- სამწუხაროდ, არა. ისე, შენი გამკვირვებია, ასე გეგონა და ჩუმად იყავი? შენი შეხედულებებიდან გამომდინარე? ჰმ… კარგი, კარგი, ახლა უკვე ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, არ ღირს წარსულის გახსენება. ჩვენ შორის ისეთი არასდროს არაფერი მომხდარა, რომ სანანებელი გამხდომოდა… მორჩა, უნდა გავიქცე, დღეს გადაღება მაქვს, ტელევიზიისთვის ახალი სარეკლამო რგოლი უნდა გავამზადოთ. მისურვე წარმატებები, ხო? პირველმა რეკლამამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, გაგიჟებულები არიან, გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატაო. არადა, რა დამღლელი შრომაა, რომ იცოდე. წინა რეკლამის გადაღებისას ოცდაცხრამდე დუბლი გადავიღეთ სულ რაღაც ერთი ფრაზის გამო.
- მიდი, მიდი, არ დააგვიანო, შვილო, შენ ყოჩაღი მყავხარ, ყველაფერს მოახერხებ. -შემაგულიანა მამამ.
ჩანთა ავიღე და კარისკენ გავემართე.
- გაბრიელა! - დამიძახა ამ დროს.
შემოვტრიალდი.
- მე და დედაშენი რომ არ ჩავრეულიყავით, მაგ ვირიშვილს ცოლად გაჰყვებოდი?
- ჰო, გავყვებოდი, თუნდაც მთელი სიცოცხლე სიღარიბეში გვეცხოვრა, თუნდაც იმ თავის გარაჟში და ცხრა შვილი გვყოლოდა, - ვუპასუხე და გავუღიმე, - წავედი, მეჩქარება. საღამოს ვილაპარაკოთ, კარგი?
- კარგი, კარგი, - ხელი ამიქნია მამამ, თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
სტუდიაში ზურა უკვე მელოდებოდა. მთელი გადაღების პერიოდში არ გასულა, სულ თვალს მადევნებდა, შესვენების დროს კი იქვე, ახლომდებარე რესტორანში შემიყვანა.
- საწყალი გოგო, - შემიცოდა, - ოცდათექვსმეტი კადრი! ბრ-რ-რ! საშინელებაა!
- ბიბი შემიწირავს, ისე ვატყობ, - ვთქვი და ცივი ჩაი მოვსვი, - სიკვდილისწინა წერილს დავტოვებ: "დამნაშავეა ბიბი როსტო".
- გინდა შევახურო? - ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მკითხა ზურამ, თან იღიმოდა.
სიცილი ამიტყდა.
- არააა, ვაიდა, მოგერიოს, მერე სად წავიდე? მე დამბრალდება ყველაფერი!
ორივე ავხარხარდით. მერე ზურამ ხელისგულები სახეზე შემოიდო, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ისე დამიწყო ცქერა, როგორც ქალღმერთს. "როგორი სასიამოვნო სახე აქვს", -გავიფიქრე. რა თქმა უნდა, პირველივე ნახვით ვერ შეიყვარებ, რადგან მაქსი ბევრად სჯობია, უფრო მამაკაცურია, მაგრამ მაინც სიმპათიური ტიპია. მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ვხვდებით, ის თითქოს გალაღდა, სულ გასხივოსნებული დადის, ხუმრობს, ხალისობს და უხარია, ერთმანეთს რომ ვხვდებით. თუმცა ზედმეტი არასდროს უკადრებია და არც უცდია, რამე გადაკრული ეთქვა. ეს მიხაროდა, რადგან მეგობრობის მეტს მას ვერაფერს შევთავაზებდი.
- მართალია, ქალებში დიდი პოპულარობით არ ვსარგებლობ, - აღიარა ზურამ, - მაგრამ მდიდარი ვარ, კარგი ხასიათის და არც მომხიბვლელობა მაკლია.
- იმის თქმა დაგავიწყდა, როგორი მორიდებული ხარ, პატარა მორცხვი ბიჭი. - ვუკარნახე.
- ჰო, ესეცაა. საშინლად მორიდებული ვარ.
სიცილი ვერ შევიკავე.
- რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე!
