ქუთაისამდე ისე ჩავიდნენ, ვაკოს ხმა არ ამოუღია. თუმცა, როგორც კი ქალაქში შევიდნენ, სახეზე ღიმილი მოეფინა და მაშინვე გიდის როლი იკისრა, რათა იასთვის ესიამოვნებინა. გატაცებით უყვებოდა ქალაქსა და მის ისტორიაზე. იას არ გაჰკვირვებია, ვაკომ ამდენი რამ რომ იცოდა, ის ხომ განათლებული კაცი იყო.
მამაკაცმა ბაგრატის ტაძრისკენ აიღო გეზი, მაგრამ გზად სუპერმარკეტთან შეჩერდა, ია მანქანაში დატოვა და ცოტა ხნის შემდეგ ხელში დიდი ვენტილატორით დაბრუნდა.
- ახლა კი სიგრილე იქნება შენს საძინებელში. - გაიღიმა იამ.
- მაშაყირებ? მართლა ფიქრობ, რომ ჩემთვის ვიყიდე? მაშინ უკეთესს გეტყვი. დამიჯერე, სასტუმრო ოთახში ბევრად სიგრილეა, იქ გამოძინება მაინც შეიძლება. ამიტომ ესეც დავიდგათ და ვიძინოთ და ვიძინოთ. თანაც, იმაზე ბევრად ძლიერია, რომელიც გვაქვს, სამი სიჩქარე აქვს.
მის სიტყვებზე იას გააჟრჟოლა. ვაკოს გვერდით თუკი იქნება, რა დააძინებს? მთელი ღამე ალბათ მისი სუნთქვის მოსმენაში გაათენებს. დრო უქმად რომ არ დაკარგოს, მის ყველა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას დაითვლის და რეკორდს დაამყარებს. აბა, განა მოიძებნება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც სხვა ადამიანის სუნთქვა დაუთვლია?
ამის გაფიქრებაზე შუბლი გაეხსნა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. ვაკოს არ გამოჰპარვია მისი გაღიმება, მაგრამ მიზეზი არ უკითხავს. ისედაც გასაგები იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებულიც კი იყო, რომ იამ თავისი თავი და ვაკო ღამით სასტუმრო ოთახში ერთმანეთის ახლოს მწოლიარე წარმოიდგინა. თვითონაც ხომ მხოლოდ ამაზე ფიქრობდა, თუმცა სულაც არ ეღიმებოდა. გაღიმება კი არა, ცეცხლი ეკიდა სულში. აუხდენელი ოცნების ახდენის შანსი ეძლეოდა და უკან იხევდა. ხვდებოდა, რომ ია უარზე არ იქნებოდა, მაგრამ ვერა და ვერ გადაახტა მორალს - ძმაკაცის ცოლთან დაწოლა არაკაცობად მიაჩნდა. არადა, ია, წესით, მისი უნდა ყოფილიყო. რომ არა საკუთარი გაუბედაობა, რომ არა იას სოციალური მდგომარეობა, ვინ იცის, იქნებ დღეს სულ სხვანაირად ყოფილიყო აწყობილი მისი ცხოვრება.
- ისე, მიკვირს, კაცი პოლიციის უფროსი ხარ და სახლში კონდიციონერი რომ არ გაქვს…
ვაკომ გულიანად გაუცინა.
- შენ ფიქრობ, რომ კონდიციონერის საყიდელი ფული არ მაქვს?
ია დაიბნა. არც მის უადგილო გაცინებას ელოდა და არც ასეთ შეკითხვას, ამიტომ ნირწამხდარმა პასუხისგან თავი შეიკავა.
- უბრალოდ, არ მიყვარს კონდიციონერი. სამსახურში იცი, რამდენჯერ გამაცივა? მე კიდევ, ერთხელ თუ გავცივდი, მერე მთელი თვე სურდოთი დავდივარ. მიტყდება. როგორია, ამხელა კაცი წარამარა რომ აცემინებ, ახველებ და ცხვირს იხოცავ? ამიტომ კაბინეტში გამოვრთე და მისი ჩართვა ავკრძალე. მირჩევნია, ოფლი წურწურით ჩამომდიოდეს, ვიდრე კონდიციონერს შევუშვირო შუბლი… მაგრამ შემიძლია ვიყიდო, თუ…
- რას ამბობ! ეს ისე ვთქვი, მე სულაც არ მჭირდება არაფერში. ზაფხული ძალიან მიყვარს თავისი სიცხითაც და მცხუნვარებითაც. სიცივეს ყველაფერი მირჩევნია.
