ნოველები

შურისძიების ზღვარზე - თავი 12

შურისძიების ზღვარზე - თავი 12
დასაწყისი
იას წინაშე მისი საყვარელი დრაკონი იდგა. გუჯი უსიტყვოდ დაიხარა და ცოლს ძლიერი მკლავები შემოხვია.
- საბოლოოდ გეკითხები, მართლა გინდა ჩემთან ყოფნა? არ ინანებ? - ამ სიტყვებით ქალისკენ დაიხარა და მიუალერსა.
- არა, არ ვინანებ. მომეხვიე, მაგრად მომეხვიე…
გუჯიმ საკინძე შეუხსნა და მოშიშვლებულ მკერდზე დაეკონა.
- რა სურნელოვანი კანი გაქვს, - აჩურჩულდა მამაკაცი, თან ნელ-ნელა ხდიდა ცოლს კაბას.
როცა ია გონს მოეგო, ტახტზე თითქმის შიშველი იწვა, მაგრამ ქმრის არც რცხვენოდა და თვითონაც დაუწყო პერანგის ღილების
შეხსნა.
- შენ უძვირფასესი სამკაული ხარ, ია… სოთბის აუქციონზე ძალიან ძვირად შეგაფასებდნენ.
იამ ღიმილით ახედა მასზე გადმომხობილ მამაკაცს.
- გამყიდი?
- არასდროს, - მიუგო გუჯიმ და უფრო მაგრად ჩაეხუტა "საუნჯეს".
- არც მიმატოვებ?
- არასოდეს.
- ღმერთო, როგორ მიყვარხარ… ეს უკვე გითხარი?
- რაღაც არ მახსოვს,
- მიყვარხარ და უშენოდ ვერასდროს გავძლებ.
- ვერც მე, ჩემო სიხარულო.
- მე ისეთი მადლობელი ვარ შენი…
- ასეთი რა გავაკეთე? - გუჯიმ ცოლს სახეში სული ნაზად შეუბერა.
- ის, რომ არსებობ. უშენოდ რა მეშველებოდა?
- კარგი, გაჩუმდი, ახლა ყველაფერს ნუ გააფუჭებ. აჯობებს, მომეხვიო.
გუჯიმ მთელი სხეული დაუკოცნა. ია გაირინდა, სადღაც ღრუბლებში დაფრინავდა და საოცარ ბედნიერებას განიცდიდა. თან უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ კაცზე გაბრაზება, როგორ გაექცა და მიატოვა. კიდევ კარგი, რომ გამოეკიდა და დააბრუნა. რა მოხდებოდა, რომ არ მოეძებნა? თავის დრაკონს სამუდამოდ დაკარგავდა და მიუსაფარი იქნებოდა ამ უსაშველოდ დიდ სამყაროში.
ისეთ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს სადაცაა აფრინდებაო და… აფრინდა კიდევაც, უფრო სწორად, ორივენი ხელიხელჩაკიდებულები უსასრულობაში აღმოჩნდნენ…
რამდენიმე წუთმა გაიარა, სანამ ია მიწაზე დაბრუნდებოდა. გუჯი გაუნძრევლად იწვა მის გვერდით და მძიმედ სუნთქავდა. იამ მხარზე თავი დაადო და მთელი სხეულით მიეკრო, შემდეგ წამოიწია და ქმარს ტუჩებში აკოცა.
- აბა, როგორ გრძნობ თავს? კარგი ყოფილა ქმართა სექსი?
- სიყვარული საოცრებაა, გუჯი. აი, ეს იყო ნამდვილი მეტაფიზიკური შეგრძნება. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის…
გუჯიმ თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა.
- მართალი გითხრა, ამას ველოდი. შენისთანა ვნებიანი და ემოციური ქალი რომ აღარ მომასვენებს, კარგად ვიცი.
