იას ეგონა, რომ შუადღემდე მაინც დაიძინებდა, მაგრამ შეცდა. ვაკოსთან შეხვედრამ და მათ შორის წარმოქმნილმა იდუმალმა ელექტრონაპერწკალმა სიმშვიდე საბოლოოდ დაურღვია, სხეულის ყოველი უჯრედი დაუჭიმა და ძილი დაუფრთხო. სულაც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მამაკაცის გამო ხდებოდა. ამიტომ თავს ინუგეშებდა, სიცხისა და უცხო გარემოს ბრალია ჩემი უძილობაო, მაგრამ გათენდა და იძულებული გახდა, სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა - ყველაფერში ვაკო იყო დამნაშავე.
როდის დაიწყო ეს ამბავი? ნათლობაზე? იქნებ უფრო ადრე, დიდი ხნით ადრე? იქნებ მაშინ, როცა მეგობრობდნენ და იას მაშინაც ეშინოდა, მისთვის თვალებში პირდაპირ შეეხედა, რადგან ვაკო ყველა ბიჭისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა?
ეს კაცი ყოველთვის აფორიაქებდა და იაც ცდილობდა, მასთან ახლოს არ ყოფილიყო, მუდამ გაურბოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მარტონი წამითაც არ დარჩენილიყვნენ.
მაშინ ახლა რატომ ჩამოვიდა? ახლა რა, აღარ ეშინია? რის შეცნობას ცდილობს? რაღაც ამოუცნობის? ალბათ ასეა, მაგრამ როგორ შეიცნოს ეს ამოუცნობი, თუკი თავად ვაკოა ამ საიდუმლოს ნაწილი?
იამ ჩაიცვა, მხოლოდ ყავა დალია და სამზარეულოს მაგიდაზე მამაკაცის მიერ დატოვებულ ბარათს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, სადაც ეწერა: "გასაღებს გიტოვებ, შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს ისეირნო".
როცა იქაურობა მიალაგა, ავტოფარეხიდან მანქანა გამოიყვანა და ქალაქის დასათვალიერებლად გასწია.
მანქანა ცენტრში გააჩერა და გზას ფეხით გაუყვა. წყალტუბო კოხტა ქალაქი იყო. ბოლო წლებში საგრძნობლად შეცვლილიყო აქაურობა, თუმცა იას ქალაქი აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ენახა. მწვანეში ჩაფლული გარემო ლამაზვიტრინებიანი მაღაზიებითა და კეთილმოსურნე ადამიანებით დადებითად მოქმედებდა მასზე. მოულოდნელად მისი მზერა ერთ პატარა შენობაზე შეჩერდა - იგი ქალაქის საავადმყოფოს წინ იდგა.
არც დაფიქრებულა, ისე შევიდა შენობაში და მარის ძებნას შეუდგა. მის კაბინეტს მეორე სართულზე მიაგნო და კარი დაუკაკუნებლად შეაღო.
მარი მაგიდასთან იჯდა, წინ კი პაციენტის ისტორია ედო და ავსებდა. კარის გაღების ხმაზე თავი ასწია და ია რომ დაინახა, სახეზე სიხარული გამოეხატა.
- ია, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. დაჯექი, ორ წუთში გავთავისუფლდები.
- არა უშავს, დაგელოდები. პროფესიული ჩვევაა, ხომ იცი, გულგრილად ვერ ჩავუარე კლინიკას გვერდი, - გაიცინა იამ.
მარის ჯინსის შარვალი და ჭრელი პერანგი ეცვა, გარედან - თეთრი ხალათი. ქალს სახეზე ისეთი ღიმილი გადაეფინა, რომ იამ იფიქრა, მართლა გაუხარდა ჩემი მოსვლაო.
- წამოდი, ჩვენს კლინიკას დაგათვალიერებინებ, მაინტერესებს, როგორ მოგეწონება. არაჩვეულებრივი აპარატურა გვაქვს, ყველა პალატა გარემონტებულია. ერთი სიტყვით, სრულ კომფორტში ვართ.
- ჰო, კარგია, რომ ხელისუფლებამ ეს საქმე მაინც მოაგვარა. ახლა პატარა ქალაქების საავადმყოფოები დედაქალაქისას არაფრით ჩამოუვარდება.
- როგორ არ ჩამოუვარდება, მაგრამ რაც იყო, იმას ათასწილად სჯობია. აი, ქუთაისში კი მართლაც კარგი სიტუაციაა ამ მხრივ. მაგათ ვერ შევედრებით, - გაიღიმა მარიმ.
