შაბათმა ემოციების გარეშე, მშვიდად ჩაიარა. ვაკო სამსახურში წავიდა, იამ სახლი მიალაგა, შემდეგ წიგნს ჩაუჯდა, კარგა ხანს იკითხა, ბოლოს წაუძინა კიდევაც. როცა გამოეღვიძა, უკვე მოსაღამოებულიყო. სწრაფად გაამზადა ვახშამი, წიწილა შებრაწა, სალათა დაჭრა, საზამთრო ჩააცივა და ვაკოს მოსვლას დაელოდა.
მამაკაცი დაღლილი დაბრუნდა. ხმის ამოღების თავიც კი არ ჰქონდა. ერთად ივახშმეს, ცოტა ხნით ტელევიზორს მიუსხდნენ, მერე დაწვნენ და ორივეს მალევე ჩაეძინა.
დილით იამ დაასწრო ადგომა. სწრაფად შევარდა სააბაზანოში, იბანავა, მერე სწრაფადვე ჩაიცვა, რომ ვაკო არ შეეფერხებინა და გამოვიდა. დილის პროცედურებმა საკმარისი დრო წაიღო, ამიტომ სახელდახელოდ ისაუზმეს და გზას გაუდგნენ.
ვაკომ რამდენიმე წუთით მაღაზიასთან შეაჩერა მანქანა და სიგარეტის საყიდლად გადავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მობრუნდა, თავი ფანჯარაში შეყო და იას უთხრა:
- თუ გინდა, შენც გადმოდი, აქ კარგი რამეები იყიდება.
იამ მანამდეც შეამჩნია ვიტრინაში ძალიან ლამაზი, ჭრელი კერამიკული ლარნაკი და გაიფიქრა, ვაკოს სამზარეულოს მოუხდებაო. ამიტომ უყოყმანოდ გადავიდა, ლარნაკი იყიდა და საჩუქრით ხელდამშვენებული ჯიხურს მიუახლოვდა, სადაც მამაკაცი სიგარეტის გამყიდველს ესაუბრებოდა.
- აი, ნახე, რა გიყიდე?
ვაკო უხერხულად შეიშმუშნა.
- მე მიყიდე? რატომ… რატომ დაიხარჯე? არ მინდა, ჩემი გულისთვის შეწუხდე. მეორედ არ ქნა ეგ, გესმის?
- სულაც არ შევწუხებულვარ, ისე მომეწონა, რომ გვერდი ვერ ავუარე. ისედაც, მინდოდა შენთვის რამე მადლობის ნიშნად მეჩუქებინა.
- მადლობის ნიშნად… - ჩაიდუდუნა მამაკაცმა, - სამადლობელი რა გავაკეთე, რო? - ამ სიტყვებით ლარნაკს ქაღალდი შემოაცალა და დიდხანს ათვალიერა.
- დიდი მადლობა. მართლაც ძალიან ლამაზია. ეს საყვავილე ყოველთვის შენს თავს მომაგონებს.
იას გაუხარდა, რომ საჩუქრით მამაკაცს ასიამოვნა და შვებით ამოისუნთქა.
მოულოდნელად ქუჩის მოპირდაპირე მხარეს წიგნების მაღაზია შეამჩნია.
- ერთი წუთით შევალ, კარგი? იქნებ რამე საინტერესოს წავაწყდე. თბილისში წიგნების ბევრი მაღაზიაა, მაგრამ ხანდახან ხეირიანს ვერაფერს იპოვი, თუ ფესტივალი არ იმართება. კარგი ახალი წიგნი რომ გამოვა, ეგრევე დაიტაცებენ ხოლმე.
- გადადი, რა პრობლემაა, მე მანქანაში დაგელოდები.
ათიოდე წუთის შემდეგ ქალი დაბრუნდა, ხელში კოელიოს "ალქიმიკოსი" ეჭირა.
- ვერ წარმომედგინა, აქ კოელიოს თუ ვნახავდი.
- კოელიოს?
- ჰო, არ წაგიკითხავს? არაჩვეულებრივი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი.
- ეგ არ ვიცოდი, მაგრამ კოელიო კი გამიგია, თუმცა არაფერი წამიკითხავს. ისე, თბილისში დავიჯერო, არ იქნებოდა?
- როგორ არა, მაგრამ ეს ძველი გამოცემაა, თანაც რუსულად. რუსული თარგმანი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქართული.
