აღრიალებული მივვარდი მამას. მან დამნაშავის სახით შემომხედა, აშკარად გრძნობდა თავის დანაშაულს, მაგრამ არ უარუყვია, რომ მაქსს ფული მართლა გადაუხადა. მისგან განსხვავებით დედას ჰქონდა შეუვალი სახე _ გამეხებული იდგა კარის ზღურბლთან და შეუბრალებლად შემომცქეროდა. მაინც არ დავუჯერე. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაქსს ფული აეღო და ამის გამო მივეტოვებინე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი და ჩემი მშობლების ზეწოლის მიუხედავად, არასდროს მიმატოვებდა. მის მოსყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო! შევეცადე მენახა მაქსი და მეკითხა მისთვის, მართალი იყო ეს ყველაფერი თუ ჩემები მატყუებდნენ, მაგრამ მან ჩემთან დალაპარაკება არ ისურვა არც ტელეფონზე და არც მაშინ, როცა თავის გარაჟში მივაკითხე. მაინც არ შევეპუე. დაჟინებით ვურეკავდი და მოვითხოვდი, შემხვედროდა.
როგორც იქნა, დავიყოლიე…
და აი, ერთმანეთის პირისპირ ვიდექით მის გარაჟთან.
_ რა გინდა ჩემგან? _ მშრალად მკითხა.
_ მინდა გავიგო, მართლა აიღე თუ არა ფული ჩემი მშობლებისგან იმისთვის, რომ მე მიმატოვო? _ ხმადაბლა შევეკითხე.
_ აბა, რა გეგონა? შენ რას ელოდი? გეგონა, ფულზე უარს ვიტყოდი? _ მკვახედ მესროლა. მისი სახე აბსოლუტურად არ გამოხატავდა არაფერს, იდგა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და გულგრილად შემომცქეროდა, _ მე შენსავით მდიდარი არ ვარ, პატარა ქალბატონო. თავის რჩენა საკუთარი შრომით მიწევს. როგორც შემიძლია, ისე გამოვიმუშავებ. ჰო, ავიღე ის ფული! ასეთი შესაძლებლობა გამომიჩნდა და უარი რატომ უნდა მეთქვა? რა, გეგონა, შენ გამო ამხელა თანხას არ ავიღებდი? _ დამცინავი ტონით მომმართა.
პასუხი არ გამიცია. ხმის ამოღების უნარი წამერთვა. გაოგნებისგან თავზარი დამეცა. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ არ მიტირია. ამის ძალაც არ შემწევდა.
ჩემმა დუმილმა მაქსი უფრო გაამწარა. ამას მივხვდი, როცა თვითონ აყვირდა. ალბათ ეგონა, ისტერიკას მოვუწყობდი, ვიტირებდი, გამოვთათხავდი, მე კი შევყურებდი და ხმას არ ვიღებდი.
_ გაუჩინარდი ჩემი ცხოვრებიდან. _ მიყვირა უცებ, _ არ მინდიხარ მე შენ, გესმის? თავიდან, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო გხვდებოდი, პატარა გოგო რაღაც ახალი იყო ჩემთვის და ამით ვერთობოდი. მერე ვსიო, მორჩა! მომბეზრდა! ასე რომ, დაახვიე აქედან! გაქრი, აორთქლდი! გაიგე?
_ გავიგე, _ აცახცახებულმა ძლივს მივუგე, _ მე შევცდი თქვენში, მისტერ მაქს! მეგონა, თქვენს უდიდებულესობას ვუყვარდი!
_ მიყვარდი? მე შეეენ? განა ოდესმე მითქვამს შენთვის ეს? ერთხელ მაინც? _ სიცილი დამაყარა, _ ხანდახან კაცები დროებით ერთობიან ქალებთან, სიყვარულის გამო კი არა. რა, არ იცოდი?
_ ახლა ვიცი, _ მიუხედავად იმისა, რომ მისმა სიტყვებმა ბოლომდე გამანადგურა, მაინც მედგრად ვუპასუხე, _ მეტად არასდროს შეგაწუხებ!
და გავიქეცი. მგონი, მხოლოდ ერთხელ და ისიც სწორედ მაშინ _ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში უკანმოუხედავად გავიქეცი და სახლამდე ისე მივირბინე, არ შევჩერებულვარ, თან ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.
და კიდევ ორი დღე გონს ვერ მოვედი. მერე ჩემმა მშობლებმა იყოჩაღეს. როცა ნახეს, რა დღეშიც ჩავვარდი, იმის შიშით, კიდევ არ მეცადა მაქსთან შეხვედრა, თბილისს მომაშორეს. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მოუსავლეთში გადამისროლეს _ ამერიკაში მიკრეს თავი, სადაც ცხოვრება თავიდან ვისწავლე. სამაგიეროდ, ახლა გამომადგა ის ძვირად ღირებული აღზრდა-განათლება. ახლა ამაყად თავაწეულს, მედიდურად, ელიტური ღიმილით შემიძლია მაქსს ვუთხრა, რა აზრისაც ვარ მასზე, რას ვფიქრობ მის საქციელზე და ის, _ ძალიან ძველი და ძალიან მწარე ვალი ასე დავუბრუნო.
მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ერთი დღეც არ დამისვენია, სულ ვმუშაობდი. სამაგიეროდ, ეს ბედნიერება ახლა მხვდა წილად. ჩემი დამსახურებისთვის კორპორაციამ არდადეგები მაჩუქა _ ერთკვირიანი დასვენება ბათუმში!
სიხარულით აღარ ვიყავი. განსაკუთრებით, როცა გავიგე, რომ ზურაც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ზღვაზე მაბოდებს, ამიტომაც უზომოდ გამიხარდა. ამ ზაფხულს ზღვაზე არ დამისვენია, რამდენიმე დღე ბორჯომში გავატარე, ისიც გადაღებების გამო და ეგ იყო. ზღვაზე მოხვედრის იმედი წელს არ მქონდა. თანაც, კარგი დროც დაემთხვა _ შუა სექტემბერი _ ხავერდოვანი სეზონი. ამ პერიოდში ზღვა უჩვეულოდ მშვიდია ხოლმე, ღელვა იშვიათად ახასიათებს. ამინდებიც ხელს მიწყობს _ თვის ბოლომდე და მერეც, მთელი ოქტომბერი მზიანი დარია გამოცხადებული.
მამაჩემთან პრობლემა არ შემქმნია, როცა ვუთხარი, რომ გადაღებების გამო ბათუმში მიწევდა გამგზავრება. ერთი კი ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ, რა სულ აქეთ-იქით დაწოლიალობო და მორჩა, ხმა აღარ გაუღია. საღამოსვე ჩავალაგე, რაც მჭირდებოდა, მხოლოდ ერთი სამგზავრო ჩანთა გავავსე და ეგ იყო. დიდად არ მიტეხია თავი, რა წამეღო თან. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ზღვაზე მივდიოდი!
მთელი ღამე ტალღების ხმა ჩამესმოდა ყურში, თითქოს ზღვა ჩემი ფანჯრების ქვეშ ყოფილიყო გაწოლილი.
სიხარული მხოლოდ მეორე დილით ჩამშხამდა, როცა უთენია ზურას მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუდექით. მცხეთას რომ გავცდით, ინათა კიდევაც და სწორედ მაშინ წამოიწყო ზურამ ლაპარაკი იმაზე, რომ სასტუმროში კი არ დავბინავდებოდით, არამედ კერძო სახლში, რომელიც ახალ ბათუმში მდებარეობდა, ზედ ზღვის ნაპირას, ქუჩის გადაღმა. და ეს სახლი, არც მეტი, არც ნაკლები, მისი და მაქსის საკუთრება გახლდათ!
_ აქამდეც გეტყოდი, მაგრამ შემეშინდა, არ გადაიფიქროს-მეთქი, _ დამნაშავის ღიმილით გამომხედა ზურამ, ოსტატურად რომ ატრიალებდა საჭეს, _ ახლა კი ვერაფერს იზამ. მანქანიდან ხომ არ გადამიხტები?
ცოტა კი განვიხიბლე, მაგრამ მაინცდამაინც არ მწყენია, რომ მომატყუა. თუმცა, როცა გამომიცხადა, საღამოს მაქსი, ლიკა და კიდევ რამდენიმე მეგობარი ჩამოვლენ, მანამ კი სახლი მთლიანად ჩვენს განკარგულებაში იქნებაო, მოულოდნელობისგან ლამის გული წამივიდა.
ერთადერთი, რაც შვებას ოდნავ მაინც მგვრიდა, ის იყო, რომ მაქსის ჩამოსვლამდე მოვასწრებდი, მასთან შეხვედრას მომზადებული შევხვედროდი.
ბათუმში ისე ჩავედით, შუბლი არ გამიხსნია. მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ერთი კვირა მაქსის გვერდით უნდა გამეტარებინა, მისთვის უნდა მეყურებინა. ეს აუტანელი იყო. არ ვიცოდი, ამ გამოცდას როგორ გავუძლებდი. თუმცა ნერვიულობამ თანდათან გამიარა. რომ წარმოვიდგინე, მაქსისთვის რა ძნელი ასატანი იქნებოდა საცურაო კოსტიუმში ჩემი ხილვა, დავმშვიდდი. ლიკა კარგი გარეგნობის გოგო იყო, მაგრამ ჩემნაირი `დაცემა~ სხეული ნამდვილად არ ჰქონდა. ჩემს გრძელ ფეხებზე ლეგენდები დადიოდა, კაცები კი არა, ქალებიც კი ხარბად მათვალიერებდნენ, როცა მოკლე კაბა ან შორტი მეცვა. საცურაო კოსტიუმში ხომ საერთოდ! ჩემს სხეულს თბილისის სამოდელო სააგენტოებში მეტოქე არ ჰყავდა. ჩემი ხელმძღვანელი ყოველთვის `უბადლო აღნაგობის გაბრიელათი~ მომიხსენიებდა ყველგან და ყველასთან. ინტერვიუებშიც კი აღნიშნავდა ამას.
