კარგა ხანს იჯდა ამ მდგომარეობაში. შემდეგ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა, რამე ისეთი მოეფიქრებინა, რაც დათოს საშიშროებისგან იხსნიდა.
როგორც კი გადაწყვეტილება მიიღო, სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო, თავი მოიწესრიგა და მაგიდას მიუჯდა. თავში ცხრაასი იდეა მოუვიდა. ხან ერთი მოსწონდა, ხან მეორე. ბოლოს არჩევანი ერთ, მისი აზრით, ბრწყინვალე გეგმაზე შეაჩერა. როცა მიხვდა, რომ ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელი იყო, გუნება-განწყობილებაც შეეცვალა.
მთელ ბინაში რაღაც ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. გუჯის კაბინეტში მხოლოდ კედლის საათის ტიკტიკი არღვევდა მდუმარებას.
გუჯი ადგა და ფანჯარასთან მივიდა. იაზე ფიქრობდა. რა უცნაური გოგოა, გაივლო გულში, სულაც არ არის პატარა, მაგრამ ბავშვური მიამიტობა მაინც შერჩა, ბუნებით ოპტიმისტია და ყველგან და ყველაფერში მხოლოდ სიკეთის მარცვალს ეძებს. ასე ჰგონია, ყოველთვის ყველაფერი კარგად დამთავრდება. "რატომ ფიქრობს, რომ თავისი შეგონებით ყველაფერს გამაკეთებინებს? მე რა, ხელის ბიჭად მთვლის?" გაღიზიანებულმა ხელები მომუშტა, მაგრამ გაბრაზებამ მალევე გადაუარა. მიხვდა, რომ ია ძალზე უმწეო იყო და ამქვეყნად მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა.
ფიქრებიდან კაკუნის ხმამ გამოიყვანა.
- ღიაა! - დაიძახა და კარისკენ შემობრუნდა.
ზღურბლზე ნიკა გამოჩნდა.
- ბატონო გუჯი… მაპატიეთ, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ… სხვანაირად არ შემიძლია. საქმე თქვენს მეუღლეს ეხება… ვიცი, ცუდად გამომდის, მაგრამ უფლება არ მაქვს, არ გითხრათ…
- რა მოხდა, ნიკა? - გუჯის გული გადაუქანდა.
- ვფიქრობ, თქვენ ეს უნდა იცოდეთ… ქალბატონმა იამ რაღაც დამავალა და…
- დროზე მითხარი, რა დაგავალა! - ლამის იყვირა მამაკაცმა.
- ვინმე კრიმინალი მომიძებნე ისეთი, ადამიანის გატაცებაზე რომ დათანხმდებაო. ფულს გადაუხდიანო…
გაოგნებული გუჯი ნიკას მიაშტერდა.
- ადამიანის გატაცებაშიო? იამ გითხრა? მართლა ასე გითხრა?
- ტყუილი რაში მჭირდება, ბატონო გუჯი. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევშინდი. ვიცი, ჩაშვება გამომდის, მაგრამ რომ არ მეთქვა…
- კარგი, ნიკა, გასაგებია… ერთი წუთით მომიცადე, არ წახვიდე! - გუჯიმ მძღოლი შეაჩერა, თვითონ საწერ მაგიდას მიუჯდა და შემდეგი შინაარსის წერილი დაწერა: "თქვენმა წინადადებამ დამაინტერესა. მზად ვარ შეგხვდეთ ხვალ, ღამის 12 საათზე თავისუფლების მოედანზე, ძველ მერიასთან".
გუჯიმ წერილი გადაიკითხა, მერე კონვერტში ჩადო და ნიკას მიაწოდა:
- ნიკუშა, ეს კონვერტი სადღაც ერთი საათის მერე მიეცი იას. უთხარი, შევხვდი ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს და იმან გამომატანა-თქო. ნუ ნერვიულობ, მე ყველაფერს გავაკონტროლებ. ია ვერასდროს გაიგებს, შენ მე ეს ამბავი რომ მითხარი. არ ჩაგაყენებ უხერხულ სიტუაციაში.
- მადლობა, ბატონო გუჯი. ცოტა არ იყოს, სინდისი მქენჯნის, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ გამოვნახე. - ნიკას დაძაბულობა მოეხსნა, გუჯის კონვერტი გამოართვა და კაბინეტიდან გავიდა.
გუჯიმ კონიაკი ჩაისხა და გადაჰკრა.
- არა, რა, ძალიან მივუშვი ეს გოგო… მთლად თავის ნებაზე მივუშვი. დროა ჭკუა ვასწავლო, - თავისთვის ჩაილაპარაკა და კონიაკი ისევ ჩამოისხა…
საღამოს იამ უგუნებობა მოიმიზეზა და თავის ოთახში ჩაიკეტა. როგორც კი თორმეტი დაიწყო, ჩუმად გამოძვრა საძინებლიდან, ფეხაკრეფით ჩაიარა კიბის საფეხურები და პირველ სართულზე სამზარეულოს მიაშურა, სადაც ლიდა ელოდებოდა. დღისითვე სთხოვა ქალს, ამაღამ ჩვენთან დარჩი, გვიან ღამით მჭირდები და დამეხმარეო. დეტალები არ მოუყოლია. ლიდა უკვე ელოდებოდა.
- წავედით? - უჩურჩულა მზარეულს.
- მე მზად ვარ, შვილო. - ლიდამ თავშალი მჭიდროდ შემოიხვია და ადგა.
ჩუმად გამოვიდნენ ჩაბნელებული სახლიდან.
- შორს არ მივდივართ, აქვე უნდა ვნახო ერთი კაცი. მალე დავბრუნდებით, გუჯი ვერც გაიგებს, ისე უცებ მოვალთ.
მალე ორივე ქალი უხმაუროდ დაუყვა ფილაქანდაგებულ დაღმართს.
- რამე შარში არ გაეხვიო, შვილო. ალბათ, იცი, რასაც აკეთებ. - დაბნეული ლიდა შიშით გაჰყურებდა ლამპიონებით განათებულ ქუჩას.
- ნუ გეშინია, მე ყველაფერი გავითვალისწინე. თუ რამეა და დაბრუნებისას გუჯიმ მაინც დაგვინახა, ვითომ გავისეირნეთ. ხომ?
- ჰო, აბა, რა… - თავი უფრო გაიმხნევა მზარეულმა, ვიდრე თავისი ქალბატონი.
