ცხელი ღამე იყო. ია წრიალებდა, სიცხისგან იხრჩობოდა, მაგრამ ზეწრის გადაწევას ვერ ბედავდა, ვაკო ხომ სულ რაღაც ორ მეტრში იწვა. ქალი ჭერს უაზროდ მიშტერებოდა და ბრაზი ახრჩობდა. ქორწინების წინ რატომ ჰპირდებიან კაცები ცოლებს ერთგულებას, თუკი მერე მაინც უღალატებენ? იქნებ ვაკომ სიმართლე თქვა და კაცს ერთი ქალი მართლაც არ აკმაყოფილებს? ნუთუ იღბლიანი ქორწინება მხოლოდ ილუზიაა? იქნებ კაცები ვერ იტანენ ოჯახურ არტახებს და რისკისკენ, ავანტიურისკენ მიილტვიან? ნუთუ ასეთი მიმზიდველია მრავალფეროვნება?
ამ ფიქრებში იყო, როცა გეგამ წამოიტირა. ია მაშინვე წამოხტა, რომ ბავშვი დაეწყნარებინა, სანამ ღნავილს მორთავდა და ვაკოს გააღვიძებდა.
პატარა საწოლიდან ამოიყვანა და მკერდზე მიიხუტა. ჩვილი ატირდა, როგორც ჩანს, მოშივდა ან პამპერსი დაუსველდა და ამან შეაწუხა. გეგამ ტირილს უმატა, აღარ ჩერდებოდა. ამასობაში ვაკოსაც გაეღვიძა, წამოდგა და ნამძინარევმა თვალები მოიფშვნიტა.
- მეგონა, მთელი ღამე მშვიდად იძინებდა, - მოიბოდიშასავით იამ, თან პატარას არწევდა და ეფერებოდა.
- უცხო გარემოშია და შეგუება უჭირს, თან დედაც არ ჰყავს გვერდით. მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, რა გასაკვირი ეგაა, - თქვა ვაკომ და თავი რამდენჯერმე გააქნია.
იას გაეღიმა - კარგი იყო, რომ ვაკო არ ბრაზობდა. მთელი საღამო დაძაბული იყო, კაცს დისკომფორტი შევუქმენიო, მით უფრო ახლა, როცა პატარა ატირდა. ქალმა ჩვილი მაგიდაზე წინასწარ გაშლილ პირსახოცზე დააწვინა და პამპერსი გამოუცვალა, მაგრამ გეგამ ტირილი კი არ შეწყვიტა, პირიქით, მოუმატა.
- რა ვქნათ, ია? მე რით დაგეხმარო? - შეწუხდა მამაკაცი, ადგა და იას მიუახლოვდა.
ია მისკენ შებრუნდა და სუნთქვა შეეკრა. ვაკოს თმა აჩეჩოდა, სახე ოფლით დაცვაროდა და შიშველი მკერდით თითქმის იას მხრებს ეხებოდა.
- ვაკო, თუ… თუ არ შეწუხდები, მაცივრიდან ბოთლი გამოიღე, რომელშიც გეგასთვის გამზადებული საჭმელი ასხია.
- მერე რა ვქნა?
- რამდენიმე წუთით ცხელ წყალს შეუშვირე, რომ გათბეს.
მამაკაცმა ქალის "ბრძანება" "პირნათლად" შეასრულა და როცა ბოთლით ხელში ოთახში შემოვიდა, თვალთ დაუბნელდა - იას ხალათი გადაღეღოდა და შიშველი მკერდი ვნების აღმძვრელად მოუჩანდა. მაშინვე აუჯანყდა სხეული…
ია მისკენ ზურგით შეტრიალდა, ხალათი გაისწორა და გეგა ხელზე გადაიწვინა. მერე ვაკოს ბოთლი ისე გამოართვა, რომ მისთვის არ შეუხედავს, სავარძელში ჩაჯდა და ბიჭუნას მაწოვარა პირში ჩაუდო.
ბავშვი მაშინვე აკრუსუნდა და ჭამა დაიწყო. სანამ ჭამას დაასრულებდა, ერთიანად გაოფლიანდა. როცა ბოთლი დაიცალა, ია წამოდგა და ჩვილი მამაკაცს მიაჩეჩა.
