ნანკას დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა ტუჩებიდან, რასაც მისი გაოცებული მზერაც დაერთო.
_ როგორ გამართე! ჰა-ჰა-ჰა! _ და კვლავ ახარხარდა, მაგრამ უკვე ხელოვნურად. მერე უცებ გაჩუმდა, ღიმილი სახიდან მოისხიპა, ლიზისკენ გადმოიხარა და სრულიად ჩვეულებრივი ხმით ალაპარაკდა, _ კარგი, ლიზი, კარგი. მე შენთან საჩხუბარი არაფერი მაქვს, არც გასაყოფი. ეს ისე, სიტყვას მოჰყვა და იმიტომ დავიწყე იონაზე ლაპარაკი. თქვენი ამბისა თქვენ იცით. გიყვარს? ღმერთმა შეგარგოს. მე მისგან უკვე მივიღე, რაც მეკუთვნოდა. ის კი არა, საჭიროზე მეტიც გამიკეთა. აი, ეს მთელი ბიზნესი მისი ნაჩუქარია, _ ნანკამ ხელები გაშალა და სივრცე მოხაზა, _ იმედია, აწიც დამეხმარება. შენ ხომ არ შეუშლი ხელს ამაში?
ლიზიმ ეს შეკითხვაც უპასუხოდ დატოვა.
_ არ შეუშლი. მე ეს ვიცი, მით უფრო, რომ შენ ჩემთან უნდა გააგრძელო მუშაობა. ასე არ არის? თუ… _ თქვა და თვალებში ბოღმის გამომხატველი ნაპერწკლები გაუჩნდა.
_ არ ვიცი. ამაზე იოს უნდა მოვეთათბირო, _ მშვიდად მიუგო გაოგნებულმა ლიზიმ. ვერ მიხვდა, თუ მის მამაკაცზე ნანკას პრეტენზია არ ჰქონდა, ეს მასკარადი რისთვის დასჭირდა.
_ იოს… _ სარკასტული კილოთი გაიმეორა ნანკამ, _ არსად დაგეკარგოს შენი იო… კარგი, კარგი, გვეყოფა ამდენი უსიამოვნო ლაპარაკი. მოდი, დღეს მე შესწორებებს შევიტან ამ პროექტში, ხვალ კი დავსხდეთ და ერთად გავიაროთ.
_ ხვალ?.. _ შეყოყმანდა ლიზი, _ ხვალ ალბათ ვერ შევძლებ… _ შეშინებული მზერა მიაპყრო დირექტორს.
_ რატომ? ხომ არ ქორწინდებით? _ ისევ ირონია…
_ არა, განვქორწინდები, _ ირონიას ირონია დაუხვედრა ლიზიმ, _ ხვალ ხელი უნდა გავაწერო ჩემს ქმართან.
_ ვა!!! მართლა? _ ამას კი არ ელოდა ნანკა, გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა, _ სერიოზულად ამბობ მაგას?
_ უსერიოზულესად.
_ მდაა… _ შეფიქრიანებულმა ამოთქვა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, _ რას გიტოვებს შენი ქმარი?
_ არ ვიცი. არ მიკითხავს.
_ როგორ? შორდებით და არ იცი, რას გიტოვებს? იქნებ მშრალზე გტოვებს?
_ არ მაინტერესებს. მე მისი ქონება არ მჭირდება. ვინც მჭირდება, გვერდით მყავს.
_ შენი იო? _ წივილივით გაისმა მისი ჩაცინება.
_ ჩემი შვილი. _ მტკიცედ დაუხვედრა პასუხი ლიზიმ და ნანკას სახიდან კვლავ გაუქრა დამცინავი ღიმილი.
_ მაპატიე… რაღაც დღეს არ გამომდის, კეთილი ვიყო. ძალიან `სწერვულად~ ვიქცევი. არადა, ასეთი არ ვარ. იმედია, შვილს მაინც დაუტოვებს რამეს. თუ ჩემნაირია შენი ქმარი, ასე მოიქცევა.
_ ის მისი შვილი არაა. _ ლიზი მიხვდა, რომ სწორედ ახლა დადგა მიზანში სროლის დრო და ნანკას საბოლოოდ გააცამტვერებდა.
_ რა-ა? აბა ვისი შვილია?
_ მარიკუნა იონას შვილია.
არის! მოარტყა? ცხრიანში მოარტყა! არა, ათიანში! ნანკას ლამის გაუთეთრდა სახე. ერთხანს გახევებული იჯდა, თითქოს ნაღმზე დააბიჯა ფეხი და განძრევის ეშინიაო, მერე კი წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა, ნაოპერაციებ ცხვირზე ნელა ჩამოისვა თითი და ხმადაბლა, ძლივს გასაგონი ხმით თქვა:
_ ნახვამდის… როცა მოიცლი და მოსვლას შეძლებ, დამირეკე!
