სარკის წინ ვიჯექი და თმას ფენით ვიშრობდი, თან კმაყოფილი შევყურებდი ჩემს გამოსახულებას. ისეთი ლამაზი ვიყავი, თოჯინას ვგავდი.
ის იყო, საკუთარ თავს გავუღიმე სარკეში, რომ სწორედ ამ დროს კარი გაიღო. ოთახში მაქსი შემოვიდა. მან მაშინვე მჭიდროდ მიხურა კარი და შიგნიდან ჩაკეტა.
ჩემმა მღელვარებამ კულმინაციას მიაღწია. მაქსი მტრული გამომეტყველებით გამოემართა ჩემკენ, მაგრამ ნახევრად შიშველი რომ დამინახა, შეცბა. როგორც ჩანს, იმწამსვე გადავიწყდა, ოთახში რისთვისაც შემოიჭრა.
_ ცხრა წელი გავიდა, _ თქვა მან შერბილებული ტონით, _ შენ კი ისევ ისე, ჩვიდმეტი წლის უმწიკვლო გოგოსავით გამოიყურები.
არც წამომხტარვარ პუფიდან და არც არაფრით მიცდია ჩემი შიშველი მკერდის დაფარვა. საკუთარმა პროფესიამ მასწავლა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავი მშვიდად დამეჭირა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. მაქსი თვალს არ მაცილებდა, მაგრამ თავი ისე დავიჭირე, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდი. აუჩქარებლად ავდექი, საწოლს მივუახლოვდი და ასევე აუჩქარებლად შევუდექი ჩაცმას. თან ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.
_ როგორც ჩანს, მიჩვეული ხარ შენს ოთახში კაცების ყოფნას, _ შენიშნა მან, თან სიგარეტს ეწეოდა, _ საერთოდ არ გაწუხებს, ლამის შიშველს რომ გიყურებენ?
_ მე მოდელი ვარ და იმისთვის მიხდიან, რომ კაცებმა მიყურონ. _ შევახსენე.
შემდეგ ისევ სარკესთან გადავჯექი და ფენი კვლავ ჩავრთე.
_ ალბათ რამე საქმე გქონდა, ასე რომ შემომეჭერი? _ ხმამაღლა ვკითხე, რათა ფენის ხმაურში გაეგონა.
_ ჰო. მინდა ვიცოდე, რა თამაში წამოიწყე, _ ისიც ხმამაღლა ალაპარაკდა, _ ვიცი, რომ ჩემი ძმის სიყვარულით არ კვდები, მაგრამ სულ კუდში რატომ დასდევ? ყველგან თან რისთვის დაჰყვები?
ფენი გამოვრთე და მოვუტრიალდი, რომ პასუხი მშვიდად გამეცა, ხმის აუწევლად.
_ უბრალოდ, იმიტომ, რომ მე ის მომწონს, _ გულახდილად ვუთხარი, _ ძალზე საყვარელია, მშვიდი, მსუბუქი, კეთილი და ყურადღებიანი.
მაქსმა წამწამები აახამხამა.
_ ჩვენ ამწუთას ჩემს გზაარეულ უმცროს ძმაზე ვსაუბრობთ, რომელიც კანონებს არ ემორჩილება და მიუფურთხებია ყველაფრისთვის, თუ სხვა ვინმეზე? _ გოროზად შემეკითხა.
თვალები შუბლზე ამივიდა.
_ მაგას ზურაზე ამბობ?
მაქსმა ყრუდ ამოიხვნეშა და კარს მიეყრდნო.
_ შენ ბევრი რამ არ იცი, მასზე, გაბი. არც ჩემზე.
_ რაც ვიცი, ჩემთვის საკმარისია. ის დიდებული ადამიანია და ჩემგან არაფერს ითხოვს. კარგი მეგობარია, მსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. _ სავარცხელს დავავლე ხელი და თმის ნერვულად ჩამოვარცხნა დავიწყე, _ რა გინდა, რატომ მერჩი? თუ ჩვენზე გინდა ვილაპარაკოთ? მოდი, ვილაპარაკოთ. დღემდე არ გამნელებია შენგან მოყენებული ტკივილი და ყოველ გახსენებაზე ჭვალივით მივლის გულში იმ დღეების გახსენება, როცა ერთმანეთს დავშორდით. მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ ვარ ჩვეული ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მით უფრო იმ ადამიანებისა, ვინც მიყვარს და პატივს ვცემ. ასე რომ, ზურას არ გამოვიყენებ შენზე შურის საძიებლად. _ ამ სიტყვებით თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე, _ მე შენზე აღარ ვფიქრობ. ცხოვრება ავიწყვე, კარგად გამოვიმუშავებ, დაფასება მაქვს, პატივს მცემენ. მყავს მამა, რომელსაც ვუყვარვარ. მეტი არაფერი მჭირდება. შურისძიების წყურვილით არ ვარ ანთებული, თუ ეს გაინტერესებს.