- ჰო, მაგაში გეთანხმები.
- რამდენ ხანს დარჩები ჩვენთან? - ჰკითხა მარიმ, როცა პალატები მოიარეს და კვლავ მის კაბინეტში დაბრუნდნენ.
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ დიდხანს ალბათ არ დავრჩები, არ მინდა, ვაკოს ხელი შევუშალო.
- მას ასე ადვილად ხელს ვერ შეუშლი. მარტოხელა მგელია. როგორც თვითონ უნდა, ყველაფერს მაინც ისე გააკეთებს და არავის მოუსმენს. ისე, ჩვენთან ჩამოსვლა რამ გადაგაწყვეტინა?
- ვაკომ დამპატიჟა… მისი დისშვილის ნათლობაზე შევხვდით ერთმანეთს და…
- ააა, გასაგებია. მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს, - გაიკვირვა მარიმ.
"რა, უნდა ეთქვა? და რატომ?" - არ ესიამოვნო იას მარის ნათქვამი. როგორც ჩანს, ვაკო ამ ქალთან საჭიროზე მეტად გულახდილია. შეიძლება ამ გულახდილობის მიღმა სხვა რამეც იმალება, რაც იამ არ იცის. ჯერჯერობით არ იცის… ენას კბილი დააჭირა, რომ რამე მწარე არ წამოსცდენოდა. იცოდა, შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, თორემ შეიძლებოდა, თავი გაეყიდა.
კაბინეტში შესვლისთანავე სავარძელში ჩაეშვა და მარის მიაჩერდა, რომელიც ყავის მოდუღებას შეუდგა. როცა მან ყავა ფინჯნებში ჩამოასხა, ია მაგიდასთან გადაჯდა.
- აქ ცოტა რთულია მუშაობა, კვალიფიციური კადრი არ გვყოფნის. კი ამთავრებენ ამ სამედიცინოს, მაგრამ ახალმა თაობამ, ფაქტობრივად, არაფერი არ იცის. ან თავიდან უნდა ასწავლო ყველაფერი, ან უნდა გაუშვა. ექიმის პროფესია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ადამიანის სიცოცხლე გაბარია. ჭირს ჩვენთან, ძალიან ჭირს, მით უფრო, რომ ჩვენს ქალაქში ამდენი ლტოლვილი ცხოვრობს. მარტო მე და ორი ექიმი ვართ, მათ შორის ერთი პენსიონერია და ხშირად ავადმყოფობს… იცი, ია, - საუბრის თემა შეცვალა მარიმ, - მიხარია, რომ ჩამოხვედი, ცოტა ხანს მაინც ვიქნებით ერთად.
ამ დროს კაბინეტში ექთანი შემოვიდა და აღელვებულმა მარის მიმართა:
- მარი ექიმო, ქალი მოიყვანეს გულის მწვავე შეტევით, მისაღებშია.
- ახლავე გამოვალ… მაპატიე, ია, რა ვქნა, ხომ იცი, ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით.
- რას ამბობ, მიდი, მიხედე საქმეს. პირიქით, მადლობელი ვარ ასე თბილად რომ მიმიღე. მე წავალ, ხელს არ შეგიშლი, - იამ მარი გადაკოცნა და კიბეს დაუყვა.
მანქანა დაქოქა და გზა ნელი სვლით გააგრძელა.
როგორც იქნა, ბაზარს მიაგნო, საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა.
სადილის მზადებას მაშინვე შეუდგა, ქვაბი გაზქურაზე შემოდგა, ცეცხლს დაუწია და თვითონ ტერასაზე გავიდა წიგნით ხელში, რათა დრო უქმად არ დაეკარგა. კითხვა სულ ცოტა ხნის დაწყებული ჰქონდა, რომ მეზობელი ეზოდან ხმა გაიგონა:
- გამარჯობა!
გაოცებულმა იამ წიგნი გვერდზე გადადო, კიბე ჩაირბინა, ღობესთან მივიდა და კაფანდარა, ჭაღარა ქალი დაინახა.
- გაგიმარჯოთ, ქალბატონო!
- ცნობისმოყვარე არ ვარ, შვილო, მაგრამ იმდენად უცხო იყო ჩემთვის ვახტანგის სახლში უცხო ქალის დანახვა, რომ ვერ მოვითმინე…. თქვენ ნათესავი ხართ? - ჰკითხა ქალმა და დაკვირვებით აათვალიერა ჯინსის შორტში გამოწყობილი ია.
