ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ელისი მაქსთან შეხვედრას განაგრძობდა, თუმცა, ეს უკანასკნელი ქორწინებაზე ჯერჯერობით კრინტს არ ძრავდა. ამ თემაზე არც ელისი საუბრობდა. მარკო ხშირად ეკითხებოდა, კექსის ჭამის საქმე როგორ არისო, მაგრამ იგი არც ამაზე ამბობდა არაფერს. ეს ჩემი საქმე არ იყო, ამიტომ არ ვერეოდი. მისი პირადი ცხოვრება მას ეკუთვნოდა და როგორც მოესურვებოდა, ისე მოიქცეოდა. თუ უნდოდა, დაწვებოდა მაქსთან, თუ არ უნდოდა _ არ დაწვებოდა.
ერთ დღესაც აღელვებული დაბრუნდა შინ. უკან ღიმილით სახეგაბადრული ემილი მოჰყვებოდა.
_ ოჰო! კიდევ რაღაც ამბავი გაიგეთ, როგორც ვხედავ, ოღონდ ვერ ვხვდები, კარგია თუ ცუდი. ერთი ნერვიულობს, მეორე იღიმის. ეს როგორ გავიგო? _ დოინჯი შემოვიყარე და ჯერ ერთს გავხედე, მეორე მეორეს.
_ აუ, კარლა! მგონი, ყველაფერი კარგადაა, _ ელისსაც ღიმილმა გაუბრწყინა სახე და თავისი მარადიული სათვალე მაგიდაზე დადო.
_ რაო, ცოლად მინდიხარო?
_ ნუ, რაღაც ამდაგვარი. დღეს ვუთხარი, ხომ იცი, მე შვილი მყავს-მეთქი და შვილი მეც მყავსო, მითხრა. მერე რაო, ეგ არაფერს არ ცვლისო. ვიცოდი, ბავშვიანი რომ იყავიო.
_ შვილიო? რა, ნაცოლარია?
_ არა, მაგრამ ვიღაცა ჰყოლია ერთ ზაფხულს, ბათუმში რომ ისვენებდა და იმას გაუჩენია.
_ ვააა! გოგო? ბიჭი?
_ ბიჭი. რვა წლის. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და როგორც ჩანს, მოსალოდნელი შედეგი ვერ გავითვალისწინეო.
_ თითქმის გაბის ტოლია, _ დაამატა ემილიმ.
_ ეს არ მომწონს, _ თავი გავაქნიე.
_ რატომ?
_ ბიჭი ვისთან ცხოვრობს?
_ დედამისთან, მაგრამ ურთიერთობა არ მაქვსო.
_ როგორ, შვილთან ურთიერთობა არა აქვს? ეგეც სანდროსნაირი მამაა?
_ არა, არა, ბავშვთან დადის. უფრო სწორად, ბავშვი დადის მასთან, იმ გოგოსთან არ მაქვსო შეხება… და ცუდი რატომაა, კარლა?
_ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ შეეგუებიან ბავშვები ერთმანეთს, თუმცა, თუ მამამისთან არ ცხოვრობს, კიდევ არა უშავს.
_ სარვამარტოდ აქ აპირებს მოსვლას და თქვენს გაცნობას.
_ ეგ კარგია. ბავშვსაც მოიყვანს?
_ ალბათ, მე რა ვიცი. ეგ არ მიკითხავს.
_ მოიყვანოს. ვნახოთ, რა მოხდება.
_ ჰო, ვეტყვი. _ დამეთანხმა ელისი და ისე ღრმად ამოიოხრა, მივხვდი, ეს ამბავი მასაც არანაკლებ აწუხებდა.
შაბათობით ჩვენი გულისხმიერი საუბრები ძველებურად გრძელდებოდა. ისევ ისე შემოვუსხდებოდით ბუხარს, სავარძლებში მოვკალათდებოდით და ერთმანეთს გულს გადავუშლიდით, თუმცა, ბოლო დროს მარკო გამოგვაკლდა. იმდენად გაიტაცა თავისმა ახალმა შეყვარებულმა, რომ ჩვენთვის ვეღარ იცლიდა. ეს არ მომეწონა, რადგან ის გოგო გულზე დიდად არ მეხატებოდა. ამაზე საუბარმა გოგონებთან ერთ შაბათ საღამოს მომიწია. ისინიც ამყვნენ. ლენუკა მხოლოდ ენიმ დაიცვა. ემილისა და ელისს კი ახალგამომცხვარი სარძლო მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდათ.