კვლავ დადუმდნენ. კარგა ხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. წუხანდელმა კოცნამ მეგობრულ ურთიერთობაში ბზარი შეიტანა. თითქოს ყველაფერი შეიცვალა. ჯერ ერთი, რომ ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. მეორეც, არ იცოდნენ, რაზე ელაპარაკათ. ორივე მათგანი გულში წინასწარ იმტვრევდა თავს, რა თემაზე წამოეწყო საუბარი, რომ დუმილი მტანჯველი არ გამხდარიყო.
როგორც იქნა, ბაგრატის ტაძართან მივიდნენ. ია გააოგნა იქაურობამ. რესტავრაციის შემდეგ ტაძარი ჩინებულად გამოიყურებოდა. ია ვერ ერკვეოდა, რამდენად კარგად თუ ცუდად იყო რესტავრირებული ისტორიული ძეგლი, მაგრამ რასაც ხედავდა, მოსწონდა. დიდებული შესახედავი იყო მთლიანობაში თავისი შაბიამნისფერი გუმბათით.
- ღამით შიდა განათებებს რთავენ და აქაურობა ამიტომაც ულამაზესია, - თქვა ვაკომ, - მერე დღისითაც წამოვიდეთ, კარგი? დღის სინათლეზე სულ სხვა ხიბლი აქვს ამ მიდამოს.
დამუნჯებულმა იამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ნანახმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენჯერმე შემოუარა ტაძარს და ისე უსვამდა ხელს კედლებს, თითქოს რაღაც ძვირფასსა და სათუთს ეფერებაო.
- კვირას გელათში წაგიყვან, მერე კი მოწამეთაში. რა თქმა უნდა, თუ თბილისში არ გამექცევი, - ხუმრობით შენიშნა ვაკომ უკანა გზაზე, როგორც კი წყალტუბოსკენ გადაუხვიეს.
- თუ გასაქცევად არ გამიხდი საქმეს, არ გავიქცევი, - ხმადაბლა წარმოთქვა იამ და გაწითლდა.
მამაკაცი ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ქალმა - ამით თანხმობას აცხადებდა თუ აპროტესტებდა მის გრძნობებს.
- თუ შენებურად გააგრძელებ სამზარეულოში ტრიალს, მე თვითონ გაგიყენებ თბილისის გზას, - საჩვენებელი თითის დაქნევით მიუგო ვაკომ, - მე მინდა, რომ დაისვენო, სიმშვიდე მოიპოვო, გალაღდე. გეყო, რაც გადაიტანე. ნუ გეფიქრება, მშიერს არ მოგკლავ, - ეს თქვა და გაიცინა.
- უსაქმურად რა დამსვამს, სტუმარი ხომ არ ვარ? - საყვედური გაისმა იას ხმაში.
- აბა, ვინ ხარ?
იამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. "ვინ ვარ და შენზე შეყვარებული ქალი", - სიმწრით გაივლო გულში, ხმამაღლა კი თქვა:
- თუ მეგობრები ვართ, მეგობრები ვიყოთ. მე მსიამოვნებს, როცა სადილს გიმზადებ. დარწმუნებული ვარ, ყოველ საღამოს მშიერი მოდიხარ შინ.
- სულაც არა. კარგა გემრიელად ვვახშმობ ხოლმე და ისე ვბრუნდები. ჩემი თავის მტერი კი არ ვარ, - მამაკაცი შეეცადა, მხიარულად წარმოეთქვა ეს სიტყვები, - დღეს კი მოვედი მშიერი, მაგრამ ვიფიქრე, ერთად გავალთ სადმე და ვივახშმებთ-მეთქი, შენ კიდევ დამხვდი გახვითქული და ლამის ხელში ჩამაკვდი.
- არაფერიც. უბრალოდ, ცოტა თავბრუ დამეხვა, ეს იყო და ეს.
- ცოტა არა? ჰმ, - უკმაყოფილოდ გადააქნია ვაკომ თავი და ქალს ირიბად გამოხედა.
იამ თავი მიიბრუნა, რომ მის მზერას არ შეჰფეთებოდა.
- გგონია, მე არ მიხარია, როცა მოვდივარ და ჩემს ფანჯრებში სინათლე მხვდება? ბოლოს როდის იყო ასე, არ მახსოვს, - მამაკაცს ხმა შეეცვალა, - მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ შენ არ მინდა ზედმეტად დაიტვირთო.