- ვცდილობ, ვცდილობ… რას იტყვი, საღამოს ერთად რომ ვივახშმოთ?
- აუცილებლად. მაგრამ არ გეყო რესტორნებში ჩემი ტარება? გინდა ჩემთან წავიდეთ, სახლში? მამაჩემს გაგაცნობ.
- მამაშენი გინდა გამაცნო?.. კარგი, ეგრე იყოს, როგორმე გადავიტან. შევთანხმდით. ექვსზე რომ მოვიდე?
- მოდი. მამა მოგეწონება. ისიც მაგარი კაცია.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგარია, რახან ასეთი გოგო ჰყავს. - თქვა და იმწამსვე გაიცინა, როცა უშნოდ დავეჯღანე.
- მოკლედ, ექვსზე გელოდები, - ვუთხარი და გავიფიქრე, ნეტავ მაქსი რას იტყვის, ამ ამბავს რომ გაიგებს-მეთქი.
არადა, ზურა ამას აუცილებლად ეტყოდა ძმას.
მამა აშკარად ანერვიულდა, როცა ზუსტად ექვს საათზე ზურა ჩვენთან მოვიდა.
- გამარჯობა, გამარჯობა, - თავაზიანად მიესალმა სტუმარს და ხელი მძლავრად ჩამოართვა, -მიხარია თქვენი სტუმრობა, ახალგაზრდავ!
ვუყურებდი მამას და ვერ ვცნობდი. სახე აჭარხლებოდა, რაღაცნაირად შეცბუნებული გამოიყურებოდა. ეს მის ბუნებას სრულიად არ ეხამებოდა, თავის დაჭერა ყოველთვის გამოსდიოდა.
- რას დალევთ, ყმაწვილო? - შეეკითხა, როცა სასტუმრო ოთახში შეუძღვა.
- სულერთია. ცოტ-ცოტას ყველაფერს ვსვამ, - მიუგო ზურამ და ირგვლივ მიმოიხედა, - რა კარგი ბინა გაქვთ, მომწონს აქაურობა.
- ეს ჩემი ცოლის დამსახურებაა, მე არაფერ შუაში ვარ, - ღიმილით შენიშნა მამამ, - მას არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა.
- დედა სასწაული ქალი იყო, - ჩავერიე საუბარში, - არა, მამა?
კაცებმა ერთმანეთს მიუჭახუნეს და გაცნობის სადღეგრძელო დალიეს.
- კი, ის მართლაც არაჩვეულებრივი ქალი იყო. რაღაც-რაღაც საკითხებში ცოტა მიამიტი და ცოტა ჯიუტიც, მაგრამ საერთო ჯამში შეუდარებელი, - თქვა მამამ და შემომხედა, - როგორ ჩაიარა გადაღებებმა?
- ეგ ჯობია მე მკითხოთ, - ჩაიცინა ზურამ, - თქვენი ქალიშვილი პატარა ჯადოქარივითაა, ყველას ნუსხავს. ჩვენს კომპანიას უკვე ათასობით დოლარის მოგება მოუტანა. ჩვენთვის ის ნამდვილი საჩუქარია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კორპორაციის სახეა.
- კარგია, კარგი. და ამ ყველაფერს თქვენი ძმა როგორ უყურებს? - მოულოდნელად შეეკითხა.
ზურამ მხრები აიჩეჩა.
- იცით? მაქსი არასდროს არ მესაუბრება იმაზე, რა მოსწონს და რა არა ან ამა თუ იმ საკითხზე რა აზრისაა. არ თვლის ამას საჭიროდ. სიტყვაც არ დაუძრავს სარეკლამო კამპანიაზე. ნუ… ერთი-ორი სიტყვა თქვა და მორჩა. მას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აბარია, რასაც კარგად ართმევს თავს.
- წარმომიდგენია, რა იქნებოდა ის ერთი-ორი სიტყვა. ალბათ არ სურდა ჩემი რეკლამაზე აყვანა, არა? - ვთქვი და ზურას მივაჩერდი, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს ნათქვამზე.
- არა, არა, მან არ იცოდა, ჩვენი სახე შენ თუ იქნებოდი, მხოლოდ ის ისურვა, აუცილებლად ქერათმიანი მოდელი აიყვანეთო.
