ნოველები

სინათლე შენს ფანჯარაში - თავი 9

სინათლე შენს ფანჯარაში - თავი 9
დასაწყისი
- როგორ ხარ, გოგონი? - მხიარულად გაისმა მამის ხმა, - როგორი ამინდია მანდ?
- კარგად ვარ, მამა. საშინლად ცხელა, მაგრამ სამაგიეროდ, საღამოობით გრილა. შენ როგორ ხარ? - შვება იგრძნო იამ, რახან მამამ საუბარი ასე დაიწყო.
- როგორ ვარ და ბებრულად, როგორ ვიქნები. აქაც ჩამოცხა, ისე… შენ ხომ კარგად გრძნობ თავს? კარგად ჭამ?
- მშვენივრად ვარ, მამა და გაცილებით მეტს ვჭამ, ვიდრე თბილისში.
- ვახტანგთან ცხოვრობ?
- ჰო. ისე კარგად დამხვდა, რომ უარი ვერ ვუთხარი.
აქაურობაც მომატარა, თან მყვება. ახლა პატარა ბავშვსაც ვუვლით.
- ვინ პატარა ბავშვს?
- ერთი პაციენტის შვილია, გრძელი ამბავია, არ მომაყოლო. დედამისი ავარიაში მოყვა და სანამ გამოწერენ, ბავშვი ჩვენთანაა. სულ პაწაწინაა. მამა, იცი, როგორ მომწონს აქ? ისე ძალიან, ისე, რომ… - და ენას კბილი დააჭირა, ზედმეტი არ წამომცდესო.
მამამ ჩაახველა.
- ვახტანგი როგორ იქცევა?
"უპრაინი იქნებოდა, გეკითხა, შენ როგორ იქცევიო", - გაიფიქრა იამ და წამოწითლდა.
- თითქმის ვერ ვხედავ, მთელი დღე სამსახურშია, ღამით კიდევ დაღლილი მოდის.
- კარგი ბიჭია ეგ, ვიცნობ, - შეფიქრიანებული ხმით თქვა მამამ, - როდის აპირებ დაბრუნებას?
- ჯერ არ ვიცი. აქ იმდენი საინტერესო რამაა სანახავი, რომ…
- ჰო, წარმომიდგენია…
- აუ, დედა დაამშვიდე, რა. უთხარი, არ ინერვიულოს, ბავშვი კი არ ვარ.
- კარგი, კარგი, - გულიანად გაიცინა კაცმა, - შევეცდები, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი ხშირად დაურეკავ. ასაკშია ქალი, ხომ იცი… შენ მეტი შვილი ჩვენ არ გვყავს და…
- აუცილებლად დაგირეკავთ, მამა, ახლა უნდა გავიქცე, ბავშვს ჭამის დრო აქვს, კარგად იყავით, - ჩასძახა მობილურში და პასუხს არ დალოდებია, ისე გათიშა.
შემოტრიალდა, რომ ოთახში შებრუნებულიყო და მოულოდნელობისგან გაშეშდა. მის წინ ვაკო იდგა.
- რაო, კიდევ ჭკუას გარიგებენ? - გაიღიმა.
- მამამ, მე მგონი, გამიგო, დედაჩემი კი… იმას განიცდის, მეზობლები აჭორავდებიანო.
მამაკაცი თვალს არ აშორებდა.
- მართალია დედაშენი. სიმართლე გითხრა, მეც კი მიკვირს, ჩემთან დარჩენას რომ დათანხმდი. შენ ყოველთვის ისეთი უკარება იყავი…
- რას ნიშნავს უკარება? - იუკადრისა ქალმა.
ვაკო კარგა ხანს ფიქრობდა, სანამ პასუხს გასცემდა.
- უკარება ნიშნავს, რომ ადამიანი ყოველთვის სწორად იქცევა და არასდროს არაფერი ეშლება.
- აჰაა, ესე იგი, მე ვარ ასეთი, არა?
ვაკო შეიშმუშნა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
- არ ვიცი, უკარება ვარ თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მჭირდება მეგობარი, რომელიც გამიგებს, რაც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რამდენად სწორად ვიქცევი. ეს მეგობარი კი შენ ხარ. როგორც გინდა, ისე გაიგე.