მისმა საქციელმა კიდევ ერთხელ გააოგნა ლიზი. ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვა ბავშვზე. არც კი დაინტერესდა. ალბათ ძალზე მტკივნეული დარტყმა გამოვიდა _ მას ხომ იონასთან შვილი არ ჰყოლია.
ლიზიმ ცალი მხარი შეათამაშა, ოდნავ ჩაიღიმა და ამაყად თავაწეულმა დატოვა კაბინეტი… ეს პარტია მან მოიგო…
სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც ხვალ მოუწევდა თბილისში ჩასვლა განქორწინების თაობაზე, მაგრამ მაინც მოიტყუა. უნდოდა, დასაფიქრებლად რამდენიმე დღე ჰქონოდა და საბოლოოდ გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა ნანკასთან სამუშაოდ. ეს იონას გამოჩენა-არგამოჩენაზე იყო დამოკიდებული. თუ იო აღარ მოვიდოდა, ყველა ვარანტში მოუწევდა სახლის დაცლა და სხვა ბინის მოძებნა, ან კვლავ თბილისში გადაბარგება და კიდევ ერთხელ ცხოვრების თავიდან დაწყება _ ისევ მარტო, სხვების დახმარების გარეშე.
ორი დღე პანსიონისკენ არ გაუხედავს. შინ იჯდა და ფიქრობდა. სასოწარკვეთილი იყო. დილიდანვე რეკვას იწყებდა _ თბილისში ბინის ქირაობა გადაწყვიტა, მაგრამ სასურველ ვარიანტს ვერაფრით მიაგნო. ან ძალიან ძვირს უფასებდნენ, ან სადღაც გადაკარგულში უნდა წასულიყო. ახალი სამსახურიც ხომ უნდა ეძებნა? დანაზოგი სამი თვე თუ ეყოფოდა ბინის ქირას და სასმელ-საჭმელს. ბავშვისთვის სკოლაც უნდა ეპოვა, რაც ყველაზე ძნელი იქნებოდა.
ამ ფიქრებში გართულს ლექსომ დაურეკა და სთხოვა, მეორე დილით თბილისში ჩამოსულიყო და განქორწინების საბუთებისთვის ხელი მოეწერა.
_ ათ საათზე ავტოსადგურში დაგხვდები, _ დაჰპირდა ლექსო, _ მანქანით ვიქნები, ფეხით არ მოგიწევს სიარული.
კიდევ კარგი, ამას რომ მიხვდა. სანამ მისი ცოლი იყო, არასდროს უთქვამს, მანქანით მოგემსახურები, სადმე ხომ არ გინდა წასვლაო. ახლა კი თან ჰყვება, ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს თავიდან.
დილით, სანამ მარიკუნას სკოლაში გაისტუმრებდა, დაუბარა, დღეს ცოტა შემაგვიანდება და ჩემს მოსვლამდე ჭკვიანად იყავი. თუ მაინცდამაინც ვერ გაძლო უჩემოდ, შენს მეგობართან გადადი და დამელოდე, სანამ დავბრუნდებიო. მერე კი სირბილით გავარდა ქუჩაში, რათა ცხრასაათიანი ავტობუსისთვის მიესწრო და დროულად ჩასულიყო თბილისში.
ლექსო მანქანით უკვე ელოდებოდა. ლიზიმ უკანა კარი გამოაღო და დაჯდა. ახლა აღარ იყო მისი ცოლი, ამიტომ წინ დაჯდომა არ ისურვა. ამაზე ლექსოს მხოლოდ გაეღიმა. როგორც კი ლიზი უკან დაჯდა, სარკე ისე მოატრიალა, რომ ცოლის თვალებისთვის ეყურებინა და დაიძრა თუ არა, მაშინვე ალაპარაკდა:
_ ყველაფერი მოგვარებულია. ერთი თვის მოცდა არ მოგვიწევს. მხოლოდ ხელს მოაწერ ქაღალდებს და მორჩება. მინდა აქედანვე იცოდე, რასაც ვაპირებ. ამ მანქანას შენ გაძლევ… მოიცა, არ შემაწყვეტინო. ამას გარდა ერთოთახიანი ბინა შევიგულე ნუცუბიძის პლატოზე. ნუცუბიძის ქუჩიდან შორს არ არის, მესამე პლატოზე როგორც კი აუხვევ, პირველივე კორპუსია. სუფთა ბინაა, იცხოვრება, ისეთი. მერე რემონტის გაკეთებაშიც მოგეხმარები, ახლა ამდენის საშუალება არ მაქვს. ბინის პატრონისთვის ბე მიცემული მაქვს, დღესვე მოვასწრებთ გადაფორმებას. გარდა ამისა, ყოველთვიურად რაღაც თანხას გადმოგირიცხავ. ჩათვალე, რომ ეს ალიმენტია. თუ ოდესმე ვერ მოვახერხე და შეგიწყვიტე ფულის