სწრაფად შევუდექი ჩაცმას ანერვიულებული, ჯერ კიდევ მოგონებებით გარემოცული. როგორც იქნა, გამოვეწყვე ჩემს ლამაზ მწვანე კაბაში, თმა გაშლილი დავიტოვე, არც ფენით გაშრობა მიცდია, რადგან ვერ ვასწრებდი და კვლავ სარკეს მივაშურე "განაჩენის" გამოსატანად. როგორ გამოვიყურები? ბრწყინვალედ! ფიგურა - დაცემა! ფეხები - გრძელი, ასხლეტილი, მკერდი - საკაიფო! და შოკოლადისფერი რუჯი! კაცები სურვილის ჯოჯოხეთურ ცეცხლში იწვიან ამ გოგოს დასაუფლებლად! პირველად ეს მაქსს სურდა, ადრე, ძალიან ადრე, როცა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ვიყავი. მაგრამ ჩემზე უფრო ფულის შოვნის სურვილი კლავდა. ვინ-ვინ და, ჩემზე უკეთესად ვინ იცოდა, რა გზებით შეეძლო მას ამ ცხრა წლის განმავლობაში ამხელა წარმატებისთვის მიეღწია. ვიცოდი და ამიტომაც ვერ ვიტანდი.
შევეცადე, მასზე ფიქრი გონებიდან ამომეგდო და ზურასთან შესახვედრად შევმზადებულიყავი. რა აზრი აქვს ახლა წარსულის მოჩვენების გონებაში შემოშვებას? არავითარი! ბოლოს და ბოლოს, ამ საღამოს ჩემი კავალერი ზურაა და არა მაქსი! წარსულის კარს კი ცხრა კლიტით დავგმანავ, რომ აღარ გაიღოს!.. რამდენიმე საათი მაინც…
უნდა ვიმხიარულო!
ზურამ ზუსტად ექვსზე გამომიარა. როცა სადარბაზოდან გამოვედი, ის თავისი მანქანის კარს მიყრდნობილი იდგა და საჩვენებელი თითით გასაღებების აცმას ჰაერში ატრიალებდა.
- ვაა! - ტუჩებით "რა მაგარ ფორმაში ხარ" გამოხატა ზურამ და თავი გააქნია, - შენ ქუჩაში მთელ მოძრაობას გააჩერებ.
- ვიმედოვნებ! - აღტყინებულმა მივუგე და ხელკავი გამოვდე. რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი. მომწონდა ჩემი თავი და მომწონდა ისიც, რომ ზურას მოვეწონე. იგი შავი ბმვ-თი იყო მოსული. ამხელა კომპანიის თანადამფუძნებელს კარგი მანქანა გაუჭირდებოდა? როცა ჩავჯექი, ცოტა არ იყოს, გაოცებამ შემიპყრო. შავი ფერის მანქანის შიდა ინტერიერი ერთიანად თეთრი იყო. ამან ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.
- ჩვეულებრივ, დღის ამ მონაკვეთში ტაქსით ვსარგებლობ, - თქვა ზურამ, - მაგრამ ამ დროს ტაქსის დაჭერაც ძნელია პიკის საათის გამო. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები დროს პატივს არ სცემენ. - გვერდულად გამომხედა და გამიღიმა.
- ხო, მაგაში გეთანხმები.
- ამასთან, მინდოდა შენთვის ჩემი მანქანაც მეჩვენებინა. თითქმის ბოლო მოდელია.
- ეჭვიც არ მეპარება… და არც მიკვირს შენი შესაძლებლობის ადამიანისგან.
- რა ვქნა, მიყვარს ძვირფასი ნივთები, - თავი იმართლა ჩემი ყოფილი შეყვარებულის ძმამ და ისეთი სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან მანქანა, რომ უკან გადავქანდი.
ფარულად შევათვალიერე. მაჯაზე შვეიცარიული ასევე ძვირად ღირებული საათი ეკეთა, ტანზე კი აბრეშუმის ნაცრისფერი თხელი კოსტიუმი ემოსა. მოდური ახალგაზრდა მამაკაცი! აი, მესმის!
დაღლილი ღიმილით მივეყრდენი სალონის საზურგეს.
- როგორი გრძელი დღე იყო, - წამოვიწყე, - იმედია, მოსაწყენი არ მოგეჩვენები. არ ვიცი, როგორ გავქაჩავ. - ახლა მე შევუდექი თავის მართლებას.
- შენ ვერ შეძლებ მაგას. როგორ შეიძლება შენთან მოვიწყინო? გამორიცხულია. რაც შეეხება საღამოს… გადავწყვიტე, ჩინურ რესტორანში წაგიყვანო. რას იტყვი?
