- გუჯი, არ ჯობია ლილი დეიდას მივანდოთ ეს საქმე? შენს მდივანს იმხელა სია შეუდგენია, ყველა რომ დავპატიჟოთ, ნახევარი თბილისი აქ მოიყრის თავს. ამდენი ადამიანი ამ სახლში როგორ დაეტევა?
- შენ მაგაზე არ იდარდო. დატევით დავტევთ, მაგის პრობლემა არ შეიქმნება. დაანებე თავი, რახან შენ ვერ წყვეტ, ვინ დავტოვოთ და ვინ გადავხაზოთ, მე მომანდე ეგ საქმე. შეეშვი, აგერ დამიდე და მერე მივხედავ. ჯერ მთელი კვირა გვაქვს წინ.
- სასაცილო არ იქნება, მოწვეულთაგან არავინ რომ არ მოვიდეს? - გულუბრყვილოდ შენიშნა იამ.
გუჯის გაეცინა.
- ეს შეუძლებელია. მოსვლით ყველა მოვა, ვისაც დავპატიჟებ. - მერე მცირეოდენი პაუზა გააკეთა და ხმადაბლა დაამატა, - ერთი რთული ამოცანის გადაჭრა კი მომიწევს.
- რა ამოცანის? - გოგონამ თავი ასწია, კალმისტარი კბილებშუა მოიქცია და ქმარს მიაჩერდა.
- წუხანდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო. ძალიან უხეშად გამომივიდა, მაგრამ გპირდები, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარ განმეორდება.
- მე მესმის შენი. ვიცი, ასე რატომაც მოიქეცი, ასე რომ, საბოდიშო არაფერია.
- შენ მართალი ხარ. მამაჩემი მართლა მეზიზღებოდა, - მოულოდნელად წამოიწყო გუჯიმ, -მეზიზღებოდა იმის გამო, რომ თავი მოიკლა და მე და დედა ბედის ანაბარა დაგვყარა. იმ ღამეს, როცა მამა შინ დაბრუნდა, თავსხმა წვიმა იყო. მესმოდა, დედამ რომ ჰკითხა, რა მოხდა, სახეზე ფერი არ გადევსო. მამამ არაფერი უპასუხა, ბიბლიოთეკაში შევიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმაც გაისმა. მე პირველმა მივირბინე მასთან. მაგიდაზე დამხობილი სისხლში ცურავდა, პისტოლეტი კი იატაკზე ეგდო. წერილიც კი არ დაგვიტოვა, ასე რატომ მოიქცა. ერთი თბილი სიტყვა არ გაიმეტა ჩვენთვის, არც ბოდიში მოგვიხადა.
იას ცრემლი მოადგა თვალებზე. ქმრის აღსარებამ გული აუჩუყა. კალამი მაგიდაზე დადო, გუჯის მიახლოვდა და მოეხვია…
მეორე დღეს ხუთშაბათი იყო და იას გაახსენდა, რომ სწორედ ამ დღეს დაპატიჟა სანდრო არაბულმა ლიტერატურულ საღამოზე. გუჯი სამსახურში იყო, შინ გვიან დაბრუნდებოდა, ამიტომ იამ მის დაუკითხავად გადაწყვიტა წასვლა.
დიდხანს არჩევდა ტანსაცმელს. ბოლოს თეთრზოლიანი ლურჯი კოსტიუმი ჩაიცვა და თმა უკან გაიკრა. იფიქრა, საღამოს მკაცრი სტილის სამოსი უფრო მოუხდებაო.
როცა დარბაზში შევიდა, მაშინვე მოდურად და ექსტრავაგანტურად ჩაცმული ქალები მოხვდა თვალში. მის დანახვაზე ყველა აჩურჩულდა. ერთი უცებ წამოდგა, შეეგება, ლიზი ოთხმეზური ვარო, გაეცნო და იქვე მდგარი ცარიელი სავარძელი შესთავაზა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა. ია წამოწითლდა, რადგან ყველა დაჟინებით მისჩერებოდა. ინანა, რომ მოვიდა. ნეტავ რატომ დავთანხმდი სანდროს, აქ რა მესაქმებოდაო, გაიფიქრა. სწორედ ამ დროს არაბულიც დაინახა, რომელიც მისკენ მოიჩქაროდა.
მამაკაცი გოგონას ხელზე ეამბორა, მოიკითხა და მის გვერდით ჩამოჯდა. ცოტა ხანს ილაპარაკეს, მერე სანდროს ვიღაცამ დაუძახა და ისიც მაშინვე წავიდა. ია მარტო დარჩა. ირგვლივ რომ მიმოიხედა, მიხვდა, რომ ქალები მასზე ჭორაობდნენ. მაშინვე მოიწყინა. უგულისყუროდ ისმენდა მისთვის უცნობი პოეტების გამოსვლებს. უკვე აღარ უნდოდა აქ ყოფნა, ამიტომ წასვლა დააპირა. წამოდგა კიდევაც და სწორედ ამ დროს მის გვერდით ვიღაც კაცი აისვეტა.
- გამარჯობა, ია. მე გოგი ვარ, ასათიანი. გუშინწინ ბათუმში მამათქვენი ვნახე. კაზინოშიც კი ვითამაშეთ ერთად, - ხელოვნურად დაყენებული ხმით გაეცნო ხანში შესული კაცი.
იამ ერთი კი შეხედა უცნობს და რატომღაც, მაშინვე არ მოეწონა.
- მართლა?
- დიახ, დიახ და მინდა გითხრათ, რომ რამაზი ერთობ რისკიანი მოთამაშეა. ისე, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან შეწუხებული მეჩვენება მამათქვენი. არადა, პირიქით, გახარებული უნდა იყოს. თქვენ ხომ ახლახან ბრწყინვალედ გათხოვდით.
სიტყვა "ბრწყინვალე" გულზე მოხვდა იას, მაგრამ არ შეიმჩნია.
- მამების ამბავი ხომ იცით, გოგოს გათხოვებას ყოველთვის მტკივნეულად განიცდიან. მით უფრო, რომ მე მისი ერთადერთი ქალიშვილი ვარ.