მოცემა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გავღარიბდი. იმედია ამის გამო არ მიჩივლებ. ამეებს შენთვის არ ვაკეთებ. ეს ყველაფერი მარიკუნას სჭირდება… რა თქმა უნდა, შენთვისაც, მაგრამ პირველ რიგში მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი არ არის, ჩემი გაზრდილია და ამაში ნუ შემედავები. მე ის საკუთარივით მიყვარს, მასზე ამაგი მაქვს და თავს მოვალედ ვთვლი, გვერდით დავუდგე… მასაც და შენც. შენ საუკეთესო ცოლი იყავი… ეს მე ვარ უღირსი ქმარი…. რა იყო, რა გაოცებული შემომცქერი? არ ელოდი ჩემგან ასეთ აღიარებას? რა ვქნა, უნდა ვაღიარო. ყოველთვის ვფიქრობდი, ლიზი უკეთესს იმსახურებს-მეთქი… ყოველთვის, მაგრამ ამ დღეებში რაღაცები შეიცვალა. ცოტა უცნაური ამბები გავიგე შენზე… ესეც გიკვირს, არა? რას იზამ. შენ არ მომიყევი, სამაგიეროდ სხვა მომიყვა… რატომ არ აპროტესტებ? ესე იგი, ყველაფერი მართალია? რატომ დამიმალე? აი, ასეთი გულჩახვეული და შენს თავში ჩაკეტილი რომ იყავი, იმიტომაც გამიწია სხვა ქალისკენ გულმა.
_ მატყუარა! მე შენ ყოველთვის მიყვარდი! მე კი არ ვიყავი ჩაკეტილი, შენ არ მიშვებდი ახლოს, ერთხელ არ დამჯდარხარ ჩემ გვერდით და გულწრფელად არ გისაუბრია ჩემთან! _ იყვირა ლიზიმ.
_ მართალი ხარ, რა გაყვირებს? ამიტომაც გითხარი წეღან, უღირსი ქმარი ვიყავი-მეთქი. მეტი რა ვქნა?
_ შენ იმ გოგოსაც ვერ გაუფრთხილდები და ისიც გაგექცევა.
_ ანუ შენც გამექეცი? _ გაიცინა ლექსომ, თან წარამარა სარკეში იყურებოდა, რომ ლიზის მზერა დაეჭირა, _ არა, ჩემო კარგო, ამაში ცდები. მე გაგაქციე, რადგან შენთან გაყრას ვაპირებდი… რაც შეეხება თამუნას, მას არასდროს მივატოვებ, რადგან შენგან განსხვავებით მისგან შვილს ველოდები, ღვიძლ შვილს, ნაღდს და არა სხვის გაკეთებულს.
როგორი შეურაცხმყოფელი იყო ლიზისთვის მისი სიტყვები! ამის მოთმენას ვერ შეძლებდა!
_ გააჩერე მანქანა!
_ გეყო, რა. ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ, თანაც გონიერი. ასეთი პანიკა საჭირო არ არის. გვინდოდა ერთმანეთისთვის სიმართლე გვეთქვა? ვუთხარით და ესაა. მეტი არაფერი.
_ კი არ მითხარი, მომახალე.
_ ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ, გამოსახატავი სიტყვაა სხვადასხვა.
_ გააჩერე მანქანა! არც შენი ქონება მჭირდება, არც ფული და არც მანქანა! შენი არაფერი მინდა! _ ლიზი სახელურს დაეჯაჯგურა, მაგრამ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და გაღება ვერ შეძლო.
_ ამასობაში მოვედით კიდევაც. ახლა მორჩა, ისტერიკების გარეშე! ძალიან გთხოვ, არ შემარცხვინო. შენ ხომ საუკეთესო მყავხარ! _ ლექსომ მანქანა გააჩერა, ცოლისკენ შეტრიალდა და ხელზე ხელი მოუჭირა…
ფრთამოტეხილი ჩიტივით შევიდა ეზოში. უკვე ბინდდებოდა. სახლში შუქი ენთო. მიხვდა, რომ მარიკუნა შინ იყო. ალბათ აქეთ გადმოიყვანა თავისი კლასელიო, გაიფიქრა და კიბეს ლასლასით აუყვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან თავისუფალი იყო და რასაც მოისურვებდა, იმას გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარი ბინა ჰქონდა და მანქანაც, რომელიც ამწუთას ჭიშკართან დააყენა, მაინც მძიმედ იყო, მოუსვენრად, რაღაც უღრღნიდა გულს, რაღაც არ აკმაყოფილებდა, მაგრამ რა იყო ეს რაღაც, ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა.