ია მართლაც ზედმეტად ღელავდა. ის იყო, თავისუფლების მოედანზე უნდა გასულიყვნენ, რომ უცებ საიდანღაც პატარა ბიჭი გამოხტა და ქალებს წინ აესვეტა.
- ვაიმე! - შეჰყვირა შეშინებულმა იამ.
- ია თქვენ ხართ? - მკვირცხლად შეეკითხა ბიჭი.
- კი, მე ვარ. შენ ვინ ხარ?
- მე თქვენთან გამომგზავნეს. აი, ამ ქუჩაზე უნდა შეუხვიოთ. ეგერ, ხეები რომაა, იმის ძირში მანქანა გელოდებათ, ოღონდ მარტო მოვიდესო. ეს აქ დარჩეს, - ბიჭმა თითი ლიდასკენ გაიშვირა.
იას მუხლები მოეკვეთა, მაგრამ შიშს არ შეეპუა, ლიდას სთხოვა, იქვე დარჩენილიყო, თვითონ კი ტირიფების ჩრდილში მდგარი მანქანისკენ თამამად გაეშურა.
უცებ მანქანის კარი გაიღო და მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა მოისმა:
- თქვენ მეძებდით? ია ხართ?
- დიახ… თქვენი სახელი არ ვიცი, მაგრამ… მე პროფესიონალი მჭირდება, ვინც სამუშაოს აიღებს.
- დარჩით ადგილზე! არ მომიახლოვდეთ! გააჩნია სამუშაოს.
აკანკალებულმა იამ კბილი კბილს დააჭირა.
- დიდი არაფერი… მინდა ერთი კაცი რამდენიმე დღით ქალაქს გაარიდოთ, თან ისე, რომ არაფერი დაუშავდეს. უბრალოდ, ოთხი-ხუთი დღით სადმე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოთ. შეგიძლიათ ამის გაკეთება?
- ეს ძვირი დაგიჯდებათ.
- არა უშავს. ვიცი და თანახმა ვარ, საჭირო თანხას გადავიხდი.
- მე უნდა ვიცოდე, ვინ უნდა გავიტაცო და რატომ.
- ვალდებული არ ვარ, ეს აგიხსნათ. თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ და საზღაურს მიიღებთ. როცა აქ ყველაფერი ჩაწყნარდება, იმ კაცს უკან დააბრუნებთ. მორჩა და გათავდა. ამაში კრიმინალური თითქმის არაფერია. მე მხოლოდ უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა მსურს.
- მე ვიცი, თქვენ ვინც ხართ. ისიც ვიცი, ვინ არის თქვენი მეუღლე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება, მან ეს რომ გაიგოს?
- ის ვერაფერს გაიგებს. პირიქით, სწორედ ჩემი მეუღლე დამეხმარება სიტუაციის განმუხტვაში.
- რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია, მაგრამ ჩემი რა მიდის. გადამიხადეთ და დანარჩენი თავადვე მოაგვარეთ.
- რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
- უფრო მეტი, ვიდრე თქვენ გგონიათ.
- მაინც?
- ჩემთან სექსზე რას იტყვით? ფული არ მინდა. აქვე, მანქანაში მოვამთავროთ.
იასთვის იმდენად მოულოდნელი იყო უცნობი მამაკაცის შემოთავაზება, რომ გაშრა. ისე შეეშინდა, უნებლიეთ უკან დაიხია:
- კიდევ თუ გაბედავთ მსგავსი უხამსობის თქმას, ჩემს ქმარს ცოცხალი ვერ გადაურჩებით, თავს წაგაცლით.
- ვითომ? ასე დარწმუნებული ხართ? - ჩაიცინა კაცმა.
- დიახაც, დარწმუნებული ვარ და გირჩევნიათ, მაგ თქვენი დამპალი მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. ნაბიჯი არ გადმოდგათ ჩემკენ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ! - სუნთქვაშეკრული ლაპარაკობდა გოგონა და თან უკან იხედებოდა, ნეტავ ლიდა შორს ხომ არ დგას ჩემგან, რომ დაკივლება მოვასწრო და მომეშველოსო.
- კარგი, რა, ქალბატონო, ნუ მაშინებთ, - ახითხითდა უცნობი.
- ტყუილად გეცინებათ. რომ იცოდეთ, წამოსვლისას ჩემს მეუღლეს წერილი დავუტოვე, სადაც თქვენ შესახებ დავწერე. მე რომ რაიმე შემემთხვეს, ის მაშინვე გამოჰკითხავს ნიკას, აი, იმ ბიჭს, ვინც თქვენთან დამაკავშირა. ასე რომ, შანსი არა გაქვთ. გასაგებია?
- არა, არ არის გასაგები, - უხეში ტონით ჩაილაპარაკა გუჯიმ და მანქანიდან გადმოვიდა, -როგორც ჩანს, შენს ახირებულ ქცევას ვერასდროს ვერაფერს მოვუხერხებ, მაგრამ ამასთან შეგუება არ გინდა?
- გუჯი! - შეჰკივლა ცოლმა, - აქ რას აკეთებ?
- ეშმაკმა უწყის. მინდოდა შემეშინებინე და ჭკუა მესწავლებინა, თუმცა ეს რთული აღმოჩნდა, რადგან ჩემივე სახელით მემუქრებოდი.
- შენ რა, ჩემი გამოცდა გინდოდა? - წარბები ასხიპა იამ.
- გამოცდა კი არა, ერთი მაგრად მიგტყეპო, ის მინდა და მთელი თვით ოთახში ჩაგკეტო. -რბილად მიუგო ქმარმა, - არა, მაინც რას ფიქრობდი, ამ შუაღამეს ვიღაც კრიმინალთან შესახვედრად მარტო რომ მოდიოდი? შენ რა, სულ გაგიჟდი?
- ჰო, გავგიჟდი, რადგან საკუთარი ქმარი არ მეხმარება, როცა ასე მჭირდება მისი თანადგომა. დრო არ ითმენს. ხომ გითხარი, დათო განსაცდელშია-მეთქი? სხვა რა უნდა მექნა?
- მე შენ გარკვევით გითხარი, დაივიწყე ეგ ამბავი, ჩემი დახმარების იმედი ნუ გექნება-მეთქი.