მაქსი მოიქუფრა. ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო და გასაღებები ააჩხარუნა. მეორე ხელი კი, რომელშიც სიგარეტი ეჭირა, ტუჩებთან მიიტანა.
კარგა ხანს შევყურებდით ერთმანეთს. ისე ჯიქურ მივჩერებოდი, თვალიც არ დამიხამხამებია.
_ მამა, რომელსაც უყვარხარ… და დედა? _ ირიბად გამომხედა მაქსმა და მომრგვალებული ტუჩებით სიგარეტის ბოლი ჰაერში აუშვა.
_ დედა გარდაიცვალა… გულის შეტევით… მალე წელიწადი გახდება.
_ არ ვიცოდი… თანაგიგრძნობ… გულით…
_ ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით ერთ მშვენიერ დღეს, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე, წამოვდექი და მხრებში გავიჭიმე, ზურგი დამეღალა ჯდომით და ზემოთ ყურებით, _ ერთი სიტყვით, გზაზე არ გადაგეღობები. უბრალოდ, მინდა ცოტა ხნით განმარტოებით დავისვენო მყუდროდ და სიჩუმეში. ზურასთან ერთად. კარგი?
_ ზურას სმა უყვარს, _ ხაზგასმით წარმოთქვა, _ ეს ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო დროს მოუხშირა დალევას, რაც შენს გამოჩენას უკავშირდება. ადრე ასე ბევრს არ სვამდა.
ცოტა არ იყოს, შემაცბუნა მისმა ნათქვამმა, თუმცა ეს სიმართლე იყო და მეც ვიცოდი.
_ ჰო, მეც შევნიშნე, _ დანანებით მივუგე, თან ვცდილობდი, მზერა ამერიდებინა, _ მინდა ზეგავლენა მოვახდინო, მაგრამ ხანდახან გამომდის, ყოველთვის არა. ისე, როცა ნასვამია, საჭესთან დაჯდომას ყოველთვის ვუშლი. ასეთ დროს ან ტაქსის ვაჩერებ, ან მე თვითონ ვმართავ მანქანას.
_ ჭკვიანი გოგო, _ მაქსი ოდნავ მოეშვა, ისე აღარ იყო დაძაბული, მისი მომნუსხველი თვალები საოცარი სისწრაფით დაქროდნენ ჩემს სახეზე, _ ლამაზი ხარ, გაბი, _ ეს ისე აღიარა, თითქოს საკუთარ სურვილს ეწინააღმდეგებაო, _ მეგონა, წლები თავისას გაიტანდნენ, ცოტათი შეიცვლებოდი, მაგრამ არა. ისევ ისეთი ხარ, როგორიც გაგიცანი. შენი მწვანე თვალები მთლიანად ავსებენ შენს სახეს, შავი წამწამებიც, რომლებიც ისეთი გრძელია, ხელოვნური გეგონება. ერთადერთი, ტანი აგიყრია. ისეთი სხეული გაქვს, თავს ძლივს ვიკავებ, არ შეგეხო.
ამის გაგონებაზე მოვკვდი… როგორ მინდოდა, მეც მსგავსი რამე მეთქვა, მაგრამ ვიცოდი, ამის უფლება არ მქონდა. მას ვერ ვენდობოდი.
_ გახსოვს, ბოლო შეხვედრაზე რომ მითხარი, ჩემთვის რაღაც ახალი იყავიო? _ სიტყვასიტყვით გავახსენე თავისივე სიტყვები.
მკერდი ისე შეარხია, თითქოს ამოიხვნეშაო.
_ მახსოვს… მე ბევრი რამ მახსოვს.
_ არ მითხრა, რომ ამის გამო დღემდე სინდისის ქენჯნა გაწუხებს. არასდროს არ დავიჯერებ. ბიზნესმენისთვის სინდისი მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორია.
