ვაკოს მამაკაცური სურნელი იას თავბრუს ახვევდა. ისე იყო გაბრუებული, შეეშინდა, მკლავებში არ ჩავარდნოდა ქმრის მეგობარს. უზომოდ სასიამოვნო იყო მისი სხეულის შეგრძნება, ვაჟკაცურისა და ძლიერის. იას მწარედ ჩაეღიმა, მხოლოდ შეუმჩნევლად. როგორ აკლდა ეს სითბო და ყურადღება, კაცის ნაზი და ამავდროულად ძლიერი შეხება, ლტოლვით, ვნებით გაჯერებული. როცა ქმართან სიახლოვე მოაგონდა, გაიფიქრა, რომ მასთან სექსის დროს ვილი ალბათ თაკოზე ფიქრობდა. მას ეფერებოდა და თავის რეფერნტს წარმოიდგენდა საწოლში. იყო კი მასსა და ვილის შორის ნამდვილი სიყვარული? თუ იყო, მაშინ რატომ უღალატა? სხვა ქალში რატომ გაცვალა? რით სჯობდა თაკო იას? იქნებ იმიტომ შეირთო ცოლი, რომ ია სასურველი საცოლე იყო? თუმცა ახლა ამას ვინღა ეტყოდა?
შარშანდელმა წელმა ისე გაამწარა, რომ მისთვის მამაკაცებმა არსებობა შეწყვიტეს. ახლა კი… ახლა რაღა დაეტაკა? ნუთუ ეს მხოლოდ ვნების მოძალებაა და არა სიყვარულით გამოწვეული ნდომა? როგორ გაუძლოს ვაკოს დაჟინებულ მზერას, მის მომნუსხველ თვალებს და ძლიერ მკლავებს?
_ ვაკო, რაზე ფიქრობ? _ შეეკითხა, რათა აბეზარი ფიქრები თავიდან მოეშორებინა და უეცრად გაიაზრა, რომ ხმა სრულიად შეცვლოდა.
_ თბილისსა და იმ უბანზე, ქალაქის განაპირას, სადაც გავიზარდე. რა შორსაა ახლა ჩემთვის იქაურობა. რაც უფრო ვუფიქრდები ამას, მით მეტად ვგრძნობ, რომ ბავშვობა და ის წლები თითქოს ბურუსში ჩაიძირა.
ია არასდროს ყოფილა ქალაქის იმ გარეუბანში, სადაც ვაკომ ბავშვობა გაატარა. როგორც იცოდა, დედამისმა დიდი გაჭირვებით გაზარდა შვილები. მას შემდეგ, რაც ვაკოს მამამ ოჯახი მიატოვა, მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა და მამა შვილებს ერთხელაც არ შეხმიანებია. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დედამ ბინა გაყიდა და იმ უბანში გადმოსახლდა, სადაც ია ცხოვრობდა. სწორედ მაშინ დაინახეს პირველად ერთმანეთი. სწორედ მაშინ დამეგობრდნენ ვაკო და ვილი, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობდა.
როცა ვაკო სტუდენტი გახდა, თბილისის ცენტრში ბინა იქირავა და იქ გადავიდა, თან დაცვაში მუშაობდა. პარალელურად დედას და დას, მანანას ეხმარებოდა. მანანამ სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო კოლეჯში დაიწყო სწავლა და დამთავრებისთანავე თავის ლექტორს გაჰყვა ცოლად. მერე დედაც თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად, თვითონ კი საავადმყოფოში მოეწყო საოპერაციო მედდად. სწორედ იმ საავადმყოფოში, სადაც ია მუშაობდა.
ვაკომ ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრა, იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი პოლიციის აკადემია და თბილისიდან წავიდა, ქუთაისში დაიწყო მუშაობა. თითქოს გაურბოდა დედაქალაქს და ამის მიზეზად არასდროს არაფერს არ ასახელებდა. მის გარდა არავინ იცოდა, რომ ფარულად იაზე იყო შეყვარებული და მის სიახლოვეს ვერ ძლებდა, რათა ვილის ეჭვი არ აეღო.