- დიახ… და, როგორც ჩანს, ერთადერთი იმედიც, - მრავალმნიშვნელოვნად დაურთო ასათიანმა და უსიამოვნოდ გაიღრიჭა.
იას უკვე ნერვებს უშლიდა ეს დიალოგი და თვალებით სანდროს დაუწყო ძებნა. როგორც კი მას თვალი მოჰკრა, უსიამოვნო მოსაუბრეს ბოდიში მოუხადა, მეჩქარებაო და სასწრაფოდ გაერიდა.
- სანდრო, მეტხანს ვეღარ დავრჩები, მაგვიანდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ უნდა გავიქცე.
- გამიხარდა, რომ მოხვედი. არ მეგონა, ასე თუ იჩქარებდი. მოიცა, გაგაცილებ.
ისინი ქუჩაში გავიდნენ.
- რას შვრება შენი რომანი, არ დაამთავრე? - შეეკითხა სანდრო, სანამ ტაქსი გამოივლიდა, თან დრო იხელთა და იას ხელი მუჭში მოიმწყვდია.
- ბოლო ხანს ვეღარ მოვიცალე, რომ ჩავუჯდე. სხვა საქმეები მქონდა. იცი? აგერ მაქვს, ჩანთაში, რატომღაც, თან წამოვიღე.
- რას ამბობ! არ დამიტოვებ? მაინტერესებს, რას წერ. წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი. მერე გამოცემაზეც ვიფიქროთ.
- ოჰ, სანდრო, რა კეთილი ხარ. - სიხარული ვერ დამალა იამ, ხელჩანთა გახსნა და დაბეჭდილი ფურცლების დასტა ამოიღო.
- ხვალ მაია შადურის წიგნის პრეზენტაციაა და გეპატიჟები. მანამ ამასაც წავიკითხავ და იქ მოგიტან. ხომ მოხვალ?
- მოვალ, რა ვიცი, - დაირცხვინა გოგონამ.
- ოღონდ პირობა მომეცი, რომ იქიდან ბანკეტზე წამომყვები და ჩემთან იცეკვებ.
- დიდი სიამოვნებით! დამირეკე, კარგი? - გაუღიმა იამ და მოახლოებულ ტაქსის ხელი დაუქნია…
დიდ ოთახს გვერდით ჩაუარა და იქიდან რაღაც უცნაური ხმაური შემოესმა. მაშინვე უკან გამობრუნდა, კარი შეაღო და შეცბუნებული ადგილზე გაშეშდა.
ოთახში წელზევით შიშველი გუჯი და თავისი ძმები დაინახა.
- რა ხდება აქ, რა ამბავია? - წამოიძახა შეშინებულმა, როცა დაინახა, რომ ზურა ძლივს წამოდგა ხალიჩიდან, ხოლო დათო გულდასმით უსმენდა გუჯის.
- მოწინააღმდეგეს მუშტი ეგრევე არ ჩასცხოთ, - უხსნიდა ბიჭებს გუჯი, - მიეცით საშუალება, მოგიახლოვდეთ, მერე კი სწრაფად ოდნავ მარჯვნივ გადით. ის ინსტინქტურად გამოგყვებათ და წონასწორობას დაკარგავს. წონასწორობა კი მთავარია, გასაგებია?
- გასაგებია, ერთხელ კიდევ ვცდი, - წარმოთქვა აქოშინებულმა ზურამ და თან გაწითლებული მხარი დაიზილა.
- იქნებ გამაგებინოთ, აქ რა ხდება?
მის ხმაზე სამივე მამაკაცი კარისკენ შეტრიალდა.
- ია, რატომ შემოხვედი? აქ ქალებს არაფერი ესაქმებათ, ახლავე მოუსვი აქედან და კარი მოიხურე, - გუჯიმ ცოლს კარისკენ მიუთითა.
- რატომ უნდა წავიდე? მეც მინდა გიყუროთ, - გოგონას სითბო ჩაეღვარა გულში, როცა ასეთ სცენას შეესწრო.
- წადი, წადი, დროს ნუ გვაკარგვინებ, - რბილად უთხრა ქმარმა და ხელკავი გამოსდო, რათა კარამდე მიეყვანა.
- ძალიან კი მჭირდებით, აი! ერთი ამათ დამიხედეთ, სამი ჭინკა შეკრებილა და რა ამბავში არიან, - ტუჩი აიბზუა გოგონამ და გავიდა, თან სიხარულით აღარ იყო, როცა მიხვდა, რომ გუჯი მის ძმებს შეურიგდა.
მიუხედავად ამისა, საღამოს, ვახშმის დროს მაინც ჰკითხა ქმარს:
- ამიხსენი ერთი, რას აკეთებდით შენ და ჩემი ძმები იქ, ოთახში?
- ეგ შენი საქმე არ არის.
- რას ჰქვია, ჩემი საქმე არ არის? ერთმანეთს ეძიძგილავებოდით ნახევრად შიშვლები და ჩემი საქმე არ არის? - აპილპილდა.
- კარგი, კარგი, გეტყვი. ხომ ვიცი, მაინც არ მომასვენებ. სიმართლე გითხრა, ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე, ეს როგორ მოხდა. მოულოდნელად დამადგნენ თავს და მთხოვეს, რამდენიმე ილეთი გვასწავლე, ჩხუბის დროს რომ გამოვიყენოთო.
- შტერები! - ჩაიცინა იამ, - კაზინოში რომ დაწანწალებენ სათამაშოდ, არ ურჩევნიათ სპორტულ სექციაში იარონ და იქ ისწავლონ ილეთები? - მერე თვალი ეშმაკურად მოჭუტა და ქმარს ხმადაბლა შეეკითხა, - მეც მასწავლი?
- არა, ჩხუბი ქალის საქმე არ არის. - თავი კატეგორიულად გადააქნია გუჯიმ, - თუ გინდა, სხვა რამე მთხოვე, ოღონდ ეგ არა.
- კარგი, მაშინ სხვა რამეს გთხოვ. - იამ დანა-ჩანგალი თეფშზე დააწკარუნა, - მიქირავე ერთი პატარა ოფისი. მინდა საკუთარი ლიტერატურული სალონი მქონდეს. დღეს ერთგან ვიყავი და საერთოდ არ მომეწონა. მე უფრო მაგარს გავაკეთებ.