- ესე იგი, შენს ფანჯარაში სინათლე ჩემი ბრალია? - გაღიმებულმა იამ თავი მაღლა ასწია და თვალები მილულა, - თუ მაგის მეტი არაფერი მომეთხოვება, რა ჯობია. ამაზე ადვილი საკეთებელი არაფერია. ჩხაკ-ჩხუკ და მორჩა. მთავარია, ნათურა არ გადაიწვას. - გაიხუმრა.
- ნათურა რომც გადაიწვას, შენ გაანათებ და… არა მარტო ფანჯრებს… ადამიანის გულსაც, -როგორც იქნა, სათქმელი ამოთქვა.
- გულის გასანათებელი ნათურაც შეიძლება გადაიწვას? - ორაზროვანი კითხვა დასვა და მთელი საღამოს განმავლობაში პირველად, თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს.
- არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, - მხრები აიწურა ვაკომ და სიჩქარეს მოუმატა.
- იცი? დღეს შენი მეზობელი გავიცანი, - ია მიხვდა, რომ ეს საუბარი საშიშ ხასიათს იღებდა და სალაპარაკო თემა სასწრაფოდ შეცვალა.
- მეზობელი? რომელი?
- ნინო, ქალბატონი ნინო.
- ააა, მართლა? კარგი ქალია, სხვათა შორის, მაგრამ ლაქლაქი უყვარს. ისეთი ცნობისმოყვარეა, თუ გამომიჭირა, მტრისას, გასაქანს არ მაძლევს. ისე, დიდი ნიჭი აქვს. საკმარისია, ორი წუთი გელაპარაკოს და მთელ შენს ცხოვრებაზე მოგაყოლებს, ისეთ საიდუმლოებებს დაგცინცლავს, რომ აზრზეც ვერ მოხვალ.
- მე საიდუმლოებები არ მაქვს. ასე რომ, არაფერი მემუქრება. შენ კი, როგორც ჩანს, ძალიან უყვარხარ, ისე თბილად გახსენა… წუხს, რომ გარეთ გიწევს ჭამა.
- იმაზე არ დაიწყო წუწუნი, ცოლი რომ არ მომყავს?
იას გაეცინა.
- არა, მაგრამ ქალების ნაკლებობას განიცდის ეს სახლიო, ეს კი ახსენა.
- კიდევ რა მოგიყვა ჩემზე? - ვაკომ მხიარული სახით გამოხედა.
ამასობაში სახლს მიუახლოვდნენ. ვაკომ მანქანა გააჩერა, გადავიდა, საბარგული გააღო და ვენტილატორი გადმოიტანა.
- მარის შესახებ მელაპარაკა. - იამ მანქანის კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო.
- რაო, მერე?
- რა ვიცი. მის ქმარზე თქვა, სვანეთში გადავიდა სამუშაოდ და ცოლი არ გაჰყვაო. ამის გამო ერთმანეთს დაშორდნენო… ვაკოსთან მოდის ხოლმე სახლში, აქ სხვა ქალი არასდროს მინახავსო…
ვაკოს შუბლი მოეღუშა.
- შენ კი შენებური დასკვნები გამოიტანე ამ ამბიდან, არა? ოხ, რა ხართ ეს ქალები! იცი რა? ნინო ცუდი ქალი არ არის, მაგრამ თუ არ გინდა, რომ მთელმა ქალაქმა შენზე იჭორაოს, ცოტა შორს დაიჭირე მისგან თავი, ფრთხილად იყავი. შევთანხმდით?
იამ უპასუხოდ დატოვა მისი შეკითხვა, არც თვალებით გამოუხატავს თანხმობა და არც თავის დაქნევით. ისედაც არ აპირებდა ნინოსთან დაქალობანას თამაშს.
ვაკო იას გვერდით დადგა, მასსავით მიეყრდნო კარს და ცოტა ხნის შემდეგ ჩაფიქრებულმა იკითხა:
- კიდევ რა გითხრა, რით გაგახარა?
- მეტი არც არაფერი, თუმცა, რაც მითხრა, საკმარისი არ იყო? - ქალმა არ დაინდო ქმრის მეგობარი. აინტერესებდა, ამ სიტყვებზე მამაკაცს რა რეაქცია ექნებოდა.