- წავიდეთ. მიყვარს ჩინური სამზარეულო, - ვთქვი ხმამაღლა, გულში კი გავიფიქრე, "აკი შადრევნიან რესტორანს შემპირდი?"
- მაშინ წინ, ჩინელებისკენ! - დაიყვირა აჟიტირებულმა და სიჩქარეს მოუმატა.
ცოტა არ იყოს, დავიძაბე. ისე გიჟურად მიაქროლებდა მანქანას, რომ შიშმა ამიტანა, თან იმხელა ნაკადში სასწაულებრივად მიიკვლევდა გზას. გამახსენდა გამოთქმა - დაგუბებულ წყალში მეტი ბაქტერიააო - მისი მორცხვი ბუნების უკან ბობოქარი ხასიათი იმალებოდა. ერთი შეხედვით საერთოდ არ ტოვებდა ცერცეტი ბიჭის შთაბეჭდილებას, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით - აი, ბატონო, თქვენ, ცოცხალი მაგალითი! ინებეთ!
როცა რესტორნის ავტოსადგომზე გავჩერდით, შვებით მაშინღა ამოვისუნთქე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ აქამდე ცოცხალმა და უვნებელმა მოვაღწიე.
- ესეც ასე! უკვე ადგილზე ვართ, - ზურა მანქანიდან გადავიდა, ჩემი კარი გააღო და მეც მომეხმარა გადმოსვლაში, - ე, გაბი! რა გჭირს? შეგაქანა? ხომ არ შეგაშინე? - შეშფოთდა უცებ.
- ცოტათი, - ვაღიარე. ასე მეგონა, რეზინის ფეხები გამომება, ისე მეკეცებოდა. მართლა როგორ შემშინებია! რას ვიფიქრებდი!
- მაპატიე, ძალიან გთხოვ, მაპატიე! აწი არასდროს ასე არ ვიჩქარებ. ხომ მაპატიებ?
ისე შეწუხდა, რომ ვინანე, სიმართლე რატომ ვუთხარი-მეთქი.
- არაფერია. უბრალოდ, მე საშინლად მშიშარა ვარ. დაივიწყე. აჯობებს, ვივახშმოთ და რამე კარგი ჩინური შევჭამოთ.
- მოსულა! - მიპასუხა ზურამ და წინ გაიჭრა.
ეს იყო ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, პაემანი. და ამას შემდგომში ბევრი სხვაც მოჰყვა. ჩვენ კარგად ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან. განსაკუთრებით ის მომწონდა, რომ სადარბაზომდე ღიმილით მიმაცილებდა ხოლმე. წამითაც არ შორდებოდა ეს ღიმილი სახიდან. გარდა ამისა, თავს არ მაბეზრებდა, არ მჭირდებოდა იმის თქმა, წადი ახლა, ნუღარ მაცდენ-მეთქი. დამემშვიდობებოდა და მიდიოდა. მიხაროდა, რომ გასართობად შემეძლო რესტორნებში ისეთ მამაკაცთან ერთად მევლო, რომელიც ჩემგან არაფერს ითხოვდა. ზურასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი.
მართალია, ჩვენს მეგობრობას ერთი შეხედვით თითქოს არაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ… იყო ერთი "მაგრამ" - მაქსი როგორ შეხედავდა ამას? როგორ შეხვდებოდა ჩემსა და ზურას მეგობრობას? დარწმუნებული ვიყავი, ზურას უკვე ექნებოდა ძმისთვის ნათქვამი ჩვენი შეხვედრის შესახებ, თუმცა თვითონ ერთხელაც არ უხსენებია ჩემთან უფროსი ძმა. აღარც მე ვეკითხებოდი არაფერს. თავიდან, როცა რამდენჯერმე შევეკითხე, სიტყვაუხვი ნამდვილად არ ყოფილა, ეგრევე ცდილობდა, საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. შეიძლება ასე უკეთესიცაა, რატომ უნდა გამოვიჩინო ზედმეტი ცნობისმოყვარეობა, აქედან რა გამოდნება? რა შეიცვლება იმით, კარგს გავიგებ მაქსის შესახებ თუ ცუდს? ისევ და ისევ გული უნდა მეტკინოს მხოლოდ და წარსულის მოგონებებმა უსიამოვნოდ გამთელოს.
მამაჩემისთვის არ მითქვამს, ზურას რომ ვხვდებოდი. კი არ დამიმალავს, უბრალოდ, სიტუაცია არ ჩავარდნილა, ბოლო დროს არც გვილაპარაკია წესიერად. უნივერსიტეტიდან გვიან ბრუნდება და მერეც სამსახურის საქმეებითაა დაკავებული. ზოგჯერ ისე ვწვები დასაძინებლად, ორ სიტყვას თუ გადავულაპარაკებთ ერთმანეთს.