იამ მორცხვად გაიცინა და ქმარს მიეალერსა…
ირიჟრაჟა. ია და გუჯი ჯერაც არ ამდგარიყვნენ საწოლიდან და ჩუმად საუბრობდნენ. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ.
- ია, არ გეძინება?
- შენ?
- ჯერ შენ მიპასუხე.
- არ ვიცი. შეიძლება მეძინება კიდევაც, მაგრამ შენთან დაშორება არ მინდა.
- რატომ უნდა დამშორდე, აქ არა ვარ?
- ვიცი, მაგრამ რომ ავდგე, ვაითუ რაღაც სასიამოვნო დავკარგო.
- აბა, რა უნდა დაკარგო? პირიქით, ჩვენი ერთად ყოფნა და ბედნიერება ახლა იწყება.
გუჯი წამოდგა, ხალათი მოიცვა, შემდეგ იას დიდი პლედი შემოახვია, ხელში ფრთხილად აიყვანა და საძინებლისკენ წაიყვანა…
უკვე კარგად გათენდა, მაგრამ გუჯის ჯერაც არ ეძინა. მძინარე იას სხეული ათბობდა და მისი სურნელით თითქოს თვრებოდა. მამაკაცი კმაყოფილი იყო. მაინ აიძულა ია, პირველს გადაედგა მისკენ ნაბიჯი. ია დანებდა - ნამდვილი ქალური სინაზითა და გრაციოზულობით და ამით მისი გული საბოლოოდ დაიპყრო. ის დიდხანს ელოდა ამ წუთებს და მოლოდინმა გაუმართლა.
- გუჯი… - გაისმა იას ჩურჩული.
- არ გძინავს, სიხარულო?
- მეძინა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რა უნდა მომეყოლა შენთვის. მე და სოფოს დედამ წუხელ ბევრი ვისაუბრეთ.
გუჯი დაიძაბა:
- მართლა?
- მე მას მადლობა გადავუხადე საღამოზე მოპატიჟებისთვის. მან კი, პირიქით, აქეთ მითხრა მადლობა სოფოს გადარჩენისთვის. მგონი, თავს მოვალედ გრძნობს, ჩემზე იზრუნოს იმის გამო, რაც ოდესღაც მამაშენსა და მის მამამთილს შორის მოხდა.
- აგიხსნა, რაშიც იყო საქმე?
- რაღაც ორაზროვნად ლაპარაკობდა, ჩემთვის გაუგებრად, მაგრამ მე ვუთხარი, ყველაფერი მოგვარდა და წარსულზე წუხილი აღარ ღირს-მეთქი.
გუჯი გაშრა.
- მაინც რას შეჰპირდი?
- ვუთხარი, რომ მათ ჩვენი ვალი აღარ მართებთ. ასეთი სითბო გამოამჟღავნეს და ჩემთვის აუტანელი იქნებოდა იმის შეგრძნება, კარგად იმიტომ მომექცნენ, იუძლებულები გახდნენ-მეთქი. მართალი არა ვარ, ძვირფასო?
- მართლა ასე უთხარი?
- ჰო, ასე. და იცი, რა მოხდა? ქალბატონმა თამარმა შვებით ამოისუნთქა.
- ოხხხ! - ჩაიდუდუნა გუჯიმ.
- იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება. მე ძალიან მომწონს გოგლიძეები.
"რას ვიზამ, - გაიფიქრა გუჯიმ, - ჯანდაბას, რაც მოხდა, მოხდა. ბოლოს და ბოლოს, იმ ოთხეულიდან ყველაზე ნაკლებად სწორედ თორნიკე გოგლიძეა დამნაშავე. მან კი არა, მამამისმა არ მიაქცია ყურადღება ჩემს გაგზავნილ წერილს მაშინ… თამარი მართლაც კარგი ქალია, ღირსეული, იას მიმართაც თბილადაა განწყობილი. იქნებ ია მართალია და არ ღირს შურისძიება?"