გუჯი უეცრად დაიძაბა.
- ვინ იყო იმ სალონში, ვისთან ერთად იყავი?
იამ გადაწყვიტა, სანდრო არაბული არ ეხსენებინა ქმართან, ამიტომ უდარდელი სახე მიიღო და წარმოთქვა:
- ჩემთვის თითქმის ყველა უცნობი იყო, მაგრამ ერთი მეტად უსიამოვნო კაცი კი დამამახსოვრდა.
- ვინ კაცი? გვარ-სახელი არ იცი? - შუბლი შეიჭმუხნა გუჯიმ.
- ვინმე გოგი ასათიანი.
"რახან გოგი იქ იყო, სანდროც აუცილებლად იქნებოდა", - გაიფიქრა გუჯიმ და გადაწყვიტა, იასთვის სიმართლე ეთქმევინებინა.
- მაგ გოგი ასათიანს, მგონი, მეც უნდა ვიცნობდე. ამას წინათ ერთ ადგილას შევხვდი და ჩემზეც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. სხვა ისეთი არავინ ყოფილა, ვინც გეცნო?
- არა, არავინ. მე ხომ თბილისში თითქმის არავის ვიცნობ, - სწრაფად უპასუხა იამ და ქმარს თვალი აარიდა.
"ესე იგი, ისიც იყო, რადგან ჩემი ცოლი ამის დაფარვას ცდილობს". - მამაკაცს სახე გაუმკაცრდა.
- ია, მინდა დაწვრილებით მომიყვე, რა მოხდა დღეს იქ, სადაც იყავი.
- არა, არ გეტყვი, სანამ მე თვითონ არ დავრწმუნდები.
- და რაში უნდა დარწმუნდე, თუ საიდუმლო არ არის?
- გამომივა თუ არა ერთი რაღაცა.
მამაკაცი ლამის გაგიჟდა ცოლის ასეთ პასუხზე და პირქუშად მიაჩერდა.
"საინტერესოა, რა ჩაიფიქრა. ხელმეორედ ხომ არ აპირებს არაბულთან ერთად გაპარვას? რას მიმალავს?" მართალია, ცოლის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ქალებს არასდროს ენდობოდა და ახლაც ასეთი უნდობლობის წინაშე დადგა.
- მაინც რა უნდა გამოგივიდეს ისეთი, მე რომ არ მეუბნები?
- ეს ჯერ საიდუმლოა.
- რას ნიშნავს, საიდუმლოა? მინდა ყველაფერი ვიცოდე, გესმის? ნუ შემშალე ჭკუიდან!
- თუ გითხარი, რაღა საიდუმლო გამოვა?" - გულუბრყვილოდ შეჰღიმა იამ.
- გოგო, შენ ჩემი ცოლი ხარ და ჩამგან დაფარული არაფერი არ უნდა გქონდეს.
- ვიცი, მაგრამ რომ არ გამომივიდეს ის საქმე, შევრცხვები შენთან. ამიტომ არ მინდა წინასწარ გითხრა.
გუჯის მოთმინების ფიალა აევსო, წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წინ აესვეტა.
იამ ამოიოხრა და ხმადაბლა შეეკითხა:
- შეგიძლია დაიფიცო, რომ ამის შესახებ არავის ეტყვი?
გუჯიმ ჩაიცინა.
- ეგღა მაკლია, საკუთარ ცოლზე ვიღაცას ვეჭორაო.
გოგონა დამშვიდდა, შემდეგ ქმარს ღიმილით ახედა და დაიწყო:
- რაც არის, არის… გეტყვი. სანდრო არაბული შემპირდა, რომ ჩემს რომანს წაიკითხავს და თუკი მოეწონება, მის გამოცემაში დამეხმარება. ისე ვნერვიულობ, რომ ვერ ვისვენებ.
გუჯი გაშრა. ვერაფრით ვერ გაეაზრებინა, რაც მათ შორის მოხდა მას შემდეგ ია სანდროს როგორ უნდა გაჰკარებოდა. ამწუთას მზად იყო, ცოლისთვის სილა გაეწნა და საერთოდაც, სახლიდან გაეგდო, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავა თავი.
- შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რაც მაგ ახვარმა გაგიკეთა მას შემდეგ საერთოდ როგორ გაეცი ხმა? ახლოს როგორ გაიკარე?
ია გახევდა. ასეთ რეაქციას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს ხმისთვის არ აუწევია, მიხვდა, რომ იგი საშინლად გაბრაზდა და ენა დაება:
- მე… ისა… განა რა… ცუდი არაფერი… თვითონ გამომელაპარაკა და…
- და რა? - გუჯიმ თავი დასწია და ცოლს სახე ახლოს მიუტანა, თან მზერით ლამის გაბურღა.
- მკითხა, როგორ ხარო, რას წერო…
- და შენც ჩაუკაკლე, რომანზე ვმუშაობო, არა? თანამდგომი გაიჩინე, ხომ?
იამ კრინტი ვერ დაძრა. ერთიანად აჭარხლებულმა თვალები დახარა და დატუქსული ბავშვივით იატაკს ჩააჩერდა.
- ვერ გამიგია, მართლა ასეთი მიამიტი ხარ თუ მე მაჩვენებ თავს? ნუთუ ბავშვობის ასაკიდან კიდევ ვერ გამოხვედი? შენ უკვე გათხოვილი ქალი ხარ. შენ ჩემი ცოლი ხარ! ვერ გაითავისე ეს?! მაინცდამაინც იმ კაცს უნდა დალაპარაკებოდი, ვინც ხალხის ყბაში ჩაგაგდო?
- მაგრამ აქ ხომ ეს არავინ იცის.
- ია, ნუ მაგიჟებ! რა ვილაპარაკეთ ამას წინათ მე და შენ?
- დაივიწყე ის ამბავიო, - თავჩაღუნულმა ჩაილუღლუღა.
- მერე? ესაა დავიწყება?
გოგონამ მოულოდნელად თავი ასწია და ქმარს თამამად შეაჩერდა სახეში.