_ რაღაცნაირი გოგოა… ზემოდან გვიყურებს, არა?
_ ჰო, მედიდური ჩანს, _ დაეთანხმა ელისს ემილი.
_ იმიტომ, რომ თავიდანვე ცივად შეხვდით, _ ამოიდგა ენა ენიმ, _ სულაც არ არის ცუდი გოგო, მხიარულია და გულღია. თან ცხოველები უყვარს.
_ შენ რა იცი?
_ გუშინწინ საღამოს, ჯესის რომ ვასეირნებდი, გარეთ შემხვდნენ ეგ და მარკიზი. ჯესი ხელში აიყვანა ლენუკამ და კარგა ხანს ეფერა.
_ ეგ არაფერს ნიშნავს. მარკოს შესაფერისი სულაც არ არის. ეგეთ ბიჭს სულ სხვანაირი გოგო შეშვენის, _ ელისი ენის ჯიბრში ჩაუდგა.
_ როგორი სულ სხვანაირი, შემთხვევით, შენნაირი ხომ არა? _ შეუღრინა ენიმ.
_ აუ, რატომ მკბენ სულ, ენი, რა გინდა? მეტი საქმე არა გაქვს? გულღიაა და ჰყავდეს მერე, ვინ ართმევს? ერთი მაგისი… _ ელისი დაუმთავრებელი საგინებელი ფრაზით შემოიფარგლა.
_ კარგი, ნუ ჩხუბობთ. მე თუ მკითხავთ, ცოტა ხელოვნური ჩანს მანერებით, გულღიაობით… მხიარულებითაც კი, _ ჩემი აზრი გამოვთქვი, _ მე კი ხომ იცით, ხელოვნური არაფერი არ მიყვარს.
_ არც ყვავილები, _ განავრცო ელისმა.
_ არც იატაკი, _ ღიმილით დაურთო ემილიმ.
_ არც განაყოფიერება, _ წაიენაკვიმატა ენიმ და ყველა გაგვაცინა.
ამან სიტუაცია განმუხტა.
როცა გულახდილობას მოვრჩით, მე ბუხართან დავრჩი, გოგონებმა კი თავიანთ ოთახებს მიაშურეს.
ჩემს `სუსტ წერტილს~, ანუ ბუხარს ჯერ კიდევ ტკაცატკუცი გაჰქონდა. გამომშრალი შეშა საამურად შიშინებდა. მივჩერებოდი ცეცხლის ენებს, ვცდილობდი, მათ ბრიალა ცეკვაში ნაცნობი ფიგურები მეპოვა, პარალელურად ფიქრებით ვიხუნძლებოდი და წარსულში ვიქექებოდი. ასე მჩვევია. ხანდახან ჩემი მოგონებების ვირტუალურ ალბომს გადავშლი და შორეულ წლებში დარჩენილ ვირტუალურ სურათებს ვათვალიერებ: როცა პატარა ვიყავი და ჩემი გერმანული თოჯინებით ვთამაშობდი. როცა წამოვიზარდე და ზღაპრების კითხვით გატაცებულს სურვილი გამიჩნდა, ნატვრისთვალი მქონოდა. ყოველ დილით სანთელს ვანთებდი და ღმერთს შევთხოვდი, ჩემთვის ერთი ნატვრის თვალი გადმოეგდო. მერე, მოზარდობისას, ქერათმიანებისადმი შურის გრძნობა აღმეძრა _ ბრიჟიტ ბარდოსავით ლამაზი მინდოდა ვყოფილიყავი, ან მიშელ მერსიეს ანჟელიკასავით ჩემი ჟოფრეი მეპოვა _ მახინჯი მამაკაცი სახეზე ნაჭრილობევით…
მერე და მერე უფრო რეალური ოცნებები წამოვიდა, რომელთაგან ნაწილი ავისრულე. მაგალითად, სახლის გემოვნებით მოწყობა, როგორც აქ გავაკეთე, ემილისთან. ბუხარი, ზანზალაკები კარის გაღებისას, ჰამაკი აივანზე, ხვიარა ყვავილები ოთახებში… ქერათმიანიც დიდხანს დავდიოდი და ლამაზიც ვიყავი. მთლად ბრიჟიტ ბარდო არა, მაგრამ არც ნაკლები ვყოფილვარ. რაც მთავარია, თაყვანისმცემელს არ ვუჩიოდი. ახლა კი… ახლა ისე წამომეპარა სიბერე, ვერც გავიაზრე. შუბლი და თვალები ჯერაც უნაოჭო მაქვს, აი, სევდის ნაოჭებს კი ვერაფერს ვუხერხებ. რაც დღე გადის, უფრო და უფრო მკვეთრდება და დაბლა ეშვება. ყველაზე მეტად სიბერე მაინც ყელზე მეტყოდა. რა ნაზია ქალის სხეულის ეს ნაწილი. ყელი მართლაც რომ ნაადრევად ბერდება.შეხედავ ქალს სახეზე, ორმოც წელსაც არ მისცემ, ყელს გამოაჩენს და… წასულია მისი საქმე! დამღასავით ამჩნევია რეალური ასაკი.