- არა, მე მეგობარი ვარ მისი… თბილისიდან, ია მქვია. - უთხრა და ქალს ხელი გაუწოდა.
- მე კი ნინო ვარ, შვილო, ფოფხაძის ქალი. როცა ვახტანგი შინ არ არის, მის სახლს ყურადღებას ვაქცევ, ვპატრონობ, როგორც შემიძლია. ბიჭი ჭიშკარს არასდროს არ კეტავს, იცის, რომ მე გადავალ და აქაურობას ხელს შევავლებ. ან კი ვინ გაბედავს მასთან შესვლას, თუ სიცოცხლე არ მოჰბეზრებია, - გაიცინა ქალმა, - ისედაც, რა აქვს მოსაპარი? არც არაფერი. ჩვენს დროში პოლიციის უფროსი ასე ცხოვრობდეს, გაგიგია სადმე? ზედმეტად წესიერი კაცია. მიკვირს, მისნაირს როგორ აჩერებენ ამხელა თანამდებობაზე.
იას რატომღაც თავისი ქმარი გაახსენდა და ის საშინელი ღამე, როცა ვილი სპეცოპერაციის მსვლელობისას ბანდიტებმა მოკლეს.
- მე და ვაკო ერთმანეთს სკოლის ასაკიდან ვიცნობთ. ის და ჩემი მეუღლე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, უახლოესი მეგობრები. ჩემი ქმარი წელიწადზე მეტია, რაც დაიღუპა.
- უი, რას ამბობ, შვილო! ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ისიც პოლიციელი იყო?
იამ თავი უხმოდ დაუქნია.
ნინომ ამოიოხრა, თანაგრძნობის ნიშნად იას ხელზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
- ძალიან მიხარია ვახტანგის მეგობრის გაცნობა. იგი ისეთი მარტოხელაა, მართალი გითხრათ, მეცოდება, მიუხედავად იმისა, რომ ქალები თავს აკლავენ. მართლა, მართლა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს მოსწონს, მაგრამ მასთან სახლში მოსული ერთის გარდა არავინ მინახავს.
- ერთი სრულიად საკმარისია, - ნაძალადევად გაიღიმა იამ, თან გული მოეწურა.
- იცნობთ ჩვენს ექიმს, მარი დოლიძეს? ის თუ ესტუმრება ხოლმე, სხვა კი არავინ, - დაიცვა ნინომ მეზობელი.
- კი, გუშინ საღამოს გავიცანი, დღეს კი საავადმყოფოში ვიყავი და იქაც ვნახე. კარგი ადამიანია, - თქვა იამ.
- ეჰ, როცა მისი ქმარიც აქ იყო და მანდ მუშაობდა, მართლა კარგი იყო ჩვენი საავადმყოფო, ბრწყინვალე ექიმია მირიანი.
- ახლა აღარ მუშაობს? - მიამიტად იკითხა იამ.
- კი მუშაობს, მაგრამ აქედან წავიდა. ამბობენ, სვანეთში გადავიდაო. მარი არ წაჰყვა, აქაურობა არ მიატოვა და მესმის მისი. გოგო აქ დაიბადა, გაიზარდა და იქ რა უნდოდა? მით უფრო, ხომ იცით, ახლა სვანეთში როგორი რთული სიტუაციაა. ნახევარი სვანეთი რუსების ხელშია. ამიტომ დასცილდნენ ერთმანეთს, მაგრამ მგონი, ოფიციალურად არ უნდა იყვნენ გაყრილები. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიგებდი. აქ არაფერი იმალება, ყველამ ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ.
იამ გაღიმება სცადა, მაგრამ ვაი, ამ გაღიმებას.
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ქალბატონო ნინო.
- ჩემთვისაც, გენაცვალე. რამე თუ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, სულ სახლში ვარ. ან დამირეკეთ. ჩემი ტელეფონის ნომერი ვახტანგს მაცივართან აქვს მიკრული.
- დიდი მადლობა. ვწუხვარ, რომ უნდა დაგტოვოთ, მაგრამ სადილი დავადგი და მეშინია, არ ჩამეწვას. რომ შევრცხვე, თავი არ გამომეყოფა ვაკოსთან, - მოუბოდიშა იამ ბეზობელს.