სარეკლამო რგოლების გადაღება გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ავტოკორპორაცია "მაქსი და პარტნიორების" რეკლამები გავიდა, ძალზე პოპულარული გავხდი. სააგენტოში "მის ავტონაწილი" შემარქვეს, მაგრამ სულაც არ მწყინდა - ხუმრობა ყოველთვის კარგად მესმოდა. ფართო რეკლამა უფრო მიმყარებდა ნიადაგს სარეკლამო ბიზნესში და მუდმივი სამუშაო გარანტირებული მქონდა. ერთ კვირაში უკვე იმდენი შემოთავაზება მქონდა, რომ უარის თქმას ვერ ავუდიოდი. იმასაც კი მთხოვდნენ, თქვენ თვითონ დაასახელეთ თანხა, რასაც სარეკლამო რგოლისთვის მოითხოვთო. მე კიდევ ყველას თავაზიანი უარით ვისტუმრებდი. კონტრაქტში გარკვევით ეწერა, რომ ავტოკორპორაცია `მაქსი და პარტნიორების~ რეკლამებზე მუშაობის პერიოდში სხვა ფირმებთან ურთიერთობა მეკრძალებოდა. არანაირი გადაღება, გარდა პრიალა ჟურნალებისა! თუმცა ამასაც არ ვჩქარობდი - პრიალა ჟურნალების ყდაზე მოხვედრა ისედაც არ მაკლდა, ამიტომ სულაც არ მსურდა, ჩემი ფოტოსესია ჩვეულებრივი მკითხველისთვის მოსაბეზრებელი ყოფილიყო.
ახალ სამუშაო ადგილზე, ანუ კორპორაციაში ჰონორარს სოლიდურს მიხდიდნენ, თანაც, სრული დამოუკიდებლობა მქონდა, არავინ მზღუდავდა და არც არავისზე ვიყავი დამოკიდებული. ამას ზურასთან ურთიერთობაც დაერთო და ჩემმა ცხოვრებამ სრულიად მოულოდნელად იცვალა ფერი.
მაგრამ ერთხელაც ზურამ მთავარ ოფისში წამიყვანა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გასაცნობად, რომელიც კორპორაციის სარეკლამო საქმიანობას კურირებდა და სწორედ მაშინ, ამდენი წლის შემდეგ, მაქსსაც შევხვდი.
ეს იყო მოულოდნელი შეხვედრა. ლიფტიდან გამოსულმა წავიბორძიკე და რაღაც ვეებერთელასა და თბილს დავეჯახე. სანამ თავს ავწევდი და შევხედავდი, მანამ ვიცანი მისი ხელები. დიდი, თბილი, ძლიერი ხელები, რომელმაც დამიჭირა და ძირს დაცემას გადამარჩინა. ხელები, რომელიც მყისვე გაახსენდა ჩემს სხეულს…
- გაბი! - მისი სიღრმისმიერი რბილი ხმა თითქოს სუროსავით შემომეხვია და გულმა გაშმაგებით დამიწყო ძგერა.
მაქსს ისევ ის სურნელი ასდიოდა - ოდეკოლონის, რომელსაც ცხრა წლის წინ იპკურებდა და რომლის არომატი იმ დროიდან მაბრუებდა და მასზე მოგონებებს აღმიძრავდა.
შევყურებდი მის საოცარ შავ თვალებს და ჩემი გადაწყვეტილება, შემეძულებინა და ცოტათი მაინც მეძია მასზე შური, სადღაც გაქრა. თითქოს მიველურსმნე ერთ ადგილს, გარხევა ვერ შევძელი. ამოსუნთქვაც კი გამიჭირდა. ირგვლივ ყველაფერი გაქრა, თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ მაქსის შავი თვალები დარჩა. ისეთი დიდრონი, რომ სახე მთლიანად შეევსო. გეგონებოდა, სხვა ნაკვთი აღარ აქვსო. შევყურებდი ამ სახეს მანამ, სანამ გული სითბოთი არ გადაივსო.
უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მამაკაცი იყო. წლებს თავისი გაეკეთებინა. მის ხშირ შავ თმას აქა-იქ ვერცხლისფერი შეჰპარვოდა, ხოლო თვალის უპეებთან ნაოჭების ნაკეცებს მოეყარა თავი. თითქოს ძველი მაქსი იყო, მაგრამ უფრო დავაჟკაცებული, უფრო დაკუნთული. წარსულისგან განსხვავებით, ახლა უფრო მოდურად ეცვა - ვიწრო შარვალი, თეძოებთან ოდნავ განიერი და მოკლე, ტანზე შემოტმასნილი აბრეშუმის პიჯაკი. "წარსულის გაბის გადარებ" მზერით მათვალიერებდა, რაც არ გამომპარვია. ალბათ ამწუთას მეც სწორედ ასეთი გამომეტყველება მქონდა.