_ მაგრამ არა წესიერი ბიზნესმენისთვის, _ შემისწორა, _ მე არავის არაფერს ვპარავ, მათ შორის, არც სახელმწიფოს. კანონს ვიცავ და ქვეყანას პატიოსნად ვემსახურები.
_ მიუხედავად იმისა, რომ ძაან პათოსით წარმოთქვი ეს ყველაფერი, სულაც არ მიგულისხმია შენი კომპანია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისე იქნება, როგორც თქვი, _ მივუგე, თუმცა მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო. დავიჯერო, სინდისმა შეაწუხა და ასე `შემოვლითი გზით~ იმიტომაც უპასუხა ჩემს შეკითხვას?
_ კარგია, რომ ამაში მაინც მენდე. _ მაქსი კარს მოშორდა, _ ადრე ერთმა დაგვწამა ცილი, მანქანის ნაწილები საბაჟოს გვერდის ავლით შემოაქვსო, მაგრამ სასამართლოში ვუჩივლეთ და პროცესი მოვიგეთ. არ ვიცი, რისი მიღწევა უნდოდა, რას გვერჩოდა… მართლა ყოველთვის პატიოსნად ვმუშაობდი და სარისკო მაქინაციებზე არასდროს წავსულვარ. მირჩევნია ნაკლები შემოსავალი მქონდეს, ვიდრე ციხეში ჩავჯდე.
_ კარგია, რომ ასე აზროვნებ, _ მივუგე და როგორც იქნა, გავბედე, შემეხედა. ამწუთას არა მის კომპანიაზე, არამედ მხოლოდ მასზე ვფიქრობდი _ მის თვალებზე, მის არაჩვეულებრივ ტუჩებზე, მის სწორ ცხვირზე. მაინც ისეთი იყო, როგორიც ცხრა წლის წინ, საერთოდ არ შეცვლილიყო, თითქოს წლები არც მომატებიაო.
მაქსმა შეამჩნია ჩემი მზერა, ტუჩები ოდნავ გაეპო და თვითონაც ფიქრიანად შემომხედა. შემდეგ მოულოდნელად ამარიდა თვალი და სიგარეტი თითებში მოისრისა.
_ კარგი, რახან აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოხვედი და მე ზურას გამო სანერვიულო არაფერი მაქვს, გეტყვი, რომ მიხარია ჩემს სახლში შენი დანახვა. საზღვაო არდადეგებს არ ჩაგიშხამებ, გპირდები.
_ მადლობა… მე მართლა მჭირდება ცოტა დასვენება, _ ვაღიარე.
_ დაისვენე… ალბათ ძნელია გამუდმებით კამერის წინ დგომა, არა?
_ საშინელებაა. ერთია, რომ განათებები თვალებში გიჭყიტინებს და მეორე, რომ საშინლად აცხუნებს. ფაქტობრივად, ოფლში ცურავ. თან პოზები უნდა იცვალო. ხანდახან ისეთი პოზის დაჭერას გთხოვენ, რომ აუტანლად მოუხერხებელია, მაგრამ უნდა მოითმინო. ერთი სული გაქვს, გადაღება როდის ჩამთავრდება. და არის შემთხვევა, როცა ასეთი გადაღებები მთელი კვირა შეუსვენებლად გრძელდება. ხან დეფილეა, ხან სატელევიზიო რგოლი, ხან საჟურნალო გადაღებები. ყველაზე ძნელი მაინც პოდიუმზე გამოსვლაა. ზოგჯერ რამდენიმე კოსტიუმის გამოცვლა გიწევს ყოველ ექვს წუთში და უნდა მოასწრო. მოკლედ, დიდი ხათაბალაა ეს მოდელობა, მაგრამ ვიტან, რადგან მიყვარს ჩემი საქმე. ამასთან, შემოსავლიანია.
_ ბევრ მოდელს ვიცნობ, მაგრამ ყველა წუწუნებს, ცოტას გვიხდიანო, რა ვიცი, _ გაიღიმა მაქსმა.
_ მე უამრავი შემოთავაზება მაქვს, თითქმის ყოველდღე დაკავებული ვარ… გააჩნია მოდელს…
_ და შენ რატომ ხარ ასეთი მოთხოვნადი? _ თვალები მოჭუტა და გვერდულად გამომხედა.
_ არ ვიცი… ეგ ჩემს დამქირავებლებს უნდა ჰკითხო, _ თავმდაბლობა გამოვიჩინე, თორემ ჩემზე უკეთ ვინ იცოდა, რატომ იყო ჩემზე მოთხოვნილება ასე გაზრდილი.
