ნოველები

ვნებათა ჭიდილი - თავი 9

ვნებათა ჭიდილი - თავი 9
დასაწყისი
- იქ ვერავინ დაგვინახავს, ჯერ წესიერად არც გათენებულა. ასე რომ, ნურავის იმედი ნუ გექნება. ახლა ვერავინ გადაგარჩენს, - ქოშინით მეუბნებოდა.
როგორც კი ბულვარი გადავიარეთ და სანაპიროზე აღმოვჩნდით, მიხვდა, რომ დაიღალა და შეჩერდა. ხელი შემიშვა და სუნთქვაგახშირებული მწველი მზერით მომაჩერდა. ადვილი წარმოსადგენი იყო, როგორ გამოვიყურებოდი ჩემს სიფრიფანა პერანგში.
- მდაა, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თან თვალს არ მაცილებდა, - ნებისმიერ მამაკაცს დააჩოქებ, ასეთ ფორმაში თუ პოზირებ კამერის წინ.
- შემეშვი, სახლში მინდა დაბრუნება, - წამოვიძახე და
გავტრიალდი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი, რომ ისევ დამიჭირა და ჩამიხუტა თუ არა, ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა ჩემ შეხებაზე.
მერე თმაში ჩამავლო ხელი, თავი უკან გადამიწია და შეეცადა, ტუჩებში ეკოცნა.
- გაბი… გაბრიელა… ნუ გამიძალიანდები. მომეცი შენი ტუჩები. ჩვენ რამდენი წელია, ამის გაკეთება გვინდა, მოდი, დავასრულოთ ოდესღაც დაწყებული. მე და შენ ხომ ასე ძალიან გვინდა ეს!
გვინდა… თანაც, რამდენი ხანია… წლებია, წლები… თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ვეღარ მოვითმინე და მის ტუჩებს ჩემი შევუშვირე. მაქსსაც მეტი რა უნდოდა? პირსახოცი იქვე მიაგდო, ჩემი სახე ფრთხილად ჩაიჭირა ხელისგულებში და თავი ამიწია. გამიკვირდა, ასე უცებ რამ გაანაზა-მეთქი.
გონდაკარგული მკოცნიდა. შიგადაშიგ ვნებიანი კვნესა აღმოხდებოდა, გულისცემაც გაუხშირდა. მეც აბსოლუტურად ბოლომდე მოვეშვი, არანაირი ძალა აღარ შემრჩა, ხელი მეკრა და გავქცეულიყავი. არც მინდოდა. ისეთი სიამოვნება მეუფლებოდა მისი თბილი სხეულის შეხებისას, რომ გონს ვკარგავდი.
ყველაფერი იმან გააფუჭა, რომ მოულოდნელად ღამის პერანგის გახდა მომინდომა. ეს იმდენად მიუღებად მეჩვენა, რომ განწირულივით დავიკივლე, მაგრამ მან კვლავ ჩამიჭირა მკლავებში და ცალი ხელით მკერდზე შემეხო.
- შენ თვითონ გაიხადე! - ჩახრინწული ხმით ყურში მიჩურჩულა.
- არა, არა! - განწირულმა დავიყვირე.
- გაიხადე! - მიბრძანა მან და ხმის ამოღება არ მაცალა, ისე დამაკვდა ტუჩებზე.
- არ გინდა, მაქს… ასე არ შეიძლება! დაგვინახავენ! - ვემუდარებოდი.
- შეიძლება, შეიძლება, - გამალებით იმეორებდა ერთსა და იმავეს, - შეიძლება. ჩვენ ეს ყოველთვის გვსიამოვნებდა, ხომ გახსოვს? ამ ლოდებს შევეფარებით და ვერავინ შეგვამჩნევს.
უღონოდ მიმოვატარე მზერა. მართლაც, სანაპიროზე უამრავი ლოდი იყო ახოხოლავებული, მის ძირში მიწოლილ ადამიანს ძნელად თუ დაინახავდა ბულვარიდან ვინმე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაპირზე ჩამოვიდოდა.
- არა, არ შემიძლია, გთხოვ, ხელი გამიშვი!
ის კი თავს არ მანებებდა. თავის ვეება ხელებს მსუბუქად დაასრიალებდა პერანგქვეშ, ჩემს სხეულზე. ყველაზე დიდხანს მკერდზე მეფერებოდა.
- ულამაზესი ხარ, პირდაპირ მათრობ შენი სილამაზითა და სითბოთი. შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა, როცა ასე გეფერებოდი?