- სხვათა შორის, ქართველებმაც ისწავლეს თარგმნა. რამდენიმე კარგად თარგმნილი წიგნი წავიკითხე შარშან, ძველ თარგმანებს ბევრად სჯობია.
- პატარა რომ ვიყავი, მამა "რობინზონ კრუზოს" და "გულივერს" მიკითხავდა, დედა კი - ლექსებს. შენ რა შინაარსის წიგნები გიყვარდა?
- რა ვიცი, წიგნებს თითქმის არ ვკითხულობდი. არც სახლში გვქონია ბიბლიოთეკა. წარმომიდგენია, ბავშვობაში წიგნი ხელში რომ ამეღო, მამა რა დღეს დამაყრიდა. მეტყოდა, მაგ სისულელეს გირჩევნია, რაიმე ხელობა ისწავლოო, - ვაკოს ხმაში სიმწარემ გაიჟღერა.
- რას ამბობ, წიგნის გარეშე რა გამაძლებინებს. როგორც კი თავისუფალ დროს მოვიგდებ, ეგრევე კითხვას ვიწყებ. კაბინეტში, მაგიდაზე, ორი-სამი წიგნი სულ მიდევს, რომ თავისუფალ დროს შიგ ჩავიხედო. - თქვა იამ, - იცი, რა სამყაროს გადაგიშლის? ამასთან, მარტოობის უებარი წამალია, არაჩვეულებრივი საშუალება. როცა კითხულობ, მარტო არასდროს არ ხარ. შენც იმ გმირების გვერდით ხარ, მათთან ერთად ცხოვრობ და განიცდი ყველაფერს, სხვა სამყაროში გადადიხარ.
მამაკაცმა დაჟინებით შეხედა.
- მე სამყარო სხვა გზით დავინახე. როგორც ჩანს, მე და შენ ერთმანეთისგან ამითაც ძალიან განვსხვავდებით. თუმცა, ხანდახან მეც ვკითხულობ, მაგრამ ძალიან იშვიათად, ამისთვის დრო არ მრჩება. სამსახურიდან ისეთი გასავათებული ვბრუნდები, მკვდარივით მეძინება ხოლმე.
იას პასუხი არ გაუცია. ვაკოც ჩუმად იყო და ასე, დამდურებულებივით მიაღწიეს გელათამდე.
იქ კარგა ხანს დაყვეს. ია ისე იყო შთაბეჭდილებებით გარინდული, რომ ხმას ვერ იღებდა. სიჩუმე ვაკომ დაარღვია:
- ია, თუ არ დაღლილხარ, მინდა ერთი ადგილი გიჩვენო, - მოულოდნელად შესთავაზა მამაკაცმა.
- არა, არ დავღლილვარ. უბრალოდ, მომნუსხა აქაურობამ.
- მაშინ წავიდეთ.
ვაკოს ისეთი ხმა ჰქონდა, ქალი მიხვდა, რომ ის ადგილი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.
დაახლოებით ერთი საათის მგზავრობის შემდეგ ვაკომ გზიდან გადაუხვია და გაჩერდა. იამ მიმოიხედა. ირგვლივ საოცარი პეიზაჟი გადაიშალა, რომელიც საგრძნობლად განსხვავდებოდა იმერეთის ნაზი ბუნებისგან. უზარმაზარი მოწითალო კლდეები თითქოს ცად აზიდულიყო.
იას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ვაკომ მის ფეხებს შეხედა და თქვა:
- ჩემი ბრალია, უნდა მეთქვა, რომ დაბლები ჩაგეცვა.
- შენი კი არა, ჩემი ბრალია, ვერ გავითვალისწინე. რას ვფიქრობდი ნეტავ? რა, რესტორანში მივდიოდი თუ ბალ-მასკარადზე? - გაიცინა იამ.
- ფრთხილად იარე და წინ იყურე.
- კარგი, - უპასუხა ქალმა, მამაკაცის ხელს დაეყრდნო და მანქანიდან გადმოვიდა.
ორივენი ბილიკს აუყვნენ და კლდეს ზემოდან მოექცნენ. პატარა მოედნიდან ზღაპრული ხედი გადაიშალა. ცა პალიტრას ჰგავდა - ნარინჯისფერი ღია ვარდისფერში, მერე კი მსუყე იისფერში გადადიოდა და ეს ყველაფერი - ლურჯ ფონზე. ცაზე დაკიდებული ცეცხლოვანი ბურთი - მზე ნელ-ნელა ძირს ეშვებოდა. მზის ფონზე მოწითალო ფერის კლდეები თითქოს ელვარებდა.