_ ნუ, გასაგებია, _ ჩაიცინა და ტუალეტის მაგიდისკენ დაიძრა, სადაც საფერფლე იდო. იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი სხეულის სურნელი ვიგრძენი. ნეტავ მქონოდა უფლება, შევხებოდი.
მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და ყურთან მიჩურჩულა:
_ მაგნოლიის სურნელი აგდის.
მერე ხელისგული ჩემს თმაზე გადაატარა და მხარზე ჩამომისვა. თითქოს ჭიანჭველები დამესიაო, შეშფოთებული წამოვხტი.
_ ასე რატომ შეგეშინდა? _ გაოცებულმა წაიჩურჩულა.
_ არ შემშინებია, _ მივუგე და შევეცადე, დავსხლტომოდი, მაგრამ მოულოდნელად წელზე შემავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა. ძალა არ მეყო, თავი გამეთავისუფლებინა _ როგორც კი მისი მკლავები შემეხო, სხეული ისე მოეშვა, ლამის ჩავიკეცე.
როგორ ახლოს იყო მისი თვალები ჩემს თვალებთან… მაქსის გახშირებული სუნთქვის არა მხოლოდ ხმა მესმოდა, სახესაც მითბობდა. მაინც ვერ მოვითმინე და შევიყნოსე მისი სურნელი.
_ გახსოვს, როგორ გიყვარდა ჩემი მოფერება? _ ჩურჩულით გააგრძელა და ტუჩებით შუბლზე შემეხო, _ ხომ გახსოვს? როგორც კი მარტო დავრჩებოდით, ერთი სული გქონდა, ჩემი პერანგის ღილებს როდის შეხსნიდი და თითებს როდის ააცურებდი ამ მკერდზე. გიჟივით ეთამაშებოდი, _ დაასრულა და უფრო ძლიერად მიმიტმასნა.
_ არა! _ ოხვრასავით აღმომხდა და ხელი ვკარი, მაგრამ შევეხე თუ არა მის მკერდს, შემათრთოლა.
_ აი, ხედავ? არ დაგვიწყებია, _ თქვა და კვლავ შუბლზე მაკოცა, _ მე შენ არ დაგვიწყებივარ, ჯერ კიდევ არ დაგვიწყებივარ, პატარავ. დღესაც კი, საკმარისია შეგეხო და უკვე ჩემი ხარ!
სწორედ ამ გამარჯვების ტონით ნათქვამმა სიტყვებმა გადამარჩინა. ის აკეთებდა იმის დემონსტრირებას, რომ ნებისმიერ წუთს შეეძლო ჩემი დამორჩილება, რომ ახლავე შეეძლო მისი საკუთრება გავმხდარიყავი. მტანჯველი ამოოხვრით დავუსხლტი მის მკლავებს და უკან დავიხიე.
_ თვალები ჩაგიმუქდა, უფრო დიდრონი გაგიხდა და შიგ შიში ჩაგისახლდა. ნუ გეშინია ჩემი.
_ არა, მაქს, არა! _ შეშინებულმა ამოვთქვი, _ მეტად აღარ განმეორდება ეს. მე შეცდომებს არ ვიმეორებ.
_ მაგრამ რატომ? _ უხეში ტონით მკითხა. ეს მის ხმას არ ჰგავდა. მისმა მზერამ მბრძანებლურად შემოიარა ჩემი სხეული, _ შენ ხომ უკვე აღარ ხარ ის უბიწო გოგონა, მე რომ ვიცნობდი? რატომ არ უნდა დავტკბეთ ერთმანეთით?
_ შენ ლიკა გყავს, _ ვთქვი, _ მე არ გჭირდები.
მაქსმა ხელები შარვლის ჯიბეებში ერთდროულად ჩაიწყო.
_ ლიკა… ის მხოლოდ ერთი რგოლია იმ ქალების ჯაჭვში, რომელთაც მოსწონთ ის, რისი მიცემაც მათთვის შემიძლია. ის უბრალოდ, ერთობა ჩემთან.
_ მართლა? რას მელაპარაკები! _ გამომწვევად შევძახე, _ ერთობა კი არა, ჭკუა ეკეტება შენზე.