- რისთვის იყო საკმარისი? - ვაკო შებრუნდა და მიაშტერდა. იამ თვალები დახარა. მამაკაცმა ნიკაპი აუწია და აიძულა, ქალს მისთვის თვალებში ჩაეხედა.
იამ მის შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა.
- ასე მითხრა, ქალები ვაკოზე გიჟდებიანო, - მისდა უნებურად, ჩურჩულით გამოუვიდა ნათქვამი და თვალები კვლავ დახარა.
ვაკომ უფრო მაღლა აუწია ნიკაპი და ისე მიუახლოვდა, ოდნავ შეეხო მის მკერდს, რომელიც ალბათ სიამოვნებისგან იყვირებდა, ყვირილი რომ შესძლებოდა.
- შემომხედე! თვალებში შემომხედე!.. აი, ასე! და ახლა კარგად მომისმინე! - ვაკომ ღრმად ამოიხვნეშა და სიბრაზეშეკავებული ხმით თქვა:
- მე მარის არ ვხვდები!
- ეს ჩემი საქმე არ არის, - იამ მშვიდად მოიშორა მისი ხელი, მერე კი ჩქარ-ჩქარა მიაყარა, -თუმცა, რატომ არ უნდა შეხვდე, თუკი ქმარმა მიატოვა და სხვაგან ცხოვრობს?
იმავე წუთს მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა, რადგან თავს ვერაფერს უხერხებდა. მისი სიმშვიდე სადღაც გაქრა და კვლავ მღელვარებამ შეიპყრო.
- არ ვიცი, ნინომ რა საიდან იცის, ან ჩემი ქალების ამბავი ვისგან გაიგო, მაგრამ რაღაც პონტში მართალია. კი, ვხვდებოდი ქალებს, არა ერთსა და ორს, მაგრამ მათგან გათხოვილი არც ერთი არ ყოფილა. შენ თუ გინდა, რომ ჭორიკანა ქალის უფრო გჯეროდეს, ვიდრე ჩემი, კი ბატონო, ნება შენია.
მისმა განაწყენებულმა ტონმა ია უფრო დაძაბა. ძალიანაც კი უნდოდა, ვაკოსთვის დაჯერებინა, უნდოდა, რომ მასსა და მარის შორის მართლაც არაფერი ყოფილიყო, მაგრამ გული სრულიად საპირისპიროს ეუბნებოდა.
ვაკო ცივად გატრიალდა, კარი გააღო და ეზოში შევიდა. ია ფეხათრევით მიჰყვა უკან.
სახლში ბევრად უფრო ცხელოდა, ვიდრე გარეთ.
- ასეთი ივნისი არ მახსოვს, როგორ უცებ დაცხა. გინდა, ვერანდაზე გავიდეთ?
- კარგი იქნებოდა…
- მიდი, შენ გადი, მე კი ვენტილატორს ჩავრთავ, ოთახს გაგიგრილებ და შემოგიერთდები.
იას სულაც არ უნდოდა სიგრილეში ყოფნა. მასთან უნდოდა, თუნდაც აუტანელ სიცხეში. ცოტა ხნის წინ აკი თვითონვე შესთავაზა, სასტუმრო ოთახში ერთად დავიძინოთო, ახლა კი უცებ გადაიფიქრა. რა ეწყინა? რაც მეზობლისგან გაიგო? მერე რა? თვითონ ხომ არ მოუგონია? არა, არ მოუგონია, მაგრამ დაიჯერა. აი, რა ეწყინა.