- დიახაც, სწორედ ესაა. ის ამბავი დავივიწყე, მაგრამ სანდრო დახმარებას შემპირდა და უარი რატომ უნდა მეთქვა? ხამივით გამოვქცეულიყავი და მეყვირა, ახლოს არ გამეკარო-მეთქი? მას ცუდი ჩემთვის არაფერი უკადრებია, პირიქ…
- გაჩუმდი, თუ ქალი ხარ! - გუჯიმ ხელები მომუშტა, - გაჩუმდი! - ჩურჩულით გაიმეორა და ოთახიდან გავიდა.
მამაკაცმა კარი ისე გაიჯახუნა, ია შეშინებული შეხტა.
სანდროსნაირებს გუჯი კარგად იცნობდა. ის ყოველნაირად შეეცდებოდა იას მოხიბვლას. რა გარანტია იყო, რომ რევანშის აღებას არ მოისურვებდა და რაც სამი წლის წინათ არ გამოუვიდა, ახლა დაეგვირგვინებინა?
გადაწყვიტა, სასწრაფოდ ენახა არაბული და დალაპარაკებოდა…
მეორე დღემ ისე ჩაიარა, გუჯი წესიერად არც დალაპარაკებია ცოლს. სახლიდან გასვლისას გვიან დავბრუნდებიო, ჩაიბურტყუნა და წავიდა. იამ გული ვერაფერს დაუდო, ვერც დაწერა, ვერც ვერაფერი წაიკითხა და ვერც საოჯახო საქმეებს შეავლო ხელი. საღამო ხანს ბაღში ჩავიდა, ყვავილებს მაინც მოვრწყავ და გულს გადავაყოლებო. ნანობდა, ქმარს რომ აწყენინა, თუმცა თავის საქციელში მიუღებელს ვერაფერს ხედავდა. უკვირდა, რატომ აღაშფოთა გუჯი იმან, რომ სანდრო არაბულს დაელაპარაკა.
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ მოულოდნელად ლილი დეიდა გამოეცხადა, გოგონას მოეხვია, აკოცა და იქვე, ძელსკამზე ჩამოჯდა.
- იაკო, როგორ გიხდება ეს მწვანე კომბინეზონი. ვარდების ფონზე შესანიშნავად გამოიყურები.
- მადლობა, ლილი დეიდა.
- გუჯი მალე მოვა?
ია შეცბა:
- არ ვიცი. წავიდა, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელიო და ალბათ შეაგვიანდება.
- ეჰ, ნეტავი ჩემი საცოდავი და მოსწრებოდა ამ დღეს. გუჯი ოდესმე ცოლს თუ შეირთავდა, ვინ იფიქრებდა? თანაც, როგორ გაუმართლა, შენნაირი კარგი გოგო რომ შეხვდა.
- ამბობენ, ძალიან კარგი ადამიანი იყოო. გუჯის განსაკუთრებულად ჰყვარებია, ამას ახლაც ვგრძნობ, როცა მასზე საუბრობს. იცით, ლილი დეიდა… თუ გოგო მეყოლა, აუცილებლად მის სახელს დავარქმევ, ელენეს. ძალზე ლამაზი სახელია. - იამ შლანგი ძირს დადო, წყალი გადაკეტა ლა ლილის გვერდით მიუჯდა.
- გმადლობთ, ჩემო საყვარელო, შენ საოცრად თბილი ხარ, - მხარზე ხელი მოხვია ქალმა იას და თავი თავზე მიადო, შემდეგ კი საქმიანად ჰკითხა, - რა გადაწყვიტეთ სუფრის თაობაზე? როდის აპირებთ?
- იმ კვირაში… მაგრამ ისე მეშინია… ხალხმრავლობას გადავეჩვიე.
- არა უშავს, ჩემო ლამაზო, ისევ მიეჩვევი. მთავარია, ოჯახის დიასახლისის პოზიცია გაიმყარო. ყველამ უნდა ირწმუნოს, რომ ჩემს დისშვილს მაგარი ცოლი ჰყავს. ეს სუფრა შენი დებიუტი იქნება ოჯახის დიასახლისის რანგში. თანაც, ისეთებიც მოვლენ აქ სტუმრად, ვისაც გუჯი ადრე მტრად მიიჩნევდა.
- ირაკლი მესხსა და ლადო ჭელიძეს გულისხმობთ? - სმენად იქცა ია.
- ჰო, მაგათ, - ამოოხვრით დაუდასტურა ლილიმ.
იამ ფიქრიანი მზერით შეხედა ქალს და შეეკითხა:
- ლილი დეიდა, რა მოხდა ისეთი, ეს ხალხი ასე მტრად რომ გადაიკიდა? გუჯი არაფერს მეუბნება, მე კიდევ ვეღარ ვეკითხები, არ გავაბრაზო-მეთქი.
ქალმა კვლავ ამოიოხრა და ლამის ჩურჩულით ალაპარაკდა:
- ჯობდა, გუჯის თვითონ მოეყოლა შენთვის ყველაფერი, მაგრამ ის ისეთი გულჩათხრობილია, რომ თავის დარდს არავის უმხელს. გეტყვი, რაც მოხდა, ახლა არაფრის დამალვას არა აქვს აზრი. ირაკლი მესხი, ლადო ჭელიძე და თორნიკე გოგლიძის მამა ოდესღაც ჩემი სიძის უახლოესი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იყვნენ. როცა თენგიზმა თავი მოიკლა, გუჯი პატარა ბიჭი იყო, მაგრამ რაღაც-რაღაცები ესმოდა. იცოდა, რომ მამამისმა ბიზნესში დიდი თანხები დააბანდა. იმ წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობის წინ დატოვა, ეწერა, რომ მისი ვალების გადახდის შემდეგ მას და დედას, ანუ ჩემს დას ერთადერთ საარსებო წყაროდ მხოლოდ კომპანიაში მისი კუთვნილი წილი დარჩებოდათ. როცა თენგო დავკარგეთ, ოჯახი უსახსროდ დარჩა. რა წილი, რის წილი. ერთი თეთრი არ მიუციათ ჩემი დისთვის. გუჯი რომ წამოიზარდა, მიაკითხა მამამისის პარტნიორებს, რა წილიც გვერგება, მოგვეცითო, მაგრამ ახლოსაც არ გაიკარეს. თურმე ჩემი სიძის წილი სხვა ინვესტორისთვის მიუყიდიათ. და დარჩნენ ცარიელ-ტარიელი.