იამ თავი ასწია და შეეცადა ქმრისთვის თვალებში ჩაეხედა, თუმცა სიბნელე ხელს უშლიდა.
- მამაშენის ტრაგედიაში დათოს წვლილი არ მიუძღვის. მე გთხოვე მისი დახმარება და თუ ჩვენ შორის საერთოდ რაიმე ურთიერთობა არსებობს, უნდა დამეხმარო. თუ ფიქრობ, რომ დათოც მამაჩემივით დამნაშავეა და თავისი უნდა ზღოს, მაშინ გამოდის, რომ მე და ზურაც დამნაშავენი ვყოფილვართ. მაშინ ჩვენც გადაგვიხადე სამაგიერო და ეგ იქნება!
გუჯიმ მძიმედ ამოიხვნეშა, ცოლს ხელი წაავლო და მანქანაში შესვა.
- იქით ლიდა მელოდება.
- ლიდასაც წავიყვანთ, არ იდარდო, - ცივად მოუჭრა გუჯიმ.
- ახლა რას აპირებ? რას გვიპირებ?
გუჯი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა, თან იას გასაგონად ჩაიბურტყუნა:
- როგორც ჩანს, მაინც მომიწევს შენი ბედოვლათი ძმის დახმარება, თორემ შენგან საშველი არ მექნება.
- გუჯი! რა კარგი ხარ, რომ იცოდე! მადლობა! - ია ქმრისკენ გადაიხარა და ხელები კისერზე შემოხვია.
- მაცალე, ავარია არ მოვახდინო. - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა გუჯიმ და მანქანა ლიდას ფეხებთან წააჩერა.
სანამ მზარეული გაიაზრებდა, ვინ გაუჩერა მანქანა, გუჯი ცოლს მიუბრუნდა:
- კარგად დაიმახსოვრე, ია. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა მე რომელიმე ქავთარაძეს ვეხმარები. დავიდა შენამდე?
- ჰო, დავიდა და მადლობელი ვარ.
- შენი მადლიერება არ მჭირდება.
- აბა, რა გჭირდება? - გაეკეკლუცა ცოლი.
- რა და, პირობა მომეცი, რომ მსგავს საქმეში აღარასდროს გაებმები. სასწაული ქალი ხარ. რამ მოგაფიქრა ნიკასთვის ასეთი სულელური თხოვნა? და კიდევ… - მაგრამ გუჯის წინადადების დამთავრება არ დასცალდა, რადგან ლიდამ მანქანის კარი გამოაღო.
- ოჰ, ია, როგორ შემეშინდა! ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი, ერთი სიკვდილი გავათავე. ვიფიქრე… - ამის თქმა და უეცრად გაჩუმდა, რადგან საჭესთან გუჯი დაინახა.
- ბატონო გუჯი, თქვენ ხართ?
- მე ვარ, მე, და თუ არ გინდათ საერთოდ დაგითხოვოთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქალბატონს, რომ ღამღამობით სადღაც-სადღაც არ იაროს! - მკაცრად მიმართა მზარეულს, -გასაგებად გითხარით?
- მესმის, ჩემო ბატონო, - წაილუღლუღა ლიდამ და უკანა სავარძელზე ხვნეშა-ხვნეშით მოთავსდა.
იამ საყვედურით სავსე მზერით გახედა ქმარს, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ჭიშკართან გუჯიმ მანქანა დაამუხრუჭა და ცოლს მიუბრუნდა:
- ჩადით ახლა შენ და ლიდა, მე საქმე მაქვს.
- არა, - ჯიუტად გააქნია თავი იამ, - მეც თან უნდა წამოგყვე.
- შენ ხომ არ გააფრინე, გოგო! - ხმას აუწია გუჯიმ, - ეგღა მაკლია, ქალთან ერთად ვარჩიო საქმეები. რადგან ამ ავანტიურაში ჩამითრიე, მე თვითონ მივხედავ სიტუაციას და აღარ შემეწინააღმდეგო, იცოდე. ახლავე შინ შედი!
- კი მაგრამ…
- საკმარისია! გააკეთე, რასაც გეუბნებიან! - გუჯის სახე გადაუფითრდა.
იამ მხრები ჩამოყარა. ისღა დარჩენოდა, ჩამოსულიყო მანქანიდან.
გუჯი კი სწრაფად მოსწყდა ადგილს და ქალები ჭიშკართან დატოვა.
მამაკაცმა სირბილით აიარა იმ სახლის კიბე, სადაც დათო იმალებოდა და კარზე დააკაკუნა. კარი მაშინვე გაუღეს.
- გამარჯობა, დათო! - მიესალმა ცოლისძმას.
ტყუპისცალი გაოგნებული მისჩერებოდა სიძეს.
- გაგიმარჯოს… - მიუგო დაბნეულმა, - აქ რისთვის მოხვედი?
- გადასარევი შეკითხვაა, - სარკასტულად გაიცინა გუჯიმ, - მეც სწორედ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს. შემომიშვებ?
დათო გვერდზე გადგა და სიძეს გზა დაუთმო.
სავარძელში მოკალათებული ზურაც წამოდგა, ისიც დაბნეული მიაჩერდა გუჯის. დათომ მრისხანედ გადახედა ძმას:
- ეს სულ შენი ოინებია! ხომ გეუბნებოდი, ია აქ არ მოიყვანო-მეთქი?
- აბა, რა უნდა მექნა? - მხრები აიწურა ზურამ.
- იცით რა? აჯობებს, სხვა დროს იკამათოთ. რახან თქვენს საქმეში იაც გარიეთ, მე სხვა გზა არ დამრჩა და უნდა მოვსულიყავი.
- ჩვენი ამბავი თქვენ არ გეხებათ, - კბილებში გამოსცრა დათომ.
- მე არა, მაგრამ იას ეხება! - გუჯი წინ აესვეტა ცოლისძმას, - ისე ააფორიაქეთ ჩემი ცოლი, რომ თვითონაც ლამის შარში გაება. მე კი ამას არ დავუშვებ. ახლა დასხედით და მომისმინეთ. მე შევეცდები შექმნილი ვითარება შეძლებისდაგვარად განვმუხტო. ამისთვის კი უნდა მომიყვეთ, სინამდვილეში რა მოხდა. ტყუილი არ მითხრათ, სიმართლე უნდა ვიცოდე, რომ საჭიროების მიხედვით ვიმოქმედო.