- თუ შეიძლება, ცოტა ხნით დაიკავე, პირსახოცს მოვიტან და შევამშრალებ.
ვაკო შეცბუნდა, პატარა მექანიკურად გამოართვა ქალს და შეშინებული მზერით დააჩერდა.
- რომ არ ვიცი, როგორ დავიკავო?
- გულზე მიიხუტე, მე ახლავე მოვალ, - ია სამზარეულოსკენ გაიქცა და გეგა მამაკაცს შეატოვა.
ქალს შეაგვიანდა. ჯერ პირსახოცი ეძება, შემდეგ თბილ წყალში დაასველა, მაგრად გაწურა და ოთახში მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა. ვაკო დივანზე ჩამომჯდარიყო, ჩვილი მუხლებზე დაესვა და აღფრთოვანებით შესცქეროდა, თან მუხლებს მონოტონურად აქანავებდა, რომ ბავშვი გაერთო და არ ეტირა.
იას სითბო ჩაეღვარა სხეულში, როგორ შეიძლებოდა ასეთი კაცი ცუდი მამა ყოფილიყო? აფსუსი არ იყო, შვილები რომ არ ჰყავდა?
- მგონი, ჩახურებულია ბავშვი, არ შეიძლება, ეს პამპერსი საერთოდ მოვაცილოთ? რამდენ ხანს ხმარობენ ბავშვები პამპერსს?
- გააჩნია. ზოგჯერ სამ წლამდეც კი.
- უფ! წარმომიდგენია, რამდენი პამპერსი იქნება საჭირო ერთი შვილის გასაზრდელად, -სიცილი წასკდა მამაკაცს.
იასაც გაეცინა, პირსახოცი მოიმარჯვა და ბავშვს ოფლი შეუწმინდა. გეგა მაშინვე დამშვიდდა და ღუღუნი დაიწყო.
- ასე კარგია, ჩემო პატარავ? - მიეალერსა ია. ბიჭუნამ, თითქოს მისი შეკითხვა გაიგოო, ხელ-ფეხი ააფართხალა და აჭყლოპინდა.
- ეჰ, ნეტავ ამ სიცხეში ასე მეც მომივლიდეს ვინმე, - გაიხუმრა ვაკომ.
მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მამაკაცმა პირველმა გაიხედა განზე, იას თვალების ცეცხლს ვეღარ უძლებდა. როგორ დაგავდა ეს გამოხედვა, თითქოს სხეულს უშანთავდა.
- მომეცი, დავაწვინო, მისი ძილის დროა.
- მაგის კი არა, ჩემი ძილის დროც არის, მგონი.
- ხვალ ადრე უნდა ადგე? - შეეკითხა ია.
ვაკომ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, გეგას საწოლს მოშორდა, უნებლიეთ ქალის მხარს შეეხო და ჯიქურ შეხედა.
- თუმცა, მე ძილზე მეტად სხვა რამ მინდა, - ხმაჩახრინწულმა ჩაილაპარაკა და იას ხელები შემოაჭდო.
ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისკენ შებრუნდა, მკერდზე ათრთოლებული მიეკრა, კისერზე მკლავები შემოაჭდო და გაირინდა.
"ვფიქრობ, რომ მარტო ერთ ქალთან მთელი ცხოვრება ვერ გავძლებ", - გაახსენდა მოულდნელად ვაკოს სიტყვები. ამის გაფიქრებაზე გველნაკბენივით შეხტა და მამაკაცს მთელი ძალით ხელი ჰკრა.
გაოგნებული ვაკო კედელს მიეჯახა. კარგა ხანს გონზე ვერ მოვიდა, რა მოხდა. მამაკაცი მძიმედ სუნთქავდა.
- ია, მე არაფერს არ ვნანობ, -_ როცა მომხდარი გაიაზრა, ყრუდ, მოგუდული ხმით ამოილაპარაკა.
არც ია ნანობდა არაფერს და მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.
- გინდა, რომ თბილისში დავბრუნდე? - ჩურჩულით ჰკითხა იამ.