ენერგიული და ნიჭიერი მამაკაცი მალე დააწინაურეს და ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშნეს. მოუცლელობის ბრალი იყო თუ იას სიყვარულის მიზეზი, ვაკო თბილისში თითქმის არ ჩადიოდა, ხანდახან თუ გამოიძახებდნენ სამინისტროში აუცილებელ თათბირზე დასასწრებად და ვილისაც იქ თუ შეხვდებოდა…
_ მომიყევი შენს ბავშვობაზე, _ სთხოვა იამ.
_ რა ვიცი, რაში გჭირდება, რა საინტერესო ჩემი ბავშვობაა…
_ რატომაც არა? რომ არ მაინტერესებდეს, ასე ხომ არ გთხოვდი.
_ როგორ ასე?
_ აი, ასე… გულით, _ და იამ გაიღიმა.
ვაკო კი მოიღუშა.
_ ჩემი ბავშვობა შენსას არ ჰგავდა, არ ყოფილა უზრუნველი და ნათელი. მამამ რომ მიგვატოვა, მას მერე ძალიან გაგვიჭირდა. აბა, დედაჩემის ხელფასი რას გვეყოფოდა სამ ადამიანს. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე რომ არაფერი ვთქვა, საჭმელიც კი გვენატრებოდა ხოლმე.
_ დედა სად მუშაობდა?
_ კლინიკაში დამლაგებლად მუშაობდა, შაბათ-კვირას კი სახლებში დადიოდა და კერძოდ ალაგებდა. _ თქვა ვაკომ და დადუმდა.
სიჩუმე გაიწელა, რომელიც კარგა ხნის შემდეგ ისევ ვაკომ დაარღვია:
_ ესაა და ეს, მოსაყოლი მეტი არაფერია.
ია მიხვდა, რომ ჩაციებას აზრი არ ჰქონდა. ალბათ სჯობდა, საერთოდ არ ეკითხა, რადგა მიხვდა, რამდენად მტკივნეული იყო მამაკაცისთვის იმ შორეული წლების გახსენება. თავი უხერხულად იგრძნო და შვებით ამოისუნთქა, როცა მუსიკოსებმა დაკვრა დაასრულეს და ვაკომ იგი კვლავ სუფრასთან მიიპატიჟა.
ამასობაში რიტამ სუფრას ცხელი კერძი შემატა.
_ ეს რა არის? _ დაინტერესდა ია, როცა ლამაზად გაფორმებულ კერძს დახედა და არაჩვეულებრივი არომატი შეისუნთქა.
_ ჯერ დააგემოვნეთ. ეს `იმერეთის~ საფირმო კერძია და მხოლოდ აქ ამზადებენ. ჩვენი მზარეული ცნობილია თავისი ოსტატობით და, სხვათა შორის, საზღვარგარეთ უმუშავია. სულ მიჰყავთ ხოლმე, როცა სადმე კულინარიული კონკურსები იმართება. ის კი არა, ევროპის კულინარების გაერთიანების წევრადაც მიიღეს, რითაც ძალიან ამაყობს. მისი დიპლომი ჩვენი დირექტორის კაბინეტში გამოსაჩენ ადგილას კიდია.
_ მერე? თუ ასეთი კარგი კულინარია, აქ როგორ ჩერდება? მიკვირს, თბილისში რომ არ გადადის სამუშაოდ.
_ ცოლ-შვილი აქ ჰყავს, სახლი აქ აქვს და კარი, აქ დაიბადა და გაიზარდა, თბილისში რა უნდა?
_ ეგეც მართალია, _ დაუდასტურა იამ და საფირმო კერძი თეფშზე გადაიღო, _ უი, მართლა როგორი გემრიელია.
_ ხომ გითხარით, მოგეწონებათ-მეთქი, გივიმ თავისი საქმე მაგრად იცის.