- მე შენთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.
- ცდები. შენ სახლის კარი ფართოდ გამიღე, გულღიად მიმასპინძლე, ჩემ გამო იატაკზე წევხარ და გვერდებს იმტვრევ. ჩემ გამო შენი ცხოვრების წესი შეცვალე, სასეირნოდ დაგყავარ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. რაც ყველაზე მთავარია, წარსულის დავიწყებაში მეხმარები.
- განა რა იყო იმ წარსულში ისეთი, ასე ძალიან რომ გინდა მისი დავიწყება? - მამაკაცის ხმა ძლივს გაისმა.
ვენტილატორი ზუზუნებდა, გეგას ეძინა და თანაბრად სუნთქავდა. ისინი კი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ სამზარეულოს გამოღებულ კართან და თითქოს რაღაცას ელოდნენ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ამდენ ხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. იას გული ბაგაბუგით უცემდა.
- არ გინდა, რომ მიპასუხო… - ჩაილაპარაკა ვაკომ და მწარედ ამოიხვნეშა, - ნუ მიპასუხებ, ალბათ არის რაღაც, რაც ტკივილს გაყენებს… მაგრამ… მაგრამ რა მოხდება, როცა შინ დაბრუნდები? - ვაკო კვლავ დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
- არ ვიცი, - ჩუმად უპასუხა იამ.
ვაკომ ვეღარ მოითმინა, ლოყაზე ხელი ჩამოუსვა, შემდეგ ნიკაპი აუწია და სიყვარულით სავსე მზერა შეავლო მის სახეს.
- მე ალბათ ამქვეყნად ყველაზე მეტად ის მინდა, რომ შენი უახლოესი მეგობარი ვიყო, ია, მაგრამ ძალიან ძნელია ქალისა და კაცის მეგობრობა მაშინ, როცა მათ ერთმანეთის მიმართ უფრო სხვა გრძნობა აქვთ…
- სხვა გრძნობა… - მეოცნებე ხმით გაიმეორა ქალმა.
- ჰო, სხვა… ლტოლვას ვგულისხმობ, განა ასე არ არის? თუ ვცდები?
- მაგრამ ადრე ხომ არ იყო ასე, - ისე წარმოთქვა იამ, თითქოს გაიფიქრაო.
- ვითომ?
მამაკაცს თვალები ჩამუქებოდა და ქალს არ მოეწონა ის, რაც მან იგულისხმა.
- შენ ვილის უახლოესი მეგობარი იყავი და მე არასდროს მიფიქრია, რომ…
- და გგონია, რომ ყველაფერი შენი აქ ჩამოსვლით დაიწყო?
- ჰო!.. არა!.. არ ვიცი, - ია დაიბნა.
ნუთუ დიდი ხანია, ერთმანეთისკენ ილტვიან და იას ამის დაჯერება არ უნდა?
ვაკომ თავი გააქნია.
- მეც სწორედ ეს გავიფიქრე. შენნაირად აღზრილ გოგოს ასეთი ფიქრები არც უნდა გასჩენოდა. თქვენ ყველაფერი სხვაგვარად გესმით. თქვენ არასდროს იქცევით დაუფიქრებლად, არასდროს აჰყვებით გულისთქმას. ნამდვილ უკარებას მხოლოდ ერთი უყვარს და სხვებს ზედაც არ უყურებს. - ვაკოს სიტყვებში იმდენი ტკივილი და სიმწარე გამოსჭვიოდა, რომ იამ ვერ მოითმინა:
- ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცოლქმრული ერთგულებაა და არა სიყვარული.
ამ სიტყვების გაგონებისას მამაკაცს სახე გაუქვავდა და ხელები უღონოდ ჩამოუშვა. კარგა ხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა. ბოლოს მხნეობა მოიკრიფა და ამოღერღა:
- სამწუხაროდ, მე ჯენტლმენი არ ვარ, არაფერი ვიცი ცოლქმრული ერთგულების შესახებ. მე მხოლოდ ვიღებ და არაფერს გავცემ, მივეჩვიე ქალებისგან ღამით სიამოვნების მიღებას და დილით დაშორებას, მერე კი ყველაფრის დავიწყებას… ჩვენ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც თბილისსა და წყალტუბოს შორის.