- მაშინ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვიყავი, - ძლივს ამოვთქვი და ისევ მივყუჩდი.
მისი ძლიერი მკლავები ბანგივით მოქმედებდა ჩემზე, თითქოს რაღაც მაგიურ ენერგიას ასხივებდა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.
- შენ გვერდით ყოფნა, ოდნავი შეხებაც კი საოცრად ამაღელვებელია. არანაკლებ ამაღელვებელი, ვიდრე სექსი. ხელს ნუ მკრავ, ადრე ასე არ იქცეოდი. ახლა რა გემართება?
- მე შენზე ჭკუას ვკარგავდი, გაღმერთებდი. - აცრემლებულმა მივუგე, - საკმარისი იყო, მოგსურვებოდა და ბოლომდე შენი ვიქნებოდი ისე, რომ წამითაც არ დავფიქრდებოდი. მაშინ თავი მქონდა დაკარგული.
- ახლაც ასეა, ჩემო პატარავ! ახლაც ასეა, - გაცხოველებული გზნებით მეჩურჩულებოდა მაქსი, - არასდროს არავისთან ასე არ მიგრძნია თავი - როგორც კი ოდნავ შეგეხები, მაშინვე რაღაც ჯადოქრობა იწყება. მაპატიე, ახლა მე გაჩერება არ შემიძლია. შენ ჩემი უნდა გახდე.
- არ გინდა, გთხოვ… მაქს! შეჩერდი, მათქმევინე! შეჩერდი-მეთქი, ვის ვუთხარი! - ჩურჩულიდან ყვირილზე გადავედი, - მე ჯერ ისევ ქალიშვილი ვარ! გესმის?
- კარგი, კარგი, მომაჩვენე თავი ქალიშვილად, ეს ძალიან კარგია, - მკერდთან მოდებული ტუჩებით დაიჩურჩულა, ცალი ხელით მეალერსებოდა, მეორით ღამის პერანგს ნელ-ნელა მხდიდა, - ეს ოცნებაა, რამდენი წელი ვოცნებობდი ამაზე. და აი, შენ აქ ხარ. მე შემიძლია მოგეხვიო და მოგეალერსო.
როცა მთლიანად გამაშიშვლა, მიწაზე დამაწვინა. ჩემ ბედად, იმ ადგილას ქვიშა აღმოჩნდა და ამან მიშველა, თორემ ქვებზე ალბათ სხული დამენგრეოდა. ბოლოს მეც ვერ შევიკავე თავი და ხელები მოვხვიე. ვგრძნობდი მის სიმძიმეს, მაგრამ ეს არ მაწუხებდა. მე მინდოდა მისი გავმხდარიყავი და ამ სურვილს წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა…
იმ წუთებში ყველაფერი დავივიწყეთ - მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით მთელ სამყაროში -მე და მაქსი. აღარც ტალღების ხმა მესმოდა და ვეღარც ქვიშას ვგრძნობდი ზურგზე გაშოტილი. მართლაც რომ ღვთაებრივი სიამოვნება იყო, ჩემს მკლავებში მისი ძლიერი სხეული მეგრძნო…
თვალები გავახილე და მაქსის ვნებით დაბინდულ თვალებს ჩავაცქერდი, სანამ გავერთსხეულიანდებოდით. სრულიად მოულოდნელად შეჩერდა, თავი ოდნავ ასწია და მიჩურჩულა:
- პრეზერვატივი თან არ მაქვს… როგორ ფიქრობ, ამაზე უნდა ვინერვიულო?
ცოტა არ იყოს, შევშინდი. წამებში წარმოვიდგინე, რაშეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენს თავდავიწყებას - შეიძლება დავორსულებულიყავი, ამიტომ უყოყმანოდ მივუგე:
- უნდა.
და მორჩა, იქ დამთავრდა ყველაფერი. მაქსმა ხელი შემიშვა, ჩემი სხეულიდან გადავიდა და ქვიშაზე დაჯდა თავზე ხელწავლებული.
- ჯანდაბას, ჯანდაბას, ჯანდაბას! რამ დამავიწყა? - წამოიყვირა და ტრუსის ჩაცმას შეუდგა.