_ ასე გგონია? _ გულგრილად მესროლა, _ მე რომ არ ვიყო, სხვა ეყოლებოდა. არ არის ურიგო გოგო, მაგრამ მის შიგნით სალარო აპარატია მოთავსებული. ის ჩემს საჩუქრებს ითვლის და ხურდაში სექსს მიბრუნებს.
_ არა მგონია, მართალს ამბობდე, მაგრამ როგორც გინდა იყოს, ეს ჩემი საქმე არაა. მე აქ ზურასთან ერთად მოვედი და ვაპირებ, ყველგან და ყოველთვის მას ვახლდე თან… გარდა საწოლისა… ყველა შემხვედრს კი არ ვუხტები ლოგინში. არ ვარ იმ კატეგორიის, ნებისმიერთან დაწოლა რომ შეუძლიათ, მით უფრო, ჩემი წარსულიდან გადმოსულ აჩრდილებთან.
_ მე კი ჯადოსნური ზღაპრების არ მჯერა, _ მხიარულად მომიგო, _ და არაფრის გულისთვის არ დავიჯერებ. ამაში შენც დამეხმარები… _ ამ სიტყვებით მზერა საწოლისკენ გაექცა.
_ დაიოკეთ თქვენი ვნებები, მისტერ მაქს! _ ირონიული ღიმილით მივუგე.
_ განა ჩვენ ერთად არ გვისიყვარულია? ერთხელ კინაღამ ბოლომდე მივედით, ხომ არ დაგავიწყდა? ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში…
ერთიანად გამიხურდა სახე, ალმური მომედო.
_ მადლობა ღმერთს, რომ მაშინ ზურამ გადამარჩინა, _ ვთქვი და ამ სიტყვებით გამანადგურებელი დარტყმა მივაყენე, _ და რომ იცოდე, მაშინ მან შენც გადაგარჩინა. წარმოიდგინე, რა პანიკაში იქნებოდი, რომ დავორსულებულიყავი.
_ რატომ გგგონია? _ სახე შეეცვალა ამის გაგონებაზე.
_ სხვანაირად როგორ უნდა მეგონოს? ბოლოს თხასავით გამყიდე, ფულიც კი აიღე ჩემებისგან. იქნებ დაგავიწყდა, რაც მაშინ მითხარი? შენთან მხოლოდ ვერთობოდი, კი არ მიყვარდიო. _ მივახალე და მივახალე.
ლამის გამწვანდა სახეზე, მაგრამ თვალი არ აურიდებია, დაჟინებით შემომცქეროდა.
_ ჰო, ვერთობოდი… _ შეფიქრიანებულმა თავისთვის ჩაილაპარაკა.
_ თუ უკვე გავარკვიეთ ყველაფერი, მინდა მარტო დამტოვო. თავი უნდა მოვიწესრიგო.
უცებ ამოიგმინა.
_ როგორც ჩანს, გავარკვიეთ… ერთი რამ იცოდე, გაბი… _ თქვა კართან მისულმა, სანამ სახელურს ჩამოწევდა, _ სანამ შენ ამ სახლში ხარ, მე ლიკასთან არ დავწვები.
_ რა?.. მე რა შუაში ვარ? ეს რა ჩემი საქმეა? _ აღვშფოთდი.
_ სულერთია, მაინც არ დავწვები, _ ჯიუტად გაიმეორა და გავიდა.
როგორც ჩანს, მიმიხვდა, რასაც ვფიქრობ მათ ურთიერთობაზე, როგორ განვიცდი. რა ეშმაკია, ყველაფერს ხვდება. მაგრამ ასეთი განცხადებები რა საჭიროა? ძალიან დავიბენი. თუ ვერ მიტანს, ეს გასაგებია, ამის მიზეზი აქვს, მაგრამ ლიკასთან დაწოლა და არდაწოლა რა შუაშია? რა ჰგონია, ამის გამო სინდისი შემაწუხებს და აქედან გავიქცევი? ასე ცდილობს ჩემს თავიდან მოშორებას?
აღარ ვიცოდი, რა გადაწყვეტილება მიმეღო, ისე ავიჭერი. თავში ყველაფერი ამერია.
მე და ზურამ თევზის რესტორანში გადავწყვიტეთ წასვლა და მანქანაში ჩავსხედით. ტრასაზე გავედით თუ არა, ზურამ მთელი სისწრაფით გააქანა თავისი ჯიპი.