სახლი სამსართულიანი იყო და ნამდვილი საოცრება. ყველა სართულს მრგვალი აივანი ჰქონდა, ხოლო მესამე სართულის სახურავზე მთლიანი ვერანდა იყო განთავსებული. ზღვა მხოლოდ აქედან ჩანდა, ისიც სანახევროდ. ერთადერთი მინუსი სახლს ის ჰქონდა, რომ მთლად გზის პირას იყო აშენებული, მაგრამ იმხელა ეზო ეკრა გარს, რომ თუ მის სიღრმეში შეხვიდოდი, არც მანქანების ხმაური აღწევდა და არც მტვერი შეაწუხებდა ადამიანს. ლამაზი იყო აქაურობა, ძალიან მოვიხიბლე.
სახლი მთლიანად თეთრად იყო შეღებილი. სახურავი არ ჰქონდა ღია ვერანდის გამო, მაგრამ ერთი მესამედი ნაწილი წითელი კრამიტით გადაეხურათ, სადაც გრძელი თორმეტკაციანი მაგიდა და ამდენივე სავარძელი იდგა. როგორც ჩანდა, სუფრებს აქ შლიდნენ, რათა წვიმიან ამინდში არავინ დასველებულიყო. ლამაზი იყო ვერანდა, სულ მწვანეში ჩაფლული. აივნის მთელ გაყოლებაზე კერამიკისა და თიხის ვეებერთება ქოთნები იდგა უკვე გაყვავებული მცენარეებით. მათგან უმრავლესობა მარადმწვანე იყო, ნაწილი _ ხვიარა, დანარჩენი _ ვარდები, რაც საოცარ სილამაზეს ქმნიდა. ასე რომ, მთელი დღე რომ აქ გაგეტარებინა, მზე არ შეგაწუხებდა, ყველა კედელი ჩრდილს ქმნიდა ხვიარა ვარდების, ჟასმინის, ტეკომასა და ვისტერიას წყალობით. ვისტერიას ყვავილები ყურძნის მტევნებივით იყო ჩამოკიდებული ბადესავით გაშლილ ტალავერზე.
წამში შემიყვარდა ეს სახლი და გულში ისიც კი გავივლე, მაქსს რომ ცოლად მოვეყვანე, აქაურობის დიასახლისი ახლა მე ვიქნებოდი-მეთქი. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი ამის გაფიქრებაზე.
უკანა ეზოში უზარმაზარი მრგვალი აუზი გაეკეთებინათ, მის გვერდით კი _ პატარა ზომის და ოთხკუთხედი, რომელიც სხვადასხვა ფერის მინიატიურული თევზით იყო გავსებული. ისინი ისე დაქროდნენ აქეთ-იქით, თვალის შევლებას ძლივს ვასწრებდი. დიდ აუზს ერთ მხარეს პატარა ბაღი ამშვენებდა საოცრად ლამაზი ყვავილებით. სწორედ მის შუაგულში იდგა ბაღის მაგიდა და სკამები, სადაც სტუმრებს დასვენება, სასმლის დალევა და პირის ჩატკბარუნება შეეძლოთ. ეზოს გარშემო გალავანი ჰქონდა შემოვლებული, თუმცა იმის საშიშროება, რომ ვინმე დაგინახავდა, არ იყო, რადგან ახლომახლო სხვა სახლი არ იდგა. მხოლოდ ოდნავ მოშორებით შენიშნავდით ორ-სამ და მრავალსართულიან სასტუმროსა და კორპუსებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ მშენებარე იყო.
საოცარი სიმყუდროვე სუფევდა ირგვლივ და ეს ყველაზე მეტად მომწონდა. აქაურობა მიწიერ სამოთხეს ჰგავდა.
ჩემთვის განკუთვნილი საძინებელი მესამე სართულზე მდებარეობდა. იგი პასტელის ფერებში იყო გაწყობილი. პრინცესის მოსასვენებელს ჰგავდა. მე _ პრინცესა! პატარა გოგოსავით მიხაროდა. ისეთი აღტყინებული ვიყავი, მაქსის ჩამოსვლა საერთოდ აღარ მაშფოთებდა.
_ მხოლოდ ერთი ქალი მოგვემსახურება, ნატო ჰქვია, მაგარი საჭმელები იცის, გემრიელი ხელი აქვს. ყველაფერს ის აკეთებს, როცა ჩვენ არ ვართ, აქაურობას ის უვლის თავის ქმართან ერთად. ფაქტობრივად, აქ ცხოვრობენ, პირველ სართულზე აქვთ ოთახი გამოყოფილი. საყვარელი ქალია, მოგეწონება, _ ამიხსნა ზურამ.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ წონაში მოვიმატებ, არა? _ გავიხუმრე.