- და მამაჩემიც მათ გვერდით იყო, არა?
- ჰო… - უხერხულად მიუგო ლილიმ და განზე გაიხედა, არ უნდოდა გოგონას გული კიდევ ერთხელ სტკენოდა.
- და გუჯიმ შურისძიება გადაწყვიტა… - შეფიქრიანებულმა წარმოთქვა იამ.
- გადაწყვიტა და კიდევაც იძია. როგორც მე ვიცი, ლამის ნულზე დასვა ყველა, მამაშენისა და თორნიკეს გარდა. მამაშენი გასაგებია, მაგრამ თორნიკე რატომ დაინდო, ეგ აღარ ვიცი.
- მე ვთხოვე და იმიტომ. თორნიკეს გოგო ჩემი მეგობარია.
- ააა, მაშინ გასაგებია.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ლილი მიხვდა, რატომაც მოიწყინა რძალმა და სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა.
- მოდი, მე და შენ გავისეირნოთ, სადმე კაფეში შევიაროთ და ყავა დავლიოთ, თან ნამცხვარი მივაყოლოთ. ისედაც მთელი დღეა, შინ ხარ გამოკეტილი.
იამ ნაღვლიანად გაუღიმა ქმრის დეიდას, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წამოდგა…
სამსახურიდან გამოვიდა თუ არა, გუჯიმ ღამის კლუბისკენ აიღო გეზი. იცოდა, რომ სანდრო არაბულს იქ მიაგნებდა. მართლაც, პოეტი მყუდროდ მოკალათებულიყო ბარის სადგამთან და ვისკის წრუპავდა.
- მოკლედ, ტრადიციას არ ღალატობ! - ირონიულად წარმოთქვა გუჯიმ და სანდროს გვერდით მიუჯდა, - სადაა შენი მეგობარი გოგი ასათიანი?
- ცოტა შეაგვიანდება, - მიუგო შეცბუნებულმა სანდრომ, სიგარეტს წაუკიდა და გააბოლა.
- კარგია, რომ მარტო ხარ… სალაპარაკო მაქვს შენთან.
სანდრომ ვისკის ჭიქას თითები წაუჭირა.
- მეგონა, მე და შენ ლაპარაკი მოვამთავრეთ. მე ვიცავ ჩვენს შეთანხმებას. სიტყვაც არ დამიძრავს იას წარსულზე არავისთან, უფრო სწორად, ჩემთან დაკავშირებულ სკანდალზე. ახლა რაღა მოხდა?
გუჯიმ სარკასტურად გაიღიმა:
- წარმოდგენა არა მაქვს, რას გულისხმობ. ჩემი ცოლის წარსულში არავითარი სკანდალი არ ყოფილა. არ ვიცი, რისი თქმა გსურს მაგით.
- არა, არაფრის, - წარმოთქვა შეშინებულმა სანდრომ და ვისკი ერთი ამოსუნთქვით დააცარიელა, - ვერ გავიგე, რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?
- ხვალვე დაუბრუნე ჩემს მეუღლეს ის, რაც გამოართვი.
- ალბათ, მის რომანზეა საუბარი, არა?
- სწორედ ასეა და გააკეთე, რასაც გეუბნები.
- მაგრამ…
- მომისმინე, შე ქლიავო! - გუჯის სხეული დაეჭიმა და თვალები ბრაზით აენთო, - ჩემთან თამაშს არ გირჩევ. ორივემ კარგად ვიცით, რატომაც დაჰპირდი იას დახმარებას. რაო, ნანობ, რომ ხელიდან გაუშვი? ახლა აღმოაჩინე, რომ მაგარი საინტერესო ქალი ყოფილა? და გინდა, რომ მის რომანს ხოტბა შეასხა და ამით მისი გული მოინადირო?
არაბულმა თვალები დააცეცა და სკამზე აწრიალდა.
- შენ რა, ასე არ აუბნიე თავგზა? მის ლექსებს არ აქებდი?
- მე როგორ ავუბნიე თავგზა, შენი საქმე არ არის! ერთადერთი, რაც გევალება, ისაა, რომ კარგად დაიმახსოვრო: ია ჩემი მეუღლეა და ამით ყველაფერია ნათქვამი. გასაგებია? თუ არ გინდა, რომ შენი პოეტური ტალანტი უდროოდ ჩაქრეს, გაქრი მისი ცხოვრებიდან!
- რა, მოკვლას მიპირებ? მემუქრები? - სანდრომ თავი გვერდზე გადახარა და გუჯის მიაჩერდა.
- რას ბრძანებთ, ბატონო პოეტო! მე უფრო დახვეწილი მეთოდებით ვმუშაობ. მე შემიძლია შენს გამომცემელს ვეწვიო ერთ მშვენიერ დღეს და დავარწმუნო, რომ უნიჭო ხარ და მისთვის შენთან ურთიერთობა წამგებიანი იქნება. დავიდა შენამდე?
გაოცებულმა არაბულმა პირი დააღო. ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდა.
- და როგორ დაარწმუნებ ამაში?
- ფულს გადავუხდი, - ნიშნის მოგებით მიუგო გუჯიმ და უდარდელი ტონით გააგრძელა, - და თვალს მივადევნებ, რომ საქართველოში არც ერთმა გამომცემლობამ შენი ლექსები არ დაბეჭდოს. ახლა გასაგებად აგიხსენი?
სანდრომ პირი მოკუმა, ხელები გაასავსავა და ძალდატანებით წარმოთქვა:
- მე მხოლოდ მისი დახმარება მინდოდა, სხვა არაფერი.
- უკანასკნელად გეუბნები. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემს ცოლს თავი დაანებო და ნუ ჰპირდები, რომ რომანს დაუბეჭდავ!
- რატომ, გგონია, რომ ის რომანი არ ღირს გამოცემად?
- იას წერის გარდა ბევრი სხვა ნიჭიც აქვს, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, მისი ინტერესი ლიტერატურისადმი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. როგორ გგონია, მე ვერ დავუბეჭდავ? შენი დახმარება ვის რაში სჭირდება?