უკვე ბინდდებოდა. ზღვის ნიავი თმას მიწეწავდა. ამწუთას ჩემ გვერდით მაქსი რომ მჯდარიყო, სიცოცხლე მართლაც მშვენიერი იქნებოდა. საოცარი ის იყო, რომ წლებმა ვერ წაშალეს წარსულის მოგონებები. ის ისევ და ისევ იმ მამაკაცად რჩებოდა ჩემთვის, როგორიც ცხრა წლის წინ იყო. ისევ ისე მაღელვებდა მისი სიახლოვე, ისევ ის გრძნობა მიღრღნიდა გულს, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი. მაქსს ყოველთვის ის მოსწონდა, რაც მე: სახლიდან გასვლა, სეირნობა, პარკში ხეტიალი… მინდოდა არ მეფიქრა მასზე, თავიდან ამომეგდო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მხოლოდ ის მიტრიალებდა გონებაში. საინტერესოა, ნეტავ ისევ ისე უყვარს ვიტრინების თვალიერება, როგორც ადრე? უწინდებურად ხიბლავს ხანგრძლივი სეირნობა და ღიღინი? რაღაც არა მგონია… ახლა იგი ისეა დაკავებული, ასეთი რამეებისთვის ალბათ ვერ მოიცლის. სად ექნება ამის დრო?
რამდენი რამე მინდოდა მეკითხა მაქსისთვის მის ახლანდელ ცხოვრებაზე. მთავარი შეკითხვა კი ასე ჟღერდა: კმაყოფილია თუ არა თავისი ცხოვრებით? გამოდგა თუ არა მომგებიანი ის გარიგება, რომელიც ჩემს მშობლებთან დადო? ეყო ექვსი ათასი დოლარი თავისი ბიზნესის წამოსაწყებად? რა თქმა უნდა, მომგებიანი იყოო, მეტყვის. ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი, ამიტომ კითხვის დასმას რა აზრი აქვს? ტყუილად გული უნდა გავიხეთქო. ახლა ხომ მას ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ადამიანმა ისურვოს?
ლამაზი რესტორანი იყო, სულ ლურჯ ფერებში, თითქოს ტალღებისგან ააგესო. მაგიდებზეც კი ლურჯი სუფრები გადაეფარებინათ. შენობის წინ კატერი დაეყენებინათ, რომელზეც სხვადასხვა სახის თევზი, ბოსტნეული და სანელებლები გაეშალათ სანახაობისთვის. შესასვლელის ზემოთ, წარწერასთან ერთად უზარმაზარი ღუზა იყო მიკრული. დარბაზის ერთ კუთხეში მუზეუმივით მოეწყოთ: დახვეული გვარლები, დაჟანგული ღუზები, კომპასები, შტურვალები, სათევზაო ბადეები გამოეფინათ, რაც ეგრევე თვალში ხვდებოდა ადამიანს.
აღარ მოვყვები, რამდენი და როგორი კერძები გავსინჯეთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უკანა გზაზე ისე ვიყავი დაღლილი, მანქანაში კინაღამ ჩამეძინა. საჭმელმაც მომთენთა, ცოცხალმა მუსიკამაც და დესერტად მირთმეულმა ალუბლის ნამცხვარმაც. ზურამ სულ რამდენიმე ჭიქა დალია, ამიტომ აღარ შემშინებია, საჭეს რომ მიუჯდა.
როცა ეზოში შესულებმა მანქანა გარაჟთან გავაჩერეთ, თეთრი `მერსედესი~ შევნიშნეთ.
_ აჰა, დათო და მართა ჩამოსულან, _ ჩაიცინა ზურამ, _ გარაჟიც დაუკავებიათ. სულ ჩემს ადგილს რატომ იკავებს ეს ხალხი? _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
_ არა უშავს, ეზოში დააყენე, ჭიშკარი ხომ იკეტება, _ დავამშვიდე.
_ შენ დათოს ცოლი არ გინახავს, ხომ? მაგარი ქალია!
_ რა მხრივ?
_ ჩემსავით დალევა უყვარს. იცი, რამდენს სვამს? მე მათრობს, _ გაიცინა, _ ცხოვრებაში არაფერს არ იკლებს, უყვარს ფუფუნება. მოკლედ, კარგი ქალია. დათო გიჟდება, აღმერთებს თავის ცოლს.