მეც ავდექი და სრულიად უმწეო, ღამის პერანგის ჩაცმას შევუდექი. ვერაფერს ვამბობდი, ან კი რა უნდა მეთქვა? საშინლად განხიბლული დავრჩი. გამწარებულმა ამის თქმაღა მოვახერხე:
- რა, ლიკა ვერ გაკმაყოფილებს? - საკუთარი ხმა საოცრად ყრუდ მომესმა, - თუ ეს შურისძიება იყო იმ სიტყვებისთვის, წუხელ რომ გითხარი?
- შესაძლებელია! - კბილებშუა გამოცრა და სახეზე ღვარძლი აღებეჭდა, - ზურამ თუ იცის, როგორი ვნებით ნებდები სხვა კაცებს? მარტო ზურა ცოტაა შენთვის? ვერც ის ახერხებს შენს დაკმაყოფილებას?
- მე მასთან არ ვწევარ, - მშვიდად მივუგე, - და არც არასდროს ვწოლილვარ.
ამომხედა და თვალი მომაშტერა.
- მართლა ფიქრობ, რომ შენ გარდა სხვისი შეყვარება შემეძლო? - ვკითხე და შევამჩნიე, როგორ დაეჭიმა სახის კუნთები, თვალები კი ჩაუმუქდა, - ამ ცხრა წლის განმავლობაში არც ერთ მამაკაცთან სიახლოვე არ მქონია, არავის დავნებებივარ, რადგან შენ ვერ გივიწყებდი. სულ მეშინოდა, ვაითუ სხვისგან ისეთი სიამოვნება ვერ მივიღო, როგორსაც მაქსი მაძლევდა-მეთქი. შენ კი ცილს მწამებ… რა სამწუხაროა, როცა უეცრად იგებ, თუ რას ფიქრობს შენზე ადამიანი, რომელიც გიყვარს. თუ ასე გინდოდა ჩემთან, დროზე მოგემთავრებინა ყველაფერი. ახლა რა, გინდა ჩემზე შური იძიო?
მაქსს რისხვისგან სახე დაეღმიჭა.
- რით ვერ შეიგნე, რომ მაშინ მთლად ბავშვი იყავი და არ მინდოდა ამის გაკეთება!
- პირველ რიგში, მე ქალი ვიყავი! - თვითონაც ავუმაღლე ხმას და ბრაზიანი მზერა ვესროლე, - და მე შენ მიყვარდი!
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და ზღვას მიაშურა.
- დიდი ლამაზი გრძნობა! - ხელებგაშლილმა ირონიული ტონით წამოიძახა, - მე ერთი საწყალი ავტომექანიკოსი ვიყავი, შენ კი სკოლის მოსწავლე. რა მომავალი უნდა გვქონოდა ერთად?
მის განიერ ზურგს თვალს არ ვაშორებდი, ამომავალ მზის სხივებზე ლაპლაპი რომ გაჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ის ახლაც მიყვარდა.
- მე მაინც ბედნიერი ვიქნებოდი შენთან ერთად, - შეფიქრიანებულმა ვუთხარი, - სამწუხაროა, რომ სხვა ვარიანტზე არ იფიქრე. შენ რომ მაშინ ჩემზე დაქორწინებულიყავი, ექვი ათას დოლარზე მეტს მიიღებდი. მე კი მაშინ ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა. შენ მე მომკალი, სამაგიეროდ, ოცნება აისრულე და ფული მიიღე.
- მაგრამ ასე არ ყოფილა, - თქვა მან და შემობრუნდა. ისეთი ტკივილი ეხატა სახეზე, რომ შემეშინდა. ერთიანად მოქუფრულიყო, - სულაც არ ყოფილა ასე. გინდა მოგიყვე, სინამდვილეში რა მოხდა? ფული რატომ ავიღე? გინდა სიმართლის გაგება?
- არა, არ მინდა, - ცივად ამოვთქვი, - ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. და მოდი, მეტად ნუღარ დამატან ძალას. კარგი? მაცალე ზურასთან ერთად ყოფნა და ნურაფერს გაართულებ. არ მინდა ზურას ტკივილი მივაყენო.
- კი მაგრამ, რატომ მნებდებოდი? - ჯიქურ მომაჩერდა, - რატომ მომეცი უფლება, მოგფერებოდი და გამეშიშვლებინე, თუ ზურა ასე მნიშვნელოვანია შენთვის? რატომ მეფერებოდი შენ თვითონ, თუ შენთვის სულერთი ვარ?
- ალბათ, წარსულის მოგონებებმა შემომიტია. როგორც ვატყობ, არასდროს მომიშუშდება ის ჭრილობები, შენ რომ მომაყენე.