ვიცოდი, რომ სანამ რეკლამებზე ვმუშაობდი, მასთან შეხვედრა არ ამცდებოდა, ვიცოდი და მეშინოდა ამ შეხვედრის. მიუხედავად ამისა, მსურდა მისი ნახვა, სულით და გულით მსურდა. ერთადერთი, რასაც სულ ვნატრობდი, არ მინდოდა მოულოდნელად გადავყროდი სადმე. მინდოდა მომზადებული ვყოფილიყავი ამისთვის. არ გამიმართლა. ისე უეცრად შევეჩეხე და ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არ ველოდი. პირდაპირ ლიფტთან! თითქოს ორმო გამითხარეს და შიგ ჩავვარდი.
- მაქს! - მხოლოდ ეს ამოვთქვი და ჩემი ხმა ვერ ვიცანი. მეგონა, ჩემ ნაცვლად სხვამ წარმოთქვა მისი სახელი.
მან ღრმად ამოიხვნეშა, მაგრამ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია. არც ახლა უღალატა თავის ჩვეულ სტილს - თავის დაჭერა ყოველთვის ეხერხებოდა.
- იმედია, ძალიან არ შევცვლილვარ, პატარავ, - წარმოთქვა და ინტონაციით მივხვდი, რომ მტრულად არ იყო ეს სიტყვები ნათქვამი, - შენ კი გაზრდილხარ, პატარა გაბი. ძლივს გიცანი.
ისე ძლიერად მოვუჭირე თითები ჩანთის სახელურს, რომ ჩემი გრძელი ფრჩხილებით რბილი ტყავი კინაღამ ჩავჭერი, თუმცა მაინც შევძელი ტუჩებზე ღიმილის ასხეპა.
- ჰო, ცხრა წლით გავიზარდე, - შევახსენე, - ოცდაექვსის ვარ.
- ვიცი, - ცხრაწამიანი მზერა შემავლო.
ეს მზერა თითქოს ჩემს კანს შეეხო და ერთიანად ამაკანკალა. კიდევ კარგი, დღეს კრემისფერი კაბა ჩავიცვი, ასე გამოკვეთილად რომ აჩენს ჩემს ფიგურას. იმედია, ელეგანტურად გამოვიყურები. თავბრუდამხვევი ახალგაზრდა ქალი. გამარჯვებულის იერით ავხედე, როცა მისი შემფასებლური მზერა დავიჭირე.
- მაშინ ჯერაც გაუშლელი ვარდი იყავი, ახლა კი გაფურჩქნილხარ.
- ბოლომდე, - პატივმოყვარული ტონით მივუგე.
მაგრამ ჩემს ტონზე არავითარი რეაქცია არ ჰქონია. მერე მზერა ზურაზე ისე გადაიტანა, ვითომ ახლაღა შეამჩნიაო. ზურას სახე გაქვავებოდა, თითქოს ნიღაბი აქვს აფარებულიო. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და და ისე იდგა.
- გამარჯობა, ძმაო, - მიესალმა მაქსი და ძმას ძმური ღიმილით გაუღიმა.
- პრივეტ, - დაუბრუნა სალამი ზურამ, - მინდოდა გაბის ჩვენი ოფისი დაეთვალიერებინა, პარალელურად დათო გაეცნო - რეკლამებს ხომ ის კურირებს.
- კი, კი, რა თქმა უნდა, კარგად მოგიფიქრებია, - თქვა მაქსმა, მაჯის საათზე დაიხედა და ჯიბიდან ოქროს პორტსიგარი დააძრო. შემდეგ კვლავ ჩემზე გადმოიტანა მზერა და ოდნავი გაოცება აღებეჭდა სახეზე, - ანუ ჩვენი ახალი სახე შენ ხარ, გაბი?
მომეჩვენა თუ ოდნავ დამცინავი გაუხდა ტონი? გავწითლდი. აჰა… ასე გადაწყვიტა თამაში? ვითომ მშვიდია და თანაც გულგრილი?
- მაგრად გაგვიმართლა, რომ გაბი ავიყვანეთ, - სწრაფად დაამატა ზურამ. ასეთი საბრძოლოდ განწყობილი ნოტები მის ხმაში აქამდე არ შემინიშნავს, - ისეთი პოპულარული გახდა, ლამისაა ხელიდან გამოგვტაცონ.