მსგავსი საოცრება იას არასდროს ენახა.
- ღმერთო ჩემო, ვაკო, რა უჩვეულო სილამაზეა! - აღმოხდა გაოგნებულს.
ისინი გვერდიგვერდ იდგნენ და დასავლეთისკენ იყურებოდნენ.
- არ მინდოდა თბილისში ისე წასულიყავი, რომ ეს ადგილი არ მენახვებინა. აქაური მზის ჩასვლა ნებისმიერ საკურორტო "ჩილ აუტს" სჯობია. რელაქსაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.
- მართლაც გამაოგნებელია, - ჩაიჩურჩულა იამ, - მადლობა. არასდროს დამავიწყდება, -დაამატა და თვალებზე ცრემლი აუკიაფდა.
მამაკაცი გაოცდა. ქალისკენ შებრუნდა, საჩვენებელი თითი ნიკაპი აუწია და შეხედა.
- რა მოგივიდა?
- შენ ისეთ სასიამოვნო მოგონებებს მჩუქნი, გული ამიჩუყდა.
- არა მგონია, სასიამოვნო მოგონებების ნაკლებობას განიცდიდე.
იამ ცრემლები მოიწმინდა.
- შენ რომ ფიქრობ, იმდენი ნამდვილად არ არის.
- მაინც რამდენია? - გაეხუმრა მამაკაცი.
- არც ისე ბევრი.
- ამით რისი თქმა გინდა?
იას ვილის ღალატის შესახებ არასდროს არავისთვის მოეყოლა. არ უნდოდა, ვინმეს შესცოდებოდა, მით უფრო, ვაკოს. ქმრის ღალატმა ისედაც სულელურ მდგომარეობაში ჩააყენა და მას შემდეგ ყველაფერზე ადვილად ღიზიანდებოდა.
- უბრალოდ… - დაიწყო და გაჩუმდა, - მაპატიე… როცა ვინმეს კარგავ, მაშინ ბედნიერი მოგონებების ნაცვლად მხოლოდ სევდიანი ამბები გახსენდება.
- ანუ ტკივილიანი?
- ჰო, რატომღაც… გეჩვენება, რომ ბედნიერი დღეები არც გქონია.
- მაგრამ ასე რატომ? ვილისთან რა, ბედნიერი არ იყავი? მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის აღარ არის, ძალიან დამაკლდა.
იამ თავი ფარისევლად იგრძნო, ღალატის გამო ქმარზე ნაწყენი იყო და აქამდე ბრაზობდა, მაგრამ მაინც ენატრებოდა ხანდახან.
- მეგონა, ვიყავი, მაგრამ რაცა უფრო ხშირად ვიხსენებ მასთან გატარებულ დღეებს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ბედნიერება არ ყოფილა. თურმე მოჩვენებითია ბედნიერებაც და სიყვარულიც. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ერთი ცუდი საქციელი გამოერიოს შენს ას კარგ საქციელში და იმ ერთმა ცუდმა ასი კარგი გადასწონოს.
- მე თქვენი ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. რაც ვიცი, ის კი საპირისპირო აზრის გამოთქმის უფლებას არ მაძლევს, მაპატიე, - ყრუდ ჩაილაპარაკა ვაკომ და წინ გაიხედა, რომ ქალისთვის თვალებში არ შეეხედა.
უყურებდა ია ვაკოს და ფიქრობდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ მისნაირი მამაკაცი მისი ერთგული ყოფილიყო. კაცისას რას გაიგებ! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზეა, მერე დაინახავენ ვიღაცას, ცოლზე მეტად მოეწონებათ და მორჩა, ღალატისკენ გზა ხსნილია. ნეტავ რატომ? რას ვერ აკეთებდა ისე, რომ საღალატოდ გაიხადა საქმე? რა არ გამოსდიოდა? ვითომ არასაკმარისად სექსუალურია?
- რაზე ჩაფიქრდი? - ვაკოს ხმამ ფიქრებისგან გამოარკვია.