არა უშავს, რაც არის, არის. ნახშირი რომ ნახშირია, ისიც კი ნახშირდება საბოლოო ჯამში.
თებერვლის ბოლო ახალი სასიხარულო ამბით აღინიშნა. ემილის თავისმა ფრანგმა მეგობარმა მოსწერა, მარტის დასაწყისში ჩამოვდივარო. ამან ერთიანად აგვაფორიაქა. ემილისი რა გითხრათ, მაგრამ მე ძალიან ვიყავი გახარებული. ჯერ ერთი, რომ ნამდვილ ფრანგს უნდა შევხვედროდი, მეორეც _ გამიხარდებოდა, თუ ემილი საფრანგეთში გადაბარგდებოდა საცხოვრებლად. უდარდელი ცხოვრება მაინც ექნებოდა. მთავარი იყო, ბიჭი მოგვწონებოდა. გარეგნულად დიდი ვერაფერი შვილი იყო, მაგრამ ემილი იმდენ რამეს ჰყვებოდა მასზე, რომ, წესით და კანონით ცუდი არ უნდა ყოფილიყო.
რამდენი წელია, პარიზში არ ვყოფილვარ. მომნატრებია იქაურობა. ამ ამბავმა ჩემი მონატრება უფრო გაამძაფრა. დღეებს თითებზე ვითვლიდი, რომ თებერვალი მალე ჩამთავრებულიყო და სეზონურ ბაქანზე მარტი ჩამომდგარიყო.
ემილი ბოლო დროს ძალზე შეიცვალა. უფრო გულჩათხრობილი გახდა, ვიდრე იყო. ალბათ შინაგანად ნერვიულობდა. იქნებ იმასაც განიცდიდა, რომ გამართლების შემთხვევაში მშობლიური ქვეყნის დატოვება მოუწევდა, სადაც არავის იცნობდა, სადაც თავს იმაზე უთვისტომოდ იგრძნობდა, ვიდრე აქ, ჩვენთან. ფაქტობრივად, მისი ოჯახი ხომ ჩვენ ვიყავით. ჩვენც რომ არ ვეყოლებოდით გვერდით, როგორ შეეგუებოდა ამას? დედა მას არ ჰყავდა, მამა და დედმამიშვილი. ვინც ჰყავდა, ახლოს არ იკარებდა. კიდევ კარგი, სოფი არსებობდა. სოფი მისი ერთადერთი ნუგეში იყო, ნუგეშიც და იმედიც. ნეტავ რას ფიქრობდა მისი ქმარი, ამისთანა გოგო დედის გამო ხელიდან რომ გაუშვა? არადა, მახსოვს, როგორ უყვარდათ ერთმანეთი…
რამდენჯერ მიფიქრია, მივალ, ემილის ნადედამთილარს დაველაპარაკები, იქნებ რამე შევასმინო-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. არ ვიცოდი, რამდენად მქონდა მის საქმეში ჩარევის უფლება. კი მივაჩნივარ ჩემს გოგოებს მეორე დედად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება მცირედიც არ მაპატიონ და ისე მაქციონ ზურგი, უკან აღარ მოიხედონ. ეს ყოველთვის მახსოვდა და სიფრთხილეს ყველა საკითხში ვიჩენდი. ზედმეტი ინიციატივის გამოჩენას არასდროს ვცდილობდი.