- ერთი გოგოს გამო ვიჩხუბე. მის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. - მოკლედ მოჭრა დათომ.
- ვინ არის ის გოგო, სახელი და გვარი არა აქვს?
- მაგას ვერ გეტყვი.
- მოგიწევს, - გუჯი სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელები გულზე დაიკრიფა, -თუ არ მეტყვი, ვერ დაგეხმარები, მით უფრო, რომ მუშკუდიანმა იცის მისი სახელი.
- გუჯი მართალია, - დაეთანხმა ზურა, - უთხარი, დათო.
- მაია მიქელაძე.
- ა! მაიკო? მაიკო მართლა კარგი გოგოა, მამამისს ვიცნობ. - თავი დააქნია გუჯიმ.
- ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ.
- ვაუ! რა ცუდი არჩევანი გაუკეთებია! - ძალდატანებით გაიცინა გუჯიმ და დათოს დამცინავად გახედა, - შენ მეტი ვერავინ ნახა?
- იცი რა! - ხელები მომუშტა დათომ და სიძისკენ გაიწია, მაგრამ ზურამ გააკავა.
- ვიცი, ვიცი. - ადგილიდან არ გატოკებულა გუჯი, - კარგი, რაცაა, ესაა. ეს ჩემი საქმე არ არის. გიყვართ ერთმანეთი? ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ოღონდ ეს მითხარი, დარწმუნებული ხარ, რომ მაიკოს მისთვის რაიმე საბაბი არ მიუცია?
დათოს სახეზე ალმური წაეკიდა:
- რა საბაბი! მაიას მე ვუყვარვარ!
- ნუ აიფოფრე ასე, მჯერა. ეგ სვანები მაგარი ახვრები არიან. მე როგორც ვიცი, სპეციალურად ატეხენ ხოლმე ჩხუბს, რომ მერე მეორე მხარეს ფული შეაწერონ. ერთი ძმა ჩხუბს იწყებს, მეორე კი საქმეს "აგვარებს".
- ფეხებზე მკიდია, რას აკეთებენ! ეს სულ სხვა შემთხვევაა, ამიტომ მაგათ ჩემი საცოლის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ. შევაკვდები და უკან არ დავიხევ. - გაცეცხლდა დათო.
- აი, ეს მომწონს, მაგრამ მაგათთან დატაკება არ ღირს. ცოტა სისხლიანი ხალხია, ვიცნობ. მათნაირებთან სხვანაირი ლაპარაკია საჭირო. მოდი, წავიდეთ და ვნახოთ. მე მომანდეთ ეგ საქმე, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ძმებმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს, გუჯი კი ყურებამდე გაღიმებული შესცქეროდა ორივეს.
ნახევარი საათის შემდეგ გუჯი და დათო ღამის კლუბის წინ იდგნენ მანქანით და შესასვლელ კარს თვალს არ აცილებდნენ.
სანამ აქამდე მოვიდოდნენ, გუჯიმ რამდენიმე ადგილას დარეკა, რაღაცები გამოიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოემართა კლუბისკენ.
როგორც იქნა, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ფერადი შუქებით განათებული კლუბიდან მუშკუდიანი გამოვიდა ვიღაც ორ ტიპთან ერთად.
გუჯიმ გვერდითი მინა ჩასწია და მოახლოებულ მამაკაცს დაუძახა:
- სოზარ, მანქანაში ჩაჯექი!
დათომ შეამჩნია, როგორ გაკრთა სვანის თვალებში შიში. ამ უკანასკნელმა ერთი კი შეხედა გუჯის და მაშინვე უხმოდ ჩაჯდა უკან.
- რას გაჩუმებულხარ, არ უნდა მომესალმო? - გუჯი მისკენ მიტრიალდა.
- რა ხდება, იქნებ ამიხსნათ? - იკითხა სოზარმა ჩახრინწული ხმით და ჯერ დათო შეათვალიერა, მერე გუჯის შეხედა.
- დათოს ალბათ იცნობ…. თუ გაგაცნო?
სოზარმა არ უპასუხა.
- ჰოდა, თუ არ იცნობ, გეტყვი, რომ ჩემი ცოლისძმაა. გასაგებია? და იმედი მაქვს, ბოდიშს მოუხდი შენი უგვანო ძმის უგვანო საქციელისთვის. თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ, ორივეს ჩემთან გექნებათ საქმე. მე მგონი, კარგად მიცნობ, სოზარ, და იცი, რასაც ვამბობ. მე სიტყვებს ტყუილუბრალოდ არ ვისვრი.
- მემუქრები? - უკან არ დაიხია მუშკუდიანმა და თავხედურად შეხედა გუჯის.
- კარგია, რომ მიხვდი. გემუქრები კი არა, რაც შენს ცხოვრებაში დაგიგროვებია, ერთიანად გაგიფრინდება ხელიდან. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ის ბიზნესი, სადაც შენ რაღაც წილი გაქვს შეტანილი, მთლიანად ჩემია?
სოზარი გაშრა და მისი სითავხედე თვალსა და ხელს შუა გაქრა.
- ახლა კი აქედან წახვალ და შენს ძმას ეტყვი, რომ ქავთარაძეების საგვარეულოს ახლოსაც არ გაეკაროს, თორემ არც ერთ მუშკუდიანს ცოცხალს არ დავტოვებ. მორჩა, წადი, მეტი დრო არ მაქვს, შენს ძმას კი გადაეცი, ჭკუით მოიქცეს. ჩემთან ომს არ გირჩევთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ ორივემ.
სოზარი ყურებჩამოყრილი გადავიდა მანქანიდან და ძმაკაცებისკენ წალასლასდა. დათო გაოცებული უყურებდა კაცს, რომელიც მთელ ქალაქს შიშის ზარს სცემდა, ახლა კი ნაცემი ძაღლივით ფეხებს ძლივს მიათრევდა.
- ვააა. როგორ შეეშინდა, რა უქენი ამისთანა? - სიძეს მიუბრუნდა გაოგნებული.
- მასზე საკმარისი ინფორმაცია მაქვს, თანაც ფულის დაკარგვის შეეშინდა. თუ გინდა მოწინააღმდეგეზე გაიმარჯვო, მის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდე და სუსტ ადგილას დაარტყა.
- ეგ კი ვიცი, მაგრამ… - კეფა მოიქექა დათომ.