- ია, - რაც შეიძლება მკაცრი ტონით მიმართა ქმარმა, - პირობა მომეცი, რომ ჩემი სახელით უჩემოდ მომავალში არავის არაფერს შეჰპირდები. გესმის?
- მესმის, გუჯი. გასაგებია… მაგრამ ამ შემთხვევაში დანამდვილებით ვიცოდი, რომ არ გაბრაზდებოდი. ეს ხომ რაღაც ძველი, დიდი ხნის გაუგებრობა იყო.
გუჯიმ არაფერი უპასუხა. მხოლოდ უსიტყვოდ მოხვია ხელი ცოლს მხრებსა და შუბლზე აკოცა…
- გამარჯობა, გუჯი!
გუჯიმ თავი ასწია და მოსულს მიაჩერდა. მის წინ თორნიკე გოგლიძე იდგა. მამაკაცმა ძველ მტერს მისალმების ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია. ვერ მიხვდა მისი გამოლაპარაკების მიზეზს. ვერც იმას, სპეციალურად მოვიდა ბარში მის სანახავად თუ შემთხვევით წააწყდა აქ.
თორნიკე უნებართვოდ მიუჯდა გუჯის მაგიდას და ხელაწევით მიმტანი იხმო, რომელსაც ორი კათხა ლუდი შეუკვეთა.
გუჯის არც ახლა ამოუღია ხმა. არადა, ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა უნდოდა თორნიკეს.
- მადლობის სათქმელად მოვედი. როგორც თამრიკომ მითხრა, ჩვენ შორის შუღლი აღარ არსებობს. ამისთვის დიდი მადლობა შენს მეუღლეს. - და როცა გუჯიმ არც ახლა თქვა არაფერი, გააგრძელა, - რა თქმა უნდა, აქ ჩვენს ცოლებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. გესმის ალბათ…
- როგორ არ მესმის… მესმის. ქმარი გაგებით უნდა შეხვდეს ცოლის დანაპირებს და როგორც ჩანს, იამ უჩემოდ გადაწყვიტა ჩემი ანკესიდან შენი ჩამოგდება.
თორნიკე გაფითრდა. საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა. გუჯის შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი რეაქცია, ამიტომ ირონიული ღიმილით გახედა მოსულს და გააგრძელა, - სიტყვას გაძლევ, რომ აღარ შეგეხები. არც კარგად. არც ცუდად. ჩათვალე, გადამირჩი.
გოგლიძეს ამის გაგონებაზე გულზე მოეშვა.
- ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც წარსულში მოხდა და მინდა ახლა მაინც მოგიხადო ბოდიში მამაჩემის უღირსი საქციელის გამო.
გუჯიმ უტიფრად შეხედა თვალებში თორნიკეს და ამ მოულოდნელი ბოდიშით გაკვირვებულმა უპასუხა:
- მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. უკვე ყველაფერი მოგვარდა.
თორნიკე ჩაფიქრებული დაჰყურებდა ლუდის კათხას….
გუჯიმ ალმაცერად გახედა მას, უხერხულობისგან ადგილს რომ ვერ პოულობდა.
- მამაჩემი დამნაშავეა შენ წინაშე… და არა მხოლოდ ის. ირაკლი მესხიც, ლადო ჭელიძეც და შენი სიმამრიც. მამაშენის სიკვდილის შემდეგ ასე არ უნდა ექციათ ზურგი მისი ოჯახისთვის.
- არა უშავს, ისინი უკვე იმკიან, რაც დათესეს.
- სხვა რა დამრჩენია მადლობის თქმის გარდა. ქალბატონი იას დამსახურებაა, რომ გადავრჩი, - ნაძალადევად გაიღიმა თორნიკემ.
- სამაგიეროდ, მომავალში მის დაუფიქრებელ ნაბიჯებს მეტ კონტროლს გავუწევ, - თითქოს ნიშნის მოგებით წარმოთქვა გუჯიმ.