- ისე, ხომ არ გადამეღება თმა ქერად? თუნდაც დღესვე, - გავიცინე.
- შენი თმა ისედაც ქერაა, შეღებვა რად უნდა? - არ ამყვა ხუმრობაში ზურა.
- აბა, აბა, ასე ნუ ვსხედვართ, - მამაჩემს შეეშინდა, სიტუაცია არ დაიძაბოსო, - გადაიღეთ, რამე, ახალგაზრდავ, ნუ გერიდებათ, მარტო სმა არ არის კარგი, რამე უნდა მიაყოლოთ. ღვთის მადლით, საჭმელ-სასმელი გვაქვს.
- გმადლობთ… ნუ შეწუხდებით. დიდად ვისიამოვნე თქვენთან სტუმრობით.
- სხვათა შორის, მეც, - მიუგო მამამ და კატლეტით სავსე თეფში მიაწოდა.
გვაინ იყო, როცა ავიშალეთ. ზურა თავის მანქანამდე მივაცილე.
- რაღაც მინდა გთხოვო, - წარმოთქვა უცებ ჭოჭმანით და კეფა მოიქექა.
- გისმენ…
- მინდა ჩვენს აგარაკზე დაგპატიჟო, წყნეთში. კარგი სახლი გვაქვს. დავთქვათ ერთი დღე… კარგ დროს გავატარებთ.
გული თითქოს გამიჩერდა.
- გინდა მითხრა, რომ შენ და მაქსს გაქვთ იქ აგარაკი?
- ჰო, - მიპასუხა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, - ნუ წუხხარ, ის იქ იშვიათად ადის. ასე რომ, შეიძლება მას სულაც ვერ შევხვდეთ. მაინცდამაინც იმ დროს ხომ არ ამოვა, როცა მე და შენ ვიქნებით იქ?
- რა ვიცი, აბა. შეიძლება… გინდაც იყოს, რა მოხდა მერე? მე ეს სულაც არ მაღელვებს.
არადა, წარმოვიდგინე, როგორ გაცოფდებოდა, მე რომ იქ ზურასთან ერთად დამინახავდა.
- მიხარია ამის მოსმენა. როდის წავიდეთ?
- არ ვიცი, შენ გადაწყვიტე… რამე უნდა წამოვიღო?
- თბილი ჩასაცმელი, რადგან საღამოობით იქ ძალიან ცივა. გამოსასვლელი კაბაც გამოაყოლე, კარგი რესტორანია ერთი, საღამოს იქ ვივახშმოთ.
სერიოზული სახე მივიღე და ჯიქურ შევხედე:
- ზურა, მე არ მინდა შენ შეცდომაში შეგიყვანო.
- ეგ რას ნიშნავს? - დაბნეულმა ძლივს გამისწორა მზერა.
- ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენთან რომანის გაბმას არ ვაპირებ, - მშვიდი ხმით მივუგე, - ძალიან მესიმპათიურები, მაგრამ ამაზე მეტს ნუ მომთხოვ. ვაფასებ შენთან ურთიერთობას, როგორც მეგობართან. სულ ესაა. თუ ჩემს აზრს არ იზიარებ, მაშინ აჯობებს, აღარ ვიაროთ ერთად. - მხრების აჩეჩით დავამთავრე.
ზურამ მაშინვე არა, მაგრამ მაინც გაიღიმა.
- რა თქმა უნდა. შენ ხომ საერთოდ არ ფიქრობ გათხოვებაზე. ეს ერთხელ უკვე მითხარი, ამიტომ ჩემთვის იმთავითვე ყველაფერი გასაგები გახდა. ასე რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონხარ, მეგობარო, - ამ სიტყვებით თითები ლოყაზე ნაზად ჩამომისვა, - მეც შენსავით მაინცდამაინც არ ვარ მიდრეკილი სასიყვარულო ურთიერთობებისკენ. არც მეგობრების გაჩენა მეხერხება დიდად, განსაკუთრებით ქალი მეგობრების. შენთან სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ თავად ხარ სხვანაირი - განსაკუთრებული ადამიანი. როცა სადმე ერთად მივდივართ, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მინდა წყნეთში წამოხვიდე. მერე რა, რომ მაქსს ეს არ მოეწონება? მისი აზრი არ მაინტერესებს. მე მე ვარ და სტუმრად ვისაც მინდა, იმას დავპატიჟებ. არავისზე არ ვარ დამოკიდებული და არავის წინაშე ანგარიშვალდებული. მაქვს ჩემი ფული, რომელსაც როგორც მინდა, ისე დავხარჯავ. შენც კარგად დაინახე, როგორ გალურჯდა მაქსი, როცა ერთად დაგვინახა. ასე არ იყო?