უხმოდ მომაჩერდა, თითქოს ჩემი სიტყვების არსში ჩაწვდომას ლამობსო.
- რას გულისხმობდი, როცა თქვი, არავის შეყვარება არ შემიძლიაო? ფიზიკურად არ შეგიძლია თუ…
- არანაირად, აბსოლუტურად არანაირად, - მივუგე.
დამღალა ამ ლაპარაკმა. ყველაფერმა დამღალა. წასვლა მინდოდა.
- ძალიან გთხოვ, მაქს, თავი დამანებე. ვნანობ, რომ ჩამოვედი. ახლა ვეღარც ვხვდები, ეს რატომ გავაკეთე. როგორც ჩანს, შენი განრისხება მსურდა. მე ხომ ვხედავ, როგორ არ მოგწონს ჩემი ზურასთან მეგობრობა.
მაქსმა ზურგიდან მომიარა და ხელები მხრებზე დამაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიავი უბერავდა, მის ცხელ სუნთქვას მაინც ვგრძნობდი.
- ოდესღაც მე შენი მეგობარი ვიყავი, - რბილად წარმოთქვა, - ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება. აღარ ჩავიდენდი იმას, რაც ჩავიდინე. საშინლად ვწუხვარ, ასეთი ტკივილი რომ მოგაყენე. მაშინ ვერ ვხდებოდი, ასეთი ღრმა თუ იყო შენი ჩემდამი სიყვარული, მაგრამ იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინე. ეს გავაკეთე შენი გულისთვის და ზურას გულისთვისაც. მე სხვა არჩევანი არ მქონდა.
რაღაც უცნაურ რამეს მეუბნებოდა, მაგრამ არ ვკითხე, რას გულისხმობდა. უკვე ისე ვიყავი გატანჯული, რომ ვერაფერზე ვერ ვრეაგირებდი.
- შემობრუნდი ჩემკენ, გაბი.
არ გავნძრეულვარ. მაშინ მისმა ხელებმა შემომაბრუნეს ნელა, ძალიან ნელა. მერე ჩემი სახე კვლავ ხელისგულებში მოიქცია და გამომცდელად ჩამხედა თვალებში.
- როგორ სევდიანი მწვანე თვალებია, - გაწელილად წარმოთქვა, - მომისმინე, საყვარელო! ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებიდან წარსული ამოვშალოთ. მაგრამ ის ხომ შეიძლება, ცოტათი განზე გავაჩოჩოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?
ხმაურით ამოვისუნთქე და თვალები ავატრიალე.
- იცი, მაქს… მე არ მინდა…
- ჰო, ვიცი, - შემაწყვეტინა და ორივე ცერა თითი ჩემს ტუჩებზე გადაატარა, - მე მინდა, რომ ჩვენ უბრალოდ, მეგობრები ვიყოთ. თუ შენ ზურასთან აპირებ ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ ჩვენ უნდა დავალაგოთ როგორმე ჩვენი ურთიერთობა. ასე არ არის?
სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი დავფრთხი, რადგან ახალი შემოტევის მუქარა ვიგრძენი. სახის გამომეტყველებამ გასცა მაქსი.
- შენ მე არ მენდობი, ეს ვიცი, - გააგრძელა მან, - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა. შეეშვი ჩემ გაღიზიანებას, გამოწვევას და ისე მომეპყარი, როგორც ახალ ნაცნობს. შეგიძლია ამის გაკეთება?
- არ ვიცი… - ყოყმანით მივუგე. ეს იმწუთას საუკეთესო პასუხი იყო, რადგან არ ვიცოდი, "ჰოს" ან "არას" რა მოჰყვებოდა.
მაქსმა მზერა ზღვაზე გადაიტანა, მერე ისევ მე მომაჩერდა.
- რატომ შეყოყმანდი? რა გაიფიქრე? ის, რაც ჩვენ შორის ცოტა ხნის წინ მოხდა? ამაშია პრობლემა? - ხელები მხრებზე ჩამომისვა, - ჩვენ, უბრალოდ, ვნება მოგვეძალა და ეს ძალზე ბუნებრივი იყო, თანაც სასიამოვნო. სულ არ მრცხვენია ამის და არც შენ უნდა შეგრცხვეს. ვეღარ გავაკონტროლეთ საკუთარი თავი. ორი ყოფილი შეყვარებული, რომლებიც კინაღამ ერთმანეთის საყვარლები გახდნენ, წამით წარსულში გადავარდნენ. რაღაც მომენტში დროზე ძალაუფლება ორივემ დავკარგეთ. მან გვაჯობა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. თუ შენ არ გსურს, მე ამას არასდროს გავიმეორებ. არასდროს შეგეხები. გპირდები. გაძლევ ამის პირობას.