ქალები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ია სამზარეულოსკენ გაიქცა. მთელ სახლში ცხელოდა, მაგრამ სამზარეულოში - განსაკუთრებულად. ია ქურასთან კარგა ხანს ტრიალებდა. ოფლი სახეზე წურწურით ჩამოსდიოდა. როცა სადილის მომზადებას მორჩა, უჩვეულო დაღლილობა იგრძნო. ეს არამხოლოდ კერძის მომზადების პროცესით იყო გამოწვეული. მას პასუხისმგებლობა ეკისრა, რომ სადილი რაც შეიძლება გემრიელი გამოსვლოდა და ამან ცოტათი დაძაბა.
მოსაღამოვდა. ექვსი საათი ხდებოდა, როცა ჭიშკარს ვაკოს მანქანა მოადგა. იას სუნთქვა შეეკრა და აფორიაქება რომ არ შესტყობოდა, თავის ოთახში შეიმალა.
მამაკაცი სამზარეულოში შემოვიდა, მაცივარი გამოაღო, ცივი წყალი გამოიღო, ჭიქაში დაისხა, დალია და თმაზე ხელი გადაისვა.
იამ, როგორც იქნა, თავი დაიწყნარა, თავისი ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოს კარი შეაღო.
- როგორ ცხელა, არა? ასე მგონია, თავი მარტენის ღუმელში მაქვს შეყოფილი. სუნთქვა მიჭირს, - თქვა ვაკომ, როცა ია შემოვიდა.
- კი, აუტანლად ცხელა, მაგრამ რა გასაკვირია, ზაფხულია და… - ია ამ სიტყვებით მაგიდაზე თეფშების დალაგებას შეუდგა. მერე მაცივრიდან სალათა გამოიტანა და საჭმლის სავსე ქვაბი გაზქურაზე შემოდგა გასაცხელებლად. ვაკო გაოცებული მისჩერებოდა. ვერ გაიაზრა, როდის უნდა მოესწრო სტუმარს ამდენი რამის გაკეთება.
მოულოდნელად ია დაბარბაცდა და ვაკოს ხელი რომ არ შეეშველებინა, იატაკზე გაიშოტებოდა.
- რა მოგივიდა? - შეშფოთდა მამაკაცი, ქალს თეფშები გამოართვა, იქვე, მაგიდაზე დადგა და იას მხრებზე ხელი მოხვია.
- არ ვიცი, უცებ თავბრუ დამეხვა.
- ახლავე დაჯექი, სუფრას მე გავაწყობ. რატომ გაისარჯე ასე, ა? შენ აქ დასასვენებლად ჩამოხვედი და არა სადილის მოსამზადებლად. რას აიტეხე ამ სიცხეში გაზთან ტრიალი?
- მე მინდოდა…
- არაფრის გაგონება არ მინდა. ჩუმად იჯექი და ხმას ნუ იღებ. შენ ჩემი მოსამსახურე კი არ ხარ, რომ იტრიალო.
- რას მბრძანებლობ, თუ იცი? - გაღიმება სცადა იამ, - რა, მაგარი ხარ და ამას მიმტკიცებ? თუ შენი თანამდებობით მჯობნი?
- დიახაც. ამიტომ უნდა დამიჯერო და რასაც გიბრძანებ, უსიტყვოდ შეასრულო, - სიცილით მიუგო ვაკომ და ქვაბში მოთუხთუხე საჭმლის მოსარევად გატრიალდა.
როცა სუფრის გაშლას მორჩა, ვაკომ იას წყალი დაალევინა. ქალი, როგორც იქნა, მოსულიერდა და ორივენი მაგიდას მიუსხდნენ.
კარგა ხანს სრულ სიჩუმეში სადილობდნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა. ბოლოს დუმილი იამ დაარღვია:
- დღემ როგორ ჩაიარა?
- ჩვეულებრივად, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გემრიელი რამეები გაგიკეთებია. კარგა ხანია, ასე სიამოვნებით არ მისადილია.
- მადლობა, - დაიმორცხვა იამ, - იცი? დღეს მარისთან ვიყავი კლინიკაში.
- მართლა? კარგია. როდისღა მოასწარი ამდენი?
- დილითვე გავედი, მერე იქიდან ბაზარში გავიარე.
- რას იტყვი ჩვენს საავადმყოფოზე, მოგეწონა? - ვაკო სკამის საზურგეს გადააწვა.