თორნიკეს შიში გაუკრთა თვალებში და მამაკაცს კიდევ რამე რომ არ ეთქვა, სასწრაფოდ წამოდგა და დაემშვიდობა.
ია მშვენიერ ხასიათზე იყო. მძღოლმა დილიდან მაღაზიები მოატარა და ახლა წიგნებითა და მხატვრების ალბომებით დატვირთული ავტოსადგომზე მანქანისკენ მიემართებოდა. ის-ის იყო, ნიკას მანქანის კარი უნდა გაეღო, რომ საიდანღაც ზურა გამოხტა, დას მიეჭრა, მოეხვია და აკოცა.
- რა კარგია, რომ შეგხვდი, - ძმა აფრიაქებული ჩანდა.
- ზურა! - წამოიყვირა თვალებგაბრწყინებულმა იამ, - ასე მოულოდნელად საიდან გაჩნდი? დათო სად არის?
ზურამ მძღოლს გადახედა, მერე თავის დას ხელი მოჰკიდა, განზე გაიყვანა და ხმადაბლა უთხრა:
- სწორედ დათოს გამო მინდოდა შენი ნახვა. ცუდი ამბავი მოხდა.
- ღმერთო! - იას შიშისგან თვალები გაუფართოვდა. ახლაღა შეამჩნია, როგორ მოღუშვოდა ზურას სახე, - რა მოუვიდა? ცოცხალია?
- კი, კი, ცოცხალია, - დაამშვიდა ძმამ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაამატა, -ჯერჯერობით…
- რას ნიშნავს, ჯერჯერობით? სადაა? ახლავე წამიყვანე მასთან! რატომ არ მეუბნები, რა სჭირს? ავადაა?
ია მანქანისკენ გაიქცა, მაგრამ ზურამ შეაჩერა:
- მოიცა, გოგო, ავად არ არის, არა. უბრალოდ… საშიშროება ემუქრება.
- რა საშიშროება?
- მოკვლით ემუქრებიან.
- რატომ, ვინ, რისთვის? - მიაყარა იამ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნუ მელაპარაკები, ჩქარა მომიყევი, რა ხდება!
- მაცალე და მოგიყვები. დათო არაფერშია დამნაშავე. უბრალოდ, რაღაც ისე მოხდა. შენმა ქმარმა ჩვენთან შეხვედრა აგიკრძალა, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა, საკუთარი ძმა არ უნდა ნახო? შეიძლება ვეღარც მიუსწრო ხვალ და ზეგ ცოცხალს.
ია გონს მოეგო და გაცხარებით შეუძახა ძმას:
- რას ნიშნავს ცოცხალს ვერ მივუსწრო? რა უმსგავსობებს ლაპარაკობ! თქვი, რა ჩაიდინა ასეთი!
- რა აზრი აქვს, შენ მაინც ვერ უშველი.
- ადამიანო, შენ მითხარი, რა პრობლემაა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
იამ ზურა მანქანისკენ წაიყვანა, ძალით ჩასვა წინა სალონში, ნიკას გვერდით, თვითონ კი უკან მოკალათდა.
- მამა სადაა? იცის ეს ამბავი?.. წავიდეთ, ნიკა! - უბრძანა მძღოლს.
- მამა ბათუმშია. ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვუკავშირდები. თუმცა აქ რომც იყოს, მაინც ვერაფერს გახდება.
- საით მივდივართ? - იკითხა ნიკამ.
- უკარნახე მისამართი! - იამ ზურას ზურგში ატაკა საჩვენებელი თითი.
ზურამ მძღოლს მისამართი უთხრა…
მანქანა თბილის ერთ-ერთ მიყრუებულ გარეუბანში, ძველებურ ორსართულიან სახლთან გაჩერდა.