- შენ? - შეუბრუნა კითხვა.
- არა, მაგრამ არც ასე შემიძლია…
ვაკო მიუახლოვდა და თვალებში ღრმად ჩახედა:
- ვიცი, რომ არ შეგიძლია. არც მე შემიძლია, მაგრამ უშენობა მომკლავს. გპირდები, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება, სანამ შენ თვითონ არ იქნები თანახმა. თუ მოისურვებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგეხები, კარგი?
ქალი მამაკაცს თვალს არ აშორებდა. როგორ არ უნდოდა ვაკოსთან, სიგიჟემდე უნდოდა, მისი ყოფილიყო, სურვილი როგორ არ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ წუთიერი ურთიერთობა არ სურდა.
- მე საძინებელში გადავალ… - ჩურჩულით თქვა მამაკაცმა.
- იქ ხომ ძალიან ცხელა. - ჩურჩულითვე მიუგო იამ.
- არა უშავს, გავუძლებ. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე…
ვაკო სასტუმრო ოთახიდან გავიდა.
მეორე დღეს პოლიციის შეფი გვიანობამდე შემორჩა სამსახურში და საღამო ხანს კაბინეტში შემოსული კახა ვერც კი შეამჩნია.
- მე წავედი, - მოახსენა კახამ უფროსს.
ვაკომ თავი დაუქნია.
- აბა, ხვალამდე!
ვაკომ ნახვამდისო, ჩაიდუდუნა, მაგრამ საქაღალდიდან თავი არ აუწევია.
კახა კი იდგა და წასვლას არ ჩქარობდა.
- რამე გინდოდა? - შეფმა ქვემოდან ახედა.
- შაბათს რიტა და კარლო გვეპატიჟებიან, რიტას დაბადების დღეა. ხომ წამოხვალ?
- ვნახოთ. იმდენი რამ მოხდა, რომ ამაზე არც მიფიქრია, სიმართლე გითხრა. - ამოიხვნეშა ვაკომ.
- გავიგე, სახლში ჩვილი გყოლიათ და შენი… ქალი უვლისო.
- რა პატარაა ეს დედამიწა, ყველამ ყველაფერი იცის, - სიმწრით ჩაიცინა მამაკაცმა და კეფაზე ხელი გადაისვა, - შენ კი დიპლომატიურობით არასდროს გამოირჩეოდი. რა ლაპარაკია ეს, ა?
- მე რა… მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს, მე… მე…
- კარგი, კარგი, - ხელი აუქნია ვაკომ, - ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ბავშვის დედა უკეთესადაა, მამამისიც გზაშია და ალბათ ხვალ-ზეგ წაიყვანენ.
- ისე, მტირალაა? ღამე დაგაძინა? - ეშმაკურად გაუღიმა კახამ უფროსს.
- არა, მშვიდი ბავშვია. კარგად მეძინა. ეს შენთვის ასე საინტერესოა? - მოჭუტული თვალებით გახედა ვაკომ კაპიტანს და თავი კვლავ ქაღალდებში ჩარგო.
ეს უკანასკნელი კი იდგა და წასვლას არ აპირებდა.
ვაკომ კალამი ხელიდან გააგდო და გაღიზიანებულმა იკითხა:
- კიდევ რა? ვერ დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- რა და… შენ გამოცდილი კაცი ხარ ქალების საკითხში. ქალს რა უფრო გაუხარდება, რომ ვაჩუქო?
ვაკოს არ სიამოვნებდა, როცა ვინმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ეს "შეხსენებები" ქალებთან მის ურთიერთობაზე აცოფებდა, მაგრამ მაინც შეიკავა თავი და იმის გაანალიზებას შეუდგა, სინამდვილეში რა სურდა კახას. მოულოდნელად გონება გაუნათდა - კაპიტანს ხომ მისი თანაშემწე კირა მოსწონდა. აი, თურმე ვისთვის ამზადებდა საჩუქარს. გაეღიმა.