წინკართან მისულს მარიკუნას ტკარცალის ხმა შემოესმა. ნეტავ რა აცინებს ასე გულიანადო, გაიფიქრა, ქუსლიანი ფეხსაცმელი წაიძრო და თითები აამოძრავა. მთელი დღე ქუსლებზე დადგომა გაუჭირდა, ფეხის თითები დასივებოდა.
კარი შეაღო და სახტად დარჩა. იონა და მარიკუნა იატაკზე ისხდნენ და ტელევიზორის ეკრანს ღიმილიანი სახეებით მისჩერებოდნენ. ტელევიზორიდან კი ჭყლოპინა ხმები ისმოდა. ლიზი ეკრანს ვერ ხედავდა, მაგრამ მიხვდა, მარიკუნა და იო `წუნა და წრუწუნას~ უყურებდნენ…
მის დანახვაზე იონა მაშინვე ფეხზე წამოხტა და ქალს მიეჭრა.
_ სად იყავი? რატომ დაგაგვიანდა?
ლიზიმ არაფრისგამომხატველი მზერა მიაპყრო.
_ შენ? შენ რატომ დაააგვიანე?
_ მე მხოლოდ ორი დღე არ ვიყავი… _ დამნაშავის კილოთი ჩაილაპარაკა იონამ.
_ მე კი სულ რამდენიმე საათი, _ მიუგო ლიზიმ და ძალაგამოცლილი ტახტზე დაეხეთქა. მარიკუნა დედის დანახვაზე იატაკიდან ლამის წამოფრინდა და გვერდით მიუსკუპდა.
მამაკაცმა კი ქალის წინ ჩაიმუხლა და ფეხის თითები დაუზილა. `რა უცებ ხვდება, სად მტკივა~. _ გაიფიქრა ლიზიმ, შვილს ხელები მოხვია და თვალები მილულა.
_ მორჩა, დღეს ხელი გავაწერეთ მე და ლექსომ, _ ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო.
_ ესე იგი, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ… _ მამაკაცმა ფეხის თითებს ხელი უშვა და ქალს შეაჩერდა.
_ არა…
_ არა? _ გაოგნდა იონა.
_ კი არ ვიწყებთ, ვაგრძელებთ… ამჯერად სამნი, _ დაღლილი ხმით მიუგო ლიზიმ და წამოდგა.
_ მართალი ხარ, ვაგრძელებთ. არ ვიცი, რატომ შემეშალა.
_ არა უშავს, ერთ დროს მეც შემეშალა, _ ხელი აიქნია ლიზიმ და მარჯვენა ხელის არათითს დახედა, რომელზეც მისი ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა, _ შენ მართალი ყოფილხარ, იო… ყველაფერი არ გაივლის… თითქოს ყველა ტკივილმა გამიარა, რასაც აქამდე შევუწუხებივარ… მხოლოდ შენ არ გამიარე…
_ მიხარია ამის მოსმენა, _ ჩურჩულით წარმოთქვა იონამ და ქალს ზურგიდან ჩაეხუტა.
_ გუშინწინ ნანკამ დამიბარა….
_ ვიცი, უკვე მითხრა.
_ მერე? რა უნდა ვქნა? გავაგრძელო მასთან მუშაობა თუ…
_ თუ. _ მსწრაფლ შეაგება მამაკაცმა, _ იმ კვირიდან თბილისში გადავდივართ. ჩემთან იმუშავებ და ჩემთანვე იცხოვრებ.
ლიზი მკვეთრად შემოტრიალდა.
_ რა იყო? რატომ გაიოცე ასე? საბურთალოზე ორ კვირაში ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს ვხსნი, ოღონდ უფრო თანამედროვეს. მასაჟის კაბინეტი იქნება, კოსმეტოლოგიური, უოპერაციო პროცედურები გაკეთდება _ ის, რაც ქალს დაბერებისგან დროებით იხსნის. მინდა ამ ცენტრის დირექტორი შენ იყო. მე გვერდით გეყოლები, ყველაფერში გაგარკვევ, დაგეხმარები. ნანკა დაივიწყე. დამთავრდა ეგ ამბავი. მარიკუნას სკოლის ამბავიც მოგვარებულია. მერე ჯვარიც დავიწეროთ და დავიწ… გავაგრძელოთ ცხოვრება, _ ისე ჩაარაკრაკა იონამ, თითქოს დაფის წინ დგას და მასწავლებელს გაკვეთილს აბარებსო.
ლიზი მამაკაცს ჩაეხუტა, თავი მხარზე მიადო და დივანზე მოკალათებულ შვილს გახედა. ლიზი კვლავ მულტფილმის ყურებით იყო გართული და კისკისებდა.
_ გავაგრძელოთ, _ დაიჩურჩულა ლიზიმ, თვალები დახუჭა და ნათელ მომავალს ბნელში გახედა…
დასასრული