იამ სკამი მაგიდასთან მისწია და უნებურად მუხლებით ვაკოს მუხლებს შეეხო. ელდანაკრავივით ისევ უკან დაიწია, მაგრამ უცნაური სიახლოვის შეგრძნება მასში დარჩა. თან გემრიელად მიირთმევდა, თან, ფიქრობდა, რა თემა უნდა მოეძებნა სასაუბროდ.
ამ დროს ეგზოტიკური გარეგნობის კარგად ჩაცმულ შავგვრემან, მაღალ, თხელ ქალს მოჰკრა თვალი, რომელიც მათკენ ღიმილით წამოვიდა. უცნობი საოცარ ქალურობას ასხივებდა. ისეთი მომაჯადოებელი ხიბლი დასდევდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
_ ვაკო, რატომ არ მითხარი, აქ თუ აპირებდი სავახშმოდ მოსვლას? _ თქვა ქალმა და ვაკოს შეჰღიმა.
იას მისი ტონი ზედმეტად ფამილარულად მოეჩვენა.
_ თვითონაც არ ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა, _ უპასუხა ვაკომ, _ მოულოდნელი სტუმარი მეწვია და… გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია თბილისიდან, ია. ეს კიდევ ჩემი აქაური მეგობარი მარი… დოლიძის ქალია, ჩემო ბატონო.
მარიმ იას ხელი გაუწოდა.
_ შენ… ვილი ანთიძის მეუღლე ხომ არ ხარ?
გაოცებულმა იამ თავი დაუქნია, მარიმ კი ვაკოს შეხედა.
_ ვაკო მიყვებოდა შენი ქმრის შესახებ. ვწუხვარ, რომ ასე ნაადრევად გარდაიცვალა.
`როგორც ჩანს, ამან იმაზე მეტი იცის ჩემზე, ვიდრე საჭიროა~, _ უსიამოვნოდ გაიფიქრა იამ.
_ სხვათა შორის, მარი შენი კოლეგაა, ია, ჩვენს საავადმყოფოში მუშაობს ექიმად.
_ მართლა? შენც ექიმი ხარ? _ გაიკვირვა მარიმ, _ მშვენიერია. თუ დაგაინტერესებს ჩვენი საავადმყოფო, გვესტუმრე. პირადად მე სიამოვნებით გიმასპინძლებ. _ მხიარულად გააგრძელა მოსულმა.
იას არ სიამოვნებდა, რომ ახალგაცნობილი შენობით მიმართავდა. მისთვის ეს ცოტა უჩვეულო იყო, მარი პირველივე სიტყვიდან ისე გაუშინაურდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, თან თვალში საცემად გამომწვევად ელაპარაკებოდა. ალბათ თავის ხელქვეითებთან საუბრის მანერა ჰქონდა გამომუშავებული _ მედიდური და ირონიული. თუმცა, ქალმა ისე გულწრფელად მიიპატიჟა, რომ იას უსიამოვნო ფიქრი გაუქრა და ღიმილით დათანხმდა.
_ დიდი მადლობა. აუცილებლად მოვალ. თქვენ კი შემოგვიერთდით, დაბრძანდით, _ გამოიჩინა ინიციატივა და მარი სუფრასთან მოიწვია, რითაც სტუმარს აგრძნობინა, რაღაცების უფლება მეც მაქვსო.
_ სიამოვნებოდით შემოგიერთდებოდით, მაგრამ მარტო რომ არ ვარ? ჩემს ექთანს დაბადების დღე აქვს და თანამშრომელი ქალები აქ შევიკრიბეთ. იქ, დარბაზში გვაქვს მაგიდა გაშლილი.
მერე ვაკოს მხარზე ხელი დაადო და საჭიროზე მეტი ალერსიანობით უთხრა:
_ აბა, შენ იცი, ძალიან არ გადაიღალო.