_ მერე რა? შენ მოგიხდება. _ გამოიტანა დასკვნა ზურამ.
_ ჰოდა, კიდევაც მომიწევს ჩემს კარიერასთან დამშვიდობება, _ გავიცინე, _ ოჰ, ზურა, ეს სახლი კი არა, სამოთხეა!
_ მიხარია, რომ მოგეწონა. მიდი, ამოალაგე შენი ბარგი. მერე წავიხემსოთ და ცოტა ხნით გავიდეთ სანაპიროზე, სანამ სადილის დრო მოვა და ძაან დაცხება.
_ გადასარევი აზრია! _ ტაში შემოვკარი სიხარულით აჟიტირებულმა.
_ მე წავალ და პლაჟზე დაგხვდები, შეზლონგებს ავიღებ, სანამ შენ ჩამოხვალ, კარგი? გზას გადაკვეთ და პირდაპირ წახვალ, იქ კიბეა, ჩაუყვები და პლაჟზე ხარ. აი, ამ ქოლგით მიცნობ. ასეთი სხვას აქ არავის აქვს, _ სიცილით დააყოლა და აივანზე მიყუდებულ წითელ გაშლილ საჩრდილობელ ქოლგაზე მიმითითა, რომელზეც ლურჯი ასოებით დაეხატათ კორპორაციის სახელწოდება: `მაქსი და პარტნიორები~.
ზურა ჩემს პასუხს არ დაელოდა, ქოლგა დაკეცა, მხარზე გაიდო და კიბეზე ჩაირბინა.
საჩქაროდ ჩავიცვი ჩემი შავი საცურაო კოსტიუმი და სარკეში ჩავიხედე. უფ! ბრწყინვალედ გამოვიყურებოდი! ყველას თვალი ზედ დარჩებოდა ჩემს დანახვაზე… მეც ეს მინდოდა. თმა მაღლა ავიწიე, შორტი ამოვიცვი, ზემოდან წითელი მაისური გადავიცვი, პირსახოცი და სხვა საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავყარე და ზურას საძებნელად გავეშურე.
ზურაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ შავ ტრუსში, მაგრამ მაქსთან მისი შედარება არ შეიძლებოდა. მისი ფართო და დაკუნთული მხრები ჯერაც მახსოვდა. ზურა მაღალი იყო, მაგრამ გამხდარი, ტანზე ერთი ბეწვიც არ ჰქონდა და ფერითაც ზედმეტად თეთრი იყო. მაქსი კი იმთავითვე თავბრუს მახვევდა თავისი კაკაოსფერი სხეულით.
თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ზურა როგორ გამოიყურებოდა. მისი სხეული საერთო არ მაინტერესებდა. ის მხოლოდ მეგობარი იყო ჩემთვის, სხვა არავინ. ვიმედოვნებდი, რომ მასაც ესმოდა ეს.
ჩემს დანახვაზე ზურამ გრძლად დაუსტვინა.
_ აი, ეს მესმიიის! რა გემრიელი ლუკმაა! _ შესძახა და წარბებაზიდულმა შემათვალიერა.
_ შენც არა გიშავს, აი, ეგეთ ფორმაში ხარ! _ ვუთხარი და ორივე ცერი ერთდროულად შევმართე.
_ გავცუროთ? _ თავი გვერდზე გადახარა და შემომხედა.
_ თუ გინდა, შეგეჯიბრები, _ გავმხიარულდი და მის პასუხს არც კი დაველოდე, ისე გავქანდი ზღვისკენ. მაგრამ სანამ წყალში ვისკუპებდი, ჩემი დამემართა _ ქვიანმა ნაპირმა ლამის დამისერა ფეხისგულები.
აი, რატომ მიყვარს ქვიშიანი პლაჟი!
ტალღას დაველოდე და შევყევი. წყალი თითქოს გამეთამაშა, მაშინვე ამაბურთავა. როგორ მიხაროდა! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეცხრე ტალღაზე ამხედრებული ცისკენ მივიწევდი. წარმოვიდგინე, როგორ გაუძნელდებოდა მაქსს ჩემ გვერდით ამ დღეების გატარება. ეს ორმაგად მახარებდა. ამწუთას თავს ზუსტად ისე ვგრძნობდი, როგორც ცხრა წინ წინ, როცა ის მიყვარდა. ახლაც ისე გაბრუებული ვიყავი, როგორც მაშინ. მერე რა, რომ ახლა იგი ჩემი არ იყო. მაინც მიხაროდა, რომ ჩემს სიახლოვეს ყოფნა მოუწევდა. ეს ჩემში ენით გამოუთქმელ სიხარულს იწვევდა.