- გეცოდინება, კი, - ჩაიფხუკუნა გუჯიმ, - ქავთარაძეებმა მაგის მეტი რა იცით. სამაგიეროდ, მე არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში.
- ეს იას დამსახურებაა, - ჩაიღიმა დათომ, - ის ერთადერთი ადამიანია, ვინც შენ საუკეთესო ადამიანად გთვლის და არა სასტიკ და ულმობელ პიროვნებად.
- ია, უბრალოდ, ქალია, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ქალი, - ჩაილაპარაკა გუჯიმ და მანქანა დაძრა…
ია საძინებელში მოუსვენრად სცემდა ბოლთას, წამითაც ვერ მოისვენა ადგილზე. როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა, ფანჯარას მივარდა, ფარდა გადასწია და ქმარი დაინახა, რომელიც უკვე კიბეზე ამოდიოდა. ქალმა სასწრაფოდ გამოაღო ფანჯარა და ქმარს მოუთმენლად გადასძახა:
- რა ქენი, გუჯი? ყველაფერი მოაგვარე?
მამაკაცმა მაღლა აიხედა და გაღიზიანებულმა კბილებში გამოცრა:
- მიკეტე ფანჯარა! აქ სოფელი კი არ არის, მეზობლებს ნუ გააგონებ ყველაფერს!
იამ მაშინვე მიხურა ფანჯარა და ქმრის შესაგებებლად გაიქცა, მაგრამ იგი ვეღარსად დალანდა. მაშინვე მიხვდა, რომ კაბინეტში შევიდოდა და იქით გაეშურა. მართლაც, გუჯი სავარძელში იჯდა და ხელში კონიაკით სავსე კოქტეილის ჭიქა ეჭირა. როცა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში შეაბიჯა, ქმარს თვალები უცნაურად აუელვარდა:
- ოჰო, ჩემო ემოციურო ქალბატონო! მობრძანდით? ალბათ ძალიან გაინტერესებთ ახალი ამბის გაგება, არა? - ირონია მოიშველია მის დანახვაზე.
- ჰო, გუჯი, მოუთმენლად გელოდი, - ჯიქურ მიმართა ცოლმა, ყურადღება არ მიაქცია მის ირონიას, მოწყვეტით ჩაეშვა მეორე სავარძელში და ქმარს თვალი თვალში გაუყარა, - როგორ არის საქმე?
- კარგად, როგორ უნდა იყოს, - ცივად მიუგო მამაკაცმა და კონიაკი მოსვა, - თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგშია.
იამ იგრძნო, რომ მის მეუღლეს ხასიათი უარესობისკენ შეცვლოდა და აფორიაქდა.
- იჩხუბეთ?
გუჯი სავარძლის საზურგეზე გადაწვა, ფეხები გაჩაჩხა და ისე, რომ ცოლისთვის არც შეუხედავს, წარმოთქვა:
- არა, არ მიჩხუბია, მაგრამ ძნელი ასახსნელია, რაც მოხდა.
იამ დაკვირვებით შეხედა ქმარს:
- იმედია, დაჭრილი არავინაა.
- დამშვიდდი, არც ერთი წვეთი სისხლი არ დამიკარგავს. არც იქითა მხარეს.
- მაშინ რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? დათოს ხომ არაფერი მოსვლია?
- დათო ნაშველია. შენ ხომ ეს გინდოდა? - გამჭოლი მზერა მიაპყრო გუჯიმ ცოლს.
- ჰო, ეს მინდოდა. მადლობა ამისთვის.
- მართლა? - ვერა და ვერ შეელია ქმარი ირონიას.
იამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, უკვე ნერვებს უშლიდა მამაკაცის ასეთი ტონი.
- რაღაც უცნაურად იქცევი… რა იყო, ასეთი რა მოხდა?
- გიკვირს, არა? - თითქოს ეძინებაო, ისეთი ხმით ჩაილაპარაკა ქმარმა, - რა არის აქ უცნაური? ეს ხომ ჩვეულებრივი საღამო იყო. მე ჩემი ცოლი შუაღამეს სადღაც მოედანზე ვიპოვე ვიღაც კრიმინალურ ავტორიტეტთან შესახვედრად გასული. მერე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ მის იდიოტ ძმას გასაჭირიდან დავიხსნიდი, რისთვისაც მომიხდა ჩემი კაპიტალდაბანდების გარისკვა, რათა ის ახვარი მუშკუდიანი დამეშინებინა. შემდეგ შინ დავბრუნდი და ჩემი მშვენიერი ლედი ისე გაჰყვიროდა ფანჯრიდან, როგორც ქუჩაში მოვაჭრე ქალი… რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი საღამოა, უცნაურობა რატომ უნდა მეტყობოდეს?
ია ქმრისკენ გადაიხარა და აჩურჩულდა:
- როცა ჩემზე რაღაცას ჰყვები, თავს ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობ. მაპატიე… ამას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
- შენ მე თავზე გადამახტი, ია! ასეთ რამეს არც ერთი ნორმალური ქმარი ცოლს არ აპატიებდა! - ხმას აუწია გუჯიმ, ჭიქა შეანჯღრია და კონიაკი ერთი მოსმით გადაჰკრა.
- არ მესმის, ასე რატომ მელაპარაკები…
- არ გესმის, არა? - გუჯი გაცოფებული წამოიჭრა და ცარიელი ჭიქა კედელს მიანარცხა. ჭიქის ნამსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა.
იამ პირზე ხელი აიფარა, რომ ხმა არ ამოეღო, თან ქმარს შეშინებული მიაჩერდა.
მისი გაქვავებული სახე კარგს არაფერს უქადდა.
- მაპატიე… მე არ მინდოდა შენი გაბრაზება, - ღონემიხდილმა წაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.
- ეს არაბუნებრივია! ნუთუ ამდენი არ გესმის? - გაჰყვიროდა გუჯი.
- რა არის არაბუნებრივი? - გაიოცა ქალმა.
- რა და, ჩემი სახით გმირი რომ წარმოგიდგენია! ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ შენი რომანის პერსონაჟი არ ვარ. მე შენი ლამაზი თვალების გამო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. ჩემი ყოველი ნაბიჯი წინასწარაა გათვლილი და მიზანს არასდროს ვღალატობ! გესმის თუ არა ეს?
იამ თავი ჩაკიდა.
- მაინც ვერ ვხვდები, რატომ მიბრაზდები… იმიტომ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაარჩინე?