_ შენც, _ ორივენი შეთქმულებივით მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
_ ია, ჩემთან ნებისმიერ დროს შეგიძლია მოსვლა, _ მიუბრუნდა მარი იას, კიდევ ერთხელ მედიდურად გაუღიმა და გატრიალდა.
_ დიდი ხანია, იცნობ? _ ია შეეცადა, ეს სიტყვები უდარდელად წარმოეთქვა.
ვაკომ მზერით გააცილა მარი და მხოლოდ შემდეგ შეხედა იას.
_ დაახლოებით წელიწადი იქნება. _ თვალები ჭერს გაუშტერა, თითქოს რაღაც გადაიანგარიშაო და დაამატა, _ ჰო, ასეა, ერთი წელი ხდება. შარშან წყალტუბოს საავადმყოფოში გადმოვიდა სამუშაოდ, იქამდე ქუთაისში მუშაობდა.
_ ალბათ ხშირად გიწევთ შეხვედრა, არა? რა თქმა უნდა, სამსახურებრივად ვგულისხმობ, მით უფრო, რომ პატარა ქალაქია და… შენ ორგანოს მუშაკი ხარ, ის _ ექიმი.
_ ჰო, შეიძლება ითქვას, ასეც არის. _ როგორც ყოველთვის, ვაკო თავშეკავებულად იქცეოდა, როცა საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ია კი აწრიალდა და გადაწყვიტა, პირდაპირ ეკითხა:
_ შენ და მარის რომანი გაქვთ? _ შეეკითხა და საკუთარი სითამამე გაუკვირდა. ასე უდიერად ვაკოსთვის არასდროს მიუმართავს და ახლა რაღა დაემართა?
მამაკაცმა თავი ასწია და ქალს თვალებში ისე ჩახედა, რომ ლამის სულში ჩაუძვრა.
_ მარი გათხოვილია.
ჰმ, გათხოვილი… დიდი ამბავი! ასეთი პასუხი იასთვის არაფერსაც არ ნიშნავდა. ფაქტია, რომ მათ შორის რაღაც ხდება, თანაც მარის თითზე საქორწინო ბეჭედი რატომღაც ვერ შეამჩნია. აშკარაა, რომ რომანი აქვთ და მალავენ, _ იას გონება დაძაბულად ამუშავდა.
ვაკომ კი ტუჩები მოკუმა და შემდეგ კბილებში გამოსცრა:
_ ეს გრძელი ამბავია და მე არ მეხება! _ ამის თქმა იყო და სულმოუთქმელად გადაჰკრა ერთი სირჩა კონიაკი.
რას ნიშნავდა მისი სიტყვები, რა აზრი იმალებოდა `გრძელ ამბავში~, რომელიც ვაკოს არ ეხებოდა, ია ვერა და ვერ ჩასწვდა. ან ასე რატომ გააღიზიანა პოლიციის შეფი მისმა შეკითხვამ? იას გუნება მოეშხამა.
სასიამოვნო მელოდიის ჰანგები მთელ გარემოში იღვრებოდა, მაგრამ ვაკოს ია საცეკვაოდ მეტად აღარ გაუწვევია.
_ ასე მგონია, აკვარიუმში ცხოვრობ და ახლოს არავის იკარებ, რატომღაც, ყველანი გარს გივლიან და შორიდან გათვალიერებენ, _ დაარღვია სიჩუმე იამ, როცა შენიშნა, რომ ვიღაც ქალმა უკვე მესამედ ჩაუარა მათ მაგიდას და ვაკოს თვალს არ აცილებდა, ერთი გამომწვევი მზერა კი იასაც ესროლა.
_ როცა სამსახურში ვარ, ნებისმიერს უფლება აქვს, იცოდეს, რას ვაკეთებ, მაგრამ როცა განმარტოება მომინდება, მოწამეთაში ავდივარ და იქ ვისვენებ მარტო, ჩემთვის. სულ რაღაც ოცი წუთიც კი საკმარისია, რომ სულიერი სიმშვიდე აღვიდგინო. იქ მარტოობას ვერავინ დამირღვევს.