არაბულმა ჩაიღიმა.
- როგორც ჩანს, არ ენდობი საკუთარ მეუღლეს. შენი აზრით, ასე ადვილია მისი ყურადღების მიქცევა? - ირონიულად შეეკითხა სანდრო და ბარმენს ანიშნა, ერთი კიდევ ჩამომისხიო.
როგორც კი ბარმენმა ჭიქა ხელმეორედ გაუვსო, გუჯიმ დაასწრო, სავსე ჭიქას ხელი დაავლო და სანდროს სახეში შეასხა.
შეშინებული არაბული ფეხზე წამოხტა, წიხლებით არ შემდგესო, მაგრამ გუჯი არ განძრეულა. როცა სანდრო მიხვდა, რომ ამ მხრივ საშიშროება არ ემუქრებოდა, კვლავ დაჯდა და გაუბედავად წარმოთქვა:
- კი მაგრამ, მე მას შევპირდი და ახლა უარი რომ ვუთხრა, რა მიზეზით? როგორ ავუხსნა?
- ძალზე მარტივად. უთხარი, რომ მისი რომანის შეფასებაში ობიექტური ვერ იქნები. თანაც, ეს სიმართლეა. რა პოეტი შენ ხარ, რომ სხვისი შემოქმედება შეაფასო?
- შეურაცხყოფას ნუ მაყენებ!
- თუ მხოლოდ ამას დაგჯერდი, მადლობა უნდა მითხრა! - მუქარის ტონით წარმოთქვა გუჯიმ და წამოდგა, - ხვალვე! ხვალვე გაუგზავნე რომანი უკან! - საჩვენებელი თითი დაუქნია არაბულს და კლუბი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
ამ ამბიდან ორი დღე გავიდა. გუჯი ისე შეუმჩნევლად შეურიგდა იას, ვერც გაიაზრა. ამაში სანდროსთან შეხვედრამ ითამაშა დიდი როლი. მამაკაცი უკვე მშვიდად იყო, იცოდა, არაბული ვეღარ შეეცდებოდა იასთან დაახლოებას. ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ პოეტმა იას რომანი მართლაც მეორე დღესვე გამოგზავნა. ოღონდ არა იას, არამედ გუჯის მიუტანა სამსახურში გოგი ასათიანმა.
ახლა უკვე მთლიანად გადაერთო ჩაფიქრებული წვეულების დაგეგმვაზე. თავდაპირველად უნდოდა სახლში გაემართა ქეიფი. ამაში პრობლემას ვერ ხედავდა, ეზოც საკმარისად დიდი ჰქონდა და პირველ სართულზე, მარნის გვერდით მდებარე ოთახიც, სადაც ოცდაათამდე ადამიანი ეტეოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიფიქრა და თავის ახალ რესტორანში გადაწყვიტა სტუმრების მიღება. არც ია დაიღლებოდა და არც ჭურჭული გახდებოდა ლიდას დასარეცხი. ეს კარგად მოიფიქრა. ასე უფრო გაერთობოდნენ მოწვეული სტუმრებიც. თანაც, ახალ რესტორანს რეკლამასაც გაუკეთებდა. ეს უკვე რიგით მესამე რესტორანი იყო, რომელიც შეისყიდა. კიდევ ორის დათრევა ჰქონდა განზრახული, რათა თავისი მტრები საბოლოოდ გაენადგურებინა, მაგრამ ჯერ საქმე ბოლომდე არ მიეყვანა, ამიტომ ამაზე კრინტს არავისთან ძრავდა.
იმ დღეს ადრე წამოვიდა სამსახურიდან. დილიდან ორი შეხვედრა ჰქონდა და ისე დაიღალა, გადაწყვიტა, თვალი წაეტყუებინა. შინ მისულმა ია მოიკითხა და გაოცდა, როცა ლიდამ უთხრა, სტუმრები ჰყავსო.
- ვინ სტუმრები არიან? - მოიქუფრა.
- დეიდათქვენი და ვიღაც ორი ქალბატონი კიდევ.
გაოგნებული გუჯი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ. შორიდანვე მოესმა ქალების სიცილის ხმები.
კარი შეაღო და ადგილზე გაშეშდა. მრგვალ მაგიდას თორნიკე გოგლიძისა და ლადო ჭელიძის ცოლები უსხდნენ იასა და ლილისთან ერთად.
მამაკაცი ცივად მიესალმა სტუმრებს, რომლებიც ყავას მიირთმევდნენ და მხიარულად საუბრობდნენ. გუჯიმ კბილი კბილს დააჭირა - მისი ცოლი ძველი მტრების ცოლებს გულთბილად მასპინძლობდა.
გუჯის დანახვაზე საუბარი შეწყდა.
- მოხვედი, გუჯი? ასე ადრე რატომ დაბრუნდი? ხომ არ შემოგვიერთდები? - ღიმილით წამოიმართა ია და ქმრისკენ გაეშურა.
მეტისმეტად ბევრი შეკითხვა იყო მოკლე პასუხის გასაცემად. მამაკაცმა მის არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცა, პირგამეხებულმა მაინც თავაზიანად დაუკრა თავი ოთახში მყოფთ და უსიტყვოდ გავიდა. თავს ძლივს იკავებდა, ისე იყო გაცოფებული.
- ჩვენ წავალთ, დროა უკვე, - წამოდგა ქალბატონი სოფიო.
- იყავით, რა პრობლემაა? - ია ისევ ქალებისკენ გაბრუნდა, - ალბათ, საქმე ჰქონდა და შემოირბინა.
მაგრამ ქალები აღარ დარჩნენ. როცა დაიშალნენ და იამ სტუმრები გააცილა, ქმრის კაბინეტს მიადგა და კარი შეაღო თუ არა, მაშინვე საყვედურებს მოჰყვა:
- რა საჭირო იყო მათი შეშინება, რატომ მოიქეცი ასე?
- ჩემს დისშვილს ეს კარგად გამოსდის, - გაისმა ზურგს უკან ლილის ხმა.