- გაბრაზება ამ შემთხვევაში სულაც არაა შესაფერისი სიტყვა. - ოდნავ შეარბილა ტონი გუჯიმ, _ შენ ისეთი ნაბიჯი გადამადგმევინე, რომელსაც არასდროს გადავდგამდი. სწორედ ესაა, რომ მაგიჟებს. და საერთოდაც, შენ გამო ბოლო დროს სრულიად საპირისპირო რამეების გაკეთება მიწევს, ჩემი მიზნებისთვის გვერდის აქცევა. ეს კი არანორმალურობაა!
- ეს სულაც არ არის არანორმალურობა, - ძლივს ამოღერღა ცოლმა, - შენ ისე მოიქეცი, როგორც წესიერ კაცს ეკადრებოდა. გულის სიღრმეში მშვენივრად იცი, რომ ჩემი ძმები დამნაშავეები არ არიან მამაშენის ქონების დაკარგვაში.
- სამწუხაროდ, ისინი მამაშენის შვილები არიან და მისი ალიკვალი.
- არ ხარ მართალი, - ქვემოდან ახედა იამ, - ჩემი ძმები კარგი ბიჭები არიან. მართალია, ცოტა მინუსები აქვთ, მაგრამ მთლიანობაში ვაჟკაცობით არავის ჩამოუვარდებიან. ისინი მამასავით არასდროს არ მოიქცევიან. ეს შენც კარგად იცი, თორემ მათ დასახმარებლად არ წახვიდოდი.
- გეყოფა, ია! არ მინდა იმის მოსმენა, რატომ და როგორ მოვიქეცი. ყველაფერი ყელში ამომივიდა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დავიფიცე, რომ შენს საგვარეულოს ბოლომდე გავანადგურებდი.
იამ შეშინებული თვალები მიაპყრო.
- მაშინ ჩემზე რატომ დაქორწინდი?
- იმიტომ, რომ ასე მჭირდებოდა, იმიტომ, რომ მინდოდა შენი ოჯახი მშიერი დამეტოვებინა, ცალ-ცალკე გამეცამტვერებინა, იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, ქავთარაძეების გოგო ჩემს ფერხთით მოხოხიალე მენახა!
ამის გაგონებაზე ია ფეხზე წამოიჭრა. თვალები რისხვით აენთო:
- აქ კი გეშლება, ჩემო კარგო! მე შენ წინაშე არ მიხოხიალია. ჩვენი ქორწინება მხოლოდ საქმიანი გარიგება იყო და მეტი არაფერი! თუ გგონია, რომ ჩემზე მეტს წარმოადგენ, ძალიან ცდები! შურისძიება გინდა? მიდი, იძიე! მიდი, მიდი, რაღას უცდი? რატომ აჭიანურებ? ერთ-ერთი მსხვერპლი აქ არა ვარ? ცოლად რომ მომიყვანე, რა, ამით რამე ანგარიში გამიწიე? პატრონად გამომიჩნდი? ბედნიერება მაჩუქე? ასე ფიქრობ? მიმიფურთხებია მაშინ ასეთი ბედნიერებისთვის! ახლავე დავტოვებ აქაურობას! აი, აქა მაქვს უკვე შენი ცოლობა!
გუჯი გაშეშდა.
მამაკაცი იასგან ასეთ შემოტევას არ ელოდა. იგი მის თვალში ყოველთვის მიამიტი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ შეიმჩნია ცოლის ასე გაცეცხლება და მუქარის ტონით წარმოთქვა:
- ჩემს სახლში მეორედ აღარ გავიგონო ასეთი გამოთქმა! ჩემს ცოლს უფლებას არ მივცემ, ასეთი სიტყვები ამოუშვას პირიდან!
- სულაც არ მაინტერესებს შენი აზრი, - აგდებით მიუბრუნდა ია, - შენ რა იცი, რა რეალობას წავაწყდი, მე და დედამ რა გადავიტანეთ. იყო პერიოდი, როცა მამაჩემი ისევე მეზიზღებოდა, როგორც შენ გეზიზღება მამაშენი.
მამაკაცი მოულოდნელობისგან გაშრა და მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მდგარ ცოლს გაცოფებული მიეჭრა:
- კი მაგრამ, ვინ მოგახსენა, რომ მე მამაჩემი მძულდა?
იამ თვალი თვალში გაუყარა და წაუსისინა:
- არც არავინ. ჩემით მივხვდი. იგი უნდა შეგძულებოდა იმისთვის, რაც გაგიკეთა.
- არა, ნამდვილად გაგიჟდი. თუ გესმის, რას ამბობ? - მხრებში ჩააფრინდა და ქალი მთელი ძალით შეაჯანჯღარა.
- ძალიანაც კარგად მესმის. იმიტომ გძულდა, რომ თავი მოიკლა და შენ და დედაშენი მარტო დაგტოვათ. იმიტომ, რომ თავის მოკვლით შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვერ იპოვა და სისუსტე გამოიჩინა. შენ კი, სრულიად პატარა ბიჭი, თავის მტრებთან საბრძოლველად მარტო დაგტოვა, რამაც გულში სიძულვილი დაგიგროვა. რატომ გიკვირს ჩემი სიტყვები? განა მართალი არ ვარ? რა, თუ ვინმე გაანადგურე მამაშენის ძმაკაცებიდან, ამან სიამოვნება მოგგვარა? დაგამშვიდა? რაღაც არა მგონია. ვფიქრობ, უარესად დაიბოღმე.
- მე მგონი, მართლა გაგიჟდი, - ძალა წაერთვა გუჯის, ყვირილის უნარიც აღარ შერჩა.
- არ ვიცი, ეს დაგამშვიდებს თუ არა, მაგრამ ოდესღაც მეც მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდი. ოჯახი უსახსროდ დარჩა, დედა გარდაიცვალა. მე მიწევდა სამი კაცის მოვლა, თანაც მამა საშინელ ექსპლუატაციას მიწევდა. მაიძულებდა, ფინანსები შემესწავლა, მათემატიკაში ძლიერი ვყოფილიყავი. არადა, პატარა გოგოს სულ არ მაინტერესებდა ციფრები და განტოლებები. - იას თვალები ცრემლით აევსო.
- კარგი, ნუ ტირი, - გუჯის გული მოულბა.