- ეგ კი, - კვერი დავუკარი ზურას, - უკვე იმდენი შემოთავაზება მივიღე, უარის თქმას ვეღარ ავუდივარ. ზოგიერთი კვირაში სამი ათას დოლარსაც მთავაზობს. - დავიტრაბახე.
შეგნებულად დავასახელე ეს ციფრი და მიზანშიც მოვარტყი. მაქსს სახე გაუქვავდა და პასუხის გაცემაც შეაგვიანა.
- მიხარია, - თქვა ბოლოს და ისევ გულგრილობის ნიღაბი აიფარა.
- მე კი შენ გამო მიხარია, მისტერ მაქს, ამხელა იმპერიის მეპატრონე გამხდარხარ, -ირონიულად მივუგე და "ამხელა იმპერია" გაშლილი ხელებითა და მზერის აქეთ-იქით მიმოტარებით შემოვხაზე, - უბრალოდ, დაუჯერებელია, იმ პატარა გარაჟიდან ამხელა სივრცეში რომ გადმოგიბიჯებია.
- გამიმართლა, - კბილებში გამოცრა გაწბილებულმა.
- ნამდვილად გაგიმართლა, - ხაზგასმით წარმოვთქვი, თან კმაყოფილებით ვაკვირდებოდი, როგორ იკავებდა თავს რისხვისგან, რამაც თვალები უფრო ჩაუმუქა.
ჩემ გვერდით მდგარი ზურა შეიშმუშნა, რადგან იგრძნო, რომ დაძაბულობა დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ჩვენს თავებზე. თუმცა ისეთი დაბნეული გვიყურებდა, მგონი, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.
- წავიდეთ, - მითხრა ზურამ და ხელი გამომიწოდა.
- როგორც იტყვი, - აზარტულ მოთამაშესავით მივუგე და ხელი ჩავკიდე.
მაქსის რეაქცია შეუმჩნეველი არც ახლა დამრჩენია. ო, რა კმაყოფილი ვიყავი!
- ნახვამდის, ბოს!
როგორც ჩანს, ზურა ჩემზე არანაკლებ ზეიმობდა. გვერდით მომდევდა და ღიღინებდა. ბავშვობაში იგი სულ მაქსის წნეხის ქვეშ იზრდებოდა, რასაც უფროსი ძმა ეტყოდა, იმას აკეთებდა. ცოტა არ იყოს, იჩაგრებოდა. ვგრძნობდი, ეს წნეხი რაღაც დოზით დღესაც გრძელდებოდა.
- შენი კაბინეტი რომელ სართულზეა? - შევეკითხე ზურას.
- ჩემი? ა, ჩემი აქ არ არის, სხვა შენობაშია. სავაჭრო ცენტრში, სადაც ავტონაწილები იყიდება. ჩემი ტერიტორია იქაა.
- და აქ რატომ არა? შენც ხომ მეწილე ხარ? უფრო სწორად, თანადამფუძნებელი?
- კი, მაგრამ მაღაზიაშიც ხომ არის საჭირო სანდო ადამიანი… იქ მეტი პასუხისმგებლობაა - რა შემოდის, რა გადის, ფული როგორ ნაწილდება… ამასთან, მირჩევნია კიდევაც, მე და მაქსი ერთ შენობაში რომ არ ვართ. ასე უკეთ ვეწყობით ერთმანეთს.
- გასაგებია…
- როგორ მოგეწონა? შენ ხომ დიდი ხანია, ის არ გინახავს, - მკითხა ზურამ და იმ კაბინეტის წინ გაჩერდა, რომელზეც ოქროსფერი ასოებით ეწერა: "აღმასრულებელი დირექტორი დავით სამხარაძე".
- მშვენივრად გამოიყურება, - დავიჯღანე და ისე მივუგე.
- ის თუ შეამჩნიე, როგორ ბრაზობდა? - გაიცინა უმცროსმა ძმამ, თითქოს ეს ძალზე ართობდა, - ამას გამიხსენებს და კარგა მაგრადაც შემახურებს.
- რატომ? - კოპები შევიკარი.
- არ უყვარს, როცა თანამშრომლებთან დაახლოებას ვცდილობ.
- და ჩემ გამო უსიამოვნებები გელოდება? - ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, სულაც არ მინდოდა მათი წაკინკლავების მიზეზი ვყოფილიყავი.
- არ იდარდო, ჩემი თავის დაცვა შემიძლია, - მხიარულად მიპასუხა, - დაე, გაბრაზდეს. ამის გარდა… - გააგრძელა და ოდნავ შეყოყმანდა, გავაგრძელო თუ არა საუბარიო, მერე კი მაინც დააყოლა, - მას ახლა თავისი პრობლემები აქვს. ახალი შეყვარებული გასაქანს არ აძლევს, გინდა თუ არა, ცოლად შემირთეო.