- მყუდრო და პატარა საავადმყოფოა, მაგრამ იქ მუშაობა ალბათ რთულია. მარიმ თქვა, ექიმები არ გვყოფნისო.
ვაკომ არაფერი უპასუხა, მერე კი, როცა იამ ამოიოხრა, ჰკითხა:
- უკეთ ხარ? ცოტათი მაინც არ გაგიარა?
- კარგად ვარ. შენ მართალი იყავი, ასეთ სიცხეს მიჩვეული არ ვარ, ამიტომაც გავხდი ცუდად.
- ბევრი წყალი უნდა სვა და არ გადაიღალო.
- მე ვარ ექიმი თუ შენ? რას მასწავლი, ა? - გაეცინა იას, - გგონია, მე არ ვიცი?
- რა თქმა უნდა, იცი, მაგრამ მაინც შეგახსენე, - ვაკომ ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა.
- გავითვალისწინებ შენ შეხსენებას.
- ია, მგონი, ამაღამ სასტუმრო ოთახში მოგვიწევს ღამის გათენება, თუკი უფრო დაცხება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ოთახს მზე არსაიდან არ ადგება და შედარებით გრილა. მე, ჩვეულებრივ, ასე ვიქცევი ხოლმე, როცა ძალიან ცხელა.
- მაგრამ იქ რომ საწოლები არ არის?
- დივანი ხომ არის? შენ დივანზე დაწვები, მე კი იატაკზე მოვკალათდები.
- რას ამბობ! იატაკზე რატომ უნდა დაწვე? გასაშლელი საწოლი არ გაქვს?
- არ მაქვს. სამაგიეროდ, ლეიბები მაქვს ოხრად. იატაკზე წოლას რა ჯობია? გრილადაც ვიქნები და ხერხემალიც არ მეტკინება. ნუ მასწავლი, მე შენზე უკეთ ვიცი.
- ასე არ გამოვა… მირჩევნია, ისევ საძინებელში დავრჩე. ან…
- არავითარი ან. მე მიჩვეული ვარ მიწაზე წოლას. პოლიციის აკადემიიდან პრაქტიკაზე რომ დავყავდით, ხშირად მიწევდა იატაკზე ან მიწაზე წოლა და ძილი. ასე რომ, შენ ამაზე ნუ წუხხარ.
- ჩემი საძინებლიდან რომ გამოვიტანოთ საწოლი?
- ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, - მბრძანებლურად მოუჭრა მამაკაცმა და ცივი წყალი დაისხა.
"ღმერთო ჩემო, მთელი ღამე მის გვერდით უნდა გავატარო. ამას როგორ გავუძლებ? ისედაც მცეცხლავს მისი სიახლოვე!" - გაიფიქრა იამ.
- მაშინ ჩემს ოთახში დავრჩები. უსამართლობა გამოდის რაღაცნაირად. საკუთარ სახლში გავიწროებ.
- არა, ასე არ შეიძლება. იმ ოთახში ფანჯრები დასავლეთისკენაა და ამიტომ ცხელა ასე აუტანლად. ვერ ნახე, რა დაგემართა? ასეთ სიცხეს ვერ გაუძლებ, ვიცი შენი ამბავი და ნუ მეკამათები, თუ შეიძლება. მე უკეთ ვიცი, რასაც ვამბობ.
ია ხმის ამოუღებლად წამოდგა და მაგიდის ალაგება დააპირა, მაგრამ ვაკომ არ დაანება.
- ხომ გითხარი, დაისვენე-მეთქი. რატომ მამეორებინებ ერთსა და იმავეს ცხრაასჯერ? დაჯექი, დაისვენე, მე მივხედავ ამას. მით უმეტეს, შენთან ვალში ვარ, ისეთი გემრიელი რამეები დამახვედრე დღეს.
- მიხარია, თუ მოგეწონა, - ღიმილმა გადაურბინა იას ტუჩებზე.
- თუ მომეწონა რას ჰქვია? აბა რა, გატყუებ? ვერ ნახე, რამდენი ვჭამე? - თქვა კაცმა და დაამატა, - წადი, ცოტა ხანს წამოწექი, მერე კი ჩაიცვი, ქუთაისში წავიდეთ.
- ქუთაისში რა გვინდა?
- გავისეირნოთ, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. შენ ახლა ბევრი ჰაერი გინდა.
იამ მაინც მოავლო თეფშებს ხელი და ნიჟარასთან მივიდა. ვაკო უკნიდან მიუახლოვდა. ისინი ისე ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ ქალს მამაკაცის სუნთქვაც კი ესმოდა.