ამაში თავადაც დავრწმუნდი, როცა მე და ზურა სასტუმრო ოთახში შევედით. მართას ფეხები მოეკეცა და ღვინის ბოკალით ხელში ნახევრად მიწოლილიყო ფუმფულა თეთრ სავარძელზე, თავი ოდნავ უკან გადაეგდო და ბოკალს ხელში ნაზად ატრიალებდა.
_ დათო, მართა, პრივეტები! _ შესძახა ზურამ.
მაქსი და ლიკაც ოთახში იყვნენ, ერთმანეთს მიხუტებულები ისხდნენ დივანზე.
მართას თმა ქერად ჰქონდა შეღებილი, უფრო ღიად, ვიდრე ლიკას. როცა ჩვენკენ მოატრიალა თავი, შევამჩნიე, რომ მისი ყავისფერი თვალები მოსვენრად ხტოდა ერთი საგნიდან მეორეზე და ისე ყალბად იღიმოდა, როგორც განებივრებულ ქალებს სჩვევიათ. ყველაზე მეტად თვალში მომხვდა მისი ხელოვნური წამწამები, _ ზომაზე მეტად გრძელი და უაზროდ მაღლა აპრეხილი.
_ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, _ თეატრალური ტონით წარმოთქვა მან და თავი ოდნავ დამიკრა, სავარძლიდან წამოდგომა არც უფიქრია, მერე დათოს გასძახა, _ დათი, ერთი ჯინ-ტონიკი დამისხი, შენს გაზრდას, ეს ღვინო რაღაც არ მათრობს.
_ ახლავე, ძვირფასუშკა, _ მიუგო ქმარმა და განკარგულების შესასრულებლად გავარდა. იგი სადღაც ოცი წლით მაინც იქნებოდა ცოლზე უფროსი და, როგორც შევატყვე, პატარა ბიჭივით უგონოდ შეყვარებული. არადა, მართას თვალებში ისეთ მოწყენილობას ჩაებუდებინა, ძნელი მისახვედრი არ იყო, როგორ მოჰბეზრებოდა ბებერი ქმარი.
_ ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ეს წყვილი დაქორწინდა, _ საზეიმოდ გამომიცხადა ზურამ, _ ასე რომ, ჯერ კიდევ ახალშეუღლებულებად ითვლებიან.
_ ახალშეუღლებულები კი არადა… _ დამცინავად წარმოთქვა მართამ, _ თანაც ჩვენს ასაკში… _ და ქმარს ჯინ-ტონიკით პირთამდე სავსე ჭიქა ჩამოართვა, _ შეხედეთ, როგორ გამელოტდა დათი. რაღაც უნდა მოვუფიქროთ მის თავს.
დათო გაწითლდა.
_ მე კი მეგონა… _ წამოიწყო მან, მაგრამ ცოლმა გააწყვეტინა:
_ ტყუილად გეგონა! სიმელოტე არც მოდაშია და არც უხდება მამაკაცს! ამით გულს ნუ გაიმაგრებ! ერთმა ჩემმა დაქალმა რაღაც კრემი უშოვა თავის ქმარს და თმა ხელახლა ამოუყვანა! რამდენჯერ ვთხოვე ამ ყვავს, ვკითხოთ, რა კრემია-მეთქი და თავი მოიკლა, არ მინდაო. არ უნდა და ნუ უნდა! ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია! _ სიცილით დააყოლა, მერე კი უცებ სხვა თემაზე გადაერთო და მაქსს გახედა, _ რით უნდა გავერთოთ ამ პროვინციულ ქალაქში, ვერ მეტყვი, მაქს?
_ ეგ მეც ძაან მაინტერესებს, _ გამოცოცხლდა ლიკა, _ რომელიმე ღამის კლუბს თუ ვეწვევით, თორემ სხვა უცხო რა უნდა იყოს ბათუმში?
_ უი, ეგ შეიძლება! ახლავე ხომ არ წავიდეთ? ვინაა თანახმა? _ გახალისდა მართა.
ყველამ ერთდროულად ასწია ხელი, ჩემ გარდა. ზურამაც კი. მე შევყოყმანდი.
_ მაპატიეთ… მაგრამ ცოტა დავიღალე. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დავრჩები, უჩემოდ წადით.
მაქსმა მზერა ჩემზე შეაჩერა და წარბები ოდნავ შეარხია, რითაც მიმახვედრა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას იწონებდა. როგორც ჩანს, არც მას ეხალისებოდა ღამის კლუბში წასვლა. ან ეზარებოდა, ან საერთოდ არ უყვარდა ღამის ცხოვრება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>