- ჩვეულებრივ, ქალებს შოკოლადსა და ყვავილებს ჩუქნიან, გააჩნია სიტუაციას და გააჩნია, რა ურთიერთობა გაქვს ქალთან. ისე, შენს შემთხვევაში იმას ვაჩუქებდი, რაც მას გაუხარდებოდა. ეს კი, ჩემო ძმაო, წესით, უნდა იცოდე.
- აჰაა, გასაგებია. უკვე მივხვდი, რაც უნდა ვაჩუქო. ჯიგარი ხარ! მადლობა!
სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვაკო ყურმილს დასწვდა და იმავ წამს ხელით ანიშნა კახას, არ წახვიდეო.
მეორე განყოფილებიდან რეკავდნენ.
როცა შეფმა საუბარი დაამთავრა, კახას მიუბრუნდა:
- ამ სკოლის მოსწავლეებმა ხომ გააწყალეს საქმე! მათგან მოსვენება არ არის. პარკში შუშხუნები უსვრიათ და ფარდულს წაჰკიდებია. ჩაქრობა უცდიათ და რამდენიმეს ცეცხლი მოსდებია, მსუბუქი დამწვრობა აქვთო. რუხაძეს მათი დაკავება უნდა, მაგრამ ჯერ საავადმყოფოში მიჰყავს. მე მარის დავურეკავ, შენ კი რუხაძესთან გაიქეცი, კარგი? მარტო ვარო.
კახამ უხმოდ დაუქნია თავი უფროსს და კაბინეტიდან გავიდა.
ვაკომ მობილური მოიმარჯვა, მარის დაურეკა, ბიჭების თაობაზე მოუყვა და სთხოვა, კლინიკაში წასულიყო.
- რამდენნი არიან?
- ოთხი თუ ხუთი, ზუსტად არ ვიცი.
- მაგრამ ამდენს როგორ ავუვალ? ბატონი შალვა ჯერაც არ მომჯობინებულა, ისევ ბიულეტენზეა. ია ვერ დამეხმარება? ვიცი, რომ ბავშვს უვლის, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით შენ დაიტოვო პატარა? ვერ შეძლებ? მე მარტო გამიჭირდება.
ვაკოს გაახსენდა, რა იოლად უვლიდა გეგას და უყოყმანოდ მიუგო:
- შევძლებ, რატომაც არა. შენ იას დაურეკე, გაემზადოს. უთხარი, რომ მე უკვე გზაში ვარ.
როცა ვაკო შინ მივიდა, ია ჩაცმული დახვდა, სამზარეულოში იჯდა და გეგას ვაშლის პიურეს აჭმევდა.
- მარიმ დამირეკა, - თქვა ქალმა.
- ვიცი, - ყრუდ მიუგო მამაკაცმა და ბავშვს მიუახლოვდა, - მოდი ჩემთან, ბიჭო-ბიჭო, ახლა მე და შენ მარტონი დავრჩებით და ბევრს ვითამაშებთ. აბა, შენ იცი, როგორ მოიქცევი, არ გამაწვალო, კარგი?
იამ ეჭვნარევი მზერით ახედა.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ გაგიჭირდება?
ვაკომ ბავშვი ხელში აიყვანა და ფანჯარასთან მივიდა:
- დარწმუნებული არაფერში არ ვარ, მაგრამ შენ ნუ გეშინია. რაც მთავარია, ხელიდან არ გამივარდება და არც შეჭმას დავუპირებ, - ოდნავი გაღიზიანება შეეტყო ხმაში.
- ეს არ მიგულისხმია, - ეწყინა ქალს, - უბრალოდ, მიჩვეული რომ არ ხარ, იმიტომ ვნერვიულობ. თუ მოშივდეს, საჭმელი გამზადებული მაცივარში დევს, გამოიღებ, ცხელ წყალს…
- ვიცი უკვე, - ცივად გააწყვეტინა ვაკომ.
იას ნირი წაუხდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ადგა, პატარას თავზე აკოცა და კარისკენ გაემართა.
- თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე. - დაადევნა ვაკომ.
- თუ რამე დაგვჭირდა, მარი დაგირეკავს, - დაგესლა იამ და გავიდა.
ვაკოს პასუხი არ გაუცია.