უკვე ვხვდებოდი, რომ ზურას მაქსთან თავისი აგარიშები ჰქონდა. ვინანე კიდევაც, ასეთი თამაში რომ წამოვიწყე - შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრებულიყო. ერთი საქმე იყო ჩემი შურისძიება, მაგრამ მეორე - ზურა. ის ხომ მაქსის ძმა იყო, რომელმაც ძალა არ დაიშურა და მის გაზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა?
- კარგი, გასაგებია, - ღიმილით წარმოვთქვი, - წამოვალ და შენს ძმას კიდევ ერთხელ გავუხეთქავთ გულს.
- ყოჩაღ, გოგონი! თითქოს ჩემს გულში ზიხარ! - გაუხარდა ზურას, - მაშინ დროც დავთქვათ. ხვალ რომ წავიდეთ?
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე.
- მოსულა. იყოს ხვალ. ისედაც ვისვენებ რამდენიმე დღე.
- მაშინ ღამე მშვიდობისა, გაბი!
- ღამე მშვიდობისა, ზურა!
იგი მხიარული სახით ჩაჯდა მანქანაში, ხელი დამიქნია და გააქროლა.
შინ შესულმა ჯერ მაგიდა ავალაგე, მერე ჭურჭელი დავრეცხე და ბოლოს ჩემს ოთახს მივაშურე. სწორად ვიქცევი? უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი ჩემს თავს. ვიხსენებდი ჩემს წარსულს: ნორჩ წლებს, როცა მაქსმა მიმატოვა, დამცირებით მოყენებულ ტკივილს, წლების განმავლობაში რომ გაგრძელდა. გულდამძიმებულს თვალები დამებინდა. დიახაც რომ სწორად ვიქცევი. მაქსი ზუსტად ამას იმსახურებს. ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ზურას რატომ სურდა უფროს ძმაზე შურისძიება, მე ჩემი მოტივები მამოძრავებდა. მთავარი იყო, მიზნისთვის მიმეღწია, თანაც თავაღერებულს. მინდოდა მასაც ეტანჯა ისე, როგორც ერთ დროს მე დამტანჯა. მინდოდა ზუსტად ისეთივე ტკივილი განეცადა, როგორიც მე განმაცდევინა თავისი ღალატით. თუმცა შინაგანი ხმა მაფრთხილებდა, არ გადამედგა ასეთი ნაბიჯი. მაფრთხილებდა, მაგრამ მე ამ ხმას არ ვუსმენდი. მტანჯავდა ისიც, მას რომ ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო ტანჯვა იყო. იმ შემთხვევაშიც კი სასიამოვნო, როცა მის გვერდით ლიკა იდგა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიზნით მივყვები ზურას წყნეთში. მე, უბრალოდ, მინდა უმცროს ძმას ვასიამოვნო…
წყნეთში მშვენიერი დრო გავატარეთ. მაქსი არ ამოსულა. რა თქმა უნდა, არც ლიკა. ამიტომ სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, შებოჭილი არ ვყოფილვარ. დილას ავედით და გვიან ღამით ჩამოვედით.
იმ დღის მერე ზურას თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. სულ ველოდებოდი, მაქსი როდის შეეცდებოდა ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას და როდის მოინდომებდა, წერტილი დაესვა ჩვენი მეგობრობისთვის, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა. მეორე მხარე დუმილით ხვდებოდა ჩვენს შეხვედრებს. ერთი მხრივ, თითქოს არ იგრძნობოდა დაძაბულობა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კიდევ უფრო მაშინებდა - უსიამოვნოდ მხვდებოდა გულზე, ჩემი ყოფილი შეყვარებული საერთოდ რომ არ აქცევდა ყურადღებას ჩემსა და ზურას ურთიერთობას. ვაღიარებ, მისი მხრიდან მტრული დამოკიდებულების დანახვა მინდოდა, რათა იმასაც განეცადა ისეთი ტკივილი, როგორიც მე განვიცადე.