რაც შეეხება ემილის ახალ სიყვარულს, თუ შეიძლება ამას სიყვარული ეწოდოს, პროფესიით ინჟინერი გახლდათ. ხიდებს და გზებს აშენებდა. 36 წლის კაცი უკვე ჯკუადამჯდარი უნდა ყოფილიყო, როგორც ასეთი. ამიტომ დიდად არ ვღელავდი იმაზე, რომ ქმრად არ გამოადგებოდა.
უცნაური ის იყო, რომ ჩვენს აფორიაქებასაც და სიხარულსაც მარკომ ცივი წყალი გადაასხა.
_ რა ფრანგი, რის ფრანგი, თქვენ ხომ არ უბერავთ? _ სულ ცოფები ყარა.
ჯერ ვიფიქრე, მის ქმართან რომ ახლო ურთიერთობა აქვს, იმიტომ უტყდება ემილის ფრანგ ბიჭთან ნაცნობობა-მეთქი, მაგრამ თამაზი ერთხელაც არ უხსენებია.
_ გათხოვება თუ გინდა, აქ გათხოვდი, რა გაგიჭირდა ისეთი, ცხრა მთას იქით არ გადაიხვეწო? _ მისდგა და მისდგა ემილის, თან თვალებიდან სულ ნაპერწკლებს აკვესებდა.
ემილი თვალებდახრილი იდგა, ხმას არ იღებდა. მერე ჩუმად ასლუკუნდა. შემეცოდა გოგო.
_ მარკოზ! _ შევუძახე ბოლოს, _ არ გაჩერდები? ეს შენი საქმე არ არის, შენ არავინ გეკითხება, ვის შეიყვარებს ემილი და როგორ იცხოვრებს. შენ შენს ქალებს მიხედე.
_ დედა! _ ახლა მე მომიტრიალდა, _ შენ, ასე თუ ისე, პასუხისმგებლობა გაკისრია ამ გოგოებზე, ასე არ არის? რომ დაუჯექი აქ დედა ტერეზასავით და შენ წყვეტ ამათ ბედ-იღბალს, ერთხელ მაინც გიფიქრია, რა შეიძლება მოჰყვეს შენს თანადგომას? რომ არ გაამართლოს რამემ, შენ მოგთხოვენ პასუხს შენი დაქალები. ამაზე გიფიქრია?
ამ სიტყვებმა მართლა ჩამაფიქრა. მაგრამ ჩამაფიქრა არა იმან, რომ პასუხი მე მომეთხოვებოდა, არამედ მარკოს ემილისადმი დამოკიდებულებამ. თავში მოულოდნელად გამიელვა აზრმა, მარკოს ხომ არ უყვარს ემილი და თვითონ ხომ არ აპირებს მასზე დაქორწინებას-მეთქი. თითქოს ამის საწინააღმდეგო არც არაფერი უნდა მქონოდა, მაგრამ ვერა… საკუთარ თავში წინააღმდეგობა ვერ დავძლიე. მსგავსი ფაქტის წინაშე რომ დავმდგარიყავი, მივხვდი, სულაც არ მესიამოვნებოდა, თუ მარკო ემილის ცოლად შეირთავდა. მაგრამ არა, ეს გამორიცხული იყო. სხვა თუ არაფერი, მარკო გაბის ნათლია იყო და აბა, როგორ? ნათლიის დედაზე როგორ დაქორწინდებოდა? ამან ცოტა შვება მომგვარა. არა, მარკოს სხვა რამ აწუხებდა _ იმდენად შეეჩვია გოგოებს, ისინი თავის დებად მიაჩნდა და არ უნდოდა, მისგან შორს ყოფილიყვნენ. ძალაუნებურად ისიც ზრუნავდა მათზე და მათი კარგი გაუხარდებოდა, ცუდი კი გულს ატკენდა.
_ მარკო, უშნოდ ნუ ხტიხარ! _ დავუცაცხანე, _ ჯერ ჩამოვიდეს ის კაცი, ვნახოთ, ვინაა, რა ზნისაა, რა უნდა. ჯერ გავიცნოთ და მერე ვილაპარაკოთ.
