკაცმა, ლიზის ხელკავი გამოსდო და ჯერ სამზარეულო დაათვალიერებინა, მერე სააბაზანო. ბოლოს სასტუმრო ოთახში შევიდნენ.
ლიზიმ გაოცებისგან შეჰყვირა - გრძელი მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი. იქვე ორი საშანდლე იდო წითელი სანთლებით.
- გაგიჟებულხარ, იო! ეგ როდისღა მოასწარი?
- შენ ის მითხარი, ხომ არ გეჩქარება? საღამომდე დარჩები ჩემთან? - ამ სიტყვებით ქალს ხელი მოხვია და მიიზიდა.
- რა უცნაური კაცი ხარ, - ჩურჩულით აღმოხდა ლიზის, - რა ყველაფერს ჩქარობ…
- რა ვქნა, მე საერთოდ ჩქარა ვცხოვრობ, - ჩურჩულითვე მიუგო იომ, ქალს თავი აუწია და ტუჩებში აკოცა.
აკოცა ნაზად, მაგრამ ვნებიანად, მოწყურებულად. ქალს მისი ხმამაღალი სუნთქვის ხმა ესმოდა. აღარ გასძალიანებია, მოსახდენი მოხდესო, გაიფიქრა და თვალები მილულა…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარინა ახვლედიანი
ველოდები ყოველ დღე და მომწონს ...გმადლობთ ამ სიამოვნებისთვის...ყველაფერს ვკითხულობ თქვენსას რაზეც ხელი მიმიწვდება
00:16 / 23-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93