_ გიყვარს განმარტოება?
_ როგორ გითხრა… მე მგონი, მიყვარს.
_ იცი, ვაკო, არ მინდა შენი ცხოვრების ჩვეული რიტმი დავარღვიო და თუკი ჩემი აქ ყოფნისას მარტო მოგინდება ყოფნა, არ მოგერიდოს. შენ ოღონდ მითხარი და მაშინვე სასტუმროში გადავალ.
ვაკოს უსიამოვნო ჩრდილმა გადაურბინა სახეზე და კიდევ უფრო მოიღუშა.
_ უკვე მერამდენედ მიმეორებ მაგას, რატომ? მე ეს სულაც არ მიგულისხმია.
_ ვიცი, მაგრამ მარტო ყოფნას ხარ მიჩვეული და არ მინდა, შენს ცხოვრებაში რაღაცნაირად ჩავერიო. ვგრძნობ, რომ დისკომფორტს გიქმნი, ეს კი სულაც არ მსურს. _ იას თვალწინ კვლავ მარი დაუდგა.
_ ჩემი ცხოვრების წესის დარღვევა არც ისე იოლია. უბრალოდ, შენ აქ მალე მოგწყინდება და თბილისში გაიქცევი, რატომღაც, ასე მგონია. მე კი ეს უფრო მიქმნის დისკომფორტს, ვიდრე ის, რომ შენ ჩემ გამო ფუჭად იქმნი უხერხულობას.
`მომწყინდება? შენ არაფერი არ გესმის, ვაკო, _ გაიფიქრა იამ, _ რა მემართება? რატომ მეცლება ფეხქვეშ მიწა, როგორც კი თვალებში შევხედავ? ღმერთო, მიშველე, რა ვქნა? იქნებ მართლა ჯობია თბილისში გაქცევა? არა, არ მინდა იქ, აქ მირჩევნია. თუ შენი ცხოვრების წესის შეცვლა არც ისე იოლია, ჩემი თავიდან მოცილებაც არ არის მთლად ადვილი, ჩემო ვაკო~. _ თითქოს ფიქრად ჯიბრში ჩაუდგა მამაკაცს.
წინააღმდეგობრივი აზრები რიტას ხმამ გაუფანტა, რომელსაც დესერტი მოეტანა და მენიუში შემალული ანგარიშიც წინ დაედო მამაკაცისთვის…
მიუხედავად ვენტილატორისა, მთელი დღის დაგროვებული სიცხე ოთახში ყოფნას აუტანელს ხდიდა. ვაკომ ყველა ოთახის ფანჯარა გააღო და მთელ სახლში ორპირი ქარი მოაწყო. მერე რაცია ჩართო და ბოლო რამდენიმე საათის ცნობები მოისმინა.
_ მშვიდი ღამეა. ზოგჯერ სიცხის გამო ავარიები და სხვა უბედური შემთხვევები ხდება. ამიტომ ვალდებული ვარ, ყველაფერი მოვისმინო. ია, შენ რა გეგმები გაქვს ხვალისთვის?
_ რაც შეიძლება დიდხანს ძილი, _ გაიცინა ქალმა.
_ უნდა იძინო? მაგარია. მე კი ექვსისთვის უნდა ავდგე და გავიქცე. შევეცდები, არ ვიხმაურო და ძილი არ დაგიფრთხო. აბა, ღამე მშვიდობისა. თუ გინდა, ტელევიზორი ჩართე, ღამით კარგი ფილმები გადის ხოლმე.
_ არა, მადლობა. ტელევიზორი დიდად არ მიყვარს. რამდენიმე წიგნი წამოვიღე თან და იმათ ჩავუჯდები. ყურებას კითხვა მირჩევნია.
_ შენი ნებაა. მე წყლის გადავლება მინდა, შენ?
_ მეც, მაგრამ ჯერ შენ შედი. მე მანამ ჩემს ბარგს ამოვალაგებ და პირსახოცსაც მოვძებნი.