მე და ზურა კი ვაგრძელებდით "მეგობრულ ვოიაჟებს". მას ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორნებში დავყავდი. მეც მივეჩვიე მის ხარჯზე ცხოვრებას და ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, მეკითხა, საიდან ჰქონდა ამდენი ფული. ან კი რატომ უნდა მეკითხა, როცა იგი ამხელა კორპორაციის თანამფლობელი იყო, ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციისა, რომელსაც კოლოსალური შემოსავალი მოჰქონდა. თუ მაქსს შეეძლო საკუთარი სიამოვნებისთვის ფული უყაირათოდ ეხარჯა, ზურა რითი იყო მასზე ნაკლები? არაფრით.
რამდენჯერმე მან თავის ბინაშიც მიმიყვანა. იქ, დივანზე წამოსკუპებულები, ხელში პოპკორნით ხან მუსიკას ვუსმენდით, ხან ფილმებს ვუყურებდით. ბორისი, მისი რეალტორი ძმაკაცი, რომელიც მასთან ცხოვრობდა, მალევე შემეჩვია. ისიც ჩვენ გვერდით დაჯდებოდა ხოლმე და ერთად ვერთობოდით. ზურა და ბორკა, ასე შევარქვი, მშვენივრად ეწყობოდნენ ხასიათებით ერთმანეთს, თუმცა ბორისი, ზურასგან განსხვავებით, სრულიად საპირისპირო ბუნების ბიჭი იყო - ადვილად პოულობდა საერთო ენას ახალგაცნობილებთან, უცებ უახლოვდებოდა ადამიანებს. მასაც ჩემსავით ჟღალი თმა ჰქონდა და ხუმრობით ხშირად მეუბნებოდა, ჩვენ ალბათ შორეული ნათესავები ვართ, თორმე ორივეს ერთი ფერის თმა საიდან გვაქვსო?
ასე გაგრძელდა სამი თვე. ზურას არც ერთი სარეკლამო გადაღება არ გამოუტოვებია. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ, ეს ბიჭი ამ კორპორაციაში მართლა მუშაობს თუ მაქსი მხოლოდ იმისთვის უხდის ხელფასს, რომ სამსახურში არ იაროს-მეთქი.
ერთხელაც, საუბრისას, სწორედ ეს თემა წამოვწიე წინ…
ზურამ დამფრთხალი თვალებით შემომხედა.
- მაქსი ყველაფრის ნებას მრთავს, ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსიამოვნებს, - არცთუ ხალისიანად მიპასუხა და შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა საუბარი.
როცა შევატყვე, ამაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, თავი დავანებე კითხვების დასმას. სულაც არ მაინტერესებდა მისი საქმიანი ცხოვრება, ჩემთვის საკმარისი იყო მის გვერდით გატარებული დრო. ერთად ვსადილობდით, ერთად ვვახშმობდით, ერთად ვსეირნობდით… ერთი სიტყვით, სულ ერთად ვიყავით, როგორც კი მე თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა. სამუშაოთი დიდად დატვირთული არ ვიყავი, სარეკლამო რგოლებს ორ კვირაში ერთხელ ვიღებდით, საჟურნალე ფოტოსესიებს - თვეში ერთხელ. გარდა ამისა, სხვაგანაც ვასწრებდი მუშაობას, ჩვენებებზეც გამოვდიოდი და სატელევიზიო გადაცემებშიც ვმონაწილეობდი, როცა მიწვევდნენ. ასე რომ, მშვენივრად ვუთავსებდი საქმეს და გართობას ერთმანეთს.
ამასობაში ძალზე პოპულარული გავხდი. ჩემზე მოთხოვნა ერთიორად გაიზარდა. არა მარტო მოთხოვნა, არამედ ფულადი შემოსავალიც.