- არ მესმის, რას ნიშნავს შენი სიტყვები, - ია უკვე ჩურჩულებდა.
- რას ნიშნავს? რას და… წუხელ იმიტომ კი არ გადავედი საძინებელში, რომ კარგი ბიჭი ვარ და ჩემი აზრებიც თოვლივით სპეტაკია.
მამაკაცის თვალებში გაელვებული ვნება ისეთი ცხადი და მომნუსხველი იყო, რომ იამ თავი ძლივს შეიკავა.
სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იას უნებურად წასცდა:
- იქნებ მე არ მინდა, რომ აზრები თოვლივით სპეტაკი გქონდეს…
მისმა ნათქვამმა ვაკოს შუბლი ოფლით დაუცვარა.
- ია, მე მგონი, თვითონაც არ იცი, რა გინდა. მე კი ვიცი. შენ ერთი ღამის ქალი არ ხარ, რომლითაც შეგიძლია წუთიერად გაერთო. შენ არ ხარ ის ქალი, დილით გაღვიძებულს სინდისის ქენჯნა რომ არ აწუხებს. ხომ მართალს ვამბობ?
მამაკაცმა მზვერავივით შემოუარა ქალს, ცდილობდა, არ შეხებოდა და თაროდან გასაღები აიღო.
- ცოტა ხნით გავალ. ვეცდები, არ გაგაღვიძოთ, როცა დავბრუნდები.
უკვე კართან იყო მისული, როცა იამ დაუძახა:
- ვაკო!
მაგრამ მამაკაცმა თავი გადააქნია.
- მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ხომ გინდა, რომ შენი მეგობარი ვიყო? ჰოდა, ვიქნები. დანარჩენი მხოლოდ გაართულებს ჩვენს ურთიერთობას. - ამ სიტყვებით იგი გავიდა.
ია გრძნობდა, როგორ უწვავდა ცრემლები ღაწვებს. მიხვდა, რომ სიყვარული ისევ სწვეოდა. იმასაც მიხვდა, რომ გონის დაკარგვამდე სწორედ ეს კაცი შეჰყვარებოდა.

ვაკო ბარში შევიდა. იქაურობა თითქმის სავსე იყო, მაგრამ მისთვის ადგილი ბარმენმა მაშინვე გამოძებნა. ვაკომ მიმოიხედა და როცა ნაცნობი ვერავინ დაინახა, გაუხარდა. ახლა მარტო სურდა დარჩენა, სხვებთან საუბრის თავი არ ჰქონდა.
- ბატონო ვახტანგ, რას ინებებთ? - ახალგაზრდა მიმტანი ბიჭი მიუახლოვდა.
- ორასი გრამი კონიაკი მომიტანე და ერთიც მინერალური წყალი, სულერთია, რომელიც გექნება, სხვა არაფერი მინდა.
დალევა დიდად არ ეპიტნავებოდა. შეიძლება იმიტომაც, რომ მამის მაგალითი დღემდე ახსოვდა, ბავშვობაში გამუდმებით მთვრალი რომ ბრუნდებოდა შინ და დედას შავ დღეში აყენებდა. მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა დაელია, სულიერი ტკივილისგან დაცლილიყო და… ია უნდა დაევიწებინა.
ვაკო მას კარგად იცნობდა და მის პატიოსნებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. რა თქმა უნდა, მათ ერთად ნირვანული ღამის გატარება შეეძლოთ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ აიტანდა, რომ დილით ქალს საკუთარი თავი ან ვაკო შეზიზღებოდა.
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაჰკრა. მოიხედა და სიხარულისგან სახე გაებადრა, როცა გიორგი საყვარელიძე დაინახა. გიორგი უკვე პენსიაში გასული პოლიციის უფროსი იყო, თავის სოფელს დაჰბრუნებოდა და ცხენსაშენი გაეკეთებინა. ვაკო მას რამდენჯერმე შინ ესტუმრა. ისიც ვაკოსავით მარტოსული გახლდათ, უცოლო და უშვილო.