ზურა გვერდით მომყვებოდა. კარგა შორს გავცურეთ და ბოლოს, მკლავები რომ დამეღალა, წყალზე გავწექი. ზურამაც მომბაძა. არანორმალურად ვმხიარულობდი და შევატყვე, ზურას ეს როგორ უკვირდა. ალბათ ვერ ხვდებოდა, ასე რატომ მიბრწყინავდა სახე.
_ მაგარ სიამოვნებას იღებ, არა? _ ტალღების ხმაურში ყვირილით შემეკითხა.
_ უმაგრესს! თავი ზღაპარში მგონია! _ პასუხად მეც ვიყვირე, _ რა სილამაზეა, ხო?
_ სილამაზე შენ თვითონ ხარ!
_ ნუ მაშაყირებ! _ ღიმილით მივუგე და ხელით წყალი შევასხი.
მოულოდნელად იმანაც შემასხა და დავიწყეთ ერთმანეთის გაწუწვა. ჩვენი წივილ-კივილი ალბათ ნაპირზე ისმოდა.
_ მაქსმა იცის, მეც რომ ჩამოვედი? _ შევაპარე ზურას, როცა ნაპირისკენ გამოვცურეთ.
_ კი. რა, არ უნდა მეთქვა?
_ და ალბათ, ძალიან გაბრაზდა.
_ მინასავით წვრილ ნამსხვრევებად გაიფანტა, _ სიცილით მომიგო და მკლავები ძლიერად მოუსვა, _ მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია, რაც არის, არისო.
_ არ მინდა ჩემ გამო უსიამოვნება შეგემთხვეს. _ ეს უკვე ნაპირზე გამოსულმა ვუთხარი.
_ არ შემემთხვევა. პატარა ბიჭი ხომ არ ვარ? მე და შენ ცალკე სართულზე ვიქნებით, ლიკა და მაქსი ცალკე. ასე რომ, შეგვიძლია მათთან საერთოდ არ ვიყოთ.
_ კარგია, რომ უყვართ ერთმანეთი.
_ უყვართ არა კვახი! ეს ლიკაა მასზე შეყვარებული, თორემ მაქსს დიდად არ ეხატება გულზე. მისთვის პირველი კი არაა. თუმცა ლიკა მთელი წელია, გვერდიდან არ შორდება, ალბათ დიდი იმედი აქვს, რომ მიზანს მიაღწევს.
ამის გაგონებაზე მოვიღუშე. უცნაური ის იყო, რომ ლიკა მომწონდა და სწორედ ეს მაოცებდა. რატომ უნდა მომწონებოდა გოგო, რომელიც აშკარად მეტოქეობას მიწევდა? არავითარი ბოღმა მის მიმართ არ მამოძრავებდა, პირიქით, ძალზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ მის მიმართ უკვე აღარაფერს გრძნობ? _ ფრთხილად მომისინჯა ნიადაგი ზურამ და პირსახოცით თმა შეიმშრალა.
_ დარწმუნებული ვარ. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა! _ თავდაჯერებით მივუგე, თუმცა სულაც არ ვიყავი თავდაჯერებული.
_ ჰო, დიდი დრო კი გავიდა, მაგრამ რა იცი, იქნებ ისევ მიგიწევს მისკენ გული?
_ კარგი რა, სისულელეა. მე უკვე დავივიწყე.
_ არ გინდა აქ რომ შეხვდე? დისკომფორტი ხომ არ შეგექმნება მისი ნახვით?
_ არა, არა. შენ ნუ დარდობ, ყველაფერი რიგზეა, სანერვიულო არაფერი მაქვს, _ უდარდელი ტონით მივუგე, გული კი შემეკუმშა.
როცა შინ დავბრუნდით, ეზოში მანქანა შევნიშნე და მივხვდი, მაქსი უკვე ჩამოსულიყო. ფეხის წვერებზე აწეულმა ავირბინე კიბეზე და სააბაზანოს მივაშურე წყლის გადასავლებად. ამწუთას ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს შევხვედროდი.
როცა ძირს ჩამოვედი, ზურა აუზთან მდგარ მაგიდას უჯდა, ნატო კი ცივი სასმელებით ამარაგებდა. სასიამოვნო ქალი იყო ეს ნატო, დანახვისთანავე კარგი თვალით შემომხედა. მასაც მოვეწონე და მეც მომეწონა. გამოვედი თუ არა, მეც მაშინვე ანანასის წვენით გამიმასპინძლდა, თან ენას არ აჩერებდა, ზურას ეუბნებოდა, დროა ოჯახს მოეკიდო და შვილები იყოლიოო.
_ აგე, არც გაბრიელაა გათხოვილი, ნატო, იმას რატომ არ უკითხავ ნოტაციებს? _ სიცილით მიმართა ზურამ მზარეულს.
_ წავუკითხავ, აბა, რას ვიზამ. ამისთანა ანგელოზივით გოგო ასე მარტო უნდა დადიოდეს? სულ სამსახური რა უბედურებაა? მუშაობამ ვირი მოკლაო, ხომ გაგიგიათ? _ ხმამაღლა წარმოთქვა ნატომ და დინჯი ნაბიჯებით სახლს მიაშურა.