ზოგადად, დიდად არასდროს მომწონდა ის ხალხი, ვინც სარეკლამო ბიზნესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ყოველთვის გავურბოდი ასეთებთან ახლო ურთიერთობას მანამ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ზურა გამოჩნდებოდა. მასთან დაახლოებამ კი სარეკლამო სამყაროსთან დაახლოება გამოიწვია. ის გაწაფული იყო ამ საქმეში და როცა სადმე რამე ხდებოდა, ივენთი იმართებოდა თუ რამე ფართი, ყოველთვის თან დავყავდი. იქ კი, მინდოდა თუ არ მინდოდა, სრულიად განსხვავებული პროფესიისა და სფეროს ადამიანების გაცნობა მიწევდა - არა მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლების, არამედ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მეცენატების და ა. შ. ყოფილა შემთხვევები, როცა ფულით განებივრებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიამოვნებისთვის მართავდნენ წვეულებებს, მოდელებს სპეციალურად პატიჟებდნენ, რათა თავიანთი საღამო ლამაზმანებით დაემშვენებინათ. რამდენჯერმე მეც მივიღე მსგავსი მოწვევა, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი ამგვარ მიპატიჟებებს. ვიცოდი, რომ მხოლოდ ლამაზი თოჯინას როლი უნდა შემესრულებინა და ვიღაცების ახირებული სურვილები დამეკმაყოფილებინა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. თუმცა ერთხელ მაინც მომიხდა წასვლა, რადგან ზურამ მთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხე. გარდა ამისა, ორივეს გვიხაროდა, როცა სადმე ერთად მივდიოდით, რადგან ამით მაქსს ვაღიზიანებდით.
ჩემი ვეებერთელა სარკე ბოლო დროს სულ მეუბნება, ძალზე შეიცვალე იმ წლების შემდეგ, როცა მაქსი გიყვარდა. ახლა ის გაწრიპული გოგო აღარ ხარ, რომელსაც ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებოდა, უცნაური სურვილები იპყრობდა და ვიღაცისთვის შეიძლებოდა ადვილად ხელში ჩასაგდები გამხდარიყავიო. მართალია ჩემი სარკე, ის არასდროს ცდება. ცხრა წელი კი გავიდა, მაგრამ ჩემს გონებაში არაფერი წაშლილა. ყველაფერი ისე მახსოვდა, თითქოს გუშინ მომხდარიყოს, განსაკუთრებით ჩემი და მაქსის ბოლო შეხვედრა, როცა კინაღამ "აკრძალულ ზონაში" გადავედით.
მე და მაქსი მაშინ კინოში წავედით. სახლიდან იმ საღამოსაც, როგორც სხვა დროს, გამოვიპარე, რათა ჩემებს არ გაეგოთ, მაქსს რომ ვხვდებოდი. მასთან შეხვედრა ხომ სასტიკად მქონდა აკრძალული. დამავიწყდა, რა ფილმი გადიოდა, მაგრამ ბლომად ინტიმური სცენით რომ იყო დახუნძლული, ეგ მახსოვს. ისე ვიყავით ორივე აღგზნებული, რომ როცა კინოთეატრიდან გამოვედით და მაქსმა შემომთავაზა, ჩემთან წავიდეთო, წამითაც არ მიყოყმანია. ბინაში შესულიც არ ვიყავით, რომ კედელს ამაკრა და გიჟურად ალერსი დამიწყო, თან ტანთ მხდიდა. გული გაშმაგებით მიცემდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემი შეყვარებულის ათლეტური სხეული, ძლიერი მკლავები და მხურვალე ტუჩები თავისთავად მიზიდავნენ მისკენ. გონება არ მომეკითხებოდა. იმწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი. როცა შემომთავაზა, ჩემთან წავიდეთო, იმთავითვე ვიცოდი, რისთვისაც მიმიპატიჟა, ამიტომ გულიც, სხულიც და ტვინიც მზად იყო ამ "აკრძალული სიამოვნების" მისაღებად.
თითქოს ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა იმ საღამოს იმ ბინაში. სხვანაირად მკოცნიდა, სხვანაირად მეფერებოდა, სხვანაირად მიყურებდა. თვითონაც უცნაურად აღმგზნებ სიამოვნებას ვგრძნობდი, ასე ადრინდელი შეხვედრებისას არასდროს დამმართნია.