ია და ზურა მანქანიდან გადმოვიდნენ. ნიკამაც დააპირა გადმოსვლა, მაგრამ იამ ამის ნება არ დართო. და-ძმამ სწრაფად აირბინა კიბეზე და რამდენიმე წამში ორივენი ვეებერთელა ოთახში აღმოჩნდნენ.
დათო ღრმა სავარძელში იჯდა, წინ არყის განახევრებული ბოთლი ედგა და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა.
და-ძმის დანახვაზე გაფაციცდა და გაოცებული მიაჩერდა ორივეს.
- აქ რა ეშმაკმა მოგიყვანა, ია? - დათომ თლილი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა.
- რას ჰქვია, რამ მომიყვანა. მე ვინ ვარ შენთვის, ხომ არ დაგავიწყდა? სულელური კითხვების დასმას შეეშვი, - დაუყვავა იამ, მის სავარძელთან სკამი მიაჩოჩა და ჩამოჯდა.
- რატომ მოიყვანე, ბიჭო, რაში გჭირდებოდა, ა? - დათო წამოხტა და ზურას მიეჭრა, - ჩემი ამბავი იას რომ არ ეხება, ხომ იცი, არა?
- მერედა, როგორ მეხება! - იყვირა იამ.
- ნუ ყვირი! - თითი დაუქნია დათომ, - ახლავე დაახვიე აქედან! ჩემს საქმეს მე თვითონ მოვაგვარებ.
- მითხარი, ვინ გემუქრება, რატომ გიპირებენ მოკვლას, იქნებ შევძლო რამე? - მუდარაზე გადავიდა ია.
- სიკვდილს არ ვაპირებ. გგონია, ვინმეს ასე ადვილად დავნებდები? მხდალი სულაც არ ვარ. თავს შევაკლავ სუყველას!
- ახლავე მითხარი, ვის ეჩხუბე, რატომ და რის გამო! გესმის? - ცრემლმორეულმა იამ ძმას პაწაწინა მუშტები დაუშინა.
- ქალის გამო, - დაბნეულად მიუგო დათომ.
- რა-ა? ქალის გამო? - ია ყურებს არ უჯერებდა, - ქალის გამო იჩხუბე და გემუქრებიან? ვინ ქალია, რას წარმოადგენს?
- რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, წესიერი გოგოა. იმათ კიდევ შეურაცხყოფა მიაყენეს. რა უნდა მექნა, გამეტარებინა? ასეთ რამეს არავის შევარჩენ!
- ღმერთო, შენ ვინ ყოფილხარ… - ამოიოხრა იამ, - რა გაკავშირებს იმ ქალთან, გიყვარს?
- ჰო, მიყვარს და მის ცოლად მოყვანას ვაპირებ.
- კარგი, რა, დათო, - ზურამ ძმისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, - ხომ იცი, რომ მაია შენ ცოლად არ გამოგყვება. ყველამ იცის, როგორ გვემუქრება იას ქმარი. ისიც იციან, რომ მალე ერთი თეთრი აღარ შეგვრჩება და ცარიელზე დავრჩებით. რატომ უნდა გამოგყვეს ცოლად, რა, გიჟდება შენზე თუ რა?
- დიახაც გიჟდება! - იფეთქა დათომ, - მისთვის სიმდიდრეს და ფულს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ბოლომდე ერთად ვიქნებით.
- არ მომიყვები, ბოლოს და ბოლოს, რა გადაგხდა? - იამ ტონი შეარბილა.