იამ თავი გადააქნია. სიმართლის თქმა არ შეეძლო. არ შეეძლო იმის აღიარება, რომ მისი ქმარი უნამუსო კაცი აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ატყუებდა და სხვების დასაცინად ხდიდა. ყველამ ყველაფერი იცოდა, იას გარდა. არც იმ სურვილის გამჟღავნება სურდა, რომელიც ახლა სულს უღრღნიდა - ოცნებობდა, ვაკოს მისთვის კიდევ ერთხელ ეკოცნა. ამწუთას ვილის ამბავი რომ მოეყოლა, შეიძლებოდა ვაკოს სხვანაირად გაეგო - რომ ქალი ყველაფერ ამას მასთან დასაახლოებლად იგონებდა. ამიტომ ენას კბილი დააჭირა და საიდუმლო აღარ გათქვა. ვაკომ ალბათ ისედაც იცოდა ეს ამბავი, უბრალოდ, მას არ ეუბნებოდა.
- ჯობია, დავბრუნდეთ, სანამ არ დაბნელებულა, საგრძნობლად აგრილდა.
- ჰო, აქ მაღალი ადგილია და ამიტომაც გრილა. ღამით კი ისეთი სიცივეა, შეიძლება გაითოშო, - მიუგო მამაკაცმა და ქალს ხელი გაუწოდა, რომ თავდაღმართში ჩასვლა გაეადვილებინა…
შუადღე იყო, ია სადილს ამზადებდა, როცა მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა.
- ია, ვაკო ვარ.
დილას, როცა მამაკაცი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, იამ თავი მოიმძინარა. ჯერაც ვერ შეეჩვია მასთან ერთად ერთ ოთახში დაწოლას. შეეჩვია კი არა, დღითი დღე ეს სიტუაცია უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. საშინელება იყო ვაკოსთან ერთად ერთ ოთახში ღამის გატარება. ქალს ესმოდა, როგორ წრიალებდა იგი მთელი ღამე, შამფურივით ტრიალებდა ლეიბზე და ვერ იძინებდა. თვითონაც მაგ დღეში იყო, მაგრამ გასუსული იწვა, რომ ვაკო არ მიმხვდარიყო, მასაც რომ არ ეძინა. ხმამაღლა სუნთქვისაც კი ეშინოდა.
- ია, ქალაქგარეთ ავარია მოხდა, ავტობუსი გადაბრუნდა და ხევში ჩაიჩეხა. მგზავრები სერიოზულად არიან დაშავებულნი. მარი აქ არის, მთელი ქალაქი ფეხზე დგას, მაგრამ…
- რა მაგრამ, ჩქარა მითხარი!
- რა და… მარი მარტოა, მეორე ექიმს გულის შეტევა დაემართა და ქუთაისში წევს. მარის მარტო ძალიან უჭირს… ვერ აუდის ამდენს… დაგვეხმარები?
- რა სალაპარაკოა, ახლავე წამოვალ. სად მოვიდე, საავადმყოფოში თუ ავარიის ადგილზე? როგორ მოგაგნოთ?
- ავარიის ადგილზე, სანამ ყველა დაზარალებულს ადგილზე არ აღმოუჩენენ დახმარებას, ისე ვერ ვახერხებთ ყველას გადაყვანას. ორმოც ადამიანზე მეტია. თბილისიდან ვერტმფრენი გამოვიძახეთ, მაგრამ მის ჩამოფრენას დრო უნდა. ვერ წარმოიდგენ, აქ რა ხდება.
- სად ხართ, სად მოვიდე? - შეეკითხა ია, ანერვიულებულს გული გამალებით უცემდა.
- შენთან რამდენიმე წუთში მანქანა მოვა და ჩვენებს გამოჰყევი, ისინი წამოგიყვანენ!
- კარგი, ახლავე გავემზადები.
- ია! - მოულოდნელად შეაჩერა მამაკაცმა.
- რა იყო?
- მადლობა.
იას გული სინაზით აევსო. ტელეფონი გათიშა, სასწრაფოდ ამოიცვა ჯინსის შარვალი, ფეხზე ბოტასი ჩაიცვა, ჩანთას ხელი დაავლო და ავტოფარეხისკენ გაქანდა, რომ მოსულებს ქუჩაში დახვედროდა და დრო არ დაეკარგა. მაინც თავისი მანქანით ამჯობინა წასვლა. არ იცოდა, რამდენად შორს უნდა გასულიყო. არც ის იცოდა, რამდენ ხანს მოუწევდა შემთხვევის ადგილზე დარჩენა. ამიტომ აჯობებდა, თავისი ტრანსპორტით ყოფილიყო.