- მოდი, ამაღამ ჩემი გახდი, - მეჩურჩულებოდა უკვე სანახევროდ გახდილს, - გავიდეთ ჩემს საძინებელში, დავწვეთ და მომეცი უფლება, ბოლომდე ჩემად დაგიგულო.
- შენ… შენ ხომ მეუბნებოდი, ეს არ გავაკეთოთო, - სურვილისგან გახურებულმა, მაგრამ მაინც შეშინებულმა მეც ჩურჩულით მივუგე, - შენ მეუბნებოდი…
- ჰო, გეუბნებოდი და ვიცი, რომ მოსაკლავი ვარ, ახლა ამას რომ გთავაზობ, - მიპასუხა, თუმცა სახეზე მხოლოდ ერთი რამ ეწერა - ჩემი დაუფლების გიჟური სურვილი. მისი ძლიერი მკლავები უფრო მჭიდროდ შემომეხვია თეძოებზე და თვალები დაენისლა.
- ოჰ, მაქს… - მივუჩურჩულე ჩემს ტუჩებთან მოთამაშე მის ტუჩებს და თვალები მივლულე.
- ნუ გეშინია, არ გატკენ, ამაზე ვიზრუნებ, - ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თან მძიმედ სუნთქავდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, - პირიქით, ვეცდები გასიამოვნო. მე შენ ღვთაებრივ სიამოვნებას მოგანიჭებ, პატარავ.
ამ სიტყვებით ხელში ამიტატა, საძინებელში შემიყვანა და კარი ფეხით მიხურა. უბრალო ავეჯით გაწყობილი იყო ის ოთახი, იაფფასიანით, მაგრამ როგორც კი ლოგინზე წამომაწვინა და კოცნით დამაცხრა, იქაურობა სამოთხის ბაღივით მომეჩვენა.
თავიდან ძალზე დაძაბული ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული ნელ-ნელა მოდუნდა მაქსის რბილი და ნაზი კოცნა-მოფერებით, მერე კი თავადაც გამოვიჩინე ინიციატივა და ალერსში ავყევი. მალე მთლიანად გამაშიშვლა, შიშმაც გამიარა და მხოლოდ სურვილი დარჩა, ბობოქარი სურვილი, მისი გავმხდარიყავი.
მახსოვს, როგორი მშიერი თვალებით ათვალიერებდა ჩემს შიშველ სხეულს. მეც სიამოვნებით გავწექი გულაღმა და ბოლომდე მივენდე.
- გინდა მიყურო, მე როგორ გავიხდი? თუ არ გინდა ან გეშინია, დახუჭე თვალები, კარგი? -ფრთხილად შემომაპარა.
ახლაც კი, როცა ეს შეკითხვა მახსენდება, ცხელი ტალღა მივლის. იმ საღამომდე არასდროს დავფიქრებულვარ, როგორ შეიძლებოდა ჩვენ შორის ეს მომხდარიყო, მაგრამ იმწუთას ერთი რამ ზუსტად ვიცოდი - მე მსურდა მეყურებინა, როგორ გაიხდიდა იგი და სიცოცხლეში პირველად შიშველი მამაკაცი უნდა მეხილა!
- მინდა გიყურო! - უნებლიეთ აღმომხდა, რამაც მაქსი, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა.
- მე ისეთი სრულყოფილი და ლამაზი არ ვარ, როგორიც შენ. - მითხრა პასუხად და მაისური თვალის დახამხამებაში გაიძრო. როგორც კი მის გარუჯულ ბალნიან გულმკერდს შევხედე, სუნთქვა შემეკრა - შიშველი მაქსი კიდევ უფრო მიმზიდველი იყო - ასეთი ძლიერი მამაკაცური მამაკაცი არასდროს მენახა. მერე კი, როცა შიშველი შიშველს შემეხო, რაღაც საოცრება დამემართა - სიამოვნებისგან თითქოს ჰაერში ავიწიე და ვლივლივებდი.
რა თქმა უნდა, ორივემ შეგნებულად გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი მოხდებოდა, მოულოდნელად კარის გაღება-მიჯახუნების ხმა რომ არ გაგვეგონა.