ოჰ, რა სიამოვნებით დაწვებოდა მის სიახლოვეს… ნეტავ ერთხელ კიდევ შესთავაზოს… როგორ მოსწონს მისი ყურება, მისი სიარული, მისი ღიმილი და… ძლიერი, ალერსიანი ხელები…
თავს ძლივს მოერია, რომ სინანულის ცრემლები არ წამოსცვენოდა. როგორ დასაჯა განგებამ. აბა, ვილი რა მისი შესაფერისი იყო? მატყუარა, ფლიდი. თურმე როგორ უმწარებდა ცხოვრებას და შტერივით ვერაფერს ხვდებოდა. ნეტავ რაში სჭირდებოდა ია, თუკი სხვა უყვარდა? ეთქვა და დროზე გაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ასე ხომ არ გაუჭირდებოდა მისი სიკვდილის გადატანა? ლამის თან მიჰყვა, ისე ცუდად იყო თვეების განმავლობაში. კიდევ კარგი, ის წერილები აღმოაჩინა, ამან მისი დაღუპვით გამოწვეული ტკივილი ერთგვარად გაანეიტრალა, თუმცა სხვა სატკივარი კი გაუჩინა. არა უშავს, როგორმე ამასაც გადაიტანს. თუკი ვაკოსთან მისი ურთიერთობა ისე აეწყო, როგორც მას სურს, ყველაფერს დაალაგებს. მთავარია, ამან გადაწყვიტოს. ესმის იას მისი, კაცისთვის ძნელია ამისთანა რთული ნაბიჯის გადადგმა. ბოლოს და ბოლოს, განუყრელი მეგობრები იყვნენ. იყვნენ კი? რაღა განუყრელი, რაც ია ვილის ცოლი გახდა, ვაკო ორჯერ თუ ყოფილა მათთან. შეგნებულად არ მოდიოდა, რომ თავისი გრძნობები არ გაეთქვა. იცოდა ეს იამ. სამაგიეროდ, ახლა აქვს შანსი, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს სიტუაცია. თავის და იას სასარგებლოდაც. იას სულ ფეხებზე ჰკიდია, რას იტყვის ხალხი. განა ვინმემ გაკიცხა, ვილის რომ საყვარელი ჰყავდა? განა არ იცოდნენ? იას გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა, მას კი თვალში ნაცარს აყრიდნენ, ვითომ არაფერი. ჰოდა, ახლა უყარონ კაკალი! იას ახლა სხვა უყვარს და ვინც უყვარს, მისი იქნება. არა აქვს მნიშვნელობა, ის მისი ქმრის მეგობარია თუ მტერი. ეს არ ჩაეთვლება ღალატად. თუ ღალატზე მიდგება საქმე, პირიქითაა ყველაფერი - ვილიმ უღალატა მას და არა იამ ვილის.
ვაკომ ვენტილატორი ჩართო, სიჩქარეები გადართო და კმაყოფილი დარჩა, მშვენივრად აგრილებდა. პარალელურად იას ნათქვამზე ფიქრობდა. გემრიელად კი შეაგინა მეზობელს გუნებაში თავისი გრძელი ენის გამო. როგორმე უნდა გამოეკეთებინა ახლა ხასიათი, რომ ია გაემხიარულებინა. სულაც არ უფიქრია, რომ მისი სიტყვები იას გაანაწყენებდა. არადა, მაგრად გაბრაზდა. ვინ იცის, ია როგორ გაიგებს მისი გაბრაზების მიზეზს. არ იფიქროს, რომ მყუდროებას ურღვევს. ნუთუ მართლა ჰგონია, რომ მისი აქ ყოფნა მარისთან ურთიერთობაში ხელს უშლის? რა სისულელეა, მარისთან მას მართლა არაფერი აკავშირებს, ღმერთია მოწმე! მთავარია, ამის გამო თბილისში არ მოიწადინოს გაქცევა.
წუხანდელი კოცნა გაახსენდა. რამდენი ქალი ჰყოლია, რამდენისთვის უკოცნია, მაგრამ თავი ასე ბედნიერად არასდროს უგრძნია. არადა, უნდა დაივიწყოს ია, უნდა დაივიწყოს! იგი ხომ მისი ძმაკაცის ქვრივია… რა მოხდა, თუკი აკოცა… ქალების მეტი რა არის, დაილია თუ რა?
მორჩა, ასეთი რამ აღარ განმეორდება, მიუხედავად იმისა, რომ სურვილით იწვის. გაუვლის, დრო გავა და გაუვლის, დრო ხომ ყველაფრის მკურნალია, - განაგრძობდა ფიქრს ვაკო.
საქმეს მორჩა თუ არა, პირსახოცს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა წყლის გადასავლებად…
როცა ვაკო ვერანდაზე გამოვიდა და იას შეხედა, თვალი ვეღარ მოსწყვიტა. ქალი სავარძელში იჯდა, თითებს სახელურზე ათამაშებდა და მთვარის შუქი ისე ნაზად უნათებდა სახეს, რომ ჰაეროვან ოცნებას ჰგავდა, ოცნებას კი არა, მიუწვდომელ, შორეულ ვარსკვლავს.
- ია, არ გინდა წყლის გადავლება? ძილის დროა უკვე, - თავადაც გაუკვირდა, ისე უხეშად გამოუვიდა.