მამაკაცმა თავი უხმოდ დააქნია და ოთახიდან გავიდა…
ვერაფრით ვერ დაიძინა. შუბლი ოფლით დაცვაროდა. გვერდი მოინაცვლა და თვალები დახუჭა. უძილობას არასდროს შეუწუხებია, მაგრამ დღეს ისე დაცხა… თანაც იასთან მხოლოდ ერთი სიფრიფანა კედელი აშორებდა.
ვაკოს ქალების ყურადღება არასდროს მოჰკლებია, მაგრამ როცა იასთან ცეკვავდა, ისე აღელდა და აღეგზნო, რომ თავს უსუსურად გრძნობდა. სრულიად გადაავიწყდა, ამქვეყნად იას გარდა სხვა ქალებიც რომ არსებობდნენ _ არანაკლებ ლამაზები და უფრო ადვილად დასამორჩილებლები.
`გარეთ გავალ, ცოტას გავგრილდები და იქნებ გონსაც მოვეგო~, _ გაიფიქრა და წამოხტა. ფეხაკრეფით გავიდა სასტუმრო ოთახში. აქ საძინებელთან შედარებით მართლაც გაცილებით გრილოდა. ეს ოთახიც გაიარა და ტერასაზე გავიდა.
_ შენც ვერ დაიძინე? მეც შემაწუხა სიცხემ და გამოვედი, _ მოულოდნელად ნახევრად სიბნელეში იას ჩუმი ხმა მოესმა.
ხმის მიმართულებით გაიხედა და მოწნულ სავარძელში მოკალათებული ია დაინახა. ქალს თმა თვალებზე ჩამოშლოდა. როცა გადმოიხარა, ხალათი მკერდთან გადაეხსნა და მამაკაცმა მის თეთრად ამობურცულ მკვრივ მკერდს მოჰკრა თვალი. შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა.
_ სიმართლე გითხრა, ძილზე მეტად სხვა რამე მინდა, _ კი არ თქვა, ამოიხრიალა.
ია დაძაბულობისგან ერთიანად მოიკუნტა და ძლივს, სვენებ-სვენებით ამოთქვა:
_ ჯობია, დაწვე და დაძინება სცადო, _ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წამოდგა და ის იყო, თავისი ოთახისკენ გაემართა, რომ ვაკომ იდაყვში ჩაავლო ხელი.
_ მარიზე რატომ გამომკითხე? _ ხმადაბლა ჰკითხა.
მამაკაცს იმედი ჰქონდა, რომ იამ ეს შეკითხვა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო არ დაუსვა. იმედი ჰქონდა, რომ ქალი ცოტას მაინც ეჭვიანობდა.
_ რა ვიცი… ისე, _ ია დაიბნა, თმაზე ხელი გადაისვა, რის გამოც ხალათი უნებლიეთ კვლავ გადაეღეღა და ვაკოს სხეულმა ეს უმალ იგრძნო…
_ შენ მარტოხელა კაცი ხარ… თანაც თავისუფალი. მარი ლამაზი ქალია, გამომწვევიც კი. მგონი, მოსწონხარ კიდევაც… თან ისე თამამად გელაპარაკა… არა მარტო შენ, მეც…. თითქოს მაგრძნობინა, შენზე წინ მე ვდგავარო… არ ვიცი, ჩემზე რა იფიქრა… იქნებ ეგონა, რომ მე სულ სხვა თვალით გიყურებ… ვიფიქრე, რომ…
_ შენ ჩემს შეკითხვას არ უპასუხე! _ მამაკაცი ქალს ხელს არ უშვებდა.
_ უბრალოდ, მაინტერსებდა, ეგაა და ეგ. _ ძლივძლივობით ამოიჩურჩულა.
_ რატომ გაინტერესებდა? _ ჩაეძია ვაკო.