- მოგიყვები, - დამორჩილდა დათო, კვლავ სავარძელში ჩაეშვა და მოყოლა დაიწყო, - მაიკოს სამხატვრო აკადემიასთან ველოდებოდი, იქ სწავლობს. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ რაღაცის ეშინოდა. მერე ძლივს გამომიტყდა, ერთი სვანი მოსვენებას არ მაძლევს, მისი შიშით გარეთ ვერ გამოვსულვარო. ძმა ნაციხარი ჰყოლია, ძველბიჭობს თურმე. ამაზე ავიჭერი. ტელეფონის ნომერი გამოვართვი, დავურეკე და შემხვდი-მეთქი, ვუთხარი. გუშინ შევხვდით. ვერაფერი ვერ შევაგნებინე. ვეუბნები, ბიჭო, ამ გოგოს მე ვუყვარვარ, წადი, შენს გზას გაუყევი-მეთქი, იმან კიდევ ხელი მომიქნია. მოქნევა ასე არ უნდა-მეთქი და მუშტი ჩავათხლიშე. ისე დავარტყი, რომ წაიქცა. ის კიდევ წამოხტა და დანა დააძრო. მომიქნია, მაგრამ ავიცილე, ხელი გადავუგრიხე და… თავისსავე დანაზე არ წამოეცვა? კიდევ კარგი, არ მოკვდა. მაგისმა ძმამ კი შემომითვალა, იმ კახპის გულისთვის ჩემი ძმა ხომ დაჭერი, ახლა მოემზადე, შენი სიკვდილის დრო მოვიდაო. აი, ასეთი სიტუაციაა. გგონია, მეშინია? თავს შევაკლავ და არ შემეშინდება. მაიკოს სახელის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. ვნახოთ, ვისი აჯობებს!
ია აღელვებული უსმენდა ძმას, მერე წამოდგა, დათოს შუბლზე აკოცა და სრულიად მშვიდად უთხრა:
- ნუ გეშინია, დათო, ყველაფერი კარგად იქნება.
- არაფრისაც არ მეშინია. ეს ამბავი, წესით, შენ საერთოდ არ უნდა გაგეგო! ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. წადი, შენს ოჯახს მიხედე, ქმარი არ გაგიბრაზდეს, ჩემს სანახავად რომ მოხვედი.
- ჩემს ქმარს თავი დაანებე. მე ახლა წავალ, შენ კი დამშვიდდი და საღად იაზროვნე… ზურა, გამაცილე, რა, - იამ ზურას თავით ანიშნა, გამომყევიო და ოთახიდან გავიდა.
გოგონა მანქანაში ისე ჩაჯდა, ძმისთვის სიტყვა არ უთქვამს. ზურა კი მანამ გასცქეროდა მიმავალ ავტომობილს, სანამ თვალს არ მიეფარა…
ია ჩაფიქრებული იჯდა. მაგრამ სულაც არ ღელავდა. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, დარწმუნებული იყო, რომ გუჯი აუცილებლად იპოვიდა გამოსავალს და დაეხმარებოდა.
როგორც კი შინ დაბრუნდა, მაშინვე გუჯის კაბინეტისკენ გასწია.
- გუჯი! - სულმოუთქმელად მიაძახა, - შენთან სერიოზული საქმე მაქვს. უნდა მიშველო. ჩემს ძმას პრობლემები აქვს, შენ გარდა ვერავინ მოუგვარებს. გთხოვ, უარი არ მითხრა, გემუდარები.
- ვინ შენს ძმას? - კოპები შეიკრა ქმარმა.
- დათოს. ახლახან ვიყავი მასთან. მოკვლით ემუქრებიან.
- მე შენ რა გითხარი? უჩემოდ შენიანებს არ შეხვდე-მეთქი, რომ გთხოვე, დაგავიწყდა?
- ახლა მაგის დრო არ არის, უნდა მომისმინო, გთხოვ, გთხოვ… - იამ მის წინ დაიჩოქა და ხელები მუხლებზე დააწყო.
გუჯიმ ლამის ამოიგმინა, თითები ერთმანეთში გადახლართა, ცერები შეაერთა და აათამაშა.
- კარგი, მომიყევი, რა ხდება. გისმენ.
- შემთხვევით შემხვდა დღეს ზურა და მითხრა, დათოს მოკვლით ემუქრებიანო. აბა, არ მენახა? - და ყველაფერს მოუყვა, რაც იცოდა.