- ახალი შეყვარებული?
- ჰო, ლიკა მურვანიძე. შალვა მურვანიძე არ იცი? ბიზნესმენი. მისი შვილია. ძაან მდიდარია. კარგი გოგოა, ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ლამაზიც და ჭკვიანიც. უკვე მეორე წელია, ერთად არიან. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჩაუშვას ღუზა ჩემმა ძმამ და დაქორწინდეს.
სასტიკი ჩხვლეტა ვიგრძენი გულში, ფეხები მომეკვეთა, მაგრამ ზურას არ უნდა შეემჩნია, როგორ იმოქმედა ჩემზე ამ ახალმა ამბავმა, თავი ხელში უნდა ამეყვანა. ნაძალადევად გავუღიმე და წარბების აჭიმვით შევეკითხე:
- მართლა? და რა უნდა ვაჩუქოთ ქორწილში? ბოლო მოდელის "მერსედესის" ძრავა ხომ არა?
ზურამ სიცილი ვერ შეიკავა და მეც ავყევი, თუმცა სულაც არ მეცინებოდა.
- რა მაგარი გოგო ხარ, რომ იცოდე! - აღტაცებულმა წამოიძახა, - საკაიფოდ გიჭირავს თავი. მე ასე არ შემიძლია.
- როგორ ასე?
- აი, როგორ გითხრა… სიტუაციებში რომ არ იბნევი და თავის დაჭერა მაგრად რომ შეგიძლია. მე ჩემი წარსული და აღზრდა არ მაძლევს ამის საშუალებას. ბრინჯივით ვიბნევი ხოლმე. იცი, რა ძნელია, როცა ღარიბი ხარ და უცებ მდიდარი ხდები? როცა ძველი მეგობრები უნდა მიატოვო შენი ახალი სტატუსის გამო, რადგან უკვე აღარ გაქვთ საერთო ინტერესები და ისინი აღარ არიან რანგით შენი ტოლები? ასევე ძნელია ახალი ნაცნობების წრეში თავი დაიმკვიდრო, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ მდიდრები არიან და ვეღარც ამჩნევენ, ფული თავზე რომ გადასდით. შენ კი ვერაფრით ვერ იმკვიდრებ მათ გვერდით ადგილს, ვერ ეგუები მათ ისე, როგორც შენს ძველ მეგობრებს ეგუებოდი. ალბათ ვერც ვერასდროს შევეგუები ასეთ ცხოვრებას.
თავი გადავაქნიე.
- მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომელიც ფულში ცურავდა, - ვაღიარე, - მისი დეფიციტი არასდროს მიგრძნია. თუმცა ვიცი, რა ძნელია, როცა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის აღმოჩნდები.
- რა კარგად თქვი: ორ განსხვავებულ სამყაროს შორის… კარგი, გვეყოფა, შევიდეთ დათოსთან. - თქვა ზურამ და კაბინეტის კარი შეაღო.
ოთახში მაღალი გამხდარი მამაკაცი დაგვიხვდა, რომელიც ჩვენი დანახვისთანავე წამოდგა და შემოგვეგება.
- სალამი, შვილო! - გაუღიმა მან ზურას.
იგი დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა და ზურას მამად სულაც არ შეეფერებოდა, მაგრამ რახან ზურა მაქსის უმცროსი ძმა იყო, "შვილო"-თი ალბათ ამიტომაც მიმართავდა. დათო ისეთი მელოტი იყო, თავი ერთიანად ულაპლაპებდა. ერთი ღერი თმაც კი არ შერჩენოდა კინკრიხოზე.
- თქვენ ალბათ გაბრიელა ხართ, არა? ფოტოებით გიცანით. ოოო, მოხარული ვარ… ისეთ კარგ საქმეს გვიკეთებთ, სიტყვები არ მყოფნის. რომ იტყვიან, ღვარცოფივით მოგვასკდა კლიენტურა.
- მიხარია ამის მოსმენა, ბატონო დავით, - მივუგე და ხელი ჩამოვართვი. - მადლობა, რომ მენდეთ.
- პირდაპირ უბედნიერესები ვართ, თქვენ რომ ჩვენთან მუშაობთ. დაათვალიერეთ ჩვენი ოფისი?
- ჯერ არა.
- მე დავათვალიერებინებ, დათო, არაა პრობლემა. უბრალოდ, ჯერ შენ გასაცნობად მოვიყვანე.
- ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მაშინ არ დაგაყოვნებთ… გაბრიელას ალბათ ბევრი საქმე ექნება. მიდი, შვილო, მიდი, საპატიო სტუმარი არ მოაწყინო…
ზურამ მართლაც მომატარა ყველა სართული, ყველა კუთხე-კუნჭული დამათვალიერებინა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი ცნობისმოყვარეთა მზერას… კაცებისას, ქალებისას… იმასაც ვხვდებოდი, რომ ყველასთვის ნაცნობი ვიყავი და აღტაცებით შემომყურებდნენ, თითქოს ვიღაც მოდელი კი არა, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ვყოფილიყავი.
როცა კორპორაციის დათვალიერებას მოვრჩით, საბოლოოდ შემექმნა წარმოდგენა მის მასშტაბებზე. ეს იყო გიგანტური კომპანია და მიკვირდა, როგორ უმკლავდებოდა მაქსი ამხელა მანქანას, თუნდაც ადმინისტრაციული აპარატისა და დირექტორთა საბჭოს მეშვეობით.
- თავბრუ დაგეხვევა ადამიანს, - აღმომხდა, როცა ლიფტში შევედით, - რამხელა შენობაა, რამდენი სართული, რამდენი თანამშრომელი! როგორ აუდიხართ ამდენ რამეს? -აღვნიშნავდი და თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იქნებ მაქსისთვის სადმე კიდევ მომეკრა თვალი.
- ყველა განყოფილებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. საბოლოო ჯამში არც ისე ძნელია, თუ თავიდანვე ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენ.
ამასობაში დაბლა ჩამოვედით.
- კარგი ვქენი, რომ მოვედი, - ვთქვი შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა, - სასიამოვნო დღე იყო ჩემთვის.
- რა სასიამოვნოა ამის მოსმენა, ვერ წარმოიდგენ, - სიყვარულით სავსე მზერა მიმოატარა ზურამ ჩემს სახეზე, - იცი, რა? პარასკევს მაქსს თავის სახლში გრანდიოზული წვეულება აქვს. დიდი ხანია, ამ საღამოს გეგმავდა. მთელი თბილისის ელიტა იქ იქნება. მინდა შენც წაგიყვანო… წამოხვალ ჩემთან ერთად?
დავიძაბე. წასვლა როგორ არ მინდოდა, მაქსს კიდევ ერთხელ ვნახავდი. ჩემს მზერას დავატკბობდი მისი ყურებით, შევისუნთქავდი მის სურნელს და გავიხარებდი, მაგრამ…
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ამდენი წლის შემდეგ ის აღარაფერს ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ აი, ერთხელ შევხვდი და უკვე მენატრებოდა. მინდოდა კიდევ და კიდევ მენახა იგი. ეს კი სახიფათო იყო. ეს იყო მახე, რომელსაც საკუთარ თავს ვუგებდი -შეიძლებოდა თავი დამეკარგა და ჩემი გრძნობების მოთოკვა ვერ მომეხერხებინა. ამჯერად კი უფრო გამიჭირდებოდა მასთან განშორება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, მიმატოვა და ფულზე გამცვალა, სულის სიღრმეში მას ვეკუთვნოდი და ვგრძნობდი, მომავალშიც ასე იქნებოდა. სულ, სულ….
- ალბათ ვერ მოვახერხებ… - მშვიდად განვაცხადე უარი ზურას მიწვევაზე.
- შენ მისი ნუ გეშინია, - გამომწვევად წარმოთქვა და ხელები ლოყებზე შემომაწყო, - მე შენ გვერდით ვიქნები. ის ვერ გაწყენინებს.
"შენი აზრით, მაწყენინებს?" - გავიფიქრე, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ ვიკითხე:
- შენ ალბათ არ იცი, როგორ დავშორდით ერთმანეთს მე და მაქსი, არა?
- რა თქმა უნდა, ვიცი, - გაოცების გამოსახატავად ზურამ წარბები აზიდა, - შენებმა ამერიკაში გიკრეს თავი, რომ მაქსს აღარ შეხვედროდი.
სიმწრით ჩავიღიმე.
- ნუ… ასეც შეიძლება ითქვას… - მივუგე და ჩემი სახიდან ხელები ჩამოვაღებინე.
რაც მთავარია, ახლა ზურა მყავს გვერდით. ეს ბიჭი მართლა ძმასავით შემიყვარდა. ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა, თუმცა ეს ოცნება არ ამიხდა. სამაგიეროდ, ზურას სახით იგი მაინც მომივლინა ღმერთმა და მე მას არასდროს ვაწყენინებ.
- თვითონ გითხრა ეს? - ვერ მოვითმინე და შევეკითხე.