ეს იმდენად მოულოდნელი შემოტრიალება იყო, რომ ეჭვით შევათვალიერე მისი გაარუჯული სახე.
- ნუთუ ჩემთან კარგად ვერ იგრძენი თავი, პატარავ? - შემეკითხა სიღრმიდან წამოსული მსუბუქი ტონით, თან მზერას არ მაცილებდა.
- ლიკასთან მიმართებაში ეს არ იყო სწორი საქციელი, - დავიწყე.
- ლიკას ჩემ გარდა სხვა კაცებიც ჰყავს. ჩვენ ერთობ თავისუფალი ურთიერთობა გვაკავშირებს. არავითარი ვალდებულება. არ მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ მაინც გეტყვი. რაც აქ ჩამოვედით, ერთად არ ვწოლილვართ. ორივეს სხვადასხვა საძინებელში გვძინავს. ის აქ, უბრალოდ, თავის შესაქცევად ჩამოვიდა.
გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
- არ ვარ ვალდებული, ყოველღამე დავწვე ქალთან, - ჩაცინებით წარმოთქვა მაქსმა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია, - ამას მაშინ ვაკეთებ, როცა მომესურვება. ჩვენ არავინ არ ვართ არაფრით ვალდებული. ასე რომ, თუ მე და შენ გამთენიისას ზღვის ნაპირას ცოტათი გავერთეთ, ვისი რა საქმეა?
ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა. განსაკუთრებით მას მერე, თვალებში ღრმად რომ ჩავხედე - იქ ცინიზმის ნასახიც კი ვერ დავინახე, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, დიდი დოზით ველოდებოდი.
- შიშველი საოცრება ხარ, პატარა გაბი, - თქვა მან და ჩემკენ დაიხარა, - და ეგრევე კანკალი მეწყება, როცა გეხები…
მან ნაზად მაკოცა და მკლავები მძლავრად მომხვია, კიდევ ერთხელ მიმიხუტა თავის ძლიერ მკერდზე. პასუხად კვნესა აღმომხდა.
- გაბი… - დაიჩურჩულა მაქსმა, - გაბი, გაბი… - და უფრო მძლავრად მომიჭირა მკლავები.
გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ თავი გადამიწია და ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, ყველაფერი დამავიწყა. ჩემდა უნებურად მეც მოვხვიე ხელები ყელზე და მთელი სხეულით მივეკარი. იმწუთას ისევ რომ გავეწვინე ქვიშაზე და ჩემი დაუფლება ეცადა, არ გავუძალიანდებოდი.
- აი, ხედავ? ისევ მნებდები. ახლაც კი, როცა გათენდა და ყველამ გაიღვიძა. ისინი ეს-ესაა, გამოვლენ თავიანთი ოთახებიდან. ზღვისკენ წამოვლენ და სრულიად შესაძლებელია, აქ ასე ჩახვეულები დაგვინახონ. - მან ხელები მხრებში ჩამავლო, ოდნავ უკან დამქაჩადა ასე შემათვალიერა, - მომისმინე, გაბი. თუ ვიზრუნებ იმაზე, რომ არ დაორსულდე, წამომყვები ჩემს საძინებელში? პირდაპირ აქედან, ახლავე, ამწუთას? მომცემ უფლებას, მოგეფერო და მიყვარდე ისე, როგორც შენ იმსახურებ?
ამ სიტყვებმა ლამის გული გამიჩერა. დაბნეულმა ავხედე. ნუთუ ასე მარტივად შეიძლება ამის მოგვარება? თან ისე, რომ არაფერი დამემუქროს? არც დაორსულება, არც ლიკასთან უთანხმოება? ის ხომ შემპირდა, ამაზე მე ვიზრუნებო? ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება. თანახმა ვარ. მე ის ისე მიყვარს, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ. რა თავში ვიხლი ჩემს ქალიშვილობას, თუ იმას არ დავუწვები, ვინც სიგიჟემდე მიყვარს? ჩვენი სიყვარული ხომ არასდროს მომკვდარა. ახლა, უბრალოდ, კიდევ ერთი ეტაპი დასრულდება.
და საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ მაქსისადმი სიყვარული ჩემს გულში არასდროს შეწყვეტილა. იგი დღემდე გრძელდებოდა… წამიც არ დამდგარა ჩემს სიცოცხლეში, ის არ მყვარებოდა…
მაგრამ მერე? რა იქნება მერე, როცა ჩემს ვნებებს დავიკმაყოფილებ? როცა მაქსი ჩემგან წავა და ლიკას დაუბრუნდება? რა არის ეს? განშორების წინა ინტერლუდია თუ პრელუდია? არა, არ შემიძლია მას დავუჯერო. მან ერთხელ უკვე მიღალატა. ის არ არის სანდო, მეორედ ვეღარ ვენდობი.
ცხრა წელი ვერ შევძელი მის სახების წაშლა ჩემი გულიდან და გონებიდან. ვერ ამოვაგდე ჩემი მეხსიერებიდან და რა იქნება მერე, როცა მისი გავხდები? ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევძლებ მის დავიწყებას. ისევ ტკივილი და ისევ ტანჯვა. აი, რა მომელის. ეს მოგონებები კი საბოლოოდ წამლეკავს და მომსპობს. არ მინდა ისინი თან მდევდეს ყოველღამე, ყოველდღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს…
- არა, - როგორც იქნა, ვაღირსე პასუხი და ჩურჩულით წარმოვთქვი. ერთი უმოკლესი სიტყვაა, მაგრამ რა ძნელად წარმოსათქმელი, მის მკლავებს თავი დავაღწიე და შევხედე, - არა მაქს, არ მინდა.
- რა, არ მენდობი? - შეშფოთება დაეტყო ხმაში.
სევდიანად გავუსწორე მზერა.
- შენ მხოლოდ ჩემი დაუფლება გინდა. თვითონ მითხარი ეს. მხოლოდ შიშველი სექსი გსურს ჩემთან. ნამდვილი სიყვარული კი არ გინდა. არადა, მე მეტი მინდა. მე ცოტათი მეტი ბედნიერება მინდა. დაფიქრდი, აბა, ასე არ არის? შენ მხოლოდ დროებით გსურს გაბი და არა სიცოცხლის ბოლომდე.
ეს იყო დარტყმა - მოვასწარი, მისი გამოხედვა დამეჭირა. მერე გამარჯვებულის იერით წამოვდექი, მისი პირსახოცი თეძოებზე შემოვიხვიე და სახლისკენ გავემართე. რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა თბილისში აღმოვჩენილიყავი და მუშაობას შევდგომოდი. თუნდაც შეუსვენებლივ, დღე და ღამე მემუშავა, რათა ყველაფერი დამევიწყებინა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მაქსი დამევიწყებინა. იმის შემდეგ, რაც ამ დილით ჩვენ შორის მოხდა, მასთან ისევ შეხვედრას ვერ გადავიტანდი. მე როგორ მიყვარდა, მას კი მხოლოდ ჩემი სხეული აღელვებდა. შემეძლო თავი გამარჯვებულად მეცნო - სანამ არ დავნებდებოდი, ყოველთვის შემეძლო მისი ჭკუიდან გადაყვანა. იმდენად სურდა ჩემი დაუფლება, რომ თავს ვერაფერს უხერხებდა.
მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს გამარჯვებულად. ის კი არა, სირცხვილი მწვავდა, ასე ადვილად რომ დავემორჩილე მის სურვილს. და საერთოდ, ვნანობდი, რომ ჩამოვედი. ჩემი ვითომ საბედისწერო გეგმა, მასზე შური მეძია, ახლა უდიდეს სისულელედ მეჩვენებოდა. ვიმედოვნებდი, რომ ჩემი აქ ყოფნა მას გააღიზიანებდა და პირიქით კი მოხდა. ჩვენ როლები გავცვალეთ. მსხვერპლი მე აღმოვჩნდი და არა ის.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
Xatia
Bravo avtors dzalian momwons novela.minda dgeshi ori tavic mainc daiweroa rom agar velodo rodis iqneba shemdegi tavebitqo
19:52 / 18-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საოცრად ლამაზად წერთ ნოველებს ამ არეულ ქვეყანაში ადამიანს ამშვიდებს ბოროტზე კეთილის გამარჯვება დიდი მონდომებით ველოდები თქვენი ნოველების გაგრძელებას
19:40 / 18-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93