როცა მიმტანმა კონიაკი და სირჩა მოიტანა, გიორგის გაეღიმა.
- რა ხდება, ვახტანგ? არ მახსოვს, ოდესმე დაგელიოს, თანაც მარტო. რა დაგემართა? მშვიდობაა შენკენ? სამსახურში ხომ კარგადაა ყველაფერი?
- კი, კი, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, უცებ დალევა მომინდა, - გულწრფელ პასუხს მამაკაცმა თავი აარიდა.
გიორგი საოცრად კეთილი ადამიანი იყო, ვაკოს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იქნებ იმიტომაც, რომ ფაქტობრივად, მამის სითბოს გარეშე გაიზარდა და მასთან მამაშვილურ დამოკიდებულებას გრძნობდა. ყველაზე მეტად ახლა მხოლოდ მისი დანახვა თუ გაუხარდებოდა. ასეთ მძიმე წუთებში არც ისურვებდა, მის გვერდით სხვა აღმოჩენილიყო.
- გიორგი, შენ ცოლი გყავდა? - შეეკითხა მოულოდნელად, რადგან არ იცოდა, როგორ დაეწყო მასთან მისთვის საჭირბოროტო თემაზე საუბარი.
ამასობაში მიმტანმა გიორგის შეკვეთილი ლუდი მოუტანა, ვაკოს კი მინერალური წყალი დაუდგა.
პოლიციის ყოფილმა შეფმა გაოცება არ შეიმჩნია. ცოტა ხნით შეყოვნდა და შემდეგ მიუგო:
- მყავდა, მაგრამ დიდი ხნის წინ… გავეყარე… რატომ მკითხე?
- ისე, - მხრები აიჩეჩა ვაკომ, - ასე მგონია, რომ ხანგრძლივი ქორწინება ან წარმოუდგენელია, ან იშვიათობაა. ვიხსენებ, ვიხსენებ და ერთი ახლობელიც ვერ გავიხსენე, ვისაც წლებგამოვლილი სრულყოფილი ოჯახი აქვს.
- მდა… აბა, რა გითხრა. ჩვენ ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ, კარგი ქალი იყო ჩემი ცოლი. ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით.
- რუსი იყო?
- ჰო… აქ ჩამოვიყვანე, მაგრამ რად გინდა, ვერაფრით ვერ შეეგუა აქაურობას. სულ მიჩიჩინებდა, მოსკოვში გავემგზავროთ, იქ ვიცხოვროთო, მაგრამ მე იქ ვერ გავძლებდი და…
- მიგატოვა?
- ორსულად იყო, როცა გამომიცხადა, მოსკოვში უნდა ვიმშობიაროო, იქ დედაჩემი მომივლისო. უარი ვერ ვუთხარი. წავიდა და წავიდა. მერე შემომითვალა, უნდა განვქორწინდეთო და… დავშორდით ასე.
- მერედა, ბავშვი?
- როგორც მითხრა, მგზავრობა ვერ აიტანა და მოსკოვში ჩასულს მუცელი მოეშალა. მერე გავიგე, რომ მომატყუა, თურმე ბიჭი გაუჩენია და ლევანი დაურქმევია. როგორც კი ეს ამბავი შემატყობინეს, მაშინვე გავქანდი, აქ რა გამაჩერებდა, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ბინა გაუყიდიათ და სად გადავიდნენ, ვერაფრით ვერ გავარკვიე. ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით ერთმა ახლობელმა მითხრა, შენი ცოლი სოციალურ ქსელში ვიპოვე, ამერიკაში წასულა სამუშაოდ და ბიჭიც თან წაუყვანიაო. ჩემი ლევანი ახლა ალბათ შენი ხნის იქნება. ამის შესახებ, სიმართლე გითხრა, არავის არ ვუყვები. პირველი შენ ხარ, ვისაც გული გადავუშალე. ხომ წარმოგიდგენია, შვილი მყავს, ამხელა ვაჟკაცი და არ ვიცნობ. ვინ იცის, რა უთხრა მარიამ ჩემ შესახებ. იქნებ სულაც მკვდრად მივაჩნივარ.