- ვინ, მაქსმა? - ზურამ ჩაიფხუკუნა, - როდის იყო, რამეს მიყვებოდა. არასდროს არაფერს! მარწუხით ვერ ამოგლეჯ სათქმელს. არც კი დამელაპარაკა მაშინ, როცა ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინე. მისთვის უდიდესი დარტყმა იყო, როცა შენ მისი ცხოვრებიდან გაგაქრეს.
ჰმ, დარტყმა… კი, როგორ არა! და ფულმა შეამსუბუქა მერე ეს დარტყმა, არა? თუმცა, როგორც ჩანს, ის ფული უაზროდ არ გაუფლანგავს, მშვენიერი საქმისთვის გამოუყენებია! ესე იგი, ზურას არ მოუყვა, რაც სინამდვილეში მოხდა? უცნაურია… ალბათ არ უნდოდა უმცროს ძმას გაეგო, როგორი ანგარებიანი და პატივმოყვარეც იყო.
- კარგი, ზურა… წამოვალ შენთან ერთად იმ გრანდიოზულ საღამოზე. - სრულიად მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, - ვნახოთ, რა მოხდება.
- ოღონდ აქედანვე მინდა იცოდე, რომ იქ ლიკასაც ნახავ, - გამაფრთხილა ზურამ და ჩემს რეაქციას დააკვირდა.
თავი არ გავეცი. ამ ბოლოს საკუთარი გრძნობების მართვა ვისწავლე.
- ესე იგი, უდიდესი სიამოვნება წინ მელოდება! - სარკაზმის გარეშე ვთქვი.
ზურამ გაიცინა.
- ჩემ გვერდით იყავი, მე დაგიცავ! - აღტყინებით წამოიძახა და ჩემი ღიმილის პასუხად მის თვალებში უცნაური ნაპერწკლები გაკრთა.
სასიამოვნო ბიჭია, როცა თავისი სიმორცხვე ავიწყდება. ჩემთან თავს თავისუფლად გრძნობს, შებოჭილი არ არის და მისი მორიდებულობაც სადღაც ქრება. ჩვენი ურთიერთობის წყალობით თითქოს მისი ხასიათის მეორე მხარე აღმოვაჩინე.
იმდენად მიამიტურად გამოუვიდა შეძახილი, რომ სიცილი ვერ შევიკავე, ხელი ჩავჭიდე და მასთან ერთად შენობიდან გავედი.
როგორ მინდოდა უკან გამეხედა, მაგრამ არ გავრისკე. მაინტერესებდა, რომელიმე სართულის რომელიმე ფანჯრიდან გვიყურებდა თუ არა მაქსი. არა, არ გავიხედე. მეყო ის შოკი, მასთან შეხვედრისას რომ განვიცადე. ეს ერთხელ მოხდა და მეტად აღარ განმეორდება. მომდევნო შეხვედრისთვის კარგად მოვემზადები. და არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ ხელიდან მაგ "გრანდიოზულ საღამოს". მივალ და ვაჩვენებ მაქსს, რა ცოტას ნიშნავს ჩემთვის. დაე, დაიზაფროს! დარწმუნდეს, როგორი მზეთუნახავი მიატოვა ფულის გულისთვის. ამის გაფიქრებამ რაღაცნაირად ამამჩატა, საოცარი კმაყოფილება ვიგრძენი. კარგ ხასიათზე დამდგარმა ზურას გავუღიმე. მანაც გამიღიმა, რადგან ეგონა, რომ ჩემი კარგი ხასიათის მიზეზი თვითონ იყო - ეს მას სიამოვნებდა.
დაე, ეგონოს. მართალია, მეგობრები ვართ, მაგრამ გულს ბოლომდე მაინც ვერ გადავუშლი. აბა, რა სასიამოვნოა, იმაზე დავიწყო ლაპარაკი, როგორ ამიშალა წარსულის მოგონებები მაქსთან შეხვედრამ? როგორ შემომიტია ძველმა ტკივილმა და კიდევ ერთხელ დამისერა გული? არც იმას ვეტყვი, სინამდვილეში რა მოხდა ჩვენ შორის, როგორ უსინდისოდ მომექცა მისი უფროსი ძმა. რა საჭიროა ეს იცოდეს? ისედაც რთული ურთიერთობა აქვთ ძმებს, სიმართლეს თუ შეიტყობს, შეიძლება საერთოდაც შეიძულოს. არ მინდა მათი ქიშპობის მთავარი მიზეზი ჩემი სიტყვები გახდეს. რას მომიტანს, თუკი ზურას მაქსთან დაძაბული ურთიერთობა ექნება? არც არაფერს. ეს ჩემს იტერესებში არ შედის. ამით ვერაფერს მოვიგებ, წაგებით კი, მე თუ არა, ისინი უდავოდ წააგებენ - ძმები…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>