მართლაც, როგორც კი მანქანა გარეთ გამოიყვანა, პატრულის სიგნალის ხმაც გაისმა და მოსახვევში მის წასაყვანად წამოსული ვაკოს კოლეგებიც გამოჩნდნენ…
ავარიის ადგილას საშინელი აურზაური იდგა. დაზარალებულები საკაცეებზე, ზოგი კი პირდაპირ ბალახებში დაეწვინათ. მარი, ექთანები და პოლიციელები დაშავებულებს დასტრიალებდნენ. საშინლად ცხელოდა. იამ ვაკოს წამით მოჰკრა თვალი - იგი ორ მოხუც ქალს თავის მანქანაში სვამდა. მერე მამაკაცი მცირე ხნით თვალთახედვის არიდან დაკარგა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ იგი იას გვერდით გაჩნდა.
- ესენი იოლად გადარჩნენ, მაგრამ შოკში არიან, - უთხრა იას და მოხუც ქალებზე ანიშნა, შუბლიდან ოფლი ხვითქად გადმოსდიოდა, - მე მათ საავადმყოფოში წავიყვან, შენ კი მარის მიეხმარე. სადაცაა, ვერტმფრენიც დაფრინდება. ქუთაისიდანაც მოდის რეანიმობილი. მგონი, გვეშველება…
იამ თავი დაუქნია ვაკოს და მარის საძებნელად გაეშურა. იგი პოლიციის ფურგონთან იპოვა და მისკენ სწრაფად გაემართა.
მარი მიწაზე გაშლილ ბრეზენტზე დაწოლილ ქალს მკერდში ნემსს უკეთებდა. ია მიხვდა, რომ მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, რომელმაც ფილტვი დაუზიანა. ეს ძალიან სერიოზული ტრავმა იყო და შეიძლებოდა, პაციენტი დაღუპულიყო. ია მიუახლოვდა მარის და მის გვერდით ჩაიმუხლა.
- რით დაგეხმარო, მარი?
მიწაზე დაწოლილ ახალგაზრდა ქალს უზარმაზარი თაფლისფერი თვალები და სწორი შავი თმა ჰქონდა, დაახლოებით 22-23 წლის იქნებოდა და საშინლად შეშინებული ჩანდა. სახე ერთიანად ნაკაწრებით დაჰფარვოდა.
- ჩემი ბიჭი, ჩემი გეგუნა… რა ეშველება ჩემს შვილს? - კვნესოდა იგი. გოგონა ძლივს სუნთქავდა.
მარიმ ალერსიანად მოუთათუნა ხელი მხარზე.
- ნუ გეშინია, მაიკო, ყველაფერით კარგად იქნება. შენს გეგუნას კლინიკაში გადავიყვანთ და იქ მოვუვლით. სანამ შენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, იქ გვეყოლება, ნუ დარდობ.
- მაგრამ… მაგრამ ვინ იზრუნებს მასზე? ჯერ კიდევ ძუძუზე მყავს… - მაიკოს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.
- თქვენი მეუღლე სად არის? - შეეკითხა ია და გოგონას სახიდან თმა გადაუწია.
- ვილნიუსშია… მივლინებით… დედასთან ჩავედი სტუმრად და… შინ ვბრუნდებოდი, მინდოდა, ქმარს სახლში დავხვედროდი, როცა ჩამოვიდოდა, ახლა კი… ღმერთო, გეგუნა გადამირჩინე და ჩემი თავი ჯანდაბას! - გოგონა ტკივილისგან დაიჭყანა.
ია მიხვდა, რომ მაიკოს ჭრილობა ძალიან სტკიოდა და ბავშვზე ფიქრი ამ ტკივილს უფრო უმძაფრებდა.
უეცრად ახალგაზრდა დედამ იას ხელში ხელი სტაცა და აღელვებულმა უთხრა:
- ძალიან გთხოვთ, შემპირდით, რომ ჩემს პატარას მიხედავთ. გემუდარებით, გადამირჩინეთ… არ მიატოვოთ…
იამ ხელი მოუჭირა და ალერსიანად მიუგო:
- ნუ გეშინია, ჩემო კარგო. გპირდები, რომ მოვუვლი, მაგრამ შენ უნდა დაწყნარდე. ახლა შენი ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება. გესმის? არაფერზე არ იფიქრო, არაფერზე!
ამ დროს გუგუნის ხმა გაისმა და ვერტმფრენიც დაფრინდა. თეთრხალათიანებმა სწრაფად გადაიყვანეს მაია საკაცეზე და სირბილით მიაშურეს ავიატრანსპორტს.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>