- ია! - ამოთქვა ვაკომ.
იამ იცოდა, ახლა რაც მოხდებოდა; ისიც იცოდა, რომ ამას გვერდს ვერ აუვლიდა და ამიტომ არ გასძალიანებია, როცა მამაკაცი წინ დაუდგა და მისკენ დაიხარა.
მისი ძლიერი მკლავები იას მხრებს მოევლო, მამაკაცმა ქალი მიიზიდა და ტუჩებში ნაზად აკოცა. იას თვალწინ ყველაფერი დატრიალდა, ვაკოს სიახლოვემ თავბრუ დაახვია, მჭიდროდ მიეკრა მის ფართო გულმკერდს და ხელები კისერზე შემოხვია. ვაკომ ყრუდ ამოიგმინა და მძლავრად ჩაიკრა ქალი გულში.
იმწუთას ყველაფერი გადაავიწყდა. ნაზი კოცნა გაშმაგებულ ალერსში გადაიზარდა. მამაკაცი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა და იამ იგრძნო, რომ იგი ვაკოსთვის სასურველი ქალი იყო…
ია თითქოს ბურანში იყო, სიამოვნებისგან მთელი სხეული უთრთოდა, მუხლები აღარ ემორჩილებოდა.
მოულოდნელად მამაკაცი მის ბაგეებს მოსწყდა და სუნთქვაგახშირებულმა თავი ასწია. იამ ძლივს გაუსწორა მზერა მის ამღვრეულ თვალებს.
- მაპატიე… ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, - ყრუდ ჩაილაპარაკა ვაკომ.
ია ოდნავ მოსცილდა და ჩურჩულით უპასუხა:
- ყველაფერი კარგადაა, ვაკო.
- არა, კარგად არ არის. შენ ჩემთან იმიტომ ჩამოხვედი, რომ ის საშინელი წელიწად-ნახევარი დაგევიწყებინა და არა იმისთვის, რომ ცხოვრება გაგერთულებინა.
ია გაშრა. ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს მოულოდნელი ცივი ტონი. შეიძლება ვილი მართალი იყო, როცა მას უღალატა. იქნებ თვითონაა ფრიგიდული ქალი და კაცის მოხიბვლა არ ძალუძს? წამების წინ ყველაფერი კარგად იყო და უცებ რაღა მოხდა?
იას ვერაფერი გაეგო. ცრემლები რომ არ წასკდომოდა, ნელ-ნელა უკან დაიხია, მერე გატრიალდა და სამზარეულოდან გავიდა. თავისი ოთახისკენ მიმავალს კი თვალებიდან გადმოსული ცრემლების დამალვა აღარ უცდია…
საწოლზე წამოწვა და კედლისკენ შებრუნდა. უხმოდ ტიროდა, ცრემლები ღაწვებს უსველებდა, მაგრამ მათი შემშრალება არ უცდია.
რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. იამ უნებლიეთ ზეწრის კიდეს სტაცა ხელი და ცრემლები შეიმშრალა. თუმცა, იცოდა, რომ ამით ცრემლების კვალს ვერ წაშლიდა, რადგან თვალები უკვე დაუწითლდა.
ზანტად წამოდგა საწოლიდან, აჩაჩული მაისური ჩამოიწია, ხელისგულები სახეზე გადაისვა და კარი გააღო.
ვაკო ერთხანს გაქვავებულივით იდგა და მის ნამტირალევ სახეს ყურადღებით აკვირდებოდა. თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. მერე უეცრად შებრუნდა, რათა ქალს გასცლოდა, მაგრამ მოულოდნელად კვლავ შემოტრიალდა.
- მიდი, მოწესრიგდი და წავიდეთ, კარგი? არ მინდა, ცუდ ხასიათზე იყო და გთხოვ, უარი არ მითხრა.
- ნახევარ საათში გამოვალ, - ხმადაბლა წარმოთქვა იამ და მამაკაცს მზერა აარიდა.
- კარგი, გარეთ ვიქნები და რამდენ ხანშიც გინდა, გამოდი. დაგელოდები. ოღონდ აღარ იტირო, ცრემლები მთრგუნავს. - ბოლო სიტყვები ისეთი საცოდავი ხმით ამოთქვა, იას გული დაეწვა. ნაძალადევი ღიმილით დააქნია თავი და კარი მიხურა…
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>