ია შეკრთა, წამოდგა და უსიტყვოდ გაეშურა ოთახისკენ.
მამაკაცი შეწუხდა - გრძნობდა, რომ მათ შორის კედელი აღიმართა და ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთმა კოცნამ ქნა. უნდოდა, რაღაც ეთქვა, ხმა დაედევნებინა მიმავლისთვის, მაგრამ გადაიფიქრა. ერთი ღრმად ამოიოხრა, მუშტები შეკრა, საკუთარ თავს კარგა გვარიანად შეუკურთხა გუნებაში და სასტუმრო ოთახში გავიდა. ერთხანს ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, ბაღს გადახედა და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოეწონებოდა იას გაგრილებული ოთახი.
მოულოდნელად კარი გაიღო და ია გამოჩნდა. მის დანახვაზე მამაკაცს ენა ჩაუვარდა. იას სიფრიფანა ხალათი მოეცვა, ერთ ხელში უზარმაზარი ბალიში ეჭირა, მეორეში -ვენტილატორი.
მამაკაცმა უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა. ამწუთას ერთადერთი სურვილი ჰქონდა -მივარდნოდა, ხელში აეტაცა და მკერდში ჩაეკრა. ქალს ვენტილატორი გამოართვა და შეაერთა. მეორე სიჩქარეზე დააყენა და ჩართო.
ამასობაში იამ ბალიშის უკან დამალული ზეწარი დივანზე დააფინა და ჩამოჯდა. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. ვაკო მიხვდა, რომ ქალი აქ აპირებდა დაწოლას და ძილს. არ შეწინააღმდეგებია. უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, რათა ქალს გაეხადა და დაწოლილიყო.
როცა ოთახში შემობრუნდა, ია უკვე იწვა და ზეწარი ნიკაპამდე ეფარა. ვაკომ იატაკზე დააგო ლეიბი, ზემოდან პლედი გადააფარა და თვითონაც დაწვა.
- ია, ხვალისთვის რა გეგმები გაქვს? - მხოლოდ იმისთვის იკითხა, რომ ამაზრზენი სიჩუმე დაერღვია.
- აბა, რა ვიცი, რა გეგმები უნდა მქონდეს? ცოტას თუ გავისეირნებ, თორემ სხვა არაფერი.
- ხვალ შაბათია, მე ვმუშაობ, ზეგ კი სახლში ვიქნები და გელათში გავიდეთ.
- სიამოვნებით. საღამოს კი, რომ მოხვალ, ვახშამს დაგახვედრებ და კიდევ… - ქალი გაჩუმდა.
- კიდევ რას? - ჩაეკითხა ვაკო.
- სინათლეს შენს ფანჯარაში. - ამ სიტყვებით ხელი საჟურნალე მაგიდაზე დადგმული სანათურისკენ გაიწვდინა და გამორთო.
- ძილი ნებისა, ვაკო.
- ძილი ნებისა, - ჩაიდუდღუნა მამაკაცმა და თვალები სიბნელეს გაუშტერა.
მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, მამაკაცი მის სიახლოვეს გრძნობდა. საკმარისია, ხელი გავიწვდინო, რომ შევეხებიო, - ფიქრობდა თავისთვის. ერთი სული ჰქონდა, ასეც მოქცეულიყო, მაგრამ საკუთარ სურვილს ბოლომდე გაუძალიანდა და თავი შეიკავა. ჩუმი ამოკვნესით გადაბრუნდა მარცხენა გვერდზე და თვალები დახუჭა, თუმცა სულაც არ ეძინებოდა.
არა, არ უნდოდა, რომ მის გვერდით ყოფნას მისჩვეოდა. არც ის უნდოდა, ქალს მისთვის ვახშამი და სადილი დაეხვედრებინა. არ უნდოდა მისჩვეოდა იმას, რაც იასთან იყო დაკავშირებული. მერე? მერე რა უნდა ექნა, როცა ის წავიდოდა? კვლავ სიცარიელეში მოუწევდა ყოფნა, კვლავ სხვა ქალების ძებნა და სახლიდან სამსახურში სირბილი… წინ ისევ მარტო გატარებული ზაფხულის ღამეები ელოდა…
ია იწვა და ელოდა, ვაკოს როდის ჩაეძინებოდა, მისი თანაბარი სუნთქვის ხმას როდის გაიგონებდა… ამაღამ მისი სუნთქვა უნდა დაეთვალა…
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>