_ ჰოდა, თქვენ ელაპარაკეთ, მე _ პას! _ ხელი აიქნია გაჯავრებულმა და კარი ზანზალაკების წკარუნში გაიჯახუნა…
ჩვენ შეფიქრიანებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ახლა უკვე ვერაფერს შევცვლიდით. ისღა დაგვრჩენოდა, სებასტიანის ჩამოსვლას დავლოდებოდით…
მარტი გამაოგნებელი ამბებით დაიწყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც. მაგრამ ჯერ ჩემს ამბავს მოგიყვებით. 3 მარტი იყო, დედების დღე და დილიდან ატყდა რეკვა, ხან ვინ მილოცავდა და ხან ვინ. მილოცვაზე უფრო არაფერი მეჯავრება ამქვეყნად. არა, კი არ მეჯავრება, მეზარება. ყოველთვის ერთი ტექსტის გამეორება რომ გიწევს, გისურვებ ამას და ამას, იყავი ასე და ასე… ადრე მეც არავის ვივიწყებდი, ახალი წლის დადგომისთანავე ჩამოვურეკავდი ხოლმე ყველა ჩემიანს და ვიყავი ერთ ამბავში. ახლა კი, რაც ასაკი მომემატა, უფრო და უფრო მეზარება, ვინმეს დღესასწაული მივულოცო, განსაკუთრებით დაბადების დღეები. ისე ხდება, რომ საუკეთესო მეგობრების იუბილეებიც კი მავიწყდება. არ ვიცი, რა ჭირი მეტაკა, ეს ალბათ, როგორც რუსები იტყვიან, `სტარჩესკი მარაზმის~ ბრალია. არადა, მე რომ დაბადების დღეს მილოცავენ, მსიამოვნებს და საჩუქრებზეც გულში სითბო მეღვრება. ვინმეს თუ არ გავახსენდი, ვფიქრობ, ნეტავ რატომ დაავიწყდა-მეთქი, თუმცა არ მწყინს… იქნებ მწყინს კიდევაც? ან შეიძლება, გული მწყდება, რაც, ჩემი აზრით, წყენის ტოლფასია. რა გასაკვირია, რომ სხვებიც ჩემსავით ფიქრობდნენ? ასე რომ, შეიძლება სხვა დღესასწაულებზე არ გაამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ერთმანეთის დაბადების დღეები არ დაივიწყოთ, ადამიანებო!
ჰოდა, იმას ვამბობდი, 3 მარტი იყო-მეთქი. სამსახურში მთელი დღე ვარჩევდი ტანსაცმელს, რომ ელისისა და ემილისთვის მეჩუქებინა. ენი ჯერ არ იყო დედა, მაგრამ ვერც მას გამოვტოვებდი. არც ბავშვების უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა. საღამოსკენ უკვე შერჩეული მქონდა სათითაოდ ყველასთვის თითო ხელი ბლუზა იყო, პერანგი თუ შარვალი. მერე იქვე, ბუტიკში გადავედი და ბავშვებს საგაზაფხულო ფეხსაცმელები ვუყიდე, ეს ახლა ყველაზე უფრო სჭირდებოდათ. ძალიან კი დავიღალე მთელი დღე, ჩემს ატელიეში მისვლა-მოსვლა არ შეწყვეტილა, უამრავი მყიდველი ირეოდა, ყველა რაღაცას არჩევდა საჩუქრად და მიხაროდა, რადგან ასეთ დღეებში კარგად ვვაჭრობდით.
ის იყო, უკვე ვკეტავდი და წამოსვლას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და დაგვიანებული კლიენტი გამოჩნდა. მის დანახვაზე სახტად დავრჩი _ ჰოლში ვასკა იდგა უზარმაზარი თაიგულით ხელში. ყველაფერს მოველოდი, მისი გამოჩენის გარდა. რამ მოაფიქრა აქ მოსვლა და ამხელა ბუკეტის მოტანა? სიყვარულის ახსნას ხომ არ მიპირებს ნეტავ? _ ეს იყო ერთადერთი, რამაც თავში გამიელვა.
თუმცა, არ დავბნეულვარ და არც ჩემი გაოცების დამალვა მიცდია.
_ ვასიკო, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? _ ჩემი ღიმილის თერაპია მოვიშველიე და გამბურღავად შევცინე.
_ ეჰ, ჩემი ქარი, კარლა, მხოლოდ თქვენკენ მოქრის ხოლმე და მეც მორჩილად მოვყვები მის ქროლას… ეს თქვენ… გილოცავთ დედის დღეს, ბედნიერ დედობას გისურვებთ. _ ამ სიტყვებით თაიგული თვალებზე ამაფარა.
_ დიდი მადლობა, გაიხარე, ჩემო კარგო, რატომ შეწუხდი? _ გულში კი გავიფიქრე, ეს ყვავილები შენი ყოფილი ცოლისთვის გაგეგზავნა, უფრო მადლიერი დაგრჩებოდა-მეთქი.