- შენც ამდგარიყავი და წერილი მიგეწერა.
- სად, მისამართი რომ არ ვიცი?
- მისამართი რად გინდა? სოციალური ქსელები აბა რისთვის არსებობს? თუ ვინმეს პოვნა გინდა, სულ რომ გადაკარგულში იყოს, მაინც მიაწვდენ ხმას.
გიორგი გაჩუმდა, პასუხი არ გაუცია. მერე ყრუდ წარმოთქვა:
- მართალი ხარ… ვიფიქრებ მაგაზე…
- უნდა იფიქრო, ღვთის მადლით, შვილი გყოლია, რატომ უნდა დაკარგო?
- ჰო… - ჩაილაპარაკა გიორგიმ და კათხა მოიყუდა, - შენ? შენ რა გაწუხებს? ასეთი რა საწუხარი გამოგიჩნდა?
ვაკომ კოპები შეიკრა და გახედა:
- საიდან მოიტანე, რომ რაღაც მაწუხებს?
- რა ვიცი, წინ კონიაკი გიდგას და მხოლოდ ლიკანს სვამ… სხვა რა უნდა ვიფიქრო?
ვაკოს უხალისოდ გაეღიმა.
- არ გჯერა, რომ ლიკანს კონიაკს დავაყოლებ?
- არა, არ მჯერა. ასე მგონია, რომ ქალის ამბავია. ასეთ მდგომარეობაში პირველად გხედავ. გავიგე, შინ სტუმარი ჰყავსო… იქიდან ხომ არ მოდის შენი საწუხარი?
- ვააა, დავიჯერო, ამ ამბავმა შენამდეც მოაღწია? იმ მიყრუებულ სოფელშიც, კაცო? -გაიხუმრა ვაკომ.
- აბა, რა გეგონა? ახლა შენ ხარ პოლიციის უფროსი და ხალხი შენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. ამ დროში ყველამ ყველაფერი იცის, ჩემო ვახტანგ!
- ის ქალი ჩემი მეგობრის ცოლია, უფრო სწორად, ქვრივი. შენც ხომ გაგიგია, ვილი რომ მყავდა, კარგი ბიჭი იყო, კარგი ძმაკაცი.
- ვიცი, როგორ არა. მახსოვს, როგორ განიცადე მისი დაღუპვის ამბავი.
- ჰო… და ეს ია მისი ცოლია. კარგად აღზრდილი, წესიერი ქალი. სრულიად სხვა სამყაროდანაა, მე მას ცუდს ვერ ვაკადრებ, გიორგი, არ შემიძლია.
- მაშინ დროზე უნდა გაისტუმრო, ძმაო, ასე არ გამოვა. ხალხი ჭრელია, ხომ იცი, ჭორი ერთხელ თუ აგორდა, ვეღარ გააჩერებ. თუ არაფერს აპირებ, სანამ რამე მომხდარა, გაუშვი თავის გზაზე. გააცილე და დაემშვიდობე.
- აი, ეს სწორედ ისაა, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ძლივს მეღირსა მის გვერდით რაღაც დროის გატარება მაინც, მისი თამამად ყურება, მისით ტკბობა ისე, რომ ვერავინ დამიშლის და არც სინდისის ქენჯნა დამტანჯავს. იცი, ეს რამხელა ბედნიერებაა? მაგრამ მეორე მხრივ… ეჰ… - ხელი ჩაიქნია ვაკომ და სირჩა კონიაკით გაავსო, მაგრამ არ დაულევია, - როცა აქ ჩამოვიდა, ისეთი ფერმკრთალი და გამხდარი იყო, გული მომიკვდა, თითქმის არ ჭამდა. ახლა კიდევ მოფერიანდა, გამხიარულდა, თვალები უბრწყინავს. გავატარე, გამოვატარე, პატარა ექსკურსია მოვუწყვე. შაბათს ბიჭებთან მინდა წავიყვანო და ერთი მამაპაპურად ვაქეიფო…
- იცი, რას გეტყვი? კვირას ჩემთან ჩამოდით, მთელი დღე დარჩით. ცხენებით გაგასეირნებთ, ჩემს მამულს დაგათვალიერებინებთ, ტყეში გაგიყვანთ. მდინარეც იქვეა. ხომ იცი, როგორ სიწყნარეშიც ვცხოვრობ? ფაქტობრივად, არავინ არ მოდის ჩემთან, სულ მარტო ვარ. რა თქმა უნდა, მეზობლებს თუ არ ჩავთვლით.