გუჯიმ დეიდის რეპლიკა არად ჩააგდო, პირქუშად ცოლს მიაჩერდა და დაბოღმილმა ჰკითხა:
- იცი, რა მაინტერესებს, ქალბატონო? რა საერთო გამონახე მაინცდამაინც ამ ქალებთან? რა მიზნით მოიწვიე ჩემს სახლში?
- ჩვენს სახლში, - ღიმილით და გამომწვევად შეუსწორა იამ, - ვიცოდი, რომ ეს საკითხი დაგაინტერესებდა და პასუხი წინასწარ მოვამზადე. თურმე ამ ქალბატონების ქმრებს ვიღაც სარესტორნო ქსელის აწაპვნას უპირებს. უპირებს კი არა, თითქმის მოგვარებულიაო საქმე, როგორც გავიგე. უკვე რამდენიმე თვეა ეს ვითარება გრძელდება. ცოტაც და ორივე ოჯახი უარაფროდ დარჩება თურმე.
- ეს მათი პრობლემაა, მე რა შუაში ვარ? - უკმეხად მიუგო ქმარმა.
- შუაში კი არა, თავში ხარ. არ მითხრა, მაგათ რესტორნებს მე არ ვყიდულობო. თან ისე მოგიგვარებია საქმე, რომ ამ საცოდავებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, შენ თუ იყავი მყიდველი. ალბათ როგორ გიხარია, არა? ძველ მტრებს საბოლოოდ გაანადგურებ.
ო, როგორ არ ესიამოვნა ცოლის ტონი, მით უფრო, რომ დეიდამისიც იქვე იდგა და ყველაფერი ესმოდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. თავის სიცოცხლეში არავის ჭკუაზე არ გაუვლია, არავის მის საქმეში ცხვირი არ ჩაუყვია, ეს გოგო კი ცდილობდა, თავის ჭკუაზე ეტარებინა. ამას მოითმენდა?
გუჯიმ შუბლი შეიკრა და თვალებმოჭუტული მიაჩერდა ცოლს.
- ასეც რომ იყოს, შენ რა? შენ რას ითხოვ ჩემგან, დავინდო ისინი? ვერ ხვდები, რომ ეს შენი საქმე არ არის?
- რატომ არ არის ჩემი საქმე? მე შენი ცოლი არა ვარ? თუ ოჯახია, ოჯახი უნდა იყოს და ერთმანეთს ყველაფერს უნდა ვუყვებოდეთ. როცა ასეთ რამეს გეუბნები, რამეს ვაფუჭებ? ცუდისკენ გიბიძგებ? რაც იყო, იმას რომ ვეღარ დააბრუნებ, ხომ იცი? რატომ ცდილობ, გარშემო მტრები შემოიკრიბო? წეღან სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ქალები. მათ მთხოვეს, დაგლაპარაკებოდი. მეც დავპირდი, გადავათქმევინებ-მეთქი.
- არა, ეს უკვე მეტისმეტია! - წამოიყვირა გუჯიმ, - ჩემი სახელით რატომ ჰპირდები სხვას რამეს? უკვე მერამდენედ თან. ხომ გაგაფრთხილე? საინტერესოა, როგორ აპირებ მათი პრობლემის მოგვარებას.
- ია კი არა, ამ პრობლემას შენ მოაგვარებ! - გაისმა ლილის ხმა.
მამაკაცი გაცოფდა. ორი ქალის შემოტევა უკვე ნამეტანი იყო.
- ეს გინდოდა, არა? - გაცეცხლებული მიუტრიალდა იას, - დეიდაჩემიც აამხედრე ჩემ წინააღმდეგ, ხომ? რას მომჩერებიხარ გაოცებული? მიდი ახლა, იმართლე თავი! - გუჯი ხელების ქნევას მოჰყვა.
- თავის გასამართლებელი არაფერი მაქვს. ვიცი, რომ გამწარებული ხარ და მინდა გითხრა, სრული უფლება გაქვს ისინი დასაჯო.
- კიდევ კარგი, ამას რომ აღიარებ, - ტონი შეარბილა ქმარმა, მაგრამ იას თითქოს მისი სიტყვები არც გაუგონიაო, ისე გააგრძელა:
- მაგრამ დღეს ისე უჭირთ ამ ადამიანებს, არ მესმის, რა საჭიროა მათი გამწარება.
- ვითომ რატომ უჭირთ?
- იმიტომ, რომ თორნიკე გულითაა დაავადებული და დიდი ხანი არ დარჩენია. გარდა ამისა, შვილიშვილიც ინვალიდი ჰყავს, ეპილეფსიით იტანჯება და ყოველ წელს გარმანიაში დაჰყავთ სამკურნალოდ. თუ ბოლო ლუკმას გამოაცლი, როგორღა იცხოვრებენ? ვერ ხედავ, ღმერთმა ისედაც დასაჯა ისინი.
- კარგი რა! - ხელი აიქნია გუჯიმ, მაგრამ აშკარად შეეტყო, რომ წინანდებურად აღარ ბრაზობდა.
- ლადო ჭელიძე კიდევ უარეს დღეშია, - არ ცხრებოდა ია, - შვილი ავარიაში დაეღუპა, შვილიშვილს განგრენა განუვითარდა და ფეხი მოაჭრეს. ნუთუ არ გეცოდება ასეთი ხალხი?
- არ მესმის, რატომ უნდა მაინტერესებდეს ჩემი მტრების შვილების და შვილიშვილების ბედი… - ჩაიდუდღუნა გუჯიმ და სკამზე ჩამოჯდა.
- აბა, წარმოიდგინე, ჩვენს შვილებს რომ ვინმე ასე მოექცეს…
- რომელ ჩვენს შვილებს? არ მითხრა, რომ ორსულად ხარ და შვილი გეყოლება.
- ჯერ არა, მაგრამ ხომ გვეყოლება?
ლილი განზე იდგა და იას ყოველ არგუმენტზე თავს აკანტურებდა.
- მე ბევრჯერ გამოვცადე, რას ნიშნავს, როცა შენს სისხლსა და ხორცს საფრთხე ემუქრება. შენც მნახე ასეთ მდგომარეობაში სულ ახლახან, როცა დათოს გაუჭირდა. გულით სულაც არ ხარ ასეთი და არ მესმის, რა გემართება!