_ ხომ ხედავ, როგორ უნდა ცხოვრება, ნატო ასე გვასწავლის ყველას, _ ღიმილით მომიბრუნდა ზურა და სკამი გამომიწოდა დასაჯდომად.
_ სტუმრები სად არიან? _ სასხვათაშორისოდ ვიკითხე, თითქოს სულ არ მაინტერესებდა.
განსაკუთრებულად არ ჩავიცვი. ჯიბრზე, შინაურულად რომ მეგრძნო თავი, თეთრი პირსახოცის ხალათი მოვიცვი შიშველ სხეულზე და ისე გამოვედი, რომ მაქსი საბოლოოდ დამებოღმა. ზურაც ჩემსავით დასვენებული გამოიყურებოდა. მგზავრობამ ვერაფერი დაგვაკლო, რადგან ზღვისა და მზის აბაზანები უკვე მიღებული გვქონდა.
ზურამ კონიაკი ჩამომისხა და ცოტა მოვწრუპე. ალკოჰოლიან სასმელებს ყოველთვის ვერიდებოდი, ამიტომ თავი ამჯერადაც შევიკავე. ზურა პირიქით, უაზროდ ბევრს სვამდა და მიკვირდა, რა ძნელად თვრება-მეთქი. ფეხარეული ჯერ არ მენახა. არც ენას უკიდებდა მთვრალი არასდროს, თუმცა კი ჩემთან ერთად ყოფნისას ისეც მომხდარა, რომ უზომოდ ბევრი დაულევია.
სულ მეშინოდა მისი სიმთვრალის _ სითამამე არ მოემატოს და სიყვარული არ ამიხსნას-მეთქი. მსგავს მცდელობას თუ ერთხელ მაინც ექნებოდა ადგილი, დაფიცებული მქონდა, ეგრევე ადგები და სამუდამოდ გავერიდები-მეთქი. ახლაც ასე გადავწყვიტე. თუ რამე გადაკრულს მეტყოდა, მაშინვე თბილისისკენ ავიღებდი გეზს.
_ შუშდებიან. გზაში დავიღალეთო, გამოაცხადეს.
ზედა სართულისკენ გავაპარე თვალი, მაგრამ ვერავინ დავლანდე. არადა, როგორ მინდოდა, სადმე, რომელიმე ფანჯარაში ჩასაფრებული მაქსისთვის მომეკრა თვალი. კი ვინანე, რატომ არ გამოვიპრანჭე, ვითომ რა მეტიჩრობაა, ხალათით რომ ჩამოვჯექი-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ახლა რომ მაღლა ავსულიყავი და იქ მაქსსა და ლიკას გადავყროდი, გულიც გამისკდებოდა. რამდენიმე საათის წინ ხომ მიხაროდა, რა კარგია, სულ მაქსის თვალწინ ვიტრიალებ და გულს გავუხეთქავ-მეთქი, მაგრამ ახლა ეს იდეა საშინელებად მომეჩვენა _ მაქსი კი არა, ვშიშობდი, რომ ამგვარი ქცევა მევე მომიტრიალებოდა საზიანოდ. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მის მიმართ გრძნობა საბოლოოდ გამიქრა. მაშინ რატომ მიხაროდა მისი ახლოს ყოფნა? რატომ ვიყავი ასე აჟიტირებული, მხოლოდ და მხოლოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით?
მეეჭვებოდა.
თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო, ამ დროს პირველი სართულის კარი ფართოდ გაიღო და მაქსი გამოჩნდა. იგი პირდაპირ ჩვენკენ გამოემართა. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თეთრ შორტსა და მაისურში. თმა სველი ჰქონდა, _ ახლახან გამოსულიყო სააბაზანოდან.
თავი თამამად ავწიე, თითქოს მისი გამოჩენა სულაც არ მაშფოთებდა. მაგრამ გული საგულეს უკვე აღარ მქონდა. ნეტავ სექსიც მოასწრეს ჩამოსვლის შემდეგ? იქნებ შხაპიც ერთად მიიღეს? _ რატომღაც ეს აზრები ამეკვიატა.
_ ესე იგი, შენც ჩამოხვედი, _ მომმართა, მაგრამ წამითაც არ შესტყობია, რომ ნაწყენი იყო. თავი არ გასცა.
_ მე მოწვეული ვიყავი და უარს ვერ ვიტყოდი, _ მივუგე.
ცივად ჩაიცინა.
_ ასეც ვიცოდი. კარგია, კარგი. წინააღმდეგი სულაც არ ვარ, ჩემი თანამშრომლები მესტუმრონ და დრო ჩემს სახლში მხიარულად გაატარონ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვევაში არ გადაუვათ.
მის ირონიას საზღვარი არ ჰქონდა, რამაც გამაწიწმატა. ერთბაშად მომაწვა სახეზე სისხლი.