ვაკოს გიორგის წინადადება ჭკუაში დაუჯდა.
- მშვენიერი აზრია, გიორგი. დიდი მადლობა, გაიხარე. ვეტყვი იას და თუ დამთანხმდა, დაგირეკავ…

შუაღამე იყო, შინ რომ დაბრუნდა. სახლში სიბნელე და სიჩუმე იდგა. ვაკო უხმაუროდ შეიძურწა ოთახში, ფრთხილად გაშალა თავისი ლეიბი და დაწვა. მოულოდნელად იას ჩურჩული გაიგონა.
- კლინიკიდან მაიამ დამირეკა, ხვალ უპირებენ გაწერას. ექიმს უთქვამს, შეგიძლია სახლში წახვიდეო. ასე რომ, გეგა ხვალ ქუთაისშია წასაყვანი.
- რა პრობლემაა, ერთად წავიდეთ.
- ვიფიქრე, მარტო წავიყვან-მეთქი. არ მინდა, სამსახურს მოგაცდინო.
- ნუ დარდობ, არ მოვცდები. ნაწილობრივ, ესეც ჩემი სამსახურია. მაიას ქმარი ჩამოვიდა, თუ იცი?
- დღეს ჩამოსულა. აქეთ უნდოდა თურმე წამოსვლა ბავშვის წასაყვანად, მაგრამ მაიამ - მე ვერ შემელია, შეეშინდა ჩემი მარტო დატოვებისო.
- გასაგებია. წავიდეთ ხვალ და მოვაგვაროთ ეგ საქმე.
ვენტილატორი ჩუმად, მონოტონურად ზუზუნებდა. ვაკომ ის იყო, მხარი იცვალა, რომ კვლავ შემოესმა იას ხმა.
- სად იყავი?
- ბარში.
- ქალებში გაერიე? წინანდელივით ხშირად ხვდები მათ?
ვაკოს სულაც არ სურდა მისი მოტყუება, ამიტომ არ დაუმალავს, პირდაპირ უთხრა:
- არც ისე ხშირად. ადრე ბევრი სისულელე ჩამიდენია, მაგრამ კაცი ასაკთან ერთად შეხედულებებს იცვლის. ზოგი უფრო მომთხოვნი ხდება, ზოგი პირიქით.
- გასაგებია.
ვაკო დარწმუნებული იყო, რომ ია ვერაფერს ხვდებოდა. რომ მან არც კი იცოდა, როგორ აუფორიაქა კაცს ცხოვრება და საგონებელში ჩააგდო.
- რა არის გასაგები?
- რაც მითხარი.
- შენ რა, გგონია, ახლა ქალებში ვიყავი და იქიდან მოვდივარ? - მამაკაცი ლეიბზე წამოიწია და იდაყვს დაეყრდნო.
- არა, ეგ არ მგონია. უბრალოდ, ის არის გასაგები, რომ ქალებში დადიხარ, თანაც არც ისე ხშირად, - ირონია გაისმა მის ხმაში.
ვაკომ თავი გაიქნია და კვლავ დაწვა. თვალები სიბნელეს გაუშტერა და ჩაფიქრდა. ნანობდა, რომ თბილისში დისშვილის ნათლობაზე ჩავიდა. იქ იას რომ არ შეხვედროდა, ქალს არასდროს აზრად არ მოუვიდოდა მასთან სტუმრად ჩამოსვლა და მის სახლში დაბინავება. ასე რომ არ მომხდარიყო, მისი ცხოვრებაც ძველი კალაპოტით გააგრძელებდა დინებას, ახლა კი…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარინა
მომწონს თქვენი შემოქმედება, ყველაფერს ვკითხულობ რაც დადეთ, მოუთმენლად ველოდები შემდეგს
04:24 / 11-06-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93