იამ თვალებს არ დაუჯერა, როცა ღამის ათ საათზე შინ დაბრუნებულს ვაკო წამოწოლილი დახვდა, გეგას კი მის მუცელზე მოეკალათებინა, ხელებს იქნევდა და ხმამაღლა ჭყლოპინებდა.
- როგორც ვხედავთ, მშვენივრად შეწყობიხართ ერთმანეთს და დროს მხიარულად ატარებთ უჩემოდ.
- ვთამაშობდით, მაგრამ შენ დაბრუნებას ორივენი მოუთმენლად ველოდებოდით. ჩვენ ვჭამეთ, ვისეირნეთ, ახლა კი ვისვენებთ, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ და ძილისთვის ვემზადებით.
მამაკაცი ბავშვიანად წამოდგა. იამ თვალი ვერ მოაცილა ამ სურათს, ცხელმა ტალღამ ერთიანად მოიცვა მისი სხეული.
ვაკოს შეუმჩნეველი არ დარჩენია იას მდგომარეობა და დახშული ხმით ამოთქვა:
- დედამ დაგირეკა.
- დედაჩემმა?
- ჰო. და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ჩემთან ცხოვრობდი.
- აბა, სად ვიცხოვრებდი?
- სასტუმროში ეგონე.
ია წამოწითლდა.
- მობილური გამორთული აქვსო და ხომ არ იცი, სად არისო. ისე, გამიკვირდა, ჩემი ნომერი საიდან იცოდა?
- მე დავუტოვე წამოსვლის წინ. თბილისში არ იყო, ბორჯომში ისვენებდა… წერილიც დავუწერე, თუ მე ვერ დამიკავშირდები, ამ ნომერზე დარეკე-მეთქი. ჩემი ტელეფონი კი დამიჯდა წეღან, წასვლის წინ დატენვა ვერ მოვასწარი. - უხერხულობის გასანეიტრალებლად იამ ჩაახველა, - მერე რაო?
- მერე არაფერი, - ვაკომ ბავშვი მხრებზე შეისვა და შეაქანა. გეგა კვლავ აჭყლოპინდა.
- შენ რა უთხარი?
- რას ვეტყოდი? როგორც იყო, ისე ვუთხარი. რომ დაბრუნდება კლინიკიდან, დაგირეკავს-მეთქი.
იამ საათს დახედა.
- მადლობა. შევაერთებ ტელეფონს და დავურეკავ.
- ბიჭები როგორ არიან?
- კარგად. მხოლოდ ერთს ჰქონდა სერიოზული დამწვრობა, მაგრამ ახლა ისიც უკეთ არის. საზარდულის მიდამო დაუზიანდა. კახამ იქ ამბები დაატრიალა, ნუ იტყვი, - გაიცინა ქალმა, - ბიჭებს ისეთი ლექცია წაუკითხა, ქვას გახეთქავდა. ეს გაკვეთილი იქნება მათთვის, დიდხანს დაამახსოვრდებათ.
ვაკომ ბავშვი იღლიებით ასწია, თავს ზემოთ გადმოიტარა და ზურგით მკერდზე მიიწვინა.
იამ დამტენი მოძებნა, მობილური შეაერთა, ცოტა ხანს შეიცადა და მერე დედასთან დარეკა, თან ვაკოს თვალს არ აშორებდა. იგი ისეთი ძლიერი ეჩვენა თავისი ღონიერი ხელებით, რომ წამით წარმოიდგინა…
ვაკომ კვლავ დაიჭირა ქალის მზერა, ის კი სწრაფად შეტრიალდა. დედამ მაშინვე უპასუხა ქალიშვილის ზარს.
- დედა, როგორ ხარ? - მზრუნველი ტონით შეეკითხა.
- კიდევ კარგი, რომ დარეკე. ძალიან ვნერვიულობდი.
- რა განერვიულებდა, კარგი რა? წერილი ხომ დაგიტოვე? ყველაფერი აგიხსენი, მეტი რა მექნა? შენ ბორჯომში იყავი, ვერაფრით ვერ დაგიკავშირდი. არ ვიცი, არ იჭერდა შენი მობილური თუ გამორთული გქონდა…
- გამიფუჭდა ეს ოხერი და იქ ვიღაც ბიჭები დამეხმარნენ შეკეთებაში.