- მარტო რომ დავრჩებოდი, სულ ვტიროდი. სრულიად უმწეო ვიყავი, ჩემს კეთილდღეობაზე არასდროს არავინ ზრუნავდა დედაჩემის გარდაცვალების მერე. მამაჩემს მხოლოდ თავისი საქმისთვის ვჭირდებოდი. საიმედო ფინანსისტი სჭირდებოდა, რომელიც მის შავ ფულს გაათეთრებდა. და რასაც იშოვიდა, ოჯახს კი არ ახმარდა, კაზინოში დადიოდა სათამაშოდ და იქ ფლანგავდა.
- მორჩა, გეყოფა. წადი, დაიძინე, - დაუყვავა ქმარმა, მაგრამ ია არ ჩერდებოდა.
- არსადაც არ წავალ! ბოლომდე გეტყვი, რისი თქმაც მინდა! როცა ფინანსები შევისწავლე, მამაჩემმაც და ჩემმა ძმებმაც ჩამინერგეს, შენ შეგიძლია ჩვენი ოჯახის გადარჩენა, ეს შენი მოვალეობააო. არასდროს დამავიწყდება, როგორ მიმიხმო მომაკვდავმა დედამ და მთხოვა, მამა და ძმები არასდროს მიმეტოვებინა, რომ ისინი უჩემოდ დაიღუპებოდნენ. არ ვიცი, ასე ძალიან რატომ უყვარდა თავისი ფუქსავატი ქმარი.
- არ მაინტერესებს ამ სისულელეების მოსმენა, კმარა! - ისევ აუწია გუჯიმ ხმას.
- ეს სისულელე კი არა, რეალობაა. - ხელი აუკრა ქმარს იამ, - ის რეალობა, რომელზეც, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, მე არაფერი ვიცი. იცი, რას გეტყვი? სულაც არ მომწონს ეს რეალობა! ასეთ რეალობას ყოველთვის წინ აღვუდგები!
- მაგ რეალობაში ჩვენს ქორწინებასაც გულისხმობ? - ბოღმა გაისმა გუჯის ხმაში.
- ჩვენი ქორწინება სულ სხვაა. ეს ორი სუფთა სულის კავშირია, შენ თუნდაც ვერ ხვდებოდე ამას.
- უნდა გითხრა, რომ ჩემი სული, სამწუხაროდ, სულაც არ არის სუფთა. ასე რომ, როცა ორი სუფთა სულის კავშირზე ლაპარაკობ, მე არ მიგულისხმო. შენი არ იყოს, ესეც რეალობაა, მწარე რეალობა ისევე, როგორც მამაშენის თავქარიანობა და ჩემი შურისძიება. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე მიხვდები ამას თუ ვერა?
იას გაუკვირდა ქმრის სიტყვები, არც მისი ტონი მოეწონა დიდად და სახე შეეცვალა.
- არ მესმის, რას გულისხმობ, - დაბნეულმა ჩაიჩურჩულა.
- იცი, რა არის რეალობა? რატომ შეგირთე ცოლად? გგონია, გმირი ვარ? გგონია, მივაფურთხე, რას იტყოდნენ სხვები ჩემზე და შენი სიყვარულით გავგიჟდი? ან შემეცოდე და შენი ღირსების აღდგენა მეწადა? მე შური მინდოდა თქვენზე მეძია, მთელ შენს ოჯახ..
- იტყუები. - მშვიდად გააწყვეტინა ცოლმა, - შურისძიება რომ გდომებოდა, კიდევაც იძიებდი აქამდე. რაც შენ ჩაიფიქრე, მხოლოდ შენს მამაკაცურ სისუსტეზე მიუთითებს და სხვა არაფერზე. ახლა კი ამ ყველაფერს იმიტომ მეუბნები, რომ არ გინდა შენი სისუსტე ვინმემ შეამჩნიოს, პირველ რიგში, შენ თვითონ!
- ღმერთო! რაებს როშავ, გოგო. აღარ ვიცი, რა ენაზე გელაპარაკო. საიდან მოგაქვს ასეთი ფანტაზიები. ერთი გამაგებინა, მაგ თავში რა გიყრია? _ მამაკაცმა ამოიხვნეშა, ხმა რაც შეიძლებოდა გაიმკაცრა და ცოლს მბრძანებლური ტონით მიმართა, - მორჩა! არც ერთი სიტყვა! მოდი ჩემთან!
ია ნელა დაიძრა გუჯისკენ და როგორც კი დაიძრა, უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო. ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა:
- რა გინდა ჩემგან, რატომ თავს არ დამანებებ? ჩათვალე, რომ შური უკვე იძიე ჩემზე.
მამაკაცმა ცივად და სასტიკად გაიღიმა:
- როგორ ფიქრობ, რა უნდა მინდოდეს? ასე უცებ დაგავიწყდა, წეღან რაც გითხარი? რა მიზეზითაც ცოლად შეგირთე?
- არა, არ დამვიწყებია. მითხარი, რომ შურის საძიებლად შემირთე.
- სულ ეს არის? მხოლოდ ეს დასკვნა გამოიტანე ჩემი ნათქვამიდან? არის კიდევ ერთი, უმთავრესი მიზეზი, რატომ იმას არ ახსენებ? შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და შენი მოვალეობა უნდა შეასრულო.
იას შიშისგან მუხლები მოეკვეთა. შეჰყურებდა ქმარს და აოცებდა მისი გარდასახვა - გუჯის სახეზე არც სითბო ჩანდა და არც ვნება - მასზე მხოლოდ რისხვა და სისასტიკე იკითხებოდა.
- ნუთუ ასე გაგამწარა ჩემმა თხოვნამ, დათოს დახმარებოდი? ალბათ გგონია, რომ სისუსტის გამო დამითმე და ეს გაცოფებს? მაშინ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. აღარასდროს გეტყვი, რომ საკუთარი სისუსტის დამალვას ცდილობ.
- გეყოფა, რა. როცა გეუბნები მოდი-მეთქი, ესე იგი, უნდა მოხვიდე!
გუჯიმ პერანგის ღილები შეიხსნა. წამიც და მხოლოდ ტრუსის ამარა დარჩა. იას ისე დაეჭიმა სხეული, რომ უმწეობისგან ხალათი უფრო მჭიდროდ შემოიტმასნა ტანზე. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს გუჯი მის გაუპატიურებას აპირებდა.