_ გიკვირთ ალბათ, როგორ მომაგნოო, არა?
_ არა, არ მიკვირს, ჩემი მისამართის გაგება ძნელი რომ არ არის, ისედაც ვიცი.
_ მართალი ხართ. ძაღლმა და მამაძაღლმა იცის თქვენი მაღაზიის სახელწოდება, _ დამეთანხმა ოდნავ შეცბუნებული. ალბათ ასეთ ოფიციალურ ტონს არ ელოდა ჩემგან.
მისი დაუფიქრებელი ნათქვამი საერთოდ არ მაღიზიანებდა. არც ის, რომ ჩემს კლიენტებს `ძაღლი და მამაძაღლი~ უწოდა და არც ის, რომ ჩემი ატელიე `მაღაზიად~ მოიხსენია. აბა, ბუტიკი და ატელიე საიდან უნდა სცოდნოდა? რომელი მოდით გატაცებული ის იყო? პირიქით, იმდენად ვაჟკაცური ტიპი გახლდათ, რომ ეს გლუხურ-`მუჟიკური~ წამოძახილები შვენოდა კიდევაც.
_ ის კი არ მიკვირს, აქ როგორ მოხვდი, არამედ ის, რატომ მოხვდი, _ ჩავუნართაულე და ამჯერად მოჭუტული თვალებით გავუღიმე.
_ ოოო, აი, ეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომ და იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ დაგიმარტოხელეთ. მითხარით, ხომ ვართ კარგი მეზობლები?
_ რა თქმა უნდა, ვართ.
_ კარგი მეგობრები? _ ალმაცერად მომაპყრო ეშმაკური მზერა.
_ ნუუ, კარგი მეგობრობისა რა გითხრა, ჩემო ვასკა, სულ `თქვენობით~ მომმართავ და ეგ მეგობრობაზე მგონი, დიდად არ უნდა მიანიშნებდეს. არ ვარ მართალი?
_ მდაა… იცი რა, კარლა, _ უცებ გადაახტა იმ ბარიერს, რომელიც ჩემთან აშორებდა და უფრო შეთამამებულმა გააგრძელა, _ გგონია, არ ვგრძნობ იმ დისტანციას, რაც შენთან მოახლოების საშუალებას არ მაძლევს? ვგრძნობ… გაცნობის დღიდანვე. ამიტომ რაღაცნაირად ვიბოჭები, შენთან საუბარს რომ ვიწყებ. ახლა სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს რესტორანში გეპატიჟები. წინასწარვე გაფრთხილებ, რომ ეს წმინდა მეგობრული ჟესტია და არანაირი ქვენა გრძნობა ამაში არ იმალება. უბრალოდ, მინდა ჩემს სამყაროში ჩაგახედო და გამიცნო ისეთი, როგორიც ვარ. მარტო ჩვენ ვიქნებით, არ იფიქრო, რომ ჩემს მეგობრებს დაგახვევ თავზე და, როგორც ხდება ხოლმე სუფრასთან, გასმენინო, როგორ მაქებენ და მადიდებენ ისინი. ეს არაფერში მჭირდება. რაც ვარ, ეს ვარ _ არც ვინმეზე უკეთესი და არც უარესი, ოქროს შუალედი მიჭირავს. გარდა ამისა, ჩემი საფირმო კერძი უნდა დაგაგემოვნებინო. იმედია, მოგეწონება. მაგნაირს საქართველოს არც ერთ რესტორანში არ ამზადებენ.
ისე მომიდგა, უარის თქმა არ გამოდიოდა, მაგრამ სახლშიც რომ მიმეჩქარებოდა? მცირეოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სახლში შემევლო, საჩუქრები დამეტოვებინა და ტანთ გამომეცვალა, რათა სარესტორნო ფორმაში ვყოფილიყავი. ვასკა სიხარულით დამთანხმდა, მანქანასაც დატოვებ და ჩემი მანქანით წაგიყვან და წამოგიყვანო.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბავშვებისთვის როგორი სათქმელი იყო, რესტორანში ვასკასთან ერთად მივდივარ-მეთქი? ამას ერთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. რას ვიზამდი, ბედს უნდა შევგუებოდი…
შინ ენისა და სოფის გარდა არავინ დამხვდა. გაბიც სადღაც გამძვრალიყო, გოგონებს კი სამსახურში ქეიფი გაემართათ. ენი შემეცოდა, მარტო რომ უწევდა ყოფნა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ამაზე არც თვითონ წუხდა, წამოწოლილიყო დივანზე და სოფის ტომ სოიერს უკითხავდა.