ია დამფრთხალ შვლის ნუკრს დაემსგავსა, შიშისგან თვალები გაუფართოვდა. არანაკლებ შეეშინდა ვაკოს, ვაითუ, ქალმა ზეწოლას ვერ გაუძლოს და ხვალ თბილისში დაბრუნება მოისურვოსო, ამიტომ მაშინვე შეუშვა ხელი და უკან დახეულმა ღრმად ამოიხვნეშა.
_ კარგი, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მაპატიე. წადი, დაიძინე, უკვე ძალიან გვიანაა.
_ ძილი ნებისა. _ ათრთოლებული ხმით დაემშვიდობა ია, ოთახში შევიდა და გულამოვარდნილმა კარი ჩაკეტა.
ვაკომ სახე სიბნელეს შეუშვირა და ღრმად ამოისუნთქა. ის და მარი მართლა მეგობრები არიან და სხვა არაფერი. თუმცა, კარგია, ეს იას თუ აეჭვიანებს. მას მოსწონს, როცა მისი სანუკვარი ქალი მასზე ეჭვიანობს. მარის კარგი ქმარი ჰყავს, მირიანი, რომელიც შარშანვე გააცნო. ოთხი თვის წინ მირიანმა სვანეთში დააპირა სამუშაოდ გადასვლა. ამ ამბავმა მარ გააცოფა, წყალტუბოდან ფეხის გადგმას არსადაც არ აპირებდა და ქმრის გადაწყვეტილების გამო თავი მიტოვებულად იგრძნო. პირველ ხანებში მირიანის გარეშე ძალიან გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზე არ განელებია. ვაკო კი მათ ოჯახთან მეგობრობდა და ასეთ მძიმე წუთებში ქალი არ მიატოვა. ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ხან სადილობდნენ რესტორანში, ხანაც ვახშმობდნენ, იმისდა მიხედვით, ვაკოს დრო როგორ გამოუთავისუფლდებოდა. ქალი თავის გულის წუხილს ყოველთვის უზიარებდა. ეს იყო და ეს _ რომანი არც ჰქონიათ და არც მომავალში ექნებოდათ. ჯერ ერთი, რომ მარის ძალიან უყვარდა თავისი ქმარი და მეორეც _ ვაკომ ერთგულების ფასი შესანიშნავად იცოდა.
ისე, იაც ეგრეა. მას თავისი ქმარი უყვარს, უკვე გარდაცვლილი, მაგრამ მაინც ქმარი. ვაკო ვინ არის მისთვის? არავინ. წლების განმავლობაში ერთხელ არ შეუხედავს მისთვის, როგორც მამაკაცისთვის. იასთვის ვაკო ყოველთვის ცარიელი ადგილი იყო და დღემდე ასეთად დარჩა. მხოლოდ მეგობრობა და მეტი არაფერი.
ვაკო სავარძელში ჩაეშვა, სწორედ იმ სავარძელში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ია იჯდა. იგი ჯერ კიდევ ქალის სითბოთი იყო გაჯერებული. მამაკაცმა თვალები დახუჭა. ია ჯერაც იშუშებს ძველ ჭრილობებს. როცა ახალი ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს, ისეთი კაცი დასჭირდება გვერდით, რომელიც მას ცოლად შეირთავს და არა საყვარლად დაისვამს. მას უფრო ძლიერი და უფრო თბილი მამაკაცის ფრთის ქვეშ შეფარება მოუნდება. ვაკოს შეუძლია ეს? არა, არ შეუძლია, რადგან პროფესიამ და ახლა უკვე თანამდებობამ სალ კლდედ აქცია. სითბოს გამოხატვა ყველას მიმართ უჭირდა. რამდენჯერ მოუსმენია მისი მისამართით ნათქვამი, მთლად მამამისს ჰგავსო, რაც ყოველთვის აღიზიანებდა. არამც და არამც! მამასავით არასდროს მოიქცევა და თავის ცოლ-შვილს, თუ ოდესმე ეყოლება, ტკივილს არ მიაყენებს, ბედის ანაბარად არ მიატოვებს და არ გაიქცევა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>