- შენ ხომ იცი, როგორ მაღელვებს შენი სხეული. როცა ჩემთან ახლოს ხარ, თავის შეკავება მიჭირს და სწორედ ამაშია შენი ძალა. მოდი ჩემთან.
ია რამდენიმე წამი ყოყმანობდა. ვერ ხვდებოდა, რა ჰქონდა ქმარს ჩაფიქრებული, თუმცა ამწუთას ყველაფრისთვის მზად იყო - სიყვარულისთვისაც და გათელვისთვისაც. ამიტომ კვლავ დაიძრა მისკენ, მიუახლოვდა და თვალი თვალში გაუყარა. კარგა ხანს უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთ მხარეს მეორის ფიქრების გამოცნობა სურსო. ქმარი ცოლის თვალებში უანგარო სიყვარულს ხედავდა, ცოლი კი ქმრის თვალებში - მხოლოდ ტკივილს -დაჭრილი მხეცის ტკივილს, რომელსაც ძველი იარები გახსნოდა და სადაცაა, სისხლისგან დაიცლებოდა.
და ია მიხვდა - გუჯის, როგორც არასდროს, ისე სჭირდებოდა ამწუთას მისი სიყვარული. რატომღაც, დარწმუნებული იყო, შეეხებოდა თუ არა მამაკაცი, მაშინვე ყველაფერი მოგვარდებოდა, ეს უაზრო პაექრობა დასრულდებოდა და მოჯადოებული წრეც გაიხსნებოდა.
კაბინეტიდან გავიდა და საწოლ ოთახს მიაშურა. მთვარეულივით მიუახლოვდა საწოლს, ხალათი გაიძრო, იატაკზე მიაგდო, საბანი გადასწია და დაწვა. გუჯი უკან მიჰყვა და ცოლს გვერდით მიუწვა, მაგრამ არ განძრეულა. ხელები თავქვეშ ამოიდო და შეფარვით გახედა ქალს. ია მისკენ შეტრიალდა და თითები თმაში შეუცურა, თან შიშველ მკერდზე კოცნიდა. მიუხედავად ამისა, ქმარი არც ალერსზე პასუხობდა და არც ხმას იღებდა.
- გუჯი… - დაიჩურჩულა იამ და ხელისგული ნაზად მოატარა მამაკაცის მკერდზე.
- დაიძინე! უკვე გვიანაა! - როგორც იქნა, ამოთქვა მამაკაცმა და ცოლის ხელი ცივად მოიშორა…
როცა გუჯის გამოეღვიძა, უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. იას ჯერ კიდევ ეძინა, თავი მის მკლავზე დაედო, ფეხები მოეკეცა და სახეზე ბავშვურად მშვიდი გამომეტყველება დასთამაშებდა.
მამაკაცს უკვირდა, რომ ამ პატარა, ციცქნა გოგომ მოათვინიერა. არაფრით არ უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ რეალობას ვერსად გაექცეოდა _ ის უკვე აღარ იყო ის გუჯი, რომელსაც ყველა იცნობდა - სასტიკი და დაუნდობელი. ის ისეთი იყო, როგორიც ბავშვობაში, როცა დედა გვერდით ჰყავდა - კეთილი, გულთბილი, რბილი…
ეს თითქოს აღმოჩენა იყო მისთვის. კოპები შეიკრა, მოიღუშა. სულაც არ უნდოდა მისი ეს შინაგანი ცვლილება სხვას შეემჩნია, მით უფრო - იას და ცოლს სახეზე დააშტერდა.
იამ თითქოს იგრძნო, ქმარი რომ უყურებდა, ძილში გაიღიმა და ისე ჩაეხუტა, რომ მამაკაცს სუნთქვა შეეკრა…
შუადღე იყო. გუჯი თავის კაბინეტში იჯდა და მის წინ მოკალათებულ ცოლს თვალს არ აშორებდა.
- ვერაფერი გავუგე ამ სიას, საერთოდ ვერ ვცნობ ამ ხალხს. ჩემთვის სრულიად უცნობი გვარებია ჩამოწერილი. - მოულოდნელად აბუზღუნდა ია.
- და რატომ იკლავ თავს? უბრალოდ, ვინც გეცნობა და ვისი დაპატიჟებაც შენ გსურს, ისინი შემოხაზე. დანარჩენს მე მივხედავ. უბრალოდ, მე არ მინდა ის ადამიანები გამომრჩეს, ვისი დაპატიჟებაც შენ გინდა. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი საღამო იქნება და მინდა კარგი დრო გაატარო.
იამ დაკვირვებით შეხედა ქმარს, ამოიოხრა და უთხრა:
- ასეთი სიის შედგენა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დაგეგმვა. მე საერთოდ რა შუაში ვარ? ესენი შენი ნაცნობები არიან და შენვე დაპატიჟე. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის შემოვხაზავ? მაინც არ ვიცნობ და… სულ სამი თუ ოთხი ადამიანია ისეთი, ვინც მე ვიცი.
გუჯიმ თავი გადააქნია, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. რატომღაც, შინაგანად აფორიაქებული იყო და სადღაც, გულის სიღრმეში დანაშაულის შეგრძნება აწუხებდა.
ეს გრძნობა მისთვის ახალი და უჩვეულო იყო, რაც ზედმეტად აღელვებდა, თითქოს სიმშვიდეში უშლიდა ხელს. მის ჩაკეტილ სამყარში ამგვარ ემოციებს არაფერი ესაქმებოდა. დღემდე მისი ცხოვრების უმთავრესი კრედო იყო სამართლიანობა, შურისძიება, ღირსება და მოვალეობა. ამის გაფიქრებაზე ცოლისკენ გააპარა თვალი და მიხვდა, ფიქრებში ჩამოთვლილ კრედოს ოთხეულს სიყვარულიც რომ დაემატა.
საკუთარ სულელურ ნაბიჯად თვლიდა, რომ წუხელ ერთ-ერთი ქავთარაძის საშველად გაიქცა. აღიზიანებდა თავისი დაუფიქრებელი საქციელი, ცოლის თხოვნას გვერდი რომ ვერ აუარა, თუმცა არა მხოლოდ ეს, სხვა რამეც აწუხებდა - იას სიტყვები, მეც მეზიზღებოდა მამაჩემი ისე, როგორც შენ გეზიზღებოდაო.
ფიქრებიდან იას ხმამ გამოარკვია.