მამაკაცმა მეტყველების უნარი დაკარგა. თითქოს რაღაც სხვანაირად იმოქმედა მასზე ცოლის ტირადამ. სულ გადაავიწყდა, რომ მის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უნდა გაეთათხა. შეცბუნებული უცებ წამოხტა და ქალებისთვის ხმა არც გაუცია, ისე გავარდა ოთახიდან.
ჩაფიქრებული მიუყვებოდა დერეფანს. შვილები… შვილები მართლაც კარგია, მაგრამ როდის იქნება? წლები წარსულს ებღაუჭებოდა, რაც მას ძალას და ნებისყოფას მატებდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, რაც იაზე ჯვარი დაიწერა, მიხვდა, რომ, უნდოდა თუ არ უნდოდა, მომავალში შეაბიჯა…
ეზოში გავიდა და მანქანა დაქოქა. პირდაპირ გოგლიძეების რესტორნისკენ აიღო გეზი. მთელი გზა თვალწინ მხოლოდ ერთი სურათი ედგა - ია პატარა ბავშვებით გარშემორტყმული იდგა. ასე არასდროს მოსურვებია შვილი ჰყოლოდა. როცა იას ცოლად ირთავდა, ამაზე არც უფიქრია, მაშინ სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა. ახლა კი… ახლა ია ქავთარაძე მის ცხოვრებაში არა ქარიშხალივით, არამედ საღამოს თბილი ნიავივით შემოიჭრა და მის გულს მოელამუნა. ვერც გაიგო, როგორ და როდის შეუყვარდა. ვერც იმას მიხვდა, რატომ ეთანხმებოდა მის ყოველ რჩევას, რატომ გახდა ასეთი დამყოლი. ნუთუ სიყვარულს ამდენი რამ შეეძლო? მისნაირი კაცისთვის ადვილი არ იყო ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცეოდა. იამ თითქოს მოაჯადოვა. ამწუთას გუჯი სულ სხვა ადამიანი იყო, სხვანაირად ფიქრობდა, სხვანაირად აღიქვამდა მოვლენებს. შურისძიების წყურვილი თითქოს მთლიანად გაქრობოდა, წაშლილიყო ის ზღვარი, სამაგიეროს გადახდისკენ რომ უბიძგებდა.
როგორც კი რესტორნის დარბაზში შეაბიჯა, თორნიკეს და ლადოს მაშინვე მოჰკრა თვალი. ისინი, როგორც ყოველთვის, ერთად იყვნენ. გუჯი მათ მაგიდას მიუახლოვდა, დაუკითხავად მიუჯდა და არც მისალმებია, ისე აჯახა, გადავიფიქრე თქვენი რესტორნების შესყიდვაო.
ორივე მამაკაცს სახეზე დაბნეულობა და შიში აღებეჭდა, რამაც გუჯის, რატომღაც, სიამოვნება მოჰგვარა, მაგრამ იმწამსვე გაახსენდა მათი გაჭირვება და შუბლი შეიჭმუხნა.
ერთხანს არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა. ბოლოს თორნიკე ალაპარაკდა:
- ეს ხუმრობაა თუ…
- არა, არ ვხუმრობ. - შუბლზე ხელი მოისვა გუჯიმ, - ჩემი ცოლი ისე შემიჩნდა… გინდა თუ არა, კეთილშობილი და სულგრძელი ხარო, მიმტკიცებს, - თქვა და ცივად გაიღიმა.
- ჰო, ცოლებს ეხერხებათ ჩვენი გადაბირება, - გაღიმება ლადომაც სცადა, - თუ ეს მართალია, მადლობის მეტი რა გვეთქმის, გუჯი. ვიცი, ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ, მაგრამ მინდა გჯეროდეს, რომ პირადად მე მრცხვენია ჩემი საქციელის. თორნიკე კი საერთოდ არაფერ შუაშია, მამამისის გამო რატომ უნდა ზღოს…. მე მართლა მაწუხებს ის, რაც შენი ოჯახის მიმართ ჩავიდინე და ვინანიებ, თუ ეს შენთვის რამეს ნიშნავს.
- იმედია, ჩვენი გზები მომავალში აღარ გადაიკვეთება, - მშრალად წარმოთქვა გუჯიმ, ადგა და გასცილდა იმ ორ კაცს, წლების მანძილზე რომ ეზიზღებოდა.
გარეთ გასულმა საოცარი სიმსუბუქე იგრძნო -_ თითქოს ის ჯაჭვი გაწყვიტა, რომელიც ორი ათეული წელი შემოხვეული ჰქონდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა…
რამაზმა ქალიშვილს სწორედ იმ დროს დაურეკა, როცა ია ჩინელ მზარეულს, ლი ბოს მენიუზე უთანხმდებოდა. მათი საუბარი ცხარე კამათში გადაიზარდა, არც ერთი არ აპირებდა პოზიციის დათმობას.
- ლი, მე სულაც არ ვარ წინააღმდეგი, სტუმრებს რამდენიმე თავი ეგზოტიკური კერძი შევთავაზოთ, მაგრამ შესაძლოა ბევრს არც მოეწონოს თქვენი სამზარეულო. ამიტომ მინდა ქართული კერძებიც ბლომად იყოს. ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ.
ლი ბო დამტვრეული ქართულით საუბრობდა, მაგრამ მშვენივრად იგებდა დიასახლისის ნათქვამს და თვითონაც გასაგებად პასუხობდა.
- როგორ შეიძლება ქართულ სუფრაზე გოჭი და საცივი არ იდოს? - არ ჩერდებოდა ია.
- მარტო ხორცის ჭამა ვის გაუგია, ქალბატონო, - თავისას არ იშლიდა ჩინელი, - ჩვენ საუკეთესო თევზეული გვაქვს, ბრინჯის კერძები… რა საჭიროა სუფრის ხორცით გადატვირთვა?
სწორედ ამ დროს ლიდამ შემოყო თავი სამზარეულოში და იას უთხრა, ტელეფონზე გირეკავენო. იამ მობილური გამოართვა და რომ დახედა, მამის ნომერი იცნო, ამიტომ გარეთ გავიდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>