_ ეეე, მაქს! _ დაუყვირა უმცროსმა ძმამ და სკამზე წამოიწია.
_ ძალიან გთხოვ, ზურა, ჩემ გამო მესამე მსოფლიო ომს ნუ დაიწყებ, _ მივმართე ზურას. მერე ოდნავ ჩავცურდი, სკამის საზურგეს თავით მივეყრდენი და მაქსს გავუღიმე, _ მე და შენ გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს, არა, მაქს?
_ ასე გგონია?
_ ვშიშობ, საამისოდ ბევრი მიზეზი გვაქვს, _ მომაჯადოებელი ღიმილით წარმოვთქვი და შევამჩნიე, როგორ შეერხა წარბები. იგი მიხვდა, ამით რისი თქმაც მინდოდა, ამიტომ უარესად დაიძაბა.
_ რა გჭირთ? _ დაიბნა ზურა.
_ მშვიდობიან ხელშეკრულებას ვდებთ, _ მიამიტი გამოხედვით მივუგე, _ თუ მაქსი კარგად მოიქცევა, ვპირდები, რომ მეც სანიმუშო სტუმარი ვიქნები.
მაქსის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდი, წამებში უნდა აფეთქებულიყო, ისე გადაფითრდა, მაგრამ კრინტის ამოღება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს კარი კვლავ გაიღო და ლიკა გამოჩნდა. მას საოცრად ელეგანტური ყვავილებიანი სიფრიფანა კაბა ეცვა. იგი ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩვენკენ, თან თავს აქეთ-იქით იქნევდა, თითქოს სველი თმის გაშრობას ამგვარი ხერხით აპირებსო.
_ ყველას პრივეტები! _ მხიარულად მოგვესალმა, თან გვიღიმოდა, _ რა დაცემა ადგილია, გავგიჟდი. გაბი, თქვენ თუ მოგეწონათ აქაურობა?
_ ძალიან. სასწაული ადგილია, _ კვერი დავუკარი, _ მე და ზურამ ზღვაზეც მოვასწარით გასვლა.
_ ერთი სული მაქვს, როდის დავათვალიერებ ბათუმს. ოთხი წელია, აქ არ ვყოფილვარ.
_ მართლა? _ გულწრფელად გამიკვირდა, _ მეც დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, მაგრამ მეპატიება, ამერიკიდან შარშან ჩამოვედი, მაგრამ თქვენ?
_ მეც სულ საზღვარგარეთ ვისვენებდი ზაფხულობით და ვერ მოვახერხე აქ ჩამოსვლა. წელს კი მაქსს უნდა ვუმადლოდე, რომ ჩამომიყვანა.
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ გავუღიმე.
_ კარგია, ერთად რომ ვიქნებით. ბევრნი უკეთეს დროს გავატარებთ, _ მეოცნებედ ჩაილაპარაკა ლიკამ.
_ გიხდებათ ეს კაბა, _ სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე მეთქვა.
_ მადლობა… ძველია, შარშან ლონდონში ვიყიდე, _ აღიარა, _ მაგრამ ისე მომწონს, სულ მაცვია, ვერ ველევი.
_ მე ჯინსის შარვალზე მემართება ასე, _ გავიცინე, _ სანამ არ შემომაცვდება, არ ვიშორებ ხოლმე. ასე რომ, ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა.
_ ახლა ცოტა მოვიმატე წონაში და ისე არ მადგას ტანზე. თქვენ რა გიჭირთ, ისეთი გამხდარი ხართ, ასეთი პრობლემა ალბათ არასდროს შეგექმნებათ.
_ მე კი მიყვარს ცოტა პუტკუნა ქალები, _ წამოიძახა მაქსმა, ლიკას წელზე ხელი მოხვია და ტუჩებზე დააცხრა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ტყავს მაძრობდნენ. თავი სასწრაფოდ მივაბრუნე, რომ ამ სცენისთვის არ მეყურებინა. ზურამ შეამჩნია ჩემი რეაქცია, სახე დაეჭიმა და წამოხტა, მაშინვე ხელი გამომიწოდა და მითხრა:
_ წამო, გაბი, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ. ნატო მალე სუფრას გაშლის, ვისადილოთ და ქალაქში გავიდეთ, _ მერე ძმას და სარძლოს მიუტრიალდა, _ თქვენ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი?
_ არა, რა თქმა უნდა, _ დაასწრო ლიკას მაქსმა.
_ ჩვენც ხომ არ შევუერთდეთ? ერთად წავსულიყავით, _ ინიციატივა გამოიჩინა ლიკამ.
მაქსმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.
_ არა, დათო და მართა უნდა ჩამოვიდნენ, იმათ უნდა დაველოდოთ. წუთი წუთზე მოვლენ, წეღან დამირეკეს. _ ისეთი ტონით წარმოთქვა მაქსმა, რომ ლიკამ მხოლოდ სუსტი წინააღმდეგობა გაუწია.