- როგორ დაისვენე? კარგი იყო ბორჯომში?
- კი, კარგი იყო, როგორც ყოველთვის, სიმშვიდეა. შენც რომ ჩამოსულიყავი, არ გაწყენდა, -საყვედური გაურია ქალმა ხმაში, - ერთი ამიხსენი, მაგ კაცის ტელეფონის ნომერი რატომ დამიტოვე?
იამ ცალი თვალით ვაკოს გახედა, ხომ არ მისმენსო, მაგრამ მამაკაცს მისთვის არ ეცალა. გეგა მაგიდაზე დაეწვინა და პამპერსს დიდი გაჭირვებით უცვლიდა. იას სიამოვნებისგან ყურებამდე გაეღიმა, ღრმად ამოისუნთქა და დედას უპასუხა:
- ვაკოსთან ვარჩიე დარჩენა. უფრო სწორად, მან არ დამანება, სასტუმროში გავჩერებულიყავი, ჩემი სირცხვილი იქნებაო და…
მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა.
- დე, გესმის ჩემი?
- მესმის, ყრუ არ ვარ, - მკაცრად გაისმა დედის ხმა, - გასაგებია, რომ ვილის სიკვდილმა დიდი ტკივილი მოგაყენა, - ნაღვლიანად და ხმადაბლა გააგრძელა დედამ, - ვიცი, რომ ძალიან დაიტანჯე, მაგრამ იმპულსური ნაბიჯები ცხოვრებას ვერ შეგიმსუბუქებს, ეს ხომ იცი.
იამ მობილური დამტენიანად სამზარეულოში გაიტანა, იქვე შეაერთა და ზურგს უკან კარი მიიხურა, რომ ვაკოს მისი საუბარი არ გაეგონა.
- დედა! არ მინდა ასეთი შეგონებები, პატარა აღარ ვარ! შენც ხომ იცი, როგორ მიმძიმდა თბილისში ყოფნა. ვაკომ კიდევ ადრევე დამპატიჟა და ჩამოვედი, თან აქეთ პირველად ვარ და ყველაფერს ვათვალიერებ.
- ქუთაისის დათვალიერება თუ გინდოდა, სასტუმროში გაჩერებულიყავი და ტურისტული ბიუროსთვის მიგემართა! - ხმას აუმაღლა ქალმა, - არ უნდა დარჩენილიყავი უცოლო კაცთან, ხალხს საჭორაო მასალას ნუ მისცემ, უცხო კაცს აეტორღიალაო, რომელიც, ვინ იცის…
იამ ვერ მოითმინა და მშობელს სიტყვა გააწყვეტინა:
- ჯერ ერთი, უცხო სულაც არ არის, ვილის საუკეთესო მეგობარია. მეორეც, პოლიციის უფროსია და ხალხში პატივისცემით სარგებლობს. რა გემართება?
- მე რა მემართება? მე კი არა, შენ რა გემართება, გოგო! მაგ კაცზე იმდენს ჭორაობენ, ლამისაა, გული გამისკდეს! სულ ქალებში დარბისო. რას იფიქრებენ შენზე?
- ნეტავ შენ რა იცი, სად დადის? ვინ მოგახარა ეგ ამბავი, ა? ჩემმა დედამთილმა ხომ არა? -გაწიწმატდა ია, - თქვენ ყველანი თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ, მე როგორ ვარ და რა მიჭირს, საერთოდ არ გაინტერესებთ! დამანებეთ ყველამ თავი, მაცალეთ მშვიდად ყოფნა!
მცირე პაუზის შემდეგ დედამ შერბილებული ტონით, მაგრამ მაინც მკაცრად უპასუხა:
- მამას დაელაპარაკე, იქნებ იმან მაინც მოგიყვანოს ჭკუაზე!
იას გული გაუსკდა, ახლა მამაჩემი დამიწყებს ნოტაციების კითხვასო და შესაკამათებლად მოემზადა, მაგრამ შეცდა.
გაგრძელება იქნება
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>