გაკვრით ვუთხარი, საღამოზე ვარ დაპატიჟებული და რომ არ წავიდე, არ გამოდის-მეთქი, ტანსაცმელი გამოვიცვალე, მაკიაჟი შევისწორე და გავედი. არ მითქვამს, ვასკასთან ერთად რომ მივდიოდი, რატომღაც, მეუხერხულა…
ისეთი ლამაზი ფასადი ჰქონდა ვასკას რესტორანს, თვალი ზედ დამრჩა. ჩემი ოცნების სახლს წააგავდა რაღაცით _ ერთსართულიანი, რამდენიმე კიბით ასასვლელი, წინ მთლიანად შემინული, შეჭრილი გვერდებით და კრამიტის სახურავით. ოჰ, ასეთ სახლზე ვოცნებობდი.
როგორც კი დარბაზში შევედით, მომსახურე პერსონალი მაშინვე გარს შემოეხვია თავის შეფმზარეულს, თან თვალს ჩემკენ აპარებდნენ, ნეტავ რა აკავშირებს ამ ქალთანო. მათი გამოპარებული მზერა აშკარად მოწმობდა, რომ საყოველთაო მოწონება დავიმსახურე, რამაც სიამოვნება მომგვარა. ჩემი ოქროსფერი კაბა ისე ბრწყინავდა ყვითელი სინათლეების ფონზე, აშკარად ღამის დედოფალს ვგავდი, რასაც არათუ სხვები, მეც ვხვდებოდი.
ვასკამ კუთხის მაგიდისკენ მიმითითა, იქ დავსხდეთ, სიმყუდროვეა და ხელსაც არავინ შეგვიშლისო. სიხალვათე იყო-მეთქი, ვერ ვიტყოდი, რესტორნის დარბაზი თითქმის შევსებულიყო. ძალზე ბევრნი იყვნენ უაზროდ მოყაყანენი და ძალზე ცოტანი ჩუმად მოსაუბრენი. ჰაერში ბლუზის ჰანგები იფრქვეოდა, რაც უფრო ინტიმურს ხდიდა ატმოსფეროს.
მოგვაყარეს და მოგვაყარეს კერძები, ცხელი თუ ცივი, მშრალი თუ წვნიანი, პირველი თუ მეორე…
_ შენი არ ვიცი, მაგრამ მე საერთოდ ყველაფერი ცხელი მიყვარს, _ დაიწყო ვასკამ, როცა სუფრა გაივსო, _ ჩემს ცნობიერებაში ცხელი განსაკუთრებულ აღგზნებას იწვევს. ნებისმიერი რამ, ცხელი ყავა, ცხელი აბაზანა, ცხელი ზაფხული, ცხელი ხაჭაპური, ცხელი ქალი, ცხელი სასმელიც კი. აი, ამიტომაც ეს გროგი დააგემოვნე. _ ამ სიტყვებიც ორთქლადენილი სასმელი ბოკალში ჩამოასხა.
_ ცხელი ქალი, ცხელი ღვინო… ცხელ დუდუკზე რას იტყვი? _ გავიხუმრე.
ჩაიღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს. თავიდან თითქოს ვერ აეწყო საუბარი, ისიც დაძაბული იყო და მეც. გროგის მერე ოფიციანტი გოგონა მოიხმო და უთხრა:
_ კეთილშობილი ქაფი, მარიამ, მე რომ მიყვარს ის…
_ არა, ვასკა, არ გინდა, _ ჩავერიე, _ შამპანურს არ ვსვამ.
_ ის, რაც ახლა უნდა მოიტანოს მარიამმა, სულ სხვა რამეა, ჩვენებური არ გეგონოს.
დავნებდი. ოფიციანტმა წამებში შეასრულა შეფის ბრძანება და მაგიდაზე უცნაური ფორმის ბოთლი შემოდგა ფრანგული ეტიკეტით. გული ამიჩქროლდა. ყველაფერი ფრანგული ჩემში ყოველთვის მღელვარე განცდას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ სასმელს დიდად არ ვეძალებოდი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>