ისე სწრაფად ლაპარაკობდა, სულს ძლივს ითქვამდა.
- მერე მე რა შუაში ვარ? დათო კაცია უკვე, პატარა ბიჭი ხომ არ არის? თვითონ მოაგვარებს თავის საქმეს. მისი ამბები მე არ მეხება, - ცივად მიუგო გუჯიმ, როცა იამ მოყოლა დაამთავრა.
- როგორ თუ არ გეხება! - გაოგნდა ია, - ის ხომ ჩემი ღვიძლი ძმაა. რამე რომ მოუვიდეს, მთელი სიცოცხლე სატანჯველად მექცევა. გემუდარები, ღვთის გულისათვის, უშველე რამე. ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია.
- ეჰ, ია, ია… შენ ერთი რამ გავიწყდება. ჩემთვის სულერთია, რა დაემართება შენს ძმას, ერთს, მეორეს… მამაშენსაც. სიმართლე გითხრა, არანაირი სურვილი არ მაქვს, სულგრძელობა გამოვიჩინო.
ია გაშეშდა. სასოწარკვეთილი ორივე ხელით ჩააფრინდა სავარძლის სახელურებს და გაფითრებულმა ძლივს წარმოთქვა:
- ვერ დამიჯერებია, რომ ამას შენ ამბობ… მითხარი, რომ გულწრფელი არ ხარ.
- ბოლომდე გულწრფელი ვარ. შენ არ გინდა ამის დაჯერება იმიტომ, რომ ჩემს სიტყვებს არასდროს ყურადღებას არ აქცევ და გგონია, ვხუმრობ. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებ -შენი მამა და ძმები ჩემთვის არ არსებობენ! რატომ გეგონა, რომ დავეხმარებოდი? რახან შენი ქმარი ვარ, გგონია, ადვილად შეძლებ ჩემს დაყოლიებას? არც იფიქრო გამომიყენო! შენ მე კარგად არ მიცნობ!
ია წამოდგა. დიდხანს იყო ჩაცუცქული და ფეხები დაჰბუჟებოდა. სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. ერთიანად ცახცახებდა და ხმის ამოღება უჭირდა.
- მეგონა, რომ… ჩემი… მე… ჩემი გულისთვის… - წინადადების დამთავრება ვერ შეძლო, თვალები ცრემლით აევსო. ვერაფრით ვერ იფიქრებდა, ქმარი ასე თუ გაწირავდა.
- კმარა! - ხმას აუმაღლა გუჯიმ, - შენს ძმებს ეყოფათ, რაც მათზე იზრუნე. ახლა აჯობებს საკუთარ თავს და ცხოვრებას მიხედო. მართლა გჯერა, რომ იმ შენმა დათომ ვიღაც გოგოს გულისთვის თავი სასიკვდილოდ გადადო? მაშინ სად იყო, როცა შენ გაგწირა და შენი ღირსებისთვის თითიც არ გაანძრია? ახლა დებს თავს ვაჟკაცობაზე?
იას პასუხი არ გაუცია, ბარბაცით კარისკენ გაემართა.
- და კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ ახლა მაღლაფერიძე ხარ და არა ქავთარაძე. გასაგებია?
კართან მისული ია კედელთან აიტუზა, თავი ჩაღუნა და ძლივს გასაგონი ხმით მიუგო:
- გასაგებია.
ის იყო, უნდა გასულიყო, რომ ქმრის შეკითხვა წამოეწია:
- რა გვარიაო ის სვანი, რა მითხარი?
- მუშკუდიანი… - წაიჩურჩულა იამ და კარი გაიხურა…
მთვარეულივით შებარბაცდა საძინებელში და საწოლზე უღონოდ ჩამოჯდა. ქმართან საუბარმა ისე დათრგუნა, რომ ფიქრის თავიც არ ჰქონდა.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
შორენა
ველოდები მე-13ტეს დადეთ რა
20:37 / 04-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93