_ ოოხ, ეგ შენი მეგობრები! თბილისში არ მეყოფა მაგათი ყურება? _ ამოიოხრა, _ რახან ასეა, რა გზაა, დაველოდოთ, მაგრამ საღამოს აუცილებლად თევზის რესტორანში წამიყვან, იცოდე.
_ წაგიყვან. _ დაეთანხმა მაქსი.
_ ლიკას ხალხმრავლობა უყვარს, _ გაიცინა ზურამ, _ რესტორნები და ამბები. დარდით მოკვდება, ჩემმა ძმამ გარე-გარე თუ არა ატარა. ერთი კვირაც ვერ გაძლებს აქ.
_ იქნებ წასულიყავით? _ გაღიზიანებულმა წამოისროლა მაქსმა და ძმას მრისხანე მზერა შეავლო.
_ მივდივართ, მივდივართ, _ ზურამ ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა, _ შეხვედრამდე, ბავშვებო!
ჩემთვის ეს ნამდვილი ხსნა იყო. ზურასთვის ხელი არ გამიშვია, სანამ ჰოლში არ შევედით, თითქოს მეშინოდა, საყრდენი არ გამომცლოდა.
_ თავი მაღლა ასწიე, ბავშვო, _ გამამხნევა ზურამ, როცა ჩემი ოთახის კართან შევდექით, _ არავინ შეგატყოს, რომ მისი ტონი გაღიზიანებს. თუკი იეჭვა, რომ ჩვენ შორის რამე ხდება, მაშინვე დაგვაშორებს ერთმანეთს. არ იცი, როგორი შეუბრალებელია. იმაზე უარესია, ვიდრე შენ გგონია. ადრე მართლა არ იყო ასეთი.
ტკივილით სავსე მზერა მივაპყარი.
_ არა უშავს, _ დავიჩურჩულე, _ ეს, უბრალოდ, ადრე გადატანილი ტკივილის გამოძახილია. მაგრამ მივეჩვევი და ასეთი რეაქცია აღარ მექნება. პირობას გაძლევ.
ზურამ დაჟინებით ჩამხედა თვალებში.
_ ჰოდა, ძალიან კარგი, _ მითხრა და დამეჯღანა, _ ლამაზად ჩაიცვი და დავასწროთ მაგათ, თევზის რესტორანში ისე გამოვძღეთ, რომ ფარფლები ამოგვივიდეს.
_ სულაც არ მინდა ზვიგენს დავემსგავსო, _ გავიხუმრე.
_ ისე, რომ იცოდე, დელფინებსაც აქვთ ფარფლები, _ მანაც ხუმრობით მომიგო.
_ კარგი, ნახევარ საათში მზად ვიქნები.
_ დროს ვინიშნავ, იცოდე! _ ზურამ საჩვენებელი თითი მაჯაზე დაიკაკუნა.
ენა გამოვუყავი და საძინებლის კარი ისე მივიჯახუნე, ირგვლივ კედლები შეზანზარდა. უნებლიეთ მომივიდა, ასე სულაც არ მინდოდა. მაშინვე კარადას ვეცი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. იისფერი შარვალი და ვარდისფერი კოფთა შევარჩიე, კარგი კომბინაცია იყო და ერთმანეთს ძალიან უხდებოდა. მერე ხალათი გავიხადე და ტრუსისა და ბიუსტჰალტერის ამარა სარკეს მივუჯექი, რომ ფენით თმა გამეშრო. ვცდილობდი, ამ წუთებში მაქსზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. განსაკუთრებით წეღან ნანახი სცენის შემდეგ. ტუჩები, რომელზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი, სხვა ტუჩებს კოცნიდა. მოდი და ამის შემდეგ გული ნუ გეტკინება! სულ ვოცნებობდი, ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და მაქსი მწარე სინანულით მეტყვის, რომ შეცდომა დაუშვა-მეთქი. სულ მეგონა, მოინანიებდა თავის საქციელს და ბოლოს მაინც ამიხსნიდა სიყვარულს. ახლა კი სულ სხვა რეალობას შევეჯახე. ის ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. არაფერი შეცვლილა. აშკარად ჩანდა, რომ საერთოდ არ ნანობდა ჩემთან განშორებას. მას ახლა სხვა ჰყავდა გვერდით _ არანაკლებ ლამაზი და მიმზიდველი გოგონა. ის კი ძველებური მაქსი იყო _ ბიჭი, რომელმაც ფულში გამცვალა. ეს არც ერთი წამით არ უნდა დამვიწყებოდა. სულ უნდა მხსომებოდა, როცა მის გვერდით აღმოვჩნდებოდი, სხვანაირად თავს დავიღუპავდი. ისიც უნდა მხსომებოდა, რაც ზურამ მითხრა _ შეუბრალებელი ადამიანიაო. ჩემი ერთადერთი ხსნა ეს იყო _ ყველაფერი მხსომებოდა და არასდროს დამევიწყებინა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>