როცა ის წამები მახსენდება, ყოველთვის ცივი ოფლი მასხამს და მაკანკალებს. მაქსმა სიმწრით ამოიგმინა, სახე გაუქვავდა და სწრაფად გადახტა საწოლიდან. ზუსტად წამებში მიუსწრო, სანამ ზურა ჩაუკეტავ კარს შემოაღებდა და მხრით მჭიდროდ მიეყრდნო.
- არ შემოხვიდე! - მთელი ხმით იყვირა, - დაკავებული ვარ!
- ვაუ! - შესძახა ზურამ, - მაპატიე, ძმაო. გასაგებია ყველაფერი. წავალ, გავისეირნებ.
ზურა წამში გავიდა და შემოსასვლელი კარი სპეციალურად ძლიერად გაიჯახუნა, რათა ჩვენ გაგვეგონა. მაგრამ…
მაგრამ ერთმანეთთან შერწყმის სურვილი ორივეს გაგვიქრა… ისე მრცხვენოდა, ძლივს ვახერხებდი ტანსაცმლის ჩაცმას. იმისიც კი მრცხვენოდა, მაქსისთვის თვალებში შემეხედა. ის სააბაზანოში გავიდა, მე მარტო დავრჩი. ცოტა ხანი შემოვიდა და სიგარეტს მოუკიდა.
- როგორ ხარ? - მკითხა და მზრუნველი მზერა მესროლა.
- მე… არა მიშავს… - ყრუდ მივუგე, თან თითები ერთმანეთში გადავხლართე, - მე… კარგად ვარ… - დაბნეული ვამბობდი და თვალების გახელის მეშინოდა. არ ვიცი, რისი ან ვისი, მაგრამ მრცხვენოდა, - სახლში მინდა წასვლა.
- ჰო, რა თქმა უნდა… გაგაცილებ.
და გამაცილა. მდუმარედ მივდიოდით. თითქოს რაღაც ცივი, გამოსამშვიდობებელი იყო ამ გაცილებაში. კორპუსამდე მიმყვა. უკვე გვიან იყო. სადარბაზოსთან შევჩერდით. მან თმაზე ალერსიანად გადამისვა ხელი და რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ არაფერიც არ თქვა. თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე, სიყვარულით სავსე მზერა შევანათე, მან კი მხოლოდ გაურკვევლად გამიღიმა და სწრაფად გამშორდა.
დიდხანს გავყურებდი ღამის სიბნელეში მიმავალს. როგორ მინდოდა რამე ეთქვა _ ან "მიყვარხარ", ან "საწყენია, რომ ასე მოხდა", ან "რა სულელურად გამოვიდა ყველაფერი", ან… ან ნებისმიერი რამ, სულერთია, რა. მაგრამ არაფერიც არ უთქვამს. არასდროს უთქვამს მიყვარხარო და იმ საღამოს მეტყოდა?
სულ გადამავიწყდა, რომ სახლიდან გაპარული ვიყავი, ამიტომ სიფრთხილე არ გამოვიჩინე. შეიძლება არც დამვიწყებია, მაგრამ უბრალოდ, დავიკიდე. მთლად კორპუსამდე მიცილების უფლება არ უნდა მიმეცა, რადგან შეიძლებოდა მამაჩემს ან დედაჩემს ფანჯრიდან დავენახეთ. იმ მომენტში ისე ვიყავი წაშლილი, ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ისინი თურმე კარგა ხანია მითვალთვალებდნენ და ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდნენ?
ეს მოგვიანებით გავიგე…
მეორე დღეს მაქსმა არ დამირეკა. არც მოვიდა. ლამის შევიშალე ეჭვისგან. ვიფიქრე, იმ ღამემ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა-მეთქი. სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ გამირბოდა?
რამდენიმე დღე ასე ვიტანჯებოდი. მერე… ერთ საღამოს დედამ სასტუმრო ოთახში მიმიხმო და მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე გამომიცხადა, მე და მამაშენმა ვიცით, შენ და მაქსი ერთმანეთს ჩუმად რომ ხვდებითო. შემდეგ სასწრაფოდ დაამატა, ჩვენ მაგ ბიჭს ფული გადავუხადეთ, რომ სამუდამოდ შეგეშვას და დაგივიწყოსო…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>